იხარეთ სინათლეში მავალნო
„მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!“ (ესაია 2:5).
1, 2. ა) რამდენად მნიშვნელოვანია სინათლე? ბ) რატომ არის ასე სერიოზული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დედამიწას წყვდიადი მოიცავს?
იეჰოვა სინათლის წყაროა. ბიბლიაში მას ეწოდება „უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად“ (იერემია 31:34; ფსალმუნი 8:4). ის არის ჩვენი მზის შემოქმედი, რომელიც, ფაქტობრივად, უშველებელი ბირთვული ღუმელია, საიდანაც სივრცეში უზარმაზარი ენერგია ვრცელდება; ენერგიის ნაწილი სინათლისა და სითბოს სახით გამოიყოფა. ჩვენამდე ამ ენერგიის ძალიან მცირე რაოდენობა აღწევს მზის სინათლის სახით; სწორედ ამის წყალობით არის შესაძლებელი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა. მზის სინათლის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. დედამიწაზე სიცოცხლე ნებისმიერი არსებისთვის შეუძლებელი იქნებოდა.
2 თუ ამ ფაქტს მხედველობაში მივიღებთ, ჩვენთვის გასაგები იქნება იმ მდგომარეობის სერიოზულობა, რომელიც წინასწარმეტყველმა ესაიამ აღწერა. მან თქვა: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“ (ესაია 60:2). ცხადია, აქ მოხსენიებულ წყვდიადს პირდაპირი მნიშვნელობით არ მოუცავს ქვეყანა. ესაიას მხედველობაში ის არ ჰქონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მზე, მთვარე და ვარსკვლავები შუქს აღარ გამოსცემდნენ (ფსალმუნი 88:37, 38; 135:7—9). არა, აქ ის სულიერ წყვდიადზე ლაპარაკობდა. სულიერი წყვდიადი კი მომაკვდინებელია. საბოლოო ჯამში, სულიერი სინათლის გარეშე ისევე ვერ ვიარსებებთ, როგორც — ფიზიკურის (ლუკა 1:79).
3. რა უნდა ვაკეთოთ ქრისტიანებმა, თუ მხედველობაში მივიღებთ ესაიას სიტყვებს?
3 როდესაც გვესმის ყოველივე ეს, ძალზე სერიოზულად უნდა მივუდგეთ ესაიას სიტყვებს, რადგან, თუმცა ეს წინასწარმეტყველება ძველ იუდაზე შესრულდა, ის დიდი მასშტაბით დღეს სრულდება. დიახ, დღეს წუთისოფელი სულიერ წყვდიადშია გახვეული. ასეთ საშიშ მდგომარეობაში სულიერი სინათლე უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომაც ქრისტიანებმა ყურად უნდა იღონ იესოს მოწოდება: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე“ (მათე 5:16). ერთგული ქრისტიანები წყვდიადს უნათებენ თვინიერ ადამიანებს, რითაც ამ უკანასკნელთ სიცოცხლის მოპოვების საშუალებას აძლევენ (იოანე 8:12).
წყვდიადით მოცული პერიოდი ისრაელში
4. როდის შესრულდა პირველად ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები, მაგრამ თვით მის დღეებში უკვე როგორი სიტუაცია იყო ქვეყანაში?
4 დედამიწაზე დასადგურებული წყვდიადის შესახებ ესაიას სიტყვები პირველად იუდას გაპარტახებისას და იუდაელების ბაბილონში ტყვედ წაყვანისას შესრულდა. მაგრამ იუდაელთა უმეტესობა მანამდეც, ესაიას დღეებში, სულიერ წყვდიადში იყო, რამაც წინასწარმეტყველი აღძრა, თანამემამულეთათვის მოეწოდებინა: „ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ“ (ესაია 2:5; 5:20).
5, 6. ესაიას დღეებში რა ფაქტორები უწყობდა ხელს წყვდიადის არსებობას?
