თავი ოცდამეშვიდე
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობას
1. რა თემებზეა გამახვილებული ყურადღება ესაიას წინასწარმეტყველების ბოლო თავში და რა კითხვებზეა პასუხი გაცემული?
ესაიას წინასწარმეტყველების ბოლო თავში ამ წინასწარმეტყველური წიგნის რამდენიმე ძირითადი თემა კულმინაციურ წერტილს აღწევს და არაერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს. ამ თემებს შორისაა იეჰოვას დიდებულება, თვალთმაქცობისადმი მისი სიძულვილი, ბოროტეულთა დასჯის გადაწყვეტილება, თავის ერთგულთა სიყვარული და მათზე მზრუნველობა. გარდა ამისა, პასუხი გაცემულია შემდეგ კითხვებზე: რა განასხვავებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ცრუ თაყვანისმცემლობისგან? როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ იეჰოვა პასუხს აგებინებს თვალთმაქცებს, რომლებსაც თავი წმინდად მოაქვთ ღვთის ხალხს კი დევნიან? როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ერთგულებს?
წმინდა თაყვანისმცემლობისკენ მიმავალი გზა
2. რას ამბობს იეჰოვა თავისი დიდების შესახებ და რას არ ნიშნავს ეს განაცხადი?
2 წინასწარმეტყველებაში პირველად იეჰოვას დიდებულებაზეა ყურადღება გამახვილებული: „ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?“ (ესაია 66:1). ზოგის აზრით, ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი იუდაელებს ეუბნება, რომ არ აღადგინონ იეჰოვას ტაძარი, როდესაც სამშობლოში დაბრუნდებიან. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან იეჰოვა თავად მოუწოდებს მათ ტაძრის აღდგენისკენ (პირველი ეზრა 1:1—6; ესაია 60:13; ანგია 1:7, 8). მაშ, რას ნიშნავს ეს სიტყვები?
3. რატომ არის სათანადო, რომ დედამიწა იეჰოვას „კვარცხლბეკად“ არის აღწერილი?
3 ჯერ განვიხილოთ, რატომ არის აღწერილი დედამიწა იეჰოვას „კვარცხლბეკად“. ეს არ არის დამამცირებელი სიტყვა. სამყაროში არსებული მილიარდობით ციური სხეულიდან მხოლოდ დედამიწაა ამგვარად აღწერილი. ჩვენს პლანეტას არასდროს გამოუჩნდება ბადალი, რადგან იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ აქ გაიღო მსხვერპლი და მესიანური სამეფოს მეშვეობით აქ გაამართლებს იეჰოვა თავის უზენაეს ხელისუფლებას. ნამდვილად სათანადოდ იწოდება დედამიწა იეჰოვას კვარცხლბეკად! მეფე ასეთ კვარცხლბეკს დიდებულ ტახტზე დასაბრძანებლად და შემდეგ ფეხსადგამად იყენებს.
4. ა) რატომ ვერ იქნება დედამიწაზე არსებული ვერც ერთი შენობა იეჰოვა ღმერთის სამყოფელი? ბ) რა იგულისხმება ფრაზაში „ეს ყველაფერი“ და რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით?
4 ცხადია, მეფე არასდროს დაბრძანდება ასეთ კვარცხლბეკზე — არც დედამიწა იქცევა იეჰოვას სამყოფლად. მას ხომ ფიზიკური ზეცაც კი ვერასდროს დაიტევს! ამიტომაც შეუძლებელია, რომ დედამიწაზე არსებულმა რომელიმე შენობამ დაიტიოს ის და, პირდაპირი გაგებით, მის სახლად იქცეს (მესამე მეფეთა 8:27). იეჰოვას ტახტი და მისი სამკვიდრო სულიერ სამყაროშია, რაც ესაიას 66:1-ში მოხსენიებულ „ცაში“ იგულისხმება. შემდეგი მუხლი მეტ ნათელს ჰფენს ამ აზრს: „ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი“ (ესაია 66:2ა). წარმოიდგინეთ, ერთი ხელის მოსმით როგორ გვიჩვენებს იეჰოვა ‘ამ ყველაფერს’ — ყოველივეს ცაში და დედამიწაზე (ესაია 40:26; გამოცხადება 10:6). მთელი სამყაროს დიდებული შემოქმედი მისთვის მიძღვნილ შენობაზე მეტს იმსახურებს. მას ფორმალურ თაყვანისცემაზე მეტი ეკუთვნის.
