სხვა ცხვრები და ახალი კავშირი
«უცხოთა შვილებს. . . ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის [„კავშირის“, აქ] მტკიცედ დამჭერს, მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე» (ესაია 56:6, 7).
1. ა) რა ხდება იოანეს ხილვის თანახმად მანამ, სანამ იეჰოვას განაჩენის სისრულეში მომყვანი ქარები შეჩერებულია? ბ) რით გამოირჩეოდა იოანეს მიერ ხილვაში ნანახი უამრავი ხალხი?
წიგნ „გამოცხადების“ მეოთხე ხილვაში მოციქულმა იოანემ ნახა, რომ იეჰოვას განაჩენის სისრულეში მომყვანი გამანადგურებელი ქარები კავდებოდა მანამ, სანამ ‘ღვთის ისრაელის’ ყველა წევრი არ იქნა ბეჭედდასმული. ესენი პირველები არიან მათ შორის, ვინც იესო ქრისტეს, აბრაამის მთავარი თესლის, მეშვეობით ღებულობენ კურთხევებს (გალატელთა 6:16; დაბადება 22:18; გამოცხადება 7:1–4). იმავე ხილვაში იოანემ ნახა «უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. . . იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს [«ხსნას ღმერთს ტახტზე მჯდომარესა, და კრავს უნდა ვუმადლოდეთ», აქ]!“ » (გამოცხადება 7:9, 10). სიტყვებით: „ხსნას. . . კრავს უნდა ვუმადლოდეთ“ უამრავი ხალხი აჩვენებს, რომ აბრაამის თესლის მეშვეობით ისინიც ღებულობენ კურთხევას.
2. როდის გამოჩნდა უამრავი ხალხი და როგორ ხდება მათი ამოცნობა?
2 ეს უამრავი ხალხი 1935 წელს გამოჩნდა და დღეს მასში ხუთ მილიონზე მეტი პიროვნება შედის. დიდი გასაჭირის დროს გადასარჩენად აღბეჭდილ მის წევრებს მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად გამოაცალკევებენ და ეს მაშინ მოხდება, როდესაც იესო „თხებს ცხვრებისაგან“ გამოარჩევს. უამრავი ხალხის შემადგენლობაში შემავალი ქრისტიანები ფარეხების შესახებ იესოს მიერ მოყვანილი იგავის ‘სხვა ცხვრებს’ შორის არიან. ისინი იმედოვნებენ, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (მათე 25:31–46; იოანე 10:16; გამოცხადება 21:3, 4).
3. რა განსხვავებული მდგომარეობა უჭირავთ ახალ კავშირში ცხებულ ქრისტიანებსა და სხვა ცხვრებს?
3 ას ორმოცდაოთხი ათასის წევრები აბრაამთან დადებული კავშირიდან გამომდინარე კურთხევებს ახალი კავშირის მეშვეობით ღებულობენ. როგორც ამ კავშირში მონაწილეები, ისინი ‘მადლისა’ და ‘ქრისტეს რჯულის’ ქვეშ არიან (რომაელთა 6:15; 1 კორინთელთა 9:21). მაშასადამე, ღვთის ისრაელი, მხოლოდ 144 000-ის წევრები, ღებულობენ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე სიმბოლოებს და მხოლოდ მათთან დადო იესომ სამეფოს კავშირი (ლუკა 22:19, 20, 29). უამრავი ხალხის წარმომადგენლები ახალ კავშირში მონაწილეობას არ ღებულობენ. მაგრამ, ისინი ღვთის ისრაელთან ერთად არიან და მათთან ერთად სახლობენ მათ ‘მიწაზე’ (ესაია 66:8). ამიტომ საფუძვლიანია იმის თქმა, რომ იეჰოვას მადლი და ქრისტეს რჯული მათაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კავშირში არ მონაწილეობენ, ისინიც ღებულობენ სარგებლობას ამ კავშირიდან.
‘უცხოთა შვილები’ და ‘ღვთის ისრაელი’
4, 5. ა) ხალხის რომელი ჯგუფი მოემსახურებოდა იეჰოვას, ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად? ბ) როგორ შესრულდა ესაიას 56:6, 7 უამრავ ხალხზე?
