თავი 13
რატომ მოაქვს ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ბედნიერება
1. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას გზებს მოაქვს ბედნიერება?
იეჰოვა არის „ნეტარი ღმერთი“ და მას სურს, რომ შენც დატკბე სიცოცხლით (1 ტიმოთე 1:11, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). თუ ივლი მისი გზებით, შენ შეგიძლია სარგებლობა მოუტანო საკუთარ თავს და განიცადო სიმშვიდე, რომელიც მარადიულად მომჩქეფარე მდინარის მსგავსად დიდი და ხანგრძლივია. ღმერთის გზით სიარული აგრეთვე აღძრავს ადამიანს, გააგრძელოს „ზღვის ტალღებივით“ უწყვეტი, სამართლიანი საქმეების კეთება. ამას მოაქვს ჭეშმარიტი ბედნიერება (ესაია 48:17, 18).
2. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ბედნიერები დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მათ ცუდად ეპყრობიან?
2 ზოგი შეიძლება შემოგედავოს: „ადამიანები ზოგჯერ თავიანთი სამართლიანობის გამო იტანჯებიან“. მართალია, და ეს ზუსტად ის არის, რაც ემართებოდათ იესოს მოციქულებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილი იყვნენ, ისინი ხარობდნენ და ‘აუწყებდნენ კეთილ ცნობას ქრისტეს შესახებ’ (საქმეები 5:40–42, აქ). აქედან შეგვიძლია მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღოთ. ერთი ის არის, რომ ღვთისმოსაობით ცხოვრება არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ყოველთვის კარგად მოგვექცევიან. პავლე მოციქული წერდა: „და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). ამის მიზეზია ის, რომ სატანა და მისი ქვეყნიერება ეწინააღმდეგება მათ, ვინც ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ეწევა (იოანე 15:18, 19; 1 პეტრე 5:8). მაგრამ ნამდვილი ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარეშე პირობებზე. პირიქით, ის გამომდინარეობს რწმენისგან, რომ რასაც ვაკეთებთ სწორია და ამით ვიმსახურებთ ღვთის მოწონებას (მათე 5:10–12; იაკობი 1:2, 3; 1 პეტრე 4:13, 14).
3. როგორ გავლენას უნდა ახდენდეს იეჰოვასადმი თაყვანისცემა პიროვნების ცხოვრებაზე?
3 არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დაიმსახურონ ღმერთის მოწონება ღვთისმოსაობასთან დაკავშირებული საქმეებით, მაგრამ სხვა შემთხვევებში შეუძლიათ დაივიწყონ ღმერთი. იეჰოვა ღმერთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისცემა ასეთი არ არის. ის ყოველთვის ახდენს გავლენას პიროვნების ქცევაზე, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე. აი, რატომ არის, რომ მას აგრეთვე ეწოდება „გზა“ (საქმეები 19:9; ესაია 30:21). ეს არის ღვთისმოსაწონი ცხოვრება, რომელიც მოგვიწოდებს, ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ მის სიტყვასთან შესაბამისად.
4. რატომ არის სასარგებლო, ცვლილებები შეიტანო ისე, რომ იცხოვრო ღმერთის გზებთან შეთანხმებულად?
4 როდესაც ბიბლიის ახალი შემსწავლელები ხედავენ, რომ მათ ესაჭიროებათ ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა, რათა ასიამოვნონ ღმერთს, შესაძლოა, ისინი კითხულობენ: „ღირს ღვთისმოსაობით ცხოვრება?“ შენ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ღირს. რატომ? რადგანაც „ღმერთი სიყვარულია“ და ამიტომ, მისი გზები სარგებლობის მომტანია ჩვენთვის (1 იოანე 4:8). ღმერთი აგრეთვე ბრძენია და იცის რა არის ჩვენთვის საუკეთესო. რადგან იეჰოვა ღმერთი ყოვლისშემძლეა, მას შესწევს ძალა გაგვაძლიეროს ჩვენი სურვილის განსახორციელებლად, რომ მოვიშოროთ ცუდი ჩვევები და ამით ვასიამოვნოთ მას (ფილიპელთა 4:13). მოდი, განვიხილოთ ზოგიერთი პრინციპი, რომელიც შედის ღვთისმოსაწონ ცხოვრებაში და ვნახოთ, მათ გამოყენებას როგორ მოაქვს ბედნიერება.
