თავი ოცდამეშვიდე
იეჰოვა რისხვას ანთხევს ერებზე
1, 2. ა) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული იეჰოვას შურისგებასთან დაკავშირებით? ბ) რა არის ღვთის შურისგების მიზანი?
იეჰოვა ღმერთი არა მარტო თავის ერთგულ მსახურთა მიმართ არის სულგრძელი, არამედ მტრების მიმართაც, როდესაც ეს მის განზრახვას ემსახურება (1 პეტრე 3:19, 20; 2 პეტრე 3:15). იეჰოვას მოწინააღმდეგენი შეიძლება არ აფასებდნენ მის სულგრძელობას და ეგონოთ, რომ იეჰოვას არ შეუძლია ან არ სურს მოქმედება. მაგრამ, როგორც ესაიას 34-ე თავიდან ჩანს, ბოლოს იეჰოვა ყოველთვის პასუხს აგებინებს მტრებს (სოფონია 3:8). გარკვეული დროის განმავლობაში ღმერთი უშვებდა, რომ ედომსა და სხვა ერებს დაეჩაგრათ მისი ხალხი და ხელს არ უშლიდა მათ. მაგრამ იეჰოვას დრო ჰქონდა დადგენილი ამ ერების დასასჯელად (მეორე რჯული 32:35). როგორც მაშინ, თავის დროზე იეჰოვა კვლავაც შურს იძიებს თანამედროვე ბოროტი სისტემის ელემენტებზე, რომლებიც მის მმართველობას ეწინააღმდეგებიან.
2 ღვთის შურისგების ძირითადი მიზანი თავისი უზენაესობის დამტკიცება და თავისი სახელის განდიდებაა (ფსალმუნი 82:14—19). იეჰოვას სასჯელი აგრეთვე ღვთის მსახურებსაც ამართლებს, როგორც ჭეშმარიტად მის წარმომადგენლებს, და არასასურველი ვითარებებიდან გამოსვლაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას შურისგება ყოველთვის სრულ თანხმობაშია მის სამართლიანობასთან (ფსალმუნი 57:11, 12).
„ყურადღებით იყავით, ხალხებო“
3. როგორ იწვევს იეჰოვა ერებს ესაიას მეშვეობით?
3 ედომის სასჯელზე ყურადღების მიპყრობამდე იეჰოვა ესაიას მეშვეობით ყველა ერს მოუწოდებს და იწვევს: „ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა!“ (ესაია 34:1). წინასწარმეტყველს არაერთხელ განუცხადებია უღვთო ერების სასჯელი. ახლა კი ის ღვთის მიერ მათთვის გამოტანილ განაჩენს აჯამებს. აქვს თუ არა ამ გამაფრთხილებელ სიტყვებს რამე მნიშვნელობა ჩვენს დროში?
4. ა) რა უნდა გააკეთონ ერებმა ესაიას 34:1-ის თანახმად? ბ) ნიშნავს თუ არა იეჰოვას მიერ ერებისთვის გამოტანილი განაჩენი იმას, რომ ის სასტიკი ღმერთია? (იხილეთ ჩარჩო 363-ე გვერდზე).
4 დიახ. სამყაროს უზენაეს მმართველს დავა აქვს მთელ ამ უღვთო სისტემასთან. ამიტომაც „ხალხებმა“ და „მიწამ“ უნდა მოისმინონ ბიბლიური ცნობა, რომლის ქადაგებაც იეჰოვას ნებით მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ესაიას ნათქვამი ფსალმუნის 23:1-ში გამოყენებულ სიტყვებს მოგვაგონებს, როდესაც ის ამბობს, რომ მთელი მიწა აივსება ამ ცნობით. მისი ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროში სრულდება, როდესაც იეჰოვას მოწმეები „ქვეყნის კიდემდე“ ქადაგებენ (საქმეები 1:8). მიუხედავად ამისა, ერები არ უსმენენ მათ. ისინი სერიოზულად არ ეკიდებიან თავიანთი მოახლოებული აღსასრულის შესახებ გაფრთხილებას. მაგრამ, ცხადია, ეს ხელს არ შეუშლის იეჰოვას თავისი სიტყვის შესრულებაში.
