წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
2—8 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 6, 7
გულუხვად გაეცით
ლუკ. 6:37 — nwtsty დამატებითი მასალა
„აპატიეთ და თქვენც გეპატიებათ“: ბერძნული სიტყვა, რომელიც „პატიებად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს „გათავისუფლებას“, „გაშვებას“ (მაგალითად პატიმრის). ვინაიდან ამ მუხლში ეს სიტყვა დაპირისპირებულია გასამართლებასა და მსჯავრის დადებასთან, ის გულისხმობს მიტევებას ან ვინმეს უდანაშაულოდ ცნობას, თუნდაც დასჯას ან სამაგიეროს გადახდას იმსახურებდეს.
ლუკ. 6:38 — nwtsty დამატებითი მასალა
„გაეცით“: „გაცემად“ ნათარგმნი ბერძნული ზმნა განგრძობით მოქმედებას გამოხატავს.
„უბე“: აქ ეს სიტყვა შესაძლოა მიუთითებდეს განიერი მოსასხამის ნაკეცზე, რომელიც სარტყლის ზემოთ კეთდებოდა. უბეში ჩაყრა შესაძლოა გულისხმობს ჩვეულებას, რომელიც ძველად ზოგ ვაჭარს ჰქონდა. ისინი მყიდველს მოსასხამის უბეში უყრიდნენ იმას, რასაც ყიდდნენ.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 7:35 — nwtsty დამატებითი მასალა
„მისი შვილები“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მისი შედეგები“. ამ მუხლში სიბრძნე გაპიროვნებულია, თითქოს მას შვილები ჰყავდეს. პარალელურ მუხლში, მათეს 11:19-ში, ნათქვამია, რომ სიბრძნეს „საქმეები“ აქვს. სიბრძნის „შვილები“ ან სიბრძნის „საქმეები“, რაშიც იოანე ნათლისმცემლისა და იესოს სიტყვები თუ საქმეები იგულისხმება, ადასტურებდა, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ცრუ იყო. ფაქტობრივად, იესო ამბობდა: „დაუკვირდით ადამიანის საქმეებსა თუ საქციელს და მიხვდებით, რამდენად საფუძვლიანია წაყენებული ბრალდებები“.
9—15 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 8, 9
რას ნიშნავს, იყო იესოს მიმდევარი?
it
ბუდე
ერთმა მწიგნობარმა იესოს უთხრა: «„მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“. იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“» (მათ. 8:19, 20; ლუკ. 9:57, 58). ამ კაცისთვის იესოს იმის თქმა სურდა, რომ თუ მისი მიმდევრობა უნდოდა, არ უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ყოველთვის მყუდრო გარემოში, ნორმალურ პირობებში იცხოვრებდა; ის ბოლომდე უნდა მინდობოდა იეჰოვას. ეს პრინციპი კარგად ჩანს ლოცვის ნიმუშიდან — „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, და იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამი შემდეგი სიტყვებიდან: „ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (მათ. 6:11; ლუკ. 14:33).
ლუკ. 9:59, 60 — nwtsty დამატებითი მასალა
„მამაჩემი დავმარხო“: ეს სიტყვები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ამ კაცს მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და უბრალოდ უნდოდა, დაემარხა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის, ალბათ, იესოსთან სასაუბროდ ვერ მოიცლიდა. ძველად ახლო აღმოსავლეთში ოჯახის წევრის დაკრძალვა სიკვდილიდან მალევე, უმეტეს შემთხვევაში იმავე დღეს ხდებოდა. ასე რომ, ამ კაცის მამა ჯერ მკვდარი არ იქნებოდა; ის შესაძლოა დაუძლურებული ან ხანში შესული იყო. იესო არ ეტყოდა მას, დაეტოვებინა ავადმყოფი მშობელი, რომელსაც მოვლა სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მისი ოჯახის სხვა წევრებს შეეძლოთ მამის საჭიროებებზე ზრუნვა (მარ. 7:9—13). ფაქტობრივად, ამ კაცმა იესოს უთხრა: „ვიდრე ცოცხალია მამა, ვერ გამოგყვები. დრო მომეცი, მამას დავმარხავ და მერე გამოგყვები“. მაგრამ იესოს გადასახედიდან მან ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა (ლუკ. 9:60, 62).
