მადლიერნი იყავით ღვთის წყალობისთვის
„ჩვენ ყველამ . . . მივიღეთ წყალობა წყალობაზე“ (იოან. 1:16).
1, 2. ა) მოკლედ მოყევით იესოს იგავი მევენახის შესახებ. ბ) როგორ ესმება ხაზი ამ იგავში ხელგაშლილობასა და წყალობას?
ერთ დილას მევენახე ქალაქის მოედანზე გავიდა, რათა ვენახში სამუშაოდ ხალხი დაექირავებინა. ის მოედანზე მყოფ კაცებს გასამრჯელოზე მოურიგდა და სამუშაოდ გაუშვა. მაგრამ მას მეტი მუშახელი სჭირდებოდა. ამიტომ მათ დასაქირავებლად დღის განმავლობაში არაერთხელ გავიდა მოედანზე. ის დღის ბოლოს დაქირავებულებსაც კარგ გასამრჯელოს დაჰპირდა. საღამოს მევენახემ შეკრიბა მუშები, რათა კუთვნილი თანხა მიეცა მათთვის. დღის ბოლოს დაქირავებულებსაც იმდენი მისცა, რამდენიც დილით დაქირავებულებს. ეს უკანასკნელნი ამის გამო წუწუნს მოჰყვნენ. მაგრამ მევენახემ შეახსენა მათ, რომ ისინი უკვე მორიგდნენ გასამრჯელოზე. მას უფლება ჰქონდა, მუშებისთვის იმდენი გადაეხადა, რამდენიც სურდა. მისი ხელგაშლილობა შურის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო (მათ. 20:1—15).
2 იესოს ეს იგავი შეგვახსენებს იეჰოვას ერთ-ერთ თვისებას, წყალობას[1], რომელიც ბიბლიაში ხშირად მოიხსენიება (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:1). ერთი შეხედვით, მუშები, რომლებმაც მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს, არ იმსახურებდნენ სრულ გასამრჯელოს, მაგრამ მევენახემ მათ მიმართ განსაკუთრებული სიკეთე ანუ წყალობა გამოავლინა. სიტყვა „წყალობასთან“ დაკავშირებით, რომელიც ბიბლიის ბევრ თარგმანში „მადლად“ ითარგმნა, ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ეს სიტყვა ძირითადად ნიშნავს უსასყიდლო და დაუმსახურებელ ძღვენს“.
იეჰოვას გულუხვი ძღვენი
3, 4. რატომ და როგორ გამოავლინა იეჰოვამ წყალობა კაცობრიობის მიმართ?
3 ბიბლიაში საუბარია ღვთის „წყალობით ბოძებულ უსასყიდლო ძღვენზე“ (ეფეს. 3:7). რატომ და როგორ გვაძლევს იეჰოვა ამ „უსასყიდლო ძღვენს“? იეჰოვას მოთხოვნებს რომ სრულყოფილად შევესაბამებოდეთ, მის სიკეთეს დავიმსახურებდით. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენც გვეხება ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლ. 7:20). მსგავსი აზრები თქვა მოციქულმა პავლემაც: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“; „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომ. 3:23; 6:23ა). ჩვენ სწორედ ამას ვიმსახურებთ.
4 მაგრამ იეჰოვამ თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ცოდვილი კაცობრიობის მიმართ შეუდარებელი წყალობა გამოავლინა. მან უდიდესი ძღვენი გაიღო — დედამიწაზე გამოგზავნა „თავისი მხოლოდშობილი ძე“, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო (იოან. 3:16). პავლემ იესოს შესახებ დაწერა: „[მან] პატივის გვირგვინი მიიღო, რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (ებრ. 2:9). დიახ, „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, [არის] მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომ. 6:23ბ).
5, 6. რა არის ჩვენზე ა) ცოდვის მეფობის შედეგი? ბ) წყალობის მეფობის შედეგი?
5 როგორ დაექვემდებარა კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს, რომელსაც ვერც ერთი ვერ გავექცევით? ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანის [ადამის] შეცოდების გამო სიკვდილი მეფობდა“ ყველა მის შთამომავალზე (რომ. 5:12, 14, 17). საბედნიეროდ, ჩვენზეა დამოკიდებული, იბატონებს თუ არა ცოდვა ჩვენზე. ვინც იესოს გამოსასყიდის მიმართ რწმენას ავლენს, იეჰოვას წყალობას ექვემდებარება. ამას ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „სადაც ცოდვა გამრავლდა, იქ წყალობა უფრო მეტად გამრავლდა. რა მიზნით? როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად, ისევე რომ ემეფა წყალობას სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რომ. 5:20, 21).
