თავი 37
ბაბილონის აღსასრულით გამოწვეული გლოვა და სიხარული
1. როგორ რეაგირებენ „დედამიწის მეფეები“ დიდი ბაბილონის უეცარ განადგურებაზე?
ბაბილონის აღსასრული სასიხარულო ცნობაა იეჰოვას ხალხისთვის, მაგრამ როგორ რეაგირებენ ამაზე ერები? იოანე გვეუბნება: «დედამიწის მეფეები, რომლებიც მასთან მეძაობდნენ და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას მის გამო ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის დაიწვება. ისინი მოშორებით იდგებიან, მისი ტანჯვით შეშინებულები, და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი გასამართლება!“ » (გამოცხადება 18:9, 10).
2. ა) რატომ გლოვობენ „დედამიწის მეფეები“ დიდი ბაბილონის განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ალისფერი მხეცის სიმბოლური ათი რქა ანადგურებს? ბ) რატომ დგანან დამწუხრებული მეფეები განწირული ქალაქის მოშორებით?
2 ერების რეაქცია ერთი შეხედვით გასაკვირია, რადგან ბაბილონს ალისფერი მხეცის სიმბოლური ათი რქა ანადგურებს (გამოცხადება 17:16). ბაბილონის განადგურების შემდეგ „დედამიწის მეფეები“, როგორც ჩანს, მიხვდებიან, როგორ ეხმარებოდა მათ ბაბილონი ხალხის დამშვიდებასა და დამორჩილებაში. სამღვდელოება წმინდად აცხადებდა ომებს, ჯარისკაცებს ომში იწვევდა და ახალგაზრდებს ბრძოლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. გახრწნილი მმართველები სიწმინდის ნიღაბს ამოფარებული რელიგიის მხარდაჭერით ხალხს ჩაგრავდნენ (შეადარეთ იერემიას 5:30, 31; მათეს 23:27, 28). აღსანიშნავია, რომ დამწუხრებული მეფეები განწირული ქალაქის მოშორებით დგანან. ისინი მის დასახმარებლად ახლოსაც კი არ მიდიან. მეფეები დამწუხრებულები არიან დიდი ბაბილონის განადგურებით, მაგრამ არც ისე ძლიერ, რომ მის დასახმარებლად თავი საფრთხეში ჩაიგდონ.
ვაჭრების ტირილი და გლოვა
3. იოანეს სიტყვების თანახმად დიდი ბაბილონის აღსასრულით კიდევ ვინ წუხს და რატომ?
3 მხოლოდ დედამიწის მეფეები არ არიან დამწუხრებულნი დიდი ბაბილონის აღსასრულით. „მის გამო ტირიან და გლოვობენ დედამიწის დიდვაჭრებიც, რადგან აღარავინ ყიდულობს მათი მარაგიდან: ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების, მარგალიტის, ბისონის, ძოწისფერი ქსოვილის, აბრეშუმისა და ალისფერი ქსოვილის მარაგიდან; სურნელოვანი ხისა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ნაკეთობას, უძვირფასესი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ნაკეთობებს; არც დარიჩინსა და ინდურ სანელებელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეითუნის ზეთს, წმინდად დაფქულ ფქვილს და ხორბალს, ცხვარ-ძროხას, ცხენებსა და ეტლებს, მონებსა და ადამიანთა სულებს. მწიფე ხილი, რომელიც შენს [დიდ ბაბილონს] სულს სურდა, გაგეცალა, ყოველივე საუკეთესო და ბრწყინვალე დაგეკარგა და ვეღარასოდეს იპოვიან მათ“ (გამოცხადება 18:11—14).
4. რატომ ტირიან და გლოვობენ „დიდვაჭრები“ დიდი ბაბილონის განადგურებას?