„მკვდრებმა თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები“: როგორც წინა აბზაციდან ჩანს, იმ კაცის მამა, რომელსაც იესო ელაპარაკებოდა, სავარაუდოდ, მკვდარი კი არა, უბრალოდ დაუძლურებული ან ხანში შესული იყო. ამიტომაც უთხრა იესომ, რომ მათ, ვინც სულიერად მკვდარი იყო, თავად დაემარხათ თავიანთი მკვდრები, ანუ ამ კაცს ოჯახის სხვა წევრებისთვის უნდა ეთხოვა, რომ ეზრუნათ მამაზე, ვიდრე ცოცხალი იყო. თუ იესოს მიმდევარი გახდებოდა, მარადიული სიცოცხლის გზას დაადგებოდა და მათ შორის არ იქნებოდა, ვინც ღვთის თვალში სულიერად მკვდარი იყო. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანმა ღვთის სამეფო პირველ ადგილზე დააყენოს და მის შესახებ ყველგან იქადაგოს, რათა სულიერად ცოცხალი დარჩეს.
nwtsty მედიაფაილი
ხვნა
უმეტეს შემთხვევაში ხვნა შემოდგომით იწყებოდა მას შემდეგ, რაც ზაფხულში გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი წვიმების შედეგად რბილდებოდა (იხ. sgd ნაწილი 19). ხისგან დამზადებულ გუთანს მიმაგრებული ჰქონდა სახნისი, რომელიც შესაძლოა ლითონის ყოფილიყო. სახნისი მაგრდებოდა გუთნის მხარზე, რომელსაც უღელში შებმული ერთი ან მეტი პირუტყვი ეწეოდა. ხვნას თესვა მოჰყვებოდა. ებრაულ წერილებში ხვნა და სახნისი ხშირად გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება (მსაჯ. 14:18; ეს. 2:4; იერ. 4:3; მიქ. 4:3). იესო ხშირად მოიხსენიებდა სამიწათმოქმედო სამუშაოებს, რათა თავისი მიმდევრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნათლად დაენახვებინა. მაგალითად, მან გუთნით მიწის დამუშავება იმის ხაზგასასმელად ახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მის მიმდევრებს სხვა რამეზე არ გადაეტანათ ყურადღება (ლუკ. 9:62). თუ მას, ვინც გუთანს მისდევდა, ყურადღება გაეფანტებოდა, სწორ კვალს ვერ გაავლებდა. მსგავსად, თუ ქრისტეს მოწაფეს ყურადღება გაეფანტება ანუ დაკისრებული საქმის ნაცვლად სხვა რამეზე გადაიტანს ყურადღებას, ღვთის სამეფოსთვის აღარ ივარგებს.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 8:3 — nwtsty დამატებითი მასალა
„მათ . . . ემსახურებოდნენ“: აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა დიაკონეო გულისხმობს სხვების საჭიროებებზე ზრუნვას, რაშიც შედის საკვებით მომარაგება, საჭმლის მომზადება, სუფრასთან მიტანა და ა. შ. ეს სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით გვხვდება ლუკას 12:37-ში („მოემსახურება“), ლუკას 17:8-სა („მემსახურე“) და საქმეების 6:2-ში („სუფრების მომსახურება“), თუმცა ის შეიძლება სხვა მსგავსი სახის მომსახურებასაც გულისხმობდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სიტყვა გამოყენებულია მე-2 და მე-3 მუხლებში ნახსენებ ქალებთან მიმართებით, რომლებიც მხარს უჭერდნენ იესოსა და მის მოწაფეებს, რითაც ღვთის საქმის შესრულებაში ეხმარებოდნენ. ამგვარად, მათ განადიდეს ღმერთი, რომელმაც მადლიერების ნიშნად მათი გულუხვობისა და გულმოწყალების მაგალითი მომავალი თაობებისთვის ბიბლიის ფურცლებზე შემოინახა (იგავ. 19:17; ებრ. 6:10). იგივე ბერძნული სიტყვა გამოყენებულია მათეს 27:55-სა და მარკოზის 15:41-ში მოხსენიებულ ქალებთან მიმართებითაც.
