თავი 19
როცა ღვთის შემეცნებით აივსება დედამიწა
1, 2. როგორ დაზიანდა იეჰოვას ქმნილება?
დავუშვათ, რომ გამოჩენილმა მხატვარმა ეს-ესაა დაასრულა შესანიშნავი ნახატი. მართებულია, რომ მას ნახატი უდიდეს შედევრად მიაჩნია! მაგრამ ღამით, შურიანმა მეტოქემ დაამახინჯა ნახატი. გასაგებია, რომ მხატვრისთვის ეს დიდ ტკივილს ნიშნავს. რა დიდი სურვილი აქვს მას, რომ ბოროტმოქმედი დააპატიმრონ! შენ შეგიძლია წარმოიდგინო, თუ როგორ მონდომებულია მხატვარი, რომ თავის შემოქმედებას პირვანდელი სილამაზე აღუდგინოს.
2 იმ მხატვრის მსგავსად, იეჰოვამ შექმნა შედევრი, როდესაც დედამიწა მოამზადა და მასზე დაასახლა ადამიანები. მამაკაცისა და ქალის შექმნის შემდეგ დედამიწასთან დაკავშირებული ყველა საქმე ღმერთმა დაახასიათა, როგორც „ძალიან კარგი“ (დაბადება 1:31). ადამი და ევა ღმერთის საკუთარი შვილები იყვნენ და მას უყვარდა ისინი. ღმერთმა მათთვის გაითვალისწინა ბედნიერი, დიდებული მომავალი. მართალია, სატანამ ისინი აჯანყების თანამონაწილეები გახადა, მაგრამ ღმერთის საოცარი ქმნილება ისე არ დაზიანებულა, რომ ვერ გამოსწორდეს (დაბადება 3:23, 24; 6:11, 12).
3. რა არის ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’?
3 ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, ყველაფერი მოაგვაროს. მას ძალიან სურს გვიხილოს ისე, რომ ჩვენ მისი თავდაპირველი განზრახვის თანახმად ვცხოვრობდეთ. ჩვენი ხანმოკლე და პრობლემებით აღსავსე არსებობა არ არის ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’, ვინაიდან ის სავსებით არ შეესაბამება იმას, რაც იეჰოვას ჰქონდა განზრახული. ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’, რომელიც ღმერთს სურს ჩვენთვის, არის ‘მარადიული სიცოცხლე’ სრულყოფილ პირობებში (1 ტიმოთე 6:12, 19).
4, 5. ა) როგორ განხორციელდება იმედი სამოთხის შესახებ? ბ) რატომ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მომავლის იმედზე?
4 ღვთის შემეცნებას პასუხისმგებლობა მოაქვს იეჰოვას წინაშე (იაკობი 4:17). მაგრამ იფიქრე იმ კურთხევების შესახებ, რომლებითაც დატკბები, თუ გამოიყენებ ამ შემეცნებას და შეეცდები მარადიული სიცოცხლის მიღწევას. იეჰოვა ღმერთმა თავის სიტყვაში, ბიბლიაში, „დახატა“ იმის ლამაზი სურათი, თუ როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე სამოთხეში, რომელიც ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც იეჰოვას ხალხი, მხოლოდ საზღაურის მიღების სურვილით არ ვემსახურებით ღმერთს. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და ამიტომ ვემსახურებით მას (მარკოზი 12:29, 30). გარდა ამისა, ეს სიცოცხლე იეჰოვასადმი ჩვენი მსახურების საზღაური არ არის. მარადიული სიცოცხლე არის ღმერთის ძღვენი (რომაელთა 6:23). ჩვენთვის სასარგებლო იქნება ასეთ ცხოვრებაზე ფიქრი, რადგან იმედი სამოთხის შესახებ შეგვახსენებს, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა — ის სიყვარულით ‘მიაგებს სანაცვლოს თავის მაძიებლებს’ (ებრაელთა 11:6). იმედი, რომელიც ცოცხლობს ჩვენს გულსა და გონებაში, გაგვაძლიერებს, რომ მოვითმინოთ სატანის ქვეყნიერებაში არსებული სიძნელეები (იერემია 23:20).
5 ახლა ყურადღება გავამახვილოთ ბიბლიურ იმედზე მარადიული სიცოცხლის შესახებ მომავალ სამოთხეში, დედამიწაზე. როგორი იქნება ცხოვრება, როდესაც ღვთის შემეცნებით აივსება დედამიწა?
არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე იქნება სამოთხე
6. რა არის არმაგედონი და რას ნიშნავს ეს კაცობრიობისთვის?
6 როგორც ადრე იყო ნაჩვენები, იეჰოვა ღმერთი მალე მოსპობს დღევანდელ ბოროტ სისტემას. ქვეყნიერება სწრაფად უახლოვდება იმ მოვლენას, რასაც ბიბლია „არმაგედონს“ უწოდებს. ამ სიტყვამ ზოგიერთ ადამიანს, შეიძლება, აფიქრებინოს მებრძოლი სახელმწიფოების მიერ გამოწვეულ ბირთვულ განადგურებაზე, მაგრამ არმაგედონი სულაც არ ნიშნავს ამას. როგორც გამოცხადების 16:14–16 გვიჩვენებს, არმაგედონი არის ‘ომი ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’. ეს არის ომი, რომელშიც ჩაბმული არიან ‘მთელი მსოფლიოს მეფეები’, ანუ სახელმწიფოები. იეჰოვა ღმერთის ძე, რომელიც მეფედ არის დანიშნული, მალე ჩაებმება ბრძოლაში. ამის შედეგი სავსებით ნათელია. განადგურდება ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ღმერთის სამეფოს და არის სატანის ბოროტი სისტემის ნაწილი. გადარჩებიან მხოლოდ იეჰოვას ერთგული ადამიანები (გამოცხადება 7:9, 14; 19:11–21).
7. სად იქნებიან სატანა და მისი დემონები იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს და რით იქნება ეს სასარგებლო ადამიანებისთვის?
7 წარმოიდგინე, რომ შენ გადაურჩი ამ საშინელებას. როგორი იქნება სიცოცხლე დედამიწაზე ღმერთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში? (2 პეტრე 3:13). საჭირო არ არის, შევიქმნათ ვარაუდები, რადგან ბიბლია გვამცნობს ამის შესახებ და ეს ცნობა ამაღელვებელია. ჩვენ ვიგებთ, რომ სატანასა და მის დემონებს წაერთმევათ მოქმედების უფლება და იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში გამომწყვდეული იქნებიან უმოქმედობის უფსკრულში. ეს ღვარძლით აღსავსე ბოროტი ქმნილებები ვეღარ ჩასაფრდებიან, რომ გააღვივონ პრობლემები და გვაიძულონ ღმერთისადმი ორგულობის საქმეების გაკეთება. როგორი შვებაა! (გამოცხადება 20:1–3).
8, 9. რა დაემართება მწუხარებას, ავადმყოფობასა და სიბერეს ახალ ქვეყნიერებაში?
8 თავის დროზე ყოველგვარი ავადმყოფობა მოისპობა (ესაია 33:24). მაშინ კოჭლები ჯანსაღი ფეხებით გამართულად ივლიან, ირბენენ და იცეკვებენ. ყრუები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე იმყოფებოდნენ მდუმარების სამყაროში, მოისმენენ მათ გარშემო მჟღერ სასიამოვნო ბგერებს. ბრმებს სულის შემხუთავი აღტაცება დაეუფლებათ, როცა მათი თვალები იხილავს სამყაროს თავისი მრავალი ფერითა და ფორმით (ესაია 35:5, 6). და ბოლოს, ისინი იხილავენ საყვარელი ადამიანების სახეებს! მაშინ, შესაძლოა, მათი თვალები დაბინდოს სიხარულის ცრემლებმა.
9 მხოლოდ იფიქრე! აღარ იქნება სათვალეები, ყავარჯნები და ხელჯოხები, აღარ იქნება წამლები, სტომატოლოგიური პოლიკლინიკები თუ საავადმყოფოები! ემოციური მოშლილობა და დეპრესია აღარ წაართმევს ადამიანებს ბედნიერებას. ბავშვობას აღარასოდეს დააზიანებს დაავადებები. ადამიანები გამანადგურებელი სიბერიდან ახალგაზრდობას დაუბრუნდებიან (იობი 33:25). ჩვენ გამოვჯანმრთელდებით და ძალ-ღონით აღსავსენი გავხდებით. ყოველ დილით, გამოღვიძებისას, შევიგრძნობთ ძალის შემატებას და ჯან-ღონითა და ხალისით აღსავსენი შევუდგებით ცხოვრების ახალ დღესა და დამაკმაყოფილებელ სამუშაოს.