6 მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ცოდვილები ვართ, არ უნდა დავნებდეთ ცოდვას. მაგრამ, თუ ცოდვამ გვძლია, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ პატიება. პავლე მოციქული აფრთხილებდა ქრისტიანებს: „ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს კი არ ექვემდებარებით, არამედ წყალობას“ (რომ. 6:14). რა არის შედეგი იმისა, რომ ღვთის წყალობას ვექვემდებარებით? პავლე გვიხსნის: „ღვთის წყალობა . . . გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:11, 12).
„მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობა“
7, 8. რას ნიშნავს იეჰოვას „მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობა“? (იხილეთ სურათები 21-ე გვერდზე)
7 მოციქული პეტრე წერდა: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები“ (1 პეტ. 4:10). ეს ნიშნავს, რომ იეჰოვა ნებისმიერ განსაცდელთან გამკლავებაში დაგვეხმარება და მისი წყალობა ყოველთვის საჭიროებისამებრ გამოვლინდება (1 პეტ. 1:6).
8 მართლაც, იეჰოვას წყალობა მრავალმხრივ ვლინდება. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ჩვენ ყველამ მისი სისავსიდან მივიღეთ წყალობა წყალობაზე“ (იოან. 1:16). იეჰოვას მრავალმხრივ გამოვლენილ წყალობას ბევრი კურთხევა მოაქვს ჩვენთვის. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
9. რა კურთხევა მოაქვს ჩვენთვის ღვთის წყალობას და როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა?
9 ცოდვების პატიება. იეჰოვა თავისი წყალობით გვპატიობს ცოდვებს, თუ ვინანიებთ და ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლას არ ვწყვეტთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:8, 9). ღვთის გულმოწყალებამ ჩვენში მადლიერების გრძნობა უნდა აღძრას და იეჰოვას განდიდებისკენ უნდა გვიბიძგოს. პავლე მოციქულმა ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „[იეჰოვამ] დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით, მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლ. 1:13, 14). ცოდვების პატიება საფუძველს ქმნის უამრავი კურთხევის მისაღებად.
10. რა გახადა შესაძლებელი ღვთის წყალობამ?
10 ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ცოდვილი მდგომარეობის გამო დაბადებიდანვე ღვთის მტრები ვიყავით. ეს მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით“ (რომ. 5:10). შერიგება ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს. პავლე ამას იეჰოვას წყალობას უკავშირებს: „ახლა, როცა რწმენის გამო [ქრისტეს ცხებული ძმები] მართლებად ვართ აღიარებულნი, მშვიდობა შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. მისი მეშვეობით რწმენით მოვიპოვეთ მისასვლელი იმ წყალობასთან, რომელშიც ვდგავართ“ (რომ. 5:1, 2). მართლაც რამხელა პატივი და კურთხევაა ეს!
11. როგორ მიჰყავთ ცხებულებს „სხვა ცხვარი“ სიმართლემდე?
11 მართლებად მიჩნეულნი. ყველანი უმართლოები ვართ. მაგრამ დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში „წვდომის უნარიანნი“, დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები, „მრავალ ადამიანს სიმართლემდე“ მიიყვანდნენ (წაიკითხეთ დანიელის 12:3). მსოფლიო სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობის მეშვეობით ისინი მილიონობით ადამიანს, „სხვა ცხვარს“ დაეხმარნენ, იეჰოვას თვალში მართლებად ჩათვლილიყვნენ (იოან. 10:16). თუმცა ესეც იეჰოვას წყალობამ გახადა შესაძლებელი. ამას ნათელს ჰფენს პავლეს სიტყვები: „მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ [ღვთის] წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი“ (რომ. 3:23, 24).
12. როგორ უკავშირდება ლოცვა ღვთის წყალობას?
12 ლოცვით ღმერთთან მიახლოება. იეჰოვას წყალობა შესაძლებლობას გვაძლევს, ლოცვით მივუახლოვდეთ მის ზეციერ ტახტს. პავლე „წყალობის ტახტად“ მოიხსენიებს იეჰოვას ტახტს და მოგვიწოდებს, „სიტყვაში სითამამით“ მივუახლოვდეთ მას (ებრ. 4:16ა). იეჰოვამ ეს თავისი ძის მეშვეობით გახადა შესაძლებელი, „ვისი მეშვეობითაც გვაქვს . . . სითამამე სიტყვაში და ნდობით მისასვლელი მისდამი რწმენით“ (ეფეს. 3:12). იეჰოვასთან ლოცვით მიახლოების შესაძლებლობა მისი წყალობის საოცარი გამოვლინებაა.
