აფასებთ იეჰოვას ორგანიზაციას?
„ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი“ (ესაია 66:1).
1, 2. ა) იეჰოვას ორგანიზაციის არსებობის რომელი ხილული მტკიცებების მოყვანა შეგიძლიათ? ბ) სად არის იეჰოვას სამყოფელი?
გჯერათ, რომ იეჰოვას აქვს ორგანიზაცია? თუ დიახ, რატომ? შეიძლება ამ კითხვაზე ასე უპასუხოთ: «ჩვენ გვაქვს სამეფო დარბაზი, კარგად ორგანიზებული კრება უხუცესთა საბჭოსთან ერთად. გვყავს სათანადოდ დანიშნული მიმომსვლელი ზედამხედველი, რომელიც რეგულარულად გვაკითხავს. ვესწრებით ორგანიზებულ კონგრესებს. გარდა ამისა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალი ზრუნავს ჩვენს ქვეყანაში სამეფო საქმეზე. ნამდვილად, ყოველივე ეს და სხვა ბევრი რამეც ამტკიცებს, რომ იეჰოვას აქვს მოქმედი ორგანიზაცია».
2 ეს აღწერილობა ორგანიზაციის არსებობის ნათელი დადასტურებაა. მაგრამ, თუ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, არსებულ ორგანიზაციას ვხედავთ და ვაღიარებთ, მაშინ ბოლომდე ვერ აღვიქვამთ იეჰოვას ორგანიზაციას. იეჰოვამ ესაიას უთხრა, რომ დედამიწა მისთვის მხოლოდ კვარცხლბეკია, ხოლო ცა — ტახტი (ესაია 66:1). რომელ ‘ცაზე’ ლაპარაკობდა იეჰოვა? ატმოსფეროზე? კოსმოსურ სივრცეზე? თუ სიცოცხლის რაღაც სხვა დონეზე? ესაია ლაპარაკობს იეჰოვას ‘წმიდა და დიდებულ სამყოფელზე’, ხოლო ფსალმუნმომღერალი ამ ცას ღვთის ‘საბრძანისს’ უწოდებს. ამგვარად, ესაიას 66:1-ში მოხსენიებული „ცა“ არის უხილავი სულიერი სამფლობელო, სადაც იეჰოვას უზენაესი ანუ ყველაზე აღმატებული მდგომარეობა უკავია (ესაია 63:15; ფსალმუნი 32:13, 14).
3. როგორ შეგვიძლია ეჭვების დაძლევა?
3 ამიტომ, თუ ნამდვილად გვსურს აღვიქვათ და დავაფასოთ იეჰოვას ორგანიზაცია, ყურადღება უნდა მივაპყროთ ზეცას. სწორედ ეს უძნელდება ზოგს. ვინაიდან იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია უხილავია, საიდან შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ის ნამდვილად არსებობს? ზოგი შეიძლება დიდი ხანია ეჭვობს და ფიქრობს: „როგორ შეიძლება ეს ირწმუნო?“ მაშ, როგორ შეიძლება რწმენით ეჭვების დაძლევა? ამის ორი ძირითადი საშუალებაა ღვთის სიტყვის გაძლიერებული პირადი შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე როგორც რეგულარული დასწრება, ისე მონაწილეობის მიღება. მაშინ ჭეშმარიტების შუქი გაგვიფანტავს ეჭვებს. იყვნენ ღვთის სხვა მსახურებიც, რომლებიც ეჭვებით იყვნენ შეპყრობილი. განვიხილოთ, რა შეემთხვა ელისეს მსახურს იმ დროს, როდესაც ისრაელს არამის მეფე უტევდა (შეადარეთ იოანე 20:24–29; იაკობი 1:5–8).
პიროვნება, რომელმაც იხილა ზეციერ ქმნილებათა ლაშქარი
4, 5. ა) რა პრობლემა ჰქონდა ელისეს მსახურს? ბ) როგორ უპასუხა იეჰოვამ ელისეს ლოცვას?
4 არამის მეფემ დოთანში ღამით დიდძალი ჯარი გაგზავნა, რათა ელისე შეეპყროთ. როდესაც ელისეს მსახური დილით ადრე ადგა და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპავად ბანზე გავიდა, თავზარი დაეცა. ქალაქი გარშემორტყმული იყო ცხენებსა და ეტლებზე ამხედრებული არამელი მეომრებით, რათა შეეპყროთ ღვთის წინასწარმეტყველი. მსახურმა ელისეს შეჰყვირა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“ როგორც ჩანს, ელისემ მშვიდად და გულდაჯერებით უპასუხა: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“. მსახური, ალბათ, ფიქრობდა, სად არიან ისინი? მე ვერ ვხედავ მათო. ზოგჯერ შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში და გონების თვალით ვერ დავინახოთ ზეციერ ქმნილებათა ლაშქარი (მეოთხე მეფეთა 6:8–16; ეფესელთა 1:18).