4 წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: «უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის [„კავშირის“, აქ] მტკიცედ დამჭერს, მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე» (ესაია 56:6, 7). ეს ნიშნავდა, რომ ისრაელში არაისრაელებიც სცემდნენ თაყვანს იეჰოვას — უყვარდათ მისი სახელი, ემორჩილებოდნენ რჯულის კავშირის პირობებს, იცავდნენ შაბათებს და ტაძარში, ღვთის ‘სამლოცველო სახლში’, მსხვერპლს სწირავდნენ (მათე 21:13).
5 დღეს უამრავი ხალხი წარმოადგენს „უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს“. ისინი ღვთის ისრაელთან ერთად ემსახურებიან იეჰოვას (ზაქარია 8:23). სწირავენ ისეთსავე მისაღებ მსხვერპლს, როგორსაც ღვთის ისრაელი (ებრაელთა 13:15, 16). თაყვანს სცემენ ღმერთს მის სულიერ ტაძარში, მის ‘სამლოცველო სახლში’ (შეადარე გამოცხადება 7:15). იცავენ თუ არა ისინი ყოველკვირეულ შაბათებს? არც ცხებულებისთვის და არც სხვა ცხვრებისთვის არ მიუციათ მითითება, დაეცვათ ის (კოლასელთა 2:16, 17). მაგრამ მოციქულმა პავლემ ცხებულ ებრაელ ქრისტიანებს უთხრა: „კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა თავისისაგან“ (ებრაელთა 4:9, 10). ის ებრაელები ‘შაბათის სიმშვიდეში’ შევიდნენ, როდესაც „ღვთის სიმართლეს“ დაემორჩილნენ, და რჯულის საქმეებით საკუთარი თავის გამართლების მცდელობისგან დაისვენეს (რომაელთა 10:3, 4). იმავე სიმშვიდეს ღებულობენ ცხებული წარმართი ქრისტიანები იეჰოვას სიმართლის ქვეშევრდომობით. უამრავი ხალხიც იზიარებს ამ სიმშვიდეს.
6. როგორ ემორჩილებიან დღეს სხვა ცხვრები ახალ კავშირს?
6 გარდა ამისა, სხვა ცხვრები ემორჩილებიან ახალ კავშირს, სწორედ ისე, როგორც უცხოთა შვილები ემორჩილებოდნენ რჯულის კავშირს. როგორ? არა მასში მონაწილეობით, არამედ მასთან დაკავშირებული კანონების დაცვითა და მისი ღონისძიებებიდან სარგებლობის მიღებით (შეადარე იერემია 31:32, 33). თავიანთი ცხებული თანამოაზრეების მსგავსად, სხვა ცხვრებსაც იეჰოვას რჯული ‘გულზე’ აქვთ დაწერილი. მათ ძალიან უყვართ იეჰოვას მითითებები და პრინციპები, რის გამოც მთელი გულით ემორჩილებიან მათ (ფსალმუნი 36:31; 118:97). ცხებული ქრისტიანების მსგავსად, ისინიც იცნობენ იეჰოვას (იოანე 17:3). რა შეიძლება ითქვას წინადაცვეთის შესახებ? ახალი კავშირის დადებამდე დაახლოებით 1 500 წლის წინათ, მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა“ (მეორე რჯული 10:16; იერემია 4:4). ვინაიდან ხორცის სავალდებულო წინადაცვეთა რჯულთან ერთად გაუქმდა, როგორც ცხებულმა ქრისტიანებმა, ისე სხვა ცხვრებმა თავიანთი გულები უნდა ‘დაიცვითონ’ (კოლასელთა 2:11). და ბოლოს, იეჰოვა სხვა ცხვრებს იესოს მიერ დაღვრილი ‘ახალი კავშირის სისხლის’ საფუძველზე პატიობს შეცოდებებს (მათე 26:28, აქ; 1 იოანე 1:9; 2:2). ღმერთს სულიერ ძეებად არ უშვილებია ისინი, როგორც ეს 144 000-ის შემთხვევაში გააკეთა. მაგრამ იეჰოვა სხვა ცხვრებს მართლებად აცხადებს იმ გაგებით, რა გაგებითაც აბრაამს აცხადებდა მართლად და ღვთის მეგობრად (მათე 25:46; რომაელთა 4:2, 3; იაკობი 2:23).
