ᲗᲐᲕᲘ 23
„ჯერ მან შეგვიყვარა“
1—3. რა ადასტურებს, რომ იესოს სიკვდილი სრულიად განსხვავდებოდა ნებისმიერი ადამიანის სიკვდილისგან?
ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲘᲗ 2 000 წლის წინათ, გაზაფხულზე, უდანაშაულო კაცი გაასამართლეს და იმ დანაშაულში დასდეს მსჯავრი, რომელიც არასოდეს ჩაუდენია. ბოლოს კი წამებით მოკლეს. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ულმობელი და უსამართლო სასჯელი არც პირველი ყოფილა და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი. მაგრამ ამ კაცის სიკვდილი სრულიად განსხვავდებოდა ყველა სხვა ადამიანის სიკვდილისგან.
2 სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, როდესაც მამაკაცი აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა, ისეთი მოვლენები განვითარდა, რაც ამტკიცებდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შუადღე იყო, მოულოდნელად იქაურობა სიბნელემ მოიცვა. როგორც ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი აღწერს: „მზე დაბნელდა“ (ლუკა 23:44, 45). შემდეგ კი მომაკვდავმა უკანასკნელი ამოსუნთქვისას დაუვიწყარი რამ თქვა: „აღსრულდა!“. მართლაც, მისი სიცოცხლის დასრულებით, რაღაც საოცარი აღსრულდა. მის მიერ გაღებული მსხვერპლი კაცობრიობის ისტორიაში სიყვარულის ყველაზე უდიდესი გამოვლინება იყო (იოანე 15:13; 19:30).
3 ცხადია, ეს მამაკაცი იესო ქრისტე იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის პირქუშ დღეს, იესო ეწამა და მოკვდა. მაგრამ ადამიანები ხშირად უარყოფენ ამ მნიშვნელოვან ფაქტებს. მიუხედავად იმისა, რომ იესო სასტიკად ეწამა, იმ დროს სხვა უფრო მეტად იტანჯებოდა. ფაქტობრივად, იმ დღეს სხვამ უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო, რაც სამყაროში სიყვარულის უდიდესი გამოვლინება იყო. მსგავსი არავის არაფერი სმენია და არც უნახავს. რას ვგულისხმობთ ამაში? ამ კითხვაზე პასუხი შესანიშნავი შესავალია ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, იეჰოვას სიყვარულზე სასაუბროდ.
სიყვარულის უდიდესი გამოვლინება
4. როგორ მიხვდა რომაელი ჯარისკაცი, რომ იესო ჩვეულებრივი ადამიანი არ ყოფილა და რა დაასკვნა მან?
4 რომაელი ასისთავი, რომელიც იესოს სიკვდილით დასჯას ხელმძღვანელობდა, შეძრა სიბნელემ და ძლიერმა მიწისძვრამ. „მართლა ღვთის ძე ყოფილაო“, — თქვა მან (მათე 27:54). ცხადია, იესო ჩვეულებრივი ადამიანი არ ყოფილა. ასისთავი უზენაესი ღვთის მხოლოდშობილი ძის სიკვდილით დასჯას ხელმძღვანელობდა! რამდენად ძვირფასი იყო ღვთის ძე მამისთვის?
5. როგორ აღწერდით იეჰოვასა და მისი ძის ზეცაში ერთად ყოფნის ხანგრძლივ პერიოდს?
5 ბიბლია იესოს უწოდებს „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილს“ (კოლოსელები 1:15). წარმოიდგინე, იეჰოვას ძე ჯერ კიდევ მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა. რამდენ ხანს იყვნენ მამა-შვილი ერთად? ზოგი მეცნიერის ვარაუდით, სამყარო 13 მილიარდი წლისაა. შეგიძლია დროის ამ ხანგრძლივობის წარმოდგენა? მეცნიერების მიერ ნავარაუდევი თარიღი ადვილად წარმოსადგენი რომ იყოს, ერთ პლანეტარიუმში წარმოდგენილია 110 მ სიგრძის დროის დიაგრამა. როდესაც დამთვალიერებლები დროის დიაგრამის გასწვრივ მოძრაობენ, მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სამყაროს არსებობის დაახლოებით 75 მილიონ წელს შეესაბამება. დროის დიაგრამის ბოლოში მთელი კაცობრიობის ისტორია დაახლოებით ადამიანის თმის ერთი ღერის სიმსხო ხაზითაა წარმოდგენილი. ეს ვარაუდი სწორიც რომ იყოს, დროის მთელი დიაგრამა მაინც საკმარისად ვერ წარმოგვიდგენდა იეჰოვას ძის სიცოცხლის ხანგრძლივობას! რას აკეთებდა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში?