13. როგორ ვიღებთ „დროულ დახმარებას“ ღვთის წყალობის შედეგად?
13 დროული დახმარება. პავლე მოგვიწოდებს, თავისუფლად მივმართოთ იეჰოვას ლოცვით, „რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:16ბ). როცა განსაცდელში ან საგონებელში ვართ, შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ იეჰოვას დახმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უღირსები ვართ, ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს და ხშირად ჩვენ დასახმარებლად თანამორწმუნეებს იყენებს. «ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“» (ებრ. 13:6).
14. რა არის იეჰოვას წყალობის კიდევ ერთი შედეგი?
14 ნუგეში. იეჰოვას წყალობის შედეგად მიღებული კიდევ ერთი კურთხევა არის ნუგეში, რომელიც დამწუხრებულ გულს მალამოდ ედება (ფსალმ. 51:17). თესალონიკელ ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ, პავლემ მისწერა: „დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში და კარგი იმედი მოგვცა, ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ“ (2 თეს. 2:16, 17). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავისი უხვი წყალობით ზრუნვას არ გვაკლებს!
15. იეჰოვას წყალობის შედეგად, რა იმედი გვაქვს?
15 მარადიული სიცოცხლის იმედი. ცოდვილი ადამიანები ღვთის გარეშე უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7, 8). მაგრამ იეჰოვამ საოცარი იმედი მოგვცა. იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა: „მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 6:40). მარადიული სიცოცხლის იმედი არის ძღვენი, ღვთის წყალობის საოცარი გამოვლინება. პავლე, რომელიც ამისთვის მადლიერი იყო, წერდა: „ცხადი გახდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის“ (ტიტ. 2:11).
ბოროტად ნუ გამოიყენებთ ღვთის წყალობას
16. როგორ იყენებდა ზოგი ადრინდელი ქრისტიანი ბოროტად ღვთის წყალობას?
16 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას წყალობის შედეგად უამრავი კურთხევა გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ყველანაირ საქციელს შეიწყნარებს. ადრინდელი ქრისტიანებიდან ზოგი ცდილობდა, „ღვთის წყალობა თავაშვებულობის გასამართლებლად“ გამოეყენებინა (იუდ. 4). როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ცოდვა ჩაედინათ და ღვთის პატიების იმედი ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ისინი ცდილობდნენ, რომ თანაქრისტიანებიც გაეხვიათ ცოდვაში. ასე მოქმედნი დღესაც შეურაცხყოფენ „წყალობის სულს“ (ებრ. 10:29).
17. რა პირდაპირი რჩევა მოგვცა პეტრემ?
17 დღეს სატანამ შეცდომაში შეიყვანა ზოგი ქრისტიანი და დააჯერა, რომ შეუძლიათ შესცოდონ და დაუსჯელები დარჩნენ, რადგან ღმერთი გულმოწყალეა. თუმცა იეჰოვა მზად არის, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველებს, ის მოელის, რომ შევებრძოლებით ცოდვილ მიდრეკილებებს. ღვთივშთაგონებით პეტრე წერდა: „საყვარელნო, რაკი ეს წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე. პირიქით, კვლავაც იზრდებოდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში“ (2 პეტ. 3:17, 18).
ღვთის წყალობა პასუხისმგებლობას გვაკისრებს
18. რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს იეჰოვას წყალობა?
18 იეჰოვას წყალობა ჩვენში მადლიერებას აღძრავს და გვავალდებულებს, რომ ნებისმიერი ძღვენი ღვთის განსადიდებლად და მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. პავლე მოციქული გვეუბნება, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება: „ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობით სხვადასხვა ძღვენი გვაქვს . . . თუ მსახურება გვაქვს, ვიმსახუროთ; ვინც ასწავლის, ასწავლოს; ვინც შეაგონებს, შეაგონოს . . . ვინც შეიწყალებს, ხალისით შეიწყალოს“ (რომ. 12:6—8). იეჰოვას მიერ ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობა გვავალდებულებს, ჩავებათ მსახურებაში, ბიბლიის შესწავლაში დავეხმაროთ სხვებს, გავამხნეოთ თანაქრისტიანები და ვაპატიოთ მწყენინებელს.
19. რაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში?
19 ღვთის გულუხვი სიყვარულისთვის მადლიერებამ უნდა აღგვძრას, ძალისხმევა არ დავაკლოთ და საფუძვლიანად დავამოწმოთ „სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24). ამ პასუხისმგებლობაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.