შეხვედით ღვთის დასვენებაში?
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრ. 4:12).
1. რა არის ერთ-ერთი საშუალება ღვთის დასვენებაში შესასვლელად და რატომ არის ამის თქმა უფრო ადვილი, ვიდრე გაკეთება?
წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ ღვთის დასვენებაში შესვლა მორჩილების გამოვლენითა და მისი განზრახვის შესაბამისად მოქმედებით შეგვიძლია. მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. როცა ვიგებთ, რომ იეჰოვას არ მოსწონს ის, რის გაკეთებაც ჩვენ გვსიამოვნებს, მაშინვე შეიძლება გაგვიჭირდეს მორჩილების გამოვლენა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაუმჯობესება გვჭირდება, რათა „მზად ვიყოთ მორჩილებისთვის“ (იაკ. 3:17). ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე სიტუაციას, როდესაც შეიძლება გამოიცადოს ჩვენი მზადყოფნა, მოვიქცეთ ღვთის განზრახვის შესაბამისად, ანუ მთელი გულით გამოვავლინოთ მორჩილება.
2, 3. რა ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, იეჰოვას თვალში რომ კვლავ „საუნჯედ“ დავრჩეთ?
2 რამდენად მზადყოფნით იღებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს? წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ღვთის ნებაა, თავისთან შეკრიბოს „ხალხთა საუნჯე“ (ანგ. 2:7). რასაკვირველია, ჭეშმარიტების გაგებისას უმრავლესობა ჩვენგანი სულაც არ იყო „საუნჯე“. მაგრამ ღვთისა და მისი ძვირფასი ძის სიყვარულმა აღგვძრა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგვეხდინა ჩვენს აზროვნებასა და ჩვევებში, რათა ყველაფერში ღვთის მოსაწონი ვყოფილიყავით. ბოლოს, ბევრი ლოცვისა და ძალისხმევის შემდეგ დადგა ნანატრი დღე და მოვინათლეთ (წაიკითხეთ კოლოსელების 1:9, 10 ).
3 მაგრამ არასრულყოფილებასთან ბრძოლა ჩვენი ნათლობით არ დამთავრებულა. ეს ბრძოლა მანამ გაგრძელდება, სანამ არასრულყოფილები ვიქნებით. თუ ფარ-ხმალს არ დავყრით და მთელი ძალით ვეცდებით უფრო ძვირფასნი გავხდეთ ღვთის თვალში, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას.
როცა რჩევას ვსაჭიროებთ
4. რომელი სამი სახით შეიძლება მივიღოთ ბიბლიური რჩევა?
4 სანამ ჩვენს სისუსტეებზე დავიწყებდეთ მუშაობას, ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, რა სისუსტეები გვაქვს. სამეფო დარბაზში წარმოთქმულმა მოხსენებამ, რომელიც გულის გამოკვლევაში გვეხმარება ან ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილმა დამაფიქრებელმა სტატიამ შეიძლება დაგვანახვოს ჩვენში არსებული სერიოზული ნაკლი. თუ მოხსენებიდან გამოგვრჩა ან პუბლიკაციებში ვერ დავინახეთ რჩევა, რომელიც პირადად ჩვენ გვეხებოდა, მაშინ იეჰოვამ შეიძლება თანაქრისტიანი გამოიყენოს, რომ ჩვენი სისუსტე დაგვანახვოს (წაიკითხეთ გალატელების 6:1 ).
5. ა) რა და რა სახით შეიძლება გამოვხატოთ უარყოფითი რეაქცია, როცა რჩევას გვაძლევენ? ბ) რატომ უნდა განაგრძონ ქრისტიანმა უხუცესებმა ჩვენი დახმარება?
