თავი მეთხუთმეტე
მეფეთა ორთაბრძოლა მეოცე საუკუნეში
1. ერთი ისტორიკოსის სიტყვების თანახმად, რომელი სახელმწიფოები იყო მოწინავე მე-19 საუკუნის ევროპაში?
„მეცხრამეტე საუკუნის ევროპა მანამდე არნახული დინამიზმით გამოირჩეოდა, — წერს ისტორიკოსი ნორმან დეივისი. — ევროპა, ისე როგორც არასდროს, შეძრული იყო ტექნიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ საკონტინენტთაშორისო ძალით“. «ევროპის ტრიუმფალური „ძალის საუკუნის“ მოწინავე სახელმწიფო, — ამბობს დეივისი, — ჯერ დიდი ბრიტანეთი იყო . . . ხოლო შემდგომ ათწლეულებში გერმანია».
„მზაკვრობა“
2. რომელი სახელმწიფოები ასრულებდნენ „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ როლებს მე-19 საუკუნის ბოლოს?
2 მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გერმანიის იმპერია „ჩრდილოეთის მეფის“, ხოლო ბრიტანეთი „სამხრეთის მეფის“ როლს ასრულებდა (დანიელი 11:14, 15). «ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა. — სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე [„მაგიდასთან“, აქ], მაგრამ წარმატება არ ექნებათ, რადგან ბოლო დათქმულ ვადამდე არ დადგება» (დანიელი 11:27).
3, 4. ა) ვინ გახდა გერმანიის რაიხის პირველი იმპერატორი და რა კავშირი ჩამოყალიბდა ამ დროს? ბ) რა პოლიტიკას ატარებდა კაიზერი ვილჰელმი?
3 გერმანიის რაიხის ანუ იმპერიის პირველი იმპერატორი 1871 წლის 18 იანვარს ვილჰელმ I გახდა. კანცლერად მან ოტო ფონ ბისმარკი დანიშნა. ბისმარკი ახალი იმპერიის გაძლიერებას ცდილობდა და ერიდებოდა სხვა ქვეყნებთან კონფლიქტებს, რის გამოც ავსტრია-უნგრეთთან და იტალიასთან დადო ხელშეკრულება, რომელიც სამთა კავშირის სახელით არის ცნობილი. მაგრამ მალე ამ ახალი ჩრდილოეთის მეფის ინტერესებს წინ გადაეღობა სამხრეთის მეფის ინტერესები.
4 ვილჰელმ I-ისა და მისი მემკვიდრის, ფრიდრიხ III-ის, სიკვდილის შემდეგ, 1888 წელს, გერმანიის იმპერატორი 29 წლის ვილჰელმ II გახდა. ვილჰელმ II-მ ანუ კაიზერმა ვილჰელმმა აიძულა ბისმარკი გადამდგარიყო და მთელ მსოფლიოში იმპერიალისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ერთი ისტორიკოსის სიტყვების თანახმად, „ვილჰელმ II-ის დროს [გერმანია] დაუნდობელი და აგრესიული იყო“.
5. როგორ ისხდნენ მეფეები „ერთ მაგიდასთან“ და რას ლაპარაკობდნენ?
5 როცა 1898 წლის 24 აგვისტოს რუსეთის მეფე ნიკოლოზ II-მ ჰააგის (ნიდერლანდი) სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის შესახებ წინადადება წამოაყენა, მდგომარეობა მთელ მსოფლიოში დაძაბული იყო. ამ და შემდგომ 1907 წლის კონფერენციას ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი საერთაშორისო პალატის ჩამოყალიბება მოჰყვა. გერმანიის იმპერია და დიდი ბრიტანეთი ამ პალატაში შესვლით თავს მშვიდობის მომხრეებად აჩვენებდნენ მსოფლიოს. ისინი მეგობრებივით „ერთ მაგიდასთან“ ისხდნენ, მაგრამ ‘გულებში მზაკვრობა ჰქონდათ’. დიპლომატიური ტაქტიკა — ‘მაგიდასთან სიცრუის ლაპარაკი’ — ვერ მოიტანდა ნამდვილ მშვიდობას. რაც შეეხება მათს პოლიტიკურ, კომერციულ და სამხედრო მიზნებს, ‘არ ექნებოდათ წარმატება’, რადგან ორი მეფის ბოლო იეჰოვას მიერ ‘დათქმულ დროს დადგებოდა’.
„წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა“
6, 7. ა) რა გაგებით დაბრუნდა ჩრდილოეთის მეფე „თავის ქვეყანაში“? ბ) როგორ რეაგირებდა სამხრეთის მეფე ჩრდილოეთის მეფის პოლიტიკაზე?
6 ღვთის ანგელოზმა წინასწარმეტყველება განაგრძო: „დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება“ (დანიელი 11:28).
7 კაიზერი ვილჰელმი დაბრუნდა თავის „ქვეყანაში“ ანუ დაუბრუნდა ძველი ჩრდილოეთის მეფის მდგომარეობას. როგორ? მან შექმნა იმპერიალისტური მმართველობა, რომლის მიზანიც იყო გერმანული რაიხისა და მისი ზეგავლენის გაფართოება. ვილჰელმ II-ს კოლონიური მიზნები ჰქონდა აფრიკასა და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. ის ისწრაფოდა, ბოლო მოეღო ზღვაზე ბრიტანეთის ბატონობისთვის და აძლიერებდა სამხედრო-საზღვაო ძალას. „გერმანიის ერთ დროს უმნიშვნელო ფლოტმა ათ წელიწადზე ოდნავ მეტ ხანში ბრიტანეთის ფლოტის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა“, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“. პირველობის შესანარჩუნებლად ბრიტანეთს ფლოტის გაფართოებაზე ზრუნვა მოუწია. გარდა ამისა, ბრიტანეთმა ხელშეკრულება დადო საფრანგეთთან და რუსეთთან, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ანტანტა (გულითადი თანხმობა), ანუ „სამთა თანხმობა“. ევროპა მოწინააღმდეგეთა ორ ბანაკად გაიყო. ერთ მხარეს „სამთა კავშირი“, მეორე მხარეს კი „ანტანტა“ იდგა.
8. როგორ იხვეჭდა გერმანიის იმპერია „დიდძალ დოვლათს“?
8 გერმანიის იმპერია აგრესიული პოლიტიკის გატარებას განაგრძობდა და „დიდძალ დოვლათს“ იხვეჭდა, რადგანაც ის „სამთა კავშირის“ ძირითადი ძალა იყო. ავსტრია-უნგრეთი და იტალია კათოლიკური სახელმწიფოები იყვნენ, რის გამოც „სამთა კავშირს“ მხარს უჭერდა რომის პაპი, მაშინ როდესაც „ანტანტა“ თავისი, ძირითადად, არაკათოლიკე წევრებით მოკლებული იყო ამას.
9. რა გაგებით ჰქონდა ჩრდილოეთის მეფეს გულში „წმინდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა“?
9 რა შეიძლება ითქვას იეჰოვას ხალხზე? ისინი უკვე დიდი ხნის მანძილზე აცხადებდნენ, რომ „წარმართთა ჟამი“ 1914 წელს დასრულდებოდაa (ლუკა 21:24). ამ წელს ზეცაში მმართველობა დაიწყო ღვთის სამეფომ, რომელსაც სათავეში მეფე დავითის მემკვიდრე, იესო ქრისტე, ჩაუდგა (მეორე მეფეთა 7:12—16; ლუკა 22:28, 29). ჯერ კიდევ 1880 წლის მარტის „საგუშაგო კოშკში“ იყო ნათქვამი, რომ „წარმართთა ჟამის“ დასასრულს ღვთის სამეფო დაიწყებდა მმართველობას, მაგრამ გერმანიის იმპერატორს, ჩრდილოეთის მეფეს, გულში ამ ‘სამეფოს წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო’ ზრახვა ჰქონდა. კაიზერი ვილჰელმი არად აგდებდა ღვთის სამეფოს მმართველობას და ‘ასრულებდა’ მსოფლიო ბატონობასთან დაკავშირებულ თავის ზრახვას. ამას კი პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა.
მეფე ‘ფრთხება’ ომში
10, 11. როგორ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და რა გაგებით მოხდა ეს „დათქმულ დროს“?
10 „დათქმულ დროს [ჩრდილოეთის მეფე] კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე, — იწინასწარმეტყველა ანგელოზმა, — მაგრამ ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება“ (დანიელი 11:29). ღვთის მიერ წარმართთა ბატონობის დასასრულისთვის „დათქმული დრო“ დადგა 1914 წელს, როდესაც მისი ნებით ზეციერმა სამეფომ დაიწყო მმართველობა. ამავე წლის 28 ივნისს სერბიელმა ტერორისტმა სარაევოში (ბოსნია) ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე მოკლა. სწორედ ეს მკვლელობა იქცა ნაპერწკლად, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლი გააჩაღა.
