-
„კეთილგანწყობილების ჟამი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
„სასურველი დრო“
15. რა განსაკუთრებული „ჟამია“ მოხსენიებული ესაიას წინასწარმეტყველებაში და რა იგულისხმება ამაში?
15 ესაიას წინასწარმეტყველება უმნიშვნელოვანესი სიტყვებით გრძელდება. იეჰოვა ეუბნება მესიას: «მოწყალების [„კეთილგანწყობილების“, აქ] ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის» (ესაია 49:8ა). მსგავსი წინასწარმეტყველება ჩაწერილია ფსალმუნის 68:14—19-ში. ფსალმუნმომღერალი „კეთილგანწყობილების ჟამს“ „სასურველ დროდ“ იხსენიებს. ამ გამოთქმებში იგულისხმება, რომ იეჰოვას კეთილგანწყობილება და მფარველობა განსაკუთრებულად ვლინდება, მხოლოდ განსაზღვრულ დროსა და პერიოდში.
16. როდის დაუდგა იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამი ძველ ისრაელს?
16 როდის იყო ეს კეთილგანწყობილების ჟამი? პირველი შესრულებისას ეს სიტყვები განახლების შესახებ წინასწარმეტყველების ნაწილი იყო და სამშობლოში იუდაელ ტყვეთა დაბრუნების შესახებ იუწყებოდა. ისრაელ ერს კეთილგანწყობილების ჟამი მაშინ დაუდგა, როდესაც ხალხს ‘ქვეყნის აღდგენისა’ და ‘უკაცრიელ სამკვიდროთა დანაწილების’ შესაძლებლობა მიეცა (ესაია 49:8ბ).
-
-
„კეთილგანწყობილების ჟამი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ეს წინასწარმეტყველება დიდებულად შესრულდა, მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ ის განმეორებითაც სრულდება.
17, 18. რა კეთილგანწყობილების ჟამი დაადგინა იეჰოვამ პირველ საუკუნეში?
17 იესოს დაბადებისას ანგელოზებმა ხალხს მშვიდობა და ადამიანთა მიმართ ღვთის კეთილგანწყობილება აუწყეს (ლუკა 2:13, 14, აქ). ღვთის კეთილგანწყობილება მთელ კაცობრიობას კი არ ექნებოდა, არამედ მხოლოდ მათ, ვინც რწმენას გამოავლენდა იესოს მიმართ. მოგვიანებით, იესომ საჯაროდ წაიკითხა ესაიას 61:1, 2-ში მოცემული წინასწარმეტყველება და თქვა, რომ თავად იყო „შეწყალების წლის“ მაუწყებელი (ლუკა 4:17—21). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ „ხორცში ყოფნის დღეებში“ ქრისტეს განსაკუთრებულად მფარველობდა იეჰოვა (ებრაელთა 5:7—9). აქედან გამომდინარე, კეთილგანწყობილების ჟამი ღვთის მიერ იესოს მოწონებასაც ეხება იმ დროს, როდესაც ის დედამიწაზე იმყოფებოდა.
18 აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ სრულდება. კეთილგანწყობილების ჟამის შესახებ ესაიას სიტყვების ციტირების შემდეგ პავლემ თქვა: „აი, ახლაა სასურველი დრო, აი, ახლაა გადარჩენის დღე“ (2 კორინთელთა 6:2, აფ). პავლემ ეს სიტყვები იესოს სიკვდილიდან 22 წლის შემდეგ დაწერა. როგორც ჩანს, ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრების დაარსების შემდეგ იეჰოვამ საშუალება მისცა ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს, რომ მათზეც გავრცელებულიყო თავისი კეთილგანწყობილების წელი.
19. როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამიდან სარგებლობის მიღება?
19 რა შეიძლება ითქვას იესოს დღევანდელი მიმდევრების შესახებ, რომლებიც არ არიან ღვთის ზეციერი სამეფოს მემკვიდრეებად ცხებულნი? მოუტანს სარგებლობას სასურველი დრო მიწიერი იმედის მქონეთ? დიახ. ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ დღეს არის იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამი იმ უამრავი ხალხის მიმართ, რომელიც ‘დიდი გასაჭირიდან გამოვა’ დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად (გამოცხადება 7:13—17). აქედან გამომდინარე, ყველა ქრისტიანს შეუძლია სარგებლობის მიღება ამ პერიოდიდან, რომლის განმავლობაშიც იეჰოვა თავის კეთილგანწყობილებას სთავაზობს არასრულყოფილ ადამიანებს.
20. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომ ფუჭად არ მიიღონ ღვთის მადლი?
20 მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები, ვიდრე მათ იეჰოვას სასურველი დროის შესახებ აუწყებდა. მან შეაგონა ისინი, რომ ‘ფუჭად არ მიეღოთ ღვთის მადლი’ (2 კორინთელთა 6:1). ამის შესაბამისად, ქრისტიანები ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, რათა ასიამოვნონ იეჰოვას და შეასრულონ მისი ნება (ეფესელთა 5:15, 16). მათთვის ყურადსაღებია პავლე მოციქულის შეგონება: «თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით» (ებრაელთა 3:12, 13).
-