თავი მეჩვიდმეტე
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
1. დანიელის მე-7 თავის თანახმად, რა მოვლენები უნდა მომხდარიყო ჩვენს საუკუნეში პატარა უსუსურ ჯგუფთან დაკავშირებით?
ძლიერი მსოფლიო მპყრობელი მთელი მძვინვარებით თავს ესხმის პატარა უსუსურ ჯგუფს, თუმცა ვერაფერს აკლებს. ისინი ფეხზე დადგომასაც ახერხებენ, მაგრამ არა საკუთარი ძალით, არამედ იეჰოვა ღმერთის წყალობით. დანიელის მე-7 თავში ნაწინასწარმეტყველები ეს მოვლენები XX საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. საინტერესოა, ვისზე შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? დანიელის ამავე თავში ისინი მოხსენიებული არიან „უზენაესის [იეჰოვა ღმერთის] წმიდანებად“, რომლებიც საბოლოოდ მესიანურ სამეფოში ქრისტეს თანამეფეები ხდებიან (დანიელი 7:13, 14, 18, 21, 22, 25—27).
2. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ცხებულ მსახურებს? ბ) როგორი მოქმედება იქნება გონივრული ამ უკანასკნელ ჟამს?
2 დანიელის მე-11 თავიდან გავიგეთ, რომ ჩრდილოეთის მეფე მაშინ ნადგურდება, როდესაც ამ ღვთის ერთგული ხალხის მშვიდობიან სულიერ სამფლობელოს ესხმის თავს (დანიელი 11:45; შეადარეთ ეზეკიელი 38:18—23). დიახ, იეჰოვა მფარველობს თავის ერთგულ ცხებულებს. ფსალმუნის 104:14, 15-ში ნათქვამია: „ამუნათებდა [იეჰოვა] მათთვის მეფეებს: არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ“. განა გონივრული არ იქნება, რომ ამ ურთულეს დროში „უამრავი ხალხი“, რომლის რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირში იყოს ამ წმიდანებთან? (გამოცხადება 7:9; ზაქარია 8:23). იესო ქრისტეც ურჩევდა ცხვრისმაგვარ ადამიანებს, ეთანამშრომლათ მის ცხებულ სულიერ ძმებთან და მხარი დაეჭირათ მათი საქმიანობისთვის (მათე 25:31—46; გალატელთა 3:29).
3. ა) რატომ არ არის ადვილი იესოს ცხებული მიმდევრების ამოცნობა და მათთან დაკავშირება? ბ) როგორ დაგვეხმარება ამ მხრივ დანიელის მე-12 თავი?
3 ღვთის მოწინააღმდეგე სატანა მთელი ძალით ებრძვის ცხებულებს. იარაღად იყენებს ცრუ რელიგიას და მთელ მსოფლიოში ავრცელებს ცრუ ქრისტიანობას, რითაც მრავალი შეჰყავს შეცდომაში. ზოგს იმედი დაკარგული აქვს, რომ შესაძლებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა (მათე 7:15, 21—23; გამოცხადება 12:9, 17). მათაც კი, რომლებმაც იპოვეს „მცირე სამწყსო“ და დაუკავშირდნენ მას, ბრძოლა უწევთ რწმენის შესანარჩუნებლად, რადგან წუთისოფელი გამუდმებით ცდილობს მათი რწმენის შერყევას (ლუკა 12:32). რა შეიძლება ითქვას თქვენზე? იცით ვინ არიან „უზენაესის წმიდანები“? შეუერთდით მათ? გაქვთ დამამტკიცებელი საბუთები, რომ ისინი ნამდვილად ღვთის რჩეულები არიან? ასეთი საბუთებით რწმენა განგიმტკიცდებათ და რელიგიების სიმრავლის გამო თავგზააბნეული ხალხის დახმარებასაც შეძლებთ. დანიელის მე-12 თავში მოცემული ინფორმაცია სწორ მიმართულებას მოგვცემს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე.
დიდი მთავარი მოქმედებას იწყებს
4. ა) რა ორი განსაკუთრებული რამ არის ნათქვამი მიქაელის შესახებ დანიელის 12:1-ში? ბ) დანიელის წიგნში რა იგულისხმება ხშირად მეფის ‘დადგომაში’?
4 დანიელის 12:1-ში ვკითხულობთ: «იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი [„დიდი მთავარი, რომელიც მფარველად უდგას შენი ხალხის შვილებს“, აქ]». ამ მუხლში ორი განსაკუთრებული რამ არის ნათქვამი მიქაელის შესახებ. პირველი, რომ ის „უდგას“, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს; და მეორე, რომ ის „აღდგება“, რაშიც იგულისხმება მოვლენა, რომელიც დროის იმ განსაზღვრულ მონაკვეთში მოხდება. ჯერ უნდა გავიგოთ, დროის რომელ მონაკვეთში „დგას“ მიქაელი „[დანიელის] ხალხის მფარველად“. გავიხსენოთ, რომ მიქაელი იესოს, როგორც ზეციერ მმართველს, ეწოდა. სიტყვა „დგას“ ამ შემთხვევაში იმავე მნიშვნელობით არის გამოყენებული, როგორც დანიელის წიგნის სხვა ადგილებში, სადაც ის ხშირად მეფური ძალაუფლების აღებასთან არის დაკავშირებული (დანიელი 11:2—4, 7, 20, 21).