7. რა პერსპექტივა აქვთ დღეს სხვა ცხვრებს, რომლებიც აბრაამის მსგავსად მართლებად არიან გამოცხადებული?
7 ას ორმოცდაოთხი ათასის წევრებს მართლებად გამოცხადება იესოსთან ერთად ზეციერ სამეფოში მმართველობის იმედს აძლევს (რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 2:16). სხვა ცხვრებს მართლებად, ღვთის მეგობრებად გამოცხადება დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედს აძლევს და ეს იმედი უამრავი ხალხის რიგებში არმაგედონის გადატანით ან ‘მართალთა აღდგომის’ საშუალებით განხორციელდება (საქმეები 24:15). რა სასიამოვნოა, გქონდეს ასეთი იმედი, იყო სამყაროს უზენაესის მეგობარი და ‘მის კარვებში დამკვიდრდე’! (ფსალმუნი 14:1, 2). დიახ, როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები კურთხეულნი არიან შესანიშნავი სახით, იესო ქრისტეს, აბრაამის თესლის, მეშვეობით.
უფრო დიდი გამოსყიდვის დღე
8. რის წინასახეობა იყო რჯულით გათვალისწინებული გამოსყიდვის დღის შესაწირავი?
8 ახალ კავშირზე საუბრისას პავლემ მკითხველებს რჯულის კავშირით გათვალისწინებული ყოველწლიური გამოსყიდვის დღის შესახებ შეახსენა. იმ დღეს შესაწირავად ორი სხვადასხვაგვარი მსხვერპლი მოჰქონდათ: ერთი ლევიანთა სამღვდელო შტოსთვის და მეორე — იმ თორმეტი შტოსთვის, რომლებიც მღვდლები არ იყვნენ. დიდი ხანია, რაც ეს უკვე განიმარტა როგორც იესოს დიდი მსხვერპლის წინასახეობა, რომელიც სარგებლობას მოუტანდა როგორც 144 000 ზეციერი იმედის მქონეებს, ისე მილიონობით დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეებსa. პავლემ ცხადყო, რომ იესოს მსხვერპლმა სარგებლობა ახალი კავშირით გათვალისწინებული უფრო დიდი გამოსყიდვის დღის მეშვეობით მოიტანა. ამ უფრო დიდ დღეს იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, გამოსასყიდად თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო, რათა ადამიანთათვის ‘საუკუნო გამოსყიდვა მოეპოვა’ (ებრაელთა 9:11–24).
9. რის მიღება შეეძლოთ ცხებულ ქრისტიანებს ახალ კავშირში ყოფნით?
9 პირველი საუკუნის მრავალი ქრისტიანი ჯერაც ‘[მოსეს] რჯულის მოშურნე’ იყო (საქმეები 21:20). ამიტომ მართებული იყო პავლეს შეხსენება: «[იესო] არის ახალი აღთქმის [„კავშირის“, აქ] შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის [„კავშირის“, აქ] დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული» (ებრაელთა 9:15). ახალი კავშირი ებრაელ ქრისტიანებს მათი ცოდვების მამხილებელი ძველი კავშირისგან ათავისუფლებდა. ახალი კავშირის წყალობით მათ ‘აღთქმული მარადიული [ზეციერი] მემკვიდრეობის’ მიღება შეეძლოთ.
10. რისთვის არიან ცხებულები და სხვა ცხვრები ღვთის მადლიერნი?