5 ესაია იუდაში „იუდას მეფეების — ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს“ წინასწარმეტყველებდა (ესაია 1:1). ეს იყო დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის, რელიგიური თვალთმაქცობის, მსაჯულთა მექრთამეობისა და უბრალო ხალხის ჩაგვრის მშფოთვარე დღეები. ღვთის თვით ისეთ ერთგულ მეფეთა დროსაც კი, როგორიც იყო მაგალითად იოთამი, არ უქმდებოდა გორაკებზე ცრუ ღმერთების სამსხვერპლოები. ორგულ მეფეთა დროს მდგომარეობა უარესი იყო. ბოროტმა მეფე ახაზმა იმდენად ღრმად შეტოპა, რომ საკუთარი შვილიც კი შესწირა მსხვერპლად ღვთაება მოლოქს. ქვეყანა ნამდვილად წყვდიადით იყო მოცული! (მეოთხე მეფეთა 15:32—34; 16:2—4).
6 საერთაშორისო მდგომარეობაც წყვდიადით მოცული იყო. მოაბელები, ედომელები და ფილისტიმელები ავისმომასწავებლად იდგნენ იუდას საზღვრებთან. ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო, თუმცა მის სისხლს და ხორცს წარმოადგენდა, დაუძინებელ მტერთა შორის იყო. უფრო შორეული ქვეყანაც, ჩრდილოეთით მდებარე არამიც, ემუქრებოდა იუდას უსაფრთხოებას. ყველაზე საშიში კი სასტიკი დამპყრობელი, აშური, იყო, რომელიც ყოველთვის ეძებდა სხვა ქვეყნებზე გაბატონების საშუალებებს. ესაიას წინასწარმეტყველების პერიოდში აშურმა ისრაელი დაიპყრო და თითქმის მთლიანად ააოხრა იუდა. ერთხანს იერუსალიმის გარდა იუდას ყველა ციხე-ქალაქი მის ძალაუფლებაში იყო (ესაია 1:7, 8; 36:1).
7. რა გზით სიარული არჩიეს ისრაელმა და იუდამ და როგორი იყო ამაზე იეჰოვას რეაქცია?
7 ღმერთთან კავშირში მყოფი ხალხი ასე ძლიერ იმიტომ იტანჯებოდა, რომ ისრაელი და იუდა არ იყვნენ იეჰოვას ერთგულები. იგავნის წიგნში მოხსენიებულთა მსგავსად, ‘ისინი ტოვებდნენ სწორ გზას, რათა ბნელი გზით ევლოთ’ (იგავნი 2:13). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა გაბრაზებული იყო თავის ხალხზე, სულ არ მიუტოვებია ისინი. მათ უგზავნიდა ესაიასა და სხვა წინასწარმეტყველებს, რომლებიც იეჰოვასთვის ერთგულად მსახურების მსურველ ადამიანებს სულიერი სინათლით უზრუნველყოფდნენ. მართლაც, რა ძვირფასი იყო ეს სინათლე. ამ სინათლეს მათთვის სიცოცხლის მიცემა შეეძლო.
წყვდიადით მოცული პერიოდი დღეს
8, 9. დღეს რა ფაქტორები უწყობს ხელს წუთისოფლის წყვდიადით მოცვას?
8 ესაიას დღეებში შექმნილი მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ჩვენს დროში შექმნილ მდგომარეობას. ჩვენს დროში ადამიანთა წინამძღოლებმა ზურგი აქციეს იეჰოვას და მის მიერ გამეფებულ იესო ქრისტეს (ფსალმუნი 2:2, 3). ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები თავგზას უბნევენ თავიანთ სამწყსოს. ისინი აცხადებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში მათი უმეტესობა პირველ ადგილზე აყენებს წუთისოფლის ღვთაებებს — ნაციონალიზმს, მილიტარიზმს, სიმდიდრესა და გამოჩენილ ადამიანებს — რომ არაფერი ვთქვათ წარმართულ სწავლებებზე.