16—22 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 10, 11
იგავი კეთილ სამარიელზე
nwtsty მედიაფაილი
გზა იერუსალიმიდან იერიხონამდე
ამ მოკლე ვიდეორგოლში ნაჩვენები გზა (1) სავარაუდოდ იგივე ადგილზე გადის, რა ადგილზეც ძველად იერუსალიმისა და იერიხონის დამაკავშირებელი გზა გადიოდა. ეს გზა, რომელიც 20 კილომეტრზე მეტი სიგრძისა იყო, იერუსალიმიდან ციცაბო ფერდობზე ეშვებოდა და ერთი კილომეტრით დაბლა მდებარე იერიხონისკენ მიიკლაკნებოდა. ამ გზაზე, რომელიც უდაბურ ადგილზე გადიოდა, ხშირად ხდებოდა ყაჩაღობა, რის გამოც მგზავრების უსაფრთხოებისთვის სამხედრო გარნიზონი ჰყავდათ ჩაყენებული. იერიხონის რომაული ნაწილი (2) იუდეის უდაბნოს განაპირას იყო გაშენებული, ქალაქის ძველი ნაწილი კი (3) დაახლოებით 2 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქის რომაული ნაწილისგან.
ლუკ. 10:33, 34 — nwtsty დამატებითი მასალა
„ერთი სამარიელი“: როგორც წესი, იუდეველები ზემოდან უყურებდნენ სამარიელებს და მათთან ყველანაირ ურთიერთობას ერიდებოდნენ (იოან. 4:9). ზოგი სიტყვა „სამარიელს“ სიძულვილის გამოსახატავად და სხვისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად იყენებდა (იოან. 8:48). მიშნაში მოყვანილია ერთი რაბინის სიტყვები: „სამარიელთა პურის ჭამა ღორის ხორცის ჭამის ტოლფასია“ (შებითი 8:10). ბევრ იუდეველს არ სჯეროდა სამარიელის მიერ მიცემული ჩვენების და მისგან არანაირ მომსახურებას არ იღებდა. იესომ კარგად იცოდა, როგორი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ იუდეველებს სამარიელების მიმართ, ამიტომ იგავით კეთილი სამარიელზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა თავის მსმენელს.
„ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა“: იესოს იგავის დაწვრილებით აღწერისას ექიმი ლუკა ყვება, როგორ ხდებოდა იმ დროს ჭრილობის დამუშავება. ხშირად ჭრილობების დასამუშავებლად სახლის პირობებში ზეთსა და ღვინოს იყენებდნენ. ზეთით ჭრილობას არბილებდნენ (შდრ. ეს. 1:6), ღვინო კი ერთგვარი ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება იყო. ლუკა აგრეთვე ახსენებს, რომ სამარიელმა ზედმეტი გართულების თავიდან ასარიდებლად დაჭრილს ჭრილობები შეუხვია.