პატიოსნება წარმოშობს ბედნიერებას
5. რას ლაპარაკობს ბიბლია სიცრუისა და ქურდობის შესახებ?
5 იეჰოვა არის ‘ღმერთი ჭეშმარიტი’ (ფსალმუნი 30:6). უეჭველია, შენ გსურს მიჰყვე მის მაგალითს და გსურს გიცნობდნენ, როგორც მართალ ადამიანს. პატიოსნებას მიჰყავს პირადი ღირსებისა და კეთილდღეობის შეგრძნებამდე. რადგან უპატიოსნობა ასე ჩვეულებრივია ამ ცოდვებით აღსავსე ქვეყნიერებაში, ამიტომ ქრისტიანებს ესაჭიროებათ შეხსენება: „თითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს. . . ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს. . . რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად“ (ეფესელთა 4:25, 28). ქრისტიანი თავის ქვეყნიურ სამსახურში დროს უქმად არ აცდენს. თუ დამსაქმებლისგან არა აქვს უფლება აღებული, ის ხელს არ ახლებს ისეთ საგნებს, რომლებიც არ ეკუთვნის. სადაც არ უნდა იყვნენ: სამსახურში, სკოლაში თუ სახლში, იეჰოვას თაყვანისმცემლებს მართებთ ‘ყველაფერში პატიოსნად მოქცევა’ (ებრაელთა 13:18, აქ). ყველა, ვინც ცრუობს ან ქურდობს, ვერ დაიმსახურებს ღმერთის მოწონებას (მეორე რჯული 5:17; გამოცხადება 21:8).
6. როგორ შეუძლია ღვთისნიერი პიროვნების პატიოსნებამ დიდება მოუტანოს ღმერთს?
6 პატიოსან ცხოვრებას ბევრი კურთხევა მოაქვს. სელინა გაჭირვებული აფრიკელი ქვრივია, რომელსაც უყვარს იეჰოვა ღმერთი და მისი სამართლიანი პრინციპები. ერთხელ მან იპოვა ხელჩანთა, რომელშიც იყო პიროვნების პირადი ანგარიშის წიგნაკი და დიდი თანხა. ტელეფონების წიგნის გამოყენებით მან შეძლო მოეძებნა მფლობელი — მაღაზიის გამგე — რომელიც გაქურდეს. მამაკაცი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც სელინა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ავად იყო, ესტუმრა მას და დაუბრუნა ჩანთა მთელი თავისი ნივთებით. „ასეთი პატიოსნება უნდა დაჯილდოვდეს“, — თქვა მან და გადასცა მას გარკვეული თანხა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მამაკაცმა შეაქო სელინას რელიგია. დიახ, პატიოსანი საქმეები ამშვენებს ბიბლიის მოძღვრებას, განადიდებს იეჰოვა ღმერთს და მოაქვს ბედნიერება მისი პატიოსანი მსახურებისთვის (ტიტე 2:10; 1 პეტრე 2:12).
ხელგაშლილობას მოაქვს ბედნიერება
7. რატომ არის არასწორი აზარტული თამაშებით გართობა?
7 ბედნიერებაა იყო ხელგაშლილი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ხარბი ადამიანები ვერ „დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:10). სიხარბის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს აზარტული თამაში, რომელიც გამოიხატება მცდელობაში, რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვო სხვებისთვის ზარალის მიყენებით. იეჰოვა არ იწონებს მათ, ვინც ‘ანგარია’ (1 ტიმოთე 3:8). იქაც კი, სადაც აზარტული თამაში კანონით ნებადართულია და პიროვნება გართობის მიზნით თამაშობს, მას შეიძლება განუვითარდეს ცუდი მიდრეკილება და ხელი შეუწყოს საქმიანობას, რომელიც ღუპავს მრავალთა სიცოცხლეს. აზარტულ თამაშებს ხშირად გაჭირვება მოაქვს მოთამაშის ოჯახისთვის, რომელსაც შესაძლოა ძალიან ცოტა ფული დარჩეს იმისთვის, რომ მოახმაროს ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა პროდუქტი ან ტანსაცმელი (1 ტიმოთე 6:10).
8. როგორი ხელგაშლილობის მაგალითი დაგვიტოვა იესომ, და როგორ შეგვიძლია ვიყოთ ხელგაშლილები?
