თავი მეოთხე
უზარმაზარი კერპის აღზევება და დაცემა
1. რით არის ჩვენთვის საინტერესო ნაბუქოდონოსორის მიერ დანიელისა და სხვა ებრაელების ბაბილონში გადასახლებიდან ათი წლის შემდეგ მომხდარი ამბავი?
ათმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც მეფე ნაბუქოდონოსორმა დანიელი და „ქვეყნის თავკაცნი“ იუდეიდან ბაბილონში გადაასახლა (მეოთხე მეფეთა 24:15). მეფის კარზე ახალგაზრდა დანიელის მსახურებისას ბევრის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. რით არის ეს ამბავი ჩვენთვის საინტერესო? აქედან არა მხოლოდ იმის შესახებ ვიგებთ, როგორ იხსნა იეჰოვამ დანიელისა და სხვების სიცოცხლე, არამედ ინფორმაციასაც ვიღებთ ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით დღემდე არსებული მსოფლიო მპყრობელი სახელმწიფოების შესახებ.
მეფე საგონებელში ვარდება
2. როდის ნახა ნაბუქოდონოსორმა პირველი წინასწარმეტყველური სიზმარი?
2 „ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს, ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა“, — დაწერა წინასწარმეტყველმა დანიელმა (დანიელი 2:1). მას ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ჰყავდა მხედველობაში. ძვ. წ. 607 წელს იეჰოვას ნებით იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურების შემდეგ ბაბილონის მეფე მსოფლიო მმართველი გახდა. მისი, როგორც მსოფლიო მმართველის, მეფობის მეორე წელს (ძვ. წ. 606, 605 წლები) ღმერთმა თავზარდამცემი სიზმარი ანახა მას.
3. ვინ ვერ შეძლო მეფის სიზმრის ახსნა და რა გააკეთა ნაბუქოდონოსორმა?
3 სიზმრით აფორიაქებულ ნაბუქოდონოსორს ძილი გაუკრთა. ბუნებრივია, მას ძლიერ სურდა სიზმრის მნიშვნელობის გაგება. მაგრამ ძლევამოსილ მეფეს დაავიწყდა სიზმარი! ამიტომ მან ბაბილონელ შემლოცველებს, გრძნეულებსა და ჯადოქრებს მოუხმო და სიზმრის მოყოლა და ახსნა მოსთხოვა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი ბრძანების შესრულება. ამან იმდენად განარისხა მეფე, რომ „ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენის მოსასპობად“. ამ ბრძანებას წინასწარმეტყველი დანიელი პირისპირ უნდა შეეხვედრებინა მეფის ჯალათთან. რატომ? იმიტომ რომ ის და მისი სამი ებრაელი მეგობარი — ხანანია, მისაელი და ყაზარია — ბაბილონელ ბრძენებად ითვლებოდნენ (დანიელი 2:2—14).
დანიელი მხსნელად ევლინება ბაბილონელ ბრძენებს
4. ა) როგორ შეძლო დანიელმა ნაბუქოდონოსორის სიზმრისა და მისი მნიშვნელობის გაგება? ბ) როგორ გამოხატა დანიელმა მადლიერება?
4 მეფის მკაცრი ბრძანების მიზეზის გაგების შემდეგ „წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშვნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის“. შემდეგ შინ დაბრუნდა და მან და მისმა მეგობრებმა — ხანანიამ, მისაელმა და ყაზარიამ — ილოცეს, რომ „ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად“. იეჰოვამ დანიელს იმავე ღამეს ხილვაში გაუმჟღავნა საიდუმლო. დანიელმა მადლიერებით წარმოთქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა. იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ — ცოდნას. ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს; იცის, რა იმალება ბნელში და ნათელი მასშია დავანებული“. სიზმრის ახსნის უნარისთვის დანიელმა იეჰოვა განადიდა (დანიელი 2:15—23).
5. ა) როგორ განადიდა დანიელმა მეფის წინაშე იეჰოვა? ბ) რატომ უნდა გვაინტერესებდეს დანიელის მიერ ნაბუქოდონოსორის სიზმრის ახსნა დღეს?
5 მეორე დღეს დანიელი მივიდა არიოქთან, მეფის მცველთა უფროსთან, რომლისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული. არიოქმა, როგორც კი შეიტყო, რომ დანიელს სიზმრის ახსნა შეეძლო, დაუყოვნებლივ მეფეს წარუდგინა ის. საკუთარი თავის განდიდების ნაცვლად, დანიელმა ნაბუქოდონოსორს უთხრა: „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებში“. დანიელი მზად იყო მეფისთვის ეუწყებინა არა მარტო ბაბილონის მომავალი, არამედ ზოგადად მოეხაზა ნაბუქოდონოსორის დღეებიდან ჩვენს დრომდე მომხდარი და მომავალში მოსახდენი მსოფლიო მოვლენები (დანიელი 2:24—30).
სიზმარი გაგებულია
6, 7. რა იხილა ნაბუქოდონოსორმა, როგორც ამას დანიელის სიტყვებიდან ვგებულობთ?