11 კაიზერი ვილჰელმი ავსტრია-უნგრეთს ურჩევდა, საპასუხო ზომები მიეღო სერბიის წინააღმდეგ. გერმანიის მხარდაჭერაში დარწმუნებულმა ავსტრია-უნგრეთის მთავრობამ 1914 წლის 28 ივლისს ომი გამოუცხადა სერბიას. რუსეთმა სერბიის მხარე დაიჭირა. როდესაც გერმანიამ რუსეთს ომის გამოცხადების ნოტა გადასცა, საფრანგეთი (ანტანტის წევრი და მისი მოკავშირე) რუსეთს მიემხრო. გერმანიამ საფრანგეთსაც გამოუცხადა ომი და პარიზის ადვილად დასამორჩილებლად დაიკავა ბელგიის ტერიტორია, რომლის ნეიტრალიტეტსაც ბრიტანეთი იცავდა. ამის გამო ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას. ომში სხვა ქვეყნებიც ჩაებნენ, ხოლო იტალია „სამთა კავშირიდან“ გამოვიდა და „ანტანტას“ მიემხრო. ომის პერიოდში ბრიტანეთმა ეგვიპტე თავის პროტექტორატად გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთის მეფეს არ გადაეკეტა სუეცის არხი და არ დაეპყრო ეს ქვეყანა, რომელიც ერთ დროს სამხრეთის მეფეს ეკუთვნოდა.
12. რა მხრივ არ იყო პირველი მსოფლიო ომის დროს მდგომარეობა ‘პირვანდელის მსგავსი’?
12 «მოკავშირეთა მრავალრიცხოვნობისა და სიძლიერის მიუხედავად, — ნათქვამია „მსოფლიო ენციკლოპედიაში“, — იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გერმანია მალე გაიმარჯვებდა». მეფეთა ორთაბრძოლის წინა ეტაპებზე ჩრდილოეთის მეფე — რომის იმპერია — ყოველთვის იმარჯვებდა. მაგრამ ახლა მდგომარეობა ‘პირვანდელის მსგავსი არ იყო’. ჩრდილოეთის მეფემ ომი წააგო. ანგელოზმა ამის მიზეზიც იწინასწარმეტყველა: „ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი“ (დანიელი 11:30ა). რას გულისხმობდა ის „ქითიმის ხომალდებში“?
13, 14. ა) რა იგულისხმებოდა, ძირითადად, ჩრდილოეთის მეფის წინააღმდეგ წამოსულ „ქითიმის ხომალდებში“? ბ) როგორ გამოჩნდა უფრო მეტი ქითიმის ხომალდი მოგვიანებით?
13 დანიელის ცხოვრების დროს ქითიმი კვიპროსს ეწოდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან მცირე ხანში კვიპროსი ბრიტანეთმა დაიკავა. „ზონდერვანის ილუსტრირებულ ბიბლიურ ენციკლოპედიაში“ (The Zondervan Pictorial Encyclopedia of the Bible) ნათქვამია, რომ სახელწოდება ქითიმი „ვრცელდება მთელ დ[ასავლეთზე], განს[აკუთრებით] კი საზღვაოსნო დ[ასავლეთ]ზე“. „ახალ საერთაშორისო თარგმანში“ (New International Version) „ქითიმის ხომალდები“ „დასავლეთის ზღვისპირა ქვეყნების გემებად“ არის ნათარგმნი. პირველი მსოფლიო ომის დროს „ქითიმის ხომალდები“, ძირითადად, ევროპის დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ქვეყნის — ბრიტანეთის — გემები აღმოჩნდა.
14 მოგვიანებით ბრიტანეთის ფლოტს ქითიმის სხვა გემებიც დაეხმარა. 1915 წლის 7 მაისს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა „U-20“-მა ირლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან სამგზავრო ლაინერი „ლუზიტანია“ ჩაძირა. დაღუპულთა შორის 128 ამერიკელი იყო. გერმანიამ წყალქვეშა ომები ატლანტის ოკეანეშიც წამოიწყო. ამიტომაც 1917 წლის 6 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა ომი გამოუცხადა გერმანიას. აშშ-ის საბრძოლო გემებითა და ჯარებით გაძლიერებულ სამხრეთის მეფეს — ამჟამად უკვე ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელს — გაცხარებული ბრძოლა ჰქონდა მოწინააღმდეგე მეფესთან.
