თავი მეშვიდე
ვაი მოღალატე ვენახს!
1, 2. რა ჩაყარა „შეყვარებულმა“ და როგორ გაუცრუვდა იმედი?
„მშვენიერი მხატვრული ენითა და აზრის დახელოვნებულად გადმოცემით ეს იგავი ნამდვილად შეუდარებელია“, — თქვა ბიბლიის ერთმა კომენტატორმა ესაიას მე-5 თავის პირველი მუხლების შესახებ. მაგრამ ესაიას სიტყვები მხოლოდ ხელოვნების ნიმუში როდია. ისინი შთამბეჭდავად აღწერს იეჰოვას მიერ თავისი ხალხისადმი სიყვარულით გამოვლენილ მზრუნველობას. გარდა ამისა, მათში ჩვენთვის გაფრთხილებაც არის მოცემული, რომ არასწორი მოქმედებით არ გავანაწყენოთ იეჰოვა.
2 იგავი შემდეგი სიტყვებით იწყება: „ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს. დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო“ (ესაია 5:1, 2; შეადარეთ მარკოზი 12:1).
ვენახის მოვლა
3, 4. როგორ უვლის მევენახე ვენახს?
3 მიუხედავად იმისა, პირდაპირი გაგებით უმღერს თუ არა ესაია ამ იგავს მსმენელებს, ის ნამდვილად იპყრობს მათ ყურადღებას. მრავალი მათგანისთვის, ალბათ, ნაცნობია ვაზის მოვლა, ამიტომაც ესაიას თვალსაჩინო მაგალითი სათანადო და ნათელია. დღევანდელი მევენახეების მსგავსად, ვენახის პატრონი ყურძნის თესლს კი არ თესავს, არამედ „წითელ ვაზს“ — აჭრილ ლერწებს ანუ ვაზის რქებს — რგავს. წესისამებრ ვენახს „ნაყოფიერ გორაკზე“ აშენებს, სადაც კარგად უნდა იხაროს.
4 დიდი ჯაფაა საჭირო, რომ ვაზმა მტევნები გამოისხას. ესაია აღწერს მევენახის შრომას. ის ‘ბარავს და ქვებს აცილებს’, რაც ნამდვილად დამქანცველი საქმეა! ალბათ, დიდი ქვების გამოყენებაც უწევს ‘კოშკის ჩასადგმელად’. ძველ დროში ღამეს ასეთ კოშკებში ათევდნენ მეველეები, რომლებიც მოსავალს ქურდებისა და ცხოველებისგან იცავდნენa. მევენახე გარშემო ზღუდესაც ავლებს ვენახს (ესაია 5:5). ამას, ჩვეულებრივ, იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ მიწა გადარეცხვისგან დაეცვათ.
5. რას მოელის ვენახის პატრონი, მაგრამ როგორ ნაყოფს იღებს?
5 ასეთი დიდი შრომის შემდეგ, ცხადია, მევენახე მოელის, რომ ვენახი მოსავალს მისცემს. მოსავლის მოლოდინში საწნახელსაც კვეთს. მაგრამ უმართლდება იმედი? არა, რადგან ვენახი ხენეშ ნაყოფს იღებს.
ვენახი და მისი პატრონი
6, 7. ა) ვინ და რა არის წარმოდგენილი მევენახითა და ვენახით? ბ) რას ითხოვს მევენახე?
6 ვინ და რა არის წარმოდგენილი მევენახითა და ვენახით? მევენახე ნათელს ჰფენს ამ საკითხს, როდესაც ამბობს: „ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი? ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს“ (ესაია 5:3—5).
7 დიახ, იეჰოვაა ვენახის პატრონი და ის, თითქოს თავს სასამართლოს წინაშე წარადგენდეს, თავისი და მოღალატე ვენახის საქმის განსჯას ითხოვს. მაგრამ რა არის წარმოდგენილი ვენახით? მევენახე გვპასუხობს: „ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი“ (ესაია 5:7ა).
8. რატომ იხსენიებს ესაია იეჰოვას ‘შეყვარებულად’?