9 მსოფლიოს ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში ქრისტიანული სამყაროს რელიგიები ერევიან ომებსა და სამოქალაქო კონფლიქტებში, რომლებისთვისაც ეთნიკური წმენდა და სხვა საშინელებანია დამახასიათებელი. უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ ბიბლიურ მორალს იცავდნენ, მრავალი ეკლესია თვალს ხუჭავს ან აქტიურად უწყობს ხელს ისეთ უზნეო მოქმედებებს, როგორებიცაა მრუშობა და ჰომოსექსუალიზმი. ბიბლიური ნორმების ამგვარად უგულებელყოფის შედეგად ქრისტიანული სამყაროს სამწყსო იმ ადამიანთა მდგომარეობაშია, რომლებზეც ფსალმუნმომღერალი ლაპარაკობდა: „არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან“ (ფსალმუნი 81:5). დიახ, ქრისტიანული სამყარო, ძველ იუდასავით, სულიერი წყვდიადით არის გარემოცული (გამოცხადება 8:12).
10. როგორ ანათებს სინათლე დღევანდელ წყვდიადში და რა სარგებლობა მოაქვს ამას თვინიერთათვის?
10 ამ წყვდიადს იეჰოვა ანათებს თვინიერთა გადასარჩენად. ამისათვის კი ის „ერთგულ და გონიერ მონას“ იყენებს, რომელიც ‘ანათებს, როგორც მნათობი’ (მათე 24:45; ფილიპელთა 2:15). ეს მონის კლასი, რომელსაც „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელი მილიონობით თანამსახური უჭერს მხარს, ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მომდინარე სულიერ სინათლეს ირეკლავს (იოანე 10:16). უკუნით მოცულ წუთისოფელში ეს სინათლე იმედს აძლევს თავმდაბალ ადამიანებს, ეხმარება ღმერთთან ურთიერთობის დამყარებაში და იცავს მათ სულიერი მახეებისგან. ის ძვირფასი, სიცოცხლის მომცემია.
„შენ გადიდებ“
11. რა გააცხადა იეჰოვამ ესაიას დღეებში?
11 რა ხელმძღვანელობა გაუწია იეჰოვამ თავის ხალხს წყვიდიადით მოცულ ესაიას დღეებში და ბაბილონის ტყვეობაში წაყვანის შემდეგ კიდევ უფრო მეტი წყვდიადით მოცულ დღეებში? ზნეობრივი ხელმძღვანელობის გაწევის გარდა, მან წინასწარ გააცხადა, თუ როგორ შეასრულებდა თავისი ხალხის მიმართ თავის განზრახვას. განვიხილოთ, მაგალითად, შესანიშნავი წინასწარმეტყველებები, რომლებიც ესაიას 25—27 თავებშია ჩაწერილი. ეს წინასწარმეტყველებები დაგვანახვებს, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა მაშინ და როგორ მოქმედებს დღეს.
12. რა სიტყვები წარმოთქვა ესაიამ გულწრფელად?
12 დასაწყისში ესაია აცხადებს: „უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ“. რა გულწრფელად განადიდებს ის იეჰოვას! რამ აღძრა წინასწარმეტყველი ასეთი ლოცვის წარმოსათქმელად? ძირითადი მიზეზი მუხლის შემდეგ ნაწილშია მოცემული, სადაც ვკითხულობთ: «რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი — ძველი განგებანი [„აღასრულე ძველი დროის ჩანაფიქრნი“, აქ], მტკიცე და სარწმუნო» (ესაია 25:1).
13. ა) რის ცოდნა აძლიერებდა ესაიას მადლიერების გრძნობას იეჰოვასადმი? ბ) როგორ შეგვიძლია ესაიას მაგალითი გაკვეთილად გამოვიყენოთ?
