არ არის მშვიდობა ცრუ მაცნეებისთვის!
„ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან. . . თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:9, 11).
1. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ‘ბოლო ჟამისას’ იქნებიან როგორც ცრუ, ასევე ჭეშმარიტი მაცნეები?
მაცნეები — ცრუ თუ ჭეშმარიტი? ბიბლიის წერის დროს იყვნენ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ცრუ მაცნეები. მაგრამ არიან თუ არა ისინი დღეს? დანიელის 12:9, 10-ში ვკითხულობთ, რომ ზეციერმა მაცნემ ღვთის წინასწარმეტყველს უთხრა: „ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“. ჩვენ ახლა სწორედ ‘ბოლო ჟამს’ ვცხოვრობთ. ვხედავთ თუ არა მკვეთრ განსხვავებას ‘ბოროტეულებსა’ და ‘გონიერებს’ შორის? რასაკვირველია, ვხედავთ!
2. როგორ სრულდება დღეს ესაიას 57:20, 21?
2 ესაიას 57-ე თავის მე-20 და 21-ე მუხლებში ვკითხულობთ ღვთის მაცნის, ესაიას სიტყვებს: „ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს. არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის“. როგორ სათანადოდ ასახავს ეს სიტყვები ამ წუთისოფელს, რომელიც 21-ე საუკუნეს უახლოვდება! ზოგი კითხვასაც სვამს: „მივაღწევთ თუ არა ოდესმე იმ საუკუნეს?“ რას გვეუბნებიან გონიერი მაცნეები?
3. ა) რა კონტრასტია ნაჩვენები 1 იოანეს 5:19-ში? ბ) როგორ არიან აღწერილი „გონიერნი“ გამოცხადების მე-7 თავში?
3 იოანე მოციქულს ღვთიური შთაგონებით ჰქონდა გონიერება. პირველი იოანეს 5:19-ში ნათქვამია: «ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს». ამ წუთისოფლის საპირისპიროდ, არის 144 000 სულიერი ისრაელი, რომელთაგან ხანდაზმულთა დარჩენილი ნაწილი დღეს ჩვენს შორის არიან. დღეს მათ უერთდება „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, რომელთა რიცხვი ხუთ მილიონზე მეტია და ასევე მათაც აქვთ გონიერება. „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“. რატომ უნდა დაჯილდოვდნენ ისინი? მათაც „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ რწმენის გამოვლენით. როგორც სინათლის მაცნეები, ისინიც „ემსახურებიან მას [ღმერთს] დღე და ღამე“ (გამოცხადება 7:4, 9, 14, 15).
ეგრეთ წოდებული მშვიდობის მაცნეები
4. ა) რატომ არიან სატანის წუთისოფლის ეგრეთ წოდებული მშვიდობის მაცნეები დამარცხებისთვის გაწირულნი? ბ) როგორ გამოიყენება დღეს ეფესელთა 4:18, 19?
4 მაგრამ რა შეიძლება ითქვას სატანის მსოფლიო სისტემაში ეგრეთ წოდებულ მშვიდობის მაცნეებზე? ესაიას 33-ე თავის მე-7 მუხლში ვკითხულობთ: «აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის მოციქულნი [„მაცნეები“, აქ] მწარედ ატირდებიან». როგორი ჭეშმარიტია ეს სიტყვები მათზე, რომლებიც წინ და უკან დარბიან ციებ-ცხელებით შეპყრობილნი მსოფლიოს ერთი დედაქალაქიდან მეორეში და თავიანთი ძალებით ცდილობენ, დაამყარონ მშვიდობა! რა ამაოა! რატომ? იმიტომ რომ ისინი ებრძვიან წუთისოფლის დაავადებების სიმპტომებს, იმის ნაცვლად, რომ მიხედონ დაავადებების ფესვებს. უპირველესად, ისინი ბრმები არიან სატანის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც პავლე მოციქულმა აღწერა, როგორც ‘წუთისოფლის ღმერთი’ (2 კორინთელთა 4:4). სატანამ ბოროტების თესლი ჩათესა ადამიანებში, რის შედეგადაც უმრავლესობას, მათ შორის მმართველებსაც, ეფესელთა 4:18, 19-ში მოცემული აღწერილობა შეეფერება: „გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით“.
5. ა) რატომ ვერ ამყარებენ ადამიანთა ორგანიზაციები მშვიდობას? ბ) რა მანუგეშებელ ცნობას შეიცავს 36-ე ფსალმუნი?