10. რა დავალებას შეასრულებენ ისინი, ვინც გადარჩება არმაგედონის დროს?
10 ვინც არმაგედონს გადაიტანს, მრავალი სასიამოვნო სამუშაოს შესრულება მოუწევს. ეს ადამიანები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ. გაწმენდილი იქნება ძველი, უწმინდური სისტემის ყოველგვარი კვალი. ჯურღმულებისა და გაჩანაგებული მიწების ადგილზე გაშენდება პარკები და ბაღები. ყველას ექნება საშუალება, გაიხაროს კეთილმოწყობილი და სიამოვნების მომგვრელი საცხოვრებლით (ესაია 65:21). დროთა განმავლობაში დედამიწაზე სამოთხის ტერიტორიები გაფართოვდება და შეუერთდება ერთმანეთს, სანამ მთელი პლანეტა არ გახდება სილამაზის იმ ნორმების შესატყვისი, რომლებიც შემოქმედმა დაადგინა ედემის ბაღში. როგორი დამაკმაყოფილებელი იქნება ამ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება!
11. როგორი ურთიერთობა ექნება ადამიანს მომავალში გარემოსა და ცხოველთა სამყაროსთან?
11 ყოველივე ეს შესრულდება ღმერთის ხელმძღვანელობით ისე, რომ გარემო არ დაზიანდება. ადამიანსა და ცხოველებს შორის იქნება მშვიდობიანი ურთიერთობა. მათი უმიზნოდ მოკვლის ნაცვლად, ადამიანი ხელახლა აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ განაგოს დედამიწა და კარგი მზრუნველობა გაუწიოს ცხოველებს. წარმოიდგინე, რომ მგლები და კრავები, ლომები და ხბოები ერთად ძოვენ — და შინაური ცხოველები სავსებით დაცული არიან. პატარა ბავშვსაც კი აღარ ექნება გარეული ცხოველების შიში და ახალი ქვეყნიერების მყუდროებას აღარასოდეს დაარღვევენ სასტიკი და ველური ადამიანები (ესაია 11:6–8). რა მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება იქნება!
გარდაქმნილი კაცობრიობა
12. როგორ სრულდება დღეს ესაიას 11:9 და როგორ შესრულდება ის სამოთხეში?
12 ესაიას 11:9 გვეუბნება, თუ რატომ არ ჩაიდენენ მავნებლობას მთელ დედამიწაზე. იქ ნათქვამია: „აივსება მიწა უფლის ცოდნით [იეჰოვას შემეცნებით, აქ], როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“. ეს ეხება ადამიანებს, ვინაიდან ცხოველებს არ შეუძლიათ შეიძინონ ‘იეჰოვას შემეცნება’ და შეიცვალონ, რადგან მათ ინსტინქტი მართავს. მაგრამ ჩვენი შემოქმედის შემეცნება ცვლის ადამიანს. უეჭველია, უკვე შენც შეიტანე რაიმე ცვლილება შენში იმის შედეგად, რომ ცხოვრებაში ღვთის შემეცნებას იყენებ. მილიონობით ადამიანი მოიქცა ასე. მაშასადამე, ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება მათზე, ვინც იეჰოვას ემსახურება. თუმცა ეს ასევე მიუთითებს იმ დროზე, როდესაც ადამიანები მთელ მსოფლიოში ცხოველურ და სასტიკ თვისებებს მოიცილებენ და მარადიულად მშვიდობიანები გახდებიან.
13. რა საგანმანათლებლო პროგრამა ჩატარდება დედამიწაზე?
13 რა დიდებული იქნება, როდესაც ღვთის შემეცნებით აივსება დედამიწა! ჩატარდება საყოველთაო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც უხელმძღვანელებენ მეფე იესო ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი. დაიწყება ახალი ‘წიგნების’ გამოყენება. როგორც ჩანს, ეს იქნება ღმერთის მიერ დაწერილი დარიგებები, რომლებსაც, როგორც საფუძველს, გამოიყენებენ დედამიწის მოსახლეობის განათლებისთვის (გამოცხადება 20:12). კაცობრიობა ისწავლის არა ომს, არამედ მშვიდობას. ყოველი გამანადგურებელი იარაღი სამუდამოდ გაქრება (ფსალმუნი 45:10). ახალი ქვეყნიერების მკვიდრთ ასწავლიან ერთმანეთისადმი სიყვარულით, პატივისცემითა და კეთილშობილებით მოპყრობას.