4 დიდი ბაბილონი მდიდარი ვაჭრების ახლო მეგობარი და კარგი მუშტარი იყო. მაგალითად, ქრისტიანული სამყაროს მონასტრებსა და ეკლესიებში საუკუნეების განმავლობაში აგროვებდნენ დიდძალ ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, ძვირფასმერქნიან ხე-ტყეს და სხვა სახის სიმდიდრეს. გარდა ამისა, რელიგია იწონებდა იმ მფლანგველობასა და ღრეობებს, რომლებიც თან ახლავს ქრისტეს შეურაცხმყოფელი შობის დღესასწაულისა თუ სხვა ეგრეთ წოდებულ წმინდა დღესასწაულებს. ქრისტიანული სამყაროს მისიონერებმა ახალ ქვეყნებში შეაღწიეს და ამ ქვეყნიერების „დიდვაჭრებს“ ახალი ბაზრები გაუხსნეს. XVII საუკუნეში კათოლიკური რელიგია, რომელიც ვაჭრებთან ერთად შევიდა იაპონიაში, ფეოდალურ ომებშიც კი ჩაება. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ოსაკას ციხესიმაგრის კედლებთან მიმდინარე გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ აღნიშნულია: „ტოკუგავას ჯარი ებრძოდა მტერს, რომლის დროშები ჯვრებით, მხსნელისა და წმინდა იაკობის, ესპანეთის მფარველი წმინდანის გამოსახულებით იყო შემკული“. გამარჯვებულმა მხარემ კათოლიციზმის დევნა დაიწყო და, ფაქტობრივად, ამოძირკვა კიდეც ის იმ მხარეში. არც დღეს მოიტანს კურთხევას ეკლესიის ჩარევა საერო საქმეებში.
5. ა) როგორ აღწერს ზეციდან მომავალი ხმა „დიდვაჭრების“ გლოვას? ბ) რატომ დგანან ვაჭრებიც მოშორებით?
5 კვლავ ისმის ზეციდან ხმა: «დიდვაჭრებს, რომლებიც ამით ვაჭრობდნენ და ბაბილონმა გაამდიდრა, მისი ტანჯვა შეაშინებთ, რის გამოც შორს დადგებიან, იტირებენ, იგლოვებენ და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, ძოწისფრითა და ალისფრით შემოსილო, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით მორთულო, რადგან ესოდენ დიდი სიმდიდრე ერთ საათში განადგურდა!“ » (გამოცხადება 18:15—17ა). დიდი ბაბილონის განადგურებისას „ვაჭრები“ თავიანთი „ბიზნეს-პარტნიორის“ დაკარგვას გლოვობენ. ეს მათთვის მართლაც „ვაის“ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მათ მხოლოდ გამორჩენა ადარდებთ, თუმცა მეფეების მსგავსად „მოშორებით დგანან“. ისინი არ უწვდიან დახმარების ხელს დიდ ბაბილონს, არც კი ეკარებიან მას.
6. როგორ აღწერს ზეციდან მომავალი ხმა გემის მესაჭეთა და მეზღვაურთა გლოვას და რატომ ტირიან ისინი?
6 თხრობა ასე გრძელდება: «ყოველი გემის მესაჭე, ყოველი, ვინც ზღვით მგზავრობს, ყოველი მეზღვაური და ყველა, ვინც ზღვით ირჩენს თავს, მოშორებით იდგნენ და ცეცხლის კვამლის დანახვაზე, რომელშიც ის იწვოდა, აყვირდნენ: „რომელი ქალაქი შეედრება ამ დიდ ქალაქს?“ თავზე მტვერს იყრიდნენ, ყვიროდნენ და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: „ვაი, ვაი დიდ ქალაქს, რომლის ფუფუნებითაც გამდიდრდა ყველა, ვისაც ზღვაში ხომალდები ჰქონდა, ვინაიდან ერთ საათში განადგურდა!“ » (გამოცხადება 18:17ბ—19). ძველი ბაბილონი სავაჭრო ქალაქი იყო და დიდი ფლოტი ჰქონდა. თავის მიმდევართა „მრავალი წყლის“ წყალობით დიდი ბაბილონიც სავაჭრო საქმიანობას ეწევა. ამის შედეგად მის მორჩილთაგან მრავალი დასაქმებულია. როგორი ეკონომიკური ზარალი იქნება მათთვის დიდი ბაბილონის განადგურება! მეტად აღარ ექნებათ ისეთი შემოსავალი, როგორიც ჰქონდათ.