5, 6. ა) რის გამო აგებინებს პასუხს ღმერთი ერებს? ბ) რას ნიშნავს სიტყვები „მთები დალბებიან მათი სისხლისგან“?
5 წინასწარმეტყველი ახლა უღვთო ერების მოახლოებულ უბედურებას აღწერს, რაც სრულიად განსხვავდება ღვთის ხალხის შესანიშნავი იმედისგან, რომელიც მოგვიანებით არის აღწერილი (ესაია 35:1—10). წინასწარმეტყველი ამბობს: „უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა. მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან“ (ესაია 34:2, 3).
6 ყურადღება ერების სისხლის ღვრაზეა გამახვილებული. დღეს ქრისტიანული სამყაროს ერები ყველაზე მეტად არიან სისხლის ღვრაში დამნაშავე. ორი მსოფლიო ომისა და შედარებით მცირე კონფლიქტების დროს მათ დახოცილთა სისხლით მორწყეს დედამიწა. ვის შეუძლია სამართლიანად აგებინოს პასუხი მათ სისხლის ღვრისთვის? მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედს, რომელიც სიცოცხლის დიდებული წყაროა (ფსალმუნი 35:10). იეჰოვას რჯულის თანახმად, „სიცოცხლე სიცოცხლის წილ“ უნდა იზღოს (გამოსვლა 21:23—25; დაბადება 9:4—6). ამ კანონიდან გამომდინარე, ის თავად ერების სისხლს ადინებს მიწაზე. მათი დაუმარხავი გვამების სუნით გაიჟღინთება ჰაერი. რა სამარცხვინო სიკვდილია! (იერემია 25:33). შურისგებისას დაღვრილი ამ სისხლით თითქოს დალბებიან და დაიშლებიან მთები (სოფონია 1:17). მსოფლიო ერებს მთელი მათი სამხედრო ძალების განადგურება დაანახვებს, როგორ დაეცემიან მათი მთავრობები, რომლებიც ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში ხშირად მთებით არის წარმოდგენილი (დანიელი 2:35, 44, 45; გამოცხადება 17:9).
7. რა არის „ცა“ და რა არის „ცის მხედრობა“?
7 ესაია კვლავ მხატვრულ ენას იყენებს და ამბობს: „დალპება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი — ლეღვის ხეს“ (ესაია 34:4). „ცის მთელ მხედრობაში“ არ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით ვარსკვლავები და პლანეტები. მე-5 და მე-6 მუხლებში ლაპარაკია დამსჯელ მახვილზე, რომელიც ამ ‘ცაში დაითრო’ სისხლით. ამიტომაც მისით კაცობრიობის რომელიმე ნაწილი უნდა იყოს წარმოდგენილი (1 კორინთელთა 15:50). ქედმაღლობის გამო უმაღლესი ხელისუფალნი, კაცობრიობის მთავრობები, ცას არიან შედარებული, რომელიც ადამიანთა საზოგადოებას მართავს (რომაელთა 13:1—4). ასე რომ, „ცის მხედრობით“ მთელი კაცობრიობის მთავრობებია წარმოდგენილი.
8. როგორ დაიგრაგნება სიმბოლური ცა „ეტრატივით“ და რა დაემართება მის „მხედრობას“?
8 ეს „მხედრობა“ „დალპება“ და დაიშლება, როგორც ხრწნადი რამ (ფსალმუნი 101:27; ესაია 51:6). შეუიარაღებელი თვალით ცა ჩვენს თავზე რკალისებური ჩანს, როგორც ძველი დროის ეტრატის გრაგნილი, რომლის შიდა მხარეც, ჩვეულებრივ, ხელნაწერებისთვის გამოიყენებოდა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, როცა ეტრატი აღარ სჭირდებოდათ, მას გრაგნიდნენ და გვერდზე დებდნენ. აგრეთვე „ცაც ეტრატივით დაიგრაგნება“, რითაც ადამიანთა მთავრობებს აღსასრულის დრო დაუდგებათ. თავიანთი ისტორიის უკანასკნელ ფურცლამდე მიღწევის შემდეგ ისინი არმაგედონში განადგურდებიან. მათი ძლევამოსილი „მხედრობები“ ისე დაეცემიან, როგორც გამხმარი ფოთლები სცვივა ვაზს და დამჭკნარი ნაყოფი ლეღვის ხეს. მათი არსებობა წარსულს ჩაჰბარდება (შეადარეთ გამოცხადება 6:12—14).
