ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
პირველ საუკუნეში იესოს სიტყვები მის მოწაფეებს, ალბათ, საგონებელში ჩააგდებდა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მათ შეიძულებდა ყველა ხალხი, დახოცავდნენ და გადასცემდნენ სატანჯველად. ამასთანავე, ბევრი დაბრკოლდებოდა და ერთმანეთს გასცემდა. მაგრამ იესომ ისიც თქვა, რომ ისინი სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ (მათ. 24:9—14). რამდენად წარმატებული იქნებოდა მათი მსოფლიო სამქადაგებლო საქმე წინააღმდეგობების მიუხედავად? ამ საინტერესო კითხვაზე პასუხს ეს წიგნი გაგვცემს.
2010 წლის მონაცემები
იეჰოვას მოწმეთა ფილიალები 116
ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც ანგარიში ჩააბარეს 236
კრებების რაოდენობა 107 210
გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი 18 706 895
სიმბოლოები მიიღო 11 202
მაუწყებლების უმაღლესი რიცხვი 7 508 050
მაუწყებელთა საშუალო რიცხვი 7 224 930
პროცენტული ზრდა 2009 წელთან შედარებით 2.5
მოინათლა 294 368
დამხმარე პიონერთა საშუალო რაოდენობა 287 960
პიონერთა საშუალო რაოდენობა 844 901
სამქადაგებლო საქმიანობაში გატარებული საათები 1 604 764 248
ბიბლიის საშინაო შესწავლების საშუალო რაოდენობა 8 058 359
2010 სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა სპეციალურ პიონერებზე, მისიონერებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებზე 155 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯეს.
◼ მთელ მსოფლიოში ფილიალებში მსახურობს 20 062 მოხალისე. ყველანი ეკუთვნიან იეჰოვას მოწმეების სპეციალური სრული დროით მსახურთა მსოფლიო გაერთიანებას.
აფრიკა
ქვეყნები 57
მოსახლეობა 888 219 101
მაუწყებლები 1 222 352
ბიბლიის შესწავლები 2 596 614
ჭეშმარიტებას მოწყურებული ხალხი. მადაგასკარის ერთ პატარა სოფელში 80-მა კაცმა დატოვა ყველაზე დიდი პროტესტანტული ეკლესია. მათ თავად ააშენეს ეკლესია და ადგილობრივი რელიგიების გამოკვლევა დაიწყეს, რათა ჭეშმარიტი რელიგია ეპოვათ. მალე ისინი მიხვდნენ, რომ კათოლიკეები არ ასწავლიდნენ ბიბლიას, ლუთერანებს შორის კი უთანხმოებები იყო. მათი აზრით, ორმოცდაათიანელები შორს იყვნენ ჭეშმარიტებისგან, მეშვიდე დღის ადვენტისტებს კი ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ გასაიდუმლოებული. ბოლოს ისინი ერთ ჩვენს ძმასთან მივიდნენ და სთხოვეს, მათთვის ბიბლია ესწავლებინა. ძმა სიხარულით დასთანხმდა.
დაინტერესებულებთან შეხვედრა რამდენიმე მაუწყებელმა გადაწყვიტა. როცა ძმები მათ ეკლესიაში მივიდნენ, იქ 26 კაცი დახვდათ, რომელთაც ჭეშმარიტების მოსმენა სურდათ. ძმებმა მათთან განიხილეს მე-15 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ და აუხსნეს, თუ როგორ შეიძლება ღვთისთვის მოსაწონი რელიგიის პოვნა. დაინტერესებულები მოსმენილით კმაყოფილი დარჩნენ. მეორე შეხვედრისას ძმებს ეკლესიაში 73 კაცი დახვდათ, მესამე შეხვედრისას კი — 142.
შეცდომით გაგზავნილი SMS-ი. ეთიოპიაში მცხოვრებმა მოწმემ, მანენმა, ბიბლიის შემსწავლელს გასამხნევებლად SMS-ით 2009 წლის მუხლი გაუგზავნა. მაგრამ მან ნომერი არასწორად აკრიფა და SMS-ი სხვა აბონენტმა მიიღო. ქალმა, ვისთანაც ეს ტექსტური შეტყობინება მივიდა, ის რამდენჯერმე წაიკითხა: «„საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა“ (საქმეები 20:24, აქ)». ქალი ღვთისმოშიში იყო და მოეწონა, რაც წაიკითხა, მაგრამ არ იცოდა, როგორ გაეთვალისწინებინა ეს სიტყვები. ის აგრეთვე დააბნია ბოლოში მიწერილმა უცნაურმა აბრევიატურამ „აქ“ [„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“]. გავიდა კვირები, მაგრამ ეს მუხლი მას ისევ თავში უტრიალებდა. ბოლოს გადაწყვიტა, დაერეკა. ჩვენს დას გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ თურმე შეტყობინება ამ ქალისთვის გაუგზავნია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და მის გულწრფელ შეკითხვებს პასუხი გასცა. ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რომელიც კვირაში ორჯერ უტარდება.