6 ნაბუქოდონოსორი ყურადღებით ისმენდა დანიელის სიტყვებს: «აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები — ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები — სპილენძისა, წვივები — რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ — თიხისა. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს [„დაეცა კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე“, აქ], და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა» (დანიელი 2:31—35).
7 რა დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა ნაბუქოდონოსორზე იმას, რომ დანიელმა გაიგო სიზმარი! მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ცვლიდა. ბაბილონის ბრძენების სიცოცხლეს მხოლოდ ის იხსნიდა, თუ დანიელი სიზმრის ახსნასაც შეძლებდა. მან თავისი და მეგობრების სახელით განაცხადა: «სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი [„ვიტყვით“, აქ] მეფის წინაშე» (დანიელი 2:36).
განსაკუთრებული სამეფო
8. ა) დანიელის სიტყვების თანახმად, ვინ ან რა იყო წარმოდგენილი ოქროს თავით? ბ) რა მოვლენის შემდეგ გამოჩნდა ოქროს თავი?
8 „მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი“ (დანიელი 2:37, 38). ეს, მართლაც, ასე იყო მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორს გაანადგურებინა იერუსალიმი, სადაც დავითის, იეჰოვას ცხებული მეფის, შთამომავლები მეფობდნენ. იერუსალიმი იუდეის, ღვთის სამეფოს წინასახეობის, დედაქალაქი იყო — სამეფოსი, რომლითაც მთელ დედამიწაზე იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება იყო წარმოდგენილი. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ღვთის წინასახეობრივი სამეფოც აღარ არსებობდა (პირველი ნეშტთა 29:23; მეორე ნეშტთა 36:17—21). ასე რომ, ის ხელს არ შეუშლიდა კერპის სხვადასხვა ლითონით წარმოდგენილ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს, რომ თანამიმდევრულად გამხდარიყვნენ მსოფლიო მპყრობელები. ნაბუქოდონოსორი, რომელიც ძველ დროში უძვირფასესი ლითონის, ოქროს, თავით იყო წარმოდგენილი, ნამდვილად უპირატესობდა ყოველ მათგანზე, რადგანაც მან იერუსალიმის განადგურებით ეს წინასახეობრივი სამეფო გაანადგურა (იხილეთ გვერდი 63, „მებრძოლი მეფე იმპერიას ქმნის“).
9. რას გამოხატავდა ოქროს თავი?
9 ნაბუქოდონოსორის 43-წლიანი მეფობის შემდეგ ბაბილონში მისი დინასტიის წარმომადგენლები მეფობდნენ. მათ შორის იყვნენ ნაბუქოდონოსორის სიძე ნაბონიდი და უფროსი ვაჟი ევილ-მეროდაქი. ამ დინასტიამ კიდევ 43 წელი, ძვ. წ. 539 წელს ნაბონიდის ვაჟის, ბელშაცარის, სიკვდილამდე, იარსება (მეოთხე მეფეთა 25:27; დანიელი 5:30). ასე რომ, ხილვაში ნანახი კერპის ოქროს თავი არა მარტო ნაბუქოდონოსორს, არამედ ბაბილონის მთელ სამეფო დინასტიასაც გამოხატავდა.
10. ა) როგორ ჩანდა ნაბუქოდონოსორის სიზმრიდან, რომ ბაბილონის მსოფლიო ბატონობა დროებითი იყო? ბ) რა იწინასწარმეტყველა ესაიამ ბაბილონის დამპყრობის შესახებ? გ) რა მხრივ იყო მიდია-სპარსეთის სამეფო ბაბილონზე დაბლა მდგომი?
10 დანიელმა ნაბუქოდონოსორს უთხრა: „შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი“ (დანიელი 2:39). ნაბუქოდონოსორის დინასტიის მმართველობას შეცვლიდა სამეფო, რომელიც კერპის ვერცხლის მკერდითა და ხელებით იყო წარმოდგენილი. ესაიამ დაახლოებით 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ამ სამეფოს შესახებ და მისი ძლევამოსილი მეფის, კიროსის, სახელიც კი მოიხსენია (ესაია 13:1—17; 21:2—9; 44:24—45:7, 13). ბაბილონი მიდია-სპარსეთის სამეფოს უნდა შეეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მიდია-სპარსეთმა განვითარების მაღალ დონეს მიაღწია და არ ჩამოუვარდებოდა ბაბილონის სამეფოს, ის ვერცხლით, ოქროზე ნაკლებად ძვირფასი ლითონით, იყო წარმოდგენილი. ეს სამეფო იმ გაგებით იყო მსოფლიო მპყრობელ ბაბილონზე დაბლა მდგომი, რომ ღმერთს ის არ ჰყავდა ამორჩეული თავისი წინასახეობრივი სამეფოს, იუდასა, და მისი დედაქალაქის, იერუსალიმის, გასანადგურებლად.
11. როდემდე მართა ბაბილონი ნაბუქოდონოსორის დინასტიამ?