შურისგების დღე
9. ა) ვისი შთამომავლები არიან ედომელები და რა ურთიერთობა აქვთ მათ ისრაელებთან? ბ) რა განაჩენი გამოაქვს იეჰოვას ედომისთვის?
9 ახლა წინასწარმეტყველებაში ესაიას დროს არსებულ ერზე, კერძოდ კი ედომზე, მახვილდება ყურადღება. ედომელები ესავის (ედომის) შთამომავლები არიან, რომელმაც პირმშოობა მიჰყიდა თავის ტყუპისცალ იაკობს პურისა და ცერცვის შეჭამადის ფასად (დაბადება 25:24—34). როდესაც იაკობმა მიიღო პირმშოობა, ესავი სიძულვილით განიმსჭვალა მის მიმართ. მოგვიანებით ედომელები და ისრაელები ერთმანეთის მტრები გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტყუპი ძმების შთამომავლები იყვნენ. ღვთის ხალხისადმი მტრობის გამო იეჰოვა რისხვას გადმოანთხევს ედომზე: „დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად. უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, ვერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე“ (ესაია 34:5, 6).
10. ა) ვის დასცემს იეჰოვა, როდესაც მახვილს იშიშვლებს „ცაში“? ბ) როგორია ედომის პოზიცია, როდესაც იუდას ბაბილონი ესხმის?
10 ედომი მაღალ მთებში მდებარეობს (იერემია 49:16; აბდია 8, 9, 19, 21). მაგრამ ეს ბუნებრივი სიმაგრეებიც კი ვერ დაიცავს მას, როდესაც იეჰოვა თავის დამსჯელ მახვილს იშიშვლებს „ცაში“ და ედომის მთავრებს მაღალ მდგომარეობას დააკარგვინებს. ედომი კარგად შეიარაღებული ერია. მისი ჯარები ქვეყნის დასაცავად მაღალი მთებიდან ესხმიან მტრებს. მაგრამ ძლიერების მიუხედავად, ედომი არაფრით ეხმარება იუდას, როდესაც მას ბაბილონის ჯარები ესხმის. ედომი ხარობს იუდას სამეფოს დაცემით და მის დასაქცევად ამხნევებს დამპყრობლებს (ფსალმუნი 136:7). ედომელები ედევნებიან კიდეც გაქცეულ ებრაელებს და ბაბილონელებს გადასცემენ მათ (აბდია 11—14). ისინი ისრაელების გაუკაცრიელებული მიწის ხელში ჩაგდებას ლამობენ და ედიდგულებიან იეჰოვას (ეზეკიელი 35:10—15).
11. როგორ მიუზღავს იეჰოვა ედომელებს მუხანათური საქციელის გამო?
11 რჩება თუ არა იეჰოვას შეუმჩნეველი მოძმე ხალხის მიმართ ედომელთა მტრული დამოკიდებულება? არა. ის ედომს უწინასწარმეტყველებს: „კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი“ (ესაია 34:7). იეჰოვა ერის დიდებულებსა და მდაბიოთ სიმბოლურად კამეჩებად და ხბოებად, ვერძებად და თიკნებად იხსენიებს. ამ სისხლისმღვრელი ერის მიწა თავისი ხალხის სისხლით გაიჟღინთება, როდესაც იეჰოვა თავისი „მახვილით“ განაჩენს აღასრულებს.