დიდი ბაბილონის განადგურებით გამოწვეული სიხარული
7, 8. როგორ აღწევს დიდი ბაბილონის შესახებ ზეციდან გაცხადებული ცნობა თავის აპოგეას და ვინ ეხმაურება ამ სიტყვებს?
7 მიდიელებისა და სპარსელების მიერ ძველი ბაბილონის დაპყრობის შესახებ იერემიამ იწინასწარმეტყველა: „სიხარულით შესძახებენ ბაბილონის გამო ცა და მიწა და ყველაფერი, რაც მათშია“ (იერემია 51:48). დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ ზეციდან გაცხადებული ცნობა თავის აპოგეას აღწევს: „იხარეთ იმის გამო, რაც მას დაემართა, ზეცავ და თქვენ — წმინდებო, მოციქულებო და წინასწარმეტყველებო, რადგან ღმერთმა სასჯელი გამოუტანა მას თქვენ გამო!“ (გამოცხადება 18:20). იეჰოვა და ანგელოზები გაიხარებენ ღვთის დიდი ხნის მტრის განადგურებით, მათ შორის მოციქულები და პირველი ქრისტიანი წინასწარმეტყველები, რომლებიც აღდგნენ და 24 უხუცესის რიგებს შეუერთდნენ (შეადარეთ ფსალმუნის 97:8—12).
8 როგორც ზეცაში აღდგენილი, ისე დედამიწაზე მცხოვრები „წმინდები“ სიხარულით იყიჟინებენ, მათთან ერთად იყიჟინებს სხვა ცხვრებისგან შემდგარი უამრავი ხალხიც. დროთა განმავლობაში ახალ ქვეყნიერებაში ძველ დროს მცხოვრები ყველა ერთგული ადამიანი აღდგება და ისინიც გაიზიარებენ ამ სიხარულს. ღვთის ხალხს არასდროს უცდია შურისძიება თავიანთ მდევნელებზე, ცრუ რელიგიის წარმომადგენლებზე. მათ ახსოვდათ იეჰოვას სიტყვები: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“ (რომაელები 12:19; მეორე კანონი 32:35, 41—43). იეჰოვამ დიდ ბაბილონს საკადრისი მიუზღო და შური იძია მისი დაღვრილი სისხლის გამო.
დიდი დოლაბის გადმოგდება
9, 10. ა) რას აკეთებს და რას ამბობს ძლიერი ანგელოზი? ბ) გამოცხადების 18:21-ში მოხსენიებული ძლიერი ანგელოზის მოქმედება, რით ჰგავს იმას, რაც იერემიას დროს მოხდა, და რისი გარანტიაა ეს? გ) რაზე მეტყველებს იოანეს მიერ ნანახი ძლიერი ანგელოზის მოქმედება?
9 ის, რასაც იოანე ახლა ხედავს, იმას ადასტურებს, რომ იეჰოვას მიერ დიდი ბაბილონისთვის გამოტანილი განაჩენი საბოლოოა: «ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა ასწია, ზღვაში ჩააგდო და თქვა: „ასეთი სისწრაფით დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარასოდეს იპოვიან მას“ » (გამოცხადება 18:21). იერემიას დროს მსგავსი რამ მოხდა, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. იერემიამ შთაგონებით ჩაწერა წიგნში „ყველა ის უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დასტყდომოდა“ და წიგნი სერაიას ხელით ბაბილონში გაგზავნა. იერემიას სიტყვისამებრ სერაიამ ხმამაღლა წაიკითხა ქალაქისთვის გამოტანილი განაჩენი: „ო, იეჰოვა, შენ ლაპარაკობ ამ ადგილზე, რომ მოსპო ის და არავინ იცხოვროს იქ, არც ადამიანმა და არც პირუტყვმა, და სამარადისოდ გაპარტახდეს“. სერაიამ ქვა შეაბა ამ წიგნს, მდინარე ევფრატში ჩააგდო და თქვა: „ასე ჩაიძირება და აღარასოდეს აღდგება ბაბილონი იმ უბედურების გამო, რომელსაც დავატეხ მას“ (იერემია 51:59—64).