პატარა პიონერები. პერსისი კამერუნში ცხოვრობს. ის ექვსი წლისა უკვე მოუნათლავი მაუწყებელი იყო. პირველ ანგარიშში მან 10 ბიბლიის შესწავლა ჩაწერა. კრების მდივანმა იფიქრა, რომ ბავშვს რაღაც შეეშალა. როცა ძმამ ამის შესახებ ჰკითხა, პერსისმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად 10 ბიბლიის შესწავლას ატარებდა. შემდეგ ძმამ ჰკითხა: „საიდან იცი, რამდენ საათს ქადაგებ, როცა საათი არა გაქვს?“. გოგონამ უთხრა, რომ სკოლაში შესვენება ერთი საათი გრძელდებოდა. ის ქადაგებას იწყებდა შესვენების დაწყებისთანავე და ამთავრებდა მაშინ, როცა ზარი დაირეკებოდა. მისმა გაბედულმა ქადაგებამ იმდენად იმოქმედა დედამისზე და ბიძაშვილზე, რომ მოგვიანებით ისინი მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ. ახლა პერსისი ათი წლისაა, მონათლულია და მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოწაფეა დამხმარე პიონერად მსახურობს. მისი რვა წლის მეგობარი ეისი უკვე მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ბიბლიის ერთი შემსწავლელი მათ შესახებ ამბობს: „ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ ესალმებიან ეს ბავშვები ყველას, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, სანამ თავიანთ მშობლებთან დასხდებიან. ასეთი რამ ჩემს ეკლესიაში არასდროს მინახავს. ვიცი, რომ ასე აღზრდილი ბავშვები ხვალ საზოგადოებას გამოადგებიან“.
ამერიკა
ქვეყნები 55
მოსახლეობა 918 834 998
მაუწყებლები 3 673 750
ბიბლიის შესწავლები 3 967 184
მას არ დაუკაკუნებია. მირიამი, რომელიც ბოლივიაში ცხოვრობს, ერთი კვირის განმავლობაში ლოცულობდა: „გთხოვ, ღმერთო დამეხმარე, რომ გაგიცნო. ოღონდ იეჰოვას მოწმეები არ დამანახო. არ მინდა, რომ მათ კარზე დამიკაკუნონ“.
კვირის ბოლოს ტელეფონმა დარეკა. მას ურეკავდა კენდი, სპეციალური პიონერი, რომელმაც მირიამს შესთავაზა ჩვენი ჟურნალები და უთხრა, რომ ერთ საათში მათ სახლში მიუტანდა. ის დასთანხმდა. კენდი ერთ საათში უკვე მის კართან იდგა. მირიამმა კარი მოულოდნელად გააღო, კენდი სახლში შეიყვანა და უთხრა, დამჯდარიყო. გაბრაზებულმა მირიამმა ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული და თავის აქეთ-იქით ქნევა. კენდიმ ჰკითხა, რა ხდებოდა. „გაოგნებული ვარ, — უთხრა მირიამმა. — მთელი კვირა ვლოცულობდი და ღმერთს ხელმძღვანელობას ვთხოვდი, თუმცა გარკვევით ვეუბნებოდი, რომ დახმარების მიღება იეჰოვას მოწმეებისგან არ მინდოდა, რომლებმაც თავი მომაბეზრეს კარზე კაკუნით. მერე კი რა მოხდა — დაკაკუნების ნაცვლად ტელეფონზე დამირეკეთ. ერთი საათის წინ, სანამ დამირეკავდით, ვლოცულობდი, რომ ჩემთან არ მოსულიყავით. თქვენ კი მოხვედით. გაოგნებული ვარ! აშკარაა, რომ ღმერთს სურს, თქვენ, იეჰოვას მოწმეები, დამეხმაროთ“. მირიამმა იმ დღესვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
მათ ის ცოცხალ-მკვდარი დატოვეს. პასინსი ერთ დროს სოფლის ცნობილი თავკაცი იყო სურინამში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სურინამის ერთ-ერთი მხარის „გრენმენთან“ ანუ ბელადთან. პასინსი თავგამოდებით იცავდა ადგილობრივ ტრადიციებს და ეს ძალიან ეამაყებოდა. ის იეჰოვას მოწმეებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მათ ტრადიციების მტრად მიიჩნევდა.
ერთხელ ერთმა ახალგაზრდა კაცმა განაცხადა, რომ შეეძლო ამოეცნო, ვინ ჯადოქრობდა სოფელში. მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ისინი კანოეებში სხდებოდნენ და მდინარეს მიუყვებოდნენ; ვისაც კი ჯადოქრობაში ბრალს დასდებდნენ, სცემდნენ და ყველაფერს ართმევდნენ. ვისზეც ეჭვს მიიტანდნენ, რომ ბოროტი სული ჰყავდა, აიძულებდნენ, დიდი ოდენობის თანხა გადაეხადა, რათა მისგან „გათავისუფლებულიყო“. ბევრ უდანაშაულო მსხვერპლს შორის იყო პასინსიც, რომელსაც სცემეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. მას თავისი მეგობარი „გრენმენიც“ კი ვერ დაეხმარა. ეშინოდა, რომ თუ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილს დაეხმარებოდა, შეიძლებოდა სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო და რეპუტაცია გაეფუჭებინა. დახმარება მეგობრებსა და ნათესავებსაც ეკრძალებოდათ. მიუხედავად ამისა, პასინსის სიძემ გამბედაობა მოიკრიბა და ის იმ სოფელში გადაიყვანა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იეჰოვას მოწმე იყო. ძმებმა იმსჯელეს ამ საკითხზე და პასინსის დახმარება გადაწყვიტეს, თუმცა იცოდნენ, რა რისკზეც მიდიოდნენ. მათ პასინსი მეზობელ სოფელში კანოეთი გაგზავნეს, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ძმა საველე აეროდრომზე მენეჯერად მუშაობდა. იქიდან ყოფილი მოწინააღმდეგე ქალაქში გადააფრინეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
პასინსის ჭრილობები მოუშუშდა. მასზე იმდენად იმოქმედა იმ ადამიანების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა, რომლებსაც ერთ დროს ეწინააღმდეგებოდა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის 2009 წლის დეკემბერში მოინათლა. დღეს პასინსი გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას და მიუხედავად იმისა, რომ 80 წლისაა, 2010 წლის აპრილში დამხმარე პიონერად იმსახურა.