13 ესაიას დღეებამდე იეჰოვას ისრაელისთვის ბევრი შესანიშნავი რამ ჰქონდა გაკეთებული და ყოველივე ეს წერილობით იყო შემონახული. წინასწარმეტყველი, ცხადია, გაცნობილი იყო ამ ჩანაწერებთან. მაგალითად, მან იცოდა, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან იხსნა და მეწამულ ზღვასთან ფარაონის ჯარის რისხვას გადაარჩინა; იცოდა, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი უდაბნოს გავლით აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანა (ფსალმუნი 135:1, 10—26). ასეთი ისტორიული ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ იეჰოვა ღმერთი მტკიცე და სანდო იყო. მან თავისი „ჩანაფიქრნი“ — თავისი ყოველი განზრახვა — განახორციელა. ღვთის მიერ მიწოდებული ასეთი ზუსტი შემეცნება სიმტკიცეს მატებდა ესაიას, რათა ღვთის სინათლეში განეგრძო სიარული. ამგვარად, მან შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. თუ გულდასმით ვიკვლევთ და ცხოვრებაში ვიყენებთ ღვთის წერილობით სიტყვას, ჩვენც შევძლებთ ამ სინათლეში დარჩენას (ფსალმუნი 118:105; 2 კორინთელთა 4:6).
ქალაქი დაინგრა
14. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ქალაქის შესახებ და, როგორც ჩანს, რომელი ქალაქი იყო ეს?
14 ღვთის ერთ-ერთი ჩანაფიქრის შესახებ ესაიას 25:2-ში ვკითხულობთ: „ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი — ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება“. რა ქალაქია ეს? როგორც ჩანს, ესაია ბაბილონის შესახებ წინასწარმეტყველებდა. მართლაც დადგა ის დღე, როდესაც ბაბილონი მხოლოდ ქვის ყორედ იქცა.
15. რომელი „დიდი ქალაქი“ არსებობს დღეს და რა დაემართება მას?
15 აქვს თუ არა ესაიას მიერ მოხსენიებულ ქალაქს თანამედროვე ანალოგი? დიახ. წიგნი „გამოცხადება“ ლაპარაკობს „დიდი ქალაქის“ შესახებ, „რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე“ (გამოცხადება 17:18). ეს დიდი ქალაქი არის „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია (გამოცხადება 17:5). დღეს დიდი ბაბილონის უმთავრეს ნაწილს ქრისტიანული სამყარო წარმოადგენს, რომლის სამღვდელოებაც ღვთის სამეფოს შესახებ იეჰოვას ხალხის სამქადაგებლო საქმიანობის ძირითადი მოწინააღმდეგეა (მათე 24:14). მაგრამ ძველი ბაბილონის მსგავსად, დიდი ბაბილონიც სულ მალე განადგურდება და აღარასოდეს აღორძინდება.
16, 17. როგორ განადიდებდნენ იეჰოვას თავისი მტრები როგორც წარსულში, ისე ჩვენს დღეებშიც?
16 კიდევ რას წინასწარმეტყველებს ესაია ამ დიდი ქალაქის შესახებ? ესაია იეჰოვას მიმართავს და ამბობს: „მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი“ (ესაია 25:3). როგორ მოხდება, რომ ეს მტრულად განწყობილი „მტარვალთა ქალაქი“ მოწიწებით ახსენებს იეჰოვას? გაიხსენეთ, რა მოუვიდა ბაბილონის ძლიერ მეფეს, ნაბუქოდონოსორს. გამომაფხიზლებელი შემთხვევის შემდეგ, რომელმაც მეფის უმწეობა ნათელყო, ნაბუქოდონოსორი იძულებული გახდა, ეღიარებინა იეჰოვას დიდებულება და მისი ყოვლისშემძლეობა (დანიელი 4:31, 32). როდესაც იეჰოვა ძალას ავლენს, მისი მტრებიც კი იძულებული არიან, არცთუ ისე დიდი სიხარულით, მაგრამ მაინც აღიარონ მისი ძლევამოსილი საქმეები.