5. როგორ ცხადვყოფთ, რომ ‘შეწუხებულნი და სულმოდრეკილნი’ ვართ?
5 როგორ თაყვანისცემას იმსახურებს უზენაესი მმართველი? ის თავად გვეუბნება: «აი, ვის მივაპყრობ მზერას — გლახაკს და სულგამწარებულს [„შეწუხებულსა და სულმოდრეკილს“, აქ], ჩემი სიტყვების მოშიშს» (ესაია 66:2ბ). დიახ, წმინდა თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვანია თაყვანისმცემლის გულის სათანადო განწყობილება (გამოცხადება 4:11). იეჰოვას თაყვანისმცემელი „შეწუხებული და სულმოდრეკილი“ უნდა იყოს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იეჰოვას არ სურს ჩვენი ბედნიერება? არა, ის „ბედნიერი ღმერთია“ და სურს, რომ მისი თაყვანისმცემელნიც ხარობდნენ (1 ტიმოთე 1:11, აქ; ფილიპელთა 4:4). მაგრამ ყოველი ჩვენგანი ხშირად ვცოდავთ; ცოდვები კი არასდროს უნდა ჩავთვალოთ უმნიშვნელო რამედ. ჩვენ „შეწუხებული“ ანუ დამწუხრებული უნდა ვიყოთ, რომ ვერ დავიცავით იეჰოვას სამართლიანი ნორმები (ფსალმუნი 50:19). მონანიებით, ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლითა და იეჰოვასგან პატიების თხოვნით უნდა ცხადვყოთ, რომ „სულმოდრეკილები“ ვართ (ლუკა 11:4; 1 იოანე 1:8—10).
6. რა გაგებით უნდა იყვნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ‘ღვთის სიტყვების მოშიშნი’?
6 გარდა ამისა, იეჰოვას ‘თავისი სიტყვების მოშიშისადმი’ აქვს მზერა მიპყრობილი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი სიტყვების კითხვისას ყოველთვის უნდა ვიკანკალოთ? არა. მას სურს, რომ მოწიწებითა და პატივისცემით მოვეკიდოთ მის ნათქვამს. ჩვენ გულწრფელად გვსურს მისგან რჩევის მიღება, რათა მის ხელმძღვანელობას დავექვემდებაროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში (ფსალმუნი 118:105). აგრეთვე ღვთისადმი დაუმორჩილებლობის, ადამიანთა ტრადიციებით მისი ჭეშმარიტების დამახინჯების ან ჭეშმარიტებისადმი გულგრილი დამოკიდებულების უნდა ‘გვეშინოდეს’. ასეთი მოკრძალებულობა მეტად მნიშვნელოვანია წმინდა თაყვანისმცემლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათია დღევანდელ წუთისოფელში.
იეჰოვას სძულს თვალთმაქცური თაყვანისმცემლობა
7, 8. რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას თვალთმაქც იუდაელთა ფორმალური თაყვანისმცემლობის შესახებ?
7 ესაია კარგად ხედავს, რომ მის თანამედროვეთაგან უმრავლესობა არ არის იეჰოვასთვის სასურველი თაყვანისმცემელი. ამიტომაც განდგომილი იერუსალიმი იმსახურებს კარს მომდგარ სასჯელს. ნახეთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას იქ მცხოვრებთა თაყვანისმცემლობაზე: „არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას“ (ესაია 66:3).
8 ეს სიტყვები ესაიას წინასწარმეტყველების პირველ თავში ჩაწერილ იეჰოვას სიტყვებს მოგვაგონებს. იეჰოვამ უთხრა თვითნება ხალხს, რომ მათი ფორმალური თაყვანისმცემლობა არა მხოლოდ არ სიამოვნებდა, არამედ უფრო მეტად ამძაფრებდა მის სამართლიან რისხვას, რადგან თვალთმაქცურად სცემდნენ თაყვანს (ესაია 1:11—17). ამჟამადაც იეჰოვა მათ მსხვერპლშეწირვას საზარელ დანაშაულებს ადარებს. ძვირადღირებული ხარის შეწირვით ისევე ვერ ასიამოვნებენ იეჰოვას, როგორც კაცის მკვლელობით! სხვა მსხვერპლები შედარებულია ძაღლისა და ღორის შეწირვას. ეს ცხოველები, მოსეს რჯულის მიხედვით, უწმინდურად ითვლებოდა და ნამდვილად შეუფერებელი იყო მსხვერპლშეწირვისთვის (ლევიანნი 11:7, 27). უშვებს თუ არა იეჰოვა, რომ დაუსჯელი დარჩეს ასეთი რელიგიური თვალთმაქცობა?