5, 6. ა) დროის რომელ მონაკვეთში „დგას“ მიქაელი? ბ) როდის და როგორ „აღდგება“ მიქაელი და რა იქნება ამის შედეგი?
5 როგორც ჩანს, ანგელოზი დროის იმ პერიოდს გულისხმობდა, რომელიც ბიბლიის სხვა ადგილებშიც არის მოხსენიებული. იესომ მას თავისი «მოსვლა [„თანდასწრება“, აქ]» (ბერძნულად „პაროუსია“) უწოდა (მათე 24:37—39). ამ დროს ბიბლიაში „უკანასკნელი დღეები“ და „ბოლო ჟამიც“ ჰქვია (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 12:4, 9). ამ დღეების დაწყებიდან, 1914 წლიდან, მიქაელი ზეციერ მეფედ „დგას“ (შეადარეთ ესაია 11:10; გამოცხადება 12:7—9).
6 მაგრამ როდის „აღდგება“ მიქაელი? როდესაც ის განსაკუთრებულად ამოქმედდება. ეს კი მომავალში მოხდება. გამოცხადების 19:11—16-ში იესო წინასწარმეტყველურად აღწერილია ძლევამოსილ მესიანურ მეფედ, რომელიც სათავეში უდგას ანგელოზთა ლაშქარს და ანადგურებს ღვთის მტრებს. დანიელის 12:1 შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა“. იესო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას განაჩენს და ბოლოს მოუღებს მთელ ბოროტ სისტემას ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ განმავლობაში (მათე 24:21; იერემია 25:33; 2 თესალონიკელთა 1:6—8; გამოცხადება 7:14; 16:14, 16).
7. ა) რა მოელის ყველა მორწმუნე ადამიანს მოახლოებული „დიდი გასაჭირის“ დროს? ბ) რა არის იეჰოვას წიგნი და რატომ არის მნიშვნელოვანი იქ მოხვედრა?
7 რა მოელით ამ დროს მორწმუნე ადამიანებს? დანიელი განაგრძობს წინასწარმეტყველებას: „იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება“ (შეადარეთ ლუკა 21:34—36). რას ნიშნავს წიგნი? იმას, რომ იეჰოვა ღმერთს ახსოვს მისი ნების შემსრულებელი ყველა ადამიანი (მალაქია 3:16; ებრაელთა 6:10). სიცოცხლის ამ წიგნში ჩაწერილები მთელ მსოფლიოში საუკეთესოდ დაცული ადამიანები არიან, რადგან მათ თვითონ ღმერთი მფარველობს. რაც უნდა შეემთხვეთ ცხოვრებაში, ღმერთს შეუძლია გამოასწოროს მათი მდგომარეობა და გააკეთებს კიდეც ამას. „მძიმე დროის“ დადგომამდე სიკვდილის შემთხვევაშიც კი ისინი იეჰოვას უსაზღვრო მეხსიერებაში რჩებიან. იეჰოვა გაიხსენებს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში (საქმეები 24:15; გამოცხადება 20:4—6).
წმიდანების ‘გამოღვიძება’
8. რა იმედს გვაძლევს დანიელის 12:2?
8 ნამდვილად მანუგეშებელია მკვდრეთით აღდგომის იმედი. დანიელის 12:2-ში ამის შესახებ ნათქვამია: „მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის“ (შეადარეთ ესაია 26:19). ეს სიტყვები მოგვაგონებს იესოს საოცარ დანაპირებს საყოველთაო აღდგომის შესახებ (იოანე 5:28, 29). რა არაჩვეულებრივი იმედია! წარმოიდგინეთ, საყვარელ გარდაცვლილ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს კვლავ სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემათ. მაგრამ დანიელის წიგნში მოცემული ეს დანაპირები, ძირითადად, სხვაგვარ აღდგომას ეხება, რომელიც უკვე მოხდა. როგორ?
9. ა) რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დანიელის 12:2-ში მოცემული წინასწარმეტყველება უკანასკნელ დღეებში უნდა შესრულდეს? ბ) როგორ აღდგომას ეხება დანიელის 12:2-ში მოცემული წინასწარმეტყველება და საიდან ვიცით ეს?
9 განვიხილოთ კონტექსტი. როგორც ვხედავთ, მე-12 თავის პირველი მუხლი მხოლოდ ამ სისტემის აღსასრულს კი არ ეხება, არამედ მთელ უკანასკნელ დღეებს. ამ თავში ძირითადად არა დედამიწაზე მომავალ სამოთხეში მოსახდენი, არამედ ბოლო ჟამის მოვლენებია აღწერილი. იყო უკვე ამ პერიოდში მკვდრეთით აღდგომა? მოციქული პავლე წერდა, რომ „ქრისტესნი“ უნდა აღმდგარიყვნენ „მისი [ქრისტეს] მოსვლისას“. გარდა ამისა, ის ამბობდა, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის ისინი „უხრწნელად“ აღდგებოდნენ (1 კორინთელთა 15:23, 52). არც ერთი მათგანი არ უნდა აღმდგარიყო „საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის“, რის შესახებაც დანიელის 12:2-შია საუბარი. არის კიდევ სხვაგვარი აღდგომა? აღდგომას ბიბლიაში ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, „ეზეკიელის“ წიგნში და „გამოცხადებაში“ მოცემულია წინასწარმეტყველებები, რომლებიც სულიერ განახლებას ანუ აღდგომას ეხება (ეზეკიელი 37:1—14; გამოცხადება 11:3, 7, 11).