6. ა) რა საქმით იყო დაკავებული იეჰოვას ძე განკაცებამდე? ბ) რა მტკიცე კავშირი არსებობს იეჰოვასა და ძეს შორის?
6 ძე სიხარულით ემსახურებოდა მამას, „როგორც ოსტატი“ (იგავები 8:30). ბიბლია ამბობს: „მის გარეშე არაფერი შექმნილა“ (იოანე 1:3). ესე იგი, იეჰოვა და ძე ერთად ქმნიდნენ მთელ სამყაროს. რა საინტერესო და ბედნიერი დრო იქნებოდა! ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ მშობელსა და შვილს შორის არსებული სიყვარული საოცრად ძლიერია, ამასთანავე სიყვარული „სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). ამიტომ, რომელ ჩვენგანს შეუძლია ჩასწვდეს ისეთი კავშირის სიმტკიცეს, რომელსაც უთვალავი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი? ნათელია, რომ იეჰოვა და მისი ძე სიყვარულის უძლიერესი კავშირით არიან შეკრული.
7. იესოს ნათლობისას როგორ გამოხატა იეჰოვამ თავისი გრძნობები ძისადმი?
7 მიუხედავად ამისა, მამამ თავისი ძე დედამიწაზე გამოგზავნა, რათა ადამიანად დაბადებულიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გარკვეული ხანი იეჰოვას თავის საყვარელ შვილთან განშორება მოუწევდა. იეჰოვა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ზეციდან, როგორ ყალიბდებოდა ზრდასრულ ადამიანად მისი სრულყოფილი ძე. დაახლოებით 30 წლის ასაკში იესო მოინათლა. ადვილი წარმოსადგენია, რას გრძნობდა ამ დროს იეჰოვა. მამამ პირადად განაცხადა ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე!“ (მათე 3:17). მამა ნამდვილად კმაყოფილი და გახარებული იქნებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ ერთგულად ასრულებდა იესო მის შესახებ დაწერილ ყველა წინასწარმეტყველებას, ყველაფერს, რაც კი მოეთხოვებოდა! (იოანე 5:36; 17:4).
8, 9. ა) როგორ აწამეს იესო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს და როგორ იმოქმედა ამან მის ზეციერ მამაზე? ბ) რატომ დაუშვა იეჰოვამ თავისი ძის წამება და სიკვდილი?
8 წარმოგიდგენია, როგორი გრძნობა დაეუფლებოდა იეჰოვას ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს? რას იგრძნობდა იესოს გაცემისას, ან იმ ღამით, როდესაც ბრბომ ის შეიპყრო? როცა მეგობრებმა მიატოვეს ან როცა უკანონოდ დასდეს მსჯავრი? ან მაშინ, როდესაც დასცინოდნენ, აფურთხებდნენ, მუშტებსა და შოლტს ურტყამდნენ და ზურგი ეფლითებოდა? როდესაც ხის ძელზე გააკრეს, ფეხებითა და ხელებით მიალურსმეს და თან დასცინოდნენ? რა მდგომარეობაში იქნებოდა მამა, როდესაც მისი საყვარელი შვილი ძლიერი ტკივილებისგან იტანჯებოდა და მას შეღაღადებდა? რას იგრძნობდა იეჰოვა, როდესაც იესოს უკანასკნელი სიტყვა აღმოხდა და, სამყაროს გაჩენის დღიდან პირველად, მისმა ძვირფასმა ძემ არსებობა შეწყვიტა? (მათე 26:14—16, 46, 47, 56, 59, 67; 27:38—44, 46; იოანე 19:1).