„სასტუმრო“: ბერძნული სიტყვა, რომელიც სასტუმროდ ითარგმნა, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ადგილს, სადაც ყველას იღებენ“. ასეთ ადგილებში მგზავრები თავის პირუტყვთან ერთად ღამეს ათევდნენ. სასტუმროს მეპატრონე მგზავრებს საკვებით უზრუნველყოფდა და დამატებითი თანხის სანაცვლოდ მათზეც ზრუნავდა, ვისაც მოსავლელად უტოვებდნენ.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 10:18 — nwtsty დამატებითი მასალა
„დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა ციდან“: იესო წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს და სატანის ზეციდან ჩამოგდებას ისე მოიხსენიებს, როგორც უკვე მომხდარ ფაქტს. გამოცხადების 12:7—9 აღწერს ზეცაში მომხდარ ომს და სატანის ზეციდან ჩამოგდებას მესიანური სამეფოს დამყარებას უკავშირებს. ვინაიდან ღმერთმა 70 მოწაფეს, არასრულყოფილ ადამიანებს, დემონების განდევნის ძალა მისცა, ამ სიტყვებით იესოს იმის ხაზგასმა სურდა, რომ მომავალ ბრძოლაში სატანა და მისი დემონები უეჭველად დამარცხდებოდნენ (ლუკ. 10:17).
ლუკ. 11:5—9 — nwtsty დამატებითი მასალა
„მეგობარო, სამი პური მასესხე“: ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებნი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა სტუმარს ღირსეულად გამასპინძლებოდნენ, როგორც ეს ამ მაგალითიდანაც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სტუმარი მოულოდნელად, შუაღამით მივიდა (ეს დეტალი შესაძლოა მიანიშნებს, რომ იმ დროს მგზავრებს ხშირად დაბრკოლებები ექმნებოდათ), მასპინძელმა თავი ვალდებულად ჩათვალა, მისთვის საჭმელი მიეცა და ამისთვის მეზობელიც კი გააღვიძა.
„ნუ მაწუხებ“: იესოს მაგალითში მეზობელს დიდად არ ეხალისებოდა, მეგობრისთვის დახმარება გაეწია არა იმიტომ, რომ არასტუმართმოყვარე იყო, არამედ იმიტომ, რომ უკვე ეძინა. იმ დროს სახლებს, განსაკუთრებით კი ღარიბთა სახლებს, მხოლოდ ერთი დიდი ოთახი ჰქონდა, ამიტომ, თუ ოჯახისთავი ადგებოდა, ყველას გააღვიძებდა, მათ შორის მძინარე ბავშვებს.
„დაიჟინებს“: ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ გვხვდება, პირდაპირი გაგებით მოურიდებლობას, უსირცხვილობას ნიშნავს. თუმცა ამ შემთხვევაში ის დაჟინებულობაზე მიუთითებს. იესოს იგავში კაცს არ მორიდებია, დაჟინებით ეთხოვა ის, რაც სჭირდებოდა. ამ მაგალითით იესომ თავის მოწაფეებს დაანახვა, რომ მათაც ასეთივე დაჟინებით ელოცათ (ლუკ. 11:9, 10).
23—29 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 12, 13
„უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“
ლუკ. 12:6 — nwtsty დამატებითი მასალა
„ბეღურა“: ბერძნული სიტყვა სტრუთიონ კნინობით ფორმაში დგას და ნებისმიერ პატარა ჩიტზე მიუთითებს. ხშირად მას ბეღურასთან მიმართებით იყენებდნენ, რომელიც საკვებად ვარგისი ფრინველებიდან ყველაზე იაფი იყო.