10. ა) რა გაგებით იყვნენ აღდგენილი ცხებული ქრისტიანები ბოლო ჟამს? ბ) როგორ გამოიღვიძა „საუკუნო გმობისა და შერცხვენისთვის“ ზოგმა აღმდგარმა ქრისტიანმა?
10 მოხდა ბოლო ჟამს ღვთის ცხებული მსახურების ამგვარი სულიერი განახლება? დიახ! ისტორიიდან ვგებულობთ, რომ ერთგული ქრისტიანების პატარა ჯგუფი 1918 წელს სასტიკ წინააღმდეგობებს ხვდებოდა, რაც ახშობდა მათს სამქადაგებლო საქმიანობას. 1919 წელს კი სრულიად მოულოდნელად ისინი სულიერად გამოცოცხლდნენ. ეს ფაქტები ზუსტად შეესაბამება დანიელის 12:2-ში ნაწინასწარმეტყველებ აღდგომას. იმ დროიდან მრავალმა „გამოიღვიძა“. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა არ დარჩენილა სულიერად ცოცხალი. გამოღვიძების შემდეგ ზოგმა უარყო მესიანური მეფე, მიატოვა ღვთისადმი მსახურება და თავს დაიტეხა დანიელის 12:2-ში ნაწინასწარმეტყველები „გმობა და შერცხვენა“ (ებრაელთა 6:4—6). მაგრამ ერთგული ცხებულები იყენებდნენ თავიანთ სულიერად განახლებულ მდგომარეობას და მხარს უჭერდნენ მესიანურ მეფეს. როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი, ერთგულებას საბოლოოდ „საუკუნო სიცოცხლე“ მოაქვს მათთვის. წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხებულები დღესაც სულიერად მღვიძარენი არიან, რაც მათი ამოცნობის საშუალებას გვაძლევს.
‘ვარსკვლავებივით ნათება’
11. ვინ არიან „მოძღვრები“ დღეს და რა გაგებით ანათებენ ისინი ვარსკვლავებივით?
11 დანიელის მე-12 თავის შემდგომი ორი მუხლი უფრო მეტად გვეხმარება „უზენაესის წმიდანების“ ამოცნობაში. მე-3 მუხლში ანგელოზი ეუბნება დანიელს: „მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი — ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე“. ვინ არიან „მოძღვარნი“ დღეს? ფაქტები ადასტურებს, რომ ისინი „უზენაესის წმიდანები“ არიან. ცხებული ქრისტიანების გარდა, ვის ჰქონდა შემეცნება, რომ მიქაელი — დიდი მთავარი — მეფედ „დადგა“ 1914 წელს? ამგვარი ჭეშმარიტებების ქადაგებითა და ქრისტიანული ქცევით ისინი „ანათებენ როგორც მნათობნი“ სულიერ სიბნელეში მყოფ წუთისოფელში (ფილიპელთა 2:15; იოანე 8:12). მათ შესახებ იესო წინასწარმეტყველებდა: „მაშინ მართალნი გაბრწყინდებიან, როგორც მზე, თავიანთი მამის სასუფეველში“ (მათე 13:43).
12. ა) როგორ ‘მოარჯულებენ’ ცხებულები უკანასკნელ დღეებში? ბ) როგორ ასწავლიან ცხებულები მრავალს სიმართლეს და „გაანათებენ ვარსკვლავებივით“ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში?
12 დანიელის 12:3-ში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რას გააკეთებდნენ ცხებული ქრისტიანები ბოლო ჟამს. ისინი ‘მრავალს მოარჯულებენ’ ანუ დააყენებენ სიმართლის გზაზე. ცხებულები თავიდან ქრისტეს 144 000 თანამემკვიდრის დარჩენილი ნაწილის შევსებას შეუდგნენ (რომაელთა 8:16, 17; გამოცხადება 7:3, 4). როდესაც ეს რიცხვი შეივსო — როგორც ჩანს, 30-იანი წლების მეორე ნახევარში — მათ „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ შეგროვება დაიწყეს (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ეს ჯგუფიც რწმენას ამჟღავნებს იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, რის საფუძველზეც ისინიც სუფთანი არიან ღვთის თვალში. დღეს მილიონებს ითვლის მათი რიცხვი, რომლებსაც ამ ბოროტი წუთისოფლის განადგურების დროს ღვთისგან გადარჩენის იმედი აქვთ. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში იესო და მისი 144 000 თანამეფე და მღვდელი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ადამის ცოდვის ყოველგვარ ნიშანს მოაშორებენ მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მორჩილ ადამიანებს (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 7:13, 14; 20:5, 6). მაშინ ცხებულებიც შეიტანენ თავიანთ წვლილს, რომ მრავალი დააყენონ სიმართლის გზაზე, და ‘ვარსკვლავებივით გაანათებენ’ ზეცაში. აფასებთ ქრისტესა და მისი თანამეფეებისგან შემდგარი დიდებული ზეციერი მთავრობის ქვეშევრდომებად ცხოვრების იმედს? რა დიდი უპირატესობაა „წმიდანებთან“ ერთად ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობა (მათე 24:14).
