რა შეგვიძლია ვისწავლოთ სოლომონის ბრძნული რჩევიდან?
„წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია სხეულისთვის“ (ეკლესიასტე 12:12, აქ). ამ სიტყვებით, რომლებიც დაახლოებით 3000 წლის წინათ დაიწერა, ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონი არ არის კითხვის წინააღმდეგი. ის იმას გულისხმობს, რომ კითხვისას გარჩევის უნარი გამოვიყენოთ. რამდენად დროულია ეს შეხსენება დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდობით პუბლიკაცია იბეჭდება!
ნათელია, სოლომონი ისეთ წიგნებზე ლაპარაკობს, რომლებიც არ არის გამამხნევებელი და გამომაცოცხლებელი. ამიტომ ის გვარწმუნებს, რომ მათზე გადაყოლა მკითხველს მარადიულ სარგებლობას არ მოუტანს, პირიქით, ‘დამღლელი იქნება სხეულისთვის’.
ზემოთ მოხსენიებულ სიტყვებში სოლომონი იმას ხომ არ გულისხმობდა, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც გონივრულ, საიმედო ხელმძღვანელობას გაუწევს მკითხველს და კურთხევებს მოუტანს მას? არა, რადგან მან დაწერა: „ბრძენთა სიტყვანი დეზებივითაა, ჩაჭედილი ლურსმნებივითაა კრებულთა გამონათქვამები — ყველანი ერთი მწყემსისაგან არის მოცემული“ (ეკლესიასტე, 12:11). მართლაც, ბრძნული სიტყვები „დეზებივითაა“; ასეთ სიტყვებს შეუძლია აღძრას პიროვნება დადებითი მოქმედებისკენ და სწორი მიმართულება უჩვენოს. გარდა ამისა, ბრძნული სიტყვები „ჩაჭედილი ლურსმნებივითაა“; ასეთ სიტყვებს შეუძლია დაგვეხმაროს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებასა და სტაბილური შედეგის მიღწევაში.
სად შეგვიძლია ასეთი ბრძნული სიტყვების პოვნა? სოლომონი უპირატესობას ანიჭებს იმ წიგნებს, რომლებიც შექმნილია „ერთი მწყემსის“ — იეჰოვას — ხელმძღვანელობით (ფსალმუნები 22:1). აქედან გამომდინარე, ვერავინ შეარჩევს უკეთეს წიგნს, ვიდრე ღვთის წმინდა სულით შთაგონებული სიტყვა — ბიბლიაა. ასეთი ინსპირირებული სიტყვების რეგულარულად კითხვა დაეხმარება ადამიანს, „ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).