ლუკ. 12:7 — nwtsty დამატებითი მასალა
„თქვენ თავზე თმაც დათვლილია“: ჩვეულებრივ, ადამიანს თავზე, სულ მცირე, 100 000 თმის ღერი აქვს. ის, რომ იეჰოვამ ასეთი უმნიშვნელო დეტალებიც კი იცის ჩვენ შესახებ, გვარწმუნებს, რომ იგი სათუთად ზრუნავს ქრისტეს თითოეულ მიმდევარზე.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 13:24 — nwtsty დამატებითი მასალა
„ძალ-ღონე არ დაიშუროთ“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იბრძოლეთ“. იესოს მოწოდება ხაზს უსვამს იმას, რომ ვიწრო კარში შესასვლელად ძალა არ უნდა დავიშუროთ. სხვადასხვა ცნობარის თანახმად, ამ კონტექსტში ეს ფრაზა შეიძლება ითარგმნოს, როგორც „უდიდესი ძალისხმევა მოახმარეთ“ ან „ყოველი ღონე იხმარეთ“. ბერძნული ზმნა აგონიზომე ენათესავება არსებით სახელს აგონ, რომელიც ხშირად სპორტულ შეჯიბრებებთან მიმართებით გამოიყენებოდა. ებრაელების 12:1-ში ეს არსებითი სახელი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება ქრისტიანებთან მიმართებით, რომლებიც სიცოცხლისთვის რბოლაში არიან ჩაბმულნი. ის აგრეთვე უფრო ფართო გაგებითაც გამოიყენება ბრძოლის მნიშვნელობით (ფილ. 1:30; კოლ. 2:1; 1 ტიმ. 6:12; 2 ტიმ. 4:7). ლუკას 13:24-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა სხვადასხვა ფორმით გვხვდება შემდეგ მუხლებში: 1 კორინთელების 9:25 („შეჯიბრების მონაწილეები“); კოლოსელების 1:29 და 1 ტიმოთეს 4:10 („თავს არ ვზოგავ“; „თავს არ ვზოგავთ“); კოლოსელების 4:12 („დაუღალავად“) და 1 ტიმოთეს 6:12 („იბრძოლე“). ვინაიდან ამ გამოთქმას თავდაპირველად სპორტულ შეჯიბრებებთან მიმართებით იყენებდნენ, ზოგის აზრით, ამ სიტყვებში იესო გულისხმობდა ძალების მაქსიმალურად დაძაბვას, როგორც ამას სპორტსმენები აკეთებდნენ ჯილდოს მოსაპოვებლად.
ლუკ. 13:33 — nwtsty დამატებითი მასალა
„დაუშვებელია“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „წარმოუდგენელია“. მართალია, არც ერთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ მესია იერუსალიმში მოკვდებოდა, მაგრამ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს გარკვეულწილად დანიელის 9:24—26 იძლევა. ამასთან, თუ იუდეველები წინასწარმეტყველს, მით უმეტეს მესიას, მოკლავდნენ, ეს უსათუოდ ამ ქალაქში მოხდებოდა. ვინაიდან 71 წევრისგან შემდგარი უზენაესი სასამართლო, იგივე სინედრიონი, იერუსალიმში იკრიბებოდა, მათი გასამართლება, ვისაც ცრუ წინასწარმეტყველებაში ედებოდა ბრალი, სწორედ იქ მოხდებოდა. შესაძლოა იესოს ისიც ჰქონდა მხედველობაში, რომ მუდმივ შესაწირავებს იერუსალიმში აღავლენდნენ და საპასექო კრავიც იქ იკვლებოდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესომ თქვა. იგი იერუსალიმში სინედრიონის წინაშე მიიყვანეს და გაასამართლეს. სწორედ იერუსალიმში, გალავნის გარეთ, შეწირულ იქნა იესო, „ჩვენი პასექი“ (1 კორ. 5:7).