5 არასრულყოფილ ადამიანთა არც ერთ ორგანიზაციას არ შეუძლია ამოძირკვოს ადამიანის გულიდან სიხარბე, ეგოიზმი და სიძულვილი, რაც ასე გავრცელებულია დღეს. მხოლოდ ჩვენს შემოქმედს, უზენაეს უფალ იეჰოვას, შესწევს საამისო ძალა! გარდა ამისა, კაცობრიობაში უმცირესობას, მხოლოდ თავმდაბლებს, სურთ მისი ხელმძღვანელობისადმი მორჩილება. რასაც ეს თავმდაბლები და, მათგან განსხვავებით, წუთისოფლის ბოროტეულები იმკიან, დაპირისპირებულია ფსალმუნის 36:9–11-ში: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“.
6, 7. რომელი ჩანაწერები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს რელიგიებმა ვერ შეძლეს, ყოფილიყვნენ მშვიდობის მაცნეები?
6 შესაძლებელია კი მშვიდობის მაცნეების ნახვა ამ დაავადებული წუთისოფლის რელიგიებში? რა ჩაიწერა ისტორიის ფურცლებზე დღემდე რელიგიის შესახებ? ისტორია ცხადყოფს, რომ რელიგია მონაწილეობდა, დიახ, საუკუნეების განმავლობაში მრავალი სისხლის ღვრის წამქეზებელიც კი იყო. მაგალითად, „ქრისტიანული საუკუნის“ (The Christian Century) 1995 წლის 30 აგვისტოს კვირის გამოცემა იუწყებოდა ყოფილი იუგოსლავიის მშფოთვარების შესახებ: „ბოსნიას აკონტროლებენ სერბები, მღვდლები თავიანთი ყაიდის პარლამენტის პირველ რიგებშიც სხედან და ფრონტის მოწინავე ხაზზეც არიან, სადაც სამხედრო გაერთიანებებსა და თვით საბრძოლო იარაღსაც ბრძოლის წინ აკურთხებენ“.
7 ქრისტიანული სამყაროს მისიონერული საქმიანობის საუკუნემ აფრიკაში ვერაფერი შეცვალა უკეთესობისკენ და ამის მაგალითს წარმოადგენს რუანდა, ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი კათოლიკეა. 1995 წლის 7 ივლისის „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იუწყებოდა: «„გოლია“, კათოლიკური მრევლისთვის განკუთვნილი ლიბერალური ჟურნალი, რომელიც ლიონში (საფრანგეთი) იბეჭდება, გეგმავს, ამხილოს 27-ზე მეტი რუანდელი მღვდელი და ოთხი მონაზონი, რომლებიც, როგორც თვითონ ჟურნალი აღნიშნავს, გასულ წელს ან პირადად სჩადიოდნენ მკვლელობებს, ან სხვებს აქეზებდნენ მკვლელობისკენ». „აფრიკის უფლებები“ (ადამიანის უფლებების ორგანიზაცია ლონდონში) აღნიშნავდა: „ეკლესიებმა პასუხი უნდა აგონ მდუმარებისთვის და აგრეთვე გენოციდში მღვდლების, პასტორებისა და მონაზვნების აქტიური მონაწილეობისთვის“. ეს ჰგავს სიტუაციას ისრაელში, როდესაც იეჰოვას ჭეშმარიტმა მაცნემ, იერემიამ, აღწერა ისრაელის ‘სირცხვილი’ მმართველებთან, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებთან ერთად და დაამატა: „შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი“ (იერემია 2:26, 34).
8. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იერემია მშვიდობის მაცნე იყო?
8 იერემიას ხშირად დაღუპვის მაცნეს უწოდებდნენ, მაგრამ მას აგრეთვე შეიძლება ეწოდოს ღვთის მშვიდობის მაცნე. იერემიაც, ესაიას მსგავსად, ხშირად იყენებდა სიტყვა მშვიდობას. იეჰოვამ იერემია გამოიყენა იერუსალიმისთვის განაჩენის გამოსაცხადებლად: „ჩემს რისხვად და წყრომად მყავს ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე, რომ თავიდან მოვიშორო იგი. ისრაელიანთა და იუდაელთა ყველა ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად სჩადიოდნენ თავად ისინი, მათი მეფეები, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, ყოველი იუდაელი და იერუსალიმის მცხოვრები“ (იერემია 32:31, 32). ეს ასიმბოლოებდა იეჰოვას განაჩენს მმართველებისა და დღევანდელი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების წინააღმდეგ. მშვიდობა რომ დამყარდეს, ბოროტებისა და ძალადობისკენ წამქეზებლები უნდა განადგურდნენ! ნათელია, რომ ისინი არ არიან მშვიდობის მაცნეები.
გაერო — მშვიდობის დამამყარებელი?
9. როგორ ირწმუნებოდა გაერო, რომ მშვიდობის მაცნე იქნებოდა?
9 იქნებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წარმოადგენს მშვიდობის ჭეშმარიტ მაცნეს? სხვა თუ არაფერი, მისი ქარტიის შესავალი, 1945 წლის ივნისში, 41 დღით ადრე, სანამ ატომური ბომბი გაანადგურებდა ჰიროსიმას, აცხადებდა ორგანიზაციის მიზანს, რომ: „მომავალი თაობა გადაერჩინა ომის უბედურებისგან“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 50 მომავალ წევრს უნდა „შეეკავშირებინა [საკუთარი] ძალები, რათა შეენარჩუნებინა საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება“. დღეს გაეროს ჰყავს 185 წევრი სახელმწიფო, რომელთაგანაც ყველას, ვითომდა, იმავე მიზნისთვის აქვს მიძღვნილი თავი.
10, 11. ა) როგორ მისცეს რელიგიურმა წინამძღოლებმა ხმა გაეროს მხარდასაჭერად? ბ) რა მხრივ არ გამოავლინეს პაპებმა პატივისცემა ‘ღვთის სამეფოს კეთილი ცნობისადმი’?
10 წლების განმავლობაში გაეროს, ყველასგან გამორჩეულად, რელიგიის წინამძღოლები ასხამდნენ ხმამაღლა ხოტბას. პაპი იოანე XXIII 1963 წლის 11 აპრილს თავისი ხელმოწერით გამოცემულ ენციკლიკაში, სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“ (Pacem in Terris), წერდა: „ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია — თავისი სტრუქტურითა და სახსრებით — გახდეს ყველაზე უფრო შესაფერისი ამ მნიშვნელოვანი და კეთილშობილური ამოცანისთვის“. მოგვიანებით, 1965 წლის ივნისში, რელიგიის წინამძღოლებმა, რომლებიც ვითომდა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის წარმომადგენლები იყვნენ, სან-ფრანცისკოში ზეიმით აღნიშნეს გაეროს 20 წლისთავი. აგრეთვე 1965 წელს პაპი პავლე VI გაეროს ეწვია და მას „თანხმობისა და მშვიდობის უკანასკნელი იმედი“ უწოდა. ხოლო 1986 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ მხარი დაუჭირა გაეროს საერთაშორისო მშვიდობის წელს.
11 პაპმა 1995 წლის ოქტომბერში განმეორებითი ვიზიტის დროს თქვა: „დღეს ჩვენ ვზეიმობთ ღვთის სამეფოს კეთილ ცნობას“. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ის არის ღვთის სამეფოს კეთილი ცნობის მაცნე? მსოფლიო პრობლემების შესახებ საუბრისას მან დამატებით აღნიშნა: „როდესაც ამ უზარმაზარი პრობლემების წინაშე ვიმყოფებით, ნუთუ არ უნდა ვაღიაროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი?“ პაპის არჩევანი, როგორც ჩანს, არის გაერო და არა ღვთის სამეფო.
‘მწარედ ტირილის’ მიზეზები
12, 13. ა) როგორ მოქმედებდა გაერო იერემიას 6:14-ში აღწერილის შესაბამისად? ბ) რატომ ეხება გაეროს ხელმძღვანელობას ესაიას 33:7-ში აღწერილი?
12 გაერომ 50-ე წლისთავის ზეიმზე ვერ შეძლო ეჩვენებინა „დედამიწაზე მშვიდობის“ რამე იმედი. ერთ-ერთი მიზეზი მოცემული იყო კანადის „ტორონტო სტარში“ (Toronto Star). ავტორი წერდა: „გაერო არის უკბილო ლომი, რომელიც ღრიალებს მაშინ, როდესაც ადამიანის მიერ ჩადენილი სიმხეცის წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ უწევს ლოდინი, სანამ მისი წევრები ჩაუდგამენ კბილების პროთეზს, რომ შეძლოს კბენა“. ძალიან ხშირად ეს ნაკბენი ან ძალიან უმტკივნეულოა, ან კიდევ — დაგვიანებული. დღევანდელი მსოფლიო სისტემის მშვიდობის მაცნეები, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები, ასახავენ იმას, რაც ჩაწერილია იერემიას 6:14-ში: „ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა“.