8 ესაია იეჰოვას, ვენახის პატრონს ‘შეყვარებულად’ იხსენიებს (ესაია 5:1). ესაია ასეთი სითბოთი იმიტომ ლაპარაკობდა ღმერთზე, რომ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მაგრამ ღვთისადმი ამ წინასწარმეტყველის სიყვარული ვერ შეედრებოდა იეჰოვას სიყვარულს, რომელსაც ის „ვენახისადმი“ — თავისი ‘დარგული’ ერისადმი — ამჟღავნებდა (შეადარეთ ფსალმუნი 79:9, 10).
9. როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ერს, როგორც საყვარელ ვენახს?
9 იეჰოვამ ქანაანის მიწაზე „დარგო“ თავისი ერი და დაუდგინა კანონები და წესები, რომლებიც ზღუდესავით იცავდა სხვა ერების მხრიდან წაბილწვისგან (გამოსვლა 19:5, 6; ფსალმუნი 147:8, 9; ეფესელთა 2:14). გარდა ამისა, იეჰოვამ მსაჯულები, მღვდლები და წინასწარმეტყველები დაუყენა, რომ დაერიგებინათ ხალხი (მეოთხე მეფეთა 17:13; მალაქია 2:7; საქმეები 13:20). მტრის მიერ შევიწროების დროს იეჰოვა მხსნელებსაც უვლენდა თავის ერს (ებრაელთა 11:32, 33). ამიტომაც ის მართებულად სვამს კითხვას: „კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი?“
ღვთის ვენახი დღეს
10. რა იგავი მოყვა იესომ ვენახის შესახებ?
10 იესო შეიძლება ესაიას სიტყვებს გულისხმობდა მკვლელი მევენახეების შესახებ შემდეგი იგავის მოყოლისას: „იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა“. სამწუხაროდ, ვენახის პატრონს მევენახეებმა უღალატეს და შვილიც კი მოუკლეს. იესოს სიტყვებმა ცხადყო, რომ ეს იგავი მხოლოდ პირდაპირი გაგებით ისრაელი ერის წარმომადგენლებს არ ეხებოდა. „წაგერთმევათ [ხორციელ ისრაელს] ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“, — თქვა მან (მათე 21:33—41, 43).
11. როგორი სულიერი ვენახი არსებობდა პირველ საუკუნეში, მაგრამ რა მოხდა მოციქულთა სიკვდილის შემდეგ?
11 ეს ახალი „ერი“ „ღვთის ისრაელი“ ანუ 144000 ცხებული ქრისტიანისგან შემდგარი სულიერი ერი აღმოჩნდა (გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9, 10; გამოცხადება 7:3, 4). იესომ ამ მოწაფეებს „ჭეშმარიტი ვაზის“ ანუ თავისი „ლერწები“ უწოდა. ცხადია, ლერწებმა ნაყოფი უნდა გამოიღონ (იოანე 15:1—5). ისინი ისეთივე თვისებებს უნდა ავლენდნენ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა და მონაწილეობას უნდა იღებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში (მათე 24:14; გალატელთა 5:22, 23). მაგრამ თორმეტი მოციქულის სიკვდილის შემდეგ მათმა უმრავლესობამ, ვინც თავს „ჭეშმარიტი ვაზის“ ლერწად თვლიდა, იმედი არ გაამართლა და კარგის ნაცვლად, უვარგისი ნაყოფი გამოიღო (მათე 13:24—30, 38, 39).
12. როგორ სდებს მსჯავრს ესაიას სიტყვები ქრისტიანულ სამყაროს და რას ასწავლის ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
12 ამიტომაც ესაიას მიერ იუდასთვის დადებული მსჯავრი დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროსაც ეხება. მთელი მისი ისტორია — ომები, ჯვაროსნული ლაშქრობები, ინკვიზიცია — ცხადყოფს, რა უვარგისი ნაყოფი გამოიღო მან! მიუხედავად ამისა, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჭეშმარიტი ვენახი და მათი თანამსახური „უამრავი ხალხი“ ყურად უნდა იღებდნენ ესაიას სიტყვებს (გამოცხადება 7:9). იმისათვის რომ ვენახის პატრონს ასიამოვნონ, თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად მისთვის სასურველი ნაყოფი უნდა გამოიღოს.
უვარგისი ნაყოფი
13. რას დამართებს იეჰოვა თავის ვენახს უვარგისი ნაყოფის გამოღებისთვის?