9. როგორ ეხმაურებოდა იუდაელთა უმრავლესობა ესაიას პირით გაცხადებულ იეჰოვას სიტყვებს და რა გარდაუვალი შედეგი მოჰყვება ამას?
9 ახლა იეჰოვა ამბობს: „მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ“ (ესაია 66:4). ესაიას უეჭველად თამამად შეუძლია ამ სიტყვების წარმოთქმა, რადგან ის მრავალი წლის განმავლობაში იეჰოვას დავალებით ‘ეძახდა’ და ‘ელაპარაკებოდა’ მის ხალხს. წინასწარმეტყველმა შესანიშნავად იცის, რომ მას, ძირითადად, არავინ უსმენდა. ისინი სიავის ქმნას განაგრძობდნენ, ამიტომაც სასჯელი გარდაუვალია. იეჰოვა, უეჭველად, მათ დასჯას აირჩევს და საზარელ მოვლენებს დაატეხს განდგომილ ხალხს.
10. რას ვიგებთ იუდასადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან იმის შესახებ, თუ რა თვალსაზრისი აქვს მას ქრისტიანულ სამყაროზე?
10 თანამედროვე ქრისტიანული სამყაროც იეჰოვასთვის მიუღებლად იქცევა. მის ტაძრებში კერთპთაყვანისმცემლობაა გავრცელებული, მისი მქადაგებლები განადიდებენ საღვთო წერილის მიერ დაგმობილ ფილოსოფიასა და ტრადიციებს; პოლიტიკური ძალაუფლებისკენ სწრაფვით ის სულ უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს წუთისოფლის ერებთან, რაც სულიერი მრუშობის ტოლფასია (მარკოზი 7:13; გამოცხადება 18:4, 5, 9). ძველი იერუსალიმის მსგავსად, ქრისტიანულ სამყაროსაც დაუნდობლად მოუვლენს ღმერთი „შიშისზარს“, ანუ სამართლიან სასჯელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, თუ როგორ ეპყრობა ქრისტიანული სამყარო ღვთის ხალხს.
11. ა) რა ამძიმებს ესაიას თანამედროვე განდგომილთა ცოდვას? ბ) რა გაგებით უარყოფენ ესაიას თანამედროვენი ღვთის ერთგულ ადამიანებს ‘ღვთის სახელისთვის’?
11 ესაია განაგრძობს: „ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: ამბობენ თქვენი ძმები — თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისთვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული. მაგრამ შერცხვებიან ისინი“ (ესაია 66:5). ესაიას „ძმებს“ ანუ თანამემამულეებს დაკისრებული აქვთ იეჰოვა ღმერთის წარმომადგენლად ყოფნისა და მისი უზენაესი ხელისუფლებისადმი მორჩილების პასუხისმგებლობა. ისინი არ აკეთებენ ამას, რაც სერიოზული ცოდვაა. მათ ცოდვას უფრო მეტად ის ამძიმებს, რომ სძულთ ღვთის ისეთი ერთგული და თავმდაბალი ადამიანები, როგორიც ესაიაა. ამ განდგომილებს სძულთ და არაფრად მიაჩნიათ ერთგული ადამიანები, რადგან ისინი არიან იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტი წარმომადგენლები. ამ გაგებით არის უარყოფის მიზეზი ‘ღვთის სახელი’. ამავე დროს, იეჰოვას ვითომ მსახურები აცხადებენ, რომ იეჰოვას წარმომადგენლები არიან და თვალთმაქცურად ამბობენ: „გამოაჩინოს უფალმა თავისი დიდება!“a.
12. როგორ დევნიან იეჰოვას ერთგულ მსახურებს რელიგიური თვალთმაქცები?