12. ა) ვის იყენებს იეჰოვა ედომის დასასჯელად? ბ) რას წინასწარმეტყველებს აბდია ედომის შესახებ?
12 ღმერთს განზრახული აქვს, დასაჯოს ედომი იმის გამო, რაც მან სიონად წოდებულ მის მიწიერ ორგანიზაციას გაუკეთა. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის“ (ესაია 34:8). ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დანგრევიდან მცირე ხანში იეჰოვა სამართლიანად იძიებს შურს ედომელებზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეშვეობით (იერემია 25:15—17, 21). ვეღარაფერი შველის ედომელებს, როდესაც მათ ბაბილონის ჯარები უტევენ! ეს „ნაცვალგების წელია“ მთა-გორიანი ქვეყნისთვის. იეჰოვა აბდიას მეშვეობით წინასწარმეტყველებს: „იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები... როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება“ (აბდია 10, 15; ეზეკიელი 25:12—14).
ქრისტიანული სამყაროს უიმედო მომავალი
13. ვინ ჰგავს დღეს ედომს და რატომ?
13 ჩვენს დროში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ძლიერ ჰგავს ედომს თავისი წარსულით? რა ორგანიზაციაა ეს? დაფიქრდით, დღეს ძირითადად ვინ ლანძღავს და დევნის იეჰოვას მსახურებს? განა ქრისტიანული სამყარო არ აკეთებს ამას თავისი სამღვდელოების მეშვეობით? დიახ! ქრისტიანულმა სამყარომ მწვერვალებამდე აიმაღლა თავი წუთისოფლის საქმეებში მოღვაწეობით. მას ამ სისტემაში მაღალ მდგომარეობაზე აქვს პრეტენზია და მისი რელიგიური მიმდინარეობები დიდი ბაბილონის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მაგრამ იეჰოვას „ნაცვალგების წელი“ აქვს დანიშნული თანამედროვე ედომისთვის თავისი ხალხისადმი — თავისი მოწმეებისადმი — აღმაშფოთებელი მოპყრობის გამო.
14, 15. ა) რა დაემართება ედომის მიწასა და ქრისტიანულ სამყაროს? ბ) რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს მოგიზგიზე კუპრი და მარადიული კვამლი?
14 ამიტომაც ესაიას ამ წინასწარმეტყველების დარჩენილი ნაწილის განხილვისას მხედველობაში არა მარტო ძველი ედომი, არამედ ქრისტიანული სამყაროც უნდა მივიღოთ. „მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი — გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი“ (ესაია 34:9, 10ა). ედომის მიწა ისე იწვება, თითქოს გოგირდად იყოს ქცეული მტვერი და წყლით კი არა, კუპრით იყოს სავსე მისი ხევები. შემდეგ ამ აალებად ნივთიერებებს ცეცხლი ეკიდება! (შეადარეთ გამოცხადება 17:16).
15 ზოგი აქ მოხსენიებულ ცეცხლს, კუპრსა და გოგირდს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობის დამამტკიცებლად თვლის. მაგრამ ედომი არ არის ჩაგდებული რაღაც მითურ ჯოჯოხეთში, რათა სამარადისოდ იწვოდეს. ის განადგურებულია და აღარ არსებობს, თითქოს სრულად შთანთქა ცეცხლმა და გოგირდმა. როგორც წინასწარმეტყველების შემდგომი სიტყვებიდან ვხედავთ, საბოლოო ხვედრი არა მარადიული ტანჯვა, არამედ ‘უსახურობა, უდაბურობა და გადაშენებაა’ (ესაია 34:11, 12). ‘კვამლი, რომელიც უკუნისამდე იდინებს’, ნათლად აღწერს ამას. როდესაც სახლი იწვება და ცეცხლი ქრება, გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ ამოდის კვამლი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ხანძარი მოხდა. რადგანაც ქრისტიანებისთვის დღესაც გაკვეთილია ედომის განადგურება, შეიძლება ითქვას, რომ გადამწვარი ედომიდან კვლავაც ადის კვამლი.