მრავალნი ‘სწავლობენ’
13. რა გაგებით იყო დანიელის სიტყვები დაბეჭდილი და საიდუმლოდ შენახული?
13 ანგელოზის ცნობა, რომელიც დანიელის 10:20-დან იწყება, შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით მთავრდება: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა“ (დანიელი 12:4). დანიელის წინასწარმეტყველების უდიდესი ნაწილი მართლაც საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილი იყო ადამიანის გონებისთვის. თვითონ დანიელიც წერდა: „გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი“ (დანიელი 12:8). ამ გაგებით დანიელის წიგნი საუკუნეების განმავლობაში იყო დაბეჭდილი. მაგრამ როგორ დგას საკითხი დღეს?
14. ა) ვინ და რას ‘სწავლობს’ ჩვენს „უკანასკნელ დღეებში“? ბ) საიდან ჩანს, რომ ‘შემსწავლელები’ იეჰოვასგან არიან კურთხეული?
14 ჩვენ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც დანიელი წერდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დღეს მრავალი სწავლობს ღვთის სიტყვას. რა შედეგით? იეჰოვას კურთხევით ჭეშმარიტი შემეცნება გაიზარდა. ღვთისგან ბოძებული ამ შემეცნების წყალობით, ცხებულებმა გაიგეს, რომ კაცის ძემ 1914 წელს დაიწყო მეფობა, ამოიცნეს დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მხეცები და აფრთხილებდნენ ყველას „გატიალების სიბილწის“ შესახებ (დანიელი 11:31). ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ასეთი შემეცნება „უზენაესის წმიდანების“ ამოსაცნობი კიდევ ერთი ნიშანია. მაგრამ დანიელმა სხვა ნიშნების შესახებაც შეიტყო.
„გაფანტვა“
15. რა იკითხა ანგელოზმა და ვის გვახსენებს ეს შეკითხვა?
15 როგორც აღნიშნული იყო, დანიელმა ეს ცნობა ანგელოზისგან „დიდი მდინარის“ — ხიდეკელის ანუ ტიგროსის — პირას მიიღო (დანიელი 10:4). ახლა ის იქ სამ ანგელოზს ხედავს: „მაშინ მე, დანიელმა, ვიხილე: აჰა, ჩემს წინ ორი უცხო დგას, ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო?“ (დანიელი 12:5, 6). ანგელოზისთვის დასმული ეს შეკითხვა კვლავ „უზენაესის წმიდანებს“ გვახსენებს. „ბოლო ჟამის“ დასაწყისში, 1914 წელს, ისინი დიდად იყვნენ დაინტერესებულები, როდის უნდა შესრულებულიყო ღვთის განზრახვები. ანგელოზის პასუხიდან კარგად ჩანს, რომ ეს წინასწარმეტყველება ცხებულებზე უნდა შესრულებულიყო.
16. რა იწინასწარმეტყველა ანგელოზმა და როგორ დაადასტურა წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება?
16 დანიელის ცნობა შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო“ (დანიელი 12:7). ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ანგელოზმა დაფიცებისას ორივე ხელი აღაპყრო, შესაძლებელია, ისე, რომ დიდი მდინარის ნაპირებზე მყოფმა ორმა ანგელოზმაც დაინახა ეს. ამით მან განსაკუთრებულად დაადასტურა წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება. მაგრამ როდის უნდა შესრულებულიყო ის? ამ კითხვაზე პასუხის მიღება არც ისე ძნელია, როგორც შეიძლება თავიდან გვეჩვენოს.
17. ა) რა პარალელებს ვხედავთ დანიელის 7:25-ში, დანიელის 12:7-სა და გამოცხადების 11:3, 7, 9-ში მოცემულ წინასწარმეტყველებებს შორის? ბ) რა ხანგრძლივობის არის სამ-ნახევარი დრო?
17 ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ემთხვევა ორ სხვა წინასწარმეტყველებას. ერთი მათგანი, რომელიც ამ წიგნის მე-9 თავში განვიხილეთ, დანიელის 7:25-შია მოცემული, მეორე კი — გამოცხადების 11:3, 7, 9-ში. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პარალელებს: თითოეული მათგანი ბოლო ჟამთან არის დაკავშირებული; ორივე ეხება ღვთის წმიდა მსახურებს, რომლებსაც დევნის გამო დროებით ხელი უნდა შეშლოდათ ქადაგებაში; წინასწარმეტყველებებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები აღიდგენდნენ ძალას და, დევნის მიუხედავად, განაგრძობდნენ დაწყებულ საქმეს. თითოეულში მოხსენიებულია ერთი და იგივე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წმიდანებს სირთულეები უნდა შეხვედროდათ. დანიელის ორივე წინასწარმეტყველებაში (7:25-სა და 12:7-ში) ‘დრო, ორი დრო და ნახევარი დროა’ მოხსენიებული. სწავლულების აზრით, აქ სამ-ნახევარი დრო იგულისხმება. გამოცხადებაში ეს პერიოდი 42 თვეს ანუ 1 260 დღეს შეესაბამება (გამოცხადება 11:2, 3). ეს ადასტურებს, რომ დანიელში მოხსენიებული სამ-ნახევარი დრო 360-დღიანი წელიწადებისგან შემდგარ სამ-ნახევარ წელს ნიშნავს. როდის დაიწყო ეს 1 260-დღიანი პერიოდი?
