თავი მეშვიდე
დაუბრუნდით იეჰოვას თაყვანისმცემლობას
1. რა ჰქვია ბაბილონელთა ორ მთავარ ღვთაებას და რა არის ნაწინასწარმეტყველები მათ შესახებ?
ბაბილონის ტყვეობაში ისრაელი ერი ცრუ თაყვანისმცემლობით იქნება გარემოცული. ესაიას დღეებში ისინი ჯერ ისევ თავიანთ მიწაზე ცხოვრობენ, სადაც ტაძარიც აქვთ და სამღვდელოებაც ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ღვთისადმი მიძღვნილ ერში ბევრი კერპთაყვანისმცემლობას იწყებს. როგორც ჩანს, საჭიროა ხალხის წინასწარ მომზადება, რათა არ შეუშინდნენ ბაბილონელთა ცრუ ღმერთებს და თაყვანი არ სცენ მათ. ამიტომაც ესაია ბაბილონელთა ორი მთავარი ღვთაების შესახებ წინასწარმეტყველებს: „ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!“ (ესაია 46:1). ბელი ქალდეველთა უზენაესი ღვთაებაა. ნებოს კი სიბრძნისა და ცოდნის ღმერთად განადიდებენ. ამ ორ ღვთაებას ხალხი დიდ პატივს მიაგებს, რაც შესანიშნავად ჩანს იქიდან, რომ მათი სახელებიდან ბაბილონელთა მრავალი საკუთარი სახელია ნაწარმოები. მაგალითად შეგვიძლია ბელშაცარი, ნაბოფალასარი, ნაბუქოდონოსორი და ნაბუზარადინი მოვიყვანოთ.
2. როგორ არის ხაზგასმული ბაბილონელთა ღმერთების უმწეობა?
2 ესაია ამბობს, რომ ბელი „ჩაიღუნა“, ხოლო ნებო „მოიკაკვა“. ამ ცრუ ღმერთებს დამცირება ელის. როდესაც იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ბაბილონზე, ისინი თავიანთ თაყვანისმცემლებს ვერ დაეხმარებიან. ეს ღმერთები თავის დახსნასაც კი ვერ შეძლებენ! ბელსა და ნებოს აღარასდროს გადაასვენებენ საპატიო ადგილზე, როგორც, მაგალითად, ბაბილონელთა ახალი წლის სადღესასწაულო პროცესიების დროს ხდებოდა. ამ კერპების ჩვეულებრივი ტვირთივით გადატანა მოუწევთ მათ თაყვანისმცემლებს. ერთ დროს განდიდებული ღმერთები დამცირებული და შეურაცხყოფილი აღმოჩნდებიან.
3. ა) რა დასცემს თავზარს ბაბილონელებს? ბ) რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ბაბილონელთა ღმერთებს დაემართა?
3 რა თავზარდამცემი იქნება ბაბილონელთათვის იმის დანახვა, რომ მათი სათაყვანო კერპები მხოლოდ ქანცგაწყვეტილი პირუტყვის სატარებელი ტვირთი ყოფილა! დღესაც წუთისოფლის ღმერთები — ყოველივე, რაზეც ხალხი იმედს ამყარებს, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს და თავსაც კი სწირავს — ილუზიაა. ამჟამად სიმდიდრე, შეიარაღება, გართობა, მმართველები, მამული თუ მასთან დაკავშირებული ემბლემები და ბევრი სხვა რამ არის განდიდებული. ასეთი ღმერთების უსარგებლობას იეჰოვა თავის დროზე გამოააშკარავებს (დანიელი 11:38; მათე 6:24; საქმეები 12:22; ფილიპელთა 3:19; კოლასელთა 3:5; გამოცხადება 13:14, 15).
4. რა გაგებით „მოიკაკვნენ“ და „ჩაიღუნენ“ ბაბილონელთა ღმერთები?