14. როგორ შეიცვლება ქვეყნიერება, როდესაც კაცობრიობა ერთ გაერთიანებულ ოჯახად გადაიქცევა?
14 კაცობრიობა გადაიქცევა ერთ გაერთიანებულ ოჯახად. იქ აღარ იქნება ერთობისა და ძმობის ხელშემშლელი ბარიერები (ფსალმუნი 132:1–3). არავის სახლს არ დასჭირდება საკეტები ქურდებისგან დასაცავად. მშვიდობა გამეფდება თითოეულის გულში, ყოველ სახლსა და დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში (მიქა 4:4).
სასიხარულო აღდგომა
15. რომელი ორი ჯგუფი იქნება აღდგენილი დედამიწაზე?
15 ათასწლიანი მეფობის დროს მოხდება აღდგომა. არ იქნება აღდგენილი ის, ვინც განზრახ ჩაიდინა ცოდვა ღვთის სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის წინაშე, იმით რომ მოუნანიებლად მოქმედებდა ამ ძალის გამოვლენის ან ხელმძღვანელი მითითებების საპირისპიროდ (მათე 23:15, 33; ებრაელთა 6:4–6). რა თქმა უნდა, ღმერთი წყვეტს, თუ ვინ შესცოდა სულიწმიდის წინაშე. მაგრამ აღდგენილი იქნება ორი განსხვავებული ჯგუფი — ‘მართლები და უკეთურები’ (საქმეები 24:15). რადგანაც მართებული თანმიმდევრობა იქნება, გონივრულია დავასკვნათ, რომ პირველად სიცოცხლეს დაუბრუნდებიან მართლები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას (ებრაელთა 11:35–39).
16. ა) ვინ იქნება აღდგენილ „მართალთა“ შორის დედამიწაზე? ბ) ძველი დროის რომელ ერთგულ პიროვნებებთან გსურს განსაკუთრებით შეხვედრა და რატომ?
16 იმის მაგივრად, რომ მოისმინონ ამბები ომების, სტიქიური უბედურებებისა და სიკვდილის შესახებ, იეჰოვას მსახურები მიიღებენ საოცარ ცნობებს აღდგომის შესახებ. გულის ამაჩუყებელი იქნება გაიგო, რომ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ ისეთი ერთგული მამაკაცები და ქალები, როგორიცაა: აბელი, ენოქი, ნოე, აბრაამი, სარა, იობი, მოსე, რახაბი, რუთი, დავითი, ელია, ესთერი. რა აღმაფრთოვანებელ ისტორიულ ფაქტებს მოგვაწვდიან ისინი, როდესაც ბიბლიაში მოცემულ მრავალ ცნობასთან დაკავშირებულ დამატებით მოვლენებს დაწვრილებით მოგვითხრობენ! უეჭველია, მათ და ამ ბოლო დროს გარდაცვლილ მართალ ადამიანებს მოუთმენელი სურვილი ექნებათ, გაიგონ სატანის სისტემის აღსასრულისა და იმის შესახებ, თუ როგორ წმინდაჰყო იეჰოვამ თავისი სახელი და გაამართლა თავისი უზენაესი ხელმწიფება.
17. როგორ დახმარებას გაუწევენ ერთგული ადამიანები აღდგენილებს?
17 რა შესანიშნავი დამხმარეები იქნებიან ეს ერთგული ადამიანები აღდგომის შემდგომი ფაზის დროს, როდესაც მილიარდობით ‘უკეთური’ გათავისუფლდება სიკვდილის ბორკილებისგან! კაცობრიობის უმრავლესობას არასოდეს ჰქონია იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა. სატანა ‘გონებას უბრმავებდა’ მათ (2 კორინთელთა 4:4). მაგრამ ეშმაკის საქმიანობა ამაო იქნება. უკეთური ადამიანები დაუბრუნდებიან ცხოვრებას შესანიშნავ და მშვიდობიან დედამიწაზე. მათ შეხვდებიან კარგად ორგანიზებული ადამიანები, რომ ასწავლონ მათ იეჰოვასა და მისი მმართველი ძის, იესო ქრისტეს შესახებ. დედამიწა არნახული მასშტაბით აივსება იეჰოვას შემეცნებით, რადგან მილიარდობით აღდგენილი ადამიანი შეიცნობს და შეიყვარებს შემოქმედს.