13 იეჰოვა განსაკუთრებულად ზრუნავს თავის ვენახზე და სამართლიანადაც მოელის, რომ ის „სანატრელ ვენახად“ იქცევა (ესაია 27:2). მაგრამ ვენახი კარგი ნაყოფის მაგივრად „ხენეშ ნაყოფს“, სიტყვასიტყვით „მყრალ ნაყოფს“ ანუ „დამპალ მარცვლებს“, იღებს (ესაია 5:2, სქოლიო, აქ; იერემია 2:21). ამიტომაც იეჰოვა აცხადებს, რომ თავის დამცველ „ღობეს“ მოურღვევს ერს, რომელიც ‘გაველურებულ’, მიტოვებულ და გადამხმარ ვენახს დაემსგავსება (წაიკითხეთ ესაია 5:6). მოსეს გაფრთხილებული ჰყავდა ხალხი, რომ ასეთი უბედურება დაატყდებოდათ თავს, თუ ღვთის კანონებს არ დაიცავდნენ (მეორე რჯული 11:17; 28:63, 64; 29:22, 23).
14. როგორ ნაყოფს მოელის იეჰოვა, მაგრამ როგორი ნაყოფი გამოაქვს ერს?
14 იეჰოვა მოელის, რომ ერი კარგ ნაყოფს გამოიღებს. ესაიას თანამედროვე მიქა აცხადებს: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8; ზაქარია 7:9). მაგრამ ერი არ ისმენს იეჰოვას შეგონებას. «[ღმერთი] სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა [„რჯულის დარღვევაა“, აქ]! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!» (ესაია 5:7ბ). მოსე წინასწარმეტყველებდა, რომ ორგული ერი შხამიან ნაყოფს გამოიღებდა „სოდომის ვენახიდან“ (მეორე რჯული 32:32). ასე რომ, შესაძლებელია, ხალხი სექსუალური უზნეობით და მათ შორის ჰომოსექსუალიზმითაც არღვევს ღვთის რჯულს (ლევიანნი 18:22). გამოთქმა „რჯულის დარღვევა“ აგრეთვე „სისხლის ღვრად“ ითარგმნება. ასეთი სისასტიკე, რასაკვირველია, ჩაგრულთა კვნესას იწვევს — კვნესას, რომელიც ვენახის პატრონის ყურამდე აღწევს (შეადარეთ იობი 34:28).
15, 16. როგორ შეუძლიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მოერიდონ ისრაელივით უვარგისი ნაყოფის გამოღებას?
15 იეჰოვა ღმერთს „უყვარს სიმართლე და სამართალი“ (ფსალმუნი 32:5). ის მოუწოდებდა თავის ერს: «უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს [„დიდკაცს“, აქ]. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი» (ლევიანნი 19:15). ამიტომაც, უნდა მოვერიდოთ მიკერძოებას და რასის, ასაკის, სიმდიდრის, სიღარიბისა და კანის ფერის მიხედვით არ უნდა განვიკითხოთ ადამიანები (იაკობი 2:1—4). მეტად მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველებმა ‘არაფერი გააკეთონ მიკერძოებით’ და საქმის განხილვისას ორივე მხარეს მოუსმინონ გადაწყვეტილების მიღებამდე (1 ტიმოთე 5:21; იგავნი 18:13).
16 ამ უკანონო წუთისოფელში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ადვილია ღვთის ნორმებისადმი უარყოფითი და ურჩი დამოკიდებულების განვითარება, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი ღვთის კანონების „მორჩილი“ უნდა იყოს (იაკობი 3:17, სსგ). მიუხედავად იმისა, რომ „ახლანდელი ბოროტი წუთისოფელი“ უზნეობითა და ძალადობით არის სავსე, ისინი ‘ფრთხილად უნდა მოიქცნენ — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი’ (გალატელთა 1:4; ეფესელთა 5:15). უნდა მოერიდონ სექსთან დაკავშირებით ყველაფერზე ნების დამრთველ დამოკიდებულებას, ხოლო, თუ მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდება, ყველაფერი „მძვინვარების, რისხვის, ყვირილისა და გმობის“ გარეშე მოაგვარონ (ეფესელთა 4:31). როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანები მართალ ადამიანებად ჩამოყალიბებას ცდილობენ, მათ დიდება მოაქვთ ღვთისთვის და მისი კეთილგანწყობილებით ხარობენ.