მას ეგონა, რომ ბიბლია კარგად იცოდა. ერთ დღეს შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრაზე ბიბლიით ხელში მივიდა წვერმოშვებული მამაკაცი, რომელსაც ერიკი ერქვა. მან ერთ ძმას, რომელიც მიესალმა, ჩვენი რწმენის შესახებ კითხვები დაუსვა. ერიკმა უარი თქვა წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“ და ძმას სთხოვა, საუბრისას მხოლოდ ბიბლია გამოეყენებინათ. როგორც აღმოჩნდა, ის დღეში 20 გვერდს კითხულობდა ბიბლიიდან და ეს წიგნი თავიდან ბოლომდე იმდენჯერ ჰქონდა წაკითხული, რომ სათვალავი არეოდა. კრების დამთავრების შემდეგ ერიკმა ძმასთან სამ საათზე მეტხანს ისაუბრა. ბოლოს მან თქვა, „გაწბილებული ვარ!“. ძმამ მიზეზი ჰკითხა. ერიკმა უპასუხა: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიბლია კარგად ვიცოდი, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი მცოდნია“. შემდეგ მან ძმას გამოართვა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“.
მეორე დღეს მათ ბიბლიის შესწავლა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ერიკს ამ წიგნის კითხვაში ღამე გაეთენებინა და პირველი ათი თავი წაეკითხა. „როგორც იქნა, ვიპოვე ჭეშმარიტება!“ — თქვა მან. ისინი კვირაში ხუთჯერ ატარებდნენ შესწავლას, რომელიც სამი-ოთხი საათი გრძელდებოდა. ის თავის ოჯახთან ერთად კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა და ყოველთვის მომზადებული მიდიოდა. პირველივე კვირას მან სამ სხვადასხვა აღმსარებლობის ეკლესიას წერილობით აცნობა, რომ მათთან კავშირს წყვეტდა, გაიპარსა წვერი და მტკიცედ გადაწყვიტა, აღარ მიეღო მონაწილეობა დღესასწაულებში. ორ კვირაში თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაეწერა, ერთ თვეში კი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ის 2010 წლის აპრილში მოინათლა, იეჰოვას მოწმეებთან პირველი შეხვედრიდან ექვსი თვის შემდეგ.
ის შვიდი წლისა მოინათლა. პაოლა, რომელიც მექსიკის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს, პაპა-ბებიასთან იზრდება. ის 5 წლის იყო, როცა ბებიამისმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. პაოლას ესმოდა მათი საუბრები და ჭეშმარიტებამ მის პატარა გულში ფესვი გაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ბებიამ სულიერად წინ ვერ წაიწია, პაოლამ მარტო დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. ის თავის ბებიას და პაპას სთხოვდა, დახმარებოდნენ ჩაცმასა და გზაზე გადასვლაში, რომ სამეფო დარბაზში მისულიყო.
როგორც კი პაოლამ წერა-კითხვა ისწავლა, თეოკრატიულ სკოლაში ჩაეწერა და მაუწყებელი გახდა. მას შეუყვარდა იეჰოვა ღმერთი და შვიდი წლისა მოინათლა. პაოლა დღეს 10 წლისაა. როდესაც ჰკითხეს, რატომ ესწრებოდა კრებებს და რატომ ქადაგებდა ასე მონდომებით მაშინ, როცა ოჯახის წევრები მხარში არ ედგნენ, მან თქვა: „მიყვარს კრების შეხვედრებზე მოხსენებების მოსმენა, რადგან იქ მომიწოდებენ, არ შევწყვიტო ბიბლიის შესწავლა და თავი ავარიდო ხიფათს. იმიტომ ვქადაგებ, რომ მინდა ადამიანებმა გაიგონ, რის გაკეთებას აპირებს იეჰოვა მათთვის მომავალში და კიდევ იმიტომ, რომ ბიბლიის დახმარებით ისინი დღესვე გახდებიან ბედნიერები“.
ქადაგება მათთან, ვინც არასწორად აკრიფა ტელეფონის ნომერი. ერთ დას, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკაში ცხოვრობს, სამსახურში ხშირად უწევდა არასწორად შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, რაც მუშაობაში ხელს უშლიდა. ერთხელაც მან გადაწყვიტა, ასეთი შემთხვევები ხელიდან არ გაეშვა. ის მათ ეუბნებოდა, რომ წუხდა სხვაგან რომ მოხვდნენ, შემდეგ კი დასძენდა: „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ, წაიკითხეთ დღეს ბიბლია?“. ზოგი მაშინვე უკიდებდა ყურმილს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ წაკითხული ბიბლია. შემდეგ და ასეთ კითხვას უსვამდა: „იცით, რატომ არის ბიბლიის კითხვა ასე მნიშვნელოვანი?“. მერე ბიბლიიდან ფსალმუნების 1:1—3-ს უკითხავდა. ერთხელ მას მთავრობის წარმომადგენელი ელაპარაკა და უთხრა, რომ ბიბლია არ ჰქონდა. დამ მას ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა გაუგზავნა. ორი კვირის შემდეგ ამ მამაკაცმა დას დაურეკა და მადლობა გადაუხადა ლიტერატურისა და მის მიმართ გამოვლენილი ყურადღებისთვის.
ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც დასთან არასწორად მოხვდა, ჰკითხა მას, იეჰოვას მოწმე ხომ არ იყო. როცა დადებითი პასუხი მიიღო, ქალი ატირდა და დას უთხრა, რომ არააქტიური მაუწყებელი იყო. დამ ის გაამხნევა და ერთ თანაქრისტიანს სთხოვა, მისთვის სულიერი დახმარება აღმოეჩინა. ახლა ის ქალი კვლავ აქტიური მაუწყებელია.
აზია და ახლო აღმოსავლეთი
ქვეყნები 47
მოსახლეობა 4 587 021 833
მაუწყებლები 652 251
ბიბლიის შესწავლები 601 306
„სამარიელი ქალი“. ზაფხულის მცხუნვარე დღე იდგა. ყაზახეთში ორმა პიონერმა ქადაგების დროს დაინახა ქალი, რომელიც ჭიდან წყალს იღებდა. ძმამ ქალს წყალი სთხოვა. სანამ ის წყალს სვამდა, დამ ქალს უქადაგა. ქალი დაინტერესდა და პიონერები სახლში შეიპატიჟა, რათა უფრო მეტი გაეგო. ხანმოკლე საუბრის შემდეგ მოწმეებმა მას ბიბლიური ლიტერატურა დაუტოვეს. და მას დაჰპირდა, რომ ორ დღეში კვლავ მიაკითხავდა.
დაპირებისამებრ, პიონერი და მასთან მივიდა; თან საკუთარი დედა ახლდა, რომელიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეა. ქალი მოწმეებს გარეთ დახვდა, ხელში მათ მიერ დატოვებული ლიტერატურა ეჭირა. მან ჟურნალი დას დაუბრუნა და უთხრა: „ეს იეჰოვას მოწმეებისაა! თქვენი რელიგია რუსულია!“
შემდეგ პიონერის დედამ ქალს უთხრა, რომ თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა, წმინდა წერილებიდან ერთ მუხლს ამოუკითხავდა. მას უნდოდა, მისთვის ღვთის სახელი ეჩვენებინა და გამოსვლის 3:15 წაუკითხა: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან“. დების გასაკვირად, ქალმა ისინი სახლში შეიპატიჟა. რამ შეაცვლევინა მას ასე სწრაფად თვალსაზრისი? თურმე ამ ქალის დიდ პაპებს აბრაამი, ისაკი და იაკობი ერქვათ. მან იფიქრა, რომ მას მოწმეები სახლიდან არ უნდა გაეშვა, რადგან იეჰოვა მისი წინაპრების ღმერთი იყო. მომდევნო შეხვედრის დროს ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას იმდენად სწყუროდა ჭეშმარიტება, რომ კვირაში ორჯერ უტარებდნენ შესწავლას. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ვაჟები ეწინააღმდეგებოდნენ, ქალს შესწავლა არ შეუწყვეტია. დღეს ის მოუნათლავი მაუწყებელია. გარდა ამისა, ბიბლიის შესწავლა მისმა რძალმა და რძლის დედამაც დაიწყეს და რეგულარულად ესწრებიან კრების შეხვედრებს. იმის გამო, რომ ამ ქალთან პირველი შეხვედრა ძალიან ჰგავს იოანეს 4:3—15 ჩაწერილ შემთხვევას, მას კრებაში „სამარიელ ქალს ეძახიან“.
„რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ“. ერთი კვიპროსელი ხანდაზმული პიონერი და გვწერს: «ოთხშაბათ დილას თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ სახლში დარჩენას ქუჩაში ქადაგება ვარჩიე. ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე, ვინმე ისეთი გამოეგზავნა, ვისაც დრო ექნებოდა, რომ პარკში ჩემ გვერდით დამჯდარიყო და ბიბლიის შესწავლა დამეწყო. მალე ახალგაზრდა ნეპალელი კაცი მომიახლოვდა. ხელში ჟურნალები მეჭირა და სანამ რამეს ვეტყოდი, თვითონ მკითხა, რის შესახებ იყო ეს ჟურნალები. როცა გაიგო, რომ ბიბლიაზე იყო დაფუძნებული მკითხა: „ქალბატონო, დრო მაქვს და შეიძლება თქვენ გვერდით დავჯდე? რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ ბიბლიის შესახებ“.
რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მე ხომ სწორედ ეს ვთხოვე იეჰოვას! კაცმა მკითხა: „პირველ რიგში მაინტერესებს, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ისე გამიკვირდა, რომ ვერაფერი ვუპასუხე. ჩანთიდან ამოვიღე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და ვაჩვენე. მან ჯერ წიგნს დახედა, მერე მე შემომხედა და მკითხა: „მეც სწორედ ეს არ გკითხეთ?“. ასე რომ, პირდაპირ პარკში დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. დღეს ის რეგულარულად სწავლობს ბიბლიას და ყოველთვის ესწრება შეხვედრებს, ახლახან კი თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერის სურვილიც გამოთქვა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას ძალასა და ხელმძღვანელობაზე სრულად მინდობა ქრისტიანული მსახურების დროს, მაშინაც კი, როცა თავს არც ისე კარგად გრძნობ».
