როგორ განადგურდება ეს ქვეყნიერება
„სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს“ (1 თეს. 5:4).
1. რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებასა და სირთულეებთან გამკლავებაში?
მალე მოხდება მოვლენები, რომლებიც მთლიანად შეძრავს მსოფლიოს. ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება ამტკიცებს ამ ფაქტს, ამიტომ საჭიროა, ვიფხიზლოთ. რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში? მოციქული პავლე მოგვიწოდებს, რომ ვუყუროთ „უხილავს“. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მარადიული სიცოცხლის ჯილდო, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე. როგორც კონტექსტიდან ჩანს, პავლემ ეს სიტყვები თანაქრისტიანებს გასამხნევებლად მისწერა, რათა ეფიქრათ იმ ჯილდოზე, რომელსაც ისინი ღვთისადმი ერთგულების გამო მიიღებდნენ. ეს ასევე დაეხმარებოდა მათ, გამკლავებოდნენ სირთულეებსა და დევნებს (2 კორ. 4:8, 9, 16—18; 5:7).
2. ა) რა უნდა გავაკეთოთ იმედის შესანარჩუნებლად? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?
2 პავლეს შეგონებაში მნიშვნელოვანი პრინციპია მოცემული — იმედი რომ შევინარჩუნოთ, დღეს მიმდინარე მოვლენების მიღმა უფრო მეტი უნდა დავინახოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ მოვლენებზე, რომლებიც ჯერ არ მომხდარა (ებრ. 11:1; 12:1, 2). განვიხილოთ ის ათი მოვლენა, რომლებსაც მომავალში ველოდებით და რომლებიც პირდაპირ კავშირშია მარადიული სიცოცხლის იმედთან.a
რა მოხდება განადგურებამდე?
3. ა) რა უნდა მოხდეს 1 თესალონიკელების 5:2, 3-ის თანახმად? ბ) რას გააკეთებენ პოლიტიკური ლიდერები და ვინ შეუერთდება მათ?
3 ერთ-ერთი მოვლენა, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს, ჩაწერილია პავლეს მიერ თესალონიკელების მიმართ მიწერილ წერილში (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:2, 3). ის ყურადღებას „იეჰოვას დღეზე“ ამახვილებს. „იეჰოვას დღე“ მიუთითებს პერიოდზე, რომელიც ცრუ რელიგიის განადგურებით დაიწყება და კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს. მაგრამ სანამ ეს დღე დაიწყება, მსოფლიო ლიდერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ილაპარაკებენ. შესაძლოა, ეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე მოვლენას ეხებოდეს. ერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ძალიან მალე გადაჭრიან სერიოზულ პრობლემებს. რა შეიძლება ითქვას რელიგიურ წინამძღოლებზე? ისინი ქვეყნიერების ნაწილი არიან, ამიტომ შესაძლოა, შეუერთდნენ პოლიტიკურ მმართველებს (გამოცხ. 17:1, 2). ასეთი მოქმედებით სამღვდელოება დაემსგავსება ძველ იუდაში მცხოვრებ ცრუ წინასწარმეტყველებს. იეჰოვამ მათ შესახებ თქვა: „ამბობენ, მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა“ (იერ. 6:14; 23:16, 17).
4. რა გვესმის სხვებისგან განსხვავებით?
4 იმისდა მიუხედავად, თუ ვინ ალაპარაკდება „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ იეჰოვას დღე დაიწყო. ამიტომ შეეძლო პავლეს ეთქვა: „ძმებო, სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს, რადგან თქვენ სინათლის ძეები . . . ხართ“ (1 თეს. 5:4, 5). სხვებისგან განსხვავებით ჩვენ გვესმის ამ მოვლენების მნიშვნელობა. როგორ შესრულდება წინასწარმეტყველება „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ? ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახავთ. მოდი, მტკიცედ გადავწყვიტოთ, „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6; სოფ. 3:8).
„დედოფალმა“ სწორად ვერ შეაფასა თავისი შესაძლებლობები
5. ა) როგორ დაიწყება „დიდი გასაჭირი“? ბ) ვინ არის „დედოფალი“, რომელიც სწორად ვერ შეაფასებს გადარჩენის შესაძლებლობებს?
5 კიდევ რა მოვლენა გველოდება წინ? პავლემ თქვა: „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება“. ამ „მოულოდნელი განადგურების“ პირველი ფაზა არის „დიდ ბაბილონზე“, „მეძავს“ შედარებულ მსოფლიო რელიგიურ მპყრობელზე, თავდასხმა (გამოცხ. 17:5, 6, 15). „დიდი გასაჭირი“ დაიწყება ყველა რელიგიაზე, მათ შორის ქრისტიანულ სამყაროზე თავდასხმით (მათ. 24:21; 2 თეს. 2:8). ბევრისთვის ეს მოვლენა მოულოდნელი იქნება. რატომ? იმიტომ რომ, ამ მომენტამდე ეს მეძავი თავს „დედოფლად“ მიიჩნევს და იფიქრებს: „გლოვას არასდროს ვიხილავო“. მაგრამ ის მალევე მიხვდება, რომ სწორად ვერ შეაფასა გადარჩენის შესაძლებლობები. მას ძალიან სწრაფად, თითქოსდა „ერთ დღეში“ მოეღება ბოლო (გამოცხ. 18:7, 8).
6. ვინ გაანადგურებს ცრუ რელიგიას?
6 ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მეძავს“ „ათრქიანი მხეცი“ გაანადგურებს. წიგნ „გამოცხადების“ შესწავლით ვიგებთ, რომ მხეცით წარმოდგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო). „ათი რქა“ განასახიერებს დღევანდელ პოლიტიკურ მმართველობებს, რომლებიც მხარს უჭერენ „ალისფერ მხეცს“b (გამოცხ. 17:3, 5, 11, 12). რამდენად გამანადგურებელი იქნება ეს თავდასხმა? მეძავს გაერო წაართმევს სიმდიდრეს, გამოაშკარავებს მის ნამდვილ სახეს, შთანთქავს მას და „ცეცხლში დაწვავს“. ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება (წაიკითხეთ გამოცხადების 17:16).
7. რა აღძრავს „მხეცს“, თავს დაესხას „დიდ ბაბილონს“?
7 ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან აგრეთვე ვიგებთ, თუ რა აღძრავს „მხეცს“, თავს დაესხას „დიდ ბაბილონს“. იეჰოვა პოლიტიკურ მმართველებს „გულებში ჩაუდებს“, რომ მათ „განახორციელონ მისი აზრი“ ანუ გაანადგურონ მეძავი (გამოცხ. 17:17). რელიგია ხელს უწყობს ომებს და ყოფს მსოფლიოს, ამიტომ ერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მეძავის განადგურება მათ ეროვნულ ინტერესებში შედის. როცა მმართველები მეძავს თავს დაესხმიან, ეგონებათ, რომ ისინი საკუთარ „აზრს ახორციელებენ“. სინამდვილეში, ღმერთი გამოიყენებს მათ ცრუ რელიგიების გასანადგურებლად. მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდება — სატანის ერთი ნაწილი გაილაშქრებს მის მეორე ნაწილზე, ხოლო სატანა უძლური აღმოჩნდება, რომ შეაჩეროს ეს (მათ. 12:25, 26).
ღვთის ხალხზე თავდასხმა
8. როგორ განახორციელებს თავდასხმას გოგი „მაგოგის მიწიდან“?
8 ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ ღვთის მსახურები კვლავ „უსაფრთხოდ“ და „უგალავნოდ“ იცხოვრებენ (ეზეკ. 38:11, 14). რა დაემართება ამ, ერთი შეხედვით, დაუცველ ხალხს, რომლებიც განაგრძობენ იეჰოვას თაყვანისცემას? მათზე იერიშს „მრავალი ხალხი“ მიიტანს. ღვთის სიტყვაში ეს თავდასხმა მოხსენიებულია, როგორც გოგის თავდასხმა „მაგოგის მიწიდან“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:2, 15, 16). როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს ამ თავდასხმაზე?
9. ა) რა უნდა იყოს ქრისტიანის უმთავრესი საფიქრალი? ბ) რა უნდა გავაკეთოთ რწმენის განსამტკიცებლად?
9 წინასწარ იმის ცოდნამ, რომ ღვთის ხალხს თავს დაესხმიან, ძალიან არ უნდა შეგვაწუხოს. ჩვენი უმთავრესი საფიქრალი საკუთარი თავის გადარჩენა კი არა, იეჰოვას სახელის განწმენდა და მისი უზენაესობის გამართლება უნდა იყოს. იეჰოვა წიგნ „ეზეკიელში“ დაახლოებით 60-ჯერ ამბობს: „გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 6:7). ველით იმ დროს, როცა ეზეკიელის წინასწარმეტყველების ეს მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდება და დარწმუნებული ვართ, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტ. 2:9). მანამდე კი გვინდა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა რწმენის განსამტკიცებლად, ვინაიდან ასეთი რწმენა დაგვეხმარება, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვილოცოთ, ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, ვიფიქროთ მასზე და სამეფოს შესახებ ცნობა გავუზიაროთ სხვებს. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი იმედი, რომ მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ, „ღუზასავით“ იქნება (ებრ. 6:19; ფსალმ. 25:21).
ერები გაიგებენ იეჰოვას შესახებ
10, 11. რა იქნება არმაგედონის დაწყების ნიშანი და რა მოხდება ამ დროს?
10 რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოჰყვება იეჰოვას მსახურებზე თავდასხმას? იეჰოვა იესოსა და ზეციერი ლაშქრის მეშვეობით იმოქმედებს თავისი ხალხის სასარგებლოდ (გამოცხ. 19:11—16). ეს მოხდება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ ანუ არმაგედონის დროს (გამოცხ. 16:14, 16).
11 ამ ომის შესახებ იეჰოვამ ეზეკიელის პირით გააცხადა: „მახვილს მოვუხმობ მის [გოგის] წინააღმდეგ მთელ ჩემს მთიან მხარეში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ყველა თავისი ძმის წინააღმდეგ მიმართავს მახვილს“. სატანის თავზარდაცემული მხარდამჭერები გაოგნებულები იქნებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ საომარ იარაღს — მებრძოლი მებრძოლის წინააღმდეგ აღმართავს ხელს. ამ ომს ვერც სატანა დააღწევს თავს. იეჰოვა გოგის შესახებ ასეთ რამეს ამბობს: „ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მას, მის რაზმებსა და მასთან მყოფ მრავალ ხალხს“ (ეზეკ. 38:21, 22). რა მოჰყვება ამ ყოველივეს შედეგად?
12. რას მიხვდებიან ერები?
12 ერები მიხვდებიან, რომ მათი დამარცხება იეჰოვას ბრძანებით მოხდა. ეგვიპტელების მსგავსად, რომლებიც ისრაელებს დაედევნენ და წითელ ზღვაში აღმოჩნდნენ, სატანის მხარდამჭერებსაც აღმოხდებათ: „იეჰოვა იბრძვის მათთვის!“ (გამ. 14:25). ერებს მოუწევთ იეჰოვას აღიარება (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:23). რამდენად ახლოს ვართ ამ მოვლენებთან?
არ უნდა ველოდოთ სხვა მსოფლიო იმპერიას
13. რა ვიცით დანიელის მიერ აღწერილი ქანდაკების მეხუთე ნაწილის შესახებ?
13 დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან ვიგებთ, თუ დროის რა პერიოდში ვიმყოფებით. დანიელის მიერ ხილვაში ნანახი ადამიანის ქანდაკება სხვადასხვა ლითონისგან შედგებოდა (დან. 2:28, 31—33). ამ ქანდაკებით წარმოდგენილია ის მსოფლიო იმპერიები, რომლებმაც ღვთის ხალხზე იქონიეს გავლენა როგორც წარსულში, ისე ჩვენს დღეებში. ეს იმპერიებია: ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი, რომი და დღეს არსებული კიდევ ერთი მსოფლიო იმპერია. დანიელის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიო იმპერია წარმოდგენილია ქანდაკების ტერფებითა და თითებით. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ალიანსი შექმნეს. დანიელის ქანდაკების მეხუთე ნაწილი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაა. ტერფები, რომლებიც ქანდაკების ბოლო ნაწილს შეადგენს, მიუთითებს იმაზე, რომ სხვა მსოფლიო იმპერიას არ უნდა ველოდოთ. რკინისა და თიხისგან შემდგარი ტერფები და თითები მიუთითებს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის დასუსტებულ მდგომარეობაზე.
14. რომელი მსოფლიო იმპერია იქნება გაბატონებული არმაგედონის დაწყებამდე?
14 იმავე წინასწარმეტყველების თანახმად, დიდი ქვით წარმოდგენილი ღვთის სამეფო 1914 წელს მოსწყდა მთას, რომელიც იეჰოვას უზენაესობას განასახიერებს. ახლა ეს ქვა მიემართება თავისი მიზნისკენ — ქანდაკების ტერფებისკენ. არმაგედონის დროს ტერფები და ქანდაკების დარჩენილი სხვა ნაწილები განადგურდება (წაიკითხეთ დანიელის 2:44, 45). ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება გაბატონებული, როცა არმაგედონი დაიწყება. რა საოცარი იქნება ამ წინასწარმეტყველების სრულად შესრულების ნახვა.c რას უპირებს იეჰოვა სატანას?
როგორ განადგურდება ღვთის მთავარი მოწინააღმდეგე
15. არმაგედონის შემდეგ რა დაემართებათ სატანასა და მის დემონებს?
15 უპირველესად, სატანა გახდება მთელი თავისი მიწიერი ორგანიზაციის განადგურების მოწმე. შემდეგ იეჰოვა სატანასაც მიხედავს. მოციქული იოანე გვამცნობს, თუ რა მოხდება შემდეგ (წაიკითხეთ გამოცხადების 20:1—3). იესო ქრისტე, ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები აქვს, შებოჭავს სატანასა და მის დემონებს, ჩააგდებს უფსკრულში და დაამწყვდევს ათასი წლით (ლუკ. 8:30, 31; 1 იოან. 3:8). ეს იქნება გველის თავის გაჭეჭყვის დასაწყისიd (დაბ. 3:15).
16. რას ნიშნავს სატანისთვის „უფსკრულში“ ყოფნა?
16 რა არის „უფსკრული“, რომელშიც სატანა და მისი დემონები იქნებიან ჩაყრილი? იოანეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა „აბისსოს“ ნიშნავს „ძალიან ან უკიდურესად ღრმას“. ის ასევე ითარგმნება, როგორც „უკიდეგანო, მეტისმეტად ვრცელი“ და „უსაზღვრო სიცარიელე“. ეს არის ადგილი, სადაც ვერავინ ვერ მიაღწევს გარდა იეჰოვასი და მის მიერ დანიშნული ანგელოზისა, რომელსაც „უფსკრულის გასაღები აქვს“. აქ სატანა იქნება მკვდარივით უმოქმედო მდგომარეობაში, „რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები“. მართლაც, იეჰოვა დაადუმებს „მბრდღვინავ ლომს“ (1 პეტ. 5:8).
მოვლენები, რომლებიც წინ უძღვის ნამდვილ მშვიდობას
17, 18. ა) რა მოვლენები განვიხილეთ, რომლებიც ჯერ არ მომხდარა? ბ) რა სასიამოვნო დრო გველის ამ მოვლენების შემდეგ?
17 წინ გველის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მთელ მსოფლიოს შეძრავს. ველით დროს, როცა ილაპარაკებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. შემდეგ საკუთარი თვალით ვიხილავთ დიდი ბაბილონის განადგურებას, გოგის „მაგოგის მიწიდან“ გალაშქრებას, არმაგედონის ომსა და სატანისა და მისი დემონების უფსკრულში ჩაგდებას. მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაივლის და ყველანაირი ბოროტება მოისპობა, ჩვენ წინ ცხოვრების ახალი ფურცელი გადაიშლება — ქრისტეს ათასწლიანი მეფობა, რომლის დროსაც გავიხარებთ „დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:10, 11).
18 ჩვენ მიერ განხილული ხუთი მოვლენის გარდა, წინ სხვა მოვლენებიც გველის, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ამ მოვლენების შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
a ეს ათი მოვლენა ამ და მომდევნო სტატიაში განიხილება.
b იხილეთ „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 251—258.
c დანიელის 2:44-ში ჩაწერილი სიტყვები „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“, მიუთითებს სამეფოებზე ანუ მსოფლიო იმპერიებზე, რომლებიც წარმოდგენილია ქანდაკების ნაწილებით. სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ გაილაშქრებენ იეჰოვას წინააღმდეგ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14; 19:19—21). ამიტომ არმაგედონში არა მარტო ქანდაკებით წარმოდგენილი სამეფოები განადგურდება, არამედ ამ ქვეყნიერების ყველა სხვა სამეფოც.
d გველის თავის საბოლოო გაჭეჭყვა ათასი წლის ბოლოს მოხდება, როცა სატანა და მისი დემონები ჩაყრილი იქნებიან „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ (გამოცხ. 20:7—10; მათ. 25:41).