სიხარბის საზღაური
17. რა ბოროტმოქმედებას განსჯის ესაია პირველი „ვაის“ გაცხადებისას?
17 მე-8 მუხლში ესაია აღარ ციტირებს იეჰოვას სიტყვებს. ის მსჯავრს სდებს იუდას „ხენეში ნაყოფების“ გამოღებისთვის და ექვსი „ვაიდან“ პირველს აცხადებს: „ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან. ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!“ (ესაია 5:8—10).
18, 19. როგორ არღვევდნენ ესაიას თანამედროვეები საკუთრების შესახებ იეჰოვას კანონებს და რას მოიმკიდნენ შედეგად?
18 ძველ ისრაელში მთელი მიწა საბოლოოდ იეჰოვას ეკუთვნოდა. ღვთისგან თითოეულ ოჯახს ჰქონდა მიცემული მამული, რომელიც შეეძლოთ ქირით გაეცათ, მაგრამ უფლება არ ჰქონდათ, „სამუდამოდ“ გაეყიდათ (ლევიანნი 25:23). ამ კანონის წყალობით სათანადოდ იქნებოდა გამოყენებული მიწა და ერთი კაცის მფლობელობაში არასდროს გადავიდოდა მთელი მამულები. ამავე დროს თითოეული ოჯახი დაცული იყო სიღატაკისგან. მაგრამ იუდაში ზოგი სიხარბით არღვევდა საკუთრების შესახებ ღვთის კანონს. მიქა წერდა: „მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები — და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს“ (მიქა 2:2). ამასთან დაკავშირებით იგავნის 20:21-ში შემდეგი გაფრთხილებაა მოცემული: «თავიდან იოლად [„სიხარბით“, აქ] შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება».
19 იეჰოვა აცხადებს, რომ ხარბებს წაართმევს უკანონოდ შეძენილ ქონებას. მათ მიერ მიტაცებული სახლები „გაუკაცრიელდება“, ხოლო მიწები უნაყოფო შეიქნება. მაგრამ არ არის ნათქვამი, როგორ და როდის შესრულდება ეს განაჩენი. როგორც ჩანს, ეს სიტყვები, ნაწილობრივ მაინც ეხებოდა მომავალში ბაბილონში ტყვედ ყოფნის პერიოდს (ესაია 27:10).
20. როგორ უნდა მოერიდონ ქრისტიანები სიხარბეს, რომელსაც ზოგი ისრაელი ავლენდა?
20 ქრისტიანებმა უნდა შეიძულონ სიხარბე, რომელსაც ისრაელები ავლენდნენ ძველ დროში (იგავნი 27:20). როცა ადამიანი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქონებას, ადვილად თმობს პატიოსნებას და უკან არაფერზე იხევს ფულის საშოვნელად. შეიძლება საეჭვო საქმეებში ჩაებას ან სწრაფად გამდიდრების არარეალური გეგმების განხორციელებას გამოედევნოს. „ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება“ (იგავნი 28:20). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს! (1 ტიმოთე 6:8).
საეჭვო გართობის მახე
21. რა ცოდვებს განსჯის ესაია მეორე „ვაის“ გაცხადებისას?
21 შემდეგ ესაიას მეორე „ვაი“ მოდის: „ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ“ (ესაია 5:11, 12).
22. რა მხრივ სცდებიან ისრაელები ყოველგვარ ზღვარს და რა მოელით მათ ამის გამო?
22 იეჰოვა „ნეტარი ღმერთია“ და თავის მსახურებს მიზანშეწონილ გართობას არ უკრძალავს (1 ტიმოთე 1:11 სსგ). მაგრამ ეს განცხრომის მოყვარულები ყოველგვარ ზღვარს სცდებიან! „ლოთები ღამით თვრებიან“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 თესალონიკელთა 5:7). წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მოქეიფეები კი სმას დილითვე იწყებენ და გვიანობამდე თვრებიან! ისინი ისე იქცევიან, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს და თავიანთი საქციელისთვის მის წინაშე არ ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი. ესაია მათ უბედურებას უწინასწარმეტყველებს: „ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიოებს წყურვილი გაახმობს“ (ესაია 5:13). ჭეშმარიტი შემეცნების თანახმად მოქცევაზე უარის თქმის გამო ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი — დიდებულებიც და მდაბიონიც — შავეთში მოხვდებიან (წაიკითხეთ ესაია 5:14—17).