9 რა გამაოგნებელია! შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რომელიც იეჰოვამ თავისი ძის სიკვდილით განიცადა. მაგრამ, შესაძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ პირადად გამოეცადა ასეთი მტკივნეული გრძნობები. იოანეს 3:16-ში იეჰოვა საოცარ ინფორმაციას გვიმხელს. ეს ბიბლიური მუხლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას „მინიატურული სახარებაც“ კი უწოდეს. მასში ნათქვამია: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. ასე რომ, მიზეზი შეიძლება ერთი სიტყვით შეგვეჯამებინა: სიყვარული. იეჰოვას ძღვენი — თავისი ძის დედამიწაზე გამოგზავნა, რათა წამებულიყო და ჩვენთვის მომკვდარიყო — სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა.
„ღმერთმა . . . თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“.
რას ნიშნავს ღვთის სიყვარული?
10. რის მოთხოვნილება აქვთ ადამიანებს და რას იტყოდით სიტყვა „სიყვარულის“ მნიშვნელობაზე?
10 რას ნიშნავს სიტყვა „სიყვარული“? სიყვარულს განსაზღვრავენ ხოლმე, როგორც ადამიანის უდიდეს მოთხოვნილებას. ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე სიყვარულისკენ აქვს ლტოლვა, სითბო სწყურია, სიყვარულისთვის ყველაფერს გაიღებს და უსიყვარულოდ შეიძლება მოკვდეს კიდეც. და მაინც, სიყვარულის განმარტება საოცრად რთული საქმეა. ცხადია, ადამიანები ბევრს საუბრობენ სიყვარულზე. ამ თემაზე უამრავი წიგნი, სიმღერა და ლექსი იწერება. მაგრამ, ისინი ვერ გვიქმნიან სიყვარულზე სწორ წარმოდგენას. ფაქტობრივად, ამ სიტყვას იმდენად ხშირად იყენებენ, რომ, როგორც ჩანს, მისი ნამდვილი მნიშვნელობა უფრო მეტად გაეხვა ბურუსში.
11, 12. ა) სად შეგვიძლია ყველაზე მეტი ინფორმაციის მიღება სიყვარულის შესახებ და რატომ? ბ) რა და რა სახის სიყვარული განიმარტებოდა ძველ ბერძნულ ენაში სხვადასხვა სიტყვით და რომელი სიტყვაა ყველაზე ხშირად გამოყენებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში? (იხილე სქოლიო). გ) ძირითადად, რა მნიშვნელობას ატარებს ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა აგაპე?
11 მაგრამ ბიბლია ამ საკითხზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ განმარტავს: „ნამდვილი სიყვარული საქმეებში ვლინდება“. იეჰოვას საქმეების შესახებ არსებული ბიბლიური ჩანაწერები მის უდიდეს სიყვარულსა და სიკეთეზე მეტყველებს. მაგალითად, ამ თვისებაზე ნათელ წარმოდგენას სხვა რა შეგვიქმნიდა, თუ არა იეჰოვას სიყვარულის ის უდიდესი გამოვლინება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ? მომდევნო თავებში იეჰოვას სიყვარულის ბევრ სხვა მაგალითს განვიხილავთ. გარდა ამისა, უფრო ღრმადაც გამოვიკვლევთ დედნისეულ ენაზე ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „სიყვარულის“ მნიშვნელობას. ძველ ბერძნულ ენაში „სიყვარულის“ განმსაზღვრელი ოთხი სიტყვა არსებობდა.a მათგან ყველაზე ხშირად ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებულია სიტყვა აგაპე. ერთი ბიბლიური ლექსიკონი მას „სიყვარულის გამოსახატავ ყველაზე ძლიერ სიტყვას“ უწოდებს. რატომ?
12 ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა აგაპე, ძირითადად, იმ სახის სიყვარულია, რომელსაც პრინციპები მართავს. ასეთი სიყვარული პირად გრძნობებსა და ემოციებზე არ არის დაფუძნებული. ის ბევრად მეტს მოიაზრებს — გააზრებულ და მიზანმიმართულ მოქმედებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქრისტიანულ სიყვარულს ეგოიზმთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ იოანე 3:16-ს. რა არის ქვეყნიერება, რომელიც ისე შეიყვარა ღმერთმა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა? მასში კაცობრიობა იგულისხმება, რომელსაც გამოსყიდვა ესაჭიროებოდა. ის მოიცავს უამრავ ცოდვილ ადამიანს. ნუთუ იეჰოვას ისე უყვარს თითოეული ადამიანი, როგორც თავისი მეგობარი, ერთგული აბრაამი უყვარდა? (იაკობი 2:23). არა, მაგრამ იეჰოვა სიყვარულით ავლენს სიკეთეს თითოეული ჩვენგანის მიმართ, თუნდაც ეს დიდ ფასად დაუჯდეს. მისი სურვილია, ყველამ მოინანიოს და ცხოვრების წესი შეიცვალოს (2 პეტრე 3:9). ბევრი ასეც იქცევა. ასეთებს სიხარულით იღებს თავის მეგობრებად.
