წინასწარმეტყველური წიგნი
ადამიანებს აინტერესებთ მომავალი. ისინი ეძებენ სანდო წინასწარმეტყველებებს მრავალ საკითხთან დაკავშირებით — დაწყებული ამინდის პროგნოზით და დამთავრებული ეკონომიკური მაჩვენებლებით. ხოლო, როცა ისინი ასეთი პროგნოზების მიხედვით მოქმედებენ, ხშირად გულგატეხილობა ეუფლებათ. ბიბლიაში მრავალი წინასწარმეტყველებაა მოცემული. რამდენად ზუსტია ეს წინასწარმეტყველებები? არის თუ არა ეს წინასწარ დაწერილი ისტორია? ან იქნებ ისინი შემდეგ დაიწერა და წინასწარმეტყველებებად გაასაღეს?
ერთი ცნობის თანახმად, რომის სახელმწიფო მოღვაწე კატონმა (ძვ. წ. 234—149) თქვა: „მიკვირს, რომ რომელიმე მკითხავს არ ეცინება, როცა სხვა მკითხავს ხედავს“1. მართლაც, დღეს მრავალი ადამიანი სკეპტიკურად არის განწყობილი მკითხავების, ასტროლოგებისა და სხვა ასეთების მიმართ. ხშირად მათ წინასწარმეტყველებებს გაუგებარი სიტყვებით იმეორებენ და სხვადასხვანაირად განმარტავენ.
მაშ, რა შეიძლება ითქვას ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე? არსებობს მათ მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი? ან იქნებ რამე საფუძველი არსებობს ნდობისთვის?
ეს არ არის ფაქტებზე დაფუძნებული ვარაუდები
მცოდნე ადამიანებს შეუძლიათ სცადონ ხილული ტენდენციების გამოყენება, რათა ზუსტად გამოიცნონ მომავალი, მაგრამ ისინი ყოველთვის მართლები არ არიან. წიგნი „მომავალი შოკი“ (Future Shock) შენიშნავს: „ყოველი საზოგადოება ხვდება არა მარტო ერთმანეთზე მიყოლებულ ნამდვილად მოსალოდნელ მომავალ მოვლენებს, არამედ მთელ რიგ შესაძლებელ მომავალ მოვლენებს და კონფლიქტს მომავლის სასურველ მოვლენებთან დაკავშირებით“. ის ამატებს: „რასაკვირველია, არავის შეუძლია, აბსოლუტურად ‘იცოდეს’ მომავალი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სისტემაში მოვიყვანოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ვარაუდები და შევეცადოთ, მოსალოდნელობა მივუსადაგოთ მათ“2.
ბიბლიის მწერლები, უბრალოდ, ‘მოსალოდნელს არ უსადაგებდნენ’ ‘ვარაუდებს’ მომავალთან დაკავშირებით და მათ წინასწარმეტყველებებს ვერ უგულებელყოფ, როგორც გაუგებარ განცხადებებს, რომლებიც მრავალნაირი ახსნა-განმარტებების საშუალებას იძლევა. პირიქით, მათი წინასწარმეტყველებებიდან მრავალი წარმოთქმულ იქნა უჩვეულოდ გასაგები ენით და იყო არაჩვეულებრივად კონკრეტული, ხშირად მოსალოდნელის სრულიად საპირისპიროს წინასწარმეტყველებდა. მაგალითისთვის ავიღოთ ის, რაც ბიბლიამ წინასწარ თქვა ძველი ქალაქის, ბაბილონის, შესახებ.
