დედის გონივრული დარიგება
„ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ“ (იგავნი 1:8).
ჩვენი მშობლები — დედ-მამა — შეიძლება გამხნევების, მხარდაჭერისა და რჩევა-დარიგების ძვირფასი წყარო იყვნენ. ბიბლიის წიგნი „იგავნი“ გვიყვება ახალგაზრდა მეფე ლემუილზე, რომელსაც დედამისი „შეაგონებდა“. ეს სიტყვები ჩაწერილია იგავნის 31-ე თავში და ჩვენც შეგვიძლია სარგებლობა მივიღოთ დედის ამ გონივრული დარიგებიდან (იგავნი 31:1).
მეფის შესაფერი დარიგება
ლემუილის დედა იწყებს რამდენიმე კითხვით, რომელიც აძლიერებს ჩვენს ინტერესს: „რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?“. სამჯერ გამეორებული მიმართვა ცხადყოფს დიდ სურვილს, რომ მისმა ვაჟმა ყურად იღოს მისი სიტყვები (იგავნი 31:2). შვილის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვით ის დღევანდელ ქრისტიან მშობლებს შესანიშნავ მაგალითს აძლევს.
შვილის კეთილდღეობაზე მზრუნველ დედას რა შეიძლება აწუხებდეს იმაზე მეტად, თუ მისი ვაჟი ღრეობს და, როგორც იტყვიან, „ღვინოს, ქალებსა და დუდუკს“ არის ადევნებული? ლემუილის დედა სწორედ ამაზე მიუთითებს: „ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას“. ის ამბობს, რომ უწესო ქცევა „მეფეთა დამღუპველია“ (იგავნი 31:3).
უზომო სმაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. „არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა“, — აფრთხილებს დედა. როგორ გამოავლენს მეფე გონიერებასა და საღ აზროვნებას და როგორ არ ‘დაივიწყებს კანონს და არ შეცვლის ყველა დაჩაგრულის სამართალს’, თუ ყოველთვის მთვრალია? (იგავნი 31:4—7).
ასეთი მანკიერებისთვის თავის არიდებით მეფე შეძლებს ‘სიმართლით განსჯასა და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გაჩენას’ (იგავნი 31:8, 9).
თუმცა დღეს ახალგაზრდა ქრისტიანები შეიძლება „მეფეები“ არ იყვნენ, ლემუილის დედის გონივრული დარიგება მათთვის, მართლაც რომ, დროულია. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, თამბაქოს წევა და სექსუალური უზნეობა დღევანდელ ახალგაზრდებში ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ დიდად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანმა ახალგაზრდებმა მშობლების ‘შეგონება’ ყურად იღონ.
გამრჯე ცოლი
ბუნებრივია, დედებს აწუხებთ სრულწლოვანებას მიღწეული შვილების მომავალი, თუ ვისზე დაქორწინდებიან. შემდეგ ლემუილის დედა ყურადღებას ამახვილებს იდეალური ცოლის თვისებებზე. უეჭველია, ახალგაზრდა დიდ სარგებლობას მიიღებს, თუ გაითვალისწინებს ქალის შეხედულებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე.
მე-10 მუხლში (აქ) „გამრჯე ცოლი“ შედარებულია იშვიათ და ძვირად ღირებულ მარჯანთან, რომელიც ბიბლიურ დროში მხოლოდ საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვებოდა. მსგავსად ამისა, გამრჯე ცოლის პოვნაც ძალისხმევას მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა ძალიან ნაჩქარევად დაქორწინდეს, კარგს იზამს, თუ საცოლის შერჩევას დროს დაუთმობს. მაშინ უფრო მოსალოდნელია, რომ დიდად დააფასოს თავისი ძვირფასი მონაპოვარი.
გამრჯე ცოლის შესახებ ლემუილს დედამ უთხრა: „მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი“ (მუხლი 11). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმარი არ უნდა მოელოდეს, რომ ცოლი ყველაფერში მის მოწონებას დაიმსახურებს. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარმა ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, როგორიც არის ძვირი რამის ყიდვა ან შვილების აღზრდა, ერთად უნდა მოითათბიროს. ასეთ საკითხებში აზრთა გაზიარება ხელს უწყობს მათ სიახლოვეს.