13, 14. რა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანული სიყვარული ხშირად თბილ გრძნობებს მოიცავს?
13 მიუხედავად ამისა, ზოგს არასწორი შეხედულება აქვს იმაზე, თუ რა იგულისხმება ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვაში აგაპე. მათი აზრით, აგაპე გონებით მართული, თბილ გრძნობებს მოკლებული სიყვარულია. მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანული სიყვარული ხშირად თბილ გრძნობებს მოიცავს. მაგალითად, როდესაც იოანემ დაწერა: „მამას უყვარს ძე“, სიტყვა აგაპეს ერთ-ერთი ფორმა გამოიყენა. იყო ეს სიყვარული თბილ გრძნობებს მოკლებული? ყურადღება მიაქციე, როდესაც მოგვიანებით იესომ თქვა, რომ „მამას უყვარს ძე“, მან სიტყვა ფილია გამოიყენა (იოანე 3:35; 5:20). იეჰოვას სიყვარული ხშირად სათუთ გრძნობებს მოიცავს. მაგრამ მის სიყვარულს მხოლოდ გრძნობები არ მართავს. ის ყოველთვის თავისი ბრძნული და სამართლიანი პრინციპების მიხედვით მოქმედებს.
14 როგორც დავინახეთ, იეჰოვას ყველა თვისება წუნდაუდებელი, სრულყოფილი და მიმზიდველია. მაგრამ მათგან სიყვარული ყველაზე ძლიერ გვიზიდავს იეჰოვასკენ. საბედნიეროდ, სიყვარული მისი ძირითადი თვისებაა. საიდან შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება?
„ღმერთი სიყვარულია“
15. რას ამბობს ბიბლია იეჰოვას თვისებაზე — სიყვარულზე და რა მხრივ არის ეს სიტყვები შეუდარებელი? (იხილე სქოლიო).
15 ბიბლია სიყვარულის შესახებ ამბობს იმას, რასაც არასოდეს ამბობს მის სხვა თვისებებზე. ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთი ძალა, სამართლიანობა ან თუნდაც სიბრძნეა. ის ფლობს ამ თვისებებს. ის არის ამ თვისებების ძირითადი წყარო და მათ გამოვლენაში ბადალი არ მოეძებნება. მაგრამ მეოთხე თვისების შესახებ განსაკუთრებული სიტყვებია ნათქვამი: „ღმერთი სიყვარულია“b (1 იოანე 4:8). რას ნიშნავს ეს?
16—18. ა) რატომ ამბობს ბიბლია, რომ „ღმერთი სიყვარულია“? ბ) დედამიწაზე არსებული ყველა ქმნილებიდან, რატომ არის ადამიანი იეჰოვას სიყვარულის ყველაზე შესაფერისი სიმბოლო?
16 „ღმერთი სიყვარულია“. ეს უბრალო მათემატიკურ განტოლებად არ უნდა აღვიქვათ, რომ თითქოს: „ღმერთი უდრის სიყვარულს“. არც ამ სიტყვების პირიქით თქმა შეიძლება, რომ გვეთქვა: „სიყვარული არის ღმერთი“. იეჰოვა აბსტრაქტულ თვისებაზე ბევრად მეტია. ის არის პიროვნება, რომელსაც სიყვარულის გარდა მრავალი სხვა თვისება და გრძნობა აქვს. და მაინც, სიყვარული იეჰოვას უმთავრესი თვისებაა. ერთი ცნობარი ამ მუხლთან დაკავშირებით ამბობს: „სიყვარული ღვთის უმთავრესი შინაგანი ძალაა, მისი ბუნებაა“. მოდი ვიმსჯელოთ: იეჰოვა თავისი ძალით მოქმედებს. სამართლიანობითა და სიბრძნით წარმართავს იგი საქმეებს. მაგრამ სიყვარული იეჰოვას მოქმედებისკენ აღძრავს. და მის სხვა თვისებებს ყოველთვის თან ახლავს სიყვარული.