უნდა ‘გახვეტილიყო განადგურების ცოცხით’
ძველი ბაბილონი გახდა „სამეფოთა მშვენება“ (ესაია 13:19). ეს გაშლილი ქალაქი მდებარეობდა სტრატეგიულ ადგილზე, სპარსეთის ყურედან ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ სავაჭრო გზაზე, და სახმელეთო და საზღვაო ვაჭრობის კომერციული ბაზის სამსახურს სწევდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ერთი შეხედვით, ძვ. წ. მეშვიდე საუკუნისთვის ბაბილონი ბაბილონის იმპერიის უძლეველი დედაქალაქი იყო. ქალაქი გადაშლილი იყო ევფრატის მდინარეზე და მდინარის წყლებს ფართო, ღრმა თხრილისა და არხთა ქსელისთვის იყენებდნენ. ამასთანავე, ქალაქი დაცული იყო ორმაგი კედლის ძლიერი სისტემით, რომელიც გამაგრებული იყო მრავალი დამცავი კოშკით. გასაკვირი არ არის, რომ მისი მოსახლეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
მიუხედავად ამისა, ძვ. წ. მერვე საუკუნეში, სანამ ბაბილონი თავისი დიდების მწვერვალს მიაღწევდა, წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ბაბილონი ‘განადგურების ცოცხით გაიხვეტებოდა’ (ესაია 13:19; 14:22, 23). ესაიამ ისიც კი აღწერა, თუ როგორ დაეცემოდა ბაბილონი. დამპყრობლები ‘ამოაშრობდნენ’ მის მდინარეებს — თხრილის მსგავსი დამცველი საშუალების წყაროს — რის შედეგადაც ქალაქი დაუცველი გახდებოდა. ესაიამ დამპყრობლის სახელიც კი მოიხსენია — „კიროსი“, სპარსეთის დიდი მეფე, რომლის წინაშეც ‘კარიბჭენი გაიხსნებოდნენ და ჭიშკრები არ ჩაიკეტებოდნენ’ (ესაია 44:27—45:2).
ეს თამამი წინასწარმეტყველებები იყო. მაგრამ მართლა შესრულდა ისინი? ამაზე ისტორია პასუხობს.
„ბრძოლის გარეშე“
ესაიას მიერ წინასწარმეტყველების ჩაწერიდან ორი ასწლეულის შემდეგ, 5 ოქტომბრის ღამეს, ძვ. წ. 539 წელს, მიდიისა და სპარსეთის ჯარები დიდი კიროსის მეთაურობით დაბანაკებული იყვნენ ბაბილონის მახლობლად. მაგრამ ბაბილონელები გულდაჯერებულები იყვნენ. ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს თანახმად (ძვ. წ. მეხუთე საუკუნე), მათ მოიმარაგეს მრავალი წლისთვის საკმარისი საზრდო3. მათ აგრეთვე იცავდა ევფრატის მდინარე და ბაბილონის ძლიერი კედლები. და მაინც, იმ ღამეს, ნაბონიდის მატიანეს თანახმად, „კიროსის ჯარები ბრძოლის გარეშე შევიდნენ ბაბილონში“4. როგორ გახდა ეს შესაძლებელი?
ჰეროდოტე ამბობს, რომ ქალაქის შიგნით მცხოვრებლები „(რადგანაც ისინი მაშინ დღეობას იხდიდნენ) ამ დროს ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ“5. ხოლო მის გარეთ კიროსმა ევფრატის წყლები სხვა მიმართულებით გადააგდო. როცა წყლის დონემ დაიკლო, მისმა ჯარმა შეტოპა მდინარის კალაპოტში, სადაც წყალი კაცს თეძოს შუამდე ძლივს წვდებოდა. მათ მარშით ჩაუარეს მაღალ კედლებს და შევიდნენ, როგორც ამას ჰეროდოტემ უწოდა, „მდინარეზე გამომავალი ყველა ბჭით“, რომლებიც უყურადღებობის გამო დარჩათ დასაკეტი6 (დანიელი 5:1–4; იერემია 50:24; 51:31, 32). სხვა ისტორიკოსები, ქსენოფონტის ჩათვლით (დაახლ. ძვ. წ. 431—352), აგრეთვე არქეოლოგების მიერ ნაპოვნი სოლისებრი ფირფიტები ადასტურებენ ბაბილონის უეცარ დაცემას კიროსის წინაშე7.
მაშასადამე, ესაიას წინასწარმეტყველება ბაბილონის შესახებ შესრულდა. იქნებ ეს წინასწარმეტყველება არ შესრულებულა? იქნებ ეს არ იყო წინასწარმეტყველება და მომხდარი ფაქტის შემდეგ დაიწერა? სინამდვილეში, იმავე კითხვის დასმა შეიძლება სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით.
ისტორია წინასწარმეტყველებად არის გასაღებული?
