რას ვსწავლობთ იესოსგან?
ოჯახური ცხოვრების შესახებ
რა უწყობს ხელს ოჯახურ ბედნიერებას?
ქორწინება წმინდა კავშირია. როცა იესოს განქორწინებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, მან მიუგო: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ . . . თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს» (მათე 19:4—6, 9). თუ ცოლ-ქმარი მიჰყვება იესოს რჩევას და ერთმანეთის ერთგულია, ოჯახის თითოეული წევრი თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს.
როგორ უწყობს ხელს ღვთის სიყვარული ოჯახის ბედნიერებას?
იესომ თქვა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება». რომელია მეორე უდიდესი მცნება? იესომ დასძინა: „მოყვასი [მათ შორის შენი უახლოესი ადამიანები, შენი ოჯახის წევრები] საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:37—39). ასე რომ, ოჯახის ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან, რადგან ღვთის სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს ერთმანეთი.
როგორ უნდა გააბედნიეროს ცოლ-ქმარმა ერთმანეთი?
ცოლი იმ შემთხვევაში იქნება ბედნიერი, თუ მისი ქმარი ჰბაძავს იესოს. მას იმდენად უყვარდა თავისი სიმბოლური ცოლი ანუ კრება, რომ მზად იყო თავიც კი გაეწირა მისთვის (ეფესოელები 5:25). იესომ აღნიშნა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს“ (მათე 20:28). იესო არასდროს ეპყრობოდა სასტიკად ან მკაცრად იმ ადამიანებს, რომლებზეც ზრუნავდა. ის ყოველთვის ახალისებდა და ამხნევებდა მათ (მათე 11:28). ქმრებმაც სწორედ ისე უნდა გამოავლინონ ძალაუფლება ოჯახში, რომ ეს ოჯახის თითოეული წევრის ბედნიერებას მოემსახუროს.
ცოლებსაც შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს. ბიბლიაში ნათქვამია: „ქრისტეს თავი ღმერთია“. მაგრამ ისიც ნათქვამია, რომ „ქალის თავი კაცია“ (1 კორინთელები 11:3). იესო არასოდეს გრძნობდა თავს დამცირებულად იმის გამო, რომ ღმერთს ემორჩილებოდა. მას დიდი მოწიწება ჰქონდა თავისი მამის მიმართ. „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“, — ამბობდა ის (იოანე 8:29). თუ ცოლი ღვთის სიყვარულითა და პატივისცემით ემორჩილება ქმარს, როგორც ოჯახისთავს, ამით ოჯახის ბედნიერებას უწყობს ხელს.
რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს ბავშვებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?
იესო ბავშვებისთვისაც არ იშურებდა დროს და აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ ისინი. ბიბლიაში წერია: «იესომ მოიხმო პატარები და თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან“» (ლუკა 18:15, 16). ერთხელ, როცა ბავშვები ყიჟინით შეეგებნენ იესოს, ხალხმა მათ გაკიცხვა დაუწყო. მაგრამ იესომ შეაქო ბავშვები და თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ: „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“?» (მათე 21:15, 16).
რა შეუძლიათ ისწავლონ ბავშვებმა იესოსგან?
იესო დაინტერესებული იყო სულიერი საკითხებით, რითაც კარგი მაგალითი მისცა ბავშვებს. ერთხელ 12 წლის იესო „ტაძარში იპოვეს; მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“ (ლუკა 2:42, 46, 47). ასეთი ცოდნის მიუხედავად, იესო არ გაამაყებულა. პირიქით, ის დიდ პატივს სცემდა მშობლებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ის . . . კვლავაც ემორჩილებოდა [მშობლებს]“ (ლუკა 2:51).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 14.a
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.