პაპა შვილიშვილის მკვლელს ასწავლის. ფილიპინებში მცხოვრებ მიგელს რამდენიმე წლის წინ შვილიშვილი მოუკლეს. მისი მკვლელი ესმერალდო დაიჭირეს, მაგრამ სასამართლოზე დანაშაული არ აღიარა. მტკიცებულებებზე დაფუძნებით სასამართლომ მას მაინც მიუსაჯა პატიმრობა.
მოგვიანებით ერთმა უხუცესმა მიგელს შესთავაზა, მასთან ერთად საქადაგოდ წასულიყო იმ ციხეში, სადაც ესმერალდო იხდიდა სასჯელს. მიგელი თავიდან ყოყმანობდა, რადგან იცოდა, რომ იქ მისი შვილიშვილის მკვლელი იყო. მაგრამ ის მაინც გაჰყვა ძმას, რათა ერთად ჩაეტარებინათ ბიბლიის შესწავლა რამდენიმე პატიმართან. შესწავლის დროს მიგელმა დაინახა, რომ ესმერალდო მისკენ მიდიოდა. სიტუაციის განსამუხტავად მიგელმა მას რბილად უთხრა: „ესმერ, აქ საჩხუბრად კი არა, იმისთვის მოვედი, რომ შენნაირი ხალხის მიმართ სიყვარული გამოვავლინო. შეხედე, ჩვენ ამ კაცთან ბიბლიაზე ვმსჯელობთ. ღვთის სიტყვა რომ გცოდნოდა, დღეს შენ ამ დღეში არ იქნებოდი. მოდი, შემოგვიერთდი შესწავლაში“. მიგელის გასაკვირად, ესმერალდო შესწავლას ბოლომდე დაესწრო. მოსმენილი იმდენად შეეხო მის გულს, რომ მიგელის წინაშე გულწრფელად აღიარა, რომ მან მოკლა მისი შვილიშვილი და პატიება სთხოვა.
უხუცესმა ვერ მოისმინა მათი საუბარი. მაგრამ როცა დაინახა, რომ მათ საერთო ენა გამონახეს, მიგელს სთხოვა, ესმერალდოსთან შესწავლა დაეწყო. თავიდან მიგელს ცოტა შეეშინდა, რადგან იცოდა, რომ მისი შვილიშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც ამ კაცს ჰყავდა მოკლული, მაგრამ მაინც დათანხმდა. ესმერალდოს დიდი ბრძოლა დასჭირდა, რომ ღვთის ნორმების თანახმად ეცხოვრა. მისი მოთმინება დაჯილდოვდა და 2010 წლის 1 თებერვალს, იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა. მიგელმა ესმერალდოს აპატია დანაშაული და ახლა ცდილობს, რომ ის ციხიდან ვადაზე ადრე გამოიყვანოს, რათა მან უფრო სრულად შეძლოს ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის მიღება.
ევროპა
ქვეყნები 47
მოსახლეობა 739 193 855
მაუწყებლები 1 575 094
ბიბლიის შესწავლები 830 888
მას ორივე ოცნება აუხდა. ბულგარეთში მცხოვრებ 19 წლის ნელენას ორი ოცნება ჰქონდა — მონათვლა და დამხმარე პიონერად მსახურება. მას მემკვიდრეობითი სენსორულ-მოტორული ნევროპათია აქვს, რომელიც დღესდღეობით არ იკურნება. ის აპარატის მეშვეობით სუნთქავს, რაც მას ხელს უშლის სახლიდან გასვლაში. მისი მონათვლა ანუ პირველი ოცნების ახდენა არც ისე ადვილი იყო, რადგან თავისი მდგომარეობის გამო კონგრესზე წასვლა არ შეეძლო. ამიტომ ნათლობისთვის განკუთვნილი მოხსენება მას სახლში წაუკითხეს და აბაზანაში მონათლეს 18 წლის ასაკში.
მაგრამ, როგორ შეძლებდა დამხმარე პიონერად მსახურებას? წელიწადის იმ დროს, როცა კარგი ამინდებია, მას ზოგჯერ დაახლოებით ერთი საათი შეუძლია აპარატის გარეშე სუნთქვა. დამხმარე პიონერად ის სწორედ ამ დროს მსახურობს. ერთ-ერთ მაუწყებელს ნელენა ინვალიდის სავარძლით კარდაკარ მსახურებაში მიჰყავს. ის ინტერნეტით ბიბლიის შესწავლასაც ატარებს. ზოგჯერ დები თავიანთ ბიბლიის შესწავლებს ნელენას სახლში ატარებენ, რომ მანაც მიიღოს მონაწილეობა. ამ ყველაფრის წყალობით გასულ წელს ნელენამ სამჯერ შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება. ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ორივე ოცნება ამიხდა. ამან უფრო დამაახლოვა ჩემს მოსიყვარულე შემოქმედთან, იეჰოვასთან“.