30 ივლისი — 5 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 14—16
იგავი გზასაცდენილი შვილის შესახებ
ლუკ. 15:11—16 — nwtsty დამატებითი მასალა
„ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა“: იგავი გზასაცდენილი შვილის შესახებ (აგრეთვე ცნობილია, როგორც იგავი უძღებ შვილზე) სხვა იგავებისგან არაერთი მხრივ გამოირჩევა. იესოს მიერ მოყვანილ იგავებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი იგავია. ის იმითაც გამოირჩევა, რომ ოჯახურ ურთიერთობებს აღწერს. სხვა მაგალითებსა თუ იგავებში იესო ხშირად მოიხსენიებს უსულო საგნებს, მაგალითად, სხვადასხვა სახის თესლსა თუ ნიადაგს ან საუბრობს ბატონსა და მონას შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაზე (მათ. 13:18—30; 25:14—30; ლუკ. 19:12—27). თუმცა ამ იგავში იესო მამაშვილურ ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას. შესაძლოა იესოს მსმენელთა შორის ბევრს არ ჰყოლია ისეთი კეთილი და დიდსულოვანი მამა, როგორიც ამ იგავშია აღწერილი. ამ იგავით იესო წარმოდგენას გვიქმნის იმ ძლიერ სიყვარულსა და თანაგრძნობაზე, რასაც ზეციერი მამა ავლენს თავისი მიწიერი შვილების, როგორც ერთგულების, ისე მათ მიმართ, ვინც სწორი გზიდან უხვევს, მაგრამ მოგვიანებით ისევ უბრუნდება მას.
„უმცროსი ვაჟი“: მოსეს კანონის თანახმად, პირმშო ორმაგ წილს იღებდა მემკვიდრეობიდან (კან. 21:17). თუ ამ იგავში მოხსენიებულ კაცს სხვა ვაჟები არ ჰყავდა, გამოდის, რომ პირმშო უფროსი ვაჟი იყო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უმცროსი ვაჟის მემკვიდრეობა მისი მემკვიდრეობის ნახევარი იქნებოდა.
„გაფლანგა“: აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მიმოფანტვას“ (ლუკ. 1:51; საქ. 5:37). მათეს 25:24, 26-ში ის ნათარგმნია „განიავებად“. ლუკას 15:13-ში ეს სიტყვა გულისხმობს ქონების უაზროდ ხარჯვას.
„აღვირახსნილი ცხოვრება“: ამ სიტყვაში აგრეთვე შეიძლება იგულისხმებოდეს უყაირათობა, დაუდევრობა და თავაშვებულობა. მონათესავე ბერძნული სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით გვხვდება ეფესოელების 5:18-ში, ტიტეს 1:6-სა და 1 პეტრეს 4:4-ში. ვინაიდან ეს ბერძნული სიტყვა შესაძლოა გულისხმობს ცხოვრების ისეთ წესს, რომელსაც ფულის უაზროდ ხარჯვა, ფლანგვა ახასიათებს, ბიბლიის ზოგ თარგმანში სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი.
„ღორების მწყემსი“: კანონის თანახმად, ღორი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა, ამიტომ ღორების მწყემსვა ებრაელისთვის დამამცირებელი და საზიზღარი საქმე იყო (ლევ. 11:7, 8).
„კერატი“: კერატის ხის პარკისებრ ნაყოფს პრიალა, მოიისფერო-ყავისფერი ტყავისებრი კანი აქვს. თავისი ბერძნული სახელწოდების შესაბამისად (კერატიონ, ნიშნავს „პატარა რქას“) ის რქის ფორმისაა. კერატს დღემდე ცხენების, საქონლისა თუ ღორების საჭმელად იყენებენ. ამ ახალგაზრდის უკიდურესად დაცემული მდგომარეობის ხაზგასასმელად იესომ თქვა, რომ ის ღორების საჭმელზეც კი არ ამბობდა უარს.
ლუკ. 15:17—24 — nwtsty დამატებითი მასალა
„შენ წინაშე“: დედანში გამოყენებული ბერძნული წინდებული ენოპიონ აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „წინააღმდეგ“. ამიტომ ეს ფრაზა შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „შენ წინააღმდეგ“.
„მოჯამაგირე“: შინ დაბრუნებულ ახალგაზრდას უნდოდა, მამისთვის ეთხოვა, რომ ისე კი არ მიეღო, როგორც შვილი, არამედ როგორც მოჯამაგირე. მონებისგან განსხვავებით, მოჯამაგირე საკუთრების ნაწილად არ ითვლებოდა. ის იყო მუშა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერთი დღით ქირაობდნენ (მათ. 20:1, 2, 8).