4 წინასწარმეტყველება კვლავ ამხელს ბაბილონელთა ცრუ ღმერთების სრულ უძლურებას და მათ შესახებ იუწყება: „მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ“ (ესაია 46:2). ბაბილონელთა ღმერთები ‘მოკაკვულან’ და ‘ჩაღუნულან’, თითქოს ბრძოლაში დაჭრილი ან სიბერისგან დაუძლურებული იყვნენ. ისიც კი არ შეუძლიათ, რომ ტვირთი შეუმსუბუქონ ან გაქცევაში დაეხმარონ თავიანთ მზიდავ ცხოველებს. განა პატივი უნდა მიაგოს მათ იეჰოვასთან კავშირით შეკრულმა ერმა, მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის ტყვეობაშია? არა! მათ მსგავსად, იეჰოვას ცხებულ მსახურებს სულიერი ტყვეობის დროსაც კი არ მოუხრიათ ქედი „დიდი ბაბილონის“ ცრუ ღმერთებისთვის, რომლებმაც ვერც 1919 წელს იხსნეს დაცემისგან „დიდი ბაბილონი“და ვერც მომავალში შესძლებენ იმას, რომ აარიდონ „დიდი გასაჭირის“ დროს დამტყდარი უბედურება (გამოცხადება 18:2, 21; მათე 24:21).
5. როგორ არიდებენ თავს ქრისტიანები კერპთაყვანისმცემელ ბაბილონელთა შეცდომის გამეორებას?
5 დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები არავითარი კერპის წინაშე არ იხრიან ქედს (1 იოანე 5:21). ჯვრები, ლოცვისთვის განკუთვნილი კრიალოსნები და წმინდანების გამოსახულებები ადამიანს შემოქმედთან ვერ აახლოვებს. მათ არ შეუძლიათ შუამდგომლობის გაწევა. პირველ საუკუნეში იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, თუ როგორ უნდა ეცათ ღვთისთვის თაყვანი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, — თქვა მან, — მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოანე 14:6, 14).
‘საშოდანვე ნატარები’
6. რით განსხვავდება იეჰოვა წუთისოფლის ღმერთებისგან?
6 ბაბილონელთა კერპების უსარგებლობის მხილების შემდეგ იეჰოვა თავის ხალხს ეუბნება: „მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო“ (ესაია 46:3). რა დიდი განსხვავებაა იეჰოვასა და ბაბილონის გამოქანდაკებულ კერპებს შორის! ბაბილონის ღმერთები ვერაფერს აკეთებენ თავიანთ თაყვანისმცემელთათვის. გადაადგილებისას ისინი პირუტყვმა უნდა ატაროს. იეჰოვა კი თავად ატარებს თავის ხალხს. ის ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდა მათზე, როცა ისინი ‘საშოში’ იყვნენ ანუ როცა ერი ჩამოყალიბდა. სასიამოვნო მოგონებები — ის, თუ როგორ ატარებდა მათ იეჰოვა — იუდაელებს უნდა დაეხმაროს, მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობას და მიენდონ იეჰოვას, როგორც თავიანთ მამასა და მეგობარს.
7. რა მხრივ აღემატება თავის თაყვანისმცემლებზე იეჰოვას მზრუნველობა შვილებზე მშობლების მზრუნველობას?
7 იეჰოვა კვლავ ალერსით მიმართავს თავის ხალხს: „შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ“ (ესაია 46:4). თავის ხალხზე იეჰოვას მზრუნველობა ყველაზე ყურადღებიანი მშობლის მზრუნველობას აღემატება. შვილების ზრდასთან ერთად, მშობლები სულ უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობენ. როდესაც მშობლები მოხუცდებიან, ხშირად შვილები ზრუნავენ მათზე. იეჰოვა სრულიად განსხვავდება მათგან. ის ყოველთვის ზრუნავს თავის მიწიერ შვილებზე მაშინაც კი, როდესაც მოხუცდებიან. დღეს ღვთის თაყვანისმცემლები იმედს ამყარებენ თავიანთ საყვარელ შემოქმედზე და ნუგეშს პოვებენ ესაიას წინასწარმეტყველების ამ სიტყვებში. ისინი არ უნდა ღელავდნენ იმ დარჩენილი დღეებისა თუ წლების გამო, რომლებიც ამ სისტემაში აქვთ გასავლელი. იეჰოვა ჰპირდება მოხუცებულებს, რომ თავად ‘ატარებს’ და ძალას მისცემს ყველაფრის გადასატანად და ერთგულების შესანარჩუნებლად. ის ხელში აყვანილს ატარებს, ძალას შეჰმატებს და გადაარჩენს მათ (ებრაელთა 6:10).