17 ხშირად ამბობენ, რომ იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა. აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, უფრო მეტი გავიგოთ პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარულის, „აგაპეს“, შესახებ, იეჰოვა უნდა გავიცნოთ. ცხადია, ეს შესანიშნავი თვისება ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ. რატომ? შემოქმედებისას იეჰოვამ, როგორც ჩანს, თავის ძეს უთხრა ასეთი სიტყვები: „შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად, ჩვენ მსგავსებად“ (დაბადება 1:26). მთელ დედამიწაზე არსებული უამრავი ცოცხალი არსებიდან, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ შეგნებულად უყვარდეთ და ამით თავიანთ ზეციერ მამას ჰბაძავდნენ. გაიხსენე, რომ იეჰოვამ სხვადასხვა ქმნილებები გამოიყენა თავისი ძირითადი თვისებების სიმბოლოდ. უმთავრესი თვისების, სიყვარულის, სიმბოლოდ მან თავისი შემოქმედების გვირგვინი, ადამიანი აირჩია (ეზეკიელი 1:10).
18 როდესაც ეგოისტური მიზნების გარეშე, პრინციპებიდან გამომდინარე, გვიყვარს, იეჰოვას უმთავრეს თვისებას ვირეკლავთ. სწორედ ამაზე წერდა მოციქული იოანე: „ჩვენ გვიყვარს, რადგან ჯერ მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19). რა გაგებით შეგვიყვარა ჯერ იეჰოვამ?
იეჰოვამ ინიციატივა გამოიჩინა
19. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული უმთავრესი იყო იეჰოვას შემოქმედებაში?
19 სიყვარულის ცნება ახალი არ არის. ბოლოს და ბოლოს, რამ აღძრა იეჰოვა შემოქმედებისკენ? ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა მარტო იყო და ვინმესთან ურთიერთობა სჭირდებოდა. იეჰოვა არავისგან არაფერს საჭიროებს, მაგრამ სიყვარულმა, აღმძვრელმა ძალამ, უბიძგა სიცოცხლის სიხარული გონიერი ქმნილებებისთვის გაეზიარებინა, რომლებიც შეძლებდნენ დაეფასებინათ ასეთი ძღვენი. „ღვთის ქმნილებათაგან პირველი“ მისი მხოლოდშობილი ძე იყო (გამოცხადება 3:14). შემდეგ იეჰოვამ ეს ოსტატი სხვა ქმნილებების შესაქმნელად გამოიყენა და პირველად ანგელოზები შექმნეს (იობი 38:4, 7; კოლოსელები 1:16). ამ ძლიერ სულიერ ქმნილებებს, რომლებიც ღმერთმა თავისუფლებით, ინტელექტითა და გრძნობებით დააჯილდოვა, შესაძლებლობა მიეცათ, სიყვარული ჰქონოდათ ერთმანეთს შორის, განსაკუთრებით კი იეჰოვა ღმერთის მიმართ (2 კორინთელები 3:17). ანგელოზებმა შეიყვარეს იეჰოვა, რადგან ჯერ მან შეიყვარა ისინი.
20, 21. რაში ხედავდნენ ადამი და ევა, რომ იეჰოვას უყვარდა ისინი, მაგრამ როგორ უპასუხეს ამ სიყვარულს?
20 ასევე იყო ადამიანების შექმნასთან დაკავშირებითაც. ადამი და ევა დასაწყისიდანვე სიყვარულით იყვნენ გარემოცულნი. ედემის ბაღში, სამოთხეში, საითაც უნდა გაეხედათ, ყველგან დაინახავდნენ, თუ როგორ უყვარდა მამას ისინი. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია: „გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა თავისი შექმნილი ადამიანი“ (დაბადება 2:8). ყოფილხარ ოდესმე ლამაზ ბაღში ან პარკში? რამ მოგხიბლა ყველაზე მეტად? ფოთლებს შორის გამჭოლმა მზის სხივებმა? თუ საოცარი ფერებით მორთულმა ყვავილებმა? იქნებ მოჩუხჩუხე ნაკადულის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკმა და მწერების ბზუილმა? სურნელოვანი მცენარეების, ყვავილებისა და მწიფე ხილის სუნზე რაღას იტყოდი? დღეს არსებული ვერცერთი ბაღი ვერ შეედრება ედემის ბაღს. რატომ?