12 ცრუ რელიგიის მიერ წმინდა თაყვანისმცემელთა მიმართ გამოვლენილი სიძულვილი სიახლე არ არის. ეს დაბადების 3:15-ში მოცემული იმ წინასწარმეტყველების შესრულების ნაწილია, რომელშიც სატანის თესლისა და ღვთის დედაკაცის თესლის ხანგრძლივი მტრობაა ნაწინასწარმეტყველები. იესომ უთხრა თავის ცხებულ მიმდევრებს პირველ საუკუნეში, რომ ისინიც დაიტანჯებოდნენ თავიანთ თანამემამულეთაგან — მოიკვეთებოდნენ სინაგოგიდან, განიდევნებოდნენ და დაიხოცებოდნენ კიდეც მათი ხელით (იოანე 16:2). რა შეიძლება ითქვას ახლანდელ დროზე? „უკანასკნელი დღეების“ დასაწყისში ღვთის ხალხი მიხვდა, რომ მსგავსი დევნის წინაშე აღმოჩნდებოდა (2 ტიმოთე 3:1). 1914 წელს „საგუშაგო კოშკში“ ესაიას 66:5-ის სიტყვები იყო ციტირებული შემდეგი კომენტარით: „თითქმის ყოველგვარი დევნა, რომელთა წინაშეც ღვთის ხალხი აღმოჩენილა, ეგრეთ წოდებულ ქრისტიანთა მხრიდან მომდინარეობდა“. გარდა ამისა, იმავე სტატიაში ნათქვამი იყო: „ჩვენ არ ვიცით, მიმართავენ თუ არა ისინი ისეთ უკიდურეს ზომებს, როგორიცაა საზოგადოებიდან მოკვეთა, ჩვენი ორგანიზაციის აკრძალვა ან ცალკეულ ადამიანთა დახოცვა“. რა ჭეშმარიტი აღმოჩნდა დღეს ეს სიტყვები! მათი გამოქვეყნებიდან მცირე ხანში, პირველი მსოფლიო ომის დროს, დევნამ, რომლის ინიციატორიც სამღვდელოება იყო, კულმინაციურ წერტილს მიაღწია. მაგრამ ქრისტიანული სამყარო შერცხვენილ იქნა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. როგორ?
სწრაფი და უეცარი განახლება
13. რა იგულისხმება წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას ფრაზაში „ხმა განგაშისა ქალაქიდან“?
13 ესაია წინასწარმეტყველებს: „აჰა, ხმა განგაშისა ქალაქიდან, ხმა სასახლიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის საზღაურის მიმგებელისა“ (ესაია 66:6). ამ სიტყვების პირველი შესრულებისას, წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „ქალაქია“ იერუსალიმი, სადაც იეჰოვას ტაძარი მდებარეობს. ‘განგაშის ხმაში’ ომის აურზაური იგულისხმება, რომელიც ქალაქში ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელთა ჯარების თავდასხმისას გაისმის. როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება დღეს?
14. ა) რა იწინასწარმეტყველა მალაქიამ ტაძარში იეჰოვას მოსვლის შესახებ? ბ) ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოჰყვა ტაძარში იეჰოვას მოსვლას? გ) როდის შეამოწმეს იეჰოვამ და იესომ სულიერი ტაძარი და რა გავლენა მოახდინა ამან მათზე, ვინც აცხადებდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში იყო გაერთიანებული?
14 ესაიას წინასწარმეტყველების ეს სიტყვები სხვა ორ წინასწარმეტყველებას ეთანხმება, რომლებიც ეზეკიელის 43:4, 6—9-სა და მალაქიას 3:1—5-შია მოცემული. როგორც ეზეკიელი, ისე მალაქია წინასწარმეტყველებენ იმ დროის შესახებ, როდესაც იეჰოვა ღმერთი თავის ტაძარში მოდის. მალაქიას წინასწარმეტყველებაში იეჰოვა თავის სახლში იმ მიზნით მოდის, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის ეს ადგილი შეამოწმოს და თავის შეურაცხმყოფელთა უარყოფით გაწმინდოს. ეზეკიელის ხილვაში იეჰოვა თავის ტაძარში შედის და მოითხოვს, რომ მასში უზნეობისა და კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერი გადმონაშთი აღმოიფხვრასb. ამ წინასწარმეტყველებათა თანამედროვე შესრულებისას, 1918 წელს, მნიშვნელოვანი სულიერი წინსვლა მოხდა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში. იეჰოვამ და იესომ, როგორც ჩანს, შეამოწმეს ყველა, ვინც აცხადებდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში იყო გაერთიანებული. ამ შემოწმებამ უწმინდური ქრისტიანული სამყაროს საბოლოო მოკვეთა განაპირობა. ქრისტეს ცხებული ძმებისთვის ეს განწმენდის ხანმოკლე პერიოდი იყო, რომელიც 1919 წელს სწრაფმა სულიერმა აღორძინებამ შეცვალა (1 პეტრე 4:17).