8 სიყვარულით აღსავსე ხელგაშლილობის გამო ქრისტიანები სიხარულს პოულობენ იმაში, რომ ეხმარებიან სხვებს, განსაკუთრებით კი, გაჭირვებულ თანამორწმუნეებს (იაკობი 2:15, 16). სანამ იესო დედამიწაზე მოვიდოდა, ის აკვირდებოდა ღმერთის ხელგაშლილობას ადამიანების მიმართ (საქმეები 14:16, 17). იესომ კაცობრიობისთვის შესწირა თავისი დრო, ნიჭი და სიცოცხლეც კი. ამიტომაც, მან მართებულად თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). იესომ აგრეთვე დადებითად შეაფასა ღარიბი ქვრივი, რომელმაც ხელგაშლილობით ჩადო ორი პატარა ლეპტა ტაძრის საგანძურში, რადგან მან ჩადო „მთელი თავისი სარჩო-საბადებელი“ (მარკოზი 12:41–44). ძველი დროის ისრაელებმა და პირველი საუკუნის ქრისტიანებმა დატოვეს სიხარულით აღსავსე ხელგაშლილობის მაგალითები, რადგან მატერიალურ დახმარებას უწევდნენ კრებებსა და სამეფო საქმიანობას (პირველი ნეშტთა 29:9; 2 კორინთელთა 9:11–14). იმის გარდა, რომ ამ მიზნებისთვის მატერიალურ შესაწირავებს სწირავენ, თანამედროვე ქრისტიანები სიხარულით სწირავენ ღმერთს ქების მსხვერპლს და თავის სიცოცხლეს იყენებენ მისადმი მსახურებაში (რომაელთა 12:1; ებრაელთა 13:15). იეჰოვა აკურთხებს მათ იმის გამო, რომ იყენებენ საკუთარ დროს, ენერგიასა და სხვა საშუალებებს, ფულადი სახსრების ჩათვლით, რათა მხარი დაუჭირონ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ხელი შეუწყონ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების მსოფლიო საქმიანობას (იგავნი 3:9, 10).
ბედნიერების ხელშემწყობი სხვა ფაქტორები
9. რატომ არის არასწორი ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მიღება?
9 ბედნიერები რომ იყვნენ, ქრისტიანებმა აგრეთვე უნდა ‘შეინარჩუნონ განსჯა’ (იგავნი 5:1, 2). ეს მოითხოვს იმას, რომ კითხულობდნენ ღმერთის სიტყვას და სასარგებლო ბიბლიურ ლიტერატურას და ფიქრობდნენ წაკითხულზე. მაგრამ არის ისეთი რამე, რასაც თავი უნდა აარიდონ. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ ადამიანს შეიძლება დააკარგვინოს კონტროლი აზროვნებაზე. ასეთ მდგომარეობაში ბევრი ადამიანი ჩათრეული იყო ამორალურ ქცევაში, ძალმომრეობით მოქმედებაში და სასიკვდილო შემთხვევების მიზეზიც კი გამხდარა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, როცა ბიბლია ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ლოთები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს! (1 კორინთელთა 6:10). იმ გადაწყვეტილებით, რომ დარჩნენ „აზრიანნი“, ჭეშმარიტი ქრისტიანები თავს არიდებენ ლოთობას და ეს ეხმარება მათ, ხელი შეუწყონ ბედნიერებას ურთიერთშორის (ტიტე 2:2–6).
10. ა) რატომ არ იყენებენ ქრისტიანები თამბაქოს? ბ) როგორი სარგებელი მოაქვს მავნე ჩვევების მიტოვებას?
10 სხეულის სიწმინდეც ხელს უწყობს ბედნიერებას. მაგრამ მრავალ ადამიანს აქვს მიდრეკილება მავნე ნივთიერებებისკენ. მაგალითად, განვიხილოთ თამბაქოს გამოყენება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვატყობინებს, რომ სიგარეტის წევისგან „ყოველწლიურად, სამი მილიონი ადამიანი კვდება“. თამბაქოს მოწევის ჩვევა, შესაძლოა, ძნელი მისატოვებელია დროებითი რეციდივის სიმპტომების გამო. სხვა მხრივ კი, მრავალმა ყოფილმა მწეველმა აღმოაჩინა, რომ უკეთესი ჯანმრთელობა აქვს და ოჯახის საჭიროებებისთვის უფრო მეტი ფული რჩება. დიახ, თამბაქოს წევისა და აგრეთვე სხვა მავნე ნივთიერებებისკენ მიდრეკილებების დაძლევა ხელს უწყობს სხეულისა და სინდისის წმინდად შენახვას და ნამდვილ ბედნიერებას (2 კორინთელთა 7:1).