5 ადვილი არ არის რჩევის მიღება არასრულყოფილი ადამიანისგან, რამდენად ტაქტიანად და სიყვარულით არ უნდა იყოს ის მოცემული. მაგრამ გალატელების 6:1-ში იეჰოვა სულიერად გამოცდილ ძმებს მიუთითებს, რომ ეცადონ რბილად მოგვიდგნენ და გამოგვასწორონ. თუ რჩევას დადებითად გამოვეხმაურებით, იეჰოვას თვალში უფრო ძვირფასები გავხდებით. საოცარია, როცა ვლოცულობთ, თავისუფლად ვაღიარებთ, რომ არასრულყოფილები ვართ, მაგრამ როცა ვიღაცა კონკრეტულ ნაკლოვანებაზე მოგვითითებს, მიდრეკილნი ვართ, თავი ვიმართლოთ, ეს ნაკლი უმნიშვნელოდ ჩავთვალოთ, ეჭვქვეშ დავაყენოთ რჩევის მომცემის მოტივები ან უკმაყოფილება გამოვთქვათ იმის გამო, თუ როგორ მოგვცეს რჩევა (2 მეფ. 5:11). თუ რჩევა განსაკუთრებით ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგალითად, ოჯახის წევრის მოქმედებას, ჩაცმულობას ან ვარცხნილობას, პირად ჰიგიენას ან გართობის სახეობას, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს, მაგრამ იეჰოვას სძულს, შეიძლება ჩვენი რეაქცია, ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ უარყოფითი იყოს. მაგრამ, როცა დავწყნარდებით, ჩვეულებრივ, ვაღიარებთ, რომ რჩევა მართებული იყო.
6. როგორ არკვევს ღვთის სიტყვა გულის აზრებსა და ზრახვებს?
6 ამ სტატიის წამყვანი მუხლი შეგვახსენებს, რომ „ღვთის სიტყვა მოქმედია“. დიახ, მას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ღვთის სიტყვას ნათლობის შემდეგაც ისევე შეუძლია დაგვეხმაროს, მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები, როგორც ნათლობამდე. ებრაელებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლე აგრეთვე წერს, რომ ღვთის სიტყვა „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რას მოელის ღმერთი ჩვენგან, ამა თუ იმ სიტუაციაზე ჩვენი რეაქცია ცხადყოფს, როგორები ვართ შინაგანად. ხომ არ განსხვავდება ზოგჯერ ის, თუ როგორი ადამიანები ვართ შინაგანად იმისგან, თუ როგორები ვჩანვართ გარეგნულად? (წაიკითხეთ მათეს 23:27, 28 ). დაფიქრდით, თქვენ როგორ მოიქცეოდით ქვემოთ მოყვანილ სიტუაციებში რომ აღმოჩენილიყავით.
ფეხდაფეხ მიჰყევით იეჰოვას ორგანიზაციას
7, 8. ა) რატომ უნდოდა ზოგ იუდეველ ქრისტიანს, რომ კვლავაც დაეცვა მოსეს კანონებიდან ზოგიერთი? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საქმეები ეწინააღმდეგებოდა ღვთის განზრახვას?
7 მრავალმა ჩვენგანმა ზეპირად იცის იგავების 4:18: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ღვთის განზრახვებს უკეთ გავიგებთ და, შესაბამისად, უკეთესადაც მოვიქცევით.
8 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს სიკვდილის შემდეგ ბევრ იუდეველ ქრისტიანს გაუჭირდა მოსეს კანონის მიტოვება (საქ. 21:20). პავლე დახელოვნებულად მსჯელობდა, რომ ქრისტიანები არ უნდა დამორჩილებოდნენ მოსეს კანონს, მაგრამ ზოგიერთი არ იღებდა მის ღვთივშთაგონებულ სიტყვებს (კოლ. 2:13—15). შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ კანონიდან ზოგის დაცვით, დევნას აირიდებდნენ. ასე იყო თუ ისე, პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა და გასაგებად უთხრა, რომ ისინი ვერ შევიდოდნენ ღვთის დასვენებაში, თუ მისი განზრახვის თანახმად არ იმოქმედებდნენa (ებრ. 4:1, 2, 6; წაიკითხეთ ებრაელების 4:11 ). იეჰოვას კეთილგანწყობის მისაღებად მათ უნდა ეღიარებინათ, რომ ღმერთს ისინი სხვა მიმართულებით მიჰყავდა.
9. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როდესაც ზოგიერთი ბიბლიური სწავლების ახსნა იცვლება?