13 გაეროს მთელი რიგი გენერალური მდივნები ძალიან ბევრს ცდილობდნენ, უეჭველია, გულწრფელად, რომ გაეროს წარმატება ჰქონოდა. მაგრამ სხვადასხვა მიზნების მქონე 185 წევრს შორის მუდმივმა კამათმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამკლავებოდნენ ომს, არჩეულ პოლიტიკასა და დაფინანსებას, წარმატებისკენ გზა გადაუჭრა. 1995 წლის ყოველწლიურ ანგარიშში მაშინდელი გენერალური მდივანი წერდა „გლობალური ატომური კატაკლიზმის საშიშროების“ შემცირებაზე, როგორც „ერების ერთობლივი მუშაობით მთელი კაცობრიობის ეკონომიკური და სოციალური პროგრესისკენ მიმყვან გზაზე.“ მაგრამ მან დაამატა: „სამწუხაროდ, მსოფლიო საქმეების ბოლო რამდენიმე წლის ცნობებმა დიდად გაგვიცრუა ოპტიმისტური იმედები“. სინამდვილეს წარმოადგენს, რომ ეგრეთ წოდებული მშვიდობის მაცნეები ‘მწარედ ტირიან’.
14. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ გაერო ფინანსურად და მორალურად დაუძლურებულია? ბ) როგორ სრულდება იერემიას 8:15?
14 კალიფორნიის გაზეთი (The Orange Country Register) იუწყება: „გაერო ფინანსურად და მორალურად გაკოტრდა.“ სტატია აღნიშნავს, რომ 1945 წლიდან 1990 წლამდე მოხდა 80-ზე მეტი ომი, რომლებმაც 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზეთს მოჰყავს 1995 წლის ოქტომბრის გამოშვების „რიდერზ დაიჯესტის“ (Reader’s Digest) ერთ-ერთი მწერლის ციტატა, რომელმაც „გაეროს სამხედრო ოპერაციები აღწერა და აღნიშნა, რომ მასში, ჩვეულებრივ, მონაწილეობენ ‘უვიცი მეთაურები, უდისციპლინო სამხედროები, მისთვის უცხო არ არის აგრესორებთან კავშირი, თავიდან ვერ აარიდა ხალხს მხეცობა და ზოგჯერ თვითონ სჩადის საშინელებებს’. უფრო მეტიც, ‘თავზარდამცემია მფლანგველობის, სიცრუისა და ძალადობის სიმრავლე’ “. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ რუბრიკაში „გაერო 50-ე წელში“, იყო სათაური: „ცუდი ხელმძღვანელობა და მფლანგველობა ძირს უთხრის გაეროს საუკეთესო განზრახვებს“. ლონდონის (ინგლისი) „ტაიმზში“ გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა სიტყვები: „სისუსტე 50-ე წელს — გაეროს ესაჭიროება ვარჯიშის კურსი, რომ კვლავ ფორმაში ჩადგეს. ფაქტიურად, ყოველივე ისეა, როგორც იერემიას მე-8 თავის მე-15 მუხლში ვკითხულობთ: „ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს — და, აჰა, საშინელება!“ ატომური ჰოლოკაუსტი ჯერაც აშინებს კაცობრიობას. ნათელია, რომ გაერო არ წარმოადგენს მშვიდობის იმ მაცნეს, რომელიც კაცობრიობას ესაჭიროება.
15. როგორ დაამტკიცა ძველმა ბაბილონმა და მისმა რელიგიურმა შთამომავლობამ, რომ დამანგრევლებიც იყვნენ და გამაუგუნურებლებიც?
15 რა მოჰყვება ყოველივე ამას? იეჰოვას წინასწარმეტყველება არავითარ ეჭვს არ იწვევს. უპირველესად, რა ელის წუთისოფლის ცრუ რელიგიებს, რომლებსაც ასე ხშირად უკიდურესად ახლო მეგობრობა აქვთ გაეროსთან? ესენი არიან ერთი კერპთაყვანისმცემლური წყაროს, ძველი ბაბილონის შთამომავლები, რომლებიც გამოცხადების 17:5-ში სათანადოდ არიან აღწერილი, როგორც „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა“. იერემიამ აღწერა ამ ფარისევლური გაერთიანების აღსასრული. მეძავის მსგავსი აცდუნებს მსოფლიო პოლიტიკის წარმომადგენლებს, ეპირფერება გაეროს და უკანონო კავშირებს ამყარებს მის წევრ პოლიტიკურ ძალებთან. ისტორიის განმავლობაში ისინი ომების მთავარი მონაწილეები იყვნენ. ერთი კომენტატორი ინდოეთში გაჩაღებული რელიგიური ომის შესახებ აღნიშნავდა: „კარლ მარქსი რელიგიას ადარებდა მასების ოპიუმს. მაგრამ ამ ნათქვამის სწორად მიჩნევა შეუძლებელია, რადგან ოპიუმი გამაბრუებელია, მისგან მიღებული დროებითი სიმშვიდე პიროვნებას აუგუნურებს. არა, რელიგია უფრო კარგად გამოყვანილ კოკაინს ჰგავს. აჩაღებს საზარელ ძალადობებს და წარმოადგენს დამანგრეველ ძალას“. არც ეს მწერალია ბოლომდე მართალი. ცრუ რელიგია წარმოადგენს ორივეს — გამაუგუნურებელსაც და დამანგრეველსაც.
