მათ მზადყოფნა გამოავლინეს მიკრონეზია
ქეთრინი შეერთებულ შტატებში გაიზარდა და 16 წლის ასაკში მოინათლა. იგი ქადაგების საქმეს მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა, მაგრამ ცოტა თუ ინტერესდებოდა სამეფოს შესახებ ცნობით. ქეთრინი ამბობს: „როცა ვკითხულობდი შემთხვევებს, როგორ ლოცულობდა ხალხი, რომ ღმერთს მათთან ვინმე გაეგზავნა და მის გაცნობაში დახმარებოდა, ვნატრობდი, რომ მეც შევხვედროდი ასეთ ადამიანს. სამწუხაროდ, ჩემი ოცნება ოცნებად რჩებოდა“.
წლების განმავლობაში ქეთრინი ასეთ უნაყოფო ტერიტორიაზე ქადაგებდა. შემდეგ მან დაიწყო ფიქრი, გადასულიყო ტერიტორიაზე, სადაც ხალხი უკეთ მოისმენდა სასიხარულო ცნობას. თუმცა შიშობდა, რამდენად შეძლებდა ამას, რადგან ერთადერთხელ, როცა, სულ რაღაც, ორი კვირით მოუწია მშობლიური კერის დატოვება, დღე არ გასულა ისე, რომ სახლი არ მონატრებოდა. მაგრამ ღვთის მაძიებელთა დახმარებისა და მსახურებაში სიხარულის განცდის ძლიერი სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მას გონებაში რამდენიმე ვარიანტი უტრიალებდა, თუ სად შეეძლო მსახურების გასაფართოებლად გადასვლა. ბოლოს, დასაკვალიანებლად გუამის ფილიალს მისწერა და ძმებისგან საჭირო ინფორმაციაც მიიღო. 2007 წლის ივლისში, როცა ქეთრინი 26 წლის იყო, მშობლიური სახლიდან დაახლოებით 10 000 კილომეტრის მოშორებით, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულ საიპანზე გადავიდა. საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ.
ორ ლოცვაზე გაცემული პასუხი
საიპანში გადასვლიდან მალევე ქეთრინი შუახნის ქალბატონს, დორისს, შეხვდა, რომელთანაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როცა ქეთრინმა მასთან წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ პირველი სამი თავი გაიარა, ცოტა არ იყოს შეფიქრიანდა. ის იხსენებს: „დორისი ძალიან კარგად ითვისებდა ნასწავლს, ამიტომ ვშიშობდი, რამე არ დამეკლო მისთვის. ვინაიდან მანამდე შემსწავლელი არ მყოლია, ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მას მისი ასაკის გამოცდილი მასწავლებელი შეასწავლიდა ბიბლიას“. ქეთრინი იეჰოვას სთხოვდა ლოცვაში, რომ გამოჩენილიყო ვინმე, ვისაც თავის შესწავლას გადააბარებდა. მან გადაწყვიტა, ამის თაობაზე დორისსაც დალაპარაკებოდა.
ქეთრინი გვიზიარებს: «ის-ის იყო, დორისისთვის ამის თქმა დავაპირე, რომ თავად მოვიდა ჩემთან საკუთარ პრობლემაზე სასაუბროდ. როდესაც მისი გულისტკივილი მოვისმინე, საკუთარი გამოცდილება გავუზიარე და მოვუყევი, თავად როგორ გავუმკლავდი იეჰოვას დახმარებით მსგავს სირთულეს. იგი მადლობელი დარჩა. შემდეგ მან ასეთი რამ მითხრა: „შენი თავი იეჰოვამ გამომიგზავნა. იცი, როცა პირველად მოხვედი ჩემთან, რას ვაკეთებდი? მთელი დღის განმავლობაში ბიბლიას ვკითხულობდი და ცრემლებით შევსთხოვდი ღმერთს, ჩემთან გამოეგზავნა ვინმე, ვინც ბიბლიის გაგებაში დამეხმარებოდა. ამ დროს შენც დააკაკუნე კარზე! იეჰოვამ ლოცვაზე მიპასუხა“». ქეთრინს დღესაც თვალები ცრემლით ევსება, როცა ამ გულისამაჩუყებელ დღეს იხსენებს. ის ამბობს: „დორისის ნათქვამი პასუხი იყო ჩემს ლოცვაზე. ამით იეჰოვამ მიმანიშნა, რომ მისთვის ბიბლიის სწავლება მე უნდა გამეგრძელებინა“.
დორისი 2010 წელს მოინათლა და ამჟამად რამდენიმე ადამიანს თავად ასწავლის ბიბლიას. ქეთრინი ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სანუკვარი ოცნება ამიხდა და ამ გულწრფელ ადამიანს ღვთის გაცნობაში დავეხმარე“. ახლა ქეთრინი წყნარი ოკეანის სხვა კუნძულ კოსრაეზე სპეციალურ პიონერად მსახურობს.