9 გარკვეულ ბიბლიურ სწავლებებს დღეს უფრო და უფრო მეტი ნათელი ეფინება. ამან კი არ უნდა დაგვაბრკოლოს, პირიქით, უნდა გაგვიღრმავოს ნდობა ერთგული და გონიერი მონის კლასისადმი. „მონის“ წარმომადგენლები უკან არ იხევენ, როდესაც ხედავენ, რომ ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების ახსნა გარკვეულ ცვლილებებს ან შესწორებებს საჭიროებს. მონის კლასს არ აშინებს ამ ცვლილებების გამო მოსალოდნელი კრიტიკა, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის განზრახვის თანახმად მოქმედებაა. თქვენ როგორ რეაგირებთ, როდესაც ზოგიერთი ბიბლიური სწავლების ახსნაში ცვლილებები შედის? (წაიკითხეთ ლუკას 5:39 ).
10, 11. რის სწავლა შეგვიძლია მათი რეაქციიდან, ვისთვისაც სასიხარულო ცნობის ახალი მეთოდებით ქადაგება სიახლე იყო?
10 მოდი, დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე. მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბიბლიის ზოგი მკვლევარი, რომელიც შესანიშნავი ორატორი იყო, ფიქრობდა, რომ მათ საუკეთესოდ შეეძლოთ ექადაგათ, თუ ხალხის წინაშე კარგად მომზადებული მოხსენებებით გამოვიდოდნენ. მათ სიამოვნებდათ საჯაროდ გამოსვლა და მადლიერი მსმენელებისგან საქებარი სიტყვების მოსმენა. მაგრამ, მოგვიანებით ნათელი გახდა იეჰოვას სურვილი, რომ მის ხალხს სხვადასხვა სახის ქადაგებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის კარდაკარ. ზოგიერთმა მომხსენებელმა კატეგორიული უარი თქვა ამ ცვლილებების მიღებაზე. გარეგნულად ისინი სულიერად მოწიფული ადამიანები ჩანდნენ, რომლებიც სრულად ავლენდნენ უფლისადმი ერთგულებას, მაგრამ როცა საქმე ღვთის განზრახვის თანახმად, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე მიდგა, მაშინ მათი ნამდვილი მიზნები და მოტივები გამოაშკარავდა. რას იგრძნობდა ამ დროს იეჰოვა? მან არ აკურთხა ისინი და მათ ორგანიზაცია დატოვეს (მათ. 10:1—6; საქ. 5:42; 20:20).
11 ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთვის, ვინც ორგანიზაციაში დარჩა, ადვილი იყო საჯაროდ ქადაგება. ბევრისთვის ეს ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით თავიდან. მაგრამ მათ მორჩილება გამოავლინეს. დროთა განმავლობაში მათ დაძლიეს სირთულეები და იეჰოვამაც უხვად აკურთხა ისინი. როგორი რეაქცია გაქვთ, როდესაც მოგიწოდებენ, ისეთი სახის ქადაგებაში მიიღოთ მონაწილეობა, რომელშიც ჯერჯერობით დახელოვნებული არ ხართ? გამოავლენდით მორჩილებას და მოსინჯავდით ასეთი სახის მსახურებას?
როდესაც საყვარელი ადამიანი ტოვებს იეჰოვას
12, 13. ა) რატომ გვეუბნება იეჰოვა, მოვიშოროთ „ბოროტი ადამიანები“? ბ) რა გამოცდის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქრისტიანი მშობლები?
12 ეჭვგარეშეა, ყველა ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ღვთისმოსაწონი ვერ ვიქნებით, თუ ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ სისუფთავეს არ შევინარჩუნებთ (წაიკითხეთ ტიტეს 2:14 ). მაგრამ შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც ღვთის განზრახვის ამ ასპექტის შესაბამისად მოქმედება ქრისტიანისთვის დიდი გამოცდა იყოს. დავუშვათ, სამაგალითო ქრისტიანი წყვილის ვაჟმა ჭეშმარიტება დატოვა. ამ ახალგაზრდამ „დროებითი ცოდვიანი განცხრომა“ ამჯობინა ღმერთთან და თავის ღვთისმოშიშ მშობლებთან ურთიერთობას, ამიტომ ის გაირიცხა (ებრ. 11:25).