11 სიზმრის ახსნიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ დანიელმა იხილა ნაბუქოდონოსორის დინასტიის აღსასრული. ის შეესწრო ძვ. წ. 539 წლის 5—6 ოქტომბრის ღამეს მიდია-სპარსეთის ჯარის მიერ უძლეველი ბაბილონის დამარცხებასა და მეფე ბელშაცარის სიკვდილს. ბელშაცარის სიკვდილით ბაბილონი — კერპის ოქროს თავით წარმოდგენილი სამეფო — საბოლოოდ განადგურდა.
ახალი მსოფლიო მპყრობელი ტყვეობაში მყოფ ხალხს ათავისუფლებს
12. რით იყო იუდეველი ტყვეებისთვის სასიკეთო კიროსის მიერ ძვ. წ. 537 წელს გაცემული ბრძანება?
12 ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემის შემდეგ მსოფლიო მპყრობელი მიდია-სპარსეთის სამეფო გახდა. დაპყრობილ ბაბილონში 62 წლის დარიოს მიდიელი გამეფდა (დანიელი 5:30; 6:1). ცოტა ხანს ის და კიროსი ერთად მართავდნენ მიდია-სპარსეთის სამეფოს, მისი სიკვდილის შემდეგ კი კიროსი ერთპიროვნული მმართველი გახდა. კიროსის მმართველობამ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებს თავისუფლება მოუტანა. ძვ. წ. 537 წელს მან გასცა ბრძანება, რომ იუდეველები ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმი და იეჰოვას ტაძარი აღედგინათ. მაგრამ, ქალაქისა და ტაძრის აღდგენის მიუხედავად, იუდეასა და იერუსალიმში არ აღმდგარა ღვთის წინასახეობრივი სამეფო (მეორე ნეშტთა 36:22, 23; პირველი ეზრა 1:1—2:2ა).
13. რა იყო წარმოდგენილი ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი კერპის მკერდითა და ხელებით?
13 უზარმაზარი კერპის ვერცხლის მკერდითა და ხელებით სპარსეთის მეფე კიროს დიდი და მის შემდგომ მცხოვრები მისივე დინასტიის მეფეები იყვნენ წარმოდგენილი. ამ დინასტიის მეფეები 200 წელზე მეტ ხანს მართავდნენ სამეფოს. ისტორიული წყაროების თანახმად, კიროსი ძვ. წ. 530 წელს, ლაშქრობის დროს, დაიღუპა. შემდგომი 12 მეფიდან სულ მცირე 2 მაინც იყო იეჰოვას რჩეული ერისადმი კეთილად განწყობილი. ეს მეფეები იყვნენ დარიოს I და არტაქსერქსე I.
14, 15. როგორ დაუჭირეს მხარი იუდეველებს დარიოს დიდმა და არტაქსერქსე I-მა?
14 დარიოს I კიროს დიდის შემდეგ სპარსეთის მესამე მეფე იყო. წინა ორი მეფე, როგორც ცნობილია, იყვნენ კამბისე II და მისი ძმა ბარდია (ანუ თვითმარქვია მოგვი გაუმატა). ძვ. წ. 521 წლისთვის, როდესაც დარიოს I ანუ დარიოს დიდი ტახტზე ავიდა, იერუსალიმის ტაძრის განახლება აკრძალული იყო. ეკბატანის წიგნთსაცავებში კიროს მეფის ბრძანების აღმოჩენის შემდეგ დარიოსმა ძვ. წ. 520 წელს არა მხოლოდ აკრძალვა მოხსნა, არამედ ტაძრის აღსადგენად სამეფო ხაზინიდან მატერიალური სახსრებიც კი გამოყო (პირველი ეზრა 6:1—12).
15 აღდგენით სამუშაოებში იუდეველების მხარდამჭერი მეორე მეფე იყო ახაშვეროშის (ქსერქსე I) ვაჟი არტაქსერქსე I, რომელიც ტახტზე ძვ. წ. 475 წელს ავიდა. არტაქსერქსე მაკროქეირის (მხარგრძელი) სახელით არის ცნობილი, რადგან მას მარჯვენა ხელი მარცხენაზე გრძელი ჰქონდა. მან მეფობის მეოცე წელს (ძვ. წ. 455 წელი) იუდეის განმგებლად დააყენა თავისი ებრაელი მწდე ნეემია და იერუსალიმის კედლის აღდგენის ნება დართო. ამ მოვლენიდან დაიწყო „სამოცდაათი შვიდეული“, რომლის შესახებაც დანიელის მე-9 თავშია ლაპარაკი, და განისაზღვრა დრო, როდის უნდა გამოჩენილიყო და მომკვდარიყო მესია, ანუ ქრისტე, — იესო ნაზარეველი (დანიელი 9:24—27; ნეემია 1:1; 2:1—18).
16. რომელ წლამდე იყო მიდია-სპარსეთის სამეფო მსოფლიო მპყრობელი და ვინ იყო მისი ბოლო მეფე?
16 არტაქსერქსეს შემდეგ სპარსეთში მე-6 მეფე, დარიოს III, გამეფდა. მან უეცრად დაკარგა ტახტი, როდესაც ალექსანდრე დიდმა გავგამელასთან (ძველი ნინევიის მახლობლად) სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამით ბოლო მოეღო მსოფლიო მპყრობელ მიდია-სპარსეთის ბატონობას, რომელსაც სიმბოლურად გამოხატავდა ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი კერპის ვერცხლის ნაწილი. შემდგომი მსოფლიო მპყრობელი, ერთი მხრივ, უფრო ძლიერი, მაგრამ, მეორე მხრივ, შედარებით სუსტი იყო. ამას დანიელის მიერ ნაბუქოდონოსორის სიზმრის ახსნიდან ვგებულობთ.