15. როდის ‘დაფრთხა’ ჩრდილოეთის მეფე?
15 ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის — სამხრეთის მეფის — თავდასხმის გამო, ჩრდილოეთის მეფე ‘დაფრთხა’ და 1918 წლის ნოემბერში დამარცხება აღიარა. ვილჰელმ II ნიდერლანდის სამეფოში გაიქცა, ხოლო გერმანია რესპუბლიკად გამოცხადდა. მაგრამ ჩრდილოეთის მეფე ჯერ კიდევ არსებობდა.
მეფე „წარმატებით“ მოქმედებს
16. წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ მოიქცეოდა ჩრდილოეთის მეფე დამარცხების შემდეგ?
16 «გაბრუნდება [ჩრდილოეთის მეფე] და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება [„წარმატებით ამოქმედდება“, აქ]. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ» (დანიელი 11:30ბ). ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ანგელოზმა იწინასწარმეტყველა.
17. რა უძღოდა წინ ადოლფ ჰიტლერის აღზევებას?
17 როდესაც 1918 წელს პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, ანტანტის წევრმა გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა გერმანიას დასჯის მიზნით ხელი მოაწერინეს საზავო ხელშეკრულებაზე. გერმანელი ხალხის აზრით, ხელშეკრულების პირობები მკაცრი იყო. რესპუბლიკაც შექმნის დღიდანვე არ იყო მყარი. გერმანიაში მძიმე ეკონომიკური პირობები წლობით გაგრძელდა, რამაც ექვსი მილიონი ადამიანის უმუშევრობა გამოიწვია. 30-იანი წლებისთვის მდგომარეობა მომწიფებული იყო ადოლფ ჰიტლერის აღსაზევებლად. 1933 წლის იანვარში ის რაიხსკანცლერი გახდა, ხოლო მომდევნო წელს ნაცისტური მესამე რაიხის პრეზიდენტად მოევლინა მსოფლიოსb.
18. რა მხრივ ‘მოქმედებდა წარმატებით’ ჰიტლერი?
18 ჰიტლერი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავს დაესხა „წმიდა აღთქმას“, რომელსაც იესო ქრისტეს ცხებული ძმები წარმოადგენდნენ (მათე 25:40). ამ მხრივ ის „წარმატებით“ მოქმედებდა და სასტიკად დევნიდა ერთგულ ქრისტიანებს. ჰიტლერი კარგ შედეგებს აღწევდა ეკონომიკასა და დიპლომატიურ მოღვაწეობაში და ამ მხრივაც მოქმედებდა „წარმატებით“. მან გერმანია რამდენიმე წელში მსოფლიოს გავლენიან სახელმწიფოდ აქცია.
19. ვისი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა ჰიტლერი?
19 ჰიტლერმა „ყურადღება მიაპყრო წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ“. ვინ იყვნენ ისინი? როგორც ჩანს, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კავშირში იყვნენ ღმერთთან, მაგრამ, სინამდვილეში, მიტოვებული ჰქონდათ იესო ქრისტეს მოწაფეობა. მხარდაჭერისთვის ჰიტლერი „აღთქმის ამ მიმტოვებელთ“ მიმართავდა. მაგალითად, მან კონკორდატი დადო რომის პაპთან. 1935 წელს ჰიტლერმა რელიგიურ საქმეთა სამინისტროც ჩამოაყალიბა. მისი მიზანი იყო ევანგელიკური ეკლესიების სახელმწიფოსთვის დაქვემდებარება.
მეფის „ლაშქარი“
20. რა „ლაშქარს“ იყენებდა ჩრდილოეთის მეფე და ვის წინააღმდეგ?
20 ჰიტლერმა მალე ომი წამოიწყო, რითაც ანგელოზის შემდგომი წინასწარმეტყველება შესრულდა: „წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვეტენ მუდმივ შესაწირავს“ (დანიელი 11:31ა). „ლაშქარი“ ის სამხედრო ძალები იყო, რომლებსაც ჩრდილოეთის მეფე მეორე მსოფლიო ომის დროს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა. 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური „ლაშქარი“ თავს დაესხა პოლონეთს. ორ დღეში ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პოლონეთის დასახმარებლად ომი გამოუცხადა გერმანიას. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. გერმანიამ პოლონეთი მალევე დაიმორჩილა, რის შემდეგაც დანიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და საფრანგეთში შეიჭრა. «1941 წლის ბოლოსთვის, — ნათქვამია „მსოფლიო ენციკლოპედიაში“, — ევროპაში გერმანია ბატონობდა».