16. რატომ უნდა გაერიდონ დიდ ბაბილონს გულწრფელი ადამიანები? (იხილე აგრეთვე გამოცხადება 18:4, 5).
16 რა უნდა გააკეთონ გულწრფელმა ადამიანებმა? ღვთის მაცნის, იერემიას, სიტყვები გვაძლევს პასუხს: „გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავს უშველოს. . . რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია“. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მილიონობით ადამიანი გამოიქცა დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის, საზღვრებიდან. ხარ თუ არა შენც მათ შორის? მაშინ შეძლებ კარგად გაიგო, თუ რა გავლენას ახდენდა დიდი ბაბილონი მსოფლიოს ერებზე, «მის ღვინოს სვამდნენ ხალხები [„ამის გამო მოქმედებენ ერები, როგორც შეშლილნი“, აქ]» (იერემია 51:6, 7).
17. რა განაჩენი შესრულდება მალე დიდ ბაბილონზე და რა მოჰყვება მას?
17 მალე გაეროს „შეშლილ“ წევრებს იეჰოვა გაუწევს მანევრირებას და ისინი მიუბრუნდებიან ცრუ რელიგიას, როგორც გამოცხადების 17:16-შია აღწერილი: „შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“. ეს იქნება დიდი გასაჭირის დაწყების ნიშანი, რაც მოცემულია მათეს 24:21-ში და მისი აპოგეა იქნება არმაგედონი, ყოვლისშემძლე ღვთის ომის დიდებული დღე. ძველი ბაბილონის მსგავსად, დიდ ბაბილონზეც ასრულდება ის განაჩენი, რომელიც იერემიას 51:13, 25-შია ნათქვამი: „დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს! აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი“. გახრწნილი, ომის გამჩაღებელი ერები ცრუ რელიგიასთან ერთად განადგურდებიან იეჰოვას შურისგების დღეს.
18. როდის და როგორ უნდა შესრულდეს კიდევ ესაიას 48:22?
18 ბოროტეულთა შესახებ 1-ლი თესალონიკელთას 5:3-ში ნათქვამია: „როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს“. მათ შესახებ ესაია წერდა: «აჰა. . . მშვიდობის მოციქულნი [„მაცნეები“, აქ] მწარედ ატირდებიან» (ესაია 33:7). ნამდვილად, როგორც ესაიას 48:22-ში ვკითხულობთ: „არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის“. მაგრამ რა მომავალი ელით ღვთიური მშვიდობის ჭეშმარიტ მაცნეებს? შემდეგი სტატია გვიამბობს ამის შესახებ.
გასამეორებელი კითხვები
◻ რომელი მკაცრი სიტყვებით ამხელდნენ ღვთის წინასწარმეტყველები ცრუ მაცნეებს?
◻ რატომ ვერ შეძლეს ადამიანთა ორგანიზაციებმა, დაემყარებინათ ხანგრძლივი მშვიდობა?
◻ რით განსხვავდებიან მშვიდობის ჭეშმარიტი მაცნეები გაეროს მხარდამჭერებისგან?
◻ რა უნდა გააკეთოს თვინიერმა იმისთვის, რომ გაიხაროს იეჰოვას მიერ აღთქმული მშვიდობით?
[სურათი 15 გვერდზე]
ესაია, იერემია და დანიელი, ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ ადამიანთა ძალისხმევა მშვიდობის დასამყარებლად ამაო იქნებოდა.
[სურათი 16 გვერდზე]
„მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ — (მოციქული იოანე).
[სურათი 17 გვერდზე]
„გონებადაბნეულნი“ — (მოციქული პავლე).