ახლა ის ჰალსტუხს ატარებს. სომხეთში ერთ დას სამსახურში რწმენის გამო დასცინოდნენ. ერთი თანამშრომელი მას გამუდმებით მასხრად იგდებდა და ეუბნებოდა, რომ ის „ჰალსტუხიანმა ხალხმა“ ჩაითრია თავიანთ რელიგიაში. როცა და მიხვდა, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია მისი დამამცირებელი სიტყვებისთვის და იესო ქრისტეს მსგავსად არაფერი ეპასუხა (მათ. 27:12). გარკვეული დროის შემდეგ ეს კაცი ცუდი ყოფაქცევისა და ჩვენი დის შეურაცხყოფისთვის სამსახურიდან დაითხოვეს. გავიდა დრო. ერთხელ ჩვენს დას სამსახურში ერთმა კაცმა მიაკითხა. ეს ის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელიც მას პრობლემებს უქმნიდა. მისმა ჩაცმულობამ და ძალიან გააოცა. მიუხედავად იმისა, რომ ის მოწმეებს ჰალსტუხის გამო მასხრად იგდებდა, ახლა თავად ეკეთა ჰალსტუხი და ხელში ჩანთა ეჭირა. „მაპატიე, რომ დაგცინოდი და გულს გტკენდი, — უთხრა მან დას. — ახლა ვიცი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე“. აღმოჩნდა, რომ მას ბიბლიის შესწავლა დაეწყო იეჰოვას მოწმეებთან, ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მონათლულიყო და პიონერადაც კი მსახურობდა.
„იცნობთ ქალბატონ ნადიას?“ ნადია პიონერად მსახურობს ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ კრებაში. 2009 წელს, სექტემბერში ის „დამაფონით“ ესაუბრა ერთ მამაკაცს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მასთან საუბარი არ სურდა. მომდევნო კვირას ნადია კვლავ დაბრუნდა იმავე უბანზე, რათა ამ კაცისთვის მიესამძიმრებინა და აღდგომის იმედი გაეზიარებინა. მაგრამ მან ამჯერადაც არ მოუსმინა. იმავე დღეს კრების შეხვედრაზე განხილულ „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში მოყვანილი იყო ერთი დის შემთხვევა, რომელმაც წერილი მისწერა ერთ მამაკაცს, რომელსაც ახლობელი ჰყავდა დაღუპული. ამან აღძრა ნადია იმ კაცისთვის, რომელსაც „დამაფონით“ ელაპარაკა, სამძიმრის წერილი მიეწერა და აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი გაეზიარებინა. ორი დღის შემდეგ მან ამ კაცს წერილი საფოსტო ყუთში დაუტოვა.
რამდენიმე დღის შემდეგ ქუჩაში ქადაგებისას ნადიამ 70 წელს გადაცილებული კაცი გააჩერა, რათა მისთვის ბიბლიური მუხლი წაეკითხა. კაცმა მას ჰკითხა, იეჰოვას მოწმე ხომ არ იყო. როცა დადებითი პასუხი მიიღო, მან ნადიას უთხრა, რომ ერთმა იეჰოვას მოწმემ მას საფოსტო ყუთში გულთბილი წერილი დაუტოვა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. შემდეგ მამაკაცმა მას ჰკითხა: „იცნობთ, ქალბატონ ნადიას?“. კაცს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ წერილის ავტორს ელაპარაკებოდა. ამ შეხვედრამ ნადიაც გააოცა. ნადია მას დაჰპირდა, რომ ქმართან ერთად ესტუმრებოდა. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და კრების შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრება.
ისინი ბიბლიის შესწავლების ჩატარებას ვერ აუდიან. სამხრეთ სერბიის ქალაქ ბუიანოვასში ოთხი მონათლული მოწმე ცხოვრობს. ამ მაუწყებელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 2010 წელს, გახსენების საღამოს 460 კაცი დაესწრო. მეზობელი კრების უხუცესებმა ბუიანოვასში შენობა იქირავეს კრების შეხვედრების ჩასატარებლად. კრებებს საშუალოდ 50 კაცი ესწრება, რომელთაგან უმეტესობა ბოშაა. სამეფოს ცნობისადმი ასეთი დიდი ინტერესის გამო, იმ ტერიტორიაზე სპეციალური პიონერები დანიშნეს, მაგრამ ისინიც ვერ ახერხებენ ყველა დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებას. ამიტომ ისინი მხოლოდ მათ უტარებენ შესწავლას, ვინც კრების შეხვედრებზე კარგად მომზადებული მიდის.
საუკუნეს გადაცილებული. შვედეთში ყველაზე ასაკოვანი მაუწყებელი 110 წლისაა. ამ ქალბატონს ელინი ჰქვია და უკვე იესო ნავეს ძის ასაკს მიაღწია (იეს. 24:29). ის მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს და ყოველთვის ცდილობს, რომ ყველა შემხვედრს გამოელაპარაკოს. ქადაგების დროს ის ბევრ წიგნს ავრცელებს. მოხუცებულთა სახლთან ახლოს კარდაკარ ქადაგებისას ერთი უხუცესი თავის ქალიშვილთან ერთად შეხვდა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც უთხრა, რომ მას ელინმა უქადაგა და წიგნიც დაუტოვა. მათ შორის სასიამოვნო საუბარი წარიმართა.a
მან წიგნები ეკლესიაში იპოვა. ბელორუსიაში მცხოვრები ტატიანა ერთხელ ძალიან გააკვირვა უცნობი გოგონას სატელეფონო ზარმა. მას სურდა, თავის კითხვებზე ბიბლიიდან მიეღო პასუხები. მათ შორის საინტერესო საუბარი გაიმართა. საიდან იცოდა მან ტატიანას ნომერი? გოგონამ ტატიანას აუხსნა, რომ ეკლესიაში, სკამის ქვეშ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ იპოვა და მისი ნომერი სწორედ ამ წიგნებზე ეწერა. როგორ მოხვდა წიგნები ეკლესიაში? როგორც ჩანს, ისინი იქ ტატიანას ბიბლიის შემსწავლელის დედას მიეტანა, რათა მღვდლისთვის ეკითხა, შეიძლებოდა თუ არა, მის შვილს ეს წიგნები წაეკითხა. საბოლოოდ, რატომღაც წიგნები სკამის ქვეშ აღმოჩნდა. სწორედ იქ იპოვა გოგონამ წიგნები და გადაწყვიტა, სახლში წაეღო. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ მათ კიდევ ისაუბრეს ბიბლიურ თემებზე.