ბედნიერება — ქორწინებაში
11. რა მოითხოვება კანონიერი და მტკიცე, პატიოსანი ქორწინებისთვის?
11 მათთვის, ვინც ცხოვრობს, როგორც ცოლი და ქმარი, აუცილებელია, რომ მათი ქორწინება სათანადოდ იყოს რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანოების მიერ (მარკოზი 12:17). მათ აგრეთვე ესაჭიროებათ შეხედონ ცოლ-ქმრობას, როგორც სერიოზულ პასუხისმგებლობას. მართალია, განცალკევება შეიძლება საჭირო გახდეს იმ შემთხვევებში, როცა ადგილი აქვს მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობას, ცუდად მოპყრობას ან როდესაც პიროვნების სულიერობა სრულ საფრთხეშია (1 ტიმოთე 5:8; გალატელთა 5:19–21). მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვები 1 კორინთელთა 7:10–17-ში მოუწოდებს დაქორწინებულ წყვილებს, დარჩნენ ერთად. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის ერთმანეთის ერთგულნი უნდა იყვნენ. პავლე წერდა: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4). გამოთქმა „სარეცელი“ მიუთითებს სექსუალურ ურთიერთობაზე მამაკაცსა და ქალს შორის, რომლებიც კანონიერად დაქორწინებული არიან. არ შეიძლება „პატიოსანი“ ეწოდოს სექსუალურ ურთიერთობას, როგორიც არის მრავალცოლიან ქორწინებაში. უფრო მეტიც, ბიბლია გმობს ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობასა და ჰომოსექსუალიზმს (რომაელთა 1:26, 27; 1 კორინთელთა 6:18).
12. რა არის მრუშობის ზოგიერთი ცუდი შედეგი?
12 მრუშობამ შეიძლება წუთიერი სიამოვნება მოგანიჭოს, მაგრამ მას არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. მას არ იწონებს ღმერთი და შეიძლება ღრმა ჭრილობად დააჩნდეს ადამიანის სინდისს (1 თესალონიკელთა 4:3–5). უკანონო სექსუალური კავშირის სამწუხარო შედეგები შეიძლება იყოს შიდს-ი და სქესობრივი კავშირით გადამდები სხვა დაავადებები. „გამოანგარიშებულია, რომ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება გონორეით და დაახლოებით 50 მილიონი სიფილისით“, — იუწყება ერთ-ერთი სამედიცინო ცნობა. ის აგრეთვე არასასურველი ფეხმძიმობის მიზეზია. „ინტერნეიშნლ პლენდ პერენტჰუდ ფედერეიშნ“ (International Planned Parenthood Federation) იტყობინება, რომ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში, 15-დან 19 წლამდე 15 მილიონზე მეტი გოგონა ფეხმძიმდება და მათი მესამედი აბორტს იკეთებს. გამოკვლევამ უჩვენა, რომ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, აბორტების სირთულეები წარმოშობს მოზარდ გოგონათა შორის სიკვდილის 72%-ს. ზოგმა მრუშმა შესაძლოა თავი აარიდოს ავადმყოფობასა და ფეხმძიმობას, მაგრამ ისინი ვერ გაექცევიან ემოციურ ზიანს. ბევრი კარგავს პირადი ღირსების გრძნობას და საკუთარი თავიც კი სძულს.
13. რომელ დამატებით პრობლემებს იწვევს მრუშობა და რა მომავალი ელით მათ, ვინც აგრძელებს მრუშობასა და მეძავობას?
13 მიუხედავად იმისა, რომ ღალატი შეიძლება მიუტევოს, უდანაშაულო მეუღლეს გაყრისთვის აქვს ბიბლიაზე დაფუძნებული უფლება (მათე 5:32; შეადარე ოსია 3:1–5). როდესაც ასეთი უზნეობა იწვევს ოჯახის დანგრევას, ამან შეიძლება ღრმა ემოციური ჭრილობები მიაყენოს უდანაშაულო მეუღლესა და ბავშვებს. ღმერთის სიტყვა ადამიანთა ოჯახების სასარგებლოდ მიუთითებს, რომ ღვთის მსჯავრი დაატყდებათ თავს მოუნანიებელ მრუშებსა და მეძავებს. უფრო მეტიც, ის ნათლად გვიჩვენებს, რომ ვინც ცხოვრებაში სექსუალურ უზნეობას სჩადის, ‘ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს’ (გალატელთა 5:19, 21).