13 მშობლები განადგურებულნი არიან. მათ იციან, რას ამბობს ბიბლია გარიცხულთან ურთიერთობის შესახებ: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორ. 5:11, 13). მათ აგრეთვე კარგად ესმით, რომ ეს მუხლი ეხება იმ ოჯახის წევრსაც, რომელიც მათთან ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობს. მაგრამ მათ ხომ თავიანთი შვილი ძალიან უყვართ! დიდმა სიყვარულმა შეიძლება მშობლებს აფიქრებინოს: „როგორ შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭს, დაუბრუნდეს იეჰოვას, თუ მასთან ურთიერთობა არ გვექნება? განა უფრო მეტის გაკეთებას არ შევძლებთ, თუ მასთან რეგულარული კონტაქტი გვექნება?“b
14, 15. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს, როდესაც გარიცხულ შვილთან ურთიერთობაზე ფიქრობენ?
14 ასეთ მშობლებს მთელი გულით თანავუგრძნობთ. მათ შვილს ჰქონდა არჩევანი, მან კი მშობლებთან და თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობას არაქრისტიანული ცხოვრება ამჯობინა. მშობლებს, თავის მხრივ, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისინი თავს უმწეოდ გრძნობენ.
15 მაგრამ რას გააკეთებენ მშობლები? დაემორჩილებიან ისინი იეჰოვას ნათელ მითითებას? თუ იტყვიან, რომ შეუძლიათ თავიანთ გარიცხულ შვილთან რეგულარული ურთიერთობა და ამ ურთიერთობას „აუცილებელი ოჯახური საქმიანობით“ გაამართლებენ? ამ დროს მათ არ უნდა დაავიწყდეთ, იფიქრონ იმაზე, როგორ უყურებს იეჰოვა მათ ქმედებას. იეჰოვას უნდა, დაიცვას ორგანიზაციის სისუფთავე და თუ, შესაძლებელია, შემცოდველი მონანიებისკენ აღძრას. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ღვთის ნების შესაბამისად მოქმედება?
16, 17. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აარონის მაგალითიდან?
16 მოსეს ძმა აარონი თავისი ორი ვაჟის გამო რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იგი, როცა მისმა ორმა ვაჟმა, ნადაბმა და აბიჰუმ, უკანონო ცეცხლი მიიტანეს იეჰოვას წინაშე, იეჰოვამ კი დახოცა ისინი. რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ მათ ვერანაირი ურთიერთობა ვერ ექნებოდათ მშობლებთან, მაგრამ იყო რაღაც, რაც აარონის მდგომარეობას უფრო ამძიმებდა. იეჰოვამ აარონს და მის ერთგულ ვაჟებს უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით, ნუ შემოიხევთ ტანსაცმელს [გლოვის ნიშნად], რომ არ დაიხოცოთ და არ გაუწყრეს იგი [იეჰოვა] მთელ კრებულს“ (ლევ. 10:1—6). ყველაფერი ნათელია. იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იმ ოჯახის წევრისადმი, რომელმაც ერთგულება არ შეინარჩუნა.
17 დღეს იეჰოვა მაშინათვე სიკვდილით არ სჯის მათ, ვინც მის კანონს არღვევს. ის მათ სიყვარულით აძლევს შესაძლებლობას მოინანიონ. მაგრამ, რას იგრძნობდა იეჰოვა, თუ მოუნანიებელი შემცოდველის მშობლები მას გამოცდიდნენ და თავიანთ გარიცხულ შვილთან დაშვებულზე მეტი ურთიერთობა ექნებოდათ?
18, 19. რა კურთხევები შეიძლება მიიღონ იმ ქრისტიანებმა, რომლებიც იცავენ იეჰოვას მითითებებს გარიცხულთან ურთიერთობის შესახებ?