დიდი, მაგრამ შედარებით სუსტი სამეფო
17—19. ა) რომელ მსოფლიო მპყრობელს გამოხატავდა კერპის სპილენძის მუცელი და ბარძაყები და რამდენად გაფართოვდა ამ სამეფოს საზღვრები? ბ) ვინ იყო ალექსანდრე III? გ) როგორ იქცა ბერძნული საერთაშორისო ენად და რისთვის იყო ეს ენა საუკეთესო?
17 დანიელმა ნაბუქოდონოსორს აუხსნა, რომ უზარმაზარი კერპის მუცლითა და ბარძაყებით წარმოდგენილი იყო ‘მესამე სამეფო, სპილენძისა, რომელიც მთელ ქვეყანაზე იბატონებდა’ (დანიელი 2:32, 39). ასე რომ, ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის შემდეგ მესამე სამეფო უნდა აღზევებულიყო. რამდენადაც სპილენძი ვერცხლზე ნაკლებად ძვირფასი ლითონია, ეს ახალი სამეფო მიდია-სპარსეთის სამეფოზე დაბლა მდგომი იქნებოდა, რადგან მას არ ექნებოდა უპირატესობა — ღვთის ხალხი გაეთავისუფლებინა. მიუხედავად ამისა, „სპილენძის“ სამეფოს ‘მთელ ქვეყანაზე უნდა ებატონა’, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის როგორც ბაბილონის, ისე მიდია-სპარსეთის სამეფოზე დიდი იქნებოდა. რას გვამცნობს ისტორია ამ მსოფლიო მპყრობელზე?
18 ძვ. წ. 336 წელს 20 წლის ასაკში გამეფებულმა ალექსანდრე III-მ მაკედონიის ტახტზე ასვლისთანავე დაპყრობითი ომები წამოიწყო. სამხედრო წარმატებების გამო მას ალექსანდრე დიდი ეწოდა. ერთიმეორეს მიყოლებული გამარჯვებებით მან სპარსეთში შეჭრაც შეძლო. ძვ. წ. 331 წელს გავგამელასთან ალექსანდრემ დარიოს III დაამარცხა, რის შემდეგაც სპარსეთის სამეფო დაეცა და საბერძნეთი შემდგომი მსოფლიო მპყრობელი გახდა.
19 გავგამელასთან გამარჯვების შემდეგ ალექსანდრემ სპარსეთის ქალაქები — ბაბილონი, სუსა, პერსეპოლისი და ეკბატანა — დალაშქრა. მთელი სპარსეთის დაპყრობის შემდეგ ის დასავლეთ ინდოეთშიც შეიჭრა. დაპყრობილ ტერიტორიებზე მან ბერძნული კოლონიები დააარსა. ამგვარად, ბერძნული ენა და კულტურა მთელ სამეფოში გავრცელდა. ფაქტობრივად, საბერძნეთის იმპერიამ საზღვრები წინა იმპერიებზე მეტად გააფართოვა. როგორც დანიელს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, „სპილენძის“ სამეფო ‘მთელ დედამიწაზე გაბატონდა’. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ბერძნული (კოინე) საერთაშორისო ენად იქცა. კოინე, რომელზეც ადვილია აზრის ზუსტად გადმოცემა, საუკეთესო ენა აღმოჩნდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დასაწერად და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გასავრცელებლად.
20. რა დაემართა საბერძნეთის იმპერიას ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ?
20 ალექსანდრე მაკედონელმა მსოფლიოზე მხოლოდ რვა წელი იბატონა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 32 წლის ალექსანდრე ერთ-ერთი წვეულების შემდეგ ავად გახდა და მცირე ხანში, ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს, გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ საბერძნეთის უზარმაზარი იმპერია ოთხმა მხედართმთავარმა გაინაწილა. ამგვარად, სამეფო ოთხ ნაწილად დაიყო. ბოლოს კი ოთხივე მათგანი რომის იმპერიამ დაიპყრო. ამ „სპილენძის“ მსოფლიო მპყრობელმა, მხოლოდ ძვ. წ. 30 წლამდე იარსება, ვიდრე ამ დანაწევრებული სამეფოს უკანასკნელი მეოთხედი — ეგვიპტეც, სადაც პტოლემეები მმართველობდნენ, — რომის ხელში ჩავარდა.
სამეფო, რომელიც აქუცმაცებს და მუსრავს
21. როგორ დაახასიათა დანიელმა „მეოთხე სამეფო“?
21 დანიელმა განაგრძო სიზმრის ახსნა: „მეოთხე სამეფო [ბაბილონის, მიდია-სპარსეთის სამეფოსა და საბერძნეთის იმპერიის შემდგომ] რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს“ (დანიელი 2:40). ეს მსოფლიო მპყრობელი რკინასავით მტკიცე და ბევრად ძლიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ოქროთი, ვერცხლითა და სპილენძით წარმოდგენილი სამეფოები. რომის იმპერია ნამდვილად ასეთი მსოფლიო მპყრობელი იყო.