„არა ამ წუთისოფლისანი“
14. ა) რომელია კერპთაყვანისმცემლობის ზოგიერთი ფორმა, რომელსაც თავი უნდა აარიდოს ღვთისმოსავმა პიროვნებამ? ბ) როგორი ხელმძღვანელობით უზრუნველგვყოფს იოანეს 17:14 და ესაიას 2:4?
14 ვისაც სურს დაიმსახუროს იეჰოვას მოწონება და დატკბეს სამეფოს კურთხევებით, აგრეთვე თავი უნდა აარიდოს კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერ ფორმას. ბიბლია უჩვენებს, რომ არასწორია გავაკეთოთ და თაყვანი ვცეთ სხვადასხვა გამოსახულებებს, იესოს ან იესოს დედის, მარიამის, ჩათვლით (გამოსვლა 20:4, 5; 1 იოანე 5:21). ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები თაყვანს არ სცემენ ხატებს, ჯვრებსა და გამოსახულებებს. აგრეთვე, ისინი გაურბიან კერპთაყვანისმცემლობის უფრო შეუმჩნეველ ფორმებს, ისეთებს, როგორიცაა: დროშისადმი ერთგულება და სახელმწიფოს განმადიდებელი ჰიმნების შესრულება. როდესაც ასეთ მოქმედებებთან დაკავშირებით ძალდატანებას აქვს ადგილი, ისინი იხსენებენ იესოს სიტყვებს, რომელიც სატანას უთხრა: „უფალს [იეჰოვას, აქ], შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:8–10). იესომ აგრეთვე თქვა, რომ მისი მიმდევრები „არ არიან წუთისოფლისანი“ (იოანე 17:14). ეს ნიშნავს, იყო ნეიტრალური პოლიტიკურ საქმეებში და იცხოვრო მშვიდობიანად ესაიას 2:4-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რომელიც ამბობს: „სამართალს განიკითხავს იგი [იეჰოვა ღმერთი] ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“.
15. რა არის „დიდი ბაბილონი“ და რას აკეთებს ბიბლიის მრავალი ახალი შემსწავლელი, რათა გამოვიდნენ მისგან?
15 იყო ‘არა წუთისოფლისა’, აგრეთვე, ნიშნავს, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტო ‘დიდ ბაბილონთან’ — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელთან. უწმინდური თაყვანისცემა, გავრცელდა ძველი ბაბილონიდან და მოახდინა მავნე სულიერი ზეგავლენა ადამიანებზე მთელ დედამიწაზე. „დიდი ბაბილონი“ მოიცავს ყველა რელიგიას, რომლის სწავლებები და ჩვეულებები არ არის შეთანხმებული ღვთის შემეცნებასთან (გამოცხადება 17:1, 5, 15). იეჰოვას არცერთი ერთგული თაყვანისმცემელი არ ჩაებმება ინტერკონფესიონალიზმში იმით, რომ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა რელიგიების თაყვანისმცემლობაში ან ექნება სულიერი სიახლოვე დიდი ბაბილონის ნებისმიერ ნაწილთან (რიცხვნი 25:1–9; 2 კორინთელთა 6:14). ამიტომ, ბიბლიის მრავალმა ახალმა შემსწავლელმა დაწერა წერილი წასვლაზე იმ რელიგიური ორგანიზაციიდან, რომელსაც მიეკუთვნებოდა. ამან ისინი დააახლოვა ჭეშმარიტ ღმერთთან, როგორც აღთქმული იყო: „გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ“ (2 კორინთელთა 6:17; გამოცხადება 18:4, 5). ნუთუ ჩვენი ზეციერი მამის მიერ ასეთი მიღება არ არის ის, რაც შენს გულითად სურვილს წარმოადგენს?
შეაფასე ყოველწლიური დღესასწაულები
16. რატომ არ აღნიშნავენ ჭეშმარიტი ქრისტიანები შობას?