10 ქვამობმული წიგნის მდინარეში გადაგდება იმის მაჩვენებელი იყო, რომ ბაბილონი დავიწყებას მიეცემოდა და აღარასოდეს აღდგებოდა. მოციქული იოანეს მიერ ნანახი ძლიერი ანგელოზიც სერაიას მსგავსად იქცევა, რაც იმის გარანტიაა, რომ იეჰოვა დიდ ბაბილონთან დაკავშირებულ თავის განზრახვასაც შეასრულებს. ძველი ბაბილონის გაპარტახება დღეს იმაზე მეტყველებს, რომ ცრუ რელიგიაც მის ბედს გაიზიარებს ახლო მომავალში.
11, 12. ა) როგორ მიმართავს ძლიერი ანგელოზი დიდ ბაბილონს? ბ) რა იწინასწარმეტყველა იერემიამ განდგომილ იერუსალიმზე და რას ნიშნავს ეს დღეს?
11 ახლა ძლიერი ანგელოზი დიდ ბაბილონს მიმართავს: „შენში აღარასოდეს გაისმება მომღერალი მექნარეების, მუსიკოსების, მესალამურეებისა და მესაყვირეების ხმა; აღარ იქნება შენში არანაირი ხელობის ხელოსანი, დოლაბის ხმაც აღარ გაისმება შენში; აღარც ლამპრის სინათლე გაანათებს შენში და ნეფისა და პატარძლის ხმაც აღარასოდეს გაისმება, რადგან შენი დიდვაჭრები დედამიწის დიდებულები იყვნენ და შენი სპირიტიზმით შეცდომაში შეგყავდა ხალხები“ (გამოცხადება 18:22, 23).
12 მსგავსი სიტყვებით იერემიამაც იწინასწარმეტყველა განდგომილ იერუსალიმზე: „მოვსპობ მათში სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, ხელსაფქვავის ხმასა და ლამპრის შუქს. მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი“ (იერემია 25:10, 11). ქრისტიანული სამყარო, დიდი ბაბილონის ძირითადი ნაწილი, ნანგრევებს დაემსგავსება, რაც ძვ. წ. 607 წლის შემდეგ იერუსალიმის გაპარტახებამ ცხადყო. ქრისტიანული სამყარო, ერთ დროს მხიარული და მოფუსფუსე, დაპყრობილი და მიტოვებული აღმოჩნდება.
13. რა დაემართება უეცრად დიდ ბაბილონს და როგორ იმოქმედებს ეს „დიდვაჭრებზე“?
13 როგორც ანგელოზი ეუბნება იოანეს, მთელი დიდი ბაბილონი, ძლიერი მსოფლიო იმპერია, გახრიოკებულ უდაბნოს დაემსგავსება. მისი „დიდვაჭრები“, მათ შორის ცნობილი მილიონერები, რელიგიას გამორჩენისთვის ან თავშესაფრად იყენებდნენ; სამღვდელოებასაც ხელს აძლევდა მათთან ერთად ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამ ვაჭრებს აღარ ეყოლებათ თანამზრახველი დიდი ბაბილონი. ის მეტად ვეღარ აცდუნებს დედამიწის ერებს თავისი მისტიკური, რელიგიური წეს-ჩვეულებებით.
შემაძრწუნებელ სისხლის ღვრაში დამნაშავე
14. ძლიერი ანგელოზის სიტყვების თანახმად რატომ გამოაქვს იეჰოვას ასეთი მკაცრი განაჩენი და რა თქვა იესომ ამასთან დაკავშირებით დედამიწაზე ყოფნისას?
14 ბოლოს ძლიერი ანგელოზი ხსნის, თუ რატომ სჯის იეჰოვა დიდ ბაბილონს ასე მკაცრად: „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 18:24). დედამიწაზე ყოფნისას იესომ უთხრა რელიგიურ წინამძღოლებს, რომ „ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან“ მოყოლებული, მათ კისერზე იყო, რის გამოც ახ. წ. 70 წელს ის უკუღმართი თაობა განადგურდა (მათე 23:35—38). დღეს ღვთის მსახურების დევნის გამო კიდევ ერთ თაობას ედება ბრალი სისხლის ღვრაში.