18. ა) დანიელის 12:7-ის თანახმად, რით უნდა დასრულებულიყო 1 260-დღიანი პერიოდი? ბ) როდის ‘გაიფანტა წმიდანების ძალა’ და როგორ მოხდა ეს? გ) როდის დაიწყო 1 260 დღე და როგორ ‘წინასწარმეტყველებდნენ ძაძებში’ ცხებულები ამ პერიოდში?
18 წინასწარმეტყველება ადვილი გასაგებია, რადგან 1 260 დღე მაშინ უნდა დამთავრებულიყო, როდესაც „შეწყდებოდა წმიდა ერის ძალის გაფანტვა“. 1918 წლის ზაფხულში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელებს, მათ შორის პრეზიდენტ ჯ. რუტერფორდს, ცრუ ბრალდებები წაუყენეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ღვთის წმიდანებმა იხილეს, რომ მათი ძალა მართლაც ‘გაიფანტა’ და მათი საქმიანობა შეჩერდა. თუ 1918 წლის მეორე ნახევრიდან უკან სამ-ნახევარ წელს გადავითვლით, მივალთ 1914 წლის ბოლოსთან. ამ დროს ცხებულების მცირე ჯგუფის დევნა დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კი მათს საქმიანობას უფრო დიდი წინააღმდეგობები შეექმნა. მათ 1915 წლის წლიურ მუხლად აიღეს იესო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის დასმული შეკითხვა: „შეგიძლიათ შესვათ ჩემი სასმისიდან?“ (მათე 20:22, მეფე ჯეიმზის თარგმანი). გამოცხადების 11:3-ში მოცემული წინასწარმეტყველების თანახმად, ეს 1 260-დღიანი პერიოდი ცხებულებისთვის გლოვის ანუ ძაძებში წინასწარმეტყველების დრო იყო. დევნა სასტიკდებოდა. ზოგს აპატიმრებდნენ, ზოგს კი თავს ესხმოდნენ და აწამებდნენ კიდეც. ბევრმა მხნეობა დაკარგა 1916 წელს საზოგადოების პირველი პრეზიდენტის, ჩ. რასელის, სიკვდილის გამო. რა უნდა მოჰყოლოდა ამ რთულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც წმიდანები, როგორც მქადაგებელთა ორგანიზაცია, დახოცილები იყვნენ?
19. როგორ ჩანს გამოცხადების მე-11 თავიდან, რომ ცხებულები მალე გამოცოცხლდებოდნენ?
19 გამოცხადების 11:3, 9 და 11 მუხლებში (სსგ) მოცემული წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მოკლული „ორი მოწმე“ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის — სამ-ნახევარი დღის — განმავლობაში იქნებოდა მკვდარი, შემდეგ კი გაცოცხლდებოდა. დანიელის მე-12 თავის მიხედვითაც, წმიდანები გამოცოცხლდებოდნენ და განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს.
‘განწმედა, გასპეტაკება და გამობრძმედა’
20. დანიელის 12:10-ის თანახმად, როგორ უნდა კურთხეულიყვნენ ცხებულები მძიმე პერიოდის შემდეგ?
20 როგორც აღვნიშნეთ, დანიელი იწერდა ამ ყოველივეს, მაგრამ არ ესმოდა მისი მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, მას მაინც უნდოდა გაეგო, გაანადგურებდნენ თუ არა წმიდანებს მდევნელები. ამიტომაც ჰკითხა ანგელოზს, ‘რით დამთავრდებოდა’ ყველაფერი. ანგელოზმა უპასუხა: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ (დანიელი 12:8—10). წმიდანებისთვის ნამდვილად არსებობდა იმედი! ისინი კი არ განადგურდებოდნენ, არამედ გასპეტაკდებოდნენ და წმიდად წარსდგებოდნენ იეჰოვას წინაშე (მალაქია 3:1—3). სულიერ საკითხებში გარკვევა მათ ღვთის წინაშე წმიდად დარჩენაში დაეხმარებოდა. მათგან განსხვავებით, მოწინააღმდეგენი უარყოფდნენ ამგვარ შემეცნებას. როდის მოხდებოდა ყოველივე ეს?
21. ა) რის შემდეგ უნდა დაწყებულიყო დანიელის 12:11-ში ნაწინასწარმეტყველები პერიოდი? ბ) რა იყო „მუდმივი შესაწირავი“ და როდის შეწყდა ის? (იხილეთ 298-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).