10 გამომსყიდველური მსხვერპლიდან „ყოველი მისი [ძის] მორწმუნე“ მიიღებს სარგებლობას (იოანე 3:16, 36). პავლემ თქვა: ‘ქრისტე, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად’ (ებრაელთა 9:28). დღეს მათ შორის, ვინც გულწრფელად ქრისტეს შეჰყურებს, ღვთის ისრაელის დარჩენილი ნაწილის წევრების გარდა არის უამრავი ხალხის რიგებში მყოფი მილიონობით ადამიანიც, რომლებიც მარადიულ მემკვიდრეობას მიიღებენ. ორივე კლასი ღვთის მადლიერია ახალი კავშირისა და მასთან დაკავშირებული სიცოცხლის მომტანი კურთხევებისთვის, რომელშიც უფრო დიდი გამოსყიდვის დღე და ზეციერ წმიდათა წმინდაში მღვდელმთავრის, იესოს, მსახურებაც შედის.
წმინდა მსახურებით დაკავებულნი
11. რას აკეთებენ დიდი სიამოვნებით როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები, რომლებსაც იესოს მსხვერპლის საფუძველზე სინდისი გაწმინდავებული აქვთ?
11 ებრაელთა მიმართ თავის წერილში პავლემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალი კავშირით გათვალისწინებული იესოს მსხვერპლის ფასი აღემატებოდა ძველი კავშირის მოთხოვნის შესაბამისად მოტანილ ცოდვების გამოსასყიდს (ებრაელთა 9:13–15). იესოს უკეთესი მსხვერპლი „განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“. ებრაელი ქრისტიანებისთვის ‘მკვდარ საქმეებში პირველი კავშირის დროს ჩადენილი დანაშაული’ შედიოდა. დღეს ქრისტიანებისთვის მკვდარ საქმეებში წარსულში ჩადენილი ის ცოდვები შედის, რომლებიც მათ მოინანიეს და ღმერთმაც უკვე მიუტევა (1 კორინთელთა 6:9–11). ცხებული ქრისტიანები განწმენდილი სინდისით ‘ემსახურებიან ცოცხალ ღმერთს’. ამასვე აკეთებს უამრავი ხალხიც. „კრავის სისხლით“ გაწმენდილი სინდისით ისინი ღვთის დიდ სულიერ ტაძარში ‘დღე და ღამე ემსახურებიან მას’ (გამოცხადება 7:14, 15).
12. როგორ ვაჩვენებთ, რომ ‘სრული რწმენა’ გვაქვს?
12 შემდეგ პავლემ დაამატა: „მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგაბანილნი“ (ებრაელთა 10:22). როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ‘სრული რწმენა’ გვაქს? პავლე ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მტკიცედ მივყვეთ [ზეციერი] იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:23–25). თუ რწმენას ვინარჩუნებთ, ჩვენც არ „მივატოვებთ. . . შესაკრებელს“. სიამოვნებით წავახალისებთ ძმებს და ისინიც წაგვახალისებენ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის, აგრეთვე განვამტკიცებთ ერთმანეთს მნიშვნელოვანი საქმისთვის, ჩვენი იმედის (დედამიწაზე თუ ზეცაში ცხოვრების) საჯაროდ გამოცხადებისთვის (იოანე 13:35).
‘საუკუნო აღთქმა [„კავშირი“, აქ]’
13, 14. რა გაგებით არის ახალი კავშირი საუკუნო?
13 რა მოხდება, როდესაც 144 000-ის უკანასკნელი წევრების ზეციერი იმედი შესრულდება? შეწყვეტს მოქმედებას ახალი კავშირი? იმ დროისთვის დედამიწაზე უკვე არ იქნება ღვთის ისრაელის დარჩენილი ნაწილი. კავშირში მყოფი ყველა პიროვნება იესოსთან ერთად იქნება ‘მამამისის სასუფეველში’ (მათე 26:29). მაგრამ ჩვენ გვახსოვს ებრაელთა მიმართ წერილში პავლეს სიტყვები: „მშვიდობის ღმერთმა. . . საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი“ (ებრაელთა 13:20; ესაია 55:3). რა გაგებით არის ახალი კავშირი საუკუნო?