15. რის საფუძველზე აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიის კათოლიკური ეკლესია დამნაშავე სისხლის ღვრაში?
15 თავის წიგნში „კათოლიკური ეკლესია და ნაცისტური გერმანია“ გიუნთერ ლევი წერს: „როცა ბავარიაში იეჰოვას მოწმეებს დევნიდნენ, [1933 წლის] 13 აპრილს ეკლესია დათანხმდა, შეესრულებინა განათლებისა და რელიგიის სამინისტროს დავალება და დაესმინა ამ სექტის ნებისმიერი წევრი, რომელიც უარს არ იტყოდა აკრძალულ რელიგიაზე“. ამგვარად კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ათასობით მოწმე საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილიყო. მას სიკვდილით დასჯილი ასობით მოწმის სისხლით აქვს გასვრილი ხელი. როცა ახალგაზრდა მოწმეებმა, მათ შორის ვილჰელმ კუსეროვმა, ცხადყვეს, რომ შეეძლოთ გაბედულად შეხვედროდნენ დახვრეტას, ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ ასეთი სასჯელი საკმაოდ მსუბუქი იყო მათთვის. ამიტომ ვილჰელმის ძმას, 20 წლის ვოლფგანგს, გილიოტინაზე მოკვეთეს თავი. მეორე მხრივ, კათოლიკური ეკლესიის მოწოდებით ახალგაზრდა გერმანელი კათოლიკები თავს სწირავდნენ სამშობლოს. აშკარაა, რომ ეკლესია დამნაშავეა სისხლის ღვრაში.
16, 17. ა) რა მოეკითხება დიდ ბაბილონს და როგორ გახდა ვატიკანი დამნაშავე ნაცისტური დარბევების დროს ებრაელთა ხოცვაში? ბ) რატომ ედება ბრალი ცრუ რელიგიას მილიონობით ადამიანის დაღუპვაში?
16 წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ დიდი ბაბილონი იქნებოდა დამნაშავე „დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლის“ დაღვრაში. უდავოა, რომ ეს სიტყვები ჩვენს დროში მართლდება. მაგალითად, ჰიტლერი კათოლიკური ეკლესიის ინტრიგებით მოვიდა გერმანიის სათავეში, რითაც ვატიკანმა თავისი წვლილი შეიტანა საშინელ სისხლის ღვრაში, ნაცისტური დარბევების დროს ექვსი მილიონი ებრაელის დახოცვაში. გარდა ამისა, ჩვენს დროში ას მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ასობით ომში. მიუძღვის ამაში ბრალი ცრუ რელიგიას? დიახ, ორი მიზეზით.
17 ერთი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ომი რელიგიური უთანხმოებების საფუძველზე ხდება. მაგალითად, 1946—1948 წლებში ინდოეთში მუსლიმანებისა და ინდუსების შეტაკების მიზეზი რელიგია იყო. ამ კონფლიქტმა ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერაყსა და ირანს შორის 1980-იან წლებში მიმდინარე ბრძოლა სექტებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია, რამაც ასი ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ჩრდილოეთ ირლანდიაში კათოლიკებისა და პროტესტანტების მტრობამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. 1976 წელს ამ საკითხის შემსწავლელმა ჟურნალისტმა, კ. ლ. ზულცბერგერმა, აღნიშნა: „მწარე სიმართლეა, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ომების ნახევარზე მეტს მთლიანად ან ნაწილობრივ რელიგიური საფუძველი აქვს“. ამას ბაბილონის მშფოთვარე ისტორია ნამდვილად ადასტურებს.
18. რა არის მეორე მიზეზი, რის გამოც მსოფლიო რელიგიები დამნაშავენი არიან სისხლის ღვრაში?