18. როგორ ფიქრობ: რას იგრძნობ, როდესაც შეხვდები აღდგენილ საყვარელ ადამიანებს?
18 რა ბედნიერებას მოუტანს აღდგომა ჩვენს გულებს! ვინ არ გააწამა ჩვენმა მტერმა, სიკვდილმა? სიმართლე რომ ვთქვათ, ვის არ უგრძნია უკიდურესი გულგატეხილობა, როდესაც სიყვარულის კვანძები და მეგობრული ურთიერთობა გაწყვიტა საყვარელი ადამიანის ავადმყოფობით, სიბერით, უბედური შემთხვევით ან ძალადობით გამოწვეულმა სიკვდილმა? ახლა წარმოიდგინე ის სიხარული, რომელსაც სამოთხეში მათთან შეხვედრა გამოიწვევს. დედები და მამები, ვაჟები და ქალიშვილები, მეგობრები და ნათესავები გადაეხვევიან ერთმანეთს სიცილითა და სიხარულის ცრემლებით.
და ბოლოს — სრულყოფილება!
19. რომელი სასწაული მოხდება ათასწლიანი მეფობის განმავლობაში?
19 ათასწლიანი მეფობის განმავლობაში შესანიშნავი სასწაული მოხდება. შესაძლოა, ეს კაცობრიობისთვის ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა იყოს. იეჰოვა უბრძანებს თავის ძეს, რომ ყოველი ერთგული და მორჩილი მამაკაცისა და ქალის მიმართ გამოიყენოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან გამომდინარე სარგებელი. ამის საშუალებით ყოველი ცოდვა ჩამოშორებული იქნება და კაცობრიობა მიაღწევს სრულყოფილებას (1 იოანე 2:2; გამოცხადება 21:1–4).
20. ა) რას ნიშნავს, იყო სრულყოფილი? ბ) როდის „გაცოცხლდებიან“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არმაგედონში გადარჩენილები და აღდგენილები?
20 სრულყოფილება! რას უნდა ნიშნავდეს ეს? ეს ნიშნავს, დაუბრუნდე იმ სიცოცხლეს, რომელსაც ადამი და ევა შეხაროდნენ იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენამდე. ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად, მორალურად, სულიერად — ყოველმხრივ, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება — სრულყოფილი ადამიანები ღვთის ნორმების შესატყვისად იცხოვრებენ. მაგრამ იმ დროს იქნება თუ არა ყველა ადამიანი ერთგვარი? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვას ქმნილებები — ხეები, ყვავილები, ცხოველები — ყოველივე ეს გვასწავლის, რომ ღმერთს უყვარს მრავალფეროვნება. სრულყოფილ ადამიანებს ექნებათ ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნული თვისებები და უნარი. ყოველი ადამიანი გაიხარებს სიცოცხლით ისე, როგორც ღმერთს აქვს გათვალისწინებული. გამოცხადების 20:5 ამბობს: „სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი“. როგორც უამრავი ხალხი, რომელიც გადაიტანს არმაგედონს, ასევე აღდგენილებიც სრულიად „გაცოცხლდებიან“, როდესაც მიაღწევენ სრულყოფილებას და იქნებიან უცოდველები.
21. ა) რა მოხდება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს? ბ) რა დაემართებათ საბოლოოდ სატანასა და მათ, ვინც მის მხარეზე იქნება?
21 სრულყოფილი ადამიანები საბოლოო გამოცდას დაექვემდებარებიან. ათასწლიანი მეფობის დასასრულს სატანასა და მის დემონებს გაათავისუფლებენ უფსკრულიდან მოკლე დროით და ნებას მისცემენ, საბოლოო ზეგავლენა მოახდინონ ადამიანებზე, რომ ზურგი შეაქცევინონ იეჰოვასთვის. ზოგიერთი ადამიანი ღმერთის სიყვარულზე წინ არასწორ სურვილებს დააყენებს, მაგრამ ეს აჯანყება მალე იქნება ჩახშობილი. იეჰოვა იმ ეგოისტ ადამიანებს სატანასა და ყველა მის დემონთან ერთად დასჯის. მაშინ ყველა ბოროტმოქმედი სამარადისოდ გაქრება (გამოცხადება 20:7–10).
რას გააკეთებ?
22. რის გაკეთებას მოელი მოუთმენლად სამოთხეში?
