ბედნიერება — ასე მიუღწეველი
გულისწყრომა, წუხილი და დეპრესია დიდი ხანია, სამეცნიერო კვლევა-ძიების საკითხს წარმოადგენს. მაგრამ ბოლო წლებში წამყვანი მეცნიერები გამოკვლევისას ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის დადებით განცდაზე, რომელიც მას სურს, — ბედნიერებაზე.
რამ შეიძლება უფრო ბედნიერი გახადოს ადამიანები? იმან, რომ იყვნენ უფრო ახალგაზრდები, უფრო მდიდრები, უფრო ჯანმრთელები, უფრო მაღლები ან უფრო გამხდრები? რა არის ნამდვილი ბედნიერების გასაღები? მრავალი ხედავს, რომ ძნელია — და შეუძლებელიც კი — ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბედნიერების ძიებაში ფართოდ გავრცელებული წარუმატებლობის გათვალისწინებით, ალბათ, ზოგი აღმოაჩენდა, რომ ბევრად უფრო ადვილია პასუხის გაცემა, თუ რა არ არის ბედნიერების გასაღები.
დიდი ხნის განმავლობაში წამყვანი ფსიქოლოგები ბედნიერების გასაღებად რეკომენდაციას უწევდნენ ფილოსოფიას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პირად მოთხოვნილებებსა და სურვილებს. უბედურ ადამიანებს ისინი ახალისებდნენ, ყურადღება გაემახვილებინათ მხოლოდ პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ფსიქოთერაპიაში გამოიყენება ისეთი მიმზიდველი ფრაზები, როგორიცაა: „იყავი, რაც ხარ“, „ჩასწვდი საკუთარ თავს“ და „გამოიკვლიე საკუთარი თავი“. მაგრამ ზოგი სპეციალისტიც კი, რომლებიც მხარს უჭერდნენ ასეთ აზროვნებას, ახლა ეთანხმებიან იმას, რომ ასეთ ინდივიდუალურ განწყობილებას არ მოაქვს ხანგრძლივი ბედნიერება. ეგოიზმი უცილობლად მოიტანს ტკივილსა და უბედურებას. ის არ წარმოადგენს ბედნიერების გასაღებს.
უბედურების გასაღები
ვინც ბედნიერების პოვნას დროს ტარებაში ცდილობს, არასწორად ეძებს. ყურადღება მიაქციე ძველი ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონის მაგალითს. ბიბლიურ წიგნში „ეკლესიასტე“ ის ხსნის: „არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ხვედრი ჩემი შრომისა“ (ეკლესიასტე 2:10). სოლომონმა აიშენა სახლები, ჩაყარა ვაზი, გაიშენა ბაღები, წალკოტები და მოაწყო წყალსატევები (ეკლესიასტე 2:4–6). ერთხელ მან იკითხა: „ვინ ჭამს და სვამს ჩემზე უკეთ?“ (ეკლესიასტე 2:25, აქ). მას საუკეთესო მომღერლები და მუსიკოსები ართობდნენ და ქვეყნის მრავალ მშვენიერ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა (ეკლესიასტე 2:8).
საქმე იმაშია, რომ სოლომონი თავს არ იკავებდა სიამოვნების მომგვრელი მოქმედებებისგან. რა დასკვნა გამოიტანა ცხოვრებაში უხვი სიამოვნების მიღების შემდეგ? მან თქვა: „როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 2:11).
ბრძენი მეფის აღმოჩენების ჭეშმარიტება დღესაც ჩანს. აიღე, მაგალითად, ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიცაა შეერთებული შტატები. ბოლო 30 წლის მანძილზე ამერიკელებმა, ფაქტობრივად, გაიორმაგეს მატერიალური ქონება, როგორიცაა ავტომანქანები და ტელევიზორები. მიუხედავად ამისა, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამერიკელები მაინც არ არიან უფრო ბედნიერები. ერთი წყაროს თანახმად, „იმავე დროის განმავლობაში დიდი ხანია, დეპრესიების რიცხვმა იმატა. მოზარდებში თვითმკვლელობა გასამმაგდა. განქორწინებების რიცხვი გაორმაგდა“. მკვლევარებმა ახლახანს მსგავსი დასკვნები გამოიტანეს მას შემდეგ, რაც შეისწავლეს კავშირი ფულსა და ბედნიერებას შორის 50 სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში. უბრალოდ რომ ითქვას, ბედნიერებას ვერ იყიდი.
ამის საპირისპიროდ, სიმდიდრისკენ სწრაფვას შეიძლება სათანადოდ ეწოდოს უბედურების გასაღები. მოციქული პავლე იძლეოდა გაფრთხილებას: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
არც სიმდიდრეს, არც ჯანმრთელობას, არც ახალგაზრდობას, არც სილამაზეს, არც ძალაუფლებას, არც ნებისმიერ მსგავს რამეს არ შეუძლია ხანგრძლივი ბედნიერებით უზრუნველყოფა. რატომ? იმიტომ რომ არ შეგვწევს ძალა, თავი ავარიდოთ ცუდ შემთხვევებს. მეფე სოლომონმა დროულად შენიშნა: „ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ“ (ეკლესიასტე 9:12).
მიუღწეველი მიზანი
არანაირ მეცნიერულ კვლევა-ძიებას არ შეუძლია ჩამოაყალიბოს ფორმულა ან სტრატეგია ბედნიერებისთვის. სოლომონმა აგრეთვე თქვა: „ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11).
მრავალი, ვინც ეთანხმება ზემოხსენებულ სიტყვებს, ასკვნის, რომ ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოლოდინი არარეალურია. ერთმა ცნობილმა პედაგოგმა თქვა, რომ „ბედნიერება წარმოსახვითი მდგომარეობაა“. სხვებს სწამთ, რომ ბედნიერების გასაღები ჩაუწვდომელი საიდუმლოა და რომ საიდუმლოს გახსნა მხოლოდ რამდენიმე ნიჭიერ მისტიკოსს შეუძლია.
მიუხედავად ამისა, ბედნიერების ძიებაში ხალხი განაგრძობს ცდების ჩატარებას ცხოვრების სხვადასხვა წესით. მათი წინამორბედების წარუმატებლობის მიუხედავად, დღეს მრავალი ჯერ კიდევ ისწრაფვის სიმდიდრისკენ, ძალაუფლებისკენ, ჯანმრთელობისკენ ან სიამოვნებისკენ, როგორც უბედურების წამლისკენ. ძიება გრძელდება, რადგანაც მრავალ ადამიანს გულის სიღრმეში სჯერა, რომ ხანგრძლივი ბედნიერება არ არის, უბრალოდ, წარმოსახვითი მდგომარეობა. მათ იმედი აქვთ, რომ ბედნიერება არ წარმოადგენს მიუწვდომელ ოცნებას. ამიტომ შეიძლება იკითხო: „როგორ შემიძლია მისი პოვნა?“