23, 24. რა მხრივ უნდა გამოავლინონ თავდაჭერილობა და ზომიერება ქრისტიანებმა დღეს?
23 სმა და ღრეობები პირველი საუკუნის ზოგ ქრისტიანსაც იზიდავდა (გალატელთა 5:21; 2 პეტრე 2:13). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღესაც ზოგი ქრისტიანი კეთილგონივრულად არ იქცევა მეგობრული შეხვედრებისას. ალკოჰოლური სასმელების უზომო სმამ ზოგი უხამსი და უხეში გახადა (იგავნი 20:1). ნასვამ მდგომარეობაში სხვებმა უზნეობაც კი ჩაიდინეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დროსტარება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელებულა და მომდევნო დღეს ხელი შეშლია ქრისტიანულ საქმიანობას.
24 გაწონასწორებულ ქრისტიანებს კი ღვთის მოსაწონი ნაყოფი გამოაქვთ და თავდაჭერილობასა და ზომიერებას ავლენენ გართობასთან დაკავშირებით. ისინი იცავენ პავლეს რჩევას, რომელიც რომაელთა 13:13-შია მოცემული: „მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით“.
ცოდვის სიძულვილი და ჭეშმარიტების სიყვარული
25, 26. ისრაელების რა არასწორ აზროვნებას ამხელს ესაიას მესამე და მეოთხე „ვაი“?
25 ახლა ესაიას მესამე და მეოთხე „ვაი“ განვიხილოთ: „ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით — ცოდვას. რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს — ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს — სიმწარედ!“ (ესაია 5:18—20).
26 რა შესანიშნავად აღწერს ესაია ცოდვის ჩამდენთ! ისინი ისევე არიან მიბმული ცოდვას, როგორც პირუტყვი — ტვირთს. ამ ცოდვილებს არავითარი მოახლოებული განკითხვის დღის არ ეშინიათ. ისინი დამცინავადაც კი ამბობენ: „დააჩქაროს [ღმერთმა] თავისი საქმე“. იმის მაგივრად, რომ ღვთის კანონებს დაემორჩილონ, ერთმანეთში ურევენ ყველაფერს და ‘ბოროტებას სიკეთეს არქმევენ, ხოლო სიკეთეს — ბოროტებას’ (შეადარეთ იერემია 6:15; 2 პეტრე 3:3—7).
27. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, მოერიდონ ისეთი დამოკიდებულების განვითარებას, როგორიც ისრაელებს ჰქონდათ?
27 ქრისტიანები ყოველმხრივ უნდა მოერიდონ ასეთი დამოკიდებულების განვითარებას. მაგალითად, ისინი არ იზიარებენ ამ წუთისოფლის თვალსაზრისს, რომ არაფერია ცუდი მრუშობასა და ჰომოსექსუალიზმში (ეფესელთა 4:18, 19). მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ქრისტიანმა არასწორი ნაბიჯი გადადგას, რამაც სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანოს (გალატელთა 6:1). კრების უხუცესები ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ ასეთ გასაჭირში ჩავარდნილს (იაკობი 5:14, 15). მათი ლოცვითა და ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევის მიცემით სულიერი განკურნება შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ ასეთი ადამიანი „ცოდვის მონად“ იქცეს (იოანე 8:34). დამცინავებისგან განსხვავებით, ქრისტიანები არ კარგავენ სიფხიზლეს სამსჯავრო დღის მოახლოებასთან დაკავშირებით. ისინი ცდილობენ „შეუბღალავნი და უბიწონი“ წარსდგნენ იეჰოვას წინაშე (2 პეტრე 3:14; გალატელთა 6:7, 8).
28. რა ცოდვებს განსჯის ბოლო რამდენიმე „ვაი“ და როგორ უნდა მოერიდონ ქრისტიანები ასეთ ცოდვებს?