17 დიდი ბაბილონი იძულებული იყო თუ არა ოდესმე ეღიარებინა იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები? დიახ, იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს, იეჰოვას ცხებული მსახურები დიდ გასაჭირში იყვნენ, მაგრამ მაინც ქადაგებდნენ. 1918 წელს ისინი სულიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ, როცა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელი პირები დაპატიმრებულ იქნენ. ორგანიზებულად ქადაგება, ფაქტობრივად, შეწყდა. 1919 წელს იეჰოვამ აღადგინა ისინი და თავისი სულით კვლავ ძალები შემატა, რის შემდეგაც მთელ დასახლებულ დედამიწაზე ყველასთვის კეთილი ცნობის ქადაგების დავალების შესრულებას შეუდგნენ (მარკოზი 13:10). ყოველივე ამის და აგრეთვე იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ღვთის ხალხის მტრებზე, ნაწინასწარმეტყველები იყო წიგნ „გამოცხადებაში“. ისინი „შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ (გამოცხადება 11:3, 7, 11—13). ამ მტრებიდან ყველა კი არ მოქცეულა, არამედ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ისინი იძულებული გახდნენ, ამ შემთხვევაში ეღიარებინათ იეჰოვას ძლევამოსილი საქმეები.
„საპყართა სიმტკიცე“
18, 19. ა) რატომ ვერ მოახერხეს მოწინააღმდეგეებმა იეჰოვას ხალხის უმწიკვლობის შელახვა? ბ) როგორ ‘დაითრგუნება მტარვალთა სიმღერა’?
18 ესაია ახლა ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმ კეთილ საქმეებზე, რომელთაც იეჰოვა სინათლეში მავალთ უკეთებს, და მიმართავს მას: „შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია, როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა“ (ესაია 25:4, 5).
19 1919 წლიდან მოყოლებული, ‘მტარვალები’ ყველაფერს აკეთებდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა უმწიკვლობის შესალახავად, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვაა თავისი ხალხის სიმტკიცე და თავშესაფარი. ის ჩრდილს ჰფენს მათ დევნის პაპანებაში და მტკიცე კედელივით არის აღმართული წინააღმდეგობის ქარიშხლისას. ჩვენ, ვინც ღვთის სინათლეში დავდივართ, დიდი რწმენით ველოდებით იმ დროს, როდესაც ‘დაითრგუნება მტარვალთა სიმღერა’. დიახ, ჩვენ სულითა და გულით მოველით იმ დროს, როდესაც იეჰოვას მტრები მოისპობიან.
20, 21. რა ნადიმს მართავს იეჰოვა დღეს და რა შევა ამ ნადიმში ახალ ქვეყნიერებაში?
20 იეჰოვა თავისი ხალხის მხოლოდ დამცველი როდია, ის მოსიყვარულე მამასავით ზრუნავს მათზე. 1919 წელს, დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან გამარჯვების ნადიმი გამართა და უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყო ისინი. ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 25:6-ში: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“. რა დიდი კურთხევაა ჩვენთვის ამ ნადიმში მონაწილეობა! (მათე 4:4). ‘უფლის სუფრა’ კარგი საკვების სიუხვით მართლაც რომ იზნიქება (1 კორინთელთა 10:21). „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვეძლევა ყველაფერი, რაც სულიერი საქმიანობისთვის გვჭირდება.