15. რა დაბადებაა ნაწინასწარმეტყველები და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 537 წელს?
15 ეს აღორძინება სათანადოდ არის აღწერილი ესაიას წინასწარმეტყველების შემდეგ მუხლებში: „ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?“ (ესაია 66:7, 8). ეს სიტყვები პირველად დიდებულად სრულდება ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდაელებისთვის. სიონი ანუ იერუსალიმი კვლავ მშობიარე ქალად არის აღწერილი, მაგრამ მისი მშობიარობა უჩვეულოა! ის ძალზე სწრაფად და მოულოდნელად, ტკივილების დაწყებამდე, მშობიარობს! ნამდვილად სათანადო სურათია. ძვ. წ. 537 წელს ღვთის ხალხის მეორედ დაბადება იმდენად სწრაფი და მოულოდნელია, რომ ეს ნამდვილი სასწაულია. კიროსის მიერ იუდაელი ტყვეების გათავისუფლებიდან ერთგული მცირე ნაწილის სამშობლოში დაბრუნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვე გადის! რა ძლიერ განსხვავდება ეს იმ მოვლენებისგან, რომლებიც ისრაელი ერის პირველ დაბადებამდე მოხდა! ძვ. წ. 537 წელს მათ არ სჭირდებათ მოწინააღმდეგე მმართველისგან თავის დახსნა, მტრის ლაშქრისგან გაქცევა და 40 წლის განმავლობაში უდაბნოში ცხოვრება.
16. რა არის წარმოდგენილი სიონით ესაიას 66:7, 8-ის თანამედროვე შესრულებისას და როგორ დაიბადნენ მეორედ მისი შვილები?
16 თანამედროვე შესრულებისას სიონით იეჰოვას ზეციერი „დედაკაცი“, სულიერი არსებებისგან შემდგარი ზეციერი ორგანიზაციაა, წარმოდგენილი. 1919 წელს ამ „დედაკაცმა“ გაიხარა თავისი ცხებული ძეების დედამიწაზე ორგანიზებულ „ხალხად“, ერად, დაბადებით. ეს მეორედ დაბადება სწრაფი და მოულოდნელი იყოc. ცხებულთა უსიცოცხლო და უმოქმედო ჯგუფი მხოლოდ რამდენიმე თვეში თავიანთ სულიერ „მიწაზე“ — ღვთისგან ბოძებული სულიერი მოღვაწეობის სფეროში — გამოცოცხლდა და გააქტიურდა (გამოცხადება 11:8—12). 1919 წლის შემოდგომაზე მათ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ თანდართული ახალი ჟურნალის გამოცემის შესახებაც განაცხადეს. ამ ახალმა პუბლიკაციამ, ჟურნალმა „ოქროს ხანამ“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“), აშკარად დაადასტურა, რომ ღვთის ხალხი კვლავ გამოცოცხლებული და ორგანიზებული იყო მსახურებისთვის.
17. როგორ არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ ხელს ვერაფერი შეუშლის სულიერ ისრაელთან დაკავშირებული მისი განზრახვის განხორციელებას?
17 სამყაროში არსებული ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს ამ მეორედ დაბადებას. შემდეგი მუხლი შთამბეჭდავად აღწერს ამას: „მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიერებელი? ამბობს შენი ღმერთი“ (ესაია 66:9). როგორც მშობიარობაა გარდაუვალი, როდესაც პროცესი დაწყებულია, ისე სულიერი ისრაელის მეორედ შობაა გარდაუვალი პროცესის დაწყების შემდეგ. ცხადია, წინააღმდეგობა წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება უფრო დიდი წინააღმდეგობა. მაგრამ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თავისი დაწყებული საქმის შეჩერება; ის კი არასდროს აკეთებს ამას! როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის გამოცოცხლებულ ხალხს?