16 ღვთისმოსაწონი ცხოვრება, ხშირად, გვათავისუფლებს დამამძიმებელი, ამქვეყნიური დღესასწაულების გადახდისგან. მაგალითად, ბიბლია არსად არ მიუთითებს იესო ქრისტეს დაბადების ზუსტ დღეზე. „მე ვფიქრობდი, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა!“ — შესაძლოა განაცხადოს ვინმემ. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ქრისტე მოკვდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის გაზაფხულზე ოცდაცამეტი წლინახევრის ასაკში. გარდა ამისა, მისი დაბადების დროს მწყემსები „მინდვრად [იყვნენ] და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს“ (ლუკა 2:8). ისრაელში გვიანი დეკემბერი ცივი, წვიმიანი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც ცხვარი თავშესაფარში უნდა იმყოფებოდეს ღამის გასათევად, რათა დაცული იყოს ზამთრის ამინდისგან. სინამდვილეში, 25 დეკემბერი შემოიღეს რომაელებმა, როგორც თავიანთი მზის ღმერთის დაბადების დღე. საუკუნეების შემდეგ, რაც იესო დედამიწაზე იყო, განდგომილმა ქრისტიანებმა ეს თარიღი ქრისტეს დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღეს. მაშასადამე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ზეიმობენ ქრისტეს შობას ან სხვა დღესასწაულებს, რომლებიც დაფუძნებულია ცრუ რელიგიურ რწმენაზე. რადგან განსაკუთრებულ ერთგულებას იეჰოვა ღმერთისადმი ავლენენ, ისინი აგრეთვე არ მიჰყვებიან ზეიმებს, რომლებიც აღმერთებენ ცოდვილ ადამიანებს ან ერებს.
17. რატომ არ აღნიშნავს ღმერთის ხალხი დაბადების დღეებს და რატომ არიან ქრისტიანი ბავშვები ბედნიერები ყველა შემთხვევაში?
17 ბიბლია განსაკუთრებით მოიხსენიებს მხოლოდ ორი დაბადების დღის აღნიშვნას და ორივეში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ღმერთს (დაბადება 40:20–22; მათე 14:6–11). რადგან საღვთო წერილი არ მიანიშნებს სრულყოფილი ადამიანის, იესო ქრისტეს, დაბადების დღის თარიღს, რატომ უნდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება არასრულყოფილი ადამიანების დაბადების დღეებზე? (ეკლესიასტე 7:1). რა თქმა უნდა, ღვთისმოსავი მშობლები არ დაელოდებიან განსაკუთრებულ დღეს იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისადმი სიყვარული გამოამჟღავნონ. ერთმა 13 წლის ქრისტიანმა გოგონამ აღნიშნა: „მე და ჩემს ოჯახს უხვად გვაქვს სიხარული. . . მე ძალიან დაახლოებული ვარ მშობლებთან და როდესაც სხვა ბავშვები მეკითხებიან, რატომ არ აღვნიშნავ დღესასწაულებს, მე ვპასუხობ, რომ ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია“. 17 წლის ქრისტიანმა ახალგაზრდამ თქვა: „ჩვენს სახლში საჩუქრების მირთმევა მთელი წლის განმავლობაში მრავალჯერ ხდება“. უდიდეს ბედნიერებას იწვევს საჩუქრების მირთმევა გარეგანი ზემოქმედების გარეშე.
18. რომელია ის ერთადერთი ყოველწლიური დღესასწაული, რომელზეც იესომ უბრძანა თავის მიმდევრებს, დაეცვათ და რას შეგვახსენებს ის?
18 მათთვის, ვინც ღვთისმოსაწონად ცხოვრობს, არსებობს მხოლოდ ერთი დღე წელიწადში, რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ეს არის უფლის სერობა, რომელსაც, ხშირად, ეწოდება ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. რაც შეეხება ამ საკითხს, იესომ თავის მიმდევრებს მიუთითა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19, 20; 1 კორინთელთა 11:23–25). როდესაც იესომ ეს დღესასწაული შემოიღო ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 14 ნისანის საღამოს, მან გამოიყენა უფუარი პური და წითელი ღვინო, რომლებიც განასახიერებდა მის უცოდველ ხორციელ სხეულსა და მის სრულყოფილ სისხლს (მათე 26:26–29). ამ სიმბოლოებს იღებენ ღმერთის სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები. მათ აქვთ ზეციერი იმედი და შეყვანილი არიან ახალ კავშირში და კავშირში სამეფოსთვის (ლუკა 12:32; 22:20, 28–30; რომაელთა 8:16, 17; გამოცხადება 14:1–5). მიუხედავად ამისა, სარგებელს იღებს ყველა, ვინც ესწრება ამ საღამოს, რომელიც იუდეველთა ძველი კალენდრით შეესაბამება 14 ნისანს. მათ შეახსენებენ სიყვარულის შესახებ, რომელიც გამოავლინეს იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ ცოდვის გამომსყიდველური მსხვერპლის შეწირვით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მარადიული სიცოცხლე მათთვის, ვისაც აქვს ღმერთის კეთილგანწყობილება (მათე 20:28; იოანე 3:16).