21 ედემის ბაღი თვით იეჰოვამ გააშენა! ის იმდენად ლამაზი იქნებოდა, რომ შეუძლებელია მისი სიმშვენიერის ენით გადმოცემა. ბაღში ყველა ხე საოცრად ლამაზი იყო და გემრიელ ნაყოფს ისხამდა. ის ფართო იყო, კარგად ირწყვებოდა და თვალწარმტაცი ცხოველებით იყო სავსე. ადამს და ევას ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი, მათ შორის, სიხარულის მომგვრელი სამუშაო და სრულყოფილი მეგობრობა. ჯერ იეჰოვამ შეიყვარა ისინი და მათაც ყოველგვარი მიზეზი ჰქონდათ, იგივეთი ეპასუხათ. მაგრამ ასე როდი მოიქცნენ. ნაცვლად იმისა, რომ სიყვარულით დამორჩილებოდნენ თავიანთ ზეციერ მამას, ეგოისტობა და ურჩობა გამოავლინეს (დაბადება, თავი 2).
22. როგორ უპასუხა იეჰოვამ ადამისა და ევას ურჩობას, რითაც დაამტკიცა, რომ მისი სიყვარული ურყევია?
22 რა მტკივნეული უნდა ყოფილიყო ეს იეჰოვასთვის! მაგრამ გააბოროტა მისი მოსიყვარულე გული მათმა ქმედებამ? არა! „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“ (ფსალმუნი 136:1). ამიტომ მან, სიყვარულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ იზრუნა იმ ადამიანების გამოხსნაზე, ვინც მთელი გულით შეიყვარებდა მას. როგორც დავინახეთ, კაცობრიობის გამოსასყიდად მას მსხვერპლად საყვარელი და უძვირფასესი ძე უნდა გაეღო (1 იოანე 4:10).
23. რა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია და რა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული მომდევნო თავში?
23 დიახ, იეჰოვამ დასაწყისშივე გამოიჩინა ინიციატივა და ადამიანების მიმართ სიყვარული გამოავლინა. „ჯერ მან შეგვიყვარა“ და ეს არაერთ საქმეში გამოვლინდა. სიყვარული ერთსულოვნებასა და სიხარულს წარმოშობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ბედნიერი ღმერთია (1 ტიმოთე 1:11). თუმცა აქ მეტად მნიშვნელოვანი კითხვა წამოიჭრება. ნამდვილად უყვარს იეჰოვას თითოეული ჩვენგანი? მომდევნო თავში ამ საკითხზე გვექნება საუბარი.
a სიტყვა ფილია ხშირად არის გამოყენებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში და ნიშნავს „გიყვარდეს, გული გეწეოდეს ვინმესკენ ან მოგწონდეს ის (რასაც, ჩვეულებრივ, ახლო მეგობრისადმი ან ძმისადმი გრძნობ)“. სიტყვა სტორგე ანუ სიყვარული, რომელიც სისხლით ნათესაურ კავშირზე მიუთითებს, გამოყენებულია 2 ტიმოთე 3:3-ში, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ასეთი სიყვარულის ნაკლებობა ძალიან შესამჩნევი იქნებოდა. ეროსი ანუ რომანტიკული სიყვარული, რომელიც საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის არსებობს, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არ გვხვდება, თუმცა ამ სახის სიყვარულზეც საუბრობს ბიბლია (იგავები 5:15—20).
b ბიბლიაში ღმერთზე საუბრისას ორჯერ ვხვდებით მსგავს შედარებას. კერძოდ, „ღმერთი სინათლეა“ და „ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია“ (1 იოანე 1:5; ებრაელები 12:29). მაგრამ ესენი მეტაფორებია, რადგან მათში იეჰოვა ფიზიკურ მოვლენებთან არის შედარებული. იეჰოვა სინათლის მსგავსია, რადგან წმინდა და მართალია. მასში არ არის „სიბნელე“ ანუ უწმინდურება. ის შეიძლება ცეცხლსაც შევადაროთ, რადგან გამანადგურებელი ძალის მფლობელია.