22 ვისაც ეყვარება იეჰოვა ღმერთი და იცხოვრებს სამოთხეში, დედამიწაზე, მოელის მარადიულობა. ძნელია, წარმოიდგინო იმ ადამიანების სიხარული, მაგრამ შენც შეგიძლია ეზიარო ამას. სრულყოფილი ადამიანების მიღწევები მუსიკაში, ხელოვნებასა და ხელოსნობაში აჯობებს ძველი ქვეყნიერების უდიდეს ხელოვანთა საუკეთესო შედევრებს! ყოველივე ამასთან ერთად, ადამიანები სრულყოფილები იქნებიან და მათ წინაშე იქნება განუსაზღვრელი დრო. წარმოიდგინე, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებ, როგორც სრულყოფილი ადამიანი. აგრეთვე, იფიქრე: რამდენ რამეს ისწავლით შენ და შენი მეგობრები იეჰოვას ქმნილებების შესახებ — სამყაროში არსებული მილიარდობით გალაქტიკებით დაწყებული და პაწაწინა ელემენტარული ნაწილაკებით დამთავრებული. ყოველივე, რასაც კაცობრიობა მიაღწევს, გაახარებს ჩვენი მოყვარული ზეციერი მამის, იეჰოვას გულს (ფსალმუნი 150:1–6).
23. რატომ არ იქნება მოსაბეზრებელი სამოთხეში ცხოვრება?
23 იმ დროს ცხოვრება არ იქნება მოსაბეზრებელი. რაც დრო გავა, ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო გახდება. როგორც იცი, ღვთის შემეცნებას არა აქვს დასასრული (რომაელთა 11:33). მარადიულობის განმავლობაში ყოველთვის მრავალი რამ იქნება, რაც უნდა ვისწავლოთ და იქნება ახალი ჰორიზონტები, რომლებიც უნდა გამოვიკვლიოთ (ეკლესიასტე 3:11). და რადგან გააგრძელებ სწავლას იეჰოვა ღმერთის შესახებ, შენ გაგიხანგრძლივდება სიცოცხლე არა რამდენიმე წლით, არამედ მარადიულად (ფსალმუნი 21:27).
24, 25. რატომ უნდა იცხოვრო ახლა ღვთის შემეცნებასთან შეთანხმებულად?
24 ნუთუ არ ღირს ნებისმიერ ძალისხმევად ან მსხვერპლად, ეს სასიამოვნო მომავალი სამოთხეში, დედამიწაზე? რა თქმა უნდა, ღირს! იეჰოვამ შემოგთავაზა გასაღები ამ დიდებული მომავლისთვის. ეს გასაღები არის ღვთის შემეცნება. გამოიყენებ თუ არა მას?
25 თუ გიყვარს იეჰოვა, შენ სიამოვნებას ჰპოვებ მისი ნების შესრულებაში (1 იოანე 5:3). მრავალი კურთხევა გექნება, თუ ასე გააგრძელებ! თუ იყენებ ღვთის შემეცნებას, მას შეუძლია მოგიტანოს უფრო ბედნიერი ცხოვრება დღესაც, ამ პრობლემებით აღსავსე ქვეყნიერებაში. და მომავალშიც სხვადასხვა საუცხოო ძღვენი იქნება, ვინაიდან ეს არის მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება! ახლა უკვე დროა, რომ იმოქმედო. იყავი გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ იცხოვრო ღვთის შემეცნების თანახმად. გამოავლინე შენი სიყვარული იეჰოვას მიმართ. პატივი ეცი მის წმინდა სახელს და დაამტკიცე, რომ სატანა მატყუარაა. იეჰოვა ღმერთი კი, ჭეშმარიტი სიბრძნისა და შემეცნების წყარო, გაიხარებს შენით თავისი სიყვარულით აღსავსე დიდებული გულით (იერემია 31:2; სოფონია 3:17). და მას მარადიულად ეყვარები!
შეამოწმე შენი ცოდნა
რა არის ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’?
რა მოხდება დედამიწაზე არმაგედონის შემდეგ?
ვინ იქნება აღდგენილი დედამიწაზე?
როგორ გასრულყოფილდება კაცობრიობა დაროგორ გამოიცდება საბოლოოდ?
რა იმედებს ამყარებ სამოთხესთან დაკავშირებით პირადად შენ?
[სურათი 188, 189 გვერდებზე]
იმედოვნებ თუ არა, რომ იცხოვრებ სამოთხეში, როდესაც ღვთის შემეცნებით აივსება დედამიწა?