18 მრავალი, ვინც ერთ დროს გარიცხული იყო, დღეს თავისუფლად აღიარებს, რომ მეგობრებისა და ოჯახის წევრების სიმტკიცე დაეხმარა მათ, დაბრუნებოდნენ იეჰოვას. როდესაც უხუცესები ერთ ახალგაზრდა ქალს აღდგენაზე რეკომენდაციას უწევდნენ, თავიანთ წერილში აღნიშნეს, რომ ის ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას დაუბრუნდა „გარკვეულწილად იმის გამო, რომ მისმა ხორციელმა ძმამ მტკიცედ დაიცვა გარიცხულთან ურთიერთობის შესახებ იეჰოვას მითითებები“. ამ ქალმა აღნიშნა, რომ ბიბლიური მითითებებისადმი თავისი ძმის ერთგულება დაეხმარა, იეჰოვასთან დაბრუნების სურვილი გასჩენოდა.
19 რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? საჭიროა ვებრძოლოთ ჩვენს არასრულყოფილ გულს, რომელიც მიდრეკილია, იმოქმედოს ბიბლიური რჩევის საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი ყოველთვის საუკეთესოდ აგვარებს ჩვენს პრობლემებს.
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“
20. რა ორი სახით შეიძლება გავიგოთ ებრაელების 4:12? (იხილეთ სქოლიო)
20 როდესაც პავლემ დაწერა, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“, ის მხოლოდ ღვთის დაწერილ სიტყვას, ბიბლიას, არ გულისხმობდა.c როგორც კონტექსტიდან ჩანს, ის ღვთის დანაპირებზე საუბრობდა. პავლეს იმის დანახვება სურდა, რომ ღმერთი არასდროს ივიწყებს თავის დანაპირებს. იეჰოვა ამას წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობითაც ადასტურებს: „ჩემი . . . სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება . . . და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11). ამგვარად, მოუთმენლობა არ უნდა გამოვავლინოთ, როდესაც მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც გვინდა. იეჰოვა „აქამდე შრომობს“, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანოს (იოან. 5:17).
21. როგორ ამხნევებს ებრაელების 4:12 ხანდაზმულებს „უამრავი ხალხიდან“?
21 ერთგული ხანდაზმულები „უამრავი ხალხიდან“ ათეულობით წელია, რაც იეჰოვას ემსახურებიან (გამოცხ. 7:9). მრავალი მათგანი ფიქრობდა, რომ ახალი ქვეყნიერება მანამ მოვიდოდა, სანამ დაბერდებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი გულს არ იტეხენ (ფსალმ. 92:14). მათ იციან, რომ „ღვთის სიტყვა ცოცხალია“ და იეჰოვა „აქამდე შრომობს“ თავისი დანაპირების შესასრულებლად. ვინაიდან ღვთისთვის თავისი განზრახვა ძალიან მნიშვნელოვანია, გულს ვუხარებთ მას, თუ ამ განზრახვას ჩვენც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. დასვენების ამ მეშვიდე დღის განმავლობაში იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში და მან იცის, რომ თავისი ხალხიც, როგორც ჯგუფი, ამ განზრახვის შესაბამისად მოქმედებას განაგრძობს. რის თქმა შეიძლება თქვენზე? ხართ პირადად თქვენ შესული ღვთის დასვენებაში?
[სქოლიოები]
a მრავალი იუდეველი რელიგიური წინამძღოლი ზედმიწევნით იცავდა მოსეს კანონს, მაგრამ როდესაც მესია მოვიდა, მათ ის არ ცნეს. ისინი არ მოიქცნენ ღვთის განზრახვის თანახმად.
c დღეს ღმერთი გველაპარაკება თავისი სიტყვის მეშვეობით, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამგვარად, ებრაელების 4:12-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები მართებულად შეიძლება ბიბლიასთან მიმართებაშიც გამოვიყენოთ.
არ გამოგრჩეთ მხედველობიდან ღვთის განზრახვა
• რა არის აუცილებელი, რომ შევიდეთ ღვთის დასვენებაში დღეს?
• რა კავშირია ღვთის განზრახვასა და ბიბლიური რჩევის ჩვენ მიერ მზადყოფნით მიღებას შორის?
• რა მხრივ შეიძლება გაგვიჭირდეს ბიბლიური მითითების მიყოლა, მაგრამ რატომ არის მორჩილება მნიშვნელოვანი?
• რა ორი სახით შეიძლება გავიგოთ ებრაელების 4:12?
[სურათი 31 გვერდზე]
მშობლები განადგურებულნი არიან!