უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველება
მოციქულმა პეტრემ მომავალი ასე აღწერა: „ჩვენ მისი [ღვთის] დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ახალი ცისა და ახალი დედამიწის შესახებ თავდაპირველად ესაიამ იწინასწარმეტყველა (ესაია 65:17; 66:22). ებრაული წერილების ამ მონაკვეთის ციტირებით პეტრემ აჩვენა, რომ ეს სიტყვები ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო.
მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 96 წელს, იოანემ გამოცხადებაში იხილა, რა კურთხევები ელოდა „ახალ დედამიწას“ (გამოცხადება 21:1—4). იესოსა და მოციქულ პავლეს მიერ აღწერილი მსოფლიო მოვლენები ჩვენს დღეებში სრულდება. ამიტომ, შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ძალიან მალე სამეფო ახალ ქვეყნიერებამდე მიგვიყვანს. როგორი იქნება ეს ახალი ქვეყნიერება? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი „ესაია“.
კურთხევები ახალ ქვეყნიერებაში
მსოფლიო მშვიდობა და ერთიანი თაყვანისმცემლობა. „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:2—4).
მშვიდობა ადამიანებსა და ცხოველებს შორის. „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს . . . ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:6—9).
ყველას უხვად ექნება საკვები. „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს მსუყე კერძებით, ნადიმს საუკეთესო ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, თხლედალექილი, დაწმენდილი ღვინით“ (ესაია 25:6).
აღარ იქნება სიკვდილი. „[ღმერთი] სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა. წარხოცავს თავისი ხალხის სირცხვილს მთელი დედამიწიდან, რადგან იეჰოვა ამბობს ამას“ (ესაია 25:8).
მკვდრები აღდგებიან. „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები. წამოდგებიან ჩვენი გვამები. გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ, . . . დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს“ (ესაია 26:19).
მესია სამართლიანი მოსამართლეა. „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ესაია 11:3, 4).
ბრმა და ყრუ განიკურნება. „ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ“ (ესაია 35:5).
ნაყოფიერი ნიადაგი. „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება; გაიფურჩქნება და სიხარულითა და მხიარული შეძახილით გაიხარებს“ (ესაია 35:1, 2).
ახალი დედამიწა. „აი, ვქმნი ახალ ცასა [ახალი ზეციერი მთავრობა] და ახალ დედამიწას [მართალთა ახალი საზოგადოება]; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ. იხარეთ და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი, . . . [ვინც ღვთის ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებს] ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები. ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ, არც უბედურებისთვის გააჩენენ შვილებს, რადგან იეჰოვასგან კურთხეული შთამომავლები არიან და მათთანვეა მათი მოდგმა. ვიდრე მომიხმობენ, ვუპასუხებ, ვიდრე ლაპარაკს დაასრულებენ, მოვუსმენ.“ «„როგორც ახალი ცა და ახალი დედამიწა, რომლებსაც ვქმნი, იდგება ჩემ წინაშე, ასევე იდგება თქვენი შთამომავლობა და თქვენი სახელი“, — ამბობს იეჰოვა» (ესაია 65:17—25; 66:22).
დიდებული მომავლის წინასწარმეტყველება
მომავალი კურთხევები მხოლოდ ესაია წინასწარმეტყველის წიგნში არ არის აღწერილი. ბიბლიაში მრავალი წინასწარმეტყველებაა, რომელიც გვაცნობს, თუ რა დიდებულ საქმეებს მოიმოქმედებს ღმერთი, როცა დედამიწაზე ზეციერი სამეფო იმმართველებსa; ამ სამეფოს მეფე ქრისტეა. გსურთ, ამ დიდებული საქმეების მოწმე გახდეთ? მაშ, გაეცანით, სინამდვილეში, რას ამბობს ბიბლია ღვთის განზრახვების შესახებ, და გაიგეთ, პირადად თქვენ რის გაკეთება შეგიძლიათ. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან.
[სქოლიო]
a ღვთის სამეფოსა და მისი დიდებული საქმეების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გვერდები 76—85, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 8 გვერდზე]
ადამიანებს მშვიდობიანი ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან, და აღარც ცხოველების შეეშინდებათ
[სურათი 9 გვერდზე]
მკვდრები გაცოცხლდებიან
[სურათი 10 გვერდზე]
მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა