ღვთის სიტყვა უკუნისამდე მკვიდრობს
„ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ“ (ესაია 40:8).
1. ა) რა იგულისხმება აქ ‘ჩვენი ღვთის სიტყვით’? ბ) ღვთის სიტყვისგან განსხვავებით, რას შეიძლება შევადაროთ ადამიანების დაპირებები?
ადამიანი მიდრეკილია განთქმული პიროვნებების დაპირებებისადმი მინდობისკენ. მაგრამ როგორი სასურველიც არ უნდა ჩანდეს ისინი ვინმესთვის, ვისაც სწყურია საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, ჩვენი ღვთის სიტყვასთან შედარებით ის დაპირებები იმ ყვავილების მსგავსია, რომლებიც ჭკნება (ფსალმუნი 145:3, 4). იეჰოვა ღმერთმა 2 700-ზე მეტი წლის წინათ წინასწარმეტყველ ესაიას შთაგონებით დააწერინა: დაეწერა: „ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი — მინდვრის ყვავილი. გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ“ (ესაია 40:6, 8). რა არის ის „სიტყვა“, რომელიც რჩება? ეს არის ღვთის განაცხადი თავისი განზრახვის შესახებ. დღეს ეს „სიტყვა“ ჩვენთვის წერილობითაა წარმოდგენილი ბიბლიაში (1 პეტრე 1:24, 25).
2. როგორი განწყობილებისა და მოქმედებების მიუხედავად შეასრულა იეჰოვამ თავისი სიტყვა ისრაელსა და იუდასთან დაკავშირებით?
2 ძველ დროს ისრაელში მცხოვრებმა ხალხმა გამოსცადა ესაიას ჩანაწერის სიმართლე. თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით იეჰოვამ წინასწარ თქვა, რომ ჯერ ისრაელის ათტომიან და შემდეგ იუდას ორტომიან სამეფოებს გადაასახლებდნენ ღვთის მიმართ საშინელი ორგულობის გამო (იერემია 20:4; ამოსი 5:2, 27). იეჰოვას სიტყვა არასოდეს გამტყუნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა განდევნა და დახოცა მისი წინასწარმეტყველები, დაწვა გრაგნილი, რომელიც ღვთის გამაფრთხილებელ ცნობას შეიცავდა, და ეს ცნობა რომ არ შესრულებულიყო, ეგვიპტეს სთხოვეს საომარი დახმარება (იერემია 36:1, 2, 21–24; 37:5–10; ლუკა 13:34). ამასთანავე, დიდებულად შესრულდა ღვთის აღთქმა იუდეველთა მომნანიებელი დარჩენილი ნაწილის სამშობლოში დაბრუნების შესახებ (ესაია, 35-ე თავი).
3. ა) ესაიას მიერ ჩაწერილი რომელი დაპირებებია განსაკუთრებით საინტერესო ჩვენთვის? ბ) რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ყოველივე ეს ახდება?
3 ესაიას მეშვეობით იეჰოვამ აგრეთვე იწინასწარმეტყველა კაცობრიობაზე მესიის სამართლიანი მმართველობა, ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება და დედამიწის სამოთხედ გადაქცევა (ესაია 9:5, 6; 11:1–9; 25:6–8; 35:5–7; 65:17–25). ნუთუ ეს ყოველივეც ახდება? ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს! ‘ღმერთი უტყუარია’. თავისი წინასწარმეტყველური სიტყვა მან ჩვენს სასარგებლოდ ჩაწერა და იმაზეც იზრუნა, რომ ის შემონახულიყო (ტიტე 1:2; რომაელთა 15:4).
4. როგორ მართლდება ის, რომ ღვთის სიტყვა ‘ცოცხალია’, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ორიგინალი ხელნაწერები არ შემონახულა?
4 იეჰოვას არ შემოუნახავს დედნები, რომლებშიც მისმა ძველი დროის მწერლებმა ჩაწერეს ის წინასწარმეტყველებები. მაგრამ მისი „სიტყვა“, მისი გაცხადებული განზრახვა, ცოცხალი სიტყვა აღმოჩნდა. ეს განზრახვა დაუბრკოლებლივ მიიწევს წინ, რის წყალობითაც მჟღავნდება იმ ადამიანების შინაგანი ფიქრები და მოტივები, რომელთა ცხოვრებასაც ის ეხება (ებრაელთა 4:12). გარდა ამისა, ისტორიული ცნობები ცხადყოფს, რომ საღვთო წერილის შემონახვა და თარგმნა ღვთის მეთვალყურეობით ხდებოდა.
როცა განადგურების მცდელობას შეხვდა
5. ა) როგორ სცადა სირიის მეფემ ინსპირირებული ებრაული წერილების განადგურება? ბ) რატომ ვერ მიაღწია ვერაფერს?
5 მმართველები არაერთხელ ეცადნენ ღვთივსულიერი წერილების განადგურებას. სირიის მეფე ანტიოქე ეპიფანემ (გამოსახულია მე-10 გვერდზე) ძვ. წ. 168 წელს იეჰოვასადმი მიძღვნილ ტაძარში ზევსს სამსხვერპლო აუგო. მან აგრეთვე იპოვა ‘რჯულის წიგნი’ დაწვა ის და გამოაცხადა, რომ ნებისმიერი, ვისაც საღვთო წერილი აღმოაჩნდებოდა, სიკვდილით დაისჯებოდა. რამდენი ასლიც არ უნდა დაეწვა იერუსალიმსა და იუდეაში, მან მთლიანად ვერ გაანადგურა საღვთო წერილი. იმ დროს იუდეველთა დასახლებები მიმოფანტული იყო მრავალ ქვეყანაში და ყოველ სინაგოგას გრაგნილების საკუთარი კრებული ჰქონდა (შეადარე საქმეები 13:14, 15).
6. ა) რას ცდილობდნენ ზოგიერთები გაშმაგებულად, რომ მოესპოთ საღვთო წერილი, რომელსაც ადრინდელი ქრისტიანები იყენებდნენ? ბ) რა იყო ამის შედეგი?
6 რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემაც ახ. წ. 303 წელს გასცა მსგავსი განკარგულება: ქრისტიანთა შეხვედრების ადგილები მიწასთან გაესწორებინათ და მათი ‘წერილები ცეცხლში დაეწვათ’. ეს განადგურება ათი წლის მანძილზე გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიოკლეტიანე სასტიკად სდევნიდა ქრისტიანობას, მან ვერაფერს ვერ მიაღწია და არც ღმერთმა დართო ამ იმპერატორის დამქაშებს იმის ნება, რომ ღვთივსულიერი სიტყვის თუნდაც ცალკეული ნაწილის ყველა ასლი მოესპოთ. მაგრამ მათმა რეაქციამ ღვთის სიტყვის გავრცელებასა და ქადაგებაზე ცხადყო, თუ რა იყო ამ მოწინააღმდეგეების გულებში. მათ სატანის მიერ დაბრმავებულ და მისი ნების შემსრულებელ ადამიანებად გამოავლინეს თავი (იოანე 8:44; 1 იოანე 3:10–12).
7. ა) როგორ ცდილობდნენ ბიბლიის შემეცნების გავრცელების ჩახშობას დასავლეთ ევროპაში? ბ) რა იქნა მიღწეული ბიბლიის თარგმნისა და გამოცემის საქმეში?
7 მცდელობამ, შეეჩერებინათ ბიბლიური შემეცნების გავრცელება, სხვა სახეც მიიღო. როცა ლათინური ენა, როგორც ყოველდღიური სალაპარაკო ენა, ხმარებიდან ამოვარდა, ბიბლიის თარგმნას უბრალო ხალხის ენებზე მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდნენ არა წარმართი მმართველები, არამედ ისინი, ვინც თავს ქრისტიანად ასაღებდა — პაპი გრიგოლ VII (1073—1085) და პაპი ინოკენტი III (1198—1216). ეკლესიის ძალაუფლებისადმი მიმართული წინააღმდეგობის ამოსაძირკვად, რომის კათოლიკურმა საეკლესიო კრებამ ტულუზაში (საფრანგეთი) 1229 წელს დაადგინა, რომ არც ერთ ერისკაცს არ უნდა ჰქონოდა ბიბლიის წიგნი საყოველთაო ენაზე. ამ დადგენილების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ინკვიზიციას. მაგრამ ინკვიზიციის 400 წლის შემდეგ ღვთის სიტყვის მოყვარულებმა გადათარგმნეს მთლიანი ბიბლია და ავრცელებდნენ ბიბლიის დაბეჭდილ გამოცემებს დაახლოებით 20 ენასა და რამდენიმე დიალექტზე, ხოლო მის უმეტეს ნაწილს კიდევ სხვა 16 ენაზე.
8. რა ხდებოდა რუსეთში მე-19 საუკუნის განმავლობაში ბიბლიის თარგმნისა და გავრცელების საქმეში?
8 ბიბლიის დამალვას უბრალო ხალხისგან მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია არ ცდილობდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში გ. პ. პავსკიმ, სანქტ-პეტერბურგის ღვთისმეტყველების აკადემიის პროფესორმა, მათეს სახარება ბერძნულიდან რუსულ ენაზე თარგმნა. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა წიგნებიც ითარგმნა რუსულ ენაზე და პავსკიმ ამას რედაქტორობა გაუწია. წიგნები ფართოდ ვრცელდებოდა, სანამ 1826 წელს ეკლესიის გავლენით მეფე იძულებული არ გახდა „რუსული ბიბლიის საზოგადოება“ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის „წმინდა სინოდის“ ხელქვეით მოექცია, რომელმაც მაშინ ეფექტურად ჩაახშო ამ საზოგადოების საქმიანობა. მოგვიანებით პავსკიმ ებრაული წერილები თარგმნა ებრაულიდან რუსულ ენაზე. დაახლოებით იმავე დროს მართლმადიდებლური ეკლესიის არქიმანდრიტი მაკარიც თარგმნიდა ებრაულ წერილებს ებრაულიდან რუსულზე. ორივე დასაჯეს ამ მცდელობისთვის და მათი თარგმანები ეკლესიის არქივებში მოათავსეს. ეკლესიას გადაწყვეტილი ჰქონდა ბიბლია შეენარჩუნებინა ძველ სლავურ ენაზე, რომელსაც იმ დროს უბრალო ხალხი ვერ კითხულობდა და რომელიც არ ესმოდა. მხოლოდ მაშინ, როცა ვეღარ შეაკავეს ხალხის მცდელობა, შეეძინათ ბიბლიური შემეცნება, „წმინდა სინოდმა“ 1856 წელს თავად დაიწყო საკუთარ სინოდალურ თარგმანზე მუშაობა და ამას ისეთი მზაკვრობით აკეთებდნენ, რომ თარგმანში გამოყენებული გამოთქმები შეეთანხმებინათ ეკლესიის შეხედულებებთან. მაშასადამე, ღვთის სიტყვის გავრცელებასთან დაკავშირებით, ცხადი გახდა ის განსხვავება, რომელიც არსებობდა რელიგიური წინამძღოლების მიერ შექმნილ გარეგნულ შთაბეჭდილებასა და მათ სულისკვეთებას შორის, რაც გამომჟღავნდა მათი სიტყვითა და საქმით (2 თესალონიკელთა 2:3, 4).
სიტყვის დაცვა დამახინჯებისგან
9. როგორ გამოავლინა ბიბლიის ზოგმა მთარგმნელმა თავისი სიყვარული ღვთის სიტყვის მიმართ?
9 საღვთო წერილის მთარგმნელებსა და გადამწერებს შორის იყვნენ ის მამაკაცები, რომლებსაც ნამდვილად უყვარდათ ღვთის სიტყვა და გულწრფელად სურდათ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ. უილიამ ტინდალი აწამეს (1536 წელს) იმისათვის, რომ ბიბლია ხელმისაწვდომი გახადა ინგლისურ ენაზე. ფრანსისკო დე ენსინასი დააპატიმრა კათოლიკურმა ინკვიზიციამ (1544 წლის შემდეგ) ესპანურ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნისა და გამოქვეყნებისთვის. სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით რობერტ მორისონმა თარგმნა ბიბლია ჩინურ ენაზე (1807—1818 წლებში).
10. რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის ნაცვლად, ზოგ მთარგმნელს სხვა აღძვრები ამოქმედებდა?
10 მაგრამ ზოგჯერ ღვთის სიტყვის სიყვარულის ნაცვლად სხვა მოსაზრებები ახდენდა გავლენას გადამწერებისა და მთარგმნელების საქმეზე. ყურადღება მიაქციე ოთხ მაგალითს: 1) სამარიელებმა გერიზიმის მთაზე ტაძარი ააშენეს, რომ იერუსალიმის ტაძრისთვის კონკურენცია გაეწიათ. ამის მხარდასაჭერად სამარიულ ხუთწიგნეულში, გამოსვლის 20:17-ში გაკეთებული იყო ჩანართი. ათ მცნებაში მათ ჩაამატეს მცნება, აეშენებინათ ქვის სამსხვერპლო გერიზიმის მთაზე და იქ მიეტანათ მსხვერპლი. 2) პიროვნებამ, რომელმაც პირველად თარგმნა დანიელის წიგნი ბერძნული „სეპტუაგინტისთვის“ თავის თარგმანში წესები დაარღვია. მან ჩაამატა მტკიცებები, რომლებიც, მისი აზრით, ახსნიდა ან გააძლიერებდა იმას, რაც ებრაულ ტექსტში იყო. მან გამოტოვა დეტალები, რომლებიც, მისი შეხედულებით, მიუღებელი იქნებოდა მკითხველისთვის. როცა თარგმნიდა მესიის გამოჩენის დროის წინასწარმეტყველებას, რომელიც ჩაწერილია დანიელის 9:24–27-ში, მან გააყალბა მოცემული დროის პერიოდი, დაამატა, შეცვალა და გადააადგილა სიტყვები, ალბათ, იმ მიზნით, რომ წინასწარმეტყველებისთვის ისეთი სახე მიეცა, თითქოს ის მხარს უჭერდა მაკაბელების ბრძოლას. 3) ახ. წ. მეოთხე საუკუნეში ლათინურ ტრაქტატში სამების დოგმატის თავდადებულმა დამცველმა, ჩაამატა 1-ლი იოანეს 5:7-ში შემდეგი სიტყვები: „ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია“. მოგვიანებით ეს ნაწყვეტი ჩართეს ლათინური ბიბლიის ხელნაწერში. 4) პროტესტანტების წარმატება რომ გაებათილებინათ, საფრანგეთში ლუი XIII (1610—1643) ჟაკ კორბენს, ბიბლიის ფრანგულ ენაზე თარგმნის უფლება მისცა. ამ მიზნის გათვალისწინებით, კორბენმა ჩაამატა ტექსტში რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის სიტყვები „მესას წმინდა შესაწირავზე“ საქმეების 13:2-ში.
11. ა) როგორ უძლებდა ღვთის სიტყვა ზოგი მთარგმნელის უპატიოსნობას? ბ) ბიბლიის რამდენი ძველი ხელნაწერი არსებობს თავდაპირველად ჩაწერილის დასადასტურებლად? (იხილე ჩარჩო).
11 თუმცა იეჰოვამ დაუშვა თავის სიტყვაში თვითნებური ცვლილებების შეტანა, ამას რა შეუცვლია მისი განზრახვა. რა შედეგები ჰქონდა ამას? გერიზიმის მთის შესახებ შენიშვნის ჩამატებით სამარიელების რელიგია არ გადაქცეულა ღვთის იმ საშუალებად, რომლითაც ის კაცობრიობას აკურთხებდა. ამის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ სამარიელები ხუთწიგნეულის მიმართ რწმენას აღიარებდნენ, იმ ჩამატებებმა დაამტკიცა, რომ მათი რელიგიის ნდობა ჭეშმარიტების სწავლების საკითხში არ შეიძლებოდა (იოანე 4:20–24). „სეპტუაგინტაში“ თხრობის დამახინჯებამ ხელი ვერ შეუშალა მესიის მოსვლას იმ დროს, რომელიც დანიელის მეშვეობით იყო ნაწინასწარმეტყველები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეში „სეპტუაგინტას“ იყენებდნენ, იუდეველებს ჩვეულებად ჰქონდათ სინაგოგებში საღვთო წერილის მოსმენა, რომელიც ებრაულ ენაზე იკითხებოდა. ამის შედეგად, ‘ხალხი მოლოდინში იყო’, როცა იმ წინასწარმეტყველების შესრულების დრო ახლოვდებოდა (ლუკა 3:15). რაც შეეხება 1-ლი იოანეს 5:7-ში სამების მხარდასაჭერად და საქმეების 13:2-ში მესას განსამტკიცებლად შეტანილ ნაწყვეტებს, მათ არ შეუცვლიათ ჭეშმარიტება. დროთა განმავლობაში, ეს თაღლითობები სრულიად გამოაშკარავდა. ორიგინალ ენებზე შესრულებული ბიბლიის ხელნაწერების დიდი რაოდენობა ნებისმიერი თარგმანის საფუძვლიანობის შემოწმების საშუალებას იძლევა.
12. ა) რა სერიოზული ცვლილებები შეიტანა ბიბლიაში ზოგმა მთარგმნელმა? ბ) რამდენად შორს წავიდნენ თავიანთ მცდელობაში?
12 საღვთო წერილში ცვლილებების შეტანის სხვა მცდელობები უფრო მეტს მოიცავდა, ვიდრე რამდენიმე მუხლის სხვა სიტყვებით ჩამოყალიბება. ეს წარმოადგენდა თვით ჭეშმარიტი ღვთის ვინაობაზე თავდასხმებს. ცვლილებების ბუნება და რაოდენობა იმის ნათელ მტკიცებას იძლეოდა, რომ ეს ზეგავლენა ნებისმიერ ადამიანსა თუ ადამიანურ ორგანიზაციაზე უფრო ძლიერი წყაროსგან მომდინარეობდა — დიახ, ეს სატანა ეშმაკის, იეჰოვას მთავარი მტრის ზეგავლენა იყო. ამ ზეგავლენაში მოქცეულმა მთარგმნელებმა და გადამწერებმა — ზოგმა თავისი ნებით, სხვებმა კი იძულებით — დაიწყეს ღვთის პირადი სახელის, იეჰოვას, ამოღება მისი ინსპირირებული სიტყვის იმ ათასობით ადგილიდან, სადაც ეს სახელი იყო ჩაწერილი. ადრეულ პერიოდშივე, ზოგი თარგმანი, რომელიც გაკეთებული იყო ებრაულიდან ბერძნულსა და ლათინურზე, გერმანულსა და ინგლისურზე, იტალიურსა და ჰოლანდიურზე, სხვა თარგმანებს შორის, ან საერთოდ არ შეიცავდა ღვთის სახელს, ან ის მხოლოდ რამდენიმე ადგილზე იყო შემორჩენილი. სახელი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ასლებიდანაც ამოიღეს.
13. საყოველთაოდ გავრცელებულმა მცდელობამ, ცვლილებები შეეტანათ ბიბლიაში რატომ ვერ ამოშალა ღვთის სახელი ადამიანების მეხსიერებიდან?
13 მაგრამ ეს დიდებული სახელი არ ამოშლილა ადამიანთა მეხსიერებიდან. ებრაული წერილების მთარგმნელები ესპანურზე, პორტუგალიურზე, გერმანულზე, ინგლისურზე, ფრანგულსა და სხვა მრავალ ენაზე პატიოსნად წერდნენ ღვთის სახელს თავიანთ თარგმანებში. მე-16 საუკუნისთვის ღვთის სახელი ისევ გამოჩნდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების რამდენიმე ებრაულ თარგმანშიც; მე-18 საუკუნისთვის — გერმანულ თარგმანში; მე-19 საუკუნისთვის — ხორვატულსა და ინგლისურ თარგმანებში. ადამიანები კიდეც რომ ცდილობდნენ ღვთის სახელის მიჩქმალვას, როცა დადგება „იეჰოვას დღე“, მათ მაინც „მოუწევთ იმის შეცნობა, რომ მე ვარ იეჰოვა“, როგორც ამას ღმერთი აცხადებს. ღვთის ეს გაცხადებული განზრახვა შეუსრულებელი არ დარჩება (2 პეტრე 3:10; ეზეკიელი 38:23, აქ; ესაია 11:9; 55:11).
ცნობა დედამიწის მთელ კუთხეს სწვდება
14. ა) ევროპის რამდენ ენაზე იყო დაბეჭდილი ბიბლია მე-20 საუკუნისთვის და რა შედეგით? ბ) აფრიკის რამდენ ენაზე იყო ხელმისაწვდომი ბიბლია 1914 წლის ბოლოს?
14 მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ბიბლია უკვე დაბეჭდილი იყო ევროპის 94 ენაზე. მსოფლიოს ამ ნაწილში ეს აფრთხილებდა ბიბლიის მკვლევარებს იმ ფაქტის შესახებ, რომ შემაძრწუნებელი მოვლენები უნდა მომხდარიყო წარმართთა ჟამის დასასრულისთანავე, 1914 წელს, და ეს მოვლენები მართლაც მოხდა! (ლუკა 21:24). მსოფლიო მნიშვნელობის 1914 წლის დასრულებამდე, ბიბლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, ფართოდ გავრცელებულ ინგლისურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებთან ერთად გამოცემული იყო 157 აფრიკულ ენაზე. ასე რომ, საფუძველი ჩაეყარა აფრიკაში მცხოვრები ტომებისა და ეროვნული ჯგუფების წარმომადგენელი თავმდაბალი ადამიანებისთვის სულიერად გამათავისუფლებელი ბიბლიური ჭეშმარიტებების სწავლებას.
15. რამდენად ხელმისაწვდომი იყო ბიბლია ამერიკის კონტინენტებზე მცხოვრები ადამიანების ენებზე ბოლო დღეების დადგომისთანავე?
15 როცა მსოფლიომ ნაწინასწარმეტყველებ ბოლო დღეებში შეაბიჯა, ბიბლია ფართოდ იყო გავრცელებული ამერიკის კონტინენტებზე. ევროპელმა იმიგრანტებმა თან ჩაიტანეს ის თავ-თავიანთ ენებზე. მიმდინარეობდა ბიბლიური განათლების ვრცელი პროგრამის განხორციელება საჯარო ლექციებითა და ბიბლიური ლიტერატურის გაძლიერებული გავრცელებით, რომელსაც გამოსცემდნენ ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარები, როგორც მაშინ იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები. გარდა ამისა, დასავლეთის ნახევარსფეროს ადგილობრივ მცხოვრებთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბიბლიური საზოგადოებები უკვე ბეჭდავდნენ ბიბლიას 57 ენაზე.
16, 17. ა) რამდენად გახდა ბიბლია ხელმისაწვდომი, როცა საყოველთაო ქადაგების დრო დადგა? ბ) როგორ აღმოჩნდა ბიბლია გამძლე და ყველაზე გავლენიანი წიგნი?
16 როცა კეთილი ცნობის საყოველთაო ქადაგების დრო მოვიდა, სანამ ‘დადგებოდა აღსასრული’, ბიბლია ახალი რამ არ იყო აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე (მათე 24:14). ის უკვე გამოქვეყნებული იყო დედამიწის იმ ნაწილის 232 ენაზე. მათგან ზოგი იყო მთლიანი ბიბლია; მრავალი იყო ქრისტიანულ-ბერძნული წერილები; სხვა კი — საღვთო წერილის ცალკეული წიგნები.
17 ნათელია, ბიბლია მუზეუმის ექსპონატად არ იქცა. ყველა წიგნიდან, რაც კი არსებობს, მხოლოდ ბიბლია ითარგმნა ყველაზე მეტ ენაზე და მხოლოდ ის იყო ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნი. ღვთის წყალობის ამ მტკიცების შესაბამისად, რაც ამ წიგნში ჩაიწერა, ახდა. მის სწავლებებსა და სულს, რომლითაც შთაგონებულ იქნა ის სწავლებები, აგრეთვე ხანგრძლივი შედეგი აქვს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაზე (1 პეტრე 1:24, 25). მაგრამ გაცილებით მეტი უნდა მომხდარიყო.
გახსოვს თუ არა?
◻ რა არის „ჩვენი ღვთის სიტყვა“, რომელიც უკუნისამდე მკვიდრობს?
◻ რა მცდელობები იყო ბიბლიის გასანადგურებლად და რა შედეგით?
◻ როგორ იყო დაცული ბიბლიის სიზუსტე?
◻ როგორ აღმოჩნდა ღვთის გაცხადებული განზრახვა ცოცხალ სიტყვად?
[ჩარჩო 12 გვერდზე]
ნამდვილად ვიცით თუ არა, რა იყო ნათქვამი ბიბლიაში თავდაპირველად?
დაახლოებით 6 000 ებრაული ხელნაწერი ადასტურებს „ებრაული წერილების“ შინაარსის სიზუსტეს. რამდენიმე მათგანი თარიღდება ქრისტიანობამდელი პერიოდით. სულ ცოტა, 19 შემორჩენილი ხელნაწერი წარმოადგენს ებრაული წერილების სრულ კრებულს და თარიღდება იმ დროით, სანამ საბეჭდ დაზგას შემოიღებდნენ. გარდა ამისა, იმავე დროიდან არსებობს თარგმანები, რომლებიც გაკეთდა სხვა 28 ენაზე.
რაც შეეხება „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს“ ბერძნულ ენაზე შესრულებული დაახლოებით 5 000 ხელნაწერია შეტანილი კატალოგში. ერთ-ერთი თარიღდება ახ. წ. 125 წლამდე პერიოდით, ესე იგი მხოლოდ რამდენიმე წელი იყო გასული თავდაპირველი ჩაწერის შემდეგ. და ვარაუდობენ, რომ ზოგი ნაწყვეტი საკმაოდ ადრე იქნა შესრულებული. 27 ინსპირირებული წიგნიდან 22-სთვის არსებობს 10-დან 19-მდე სრული ხელნაწერი, რომელიც მთავრული შრიფტითაა შესრულებული. ბიბლიის ამ ნაწილის ყველა წიგნიდან მთავრული შრიფტით შესრულებული სრული ხელნაწერების უმცირესი რაოდენობა არის სამი — წიგნ „გამოცხადებისთვის“. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთი სრული ხელნაწერი თარიღდება ახ. წ. მეოთხე საუკუნით.
სხვა არც ერთი უძველესი ლიტერატურული ნაშრომი არ დასტურდება უძველესი დოკუმენტური მტკიცების ასეთი ნაკადით.