22. რით იყო რომის იმპერია რკინის მსგავსი?
22 რომმა დააქუცმაცა და შემუსრა საბერძნეთის იმპერია და წაშალა ყოფილი მსოფლიო მპყრობელების — ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის — კვალი. რომის იმპერიამ არად ჩააგდო ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესო ქადაგებდა, და ახ. წ. 33 წელს წამების ბოძზე გააკრა ღვთის ძე. ქრისტიანობის შემუსვრის მცდელობით რომმა დევნა დაუწყო იესოს მოწაფეებს და, რაც ყველაზე მთავარია, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურა.
23, 24. რომის იმპერიის გარდა კიდევ რომელი მსოფლიო მპყრობელი იყო წარმოდგენილი კერპის ფეხებით?
23 კერპის რკინის ფეხები არა მარტო რომის იმპერიას, არამედ მისი დაშლის შედეგად წარმოქმნილ მსოფლიო მპყრობელსაც გამოხატავდა. ვნახოთ, რა არის ნათქვამი გამოცხადების 17:10-ში: „მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება“. იოანემ ეს სიტყვები მაშინ დაწერა, როდესაც რომაელების მიერ კუნძულ პატმოსზე იყო გადასახლებული. ხუთი დაცემული მეფე ანუ მსოფლიო მპყრობელი ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი იყო. მეექვსე — რომის იმპერია — ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ ისიც უნდა დაცემულიყო და მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიიდან მეშვიდე მეფე ანუ მსოფლიო მპყრობელი უნდა აღზევებულიყო. რომელი მსოფლიო მპყრობელი იყო ეს?
24 გარკვეული დროის მანძილზე ბრიტანეთი რომის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი იყო. მაგრამ ახ. წ. 1763 წლისთვის ბრიტანეთს უკვე იმპერია ჰქონდა შექმნილი და შვიდ ზღვაზე ბატონობდა. 1776 წლისთვის ამერიკაში არსებულმა მისმა 13-მა კოლონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, შედეგად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა. მაგრამ მოგვიანებით ბრიტანეთი და შეერთებული შტატები როგორც ომის, ისე მშვიდობის დროს მოკავშირეებად იქცნენ. ამგვარად, ინგლის-ამერიკის კავშირი ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით მეშვიდე მსოფლიო მპყრობლად მოგვევლინა. რომის იმპერიის მსგავსად, ისიც „რკინასავით მტკიცე“ აღმოჩნდა და რკინასავით მტკიცე ავტორიტეტი მოიპოვა. ამგვარად, უზარმაზარი კერპის რკინის ფეხებით არა მარტო რომის იმპერია, არამედ ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელიც იყო წარმოდგენილი.
მყიფე ნარევი
25. რა თქვა დანიელმა კერპის ფეხებსა და ფეხის თითებზე?
25 დანიელმა განაგრძო ნაბუქოდონოსორის სიზმრის ახსნა: „როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ — რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ — მყიფე. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის“ (დანიელი 2:41—43).
26. როდის იბატონებდა კერპის ფეხებითა და ფეხის თითებით წარმოდგენილი მსოფლიო მპყრობელი?
26 მსოფლიო მპყრობელების სიმბოლური თანამიმდევრული გამოხატვა ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი კერპის თავით იწყებოდა და, შესაბამისად, ფეხებამდე გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, ‘მეთუნის თიხას შერეული რკინის’ ფეხებითა და ფეხის თითებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ადამიანთა ბოლო მმართველობა, რომელიც „უკანასკნელ ჟამს“ იარსებებდა (დანიელი 12:4).
27. ა) მსოფლიოში არსებულ რა მდგომარეობას გამოხატავდა თიხას შერეული რკინის ფეხები და ფეხის თითები? ბ) რა არის წარმოდგენილი ფეხის ათი თითით?
27 მეოცე საუკუნის დამდეგისთვის ბრიტანეთის იმპერია კაცობრიობის მეოთხედზე მეტს მართავდა. სხვა ევროპული იმპერიებიც მილიონობით ადამიანზე ბატონობდნენ. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიების ტერიტორიებზე სხვადასხვა სახელმწიფომ დაიწყო ჩამოყალიბება. მეორე მსოფლიო ომმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. ნაციონალიზმმა დაყო ერები და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოების რიცხვი. კერპის ათი თითით დღეს არსებული ყველა სახელმწიფოა წარმოდგენილი, რადგანაც რიცხვი ათი ბიბლიაში ზოგჯერ მიწიერი სრულყოფილების სიმბოლოდ არის გამოყენებული (შეადარეთ გამოსვლა 34:28; მათე 25:1; გამოცხადება 2:10).
28, 29. ა) რასთან აკავშირებს დანიელი თიხას? ბ) რა შეიძლება ითქვას რკინისა და თიხის ნარევის შესახებ?
