თავი მეორე
დანიელის წიგნს ბრალდებებს უყენებენ
1, 2. რაში სდებენ ბრალს დანიელის წიგნს და რატომ უნდა განვიხილოთ მის სასარგებლოდ მოყვანილი მტკიცებები?
წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს ესწრებით. კაცს თაღლითობაში სდებენ ბრალს. ბრალმდებლის მტკიცებით, ის დამნაშავეა. მაგრამ ბრალდებული დიდი ხნის მანძილზე პატიოსნებით იყო ცნობილი. არ დაგაინტერესებდათ მისი მოწმეების ჩვენების მოსმენა?
2 მსგავსად დგას საკითხი დანიელის წიგნთან დაკავშირებით. ამ წიგნის მწერალიც პატიოსნებით იყო ცნობილი. მისი სახელით წოდებულ წიგნს ათასწლეულების მანძილზე აფასებდნენ. თვითონ წიგნი საკუთარ თავს ძვ. წ. VII—VI საუკუნეებში მცხოვრები ებრაელი წინასწარმეტყველის, დანიელის, მიერ დაწერილ უტყუარ ისტორიად წარმოგვიდგენს. ზუსტი ბიბლიური ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ წიგნი ძვ. წ. 618—536 წლების მოვლენებს აღწერს და რომ მისი წერა ძვ. წ. 536 წელს დამთავრდა. მაგრამ წიგნს ბრალდებებს უყენებენ. ზოგი ენციკლოპედია და ცნობარი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აცხადებს, რომ მასში მოცემული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება.
3. რა არის ნათქვამი „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ დანიელის წიგნის შესახებ?
3 მაგალითად, „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ დანიელის წიგნს ერთ დროს „უტყუარ ისტორიად და ნამდვილ წინასწარმეტყველებად თვლიდნენ“. მაგრამ მასში ისიც არის აღნიშნული, რომ დანიელის წიგნი, სინამდვილეში, „ეროვნული კრიზისის ბოლო პერიოდში დაიწერა, როდესაც იუდეველები [სირიის მეფე] ანტიოქე IV ეპიფანეს მხრიდან სასტიკ დევნას განიცდიდნენ“. ეს ენციკლოპედია დანიელის წიგნს ძვ. წ. 167—164 წლებით ათარიღებს და ამტკიცებს, რომ მისი მწერალი მომავალს კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ, უბრალოდ, „წარსულის მოვლენებს მომავლის წინასწარმეტყველებებად“ წარმოგვიდგენს.
4. როდის დაიწყო დანიელის წიგნის კრიტიკა და რამ განაახლა ის შემდგომ საუკუნეებში?
4 საიდან გაჩნდა ასეთი შეხედულებები? დანიელის წიგნის კრიტიკა სიახლე არ არის. ის პირველად ახ. წ. III საუკუნის ფილოსოფოსმა პორფირიოსმა დაიწყო, რომელიც, რომის იმპერიაში მცხოვრები მრავალი ადამიანის მსგავსად, ქრისტიანობის ზეგავლენას სახიფათოდ მიიჩნევდა. მან 15 წიგნი დაწერა ამ „ახალი“ რელიგიისთვის ძირის გამოსათხრელად. მისი მე-12 ნაშრომი დანიელის წიგნის კრიტიკა იყო. პორფირიოსმა დანიელის წიგნი ძვ. წ. II საუკუნეში მცხოვრები ებრაელის მიერ დაწერილ სიცრუედ გამოაცხადა. წიგნი XVIII—XIX საუკუნეებშიც მსგავს კრიტიკას ხვდებოდა. უმაღლეს კრიტიკოსთა და რაციონალისტთა აზრით, მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, რის გამოც დანიელი მათს მთავარ სამიზნედაც იქცა. ფაქტობრივად, დანიელსა და მის წიგნს ბრალი დასდეს. კრიტიკოსების თანახმად, საკმაოდ ბევრი მტკიცება არსებობს, რომ ეს წიგნი დანიელმა კი არ დაწერა ბაბილონში იუდეველების ტყვეობის დროს, არამედ ვიღაც სხვამ საუკუნეების შემდეგa. ამგვარი კრიტიკული აზრები იმდენად გახშირდა, რომ ერთმა მწერალმა კრიტიკოსთა წინააღმდეგ წიგნიც კი გამოსცა — „დანიელი კრიტიკოსების ხაროში“.
5. რატომ არის მნიშვნელოვანი გამოვიკვლიოთ, სანდოა თუ არა დანიელის წიგნი?
5 არსებობს თუ არა კრიტიკოსთა ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე საბუთი? თუ ფაქტები მათ წინააღმდეგ არის მიმართული? პასუხზე მრავალი რამ არის დამოკიდებული. საკითხი არა მარტო ამ უძველესი წიგნის რეპუტაციას, არამედ ჩვენს მომავალსაც ეხება. თუ დანიელის წიგნი სიცრუეა, მაშინ კაცობრიობასთან დაკავშირებული მისი დანაპირები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. მაგრამ, თუ მასში უტყუარი წინასწარმეტყველებებია მოცემული, აუცილებლად დავინტერესდებით, რას ნიშნავს ეს წინასწარმეტყველებები ჩვენთვის. ამ ყოველივეს მხედველობაში მიღებით, განვიხილოთ დანიელის წიგნის შესახებ გამოთქმული რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება.
6. რა თვალსაზრისი არსებობს დანიელის წიგნში აღწერილ ისტორიასთან დაკავშირებით?