პალტომ დას ქადაგების შესაძლებლობა მისცა. მინსკში (ბელორუსია) სპეციალურმა პიონერმა, ელენამ, ქუჩაში ძირს დაგდებული ძვირფასი პალტო დაინახა. პალტო გადაგდებულს არ ჰგავდა, რადგან სუფთა იყო. მის ჯიბეში დამ 1 200 აშშ დოლარი იპოვა. მან აქეთ-იქით მიმოიხედა და მალევე მიხვდა, ვის შეიძლებოდა დაეკარგა პალტო. დაინახა კაცი, რომელიც გამწარებით რაღაცას ეძებდა. ელენა გაეკიდა, რომ დასწეოდა. ეს კაცი მოსკოვში მცხოვრები ბანგლადეშელი ბიზნესმენი აღმოჩნდა. მას გაუხარდა, როცა პალტო და ფული დაუბრუნეს. ბიზნესმენს დააინტერესდა, რატომ ირბინა მან ამდენი და რატომ დაუბრუნა პალტო. დამ აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. ბიზნესმენმა მას უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ ორ იეჰოვას მოწმეს შეხვდა და თავისი რწმენის დასაცავად ნახევარი საათი ეკამათა. შემდეგ დას ჰკითხა, რით გადაეხადა მისთვის მადლობა. ელენამ უთხრა, რომ არანაირ საზღაურს არ ითხოვდა, მაგრამ თუ მოსკოვში დაბრუნებისთანავე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, მადლიერებას ყველაზე უკეთ ამით გამოხატავდა. ბიზნესმენი დაჰპირდა, რომ ასე მოიქცეოდა.
ოკეანეთი
ქვეყნები 30
მოსახლეობა 39 384 408
მაუწყებელი 101 483
ბიბლიის შესწავლები 62 367
მსახურება მეტყველების დეფექტის მიუხედავად. 23 წლის ძმა ჰამიშს, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, მეტყველების სერიოზული დეფექტი აქვს. მას სიტყვები ხან ერთმანეთში ერევა, ხან გაურკვევლად წარმოთქვამს, ხან კი საერთოდ ვერ წარმოთქვამს. ასეთმა მდგომარეობამ მას ვერც აუდიტორიის წინაშე გამოსვლის სურვილი დააკარგვინა და ვერც ქადაგების. მაგალითად, სამეფო დარბაზში მოხსენება რომ წაიკითხოს, ჰამიში ტექსტს წინასწარ ბეჭდავს პორტატიულ ელექტრომოწყობილობაში, რომელიც ტექსტს ახმოვანებს. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას ამ ელექტრომოწყობილობას კათედრაზე დებს და კლავიატურის მეშვეობით ტექსტის იმ ნაწილს ნიშნავს, რომლის გახმოვანებაც სურს. მიკროფონისა და ხმის გამაძლიერებელი სისტემის მეშვეობით ეს სინთეზური საუბარი დარბაზში ისმის. როცა ჰამიშს კრების შეხვედრაზე ისეთი დავალება აქვს, რომელშიც აუდიტორიაც იღებს მონაწილეობას, ის კითხვებს ბეჭდავს ელექტრომოწყობილობაში და და-ძმებს მადლობასაც ამგვარად უხდის. მსახურების დროს ის წინასწარ წერს შეთავაზებებსა და ბიბლიურ მუხლებს. საჭიროების შემთხვევაში კი იქვე სწრაფად ბეჭდავს. მას ბევრი ნაყოფიერი განმეორებითი მონახულება აქვს. 2007 წელს ჰამიში მომსახურედ დაინიშნა და მას შემდეგ წელიწადში რამდენიმე თვე დამხმარე პიონერად მსახურობს.
გაფუჭებული პრინტერი. კომპიუტერების შემკეთებელ დეივიდს, რომელიც ახალ კალედონიაში ცხოვრობს, ერთმა ქალმა დაურეკა. მას პრინტერი ჰქონდა გაფუჭებული. დეივიდმა ის მალევე შეაკეთა, თუმცა ის ცოტა გააკვირვა ერთი ამობეჭდილი ფურცლის დანახვამ, რომელზეც ეწერა: „ზარი არ დარეკოთ! იესო ჩვენთანაა. ჩვენ სხვა რელიგია არ გვჭირდება!“.
დეივიდმა დიასახლისს უთხრა: „როცა პრინტერს ვაკეთებდი, ფურცელზე წარწერა შევნიშნე. შეიძლება გკითხოთ, რატომ დაწერეთ ეს?
— იეჰოვას მოწმეებმა თავი მოგვაბეზრეს, ყოველ შაბათ-კვირას მოდიან, უკვე დავიღალეთ მათი დანახვით. ვერც ერთი იეჰოვას მოწმე ამ კარში ვერ შემოვა! — უპასუხა ქალმა.