მოერიდეთ დღევანდელ კერპებს
8. რა მძიმე ცოდვას სჩადის ესაიას ზოგი თანამემამულე?
8 წარმოიდგინეთ, რა იმედგაცრუებული დარჩებიან ბაბილონელები, როდესაც მათი კერპები, რომლებზეც იმედს ამყარებენ, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება! განა უნდა შეადაროს ისრაელმა ეს ღმერთები იეჰოვას? ცხადია, არა. იეჰოვა სამართლიანად ეკითხება მათ: „ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?“ (ესაია 46:5). რა მძიმე ცოდვას სჩადის ესაიას ზოგი თანამემამულე მდუმარე, უსიცოცხლო და უმწეო კერპების თაყვანისცემით! ერისთვის, რომელიც იცნობს იეჰოვას, უსიცოცხლო და უძლურ ხელთქმნილ კერპებზე მინდობა ნამდვილად დიდი უგუნურებაა.
9. აღწერეთ, რა უგუნურებას ამჟღავნებს ზოგი კერპთაყვანისმცემელი.
9 ნახეთ, რა უგუნურებას ამჟღავნებენ კერპთაყვანისმცემელნი. წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ“ (ესაია 46:6). თითქოს ძვირფას კერპს მეტი ძალა ჰქონდეს მათ გადასარჩენად, ვიდრე ხისგან გაკეთებულს, კერპთაყვანისმცემლები არაფერს იშურებენ თავიანთი ღვთაების ჩამოსასხმელად. მაგრამ რაოდენ დიდი ძალისხმევაც უნდა მოხმარდეს კერპის ჩამოსხმას და რამდენად ძვირფასიც უნდა იყოს მასალა, უსიცოცხლო კერპი მაინც უსიცოცხლო კერპად რჩება.
10. როგორ არის ნაჩვენები კერპთაყვანისმცემლობის სრული უსარგებლობა?
10 წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით განაგრძობს იმის აღნიშვნას, თუ რამდენად აზრს მოკლებულია კერპთაყვანისმცემლობა: „მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება“ (ესაია 46:7). რა დიდი უგუნურებაა ლოცვა გამოსახულების წინაშე, რომელსაც არც მოსმენა შეუძლია და არც რამის გაკეთება! ფსალმუნმომღერალი კარგად აღწერს ასეთი კერპების უსარგებლობას: „მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 113:12—16).
„გამაგრდით“
11. რა დაეხმარება ‘გამაგრებაში’ მას, ვინც მერყეობს?
11 კერპთაყვანისმცემლობის უსარგებლობის ჩვენების შემდეგ იეჰოვა თავის ხალხს ეუბნება, თუ რატომ უნდა ემსახურონ მას: „ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო! გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი“ (ესაია 46:8, 9). ყველამ, ვინც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასა და კერპთაყვანისმცემლობას შორის მერყეობს, წარსული უნდა გაიხსენოს. მათ გონებაში უნდა ჰქონდეთ ის ყოველივე, რაც იეჰოვამ გააკეთა. ეს მათ გაამაგრებს და სწორად მოქმედებაში დაეხმარება. ამის წყალობით ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლობაში დაბრუნებას შესძლებენ.
12, 13. რა ბრძოლებში არიან ჩაბმული ქრისტიანები და როგორ შეუძლიათ გამარჯვება?
12 ასეთი გამხნევება დღესაც საჭიროა. ისრაელების მსგავსად, გულწრფელ ქრისტიანებსაც უწევთ ცდუნებებისა და საკუთარი არასრულყოფილების წინააღმდეგ ბრძოლა (რომაელთა 7:21—24). გარდა ამისა, ისინი ჩაბმული არიან უხილავი, მაგრამ ძალზე ძლიერი მტრის წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში. მოციქული პავლე ამბობს: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფესელთა 6:12).