21. როგორ წაუვიდა საქმე ცუდად ჩრდილოეთის მეფეს მეორე მსოფლიო ომში და რა მოჰყვა ამას?
21 გერმანიასა და საბჭოთა კავშირს „მეგობრობის, თანამშრომლობისა და საზღვრების დადგენის შესახებ შეთანხმება“ ჰქონდათ დადებული, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ამგვარად, საბჭოთა კავშირი ბრიტანეთის მხარეს აღმოჩნდა. საბჭოთა არმიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია გერმანიის ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ მტრის შემოტევა თავიდან წარმატებული იყო. ბოლოს, 1941 წლის 6 დეკემბერს, მოსკოვში გერმანელთა ჯარი დამარცხდა. მეორე დღეს გერმანიის მოკავშირე იაპონიამ პერლ-ჰარბორი (ჰავაი) დაბომბა. როდესაც ჰიტლერს ამის შესახებ შეუტყვია, უთქვამს: „ახლა კი ყოვლად გამორიცხულია, რომ ომი წავაგოთ“. 11 დეკემბერს მან ნაჩქარევად გამოუცხადა ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჰიტლერმა სათანადოდ ვერ შეაფასა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ძალა. როდესაც გერმანიის ჯარებს რუსეთის არმიამ აღმოსავლეთიდან შეუტია, ხოლო ბრიტანეთმა და ამერიკამ — დასავლეთიდან, მას საქმე ცუდად წაუვიდა. გერმანიის ჯარებმა პოზიციების დათმობა დაიწყეს. ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ, 1945 წლის 7 მაისს, გერმანია მოკავშირეებს ჩაბარდა.
22. როგორ ‘შელახა საწმიდარი და შეწყვიტა მუდმივი მსხვერპლი’ ჩრდილოეთის მეფემ?
22 „შელახავენ [ნაცისტური ჯარები] საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვეტენ მუდმივ შესაწირავს“, — თქვა ანგელოზმა. ძველ იუდაში საწმიდარი იერუსალიმის ტაძრის ნაწილი იყო, მაგრამ როდესაც იუდეველებმა უარყვეს იესო, იეჰოვამ როგორც ისინი, ისე მათი ტაძარი უარყო (მათე 23:37—24:2). ახ. წ. I საუკუნიდან იეჰოვას მხოლოდ სულიერი ტაძარი აქვს, თავისი ზეციერი წმიდათა წმიდითა და მიწიერი შიდა ეზოთი, სადაც იესოს, მღვდელმთავრის, ცხებული ძმები მსახურობენ. 30-იანი წლებიდან სულითცხებულ ქრისტიანებს იეჰოვასადმი მსახურებაში „უამრავი ხალხიც“ შეუერთდა, ამიტომაც მათ შესახებაც ითქმის, რომ „ღვთის ტაძარში“ მსახურობენ (გამოცხადება 7:9, 15; 11:1, 2; ებრაელთა 9:11, 12, 24). თავის მორჩილებაში მყოფ ქვეყნებში ჩრდილოეთის მეფემ შელახა ტაძრის მიწიერი შიდა ეზო ცხებული ქრისტიანებისა და მათი თანამსახურების ულმობლად დევნით. დევნა იმდენად სასტიკი იყო, რომ შეწყდა „მუდმივი შესაწირავი“ — იეჰოვას სახელის ქების მსხვერპლის სახალხოდ შეწირვა (ებრაელთა 13:15). მაგრამ საშინელი ტანჯვის მიუხედავად, ღვთის ერთგული ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვრები“ მეორე მსოფლიო ომის დროსაც განაგრძობდნენ ქადაგებას (იოანე 10:16).
„სიბილწე“ დამყარებულია
23. რა იყო „სიბილწე“ პირველ საუკუნეში?