28 ესაია სრულიად მართებულად წარმოთქვამს ბოლო რამდენიმე „ვაისაც“: „ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით! ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში! ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს!“ (ესაია 5:21—23). ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ქვეყნის მსაჯულებს ეხებათ. დღევანდელი უხუცესები ცდილობენ, არ იყვნენ „ბრძენები თავიანთ თვალში“. ისინი თავმდაბლად იღებენ რჩევებს ერთმანეთისგან და ზუსტად მიჰყვებიან ორგანიზაციულ მითითებებს (იგავნი 1:5; 1 კორინთელთა 14:33). ისინი ზომიერებას ავლენენ ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან დაკავშირებით და არასდროს სვამენ კრებაში თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულების წინ (ოსია 4:11). უხუცესები აგრეთვე ცდილობენ, არასდროს გამოავლინონ მიკერძოებულობა (იაკობი 2:9, სსგ). როგორ განსხვავდებიან ისინი ქრისტიანული სამყაროს სასულიერო პირთაგან! ამ უკანასკნელთაგან მრავალი ხელს აფარებს სერიოზული ცოდვების ჩამდენ გავლენიან და მდიდარ სასულიერო პირებს და არაფრად აგდებს პავლე მოციქულის გაფრთხილებებს, რომლებიც რომაელთა 1:18, 26, 27-ში, 1 კორინთელთა 6:9, 10-სა და ეფესელთა 5:3—5-შია მოცემული.
29. რა უბედურება ელის იეჰოვას ვენახს, ისრაელს?
29 ამ წინასწარმეტყველური ცნობის დასასრულს ესაია უბედურებას უწინასწარმეტყველებს მათ, რომლებმაც „შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული“ და კარგი ნაყოფი არ გამოიღეს (ესაია 5:24, 25; ოსია 9:16; მალაქია 3:19). ის აცხადებს: «[იეჰოვა] შორიდან აღუმართავს დროშას [„ნიშანს“, აქ] ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება» (ესაია 5:26; მეორე რჯული 28:49; იერემია 5:15).
30. ვინ შეყრის „ხალხს“ იეჰოვას ერის წინააღმდეგ და რა მოჰყვება ამას?
30 ძველ დროში ამაღლებულ ადგილზე აღმართული ბოძი შეიძლებოდა „ნიშანი“ ანუ შეკრების ადგილის მაჩვენებელი ყოფილიყო მებრძოლთათვის (შეადარეთ ესაია 18:3; იერემია 51:27). ახლა იეჰოვა განაჩენის აღსასრულებლად თვითონვე შეყრის „ხალხს“, რომლის სახელსაც კონკრეტულად არ ასახელებსb. ის „სტვენით მოუხმობს“, ანუ მის ყურადღებას თავისი ურჩი ხალხისკენ მიაპყრობს, და მათი დაპყრობის სურვილს აღუძრავს. შემდეგ ესაია სწრაფ და თავზარდამცემ შემოსევას აღწერს — დამპყრობელი „მსხვერპლს“ ანუ ღვთის ერს ლომივით „დაეცემა“ და ტყვეობაში „გაიტაცებს“ (წაიკითხეთ ესაია 5:27—30ა). რა საშინელება ატყდება იეჰოვას ხალხის მიწას! „დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან“ (ესაია 5:30ბ).
31. როგორ შეუძლიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მოერიდონ სასჯელს, რომელიც იეჰოვას ვენახს, ისრაელს, დაატყდა თავს?
31 დიახ, ღვთის მიერ სიყვარულით ჩაყრილი ვენახი ნაყოფს არ იღებს და მხოლოდ განადგურებას იმსახურებს. რა დიდ გაფრთხილებას იძლევა ესაიას სიტყვები იეჰოვას დღევანდელ მსახურთათვის! დაე ისინი მხოლოდ კარგი ნაყოფის გამოღებას ეცადონ იეჰოვას განსადიდებლად და თავიანთ სახსნელად.
[სქოლიოები]
a ზოგი სწავლულის აზრით, მარტივი დროებითი ნაგებობები — ფარდულები ან ქოხები — უფრო ხშირი იყო, ვიდრე ქვის კოშკები (ესაია 1:8). კოშკის არსებობა იმაზე მეტყველებდა, რომ „ვენახის“ მოვლაზე უდიდესი ჯაფა იყო გაწეული.
b სხვა წინასწარმეტყველებებში ესაია წერს, რომ ბაბილონი ააოხრებს იუდას და აღასრულებს ღვთის განაჩენს.
[სურათი 83 გვერდზე]
მცოდველი ისე არის მიბმული ცოდვას, როგორც პირუტყვი — ტვირთს.
[მთელი 85 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]