13 სატანა და მისი დემონები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩამოაშორონ ქრისტიანები. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად ქრისტიანები იეჰოვას რჩევისამებრ უნდა მოიქცნენ და უნდა გამაგრდნენ. როგორ? მოციქული პავლე გვიხსნის: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შესძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას“. იეჰოვა საბრძოლველად არასაკმარისი აღჭურვილობით როდი უშვებს თავის მსახურებს. მათ სულიერ საჭურველში შედის ‘რწმენის ფარიც, რომლითაც ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობა’ შეუძლიათ (ეფესელთა 6:11, 16). ისრაელები სცოდავდნენ, რადგან უგულებელყოფდნენ იეჰოვას სულიერ დახმარებას. ისინი რომ დაფიქრებულიყვნენ იმ სასწაულებზე, რომლებიც იეჰოვას მრავალჯერ მოუხდენია მათ სასიკეთოდ, უწმინდურ კერპთაყვანისმცემლობაში არასდროს გაებმებოდნენ. მათი მაგალითი გასათვალისწინებელია ჩვენთვის, რათა მტკიცედ განვაგრძოთ ბრძოლა და ვაკეთოთ ის, რაც სწორია (1 კორინთელთა 10:11).
14. რა უნარზე ამახვილებს იეჰოვა ყურადღებას იმის საჩვენებლად, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია?
14 იეჰოვა განაგრძობს: „დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ“ (ესაია 46:10). რომელი ღმერთი შეედრება იეჰოვას ამ მხრივ? მომავლის წინასწარმეტყველების უნარი საუკეთესოდ ამტკიცებს, რომ შემოქმედი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. აღსანიშნავია, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები მოვლენების ზუსტად შესრულების წინასწარ განჭვრეტაზე უფრო მეტს ნიშნავს. სიტყვები „აღსრულდება ჩემი განზრახული“ ღვთის განზრახვის უცვლელობაზე ამახვილებს ყურადღებას. იეჰოვას უსაზღვროდ დიდი ძალა აქვს, ამიტომაც მთელ სამყაროში ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი ნების განხორციელებაში (დანიელი 4:32). ამის საფუძველზე შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნებისმიერი ჯერ კიდევ შეუსრულებელი წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდება ღვთის მიერ დადგენილ დროს (ესაია 55:11).
15. იეჰოვას მომავლის წინასწარმეტყველების უნარის რომელ შესანიშნავ მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას ესაია?
15 ესაიას წინასწარმეტყველება ახლა იეჰოვას უნარის — მოვლენების წინასწარმეტყველებისა და თავისი სიტყვის შესრულების — ერთ-ერთ საოცარ მაგალითზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას: „გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან — ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ“ (ესაია 46:11). იეჰოვა, ‘დასაბამითვე მომავლის განმცხადებელი’, ჩაერევა ადამიანების საქმეებში, რათა თავისი განზრახვა აღასრულოს. ის კიროსს „აღმოსავლეთიდან“, ანუ სპარსეთიდან, მის საყვარელ სატახტო ქალაქ პასარგადედან, მოიხმობს. კიროსი „ონავარი ფრინველივით“ სწრაფად და მოულოდნელად თავს დაეცემა ბაბილონს.
16. როგორ ადასტურებს იეჰოვა ბაბილონთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას?
16 ბაბილონთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას იეჰოვა შემდეგი სიტყვებით ადასტურებს: „ვთქვი და დიაღაც მოვახდენ“. ადამიანები ხშირად დაუფიქრებლად იძლევიან დაპირებებს, შემოქმედი კი არასდროს ღალატობს თავის სიტყვას. იეჰოვა „უტყუარი“ ღმერთია, ამიტომაც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუ ის რაღაცას ‘დასახავს’, აუცილებლად ‘გააკეთებს’ (ტიტე 1:2).
გულით ურწმუნონი
17, 18. ვინ შეიძლება აღიწეროს, როგორც „გულგაკერპებული“ ა) ძველ დროში მცხოვრებთაგან? ბ) დღეს მცხოვრებთაგან?