5 ელისემ ილოცა, რომ მსახურს თვალი ახელოდა. რა მოხდა შემდეგ? „აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“ (მეოთხე მეფეთა 6:17). დიახ, მან დაინახა ზეციერ ქმნილებათა ლაშქარი, იმ ანგელოზთა დასი, რომლებიც მზად იყვნენ ღვთის მსახურის დასაცავად. ახლა მას უკვე ესმოდა, თუ რატომ იყო ელისე გულდაჯერებული.
6. როგორ შეგვიძლია დავინახოთ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია?
6 გვაქვს თუ არა ზოგჯერ აღქმასთან დაკავშირებით ჩვენც ისეთივე პრობლემა, როგორიც ელისეს მსახურს ჰქონდა? ხომ არ გვჩვევია, რომ, როდესაც ზოგ ქვეყანაში ქრისტიანულ საქმიანობას ან პირადად ჩვენ საშიშროება გვემუქრება, მდგომარეობის მხოლოდ ფიზიკური მხარე დავინახოთ? თუ ასეა, შეგვიძლია მოველოდეთ, რომ რაღაც განსაკუთრებულ ხილვას მივიღებთ? არა, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც ელისეს მსახურს არ ჰქონია — მთლიანი წიგნი, რომელიც მრავალ ხილვას შეიცავს, და ეს წიგნი ბიბლიაა, რომელსაც შეუძლია დაგვანახვოს ზეციერი ორგანიზაცია. ღვთივსულიერი სიტყვა აგრეთვე გვაძლევს სახელმძღვანელო მითითებებს, რათა ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრების გზას სწორი მიმართულება მივცეთ. მაგრამ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ვეძიოთ გამჭრიახობა და ღვთის საქმეების მიმართ მადლიერება გამოვიმუშავოთ. ამის გაკეთება კი პირადი შესწავლით, ლოცვითა და წაკითხულზე დაფიქრებით შეგვიძლია (რომაელთა 12:12; ფილიპელთა 4:6; 2 ტიმოთე 3:15–17).
ვისწავლოთ, რათა გავიგოთ
7. ა) რა სირთულეს აწყდება ზოგი, ბიბლიის პირად შესწავლასთან დაკავშირებით? ბ) რატომ ღირს პირადი შესწავლა გაწეულ ძალისხმევად?
7 პირადი შესწავლა მრავალი ისეთი პიროვნებისთვის, რომლებიც სკოლაში გაკვეთილებს არასოდეს სწავლობდნენ ან არ ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ ესწავლათ, არ წარმოადგენს მაინცდამაინც სასიამოვნო საქმიანობას. მაგრამ, თუ გვინდა, რომ გონების თვალით ჩავწვდეთ იეჰოვას ორგანიზაციას და დავაფასოთ ის, უნდა განვივითაროთ შესწავლის სურვილი. შეიძლება მომზადების გარეშე კარგი კერძის მიღება? ნებისმიერი მზარეული გეტყოდათ, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო. ჭამას კი შეიძლება ნახევარი საათი ან ნაკლები დასჭირდეს. მეორე მხრივ, პირადი შესწავლით მიღებული სარგებლობა შეიძლება მთელი სიცოცხლე გაგვყვეს. პირადი შესწავლა ჩვენთვის სასიამოვნო ხდება, როდესაც ვხედავთ მიღწეულ წარმატებებს. მოციქულმა პავლემ სწორად აღნიშნა, რომ ყოველთვის ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ საკუთარ თავსა და სწავლებას და არ მოვიშალოთ კითხვის ჩვევა. ეს ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მარადიულ სარგებლობას მოგვიტანს (1 ტიმოთე 4:13–16).
8. რას გვირჩევს წიგნი „იგავნი“?
8 ძველ დროში ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთის შემეცნებას“ (იგავნი 2:1–5).
9. ა) რა მხრივ შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ ოქრო და ‘ღვთის შემეცნება’? ბ) რა იარაღები გვჭირდება ზუსტი შემეცნების მისაღებად?