21 სხვა რამეც შეიძლება აღინიშნოს ღვთის მიერ გამართულ ნადიმთან დაკავშირებით; სულიერი ნადიმი, რომლითაც დღეს ვხარობთ, შეგვახსენებს ფიზიკური საზრდოს სიუხვესაც, რომელიც ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში იქნება. მაშინ ‘მსუყე კერძებით გამართულ ნადიმში’ ფიზიკური საკვების სიუხვეც შევა. არც ფიზიკური და არც სულიერი გაგებით, აღარავინ იქნება მშიერი. რა დიდი შვება იქნება ეს ჩვენი საყვარელი თანამორწმუნეებისთვის, რომლებიც დღეს იმ ნაწინასწარმეტყველები „შიმშილის“ გამო იტანჯებიან, რომელიც იესოს თანდასწრების „ნიშნის“ ნაწილია! (მათე 24:3, 7). მათთვის ნამდვილად მანუგეშებელია ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).
22, 23. ა) რა „საბურველი“ და „საფარველი“ გაუქმდება და როგორ? ბ) როგორ ‘წარიხოცება იეჰოვას ერის სირცხვილი’?
22 ახლა ყურადღება მივაქციოთ უფრო მნიშვნელოვან აღთქმას. ესაია ცოდვასა და სიკვდილს „საბურველსა“ და „საფარველს“ ადარებს და ამბობს: „გააუქმებს [იეჰოვა] ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ“ (ესაია 25:7). აბა დაფიქრდით! აღარ იარსებებს ცოდვა და სიკვდილი, რომლებიც მხუთავი საფარველივით აფარია კაცობრიობას. რა ძლიერ გვწადია იმ დღის დადგომა, როდესაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი სრულად იქნება გამოყენებული ღვთის მორჩილი და ერთგული ადამიანებისათვის (გამოცხადება 21:3, 4)!
23 ამ შესანიშნავი დროის შესახებ საუბრისას წინასწარმეტყველი ღვთის შთაგონებით აღგვითქვამს: „[ღმერთი] შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 25:8). არავინ მოკვდება თუნდაც ბუნებრივი სიკვდილით და არც არავინ იგლოვებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო. რა დიდი კურთხევა იქნება ასეთი ცვლილება! გარდა ამისა, დედამიწაზე აღარსად გაისმება ის შეურაცხმყოფელი სიტყვები და ცრუ პროპაგანდა, რომელსაც ღვთის მსახურები ამდენი ხნის განმავლობაში ითმენენ. რატომ? მიზეზი ის იქნება, რომ იეჰოვა ყოველივე ამის გამომწვევს — სიცრუის მამას, სატანა ეშმაკს — მის თესლთან ერთად გაანადგურებს (იოანე 8:44).
24. როგორ ეხმაურებიან სინათლეში მავალნი იეჰოვას მიერ მათ სასარგებლოდ გაკეთებულ ძლევამოსილ საქმეებს?
24 იეჰოვას ძალის ამგვარად გამოვლინებაზე დაფიქრების შემდეგ სინათლეში მავალი ხალხი აღძრულია, შესძახოს: „აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!“ (ესაია 25:9). მალე გულმართალ ადამიანებს უეჭველად ექნებათ იმის საფუძველი, რომ გაიხარონ. წყვდიადი მთლიანად გაიფანტება და ერთგულები მთელი მარადიულობის განმავლობაში იეჰოვას სინათლეში იქნებიან. განა არსებობს ამაზე დიდებული იმედი? რა თქმა უნდა, არა!
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი სინათლეში სიარული?
• რატომ განადიდებდა ესაია იეჰოვას სახელს?
• რატომ ვეღარ შელახავენ მტრები იეჰოვას ხალხის უმწიკვლობას?
• რა უხვი კურთხევები ელოდება მათ, ვინც სინათლეში დადის?
[სურათი 12, 13 გვერდებზე]
იუდას მკვიდრნი ბავშვებს მოლოქს სწირავდნენ.
[სურათები 15 გვერდზე]
იეჰოვას დიდებული საქმეების ცოდნამ ესაია იეჰოვას სახელის განსადიდებლად აღძრა.
[სურათი 16 გვერდზე]
მართალნი მარადიულად იეჰოვას სინათლეში იქნებიან.