სამი მთავარი სირთულე
მიკრონეზიის იმ კუნძულებზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, 19—79 წლამდე ასაკის 100-ზე მეტ უცხოელ და-ძმას უმსახურია. ამ მუხლჩაუხრელ მქადაგებელთა გრძნობებს ერიკა გვიზიარებს, რომელიც თავად 2006 წელს, 19 წლის ასაკში, გადავიდა კუნძულ გუამზე. იგი გვიზიარებს: „რა ჯობია იმ ტერიტორიაზე პიონერად მსახურებას, სადაც ხალხი მოწყურებულია ჭეშმარიტებას. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მომცა შესაძლებლობა, ამგვარად დავხარჯულიყავი მის მსახურებაში. ცხოვრებაში მართლაც საუკეთესო არჩევანი გავაკეთე!“. დღეს ერიკა მარშალის ერთ-ერთ კუნძულ ებეიეზე სპეციალურ პიონერად მსახურობს, რაც მას დიდ სიხარულს ანიჭებს. თუმცა უცხო ქვეყანაში მსახურებას გარკვეული პრობლემებიც ახლავს თან. მოდი, ამ სტატიაში მიმოვიხილოთ სამი მათგანი და ვნახოთ, როგორ ართმევენ თავს სირთულეებს მიკრონეზიის კუნძულებზე გადასული ღვთის მსახურები.
შეცვლილი ცხოვრების ნირი. 2007 წელს 22 წლის საიმონი ინგლისიდან კუნძულ პალაუზე გადავიდა. მალე მან აღმოაჩინა, რომ რასაც პალაუზე გამოიმუშავებდა, ზღვაში წვეთი იყო იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც მას სამშობლოში ჰქონდა. იგი გვიყვება: „ვისწავლე, რომ რაღაც-რაღაცების შეძენაზე უარი უნდა მეთქვა. დღეს ვცდილობ, მხოლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტები შევიძინო, და ისიც, ეკონომიურ ფასად. მაგალითად, როცა რაიმე ნივთი მიფუჭდება, მეორად ნაწილებს ვყიდულობ და ვინმეს ვთხოვ, რომ მის შეკეთებაში დამეხმაროს“. ალბათ, გაინტერესებთ, რა მხრივ აისახა საიმონზე შეცვლილი ცხოვრების ნირი. მოდი, მას მოვუსმინოთ: „ვისწავლე, რა არის მთავარი ცხოვრებაში და როგორ გავიტანო თავი მცირედით. იეჰოვას მზრუნველი ხელი მრავალჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე. 7 წლის განმავლობაში არც საჭმელ-სასმელი მომკლებია და არც ღია ცის ქვეშ დავრჩენილვარ“. ნამდვილად, იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს და მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდება (მათე 6:32, 33).
მონატრება. ერიკა ამბობს: „ოჯახის წევრებთან ძალიან ახლოს ვიყავი და ვშიშობდი, რომ მონატრების გრძნობას მსახურებაში ხელი არ შეეშალა“. როგორ შეამზადა მან საკუთარი თავი ცვლილებებისთვის? ის აგრძელებს: «ახალ ტერიტორიაზე გადასვლამდე „საგუშაგო კოშკში“ ვკითხულობდი სტატიებს იმ და-ძმებზე, რომელთათვისაც ეს გრძნობა უცხო არ იყო. ეს იმის დანახვაში დამეხმარა, თუ როგორ გავმკლავებოდი ამ სიძნელეს. ერთ-ერთ სტატიაში გადავაწყდი ფრაზას, რომელიც ერთმა დედამ თავის ქალიშვილს უთხრა: „იეჰოვა ჩემზე უკეთ მოგხედავს“. ამ აზრმა ძალიან გამამხნევა». ჰანა და მისი მეუღლე, პატრიკი, მარშალის ერთ-ერთ კუნძულ მაჯუროზე მსახურობენ. ჰანას მთელი ყურადღება და-ძმებზე გადააქვს და ამგვარად ებრძვის მონატრების გრძნობას. იგი გვიზიარებს: „მუდამდღე ვმადლობ იეჰოვას მსოფლიო საძმოსთვის, რომელიც ჩემთვის ოჯახივითაა. რომ არა ისინი, მე ვერასდროს შევძლებდი მემსახურა იქ, სადაც მეტი მაუწყებელია საჭირო“.