28 ასე რომ, დღეს ჩვენ იმ „უკანასკნელ ჟამს“ ვცხოვრობთ, როდესაც კერპის ფეხებით წარმოდგენილ სახელმწიფოებს უნდა ეარსება. თიხას შერეული რკინის ფეხებითა და ფეხის თითებით წარმოდგენილი ზოგი სახელმწიფო, მართლაც, რკინასავით მტკიცე ანუ ავტორიტარული და ტირანულია, სხვა სახელმწიფოები კი თიხის მსგავსია. რა მხრივ? დანიელი თიხას „კაცის მოდგმასთან“ აკავშირებს (დანიელი 2:43). მიუხედავად იმისა, რომ კაცის მოდგმა მყიფე თიხისგან არის შექმნილი, რკინასავით მტკიცე მმართველები უფრო და უფრო ხშირად ხდებიან იძულებული, მოუსმინონ უბრალო ხალხს (იობი 10:9). მაგრამ შეუძლებელია ყოველგვარი ზღვარი წაიშალოს ავტორიტარულ ხელისუფლებასა და უბრალო ხალხს შორის, ისევე როგორც შეუძლებელია რკინისა და თიხის ერთმანეთთან შერევა. კერპის განადგურების პერიოდისთვის მსოფლიო პოლიტიკურად აუცილებლად დაქუცმაცებული უნდა იყოს.
29 დაიმსხვრევა თუ არა მთელი კერპი მყიფე ფეხებისა და ფეხის თითების გამო? რა დაემართება მას?
საოცარი დასასრული!
30. რა იხილა ბოლოს ნაბუქოდონოსორმა?
30 ვნახოთ, რა იხილა ბოლოს ნაბუქოდონოსორმა. დანიელმა უთხრა მეფეს: «შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს [„დაეცა კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე“, აქ], და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა» (დანიელი 2:34, 35).
31, 32. რა იწინასწარმეტყველა დანიელმა ნაბუქოდონოსორის სიზმრის ბოლო ნაწილის ახსნისას?
31 დანიელმა სიზმრის ახსნისას იწინასწარმეტყველა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა“ (დანიელი 2:44, 45).
32 ნაბუქოდონოსორმა დაინახა, რომ დანიელმა შეძლო სიზმრის გაგება და ახსნა, და მიხვდა, რომ მხოლოდ დანიელის ღმერთი იყო „მეფეთა მეფე და საიდუმლოთა გამცხადებელი“. მან დანიელსა და მის სამ მეგობარს სამეფოს საპასუხისმგებლო საქმეები მიანდო (დანიელი 2:46—49). მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს დღეს დანიელის ‘სარწმუნო ახსნას’?
‘მთა მთელ დედამიწას იჭერს’
33. რომელ „მთას“ მოსწყდა „ლოდი“ და როდის და როგორ მოხდა ეს?
33 „წარმართთა ჟამის“ დასასრულს, 1914 წლის ოქტომბერში, „ზეციერმა ღმერთმა“ დაამყარა ზეციერი სამეფო, რომელსაც სათავეში თავისი ცხებული ძე, იესო ქრისტე, ჩაუყენა როგორც „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“ (ლუკა 21:24; გამოცხადება 12:1—5; 19:16)a. ასე რომ, „ლოდი“ ანუ მესიანური სამეფო არა ადამიანის, არამედ ღვთის ძალით მოსწყდა „მთას“ — იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. ამ ზეციერ მთავრობას ხელმძღვანელობს იესო ქრისტე, რომელსაც ღმერთმა უკვდავება უბოძა (რომაელთა 6:9; 1 ტიმოთე 6:15, 16). ამიტომ ‘ჩვენი უფლისა [ღვთისა] და მისი ქრისტეს სამეფოს’ — იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას — არასოდეს შეცვლის სხვა სამეფო; ის მარადიულად იარსებებს (გამოცხადება 11:15).
34. რა გაგებით დამყარდა ღვთის სამეფო „იმ მეფეთა დღეებში“?
34 ღვთის სამეფო „იმ მეფეთა დღეებში“ დამყარდა (დანიელი 2:44). ეს მეფეები არა მხოლოდ კერპის ათი თითით წარმოდგენილი სახელმწიფოები იყვნენ, არამედ ის სამეფოებიც, რომლებსაც რკინის, სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს ნაწილები წარმოადგენდა. მართალია, 1914 წლისთვის აღარ არსებობდნენ ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის მსოფლიო მპყრობელები, მაგრამ მათს ტერიტორიებზე კვლავაც არსებობდა სხვა სახელმწიფოები. ძველი ბაბილონის ტერიტორია ოსმალეთის ოთომანთა იმპერიას ეჭირა, ხოლო სპარსეთში (ირანი), საბერძნეთსა და რომში (იტალია) ეროვნული მთავრობები ფუნქციონირებდა.
35. როდის დაეცემა და როგორ შემუსრავს „ლოდი“ კერპს?
35 ღვთის ზეციერი სამეფო მალე ფეხებზე დაეცემა სიმბოლურ კერპს. შედეგად ამისა, ნამსხვრევებად იქცევა კერპით წარმოდგენილი ყველა სამეფო. ‘ომში, ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს,’ ეს „ლოდი“ ისეთი შემმუსვრელი ძალით დაეცემა კერპს, რომ დაფშვნის მას და ღმერთი ბზესავით გაატანს ქარს მის მტვერს (გამოცხადება 16:14, 16). შემდეგ, იმ ‘ლოდის’ მსგავსად, რომელიც ვეებერთელა მთად გადაიქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა, ღვთის სამეფოც ერთიანი მთავრობის მთად გადაიქცევა და ‘მთელ დედამიწაზე’ იმმართველებს (დანიელი 2:35).
36. რატომ იქნება მესიანური მთავრობა სტაბილური?
36 მიუხედავად იმისა, რომ მესიანური სამეფო ზეციერია, ის კურთხევებს მოუტანს მთელ დედამიწაზე მცხოვრებ ღვთის მორჩილ ადამიანებს. ეს სტაბილური მთავრობა „უკუნისამდე არ დაიქცევა“ და „სხვა ხალხში არ გადავა“. მოკვდავი ადამიანების მიერ ჩამოყალიბებული სამეფოებისგან განსხვავებით, ეს სამეფო „უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). დაე თქვენც შეძლოთ ამ ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომობით მარადიულად ცხოვრება.
[სქოლიო]
a იხილეთ ამ წიგნის მეექვსე თავი.
როგორ უპასუხებდით?
• რომელი მსოფლიო მპყრობელები არიან წარმოდგენილი ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი უზარმაზარი კერპის ნაწილებით?
• რას წარმოადგენს თიხას შერეული რკინის ფეხები და ფეხის თითები?
• როდის და რომელ „მთას“ მოსწყდა „ლოდი“?
• როდის დაეცემა „ლოდი“ კერპს?
[ჩარჩო 63—67 გვერდებზე]
მებრძოლი მეფე იმპერიას ქმნის
ბაბილონის ტახტის მემკვიდრე ქარხემიშთან (სირია) ეგვიპტის ფარაონ ნექოს ჯარს ანადგურებს. დამარცხებული ეგვიპტელები სამხრეთით, ეგვიპტისკენ, გარბიან, ბაბილონელები კი მათ ედევნებიან. მაგრამ ბაბილონიდან მიღებული ცნობა გამარჯვებულ მემკვიდრეს აიძულებს, უკან დაბრუნდეს. ნაბუქოდონოსორი მამამისის, ნაბუფალასარის, სიკვდილის ამბავს გებულობს. ტახტის მემკვიდრე ტყვეების წამოყვანასა და ნადავლის წამოღებას თავის მხედართმთავრებს ავალებს, ხოლო თვითონ შინ ბრუნდება და ტახტზე ჯდება.
ძვ. წ. 624 წელს ტახტზე ასვლით ნაბუქოდონოსორი ახალბაბილონური სამეფოს მეორე მეფე გახდა. 43-წლიანი მეფობის პერიოდში ნაბუქოდონოსორმა დაიმორჩილა ერთ დროს მსოფლიო მპყრობელ ასურეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნები, შემოიერთა ჩრდილოეთიდან სირია, ხოლო დასავლეთიდან — პალესტინა და სამეფოს საზღვრები ეგვიპტემდე გააფართოვა (იხილეთ რუკა).
თავისი მეფობის მეოთხე წელს (ძვ. წ. 620) ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიმორჩილა (მეოთხე მეფეთა 24:1). სამი წლის შემდეგ იუდეველები აჯანყდნენ, რის გამოც ბაბილონელებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს. იეჰოიაქინი, დანიელი და სხვები ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში გადაასახლა. გარდა ამისა, მეფემ იერუსალიმიდან იეჰოვას ტაძრის ჭურჭლეულობის ნაწილი წაიღო. დამორჩილებულ იუდეაში ნაბუქოდონოსორმა იეჰოიაქინის ბიძა, ციდკიაჰუ, გაამეფა (მეოთხე მეფეთა 24:2–17; დანიელი 1:6, 7).
მცირე ხანში ციდკიაჰუმ კავშირი შეკრა ეგვიპტესთან და ბაბილონს აუჯანყდა. ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. 607 წელს კვლავ ალყა შემოარტყა იერუსალიმს და მთლიანად გაანადგურა ის — დაანგრია ქალაქის კედლები და გადაწვა მისი ტაძარი. მან შვილები დაუხოცა ციდკიაჰუს, თვითონ მას კი თვალები დასთხარა, ბორკილები დაადო და ტყვედ წაიყვანა ბაბილონში; ბაბილონში გადაასახლა აგრეთვე იუდეველების უმრავლესობა და თან წაიღო ტაძარში დარჩენილი ჭურჭლეულობა. „ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან“ (მეოთხე მეფეთა 24:18—25:21).
ნაბუქოდონოსორმა ტვიროსზეც გაილაშქრა და ქალაქი 13 წლის მანძილზე ალყაში ჰყავდა მოქცეული. ამ ხნის განმავლობაში ნაბუქოდონოსორის მეომრებს მუზარადის ტარებით ‘თავი გადახოტრილი [„გამელოტებული“, აქ]’ ჰქონდათ, ალყის შემოსარტყმელად საჭირო აღჭურვილობის თრევით კი — ‘მხრები გადატყავებული’ (ეზეკიელი 29:18). ბოლოს, ბაბილონელებმა ხელში ჩაიგდეს ტვიროსი.