სამსახური და გართობა
19. როგორი პრობლემის წინაშე დგანან ქრისტიანები, რათა გამოიმუშაონ ხელფასი?
19 ჭეშმარიტი ქრისტიანები მოვალენი არიან იმუშაონ და უზრუნველყონ თავიანთი მოთხოვნილებები. ამ მოვალეობის შესრულებას ოჯახის უფროსისთვის კმაყოფილების გრძნობა მოაქვს (1 თესალონიკელთა 4:11, 12). რა თქმა უნდა, თუ ქრისტიანის სამსახური ეწინააღმდეგება ბიბლიას, ეს მას წაართმევს ბედნიერებას. მაგრამ ზოგჯერ ქრისტიანისთვის ძნელია იშოვოს სამსახური, რომელიც შეეთანხმება ბიბლიის ნორმებს. მაგალითად, ზოგიერთ მოსამსახურეს მოეთხოვება მოატყუოს მყიდველები. სხვა მხრივ, მრავალი დამსაქმებელი დათმობაზე მიდის, რადგან ეგუება პატიოსანი მუშის სინდისს და არ უნდა დაკარგოს სანდო მსახური. მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს საქმე, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი აკურთხებს შენს წრფელ მცდელობებს, იშოვო სამსახური, რომელიც შეგინარჩუნებს სუფთა სინდისს (2 კორინთელთა 4:2).
20. რატომ უნდა შევარჩიოთ გართობები?
20 რადგან ღმერთს სურს, რომ მისი მსახურები ბედნიერები იყვნენ, ჩვენ გვესაჭიროება, მძიმე სამუშაო გავაწონასწოროთ გართობასა და დასვენებასთან (მარკოზი 6:31; ეკლესიასტე 3:12, 13). სატანის ქვეყნიერება ხელს უწყობს ბიწიერ გართობებს. მაგრამ იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს, ჩვენ უნდა შევარჩიოთ წიგნები, რომლებსაც ვკითხულობთ, რადიო პროგრამები და მუსიკა, რომელსაც ვისმენთ, კონცერტები, ფილმები, თამაშები, სატელევიზიო და ვიდეო პროგრამები, რომლებსაც ვუყურებთ. თუ ჩვენი გართობები, რომლებიც წარსულში ამოვირჩიეთ, არ არის შეთანხმებული იმ გაფრთხილებებთან, რომლებიც ჩაწერილია მეორე რჯულის 18:10–12-ში, ფსალმუნის 10:5-სა და ეფესელთა 5:3–5-ში, და მოვახდენთ ცვლილებებს, ჩვენ ვასიამოვნებთ იეჰოვას და უფრო ბედნიერები ვიქნებით.
პატივისცემა სიცოცხლისა და სისხლისადმი
21. როგორი გავლენა უნდა მოახდინოს სიცოცხლის დაფასებამ ჩვენს თვალსაზრისზე აბორტთან, ჩვევებსა და ქცევებთან დაკავშირებით?
21 ჭეშმარიტი ბედნიერება რომ მივიღოთ, ჩვენ გვესაჭიროება, ადამიანის სიცოცხლე ჩავთვალოთ წმინდად, როგორც იეჰოვა თვლის მას წმინდად. მისი სიტყვა გვიკრძალავს მკვლელობას (მათე 19:16–18). სინამდვილეში, ისრაელებისთვის განკუთვნილი ღმერთის კანონი გვიჩვენებს, რომ ღმერთი ჩანასახს განიხილავს, როგორც ძვირფას სიცოცხლეს და არა როგორც რაღაცას, რაც შეიძლება მოსპო (გამოსვლა 21:22, 23). აქედან გამომდინარე, ჩვენს სიცოცხლეს არ უნდა მოვეპყროთ, როგორც რაღაცა უმნიშვნელოს, გამოვიყენოთ თამბაქო, ბოროტად გამოვიყენოთ ჩვენი სხეული ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების მისაღებად ან უსარგებლოდ ჩავაგდოთ სიცოცხლე საფრთხეში. როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო საქმეებს არ უნდა მივდიოთ, ასევე არ უნდა უგულებელვყოთ უსაფრთხოების ზომები, რომელთა იგნორირებითაც შეიძლება დამნაშავენი აღმოვჩნდეთ ვინმეს სიკვდილში (მეორე რჯული 22:8).