იეჰოვას სათუთი მზრუნველობა
18, 19. ა) რა შთამბეჭდავი მაგალითი მოჰყავს იეჰოვას და როგორ ეხება ეს ტყვეობაში მყოფ ხალხს? ბ) რა სარგებლობას იღებს ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ღვთის მიერ სიყვარულით მოწოდებული საზრდოთი და მისი მზრუნველობით?
18 მომდევნო ოთხ მუხლში შთამბეჭდავად არის აღწერილი იეჰოვას სათუთი მზრუნველობა. ესაია ამბობს: „იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე! რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით“ (ესაია 66:10, 11). იეჰოვას აქ ჩვილ ბავშვზე მზრუნველი ქალის მაგალითი მოჰყავს. როცა პატარას შიმშილი აწუხებს, შეუჩერებლად ტირის. დედის მკერდთან მიახლოებისას კი წუხილი სიხარულითა და კმაყოფილებით ეცვლება. მსგავსად ამისა, ბაბილონში მყოფ ერთგულ იუდაელთა მცირე ნაწილის მოთქმა ბედნიერებითა და კმაყოფილებით შეიცვლება, როდესაც გათავისუფლებისა და აღორძინების დრო დადგება. ისინი გაიხარებენ. იერუსალიმს დიდება დაუბრუნდება, როდესაც აღდგება და კვლავ დასახლდება. ქალაქის დიდება ღვთის ერთგულ მცხოვრებლებსაც შეეხება. ისინი კვლავ სულიერად გამოიკვებებიან ამოქმედებული სამღვდელოების დახმარებით (ეზეკიელი 44:15, 23).
19 სულიერი ისრაელიც უხვი სულიერი საზრდოთი იქნა კურთხეული 1919 წელს აღორძინების შემდეგ. იმ დროიდან მოყოლებული, „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით რეგულარულად ნაწილდება სულიერი საზრდო (მათე 24:45—47). ეს ნამდვილად ცხებულთა დარჩენილი ნაწილის ნუგეშისა და სიხარულის დროა. მაგრამ ღვთის ხალხი სხვა მხრივაც არის კურთხეული.
20. როგორ იქნა იერუსალიმი კურთხეული „ხალხთა დოვლათით“ ძველად და ჩვენს დროში?
20 წინასწარმეტყველება გრძელდება: „რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები“ (ესაია 66:12). აქ მზრუნველობის სურათი უხვი კურთხევების — „მდინარისა“ და „მოვარდნილი ნიაღვრის“ — სურათთან არის შერწყმული. იერუსალიმი დიდი მშვიდობის გარდა იეჰოვასგან კურთხეული იქნება „ხალხთა დოვლათითაც“, რომელიც უხვად იდინებს ღვთის ხალხისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერები იეჰოვას ხალხისკენ დაიწყებენ დენას (ანგია 2:7, აქ). წინასწარმეტყველების ძველ დროში შესრულებისას ისრაელს ნამდვილად შეუერთდა სხვადასხვა ერის მრავალი წარმომადგენელი, რომლებიც იუდაელი პროზელიტები გახდნენ. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება უფრო დიდებულად სრულდება ჩვენს დროში, როდესაც „უამრავი ხალხი... ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ — კაცობრიობის ნამდვილი დოვლათი — სულიერ იუდაელთა დარჩენილი ნაწილისკენ მიედინება (გამოცხადება 7:9; ზაქარია 8:23).
21. როგორი ნუგეშისცემაა ნაწინასწარმეტყველები მხატვრული ენით?
21 ესაიას 66:12-შიც დედობრივ სიყვარულზეა ლაპარაკი, რაც მუხლებზე შვილის დასმითა და ხელში აყვანით არის წარმოდგენილი. მომდევნო მუხლში იგივე აზრია გადმოცემული და ყურადღება საინტერესოდ მახვილდება მომავალზე. „როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი“ (ესაია 66:13). შვილი ახლა „კაცი“ ანუ ზრდადასრულებულია. მაგრამ დედას არ დაჰკარგვია გასაჭირში მისი ნუგეშისცემის სურვილი.
22. როგორ ავლენს იეჰოვა თავის ნაზ გრძნობებსა და ძლიერ სიყვარულს?