21 ანგელოზმა უთხრა დანიელს: «მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი [„ათას ორას ოთხმოცდაათი“, ძველი აღთქმის ორტომეული] დღე გავა». ამგვარად, ეს პერიოდი განსაზღვრული მოვლენების შემდეგ დაიწყებოდა. „მუდმივი შესაწირავი“a უნდა შეწყვეტილიყო (დანიელი 12:11). რა შესაწირავს გულისხმობდა ანგელოზი? მას არ ჰქონდა მხედველობაში ტაძარში ცხოველების შეწირვა. ერთ დროს იერუსალიმში არსებული ტაძარიც კი „ანარეკლი“ იყო იეჰოვას იმ „ჭეშმარიტი“ სულიერი ტაძრისა, რომელიც ახ. წ. 29 წელს მის მღვდელმთავრად ქრისტეს ცხებისას ამოქმედდა! ამ სულიერ ტაძარში, რომლითაც ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაა წარმოდგენილი, საჭირო არ არის ცოდვის მუდმივი მსხვერპლის შეწირვა, რადგან ‘ქრისტემ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა’ (ებრაელთა 9:24—28). მაგრამ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს მიაქვს შესაწირავი ამ ტაძარში. მოციქული პავლე წერდა: „მისი [ქრისტეს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15). ასე რომ, წინასწარმეტყველების პირველი პირობა — „მუდმივი შესაწირავის“ შეწყვეტა — უკვე არსებობდა 1918 წლის მეორე ნახევრისთვის, როდესაც სამქადაგებლო საქმიანობა შეჩერებული იყო.
22. რა არის „გატიალების სიბილწე“ და როდის დადგა ის? ბ) როდის დაიწყო და დამთავრდა დანიელის 12:11-ში ნაწინასწარმეტყველები პერიოდი?
22 რა შეიძლება ითქვას მეორე პირობის — „გატიალების სიბილწის დადგომის“ — შესახებ? როგორც დანიელის 11:31-ის განხილვისას დავინახეთ, სიბილწე პირველად ერთა ლიგა, მოგვიანებით კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყო. ისინი სიბილწედ იქცნენ, რადგანაც დედამიწაზე მშვიდობის დამყარების იმედად იქნენ აღიარებული. ამგვარად, მათ ბევრის გულში, ფაქტობრივად, ღვთის სამეფოს ადგილი დაიკავეს! ერთა ლიგა ოფიციალურად 1919 წლის იანვარში შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის დანიელის 12:11-ში მოცემული წინასწარმეტყველების ორივე პირობა არსებობდა. ამგვარად, 1 290-დღიანი პერიოდი 1919 წლის დამდეგს დაიწყო და 1922 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.
23. როგორ ხდებოდა ღვთის წმიდანების გასპეტაკება დანიელის მე-12 თავში ნაწინასწარმეტყველები 1 290 დღის განმავლობაში?
23 დაიწყეს თუ არა ამ დროისთვის წმიდანებმა გასპეტაკება და განწმედა ღვთის თვალში? უეჭველად! 1919 წლის მარტში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი და მისი თანამზრახველები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით მათ ცრუ ბრალდებებიც მოეხსნათ. გათავისუფლებულებმა დაინახეს, რომ საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, და 1919 წლის სექტემბერში კონგრესი მოაწყვეს. ამ წელს პირველად გამოვიდა „საგუშაგო კოშკის“ თანმხლები ჟურნალი. ეს ჟურნალი, რომელსაც თავიდან „ოქროს ხანა“ ეწოდებოდა (ახლა „გამოიღვიძეთ!“), ყოველთვის მხარს უჭერდა „საგუშაგო კოშკს“ — გაბედულად ამხელდა წუთისოფლის გახრწნილებას და ეხმარებოდა ღვთის ხალხს სიწმინდის შენარჩუნებაში. ნაწინასწარმეტყველები 1 290 დღის ბოლოს წმიდანები მყარად იდგნენ განწმედისა და განახლების გზაზე. 1922 წლის სექტემბერში, ამ დღეების გასვლისთანავე, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) მათ მნიშვნელოვანი კონგრესი ჩაატარეს. ამ კონგრესმა დიდი ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას. მაგრამ ჯერ კიდევ საჭირო იყო გაუმჯობესება. ეს კი შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო.
წმიდანების ნეტარება
24, 25. ა) რა პერიოდის შესახებ არის ნაწინასწარმეტყველები დანიელის 12:12-ში და, როგორც ჩანს, როდის დაიწყო და დამთავრდა ის? ბ) როგორ სულიერ მდგომარეობაში იყვნენ ცხებულები 1 335-დღიანი პერიოდის დაწყებამდე?
24 წმიდანებზე წინასწარმეტყველებას იეჰოვას ანგელოზი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: «ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ [„ათას სამას ოცდათხუთმეტ“, ძვო] დღეს!» (დანიელი 12:12). ანგელოზი არ ამბობს, როდის იწყება და მთავრდება ეს პერიოდი. ისტორია ცხადყოფს, რომ ის წინა პერიოდის დამთავრებისთანავე დაიწყო. ამგვარად, ეს პერიოდი 1922 წლის შემოდგომიდან 1926 წლის გვიან გაზაფხულამდე უნდა გაგრძელებულიყო. გრძნობდნენ წმიდანები ნეტარებას ამ პერიოდის ბოლოსთვის? დიახ, სულიერი გაგებით.