17 ახლა იეჰოვა კვლავ ბაბილონელებს უბრუნდება: „მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო!“ (ესაია 46:12). სიტყვა „გულგაკერპებულნი“ აღწერს მათ, რომლებიც ჯიუტად და თავდაჯერებულად ეწინააღმდეგებიან იეჰოვას ნებას. ცხადია, ბაბილონელები ძლიერ შორს არიან ღვთისგან. ისინი, იეჰოვასა და მისი ხალხის სიძულვილით აღძრულნი, იერუსალიმსა და მის ტაძარს ანგრევენ, ხოლო ქალაქის მკვიდრთ ატყვევებენ.
18 დღეს სკეპტიკურად განწყობილი და გულით ურწმუნო ადამიანები ჯიუტად არ ისმენენ სამეფოს შესახებ ცნობას, რომელიც მთელ მსოფლიოში გაისმის (მათე 24:14). მათ არ სურთ იეჰოვას უზენაეს მმართველად აღიარება (ფსალმუნი 82:19; გამოცხადება 4:11). ისინი, გულებით „სიმართლეს განშორებულნი“, ეწინააღმდეგებიან მის ნებას (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი ადამიანები, ბაბილონელთა მსგავსად, უარს ამბობენ იეჰოვას სიტყვების მოსმენაზე.
ღმერთი ხსნას არ დააყოვნებს
19. რას გააკეთებს იეჰოვა ისრაელისთვის, რაც ნამდვილად სამართლიანი იქნება?
19 ესაიას 46-ე თავის ბოლო სიტყვები იეჰოვას თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას: „მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს — ჩემს დიდებას!“ (ესაია 46:13). ღვთის მიერ ისრაელის გათავისუფლება სამართლიანი იქნება. იეჰოვა არ დაუშვებს ტყვეობაში თავისი ხალხის ხანგრძლივ ტანჯვას. სიონს ხსნის დღე თავის დროზე დაუდგება — „ხსნა არ დააყოვნებს“. მრავალი ერი გახდება ტყვეობიდან ისრაელის გათავისუფლების მოწმე. იეჰოვას მიერ თავისი ხალხის ხსნა იმის დამადასტურებელი იქნება, რომ იეჰოვას ნამდვილად აქვს გადარჩენის ძალა. ბაბილონელთა ღმერთების, ბელისა და ნებოს, უსარგებლობა მხილებულ იქნება და მათ უძლურებას ყველა დაინახავს (მესამე მეფეთა 18:39, 40).
20. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს იმაში დარწმუნება, რომ „ხსნა არ დააყოვნებს“?
20 იეჰოვამ 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა თავისი ხალხი. მას არ დაუყოვნებია ხსნა. ეს მოვლენა, ისევე როგორც ძველ დროში კიროსის წინაშე ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებული მოვლენები, ჩვენთვისაც გამამხნევებელია. იეჰოვა აღგვითქვამს, რომ ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ სისტემასა და მის ცრუ თაყვანისმცემლობას (გამოცხადება 19:1, 2, 17—21). ადამიანისთვის დამახასიათებელი აზროვნებიდან გამომდინარე, ზოგი ქრისტიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მათი ხსნა აყოვნებს. მაგრამ ამ დანაპირების შესასრულებლად დადგენილ დრომდე იეჰოვას მოთმინება ჭეშმარიტად სამართლიანია. იეჰოვას ხომ „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). დარწმუნებული იყავით, რომ დღესაც, როგორც ძველი ისრაელის დღეებში, „ხსნა არ დააყოვნებს“. დიახ, დღეს, როდესაც ხსნის დღე ახლოვდება, იეჰოვა კვლავაც სიყვარულით უხმობს ხალხს: „ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა — თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია“ (ესაია 55:6, 7).
[სურათები 94 გვერდზე]
ბაბილონი თავისმა ღმერთებმა ვერ გადაარჩინეს განადგურებას.
[სურათები 98 გვერდზე]
ქრისტიანები დღევანდელ კერპებს უნდა მოერიდონ.
[სურათები 101 გვერდზე]
გამაგრდით და აკეთეთ ის, რაც სწორია.