როგორც ჩანს, ბაბილონის მეფე ჩინებული მხედართმთავარი იყო. ზოგ ლიტერატურულ წყაროში, ძირითადად ბაბილონურში, ის სამართლიან მეფედაც არის აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში პირდაპირ არაფერია ნათქვამი ნაბუქოდონოსორის სამართლიანობაზე, წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვებიდან ჩანს, რომ, თუ აჯანყებული ციდკიაჰუ ‘ჩაბარდებოდა ბაბილონის მეფის სარდლებს’, ნაბუქოდონოსორი სამართლიანად მოეპყრობოდა მას (იერემია 38:17, 18). იერუსალიმის განადგურების შემდეგ ნაბუქოდონოსორი ღირსეულად მოექცა იერემიას. მან ის მთავარ მცველს ჩააბარა და უთხრა: „წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, არაფერი დაუშავო, არამედ ისე მოექეცი, როგორც თავად გითხრას“ (იერემია 39:11, 12; 40:1–4).
ნაბუქოდონოსორმა, როგორც ქვეყნის მმართველმა, მალე დაინახა, რომ დანიელი და მისი სამი მეგობარი — შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო, რომელთა ებრაული სახელები ხანანია, მისაელი და ყაზარია იყო, — განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით იყვნენ დაჯილდოებული. ამიტომ მეფემ ქვეყნის საპასუხისმგებლო საქმეები ჩააბარა მათ (დანიელი 1:6, 7, 19–21; 2:49).
ნაბუქოდონოსორი ძირითადად ბაბილონელთა მთავარ ღვთაება მარდუქს სცემდა თაყვანს. მეფე თავის ყველა გამარჯვებას მარდუქს უმადლოდა. ბაბილონში მან მარდუქისა და ბაბილონის სხვა ღვთაებების ტაძრები ააგო და დაამშვენა. შესაძლებელია, ნაბუქოდონოსორმა დურას ველზე მარდუქის პატივსაცემად აღმართა ოქროს კერპი. ბაბილონის მეფე ლაშქრობებს მკითხავების ნათქვამის მიხედვით გეგმავდა.
ნაბუქოდონოსორი ამაყობდა ბაბილონის, იმ დროში უდიდესი გალავნიანი ქალაქის, აღდგენით. ორმაგი გალავნის აგებით, რომლის მშენებლობაც მამამისმა დაიწყო, ნაბუქოდონოსორმა ის უძლეველ ქალაქად აქცია. მეფემ შეაკეთა ძველი სასახლე, რომელიც ქალაქის შუაგულში იდგა, ჩრდილოეთით კი, დაახლოებით ორ კილომეტრში, საზაფხულო სასახლე ააგო. გადმოცემების თანახმად, ნაბუქოდონოსორმა თავისი მიდიელი დედოფლის პატივსაცემად, რომელსაც სამშობლოს მთები და ტყეები ენატრებოდა, ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად მიჩნეული დაკიდული ბაღები გააშენა.
„ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?“ — დაიკვეხნა ერთხელ ნაბუქოდონოსორმა სასახლეში სეირნობისას. „მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა“, რომ უეცრად გაგიჟდა. შვიდი წლის მანძილზე მას არ შეეძლო სამეფოს მართვა და ამ ხნის განმავლობაში ბალახით იკვებებოდა. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც დანიელს ჰქონდა მისთვის ნაწინასწარმეტყველები. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ნაბუქოდონოსორს ტახტი დაუბრუნდა და მან სიკვდილამდე, ძვ. წ. 582 წლამდე, იმეფა (დანიელი 4:27-33).
როგორ უპასუხებდით?
რა შეიძლება ითქვას ნაბუქოდონოსორზე, როგორც:
• მხედართმთავარზე?
• ქვეყნის მმართველზე?
• მარდუქის თაყვანისმცემელზე?
• მშენებელზე?
[რუკა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ბაბილონის სამეფო
მეწამული ზღვა
იერუსალიმი
მდ. ევფრატი
მდ. ტიგროსი
ნინევე
სუსა
ბაბილონი
ური
[სურათი]
ძველი დროის უდიდესი გალავნიანი ქალაქი ბაბილონი.
[სურათი]
გველეშაპი მარდუქის სიმბოლო იყო.
[სურათი]
ბაბილონის სახელგანთქმული დაკიდული ბაღები.
[დიაგრამა⁄სურათი 56 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მსოფლიო მპყრობელები
უზარმაზარი კერპი (დანიელი 2:31—45)
ბაბილონი — ძვ. წ. 607 წლიდან.
მიდია-სპარსეთი — ძვ. წ. 539 წლიდან.
საბერძნეთი — ძვ. წ. 331 წლიდან.
რომი — ძვ. წ. 30 წლიდან.
ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი — ახ. წ. 1763 წლიდან.
პოლიტიკურად დაყოფილი მსოფლიო — უკანასკნელ ჟამს.
[მთელი 47 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 58 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]