25 ღვთის ზოგი წმიდანი 1922 წლის კონგრესის შემდეგაც კი (ნაჩვენებია 302-ე გვერდზე) მისტიროდა წარსულს. მათი შეხვედრების სასწავლო პროგრამა, ძირითადად, ბიბლიასა და ჩ. რასელის „საღვთო წერილის გამოკვლევაზე“ იყო დაფუძნებული. იმ პერიოდში ბევრი ფიქრობდა, რომ 1925 წელს მკვდრეთით აღდგომა დაიწყებოდა და დედამიწაზე სამოთხე აღდგებოდა. ამიტომაც მათ გონებაში მხოლოდ ეს თარიღი უტრიალებდათ და ისე ემსახურებოდნენ ღმერთს. ზოგი ქედმაღლურად უარს ამბობდა საჯაროდ ქადაგებაზე. წმიდანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიზეზი ნეტარებისთვის.
26. როგორ შეიცვალა ცხებულების სულიერი მდგომარეობა 1 335 დღის განმავლობაში?
26 მაგრამ 1 335-დღიანი პერიოდის დაწყებისას მდგომარეობა შეიცვალა. ყურადღება გამახვილდა სამქადაგებლო საქმიანობაზე, როდესაც რეგულარული ღონისძიებები შემოიღეს, რომ ყველას მიეღო მონაწილეობა მსახურებაში. აგრეთვე დაიგეგმა შეხვედრები „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლისთვის. 1925 წლის 1 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ისტორიული სტატია „ერის დაბადება“, რომელმაც ღვთის ხალხს გააგებინა, რა მოხდა 1914—1919 წლებში. 1925 წლის შემდეგ წმიდანებს ღვთისადმი მსახურებისას აღარ ჰქონდათ გონებაში ერთი კონკრეტული თარიღი. ყურადღება იეჰოვას სახელის განწმენდაზე მახვილდებოდა. ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი საუკეთესოდ გაშუქდა 1926 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „ვინ განადიდებს იეჰოვას?“. 1926 წლის მაისში კონგრესზე გამოიცა წიგნი „ხსნა“ (იხილეთ გვერდი 302). ეს იყო ერთ-ერთი ახალი წიგნი, რომელსაც „საღვთო წერილის გამოკვლევა“ უნდა შეეცვალა. წმიდანებს გული აღარ სწყდებოდათ წარსულზე. მათ მზერა მომავლისკენ და შესასრულებელი საქმეებისკენ ჰქონდათ მტკიცედ მიმართული. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, 1 335 დღის ბოლოსთვის წმიდანები ნეტარებას გრძნობდნენ.
27. როგორ გვეხმარება დანიელის მე-12 თავის მიმოხილვა იეჰოვას ცხებულების საბოლოო ამოცნობაში?
27 რა თქმა უნდა, ყველამ ვერ გადაიტანა ეს რთული პერიოდი. ცხადია, ამიტომაც აღნიშნა ღვთის ანგელოზმა, რომ მნიშვნელოვანი იყო ‘ლოდინი’. ვინც გაძლო და არ შეწყვიტა ლოდინი, დიდი კურთხევები მიიღო. ამას კარგად ვხედავთ დანიელის მე-12 თავის მიმოხილვიდან. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ცხებულები გამოცოცხლდნენ ანუ აღდგნენ სულიერად. ღმერთმა თავისი სიტყვის განსაკუთრებული შემეცნებით აკურთხა ისინი. მათ ‘შეისწავლეს’ ის და სულიწმიდის დახმარებით შეძლეს საუკუნეების მანძილზე საიდუმლოებით მოცული წინასწარმეტყველებების ახსნა. იეჰოვამ განწმიდა ცხებულები და მოკაშკაშე ვარსკვლავებივით დააწყებინა სულიერად ნათება. ამის შემდეგ მათ მრავალი დააყენეს სიმართლის გზაზე.
28, 29. რა უნდა შევინარჩუნოთ „ბოლო ჟამის“ დასასრულს?
28 ამდენი წინასწარმეტყველური ნიშნის შემდეგ, განა შეიძლება თავის გამართლება და იმის თქმა, რომ შეუძლებელია „უზენაესის წმიდანების“ ამოცნობა და მათთან თანამშრომლობა? შესანიშნავი კურთხევები მოელის უამრავ ხალხს, რომელიც იეჰოვასადმი მსახურებაში უერთდება დარჩენილ ცხებულებს. არ უნდა შევწყვიტოთ ღვთის დანაპირების ლოდინი (აბაკუმი 2:3). ჩვენს დროში მიქაელი, დიდი მთავარი, უკვე ათწლეულებია, რაც ღვთის ხალხის მფარველად დგას. მალე ის ღვთის მიერ ამ წუთისოფლისთვის გამოტანილ სასჯელს აღასრულებს. რა მოგველის ამ დროს ჩვენ?
