რა არის „დიდი ბაბილონი“?
ბიბლია გვპასუხობს:
წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული „დიდი ბაბილონი“ წარმოადგენს ცრურელიგიურ სამყაროს ანუ ყველა ცრუ რელიგიას, რომლებიც ღმერთმა უარყო (გამოცხადება 14:8; 17:5; 18:21).a მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიები მრავალმხრივ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი ადამიანებს ხელს უშლიან, თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას (კანონი 4:35).
რა გვეხმარება „დიდი ბაბილონის“ ვინაობის დადგენაში
„დიდ ბაბილონს“ სიმბოლური გაგება აქვს. ბიბლია მას უწოდებს „ქალს“ და „დიდ მეძავს“, რომელსაც შუბლზე აწერია «სახელი, საიდუმლო: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“» (გამოცხადება 17:1, 3, 5). ვინაიდან „გამოცხადებაში“ ყველაფერი სიმბოლურად არის აღწერილი და „ნიშნებითაა“ ნაჩვენები, გონივრულია, დავასკვნათ, რომ „დიდი ბაბილონი“ პირდაპირი გაგებით ქალი არ არის (გამოცხადება 1:1). მასზე აგრეთვე ნათქვამია, რომ „მრავალ წყალზე“ ზის, რაც „ნიშნავს ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“ (გამოცხადება 17:1, 15). ცხადია, ამას პირდაპირი გაგებით ქალი ვერ გააკეთებს.
„დიდი ბაბილონის“ საზღვრები მთელ მსოფლიოს მოიცავს. ბიბლიაში მას აგრეთვე ეწოდება „დიდი ქალაქი“, „რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე“ (გამოცხადება 17:18). ამგვარად, ის მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას.
„დიდი ბაბილონი“ რელიგიური გაერთიანებაა და არა პოლიტიკური ან კომერციული. ძველ დროში არსებული ბაბილონი რელიგიური ქალაქი იყო. ის სპირიტიზმით და ჯადოქრობით იყო ცნობილი (ესაია 47:1, 12, 13; იერემია 50:1, 2, 38). ამ ქალაქში ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული ცრუ რელიგიას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფდა იეჰოვა ღმერთს (დაბადება 10:8, 9; 11:2—4, 8). მისი ქედმაღალი მმართველები საკუთარ თავს იეჰოვაზე მეტად განადიდებდნენ (ესაია 14:4, 13, 14; დანიელი 5:2—4, 23). მსგავსად, დღევანდელი „დიდი ბაბილონიც“ სპირიტიზმითაა გაჟღენთილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის რელიგიური გაერთიანებაა (გამოცხადება 18:23).
„დიდი ბაბილონი“ ვერ იქნება პოლიტიკური გაერთიანება, რადგან, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „დედამიწის მეფეები“ იგლოვებენ „დიდი ბაბილონის“ განადგურებას (გამოცხადება 17:1, 2; 18:9). ის არც კომერციულ სამყაროს ასიმბოლოებს, რადგან ბიბლია განასხვავებს მას „დედამიწის დიდვაჭრებისგან“ (გამოცხადება 18:11, 15).
„დიდი ბაბილონი“ მართებულად განასახიერებს ცრუ რელიგიებს. იმის ნაცვლად, რომ ხალხს ჭეშმარიტ ღმერთთან, იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმაროს, ცრურელიგიური სამყარო მათ გამოგონილი ღმერთების თაყვანისცემისკენ უბიძგებს, რასაც ბიბლია გარყვნილებას უწოდებს (ლევიანები 20:6; გამოსვლა 34:15, 16). ისეთი ცრურელიგიური სწავლებები, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და აგრეთვე თაყვანისცემის დროს ხატების გამოყენება სათავეს ძველი ბაბილონიდან იღებს. ცრუ რელიგიებმა თაყვანისმცემლობის ისეთი ფორმები ჩამოაყალიბეს, რომლებიც ქვეყნიერების სიყვარულზეა აგებული. ბიბლია ასეთ ორგულობას სულიერ მრუშობასთან აიგივებს (იაკობი 4:4).
ცრუ რელიგიების მიერ დაგროვილი სიმდიდრე და ამ სიმდიდრით ტრაბახი ზუსტად შეეფერება „დიდი ბაბილონის“ აღწერილობას, რომელზეც ბიბლია ამბობს, რომ ის „შემოსილი იყო ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ (გამოცხადება 17:4). „დიდი ბაბილონი“ „მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედაა“. ის ისეთ სწავლებებს ავრცელებს და ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს ადამიანებს, რაც შეურაცხყოფს ღმერთს (გამოცხადება 17:5). ცრუ რელიგიის მიმდევრები წარმოადგენენ „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“, რომლებიც „დიდ ბაბილონს“ უჭერენ მხარს (გამოცხადება 17:15).
„დიდ ბაბილონს“ „დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლში“ აქვს გასვრილი ხელი (გამოცხადება 18:24). ისტორია ცხადყოფს, რომ სისხლისმღვრელი ომებისა და ტერორისტული აქტების მიღმა ხშირად ცრუ რელიგია იდგა. ის არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხალხს მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების გაგებაში დახმარებოდა (1 იოანე 4:8). სწორედ ამის გამო დაიღვარა ამდენი სისხლი. მათ, ვისაც სურს, ღმერთს გული გაუხაროს, ბიბლია მოუწოდებს, „გამოვიდნენ მისგან“ ანუ „დიდი ბაბილონიდან“ და გაწყვიტონ ყველანაირი კავშირი ცრუ რელიგიასთან (გამოცხადება 18:4; 2 კორინთელები 6:14—17).
a იხილეთ სტატია „როგორ განვსაზღვრო, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?“.