22 ამ მხატვრული ენით იეჰოვა თავისი ხალხისადმი ძლიერ სიყვარულსა და ნაზ გრძნობებს აღწერს. ძლიერი დედობრივი სიყვარულიც კი ერთგული ხალხისადმი იეჰოვას უდიდესი სიყვარულის მხოლოდ ანარეკლია (ესაია 49:15). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქრისტიანმა მიჰბაძოს ზეციერ მამას ამ თვისების გამოვლენაში! მოციქული პავლე ჰბაძავდა მას, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა ქრისტიანული კრების უხუცესებს (1 თესალონიკელთა 2:7). იესოს სიტყვების თანახმად, ძმური სიყვარული მისი მიმდევრების ამოსაცნობი ძირითადი ნიშანი უნდა ყოფილიყო (იოანე 13:34, 35, სსგ).
23. აღწერეთ სამშობლოში დაბრუნებული ხალხის ბედნიერება.
23 იეჰოვა მოქმედებით ავლენს თავის სიყვარულს. ის განაგრძობს: „დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი — მის მტრებს“ (ესაია 66:14). ებრაული ენის გრამატიკოსის სიტყვების თანახმად, ფრაზაში, რომელიც აქ ნათარგმნია სიტყვით „დაინახავთ“, ნაგულისხმებია, რომ საითაც გაიხედავენ სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები, „ყველგან სიხარული დახვდებათ“. ისინი ნამდვილად მოილხენენ და უსაზღვროდ გაიხარებენ საყვარელ სამშობლოში დაბრუნებით. თავს გაახალგაზრდავებულად იგრძნობენ, თითქოს ძვლები კვლავ განუმტკიცდებათ და გაუმაგრდებათ ისევე, როგორც ჯეჯილი მაგრდება გაზაფხულზე. ყველას ეცოდინება, რომ ასეთი კურთხეული მდგომარეობა ადამიანის მცდელობის ნაყოფი კი არა, „უფლის ხელის“ წყალობა იქნება.
24. ა) რა დასკვნა გამოგაქვთ იეჰოვას ხალხთან დაკავშირებულ თანამედროვე მოვლენებზე დაკვირვებიდან გამომდინარე? ბ) რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?
24 ხედავთ თუ არა, რომ იეჰოვას ხელი დღესაც მოქმედებს თავის ხალხში? ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინებას. ვერც ერთი ადამიანი ვერ აღძრავდა სხვადასხვა ერის მილიონობით წარმომადგენელს, ძვირფას ხალხს, ცხებულთა დარჩენილ ნაწილს შეერთებოდნენ მათ სულიერ მიწაზე. მხოლოდ იეჰოვას შესწევს ამის ძალა. იეჰოვას სიყვარულის ამგვარი გამოვლინება ნამდვილად უდიდესი სიხარულის მიზეზს გვაძლევს. მოდი ყოველთვის დავაფასოთ მისი სიყვარული და ყოველთვის ‘მისი სიტყვის მოშიშნი’ ვიყოთ. დაე ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპების მიხედვით და იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ.
[სქოლიოები]
a ქრისტიანულ სამყაროში დღეს ბევრი არ იყენებს იეჰოვას საკუთარ სახელს; ის ბიბლიის ბევრი თარგმანიდანაც კი ამოღებულია. ღვთის ხალხს ზოგი იმის გამო დასცინის, რომ ღვთის საკუთარ სახელს იყენებენ. მაგრამ ბევრი ასეთი ადამიანი თვალთმაქცურად იყენებს ფრაზას „ალილუია“, რაც ნიშნავს „ადიდეთ იაჰ“.
b ეზეკიელის 43:7, 9-ში მოხსენიებულ „მეფეთა ძეგლებში“ კერპები იგულისხმება. იერუსალიმის ურჩი წინამძღოლები და ხალხი ღვთის ტაძარს კერპებით ბილწავდნენ და, ფაქტობრივად, მეფეებად აღიარებდნენ მათ.
c აქ აღწერილი დაბადება განსხვავდება გამოცხადების 12:1, 2, 5-ში აღწერილი დაბადებისგან. გამოცხადების ამ თავში „ძით“ ანუ „ვაჟით“ წარმოდგენილია მესიანური სამეფო, რომელიც 1914 წელს ამოქმედდა. „დედაკაცი“ კი ორივე წინასწარმეტყველებაში ერთი და იგივეა.
[სურათი 395 გვერდზე]
„ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი“
[სურათი 402 გვერდზე]
იეჰოვა სიონს „ხალხთა დოვლათს“ მისცემს.