29 ამ კითხვაზე პასუხი ღვთისადმი ჩვენს ერთგულებაზეა დამოკიდებული. ამ „ბოლო ჟამს“ უმწიკვლოების შენარჩუნებაში დანიელის მე-12 თავის ბოლო მუხლის გარჩევა დაგვეხმარება. მომდევნო თავი, რომელშიც ეს მუხლია განხილული, დაგვანახვებს, როგორი სახელი დაიმკვიდრა დანიელმა ღვთის წინაშე და რა აღთქმა მიიღო მან.
[სქოლიო]
a ბერძნულ სეპტუაგინტაში ნათარგმნია მხოლოდ როგორც „შესაწირავი“.
როგორ უპასუხებდით?
• დროის რომელ მონაკვეთში „დგას“ მიქაელი და როდის „აღდგება“ ის?
• როგორ აღდგომას ეხება დანიელის 12:2?
• როდის დაიწყო და დამთავრდა
• დანიელის 12:7-ში მოხსენიებული სამ-ნახევარი წელიწადი?
• დანიელის 12:11-ში მოხსენიებული 1 290 დღე?
• დანიელის 12:12-ში ნაწინასწარმეტყველები 1 335 დღე?
• როგორ გვეხმარება დანიელის მე-12 თავის ყურადღებით განხილვა იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობაში?
[ჩარჩო 298 გვერდზე]
მუდმივი შესაწირავის შეწყვეტა
დანიელის წიგნში „მუდმივი შესაწირავი“ ხუთჯერ არის მოხსენიებული. ის გულისხმობს ქების მსხვერპლს — „ბაგეთა ნაყოფს“ — რომელსაც რეგულარულად სწირავენ იეჰოვა ღმერთს მისი მსახურები (ებრაელთა 13:15). მისი შეწყვეტის შესახებ წინასწარმეტყველება დანიელის 8:11-ში, 11:31-სა და 12:11-შია მოცემული.
ორივე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ხალხს სასტიკად დევნიდნენ „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ სამფლობელოებში (დანიელი 11:14, 15). „მუდმივი შესაწირავი“ შეწყდა პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში, როდესაც 1918 წლის მეორე ნახევრისთვის სამქადაგებლო საქმე შეჩერდა (დანიელი 12:7). „მუდმივი შესაწირავი“ მეორე მსოფლიო ომის დროსაც შეწყდა 2 300 დღით ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის მიერ (დანიელი 8:11—14; იხილეთ ამ წიგნის მე-10 თავი). ნაცისტურმა „ლაშქარმაც“ შეწყვიტა ის გარკვეული პერიოდით, რომლის ზუსტი ხანგრძლივობაც მოცემული არ არის საღვთო წერილში (დანიელი 11:31; იხილეთ ამ წიგნის მე-15 თავი).
[ცხრილი⁄სურათები 301 გვერდზე]
ჩარჩო 301 გვერდზე]
წინასწარმეტყველური პერიოდები დანიელის წიგნში
შვიდი შვიდეული (2 520 წელი): ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრიდან
დანიელი 4:13, 22 ახ. წ. 1914 წლის ოქტომბრამდე
(მესიანური სამეფოს დამყარება
იხილეთ ამ წიგნის მე-6 თავი)
სამ-ნახევარი დრო (1 260 დღე): 1914 წლის დეკემბრიდან 1918 წლის
დანიელი 7:25; 12:7 ივნისამდე (ცხებული ქრისტიანების
დევნა იხილეთ ამ წიგნის მე-9 თავი)
2 300 საღამო და დილა: 1938 წლის 1 ან 15 ივნისიდან 1944
დანიელი 8:14 წლის 8 ან 22 ოქტომბრამდე („უამრავი
ხალხის“ გამოჩენა და რიცხობრივი
ზრდა იხილეთ ამ წიგნის მე-10 თავი)
70 შვიდეული (490 წელი): ძვ. წ. 455 წლიდან ახ. წ. 36 წლამდე
დანიელი 9:24—27 (მესიის მოსვლა და მისი დედამიწაზე
მსახურება. იხილეთ ამ წიგნის მე-11 თავი)
1 290 დღე: 1919 წლის იანვრიდან
დანიელის 12:11 1922 წლის სექტემბრამდე
ცხებული ქრისტიანების გამოღვიძება და
სულიერი წინსვლა)
1 335 დღე: 1922 წლის სექტემბრიდან 1926 წლის
დანიელი 12:12 მაისამდე (ცხებული ქრისტიანების ნეტარება)
[სურათები 287 გვერდზე]
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელები უსამართლოდ დააპატიმრეს ატლანტის (ჯორჯია, აშშ) ფედერალურ ციხეში. მარცხნიდან მარჯვნივ (სხედან) ა. მაკმილანი, ჯ. რუტერფორდი, უ. ვან ამბერგი; (დგანან) ჯ. ფიშერი, რ. მარტინი, ჯ. დეჩეკა, ფ. რობისონი და კ. ვუდვორთი.
[სურათები 299 გვერდზე]
სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 1919 წელს (ზემოთ) და 1922 წელს (ქვემოთ) ჩატარდა ისტორიული კონგრესები.
[მთელი 302 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]