„დაკოცნა“: მიიჩნევენ, რომ კოცნად ნათარგმნი ბერძნული ზმნა ფილეო აქ ისეთ ფორმაში დგას, რომელიც ინტენსიურ მოქმედებას გამოხატავს. ზოგ კონტექსტში ის გადმოტანილია, როგორც „კოცნა“ (მათ. 26:48; მარ. 14:44; ლუკ. 22:47), ხშირ შემთხვევაში კი — როგორც „სიყვარული“ (იოან. 5:20; 11:3; 16:27). ასეთი გულთბილი დახვედრით მამამ აჩვენა, რომ მზად იყო თავისი მომნანიე შვილის მისაღებად.
„შენი ვაჟი მერქვას“: ზოგი ხელნაწერის თანახმად, მე-19 და 21-ე მუხლებში ამ ფრაზას მოჰყვება სიტყვები: „მოჯამაგირედ დამიყენე-მეთქი“. თუმცა უფრო ძველ და სანდო ხელნაწერებში ეს ფრაზა 21-ე მუხლში არ გვხვდება, რის გამოც ის ამოღებულია ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემიდან. ზოგი სწავლულის აზრით, ეს ფრაზა 21-ე მუხლში იმ მიზნით დაემატა, რომ თანხმობაში ყოფილიყო მე-19 მუხლთან.
„გრძელი სამოსელი . . . ბეჭედი . . . სანდლები“: ეს უბრალო სამოსელი კი არა, საუკეთესო გრძელი სამოსელი იყო, შესაძლოა მდიდრულად მოქარგულიც, რომელსაც პატივდებულ სტუმარს ჩუქნიდნენ. მამამ თავისი კეთილგანწყობისა და თბილი გრძნობების საჩვენებლად ვაჟს ბეჭედი გაუკეთა. ამგვარად მან პატივისცემაც გამოხატა მის მიმართ და ღირსებაც აუმაღლა. როგორც წესი, მონებს არც ბეჭედი ეკეთათ და არც სანდლები ეცვათ. ასე რომ, მამამ აშკარად ცხადყო, რომ მისი ვაჟი კვლავაც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 14:26 — nwtsty დამატებითი მასალა
„სძულს“: ბიბლიაში სიტყვა „სიძულვილი“ რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება. ის შეიძლება გულისხმობდეს მტრობას, რომელსაც თან ახლავს ღვარძლი, რაც ადამიანს უბიძგებს, სხვას ზიანი მიაყენოს. სიძულვილი აგრეთვე ვინმეს ან რამის მიმართ ძლიერ ანტიპათიას ან ზიზღს მოიაზრებს, რის გამოც ადამიანი ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს ასეთი ვინმესგან ან რამისგან. ეს სიტყვა იმაზეც მიუთითებს, რომ ადამიანს შეიძლება ვინმე ან რამე შედარებით ნაკლებად უყვარდეს. მაგალითად, როცა ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იაკობს ლეა მოძულებული ჰყავდა, ხოლო რახელი უყვარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ისე ძლიერ არ უყვარდა ლეა, როგორც რახელი (დაბ. 29:31; კან. 21:15). ეს სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება ძველ ებრაულ ლიტერატურაშიც. ამგვარად, იესო იმას არ გულისხმობდა, რომ მის მიმდევრებს მტრული დამოკიდებულება ან ზიზღი უნდა ჰქონოდათ საკუთარი თავისა თუ ოჯახის წევრების მიმართ, რადგან ეს წმინდა წერილებთან თანხმობაში არ იქნებოდა (შდრ. მარ. 12:29—31; ეფეს. 5:28, 29, 33). ამ კონტექსტში სიტყვა „სძულს“ აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნაკლებად უყვარს“.