— იცით, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენ უკვე სახლში დაპატიჟეთ? — ჰკითხა დეივიდმა.
— შეუძლებელია! ეს არასოდეს მოხდება! — თქვა ქალმა.
— მე იეჰოვას მოწმე ვარ და აქ თქვენი ნებით მოვედი, — უთხრა დეივიდმა. ქალს გაუკვირდა და ცოტა შერცხვა კიდეც. დეივიდმა მას თავაზიანად აუხსნა, რატომ აკითხავენ იეჰოვას მოწმეები ხალხს სახლში. მათ ორი საათი ისაუბრეს. რამდენიმე დღის შემდეგ დეივიდმა კვლავ მოინახულა ის ქალი და მისი მეუღლე. როგორც მათ თქვეს, ბევრი იფიქრეს მომხდარზე და მიხვდნენ, რომ დეივიდი მათთან ღმერთმა მიიყვანა. ამიტომ მას უარს ვერ ეტყოდნენ სახლში შეპატიჟებაზე. ახლა ის ცოლ-ქმარი რეგულარულად იღებს ჩვენს ჟურნალებს.
ტრაქტატებით შეიარაღებული. 12 წლის ნათანს, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, სკოლაში ყოველთვის ჩანთით დააქვს ბიბლიური ტრაქტატები და თავის ამხანაგებთან ქადაგებს. ერთხელ, სკოლიდან დაბრუნებისას, მან დაინახა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც თავისი სახლის წინ, ეზოში იდგა. ქალმა მას გაუღიმა, საპასუხოდ ნათანმაც გაუღიმა და ტრაქტატი მიაწოდა. ქალმა უთხრა, რომ ქმარი სამი წლის დაღუპული ჰყავდა. ამის გაგონებაზე ნათანმა ჩანთიდან ამოიღო ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“. ქალს თვალები ცრემლებით აევსო, როცა ნათანი მკვდრეთით აღდგომაზე ელაპარაკა და უთხრა, რომ კვლავ იხილავდა თავის მეუღლეს სამოთხეში. „კი მაგრამ, როდის მოეღება ჩვენს ტანჯვას ბოლო?“ — იკითხა ქალმა. ამჯერად ნათანმა მას მისცა ტრაქტატი „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაჰბარდება!“. შემდეგ ქალმა ნათანს ჰკითხა, კიდევ რა სწამდა. ნათანმა მას მისცა ტრაქტატი „რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?“. ბოლოს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ ნათანმა კვლავ შენიშნა ის ქალი ეზოში. მან ბიჭს დაუძახა, გულში ჩაიკრა და უთხრა: „იცი ნათან, მას მერე, რაც ტრაქტატები მომეცი, სახლში ორი მოწმე მეწვია. დღეს ის ქალბატონები ბიბლიას მასწავლიან.“
მათ მხოლოდ ერთი მოსაწვევი ჰქონდათ. მაიკლმა სოლომონის კუნძულებზე ფილიალის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, ექადაგა თავის მშობლიურ კუნძულ მბანიკაზე, სადაც მისი ძმები ცხოვრობდნენ. მაშინ იქ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ იყო. ამ კუნძულზე არც გემი დადის რეგულარულად და არც ფოსტა მუშაობს. გარესამყაროსთან დასაკავშირებლად იქ მხოლოდ ერთი ტელეფონია.
მაიკლი კუნძულ მბანიკაზე ახალგაზრდა პიონერთან, ჰანსლისთან, ერთად ჩავიდა. ჩასვლისთანავე მათ პალმის ტოტებისგან პატარა სამეფო დარბაზის მშენებლობა დაიწყეს, რათა იქ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ხალხი მიეწვიათ. მათ მხოლოდ ერთი მოსაწვევი ჰქონდათ, ამიტომ ძმები ხალხს უბრალოდ აჩვენებდნენ მოსაწვევს და უხსნიდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გახსენების საღამო.
გახსენების საღამოს წინა დღეს, ძმებმა ორი საათი იმგზავრეს ნავით, რათა კუნძულის მეორე ნაპირზე მცხოვრები ოჯახი დაეპატიჟებინათ. სახლში მათ მხოლოდ ბავშვები დახვდნენ. მაიკლმა გადაწყვიტა, ის ერთადერთი მოსაწვევი მათთვის დაეტოვებინა. მოსაწვევი უფროს ქალიშვილს მისცა და სთხოვა, რომ მამამისისთვის გადაეცა.
მომდევნო დღეს, შუადღისას, როცა მაიკლი და ჰანსლი გახსენების საღამოსთვის ემზადებოდნენ, დაინახეს, რომ ის ოჯახი მათკენ კანოეთი მიცურავდა. როგორც აღმოჩნდა, ოჯახის უფროსმა მოსაწვევი წაიკითხა და დაასკვნა, რომ გახსენების საღამოს აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ მან მთელი ოჯახი თან წამოიყვანა. გახსენების საღამოს 52 კაცი დაესწრო. მაიკლი და ჰანსლი იმ კუნძულზე დღესაც ქადაგებენ და ბიბლიის შესწავლებს უტარებენ მათ, ვინც გახსენების საღამოზე მივიდა.
[სქოლიო]
a ელინი ამ წელიწდეულის მომზადების პერიოდში გარდაიცვალა.
[ცხრილი 40-47 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 2010 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში
(იხილეთ პუბლიკაცია)
[რუკები 48-50 გვერდებზე]
(იხილეთ პუბლიკაცია)