9 გესმით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „მიიღებდე“, რაც მეორე პირისადმი უშუალო მიმართვაა; აგრეთვე გამოთქმას „განძივით დაუწყებდე ძებნას“. იფიქრეთ მათზე, ვინც საუკუნეების განმავლობაში ეძებდა ვერცხლსა და ოქროს ბოლივიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში. ისინი მძიმედ შრომობდნენ, წერაქვებითა და ნიჩბებით თხრიდნენ ქანებს, რათა ძვირფასი ლითონები მოეპოვებინათ. ისინი იმდენად აფასებდნენ ოქროს, რომ კალიფორნიის ერთ მაღაროში 591 კილომეტრიანი გვირაბი გათხარეს, რომელიც მიწაში დაახლოებით 1,5 კილომეტრის სიღრმეზე ჩადიოდა და ეს მხოლოდ ოქროს საპოვნელად გააკეთეს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ოქროს ჭამა? დალევა? დაგიცავთ ის უდაბნოში შიმშილით და წყურვილით სიკვდილისგან? არა, მისი ფასი ხელოვნურად დადგენილი და პირობითია და, როგორც საერთაშორისო ბაზრის მონაცემები გვიჩვენებს, ყოველდღიურად იცვლება. მიუხედავად ამისა, ადამიანები მის მოსაპოვებლად სიცოცხლეს დებენ. და რამდენად მეტ ძალისხმევას იმსახურებს სულიერი ოქროს, ‘ღვთის შემეცნების’, მოპოვება? იფიქრეთ ამაზე — სამყაროს უზენაესი უფლის შემეცნებაზე, ღვთის ორგანიზაციასა და განზრახვებზე! ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სულიერი წერაქვი და ნიჩაბი. ამ იარაღებს ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები წარმოადგენს, რომლებიც იეჰოვას სიტყვის გამოკვლევასა და მისი მნიშვნელობის ჩაწვდომაში გვეხმარება (იობი 28:12–19).
გამოვიკვლიოთ, რათა ჩავწვდეთ
10. რა ნახა დანიელმა ხილვაში?
10 მოდით იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების მიზნით გარკვეული სულიერი გამოკვლევები ჩავატაროთ. ზეციერი ორგანიზაციის არსს რომ ჩავწვდეთ, მივმართოთ დანიელის ხილვას, სადაც მან ტახტზე მჯდომარე ძველი დღეთა ნახა. დანიელი წერს: „ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი — მგზნებარე ცეცხლი. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები“ (დანიელი 7:9, 10). ვინ იყვნენ ის ათასები, რომლებიც იეჰოვას ემსახურებოდნენ? „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ამ მუხლის პარალელური ადგილები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია „წერაქვებისა“ და „ნიჩბების“ როლში, არის ფსალმუნის 68:17 [67:18, სსგ] და ებრაელთა 1:14. დიახ, ქმნილებები, რომლებიც ღმერთს ემსახურებოდნენ ზეციერი ანგელოზები იყვნენ!
11. როგორ გვეხმარება დანიელის ხილვა ელისეს სიტყვების გაგებაში?
11 დანიელის ცნობაში ნათქვამი არ არის, რომ მან ღვთის განკარგულებაში მყოფი ყველა ერთგული ანგელოზი იხილა. მათი რიცხვი შეიძლება მილიონებს აღემატებოდეს. ახლა ნამდვილად გვესმის, რატომ შეეძლო ელისეს ეთქვა: „ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“. არამის მეფის ჯარი მათი მხარდამჭერი ორგული ანგელოზების, დემონების, ჩათვლითაც კი არ აღემატებოდა იეჰოვას ზეციერ ლაშქართა რაოდენობას (ფსალმუნი 33:8; 90:11).
12. საიდან შეგიძლიათ ანგელოზების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება?
12 შეიძლება გსურთ, მეტი გაიგოთ ამ ანგელოზების შესახებ, მაგალითად, იეჰოვას მსახურებაში მათი როლის შესახებ. სიტყვა ანგელოზის ბერძნული მნიშვნელობიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ისინი მაცნეები არიან, ვინაიდან ეს სიტყვა „მაცნესაც“ ნიშნავს. მაგრამ მათ მოვალეობაში ამის გარდა ბევრი რამ შედის. ამიტომ იმის გასაგებად, თუ რა შედის ამაში, უნდა გამოიკვლიოთ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ბიბლიური ცნობარი (Insight on the Scriptures), შეგიძლიათ შეისწავლოთ სტატია „ანგელოზები“ ან „საგუშაგო კოშკის“ ძველ ნომრებში წაიკითხოთ სტატიები ანგელოზების შესახებ. იმდენი რამის გაგებას შეძლებთ ღვთის ამ ზეციერი მსახურების შესახებ, რომ გაოცებული დარჩებით და მადლიერებით აღივსებით იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ (გამოცხადება 14:6, 7). მაგრამ ღვთის ზეციერ ორგანიზაციაში ზოგი სულიერი ქმნილება განსაკუთრებულ დანიშნულებას ასრულებს.
ესაიას ხილვა
13, 14. რა ნახა ესაიამ ხილვაში და როგორ იმოქმედა ამ ხილვამ მასზე?
13 მოდით ახლა ესაიას ხილვა გამოვიკვლიოთ. თქვენზე, ალბათ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მე-6 თავის 1–7 მუხლების წაკითხვა. ესაია ამბობს, რომ ‘იხილა ტახტზე მჯდარი’ იეჰოვა და მის ‘თავთით მდგარი სერაფიმები’. ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ იეჰოვას დიდებულებას და განადიდებდნენ მის სიწმინდეს. ამ ცნობის წაკითხვაც კი თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. როგორი იყო ესაიას რეაქცია? „ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს“. რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხილვამ მასზე! თქვენზე?
14 როგორ გაუძლო ესაიამ ამ დიდებულ ხილვას? ის ამბობს, რომ სერაფიმმა უშველა, რომელმაც უთხრა: „მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა“ (ესაია 6:7). ესაია მინდობილი იყო ღვთის გულმოწყალებაზე და მთელი გულისყურით ისმენდა იეჰოვას სიტყვებს. გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ამ მაღალი რანგის სულიერი ქმნილებების შესახებ? რა უნდა ქნათ ამისთვის? გამოიკვლიეთ უფრო მეტი ინფორმაცია. ერთ-ერთ ხელსაწყოდ შეგიძლიათ «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელი» გამოიყენოთ; ის მიუთითებს მრავალ წყაროზე, რომლებშიც გაშუქებულია ეს ინფორმაცია.
ეზეკიელის ხილვა
15. რა ცხადყოფს, რომ ეზეკიელის ხილვა მონაგონი არ არის?
15 მოდით ახლა ყურადღება მივაპყროთ სხვა სულიერ ქმნილებებს. ეზეკიელი ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობაში იყო, როდესაც წილად ხვდა პატივი, ენახა ღვთივსულიერი ხილვა. გთხოვთ ბიბლია გადაშალოთ „ეზეკიელის“ პირველ თავზე და ყურადღება მიაქციოთ პირველ სამ მუხლს. როგორ იწყება ცნობა? არის იქ ნათქვამი: „ერთ დროს, ერთ შორეულ ქვეყანაში. . .“? არა, ეს არ არის მითოლოგიის ხასიათის ზღაპარი. პირველ მუხლში ნათქვამია: „ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები“. რა გაიგეთ ამ მუხლიდან? აქ მოცემულია ზუსტი თარიღი და კონკრეტული ადგილი. ცნობა მიუთითებს მეფე იოაქინის გადასახლებაში ყოფნის მეხუთე წელზე, ანუ ძვ. წ. 613 წელზე.
16. რა იხილა ეზეკიელმა?
16 იეჰოვას ხელი იყო ეზეკიელზე და ამ უკანასკნელმა იხილა შიშითა და მოკრძალებით აღმვსები ღვთივსულიერი ხილვა, სადაც იეჰოვა უზარმაზარი ზეციერი ეტლის ტახტზე იჯდა — ეტლისა, რომელსაც ირგვლივ თვალებით სავსე დიდი ბორბლები ჰქონდა. ამ ხილვიდან ჩვენს ყურადღებას იპყრობს ოთხი ქმნილება, რომლებიც თითოეულ ბორბალთან იდგნენ. მათ „ადამიანის სახე ჰქონდათ; თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა. . . მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს“ (ეზეკიელი 1:5, 6, 10).
17. რას ასიმბოლოებს ქერუბიმების ოთხი სახე?
17 ვინ იყო ეს ოთხი ქმნილება? ეზეკიელი გვეუბნება, რომ ესენი ქერუბიმები იყვნენ (ეზეკიელი 10:1–3, 14). რატომ ჰქონდათ მათ ოთხი სახე? რათა წარმოედგინათ უზენაესი უფლის, იეჰოვას, ოთხი განსაკუთრებული თვისება. არწივის სახე სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობას ასიმბოლოებდა (იობი 39:27–29). რას წარმოადგენდა ხარის სახე? ცნობილია, რომ უჩვეულოდ ძლიერი კისრითა და ბეჭით ხარი ბრძოლაში ცხენსა და მხედარს ჰაერში ააგდებს ხოლმე. ნამდვილად, ხარი იეჰოვას უსაზღვრო ძალის სიმბოლოა. ლომი გაბედულებისა და სამართლიანობის სიმბოლოდაა გამოყენებული. და ბოლოს, ადამიანის სახე ღვთის სიყვარულის სათანადო სიმბოლოა, ვინაიდან მიწიერ ქმნილებებს შორის მხოლოდ ადამიანი ავლენს ამ თვისებას შეგნებულად (მათე 22:37, 39; 1 იოანე 4:8).
18. რას მატებს მოციქულ იოანეს ხილვა ზეციერი ორგანიზაციის შესახებ ჩვენს გაგებას?
18 არსებობს სხვა ხილვებიც, რომლებიც მთლიანი სურათის წარმოდგენაში დაგვეხმარება. მათ შორისაა იოანეს ხილვა, რომელიც მოთხრობილია ბიბლიის წიგნში „გამოცხადება“. ეზეკიელის მსგავსად, მანაც იხილა იეჰოვა მის დიდებულ ტახტზე, სადაც მასთან ერთად იყვნენ ქერუბიმები. რას აკეთებენ ქერუბიმები? ისინიც უერთდებიან სერაფიმების სიტყვებს, რომლებიც „ესაიას“ მე-6 თავშია მოხსენიებული, და ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“ (გამოცხადება 4:6–8). იოანემ ტახტთან კრავიც იხილა. ვის შეიძლება ის წარმოადგენდეს? ღვთის კრავს, იესო ქრისტეს (გამოცხადება 5:13, 14).
19. რა გავიგეთ ამ შესწავლიდან იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ?
19 ამგვარად, რა გავიგეთ ამ ხილვებიდან? ზეციერი ორგანიზაციის სათავეში იყო იეჰოვა ღმერთი თავის ტახტზე, რომელსაც თან ახლდა კრავი, იესო ქრისტე, რომელიც არის „სიტყვა“ ანუ ლოგოსი. აგრეთვე დავინახეთ ზეციერ ქმნილებათა ლაშქარი, რომელთა შორის იყვნენ სერაფიმები და ქერუბიმები. ისინი იმ ერთი დიდი, გაერთიანებული ორგანიზაციის ნაწილი არიან, რომელიც იეჰოვას განზრახვებს ემსახურება. ამ განზრახვებიდან ერთ-ერთს ბოლო ჟამის განმავლობაში კეთილი ცნობის მსოფლიო მასშტაბით ქადაგება წარმოადგენს (მარკოზი 13:10; იოანე 1:1–3; გამოცხადება 14:6, 7).
20. რა კითხვაზე გაგვცემს პასუხს მომდევნო სტატია?
20 ბოლოს კი, დედამიწაზე არიან იეჰოვას მოწმეები, რომლებიც იკრიბებიან სამეფო დარბაზებში, რათა ისწავლონ, თუ როგორ შეასრულონ უზენაესი უფლის ნება. ნამდვილად, ახლა შეგვიძლია დავაფასოთ ის ფაქტი, რომ ჩვენთან უფრო ბევრნი არიან, ვიდრე სატანასთან და ჭეშმარიტების მტრებთან. წამოიჭრება კითხვა, რა კავშირი აქვს ზეციერ ორგანიზაციას სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებასთან? ეს და სხვა საკითხები განხილულ იქნება მომდევნო სტატიაში.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რა უნდა გავიგოთ, რომ დავაფასოთ იეჰოვას ორგანიზაცია?
◻ რა გადახდა თავს ელისეს მსახურს და როგორ გაამხნევა ის წინასწარმეტყველმა?
◻ რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს პირად შესწავლასთან დაკავშირებით?
◻ როგორ აღწერეს დანიელმა, ესაიამ და ეზეკიელმა ზეციერი ორგანიზაცია?
[სურათი 13 გვერდზე]
პირადი შესწავლა კარგად მომზადებულ კერძზე ბევრად უფრო სასარგებლოა.
[სურათი 15 გვერდზე]
ზეციერ ქმნილებათა ლაშქრის დანახვება იყო იეჰოვას პასუხი ელისეს ლოცვაზე.