18 რა არის მეორე მიზეზი? იეჰოვას თვალსაზრისით მსოფლიოს რელიგიები იმიტომაც არიან დამნაშავენი სისხლის ღვრაში, რომ საფუძვლიანად არ ასწავლიან თავიანთ მიმდევრებს, სინამდვილეში რას მოითხოვს იეჰოვა თავისი მსახურებისგან. ისინი საფუძვლიანად არც იმას ასწავლიან ხალხს, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იესო ქრისტეს უნდა ჰბაძავდნენ და წარმომავლობის მიუხედავად ერთმანეთის მიმართ სიყვარულს უნდა ავლენდნენ (მიქა 4:3, 5; იოანე 13:34, 35; საქმეები 10:34, 35; 1 იოანე 3:10—12). რადგან დიდი ბაბილონის რელიგიები სიყვარულს არ ასწავლიან, მათი მიმდევრები საერთაშორისო კონფლიქტების ციებ-ცხელებაში არიან ჩაბმული. ეს თვალსაჩინო გახდა XX საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი ორივე მსოფლიო ომის დროს. როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომი ქრისტიანულ სამყაროში დაიწყო, რის შედეგადაც თანამორწმუნეებმა ერთმანეთი გაჟლიტეს. ბიბლიის პრინციპებით რომ ეხელმძღვანელა ყველას, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებდა, ეს ომები აღარ მოხდებოდა.
19. რა შემაძრწუნებელ სისხლის ღვრაშია დამნაშავე დიდი ბაბილონი?
19 იეჰოვა დიდ ბაბილონს ადანაშაულებს მთელ ამ სისხლის ღვრაში. რელიგიურ წინამძღოლებს, განსაკუთრებით ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს, ხალხისთვის რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ესწავლებინათ, ასეთ მასობრივ სისხლის ღვრას თავიდან აირიდებდნენ. იეჰოვას წინაშე უეჭველად პასუხს აგებს დიდი ბაბილონი, დიდი მეძავი და ცრუ რელიგიური სამყარო, არა მხოლოდ რელიგიური წინამძღოლების მიერ დევნილი და დახოცილი წინასწარმეტყველებისა და წმინდების სისხლის გამო, არამედ „დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლის“ გამო. უდავოა, დიდი ბაბილონი შემაძრწუნებელ სისხლის ღვრაშია დამნაშავე. რა ბედნიერებაა, რომ ის საბოლოოდ განადგურდება!
[ჩარჩო 270 გვერდზე]
კომპრომისის საფასური
გიუნთერ ლევი თავის წიგნში „კათოლიკური ეკლესია და ნაცისტური გერმანია“ აღნიშნავს: „ნაცისტური რეჟიმისთვის გერმანიის კათოლიკურ ეკლესიას თავიდანვე მტკიცე წინააღმდეგობა რომ გაეწია, მსოფლიო ისტორია ალბათ სხვაგვარად განვითარდებოდა. საბოლოოდ ამ წინააღმდეგობას შეიძლება ჰიტლერი ვერ შეეჩერებინა და ვერც მისი მრავალი დანაშაული აერიდებინა თავიდან, მაგრამ ეკლესია კარგ სახელს მაინც დაიმკვიდრებდა. უდავოა, რომ ამ წინააღმდეგობას დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ღირსეულ მიზანს მაინც მოემსახურებოდა. ჰიტლერს თავისი ჯარის იმედი რომ არ ჰქონოდა, შესაძლოა ვერასდროს გაებედა ომის წამოწყება, რისი წყალობითაც მილიონობით ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს. . . როცა ათასობით გერმანელი ანტინაცისტი ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში წამებით მოკლეს, როცა პოლონეთის ინტელიგენცია დახოცეს, როცა ასიათასობით რუსი დაიღუპა, რადგან მათ მხოლოდ სლავური წარმოშობის „უნტერმენშენად“ [არასრულფასოვან ადამიანად] მიიჩნევდნენ, და როცა 6 მილიონი ადამიანი მოკლეს მათი „არაარიული“ წარმოშობის გამო, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ისეთ რეჟიმს, რომელსაც ამგვარ სისასტიკეში ედებოდა ბრალი. რომის პაპი, რომის კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღოლი და უზენაესი მოძღვარი კი დუმდა“ (გვერდები 320, 341).
[სურათები 268 გვერდზე]
„ვაი, ვაი“, — ამბობენ მმართველები.
„ვაი, ვაი“, — ამბობენ ვაჭრები.