16, 17. რად გადაიქცევა ედომი და რამდენ ხანს იქნება ის ასეთ მდგომარეობაში?
16 შემდეგ ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ედომში ხალხის ნაცვლად გარეული ცხოველები დაიდებენ ბინას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულიად გაუკაცრიელდება: „თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ. ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს. მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან. მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი — მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად. ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს. აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხებს“ (ესაია 34:10ბ—15)a.
17 დიახ, ედომი უკაცრიელ ქვეყანად იქცევა. გაუდაბურებულ მიწაზე გარეული ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები დაიბუდებენ. როგორც მე-10 მუხლშია ნათქვამი, ქვეყანა „სამარადისოდ“ იქნება გადამწვარი. ის აღარასდროს განახლდება (აბდია 18).
იეჰოვას სიტყვის ჭეშმარიტი შესრულება
18, 19. რა არის „უფლის წიგნი“ და რა არის ნაწინასწარმეტყველები ამ „წიგნში“ ქრისტიანული სამყაროს შესახებ?
18 რა დიდი უბედურების მომასწავებელია ეს ედომის თანამედროვე ანალოგისთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის! ის იეჰოვა ღმერთის დაუძინებელი მტერია და უმოწყალოდ დევნის მის მოწმეებს. იეჰოვა, უეჭველად, აღასრულებს თავის სიტყვას. თითოეულ წინასწარმეტყველებას უსათუოდ მოეძებნება შესატყვისი მომხდარი ფაქტი, ისევე როგორც გაუდაბურებული ედომის მიწაზე დაბუდებული თითოეული ქმნილება იქნება ‘დაწყვილებული’. ესაია მოუწოდებს მომავალში მცხოვრებ ბიბლიური წინასწარმეტყველების მკვლევარებს: «მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი [„დაუწყვილებელნი“, აქ] არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა. მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ» (ესაია 34:16, 17).
19 ქრისტიანული სამყაროს გარდაუვალი აღსასრული „უფლის წიგნშია“ ნაწინასწარმეტყველები. „უფლის წიგნში“ დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ გაუსწორდება იეჰოვა თავის დაუძინებელ მტრებსა და თავისი ხალხის მოუნანიებელ მჩაგვრელებს. ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რაც კი ძველი ედომის შესახებ იყო დაწერილი. ეს რწმენას გვიმტკიცებს, რომ ასევე შესრულდება წინასწარმეტყველებები ქრისტიანულ სამყაროსთან — ედომის თანამედროვე ანალოგთან — დაკავშირებითაც. „საზღვარი“, იეჰოვას მოქმედების წესი, იმის გარანტიაა, რომ ეს სულიერად დაკნინებული ორგანიზაცია უკაცრიელ უდაბნოდ გადაიქცევა.
20. რა დაემართება ქრისტიანულ სამყაროს ძველი ედომის მსგავსად?
20 ქრისტიანული სამყარო ყველაფერს აკეთებს თავისი პოლიტიკური მეგობრების დასაწყნარებლად, მაგრამ ამაოდ! გამოცხადების მე-17 და მე-18 თავების თანახმად, ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა ჩაუდებს მათ გულებში, ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით, მთელი დიდი ბაბილონის წინააღმდეგ ამოქმედების სურვილს. ამით დედამიწა სრულიად განიწმინდება ცრუ ქრისტიანობისგან. ქრისტიანული სამყარო ესაიას 34-ე თავში აღწერილ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება. ის აღარც კი იარსებებს საბოლოო ბრძოლისას „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხადება 16:14). ძველი ედომის მსგავსად, ქრისტიანული სამყაროც „სამარადისოდ“ აღიგვება მიწის პირისაგან.
[სქოლიო]
a მალაქიას დროს ეს წინასწარმეტყველება უკვე შესრულებული იყო (მალაქია 1:3). მალაქიას სიტყვების თანახმად, ედომელებს იმედი ჰქონდათ, რომ კვლავ დაიმკვიდრებდნენ თავიანთ გაუკაცრიელებულ ქვეყანას (მალაქია 1:4). მაგრამ ეს იეჰოვას ნება არ იყო და ამიტომაც მოგვიანებით სხვებმა — ნაბატელებმა — დაიმკვიდრეს ედომის მიწა.
[ჩარჩო 363 გვერდზე]
მრისხანე ღმერთი?
ესაიას 34:2—7 მუხლების საფუძველზე ბევრი ფიქრობს, რომ, ებრაული წერილებიდან გამომდინარე, იეჰოვა სასტიკი და მრისხანე ღმერთია. ასეა თუ არა ეს?
არა. ზოგჯერ იეჰოვა ავლენს მრისხანებას, მაგრამ მისი რისხვა ყოველთვის სამართლიანია. ის ყოველთვის პრინციპებზეა დაფუძნებული და არა გაუკონტროლებელ ემოციებზე. გარდა ამისა, ყოველთვის გამომდინარეობს შემოქმედის უფლებიდან, მხოლოდ მის მიმართ იქნეს გამოვლენილი განსაკუთრებული ერთგულება. მას აგრეთვე საფუძვლად ის უდევს, რომ ღმერთი მუდამ ჭეშმარიტების მხარეზეა. რისხვისკენ ღმერთს სამართლიანობისა და სამართლიანად მოქმედთა მიმართ სიყვარული აღძრავს. იეჰოვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებულ ყოველგვარ წვრილმანს ხედავს და საუკეთესო შეფასებას აძლევს მდგომარეობას (ებრაელთა 4:13). ის ხედავს გულს; შეუძლია დაინახოს, უმეცრებით, გულგრილობით თუ წინასწარგანზრახულად სცოდავს ადამიანი. ის ყოველთვის მიუკერძოებლად მოქმედებს (მეორე რჯული 10:17, 18; პირველი მეფეთა 16:7; საქმეები 10:34, 35).
აღსანიშნავია, რომ იეჰოვა ღმერთი ‘სულგრძელი და დიდმადლიანია’ (გამოსვლა 34:6). მისი მოშიშნი და სამართლიანად მოქმედების მსურველნი შეწყალებული არიან, რადგან იეჰოვას ესმის ადამიანთა მემკვიდრეობითი არასრულყოფილება და ამიტომაც გულმოწყალებას ავლენს მათდამი. დღეს ღმერთი ამას იესოს მსხვერპლის საფუძველზე აკეთებს (ფსალმუნი 102:13, 14). თავის დროზე იეჰოვას რისხვა ცხრება მათ მიმართ, ვინც ცოდვებს აღიარებს, ინანიებს და ჭეშმარიტად ემსახურება მას (ესაია 12:1). ძირითადად, იეჰოვა არა მრისხანე, არამედ ბედნიერი ღმერთია. ის სიხარულით გვიღებს და არ არის მიუწვდომელი. იეჰოვა მშვიდობიანი ღმერთია და რისხვას არ ავლენს მათ მიმართ, ვინც სათანადოდ უახლოვდება მას (1 ტიმოთე 1:11, სსგ). ეს სრულიად განსხვავდება ულმობლობისა და სისასტიკისგან — თვისებებისგან, რომლებიც ცრუ ღმერთებს მიეწერება და ამ ღმერთების გამოსახულებებზეა აღბეჭდილი.
[რუკა 362 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
დიდი ზღვა
დამასკო
ციდონი
ტვიროსი
ისრაელი
დანი
გალილეის ზღვა
მდინარე იორდანე
მეგიდო
რამოთ-გალაადი
სამარია
ფილისტიმი
იუდა
იერუსალიმი
ლიბნა
ლაქიში
ბერშება
კადეშ-ბარნეა
მარილოვანი ზღვა
ამონი
რაბა
მოაბი
კირ-ხარესეთი
ედომი
ბოცრა
თემანი
[სურათები 359 გვერდზე]
ქრისტიანულმა სამყარომ სისხლით გაჟღინთა დედამიწა.
[სურათი 360 გვერდზე]
„ცა ეტრატივით დაიგრაგნება“.