14 პირველი, რჯულის აღთქმისგან განსხვავებით, ის არასოდეს შეიცვლება. მეორე, მისი მოქმედების შედეგი ისევე მარადიულია, როგორც იესოს მეფობა (შეადარე ლუკას 1:33 1 კორინთელთა 15:27, 28-თან). ზეციერი სამეფო იეჰოვას განზრახვების მარადიული შემადგენელი ნაწილია (გამოცხადება 22:5). მესამე, სხვა ცხვრები კვლავაც განაგრძობენ ახალი კავშირიდან სარგებლობის მიღებას. იესოს ათასწლიანი მეფობის დროს ერთგული ადამიანები ‘მოემსახურებიან [იეჰოვას] დღე და ღამე მის ტაძარში’, სწორედ ისე, როგორც ამას დღეს აკეთებენ. იეჰოვა არ გაუხსენებს მათ წარსულ ცოდვებს, რომლებიც იესოს ‘ახალი კავშირის სისხლის’ საფუძველზე უკვე მიუტევა. ისინი კვლავ მართლები იქნებიან იეჰოვას თვალში, როგორც მისი მეგობრები, და რჯული კვლავაც გულებზე ექნებათ დაწერილი.
15. აღწერე ახალ ქვეყნიერებაში თავის მიწიერ თაყვანისმცემლებთან იეჰოვას ურთიერთობა.
15 ექნება იეჰოვას იმის შესაძლებლობა, რომ ამ მსახურებზე თქვას: „მე ვარ მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი“? დიახ. „ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან“ (გამოცხადება 21:3). ისინი ‘წმიდათა ბანაკი’, ‘საყვარელი ქალაქის’, ანუ იესოს ზეციერი პატარძლის მიწიერი წარმომადგენლები გახდებიან (გამოცხადება 14:1, აფ; 20:9; 21:2). ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება იესოს მიერ დაღვრილი ‘კავშირის სისხლისადმი’ მათი რწმენისა და იმ ზეციერი მეფეებისა და იმ მღვდლებისადმი მორჩილებით, რომლებიც დედამიწაზე ყოფნისას ღვთის ისრაელს წარმოადგენდნენ (გამოცხადება 5:10).
16. ა) რა ელით დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილებს? ბ) რა კურთხევები მოჰყვება ათასწლიანი პერიოდის დასასრულს?
16 რა შეიძლება ითქვას მკვდრების შესახებ, რომლებიც დედამიწაზე საცხოვრებლად იქნებიან აღდგენილი? (იოანე 5:28, 29). მათაც აბრაამის თესლის, იესოს, მეშვეობით ‘კურთხევის’ მისაღებად მიიწვევენ (დაბადება 22:18). მათაც უნდა შეიყვარონ იეჰოვას სახელი, — ემსახურონ მას, შესწირონ მისაღები მსხვერპლი და მის სამლოცველო სახლში წმინდა მსახურება გასწიონ. ასე მოქმედნი ღვთის სიმშვიდეში შევლენ (ესაია 56:6, 7). ათასი წლის დასასრულისთვის ყველა ერთგული პიროვნება, იესო ქრისტესა და 144 000 თანამმართველი მღვდლის მეშვეობით, სრულყოფილებას მიაღწევს. როგორც ღვთის მეგობრები, ისინი არა მხოლოდ გამოცხადდებიან მართლებად, არამედ მართლები იქნებიან. ისინი „გაცოცხლდებიან“, მთლიანად გათავისუფლდებიან ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან (გამოცხადება 20:5; 22:2). რა შესანიშნავი კურთხევაა! დღევანდელი ჩვენი გაგების თანახმად, იესოსა და 144 000-ის სამღვდელო მსახურება მაშინ დასრულდება. ბოლომდე შესრულდება უფრო დიდი გამოსყიდვის დღის კურთხევები. გარდა ამისა, იესო ‘თავის მამას და ღმერთს გადასცემს სამეფოს’ (1 კორინთელთა 15:24). მაშინ იქნება კაცობრიობის საბოლოო გამოცდა, რის შემდეგაც სატანა და დემონები სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხადება 20:7, 10).
17. რის გაკეთების გადაწყვეტილებით უნდა იყოს აღსავსე თითოეული ჩვენგანი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ სიხარულს, რომელიც მომავალში გველის?