ცხადია, გამრჯე ცოლმა ბევრი რამ უნდა გააკეთოს. 13—27 მუხლებში ჩამოთვლილია რჩევები და პრინციპები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ცოლებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ოჯახების სასარგებლოდ. მაგალითად, ტანსაცმლისა და ავეჯის ფასების ზრდის გამო გამრჯე ცოლი მოხერხებულობასა და ეკონომიურობას სწავლობს, რომ მისი ოჯახი კარგად ჩაცმული და მოწესრიგებული იყოს (მუხლები 13, 19, 21, 22). ოჯახის გამოსაკვებად საჭირო ხარჯების შესამცირებლად მას თვითონ მოჰყავს რაც კი შესაძლებელია და ფულს ქარაფშუტულად არ ფლანგავს (მუხლები 14, 16).
ნათელია, რომ ეს ქალი „პურს მუქთად“ არ ჭამს. ის მუყაითად შრომობს და კარგად უძღვება საოჯახო საქმეებს (მუხლი 27). „ძლიერებით ისარტყლავს წელს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად ემზადება (მუხლი 17). მზის ამოსვლამდე დგება და ფუსფუსს იწყებს და გვიანობამდე მუხლჩაუკეცავად მუშაობს, ასე ვთქვათ, ლამპარი, რომელიც მას უნათებს, ყოველთვის გიზგიზებს (მუხლები 15, 18).
უპირველეს ყოვლისა, გამრჯე ცოლი სულიერი პიროვნებაა. ის ღვთისმოშიშია და ღმერთს ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით სცემს თაყვანს (მუხლი 30). აგრეთვე ეხმარება თავის ქმარს შვილების აღზრდაში, რომ მათაც იგივე აკეთონ. 26-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ის „სიბრძნით“ ასწავლის შვილებს და „ენაზე მადლიანი დარიგება აქვს“.
გამრჯე ქმარი
ლემუილს გამრჯე ქალის გული რომ მოენადირებინა, თავადაც გამრჯე ქმრის მოვალეობები უნდა შეესრულებინა. დედამისი მას რამდენიმე მათგანს ახსენებს.
გამრჯე ქმარს კარგი სახელი ექნება „ქვეყნის უხუცესების“ წინაშე (იგავნი 31:23). ეს ნიშნავს, რომ ის უნარიანი, პატიოსანი, სანდო და ღვთისმოშიში იქნებოდა (გამოსვლა 18:21, აქ; მეორე რჯული 16:18—20). ასე ვთქვათ, ის იქნებოდა „ცნობილი კარიბჭესთან“, სადაც გამოჩენილი მამაკაცები იკრიბებოდნენ ქალაქის საქმეების განსახილველად. ღვთისმოშიშად რომ ყოფილიყო „ცნობილი“, ის გონიერი უნდა ყოფილიყო და „ქვეყნის“ — შესაძლებელია, გარკვეული ოლქის ან რეგიონის — უხუცესებთან ეთანამშრომლა.
უეჭველია, ლემუილის დედა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შეახსენებს თავის შვილს, რაოდენ მნიშვნელოვანია მომავალი მეუღლის მიმართ დაფასების გამოვლენა. მასზე ძვირფასი მისთვის არავინ იქნებოდა დედამიწის ზურგზე. ასე რომ, წარმოიდგინეთ ლემუილის ხმაში გამოხატული ღრმა გრძნობები, როდესაც ყველას წინაშე აღიარებს: „მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას“ (იგავნი 31:29).
აშკარაა, რომ ლემუილმა დააფასა დედამისის გონივრული დარიგება. მაგალითად, როგორც ვხედავთ, პირველ მუხლში ის დედამისის სიტყვებს თავის სიტყვებად იხსენიებს. აქედან გამომდინარე, მან გულით მიიღო მისი ‘შეგონება’ და მისმა რჩევამ სარგებლობა მოუტანა. დაე ჩვენც მივიღოთ სარგებლობა ამ ‘სიტყვებიდან’ მისი პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით.
[სურათები 31 გვერდზე]
გამრჯე ცოლი „პურს მუქთად“ არ ჭამს.