ახალი მეგობრების შეძენა. „როდესაც სხვა ქვეყანაში იწყებ ცხოვრებას, შენთვის ყველაფერი ახალია. ხანდახან ხუმრობასაც კი ერიდები, რადგან შეიძლება არასწორად გაგიგონ“, — აღნიშნავს საიმონი. ერიკა დასძენს: „თავიდან თავს გარიყულად ვგრძნობდი. თუმცა სწორედ ეს დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, თუ რა მიზნით გადმოვედი ახალ ტერიტორიაზე — იეჰოვასთვის მეტის საკეთებლად და არა საკუთარი კმაყოფილების საძიებლად. თუმცა დროთა განმავლობაში შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასნი არიან“. საიმონს ძალ-ღონე არ დაუზოგავს პალაუ ენის შესასწავლად, რაც მას ადგილობრივი და-ძმების შეყვარებასა და მათთან დამეგობრებაში დაეხმარა (2 კორ. 6:13). როდესაც პალაუელი და-ძმები ხედავდნენ, თუ რამხელა ძალისხმევას ახმარდა საიმონი მათი ენის შესწავლას, ეს კიდევ უფრო აყვარებდა მათ ამ უცხოელ ძმას. ერთი რამ დღესავით ნათელია: როცა სხვა ქვეყანაში მსახურების მიზნით ჩასული და ადგილობრივი და-ძმები საერთო საქმისთვის იღვწიან, ისინი ერთმანეთს უმეგობრდებიან და კრებაში სიხარული ისადგურებს. საინტერესოა, კიდევ რა კურთხევებს იმკიან და-ძმები, რომლებიც ისეთ ტერიტორიებზე გადადიან, სადაც მაუწყებლები მეტად საჭირონი არიან?
„უხვი მოსავალი“
მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“ (2 კორ. 9:6). ეს პრინციპი უმთავრესად მათზე ვრცელდება, ვინც მსახურებას აფართოებს. მოდი, ვნახოთ, როგორ „იმკიან უხვ მოსავალს“ მიკრონეზიის კუნძულებზე გადასული და-ძმები?
ამ კუნძულებზე ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც ბიბლიის შესწავლის დაწყება სურთ. ჩასულ და-ძმებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ ცვლის ბიბლიური ცნობა ადამიანთა ცხოვრებას და როგორ იზრდებიან ისინი სულიერად. პატრიკი და ჰანა პატარა კუნძულ ანგაურზეც ქადაგებდნენ, სადაც, სულ რაღაც, 320 კაცი ცხოვრობს. კუნძულზე ორთვიანი მსახურების შემდეგ ისინი ერთ მარტოხელა დედას შეხვდნენ. ჭეშმარიტებასმოწყურებული ქალბატონი „დაეწაფა სიცოცხლის წყალს“ და ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები მოახდინა. ჰანა გვიზიარებს: «ყოველი შესწავლის შემდეგ, როცა მე და პატრიკი სახლში ველოსიპედებით ვბრუნდებოდით, ერთმანეთს გადავხედავდით და მადლიერებით სავსე გულიდან აღმოგვხდებოდა ხოლმე: „დიდი მადლობა, იეჰოვა!“». იგი დასძენს: „ფაქტია, რომ ამ ადამიანს იეჰოვა თავისთან მაინც მიიზიდავდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ იქ ვიყავით, სადაც მაუწყებლებზე დიდი საჭიროება იყო, ღმერთმა ჩვენ გამოგვიყენა, რათა ამ თვინიერ ადამიანს მის გაცნობაში დავხმარებოდით. ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი შემთხვევა იყო!“. ერიკა ამატებს: „როდესაც ადამიანს იეჰოვას გაცნობაში ეხმარები, ენით აუწერელ სიხარულს განიცდი!“.
გამოავლენთ მსგავს სულს?
ბევრ ქვეყანაში სამეფოს მაუწყებლები მეტად საჭირონი არიან. შეგიძლიათ ასეთ ქვეყნებში გადასვლა და მსახურება? თუ დიახ, სთხოვეთ იეჰოვას ლოცვაში, რომ ხორცი შეასხათ ამ სურვილს. ამ საკითხზე ესაუბრეთ თქვენი კრების უხუცესებს, სარაიონო ზედამხედველს ან მათ, ვისაც ასეთი სახის მსახურებაში მიუღიათ მონაწილეობა. როდესაც კონკრეტული გეგმების შედგენას დაიწყებთ, მისწერეთ იმ ქვეყნის ფილიალს, სადაც აპირებთ გადასვლას, რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ.a ამგვარად, თქვენც შეძლებთ შეუერთდეთ ათასობით და-ძმას — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, დაუქორწინებელსა თუ დაქორწინებულს — რომელთაც მზადყოფნა გამოავლინეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს სიხარული, რაც უხვი სულიერი მოსავლის აღებას სდევს თან.
a იხილეთ 2011 წლის „ჩვენი სამეფოს მსახურების“ აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი სტატია: «შეგიძლია გადახვიდე „მაკედონიაში“?».