23 მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის სხვა მოვლენაც აღინიშნა — ‘დამყარდა გატიალების სიბილწე’, რომლის შესახებაც ღვთის ანგელოზი წინასწარმეტყველებდა (დანიელი 11:31ბ). იესომაც მოიხსენია ეს „სიბილწე“. პირველ საუკუნეში „სიბილწე“ ებრაელთა აჯანყების ჩასახშობად 66 წელს იერუსალიმს მიმდგარი რომაელთა ჯარი აღმოჩნდაc (მათე 24:15; დანიელი 9:27).
24, 25. ა) რა „სიბილწე“ დამყარდა ჩვენს საუკუნეში? ბ) როდის და როგორ დამყარდა „სიბილწე“?
24 რა ‘სიბილწე დამყარდა’ ჩვენს საუკუნეში? როგორც ჩანს, ეს ის „სიბილწეა“, რომელიც „ღვთის სამეფოს“ ადგილის დაკავებას ცდილობს. ეს იყო ერთა ლიგა, შავწითელი მხეცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას უფსკრულში ჩავარდა ანუ გაუქმდა როგორც მსოფლიო სამშვიდობო ორგანიზაცია (გამოცხადება 17:8). მაგრამ ‘მხეცი უფსკრულიდან უნდა ამოსულიყო’. ეს მოხდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელშიც 50 ქვეყანა, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირი, შევიდა. ამგვარად, დამყარდა ანგელოზის მიერ ნაწინასწარმეტყველები „სიბილწე“, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
25 ორივე მსოფლიო ომის დროს გერმანია სამხრეთის მეფის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა და ჩრდილოეთის მეფის როლს ასრულებდა. ვინ მოევლინებოდა მსოფლიოს ჩრდილოეთის შემდგომ მეფედ?
[სქოლიოები]
a იხილეთ ამ წიგნის მეექვსე თავი.
b პირველი რაიხი „საღვთო რომის იმპერია“ იყო, ხოლო მეორე — გერმანიის იმპერია.
c იხილეთ ამ წიგნის მეთერთმეტე თავი.
როგორ უპასუხებდით?
• რომელი სახელმწიფოები ასრულებდნენ „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ როლებს XIX საუკუნის ბოლოს?
• რა გაგებით არ იყო პირველი მსოფლიო ომის დროს მეფეთა ორთაბრძოლის შედეგები ჩრდილოეთის მეფისთვის ‘პირვანდელის მსგავსი’?
• როგორ აქცია ჰიტლერმა გერმანია მსოფლიოს გავლენიან სახელმწიფოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ?
• რა შედეგით დასრულდა ჩრდილოეთის მეფისა და სამხრეთის მეფის ორთაბრძოლა მეორე მსოფლიო ომის დროს?
[ცხრილი/სურათები 268 გვერდზე]
დანიელის 11:27–31-ში მოხსენიებული მეფეები
ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფე
დანიელი 11:27–30ა გერმანიის იმპერია ბრიტანეთი და შემდეგ
(პირველი მსოფლიო ომი) ინგლის-ამერიკის
მსოფლიო მპყრობელი
დანიელი 11:30ბ, 31 ჰიტლერული მესამე რაიხი ინგლის-ამერიკის
(მეორე მსოფლიო ომი) მსოფლიო მპყრობელი
[სურათი]
პრეზიდენტი ვუდრო უილსონი და მეფე ჯორჯ V.
[სურათი]
ბევრი ქრისტიანი საკონცენტრაციო ბანაკებში იტანჯებოდა.
[სურათი]
ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მხარს უჭერდა ჰიტლერს.
[სურათი]
ავტომობილი, რომელშიც ერცჰერცოგი ფერდინანდი მოკლეს.
[სურათი]
გერმანელი ჯარისკაცები, პირველი მსოფლიო ომი.
[სურათი 257 გვერდზე]
1945 წელს იალტაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე იოსებ სტალინი შეთანხმდნენ, დაეკავებინათ გერმანიის ტერიტორია, პოლონეთში მთავრობა შეეცვალათ და მოეწვიათ კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაქმნელად.
[სურათები 258 გვერდზე]
1. ერცჰერცოგი ფერდინანდი 2. გერმანიის ფლოტი 3. ბრიტანეთის ფლოტი 4. „ლუზიტანია“ 5. აშშ-ის დეკლარაცია ომის დაწყების შესახებ.
[სურათები 263 გვერდზე]
ადოლფ ჰიტლერი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, როდესაც მისმა ომისდროინდელმა მოკავშირე იაპონიამ პერლ-ჰარბორი დაბომბა.