თუ ბიბლიის წინასწარმეტყველებმა, ესაიას ჩათვლით, მხოლოდ გადაამუშავეს ისტორია, რათა წინასწარმეტყველების სახე მიეცათ, მაშინ ის მამაკაცები გონებამახვილი აფერისტები ყოფილან და სხვა არაფერი. მაგრამ რა მოტივი უნდა ჰქონოდა საფუძვლად ასეთ გაიძვერობას? ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები უმალ ხდიდნენ გასაგებს, რომ მათი მოქრთამვა შეუძლებელი იყო (პირველი მეფეთა 12:3; დანიელი 5:17). და ჩვენ უკვე განვიხილეთ დამაჯერებელი მტკიცებები, რომ ბიბლიის მწერლები (რომელთაგან მრავალი წინასწარმეტყველი იყო) იყვნენ სანდო მამაკაცები, რომლებიც მზად იყვნენ საკუთარი უხერხულობის გამომწვევი შეცდომებიც კი გაემხილათ. გამორიცხულია, რომ ასეთი მამაკაცები მიდრეკილი ყოფილიყვნენ, საკუთარ თავზე აეღოთ წვრილმანებში დამუშავებული ტყუილები, რითაც ისტორიას წინასწარმეტყველებად გაასაღებდნენ.
კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი. ბიბლიის მრავალი წინასწარმეტყველება შეიცავს წინასწარმეტყველთა მწარე მსჯავრდებებს საკუთარი ერის წინააღმდეგ, რომელშიც შედიოდნენ მღვდლები და მმართველებიც. მაგალითად, ესაიამ აღწერა მისი თანამედროვე ისრაელების — წინამძღოლებისა და ერის — სავალალო ზნეობრივი მდგომარეობა (ესაია 1:2–10). სხვა წინასწარმეტყველები გაბედულად ამხელდნენ მღვდლებს მათ ცოდვებში (სოფონია 3:4; მალაქია 2:1–9). ძნელია იმის მოფიქრება, თუ რატომ უნდა მოეგონებინათ წინასწარმეტყველებები, რომლებშიც საკუთარი ერის წინააღმდეგ მიმართული წარმოუდგენლად მკაცრი გაკიცხვები იქნებოდა, და რატომ უნდა ეთანამშრომლათ მღვდლებს ასეთ ხრიკებში.
უფრო მეტიც, როგორ შეეძლოთ წინასწარმეტყველებს — თუ ისინი მხოლოდ თაღლითები იყვნენ — ასე იოლად განეხორციელებინათ ასეთი სიყალბე? ისრაელში ხელს უწყობდნენ წერა-კითხვის ცოდნას. ადრეული ასაკიდან ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ (მეორე რჯული 6:6–9). ყველას მოუწოდებდნენ საღვთო წერილი პირადად ეკითხათ (ფსალმუნი 1:2). სინაგოგებში ყოველ შაბათს ეწყობოდა საღვთო წერილის საჯაროდ კითხვა (საქმეები 15:21). დაუჯერებელია, რომ მთელი განათლებული ერი, რომელიც კარგად ერკვეოდა საღვთო წერილში, მისტიფიკაციით მოტყუებულიყო.
გარდა ამისა, კიდევ მრავლის თქმა შეიძლება ესაიას წინასწარმეტყველების შესახებ ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით. მასში შედის ერთი წვრილმანი, რომელიც ვერანაირად ვერ დაიწერებოდა მისი შესრულების შემდეგ.
„არასოდეს გაკაცრიელდება“
რა დაემართებოდა ბაბილონს დაცემის შემდეგ? ესაიამ იწინასწარმეტყველა: „არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ“ (ესაია 13:20). თუ ვილაპარაკებთ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, ეწინასწარმეტყველათ, რომ ასეთ ხელსაყრელ ადგილას განლაგებული ქალაქი მარადიულად დაუსახლებელი იქნებოდა. შეიძლებოდა, რომ ესაიას თავისი სიტყვები განადგურებული ბაბილონის დათვალიერების შემდეგ დაეწერა?
კიროსის მიერ დაპყრობის შემდეგ დასახლებული ბაბილონი — თუმცა იმ დიდებით აღარ იყო — არ გადაშენებულა საუკუნეების განმავლობაში. გაიხსენეთ, რომ მკვდარი ზღვის გრაგნილებში შედის ესაიას მთლიანი წიგნი, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. მეორე საუკუნით. იმ დროს, როცა ამ გრაგნილის გადაწერა ხდებოდა, ბაბილონი პართელების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ახ. წ. პირველ საუკუნეში ბაბილონში იუდეველების დასახლებაც კი არსებობდა და ბიბლიის მწერალი პეტრე ეწვია იქაურობას (1 პეტრე 5:13). იმ დროისთვის მკვდარი ზღვის ესაიას გრაგნილი თითქმის ორი საუკუნე იყო, რაც არსებობდა. ასე რომ, ახ. წ. პირველ საუკუნეში ბაბილონი ჯერ არ იყო მთლიანად გაუკაცრიელებული, ხოლო ესაიას წიგნის წერა მანამდე დიდი ხნის დამთავრებული იყოa.
როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბაბილონი საბოლოოდ ჩვეულებრივ „ნანგრევებად“ იქცა (იერემია 51:37). ებრაულის მცოდნე იერონიმეს თანახმად (ახ. წ. მეოთხე საუკუნე), მის დღეებში ბაბილონი სანადირო ადგილად იქცა, სადაც „ყველანაირი ნადირი“ დაეხეტებოდა. ბაბილონი დღემდე უკაცრიელია.
ესაია აღარ ცხოვრობდა იმ დროს, რომ ენახა გაუკაცრიელებული ბაბილონი. მაგრამ ერთ დროს ძლევამოსილი ქალაქის ნანგრევები, რომლებიც თანამედროვე ერაყის ქალაქ ბაღდადისგან სამხრეთისკენ 80 კილომეტრითაა დაშორებული, ესაიას სიტყვების შესრულების მდუმარე დამმოწმებელია: „არასოდეს გაკაცრიელდება“. თუ აღადგენენ ბაბილონს, როგორც ტურიზმის ობიექტს, ამან შეიძლება მიიზიდოს დამთვალიერებლები, მაგრამ ‘მონაგარი და მისხისმისხი’ სამარადჟამოდ გაქარწყლდა (ესაია 13:20; 14:22, 23).
მაშასადამე, ესაია წინასწარმეტყველს არ წარმოუთქვამს ბუნდოვანი წინასწარმეტყველებები, რომელთა მორგებაც შესაძლებელი იქნებოდა მომავლის ნებისმიერი მოვლენისთვის. მან არც მომხდარი ისტორია დაწერა, რათა ეს წინასწარმეტყველებად გაესაღებინა. დაფიქრდით ამაზე: რატომ წავიდოდა რისკზე რომელიმე გაიძვერა, „ეწინასწარმეტყველა“ რაღაცა, რაზეც მას არავითარი კონტროლი არ ჰქონდა — რომ ძლევამოსილი ბაბილონი მეტად აღარ დასახლდებოდა?
ეს წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემის შესახებ არის ერთ-ერთი მაგალითი ბიბლიიდანb. მრავალი ადამიანი ხვდება, რომ ბიბლიაში მოცემული წინასწარმეტყველებების შესრულება მიუთითებს, რომ ბიბლია უნდა მომდინარეობდეს ისეთი წყაროდან, რომელიც ადამიანზე მაღლა დგას. ალბათ, იმას მაინც დაეთანხმებით, რომ ღირს, ამ წინასწარმეტყველური წიგნის გამოკვლევა. ერთი რამ უეჭველია: დღევანდელი მკითხავების ბუნდოვან და სენსაციურ წინასწარმეტყველებებსა და ბიბლიის ნათელ, საღ და კონკრეტულ წინასწარმეტყველებებს შორის დიდი სხვაობა არსებობს.
[სქოლიოები]
a არსებობს მტკიცე საფუძველი, რომ ებრაული წერილების წიგნები — ესაიას ჩათვლით — დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნემდე დიდი ხნით ადრე. ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა (ახ. წ. პირველი საუკუნე) მიუთითა, რომ ებრაული წიგნების კანონი ჩამოყალიბებული იყო მის დღეებამდე დიდი ხნით ადრე8. ამასთანავე, ბერძნული „სეპტუაგინტა“ — ებრაული წერილების თარგმანი ბერძნულ ენაზე — დაიწყო ძვ. წ. მესამე საუკუნეში და დასრულდა ძვ. წ. მეორე საუკუნეში.
b ბიბლიური წინასწარმეტყველებებისა და მათი შესრულების დამადასტურებელი ისტორიული ფაქტების დამატებითი განხილვისთვის გთხოვთ, იხილოთ მე-18 თავი წიგნში „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“, რომელიც გამოცემულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ (რუს.).
[ჩანართი 28 გვერდზე]
ბიბლიის მწერლები შეუცდომელი წინასწარმეტყველები იყვნენ თუ ჭკვიანი თაღლითები?
[სურათი 29 გვერდზე]
ძველი ბაბილონის ნანგრევები.