22. ა) როგორია ღმერთის თვალსაზრისი სისხლსა და მის გამოყენებაზე? ბ) მხოლოდ ვისი სისხლია სიცოცხლის გადამრჩენი?
22 იეჰოვამ უთხრა ნოესა და მის ოჯახს, რომ სისხლი წარმოადგენს სულს, ანუ სიცოცხლეს. ამიტომ ღმერთმა აუკრძალა ნებისმიერი სისხლის ჭამა (დაბადება 9:3, 4). რადგან ჩვენ მათი შთამომავლობა ვართ, ეს კანონი ვრცელდება თითოეულ ჩვენგანზე. იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, რომ სისხლი მიწაზე უნდა ყოფილიყო დაღვრილი და არ უნდა გამოეყენებინათ ადამიანების პირადი მიზნებისთვის (მეორე რჯული 12:15, 16). და ღმერთის კანონი სისხლის შესახებ გამეორებული იყო, როდესაც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ეუწყათ: „თავი შეიკავეთ. . . სისხლისაგან“ (საქმეები 15:28, 29). სიცოცხლის სიწმინდისადმი პატივისცემის გამო, ღვთისნიერი ხალხი უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე, თუნდაც სხვები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ასეთი პროცედურა სიცოცხლის გადამრჩენია. დამტკიცდა, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის მისაღები მრავალი სამედიცინო ალტერნატივა ეფექტურია და პიროვნებას არ აგდებს სისხლის გადასხმით გამოწვეულ საფრთხეში. ქრისტიანებმა იციან, რომ მხოლოდ იესოს მიერ დაღვრილი სისხლი არის ნამდვილად სიცოცხლის გადამრჩენი. ამ საკითხებისადმი რწმენას მოაქვს პატიება და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა (ეფესელთა 1:7).
23. როგორია ზოგიერთი ძღვენი ღვთისმოსაწონი ცხოვრებისთვის?
23 ნამდვილად, ღვთისმოსაწონი ცხოვრება ძალისხმევას მოითხოვს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაცინვა ოჯახის წევრებისგან ან ახლობლებისგან (მათე 10:32–39; 1 პეტრე 4:4). მაგრამ ძღვენი იმისთვის, რომ ცხოვრობ ასეთი ცხოვრებით, ბევრად გადაწონის ნებისმიერ განსაცდელს. ღვთისმოსაწონ ცხოვრებას მიჰყავს სუფთა სინდისამდე და უზრუნველყოფს იეჰოვას თაყვანისმცემლებთან სასარგებლო ურთიერთობით (მათე 19:27, 29). ამიტომ, წარმოიდგინე ცხოვრება მარადიულად ღმერთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (ესაია 65:17, 18). და რა დიდი სიხარულია, იცხოვრო ბიბლიის რჩევებთან შეთანხმებულად და ამით გაახარო იეჰოვას გული! (იგავნი 27:11). ეჭვი ნუ შეგეპარება, რომ ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ბედნიერება მოაქვს! (ფსალმუნი 127:1, 2).
შეამოწმე შენი ცოდნა
რომელია ზოგიერთი მიზეზი, თუ რატომ მოაქვს ბედნიერება ღვთისმოსაწონ ცხოვრებას?
როგორი ცვლილებების მოხდენას მოითხოვს ცხოვრებაში ღვთისმოსაწონი ცხოვრება?
რატომ გსურს, იცხოვრო ღვთისმოსაწონად?
[სურათი 124, 125 გვერდებზე]
წონასწორობის შენარჩუნება სულიერ საქმეებსა და დასვენებებს შორის ხელს შეუწყობს მათ ბედნიერებას, ვინც ღვთისმოსაწონად ცხოვრობს.