17 მაშ, რა როლს შეასრულებს, თუ საერთოდ შეასრულებს, ‘საუკუნო კავშირი’ იმ მშვენიერი პერიოდის დაწყების შემდეგ? ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ის, რაც უკვე გაგვიცხადა იეჰოვამ, დღეისთვის საკმარისია. ეს ჩვენ მოკრძალებით გვავსებს. წარმოიდგინე მარადიული სიცოცხლე ‘ახალი ცისა და ახალი მიწის’ დამყარების შემდეგ (2 პეტრე 3:13). დაე ნურაფერი გაანელებს ჩვენს ძლიერ სურვილს, მივიღოთ ეს დანაპირები. სიმტკიცის შენარჩუნება შეიძლება ადვილი არ იყოს. პავლემ თქვა: „მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული“ (ებრაელთა 10:36). მაგრამ გახსოვდეს, რომ ნებისმიერი სირთულე, რომელიც უნდა გადალახო, წინააღმდეგობა, რომელიც უნდა დაძლიო, არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რომელიც მომავალში გველის (2 კორინთელთა 4:17). ამიტომ დაე ნურავინ ‘მივიქცევით’ უკან, დასაღუპავად’. ნაცვლად ამისა, ისეთი პიროვნებები ვიყოთ, რომლებიც ‘მორწმუნეები არიან სულის სახსნელად’ (ებრაელთა 10:39). ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას, კავშირების დამდებ ღმერთს, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მარადიული კურთხევა მიიღოს.
[სქოლიოები]
a იხილე წიგნი Survival Into a New Earth (ინგლ.), თავი 13, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
როგორ გაიგე?
◻ ცხებული ქრისტიანების გარდა, ვინ არიან კურთხეული აბრაამის თესლის მეშვეობით?
◻ რით ჰგვანან ახალი კავშირის მეშვეობით კურთხევის მიმღები სხვა ცხვრები პროზელიტებს, რომლებიც ძველი კავშირის მეშვეობით ღებულობდნენ კურთხევებს?
◻ რა კურთხევებს ღებულობენ სხვა ცხვრები უფრო დიდი გამოსყიდვის დღიდან?
◻ რატომ უწოდა პავლემ ახალ კავშირს „საუკუნო აღთქმა“?
[ჩარჩო 21 გვერდზე]
წმინდა მსახურება ტაძარში
უამრავი ხალხი ცხებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში ემსახურება იეჰოვას (გამოცხადება 7:14, 15; 11:2). არ არსებობს არავითარი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ისინი განცალკევებით მყოფ წარმართთა ეზოში არიან. დედამიწაზე იესოს მსახურებისას ტაძარში იყო წარმართთა ეზო. მაგრამ ღვთის მიერ ინსპირირებულ სოლომონისა და ეზეკიელის ტაძრების გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა წარმართთა ეზოს არსებობა. სოლომონის ტაძარს ჰქონდა გარეთა ეზო, სადაც ისრაელები და პროზელიტები, კაცები და ქალები, ერთად სცემდნენ თაყვანს ღმერთს. ეს სულიერი ტაძრის მიწიერი ეზოს წინასახეობაა, სულიერი ტაძრისა, სადაც იოანემ წმინდა მსახურების შემსრულებელი უამრავი ხალხი იხილა.
მაგრამ შიდა ეზოში შესვლა, სადაც დიდი სამსხვერპლო მდებარეობდა მხოლოდ მღვდლებსა და ლევიანებს შეეძლოთ; ასევე მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ საწმინდარში შესვლა, ხოლო წმიდათა წმიდაში კი მხოლოდ — მღვდელმთავარს. შიდა ეზო და საწმინდარი იმ უნიკალური სულიერი მდგომარეობის წინასახეობაა, რომელიც ცხებულ ქრისტიანებს უჭირავთ დედამიწაზე. და წმიდათა წმიდა თვით ზეცას განასახიერებს, სადაც ცხებული ქრისტიანები თავიანთ ზეციერ მღვდელმთავართან ერთად უკვდავ სიცოცხლეს ღებულობენ (ებრაელთა 10:19, 20).
[სურათი 23 გვერდზე]
მხედველობაში გვქონდეს ის სიხარული, რაც მოგველის და დაე ვიყოთ „მორწმუნენი სულის სახსნელად“.