6 ენციკლოპედია „ამერიკანაში“ ნათქვამია, რომ დანიელის წიგნში „მრავალი ისტორიული ფაქტი [მაგალითად, ბაბილონის ტყვეობა] დამახინჯებულია“. ნამდვილად ასეა ეს? განვიხილოთ სამი საკითხი, რომლებშიც კრიტიკოსები დანიელის წიგნს არ ეთანხმებიან.
უცნობი მეფე
7. ა) რას ამბობდნენ კრიტიკოსები დანიელის წიგნში მოხსენიებული მეფე ბელშაცარის შესახებ? ბ) როგორ დამტკიცდა, რომ ბელშაცარი არ იყო გამოგონილი პერსონაჟი?
7 დანიელის ცნობის თანახმად, ბაბილონში ნაბუქოდონოსორის „ვაჟი“, ბელშაცარი, მეფობდა, როდესაც ქალაქი დაეცა (დანიელი 5:1, 11, 18, 22, 30). კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც ბელშაცარი ბიბლიის გარდა არსად იყო მოხსენიებული. ძველი დროის ისტორიკოსები ბაბილონის უკანასკნელ მეფედ ნაბონიდს, ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეს, მიიჩნევდნენ. ამიტომაც 1850 წელს ფერდინანდ ჰიციგმა განაცხადა, რომ ბელშაცარი აშკარად მწერლის მიერ გამოგონილი პერსონაჟი იყო. მაგრამ არ გეჩვენებათ ეს ნაჩქარევად გამოტანილ დასკვნად? ბელშაცარი არც ერთ ისტორიულ წყაროშიც რომ არ ყოფილიყო ნახსენები — განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ისტორიული მასალა არც ისე მდიდარი იყო — ნუთუ ამით დამტკიცდებოდა, რომ მას არასდროს უცხოვრია? 1854 წელს დღევანდელი სამხრეთ ერაყის ტერიტორიაზე, ძველი ბაბილონის სამეფოს ქალაქ ურის ნანგრევებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის პატარა ცილინდრები, რომლებზეც შემონახული იყო მეფე ნაბონიდის ლოცვა „ბელშაცარისთვის, უფროსი ვაჟისთვის“. კრიტიკოსებიც კი იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ ეს ნამდვილად დანიელის წიგნში მოხსენიებული ბელშაცარი იყო.
8. როგორ დამტკიცდა, რომ დანიელმა მართებულად აღწერა ბელშაცარი მეფედ?
8 კრიტიკოსები მაინც არ დაკმაყოფილდნენ. „ეს ვერაფერს ამტკიცებს“, — წერდა ჰ. ფ. ტოლბოტი. მისი აზრით, წარწერებზე მოხსენიებული ვაჟი შეიძლებოდა ბავშვიც კი ყოფილიყო, მაშინ როდესაც დანიელი მას მეფედ წარმოგვიდგენს. ტოლბოტის ამგვარი განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სხვა ლურსმული წარწერები, სადაც ბელშაცარი თავის მოხელეებთან და მოსამსახურეებთან ერთად იყო მოხსენიებული. ცხადია, მაშინ ის ბავშვი არ იქნებოდა. ბოლოს საკითხს ნათელი სხვა ფირფიტებმა მოჰფინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნაბონიდი ზოგჯერ წლობით არ იმყოფებოდა ბაბილონში. ფირფიტები იმასაც იუწყებოდა, რომ ნაბონიდი თავისი არყოფნის პერიოდში „მეფობას გადასცემდა ხოლმე“ უფროს ვაჟს (ბელშაცარს). ამ დროს ბელშაცარი, ფაქტობრივად, მეფე — მამის თანამმართველი — იყოb.
9. ა) რა გაგებით უწოდა დანიელმა ბელშაცარს ნაბუქოდონოსორის ვაჟი? ბ) რატომ არ შეეფერება სინამდვილეს კრიტიკოსთა მტკიცება, რომ დანიელის წიგნში არც კი ჩანს ოდესმე თუ უცხოვრია ნაბონიდს?
9 უკმაყოფილო კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბიბლიაში ბელშაცარი არა ნაბონიდის, არამედ ნაბუქოდონოსორის ძედ არის მოხსენიებული, და რომ დანიელის წიგნში არც კი ჩანს, ოდესმე თუ უცხოვრია ნაბონიდს. მაგრამ საფუძვლიანი გამოკვლევით ორივე საკითხს ნათელი ეფინება. როგორც ჩანს, ნაბონიდი ნაბუქოდონოსორის ქალიშვილზე დაქორწინდა. ასე რომ, ბელშაცარი ნაბუქოდონოსორის შვილიშვილი იყო. არც ებრაულ და არც არამეულ ენაში არ არსებობს სიტყვები „პაპა“ და „შვილიშვილი“; სიტყვა „ძე“ ანუ „ვაჟი“ შეიძლება ნიშნავდეს „შვილიშვილს“ ან „შთამომავალსაც“ კი (შეადარეთ მათე 1:1). გარდა ამისა, ბიბლიიდანაც შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ ბელშაცარი ნაბონიდის შვილი იყო. კედელზე სასწაულით გაჩენილი წარწერით შეშინებული და სასოწარკვეთილი ბელშაცარი ქვეყანაში მესამე ადგილს დაჰპირდა ნებისმიერს, ვინც მის მნიშვნელობას ამოხსნიდა (დანიელი 5:7). რატომ მესამეს და არა მეორეს? აქედან ჩანს, რომ პირველი და მეორე ადგილები უკვე დაკავებული იყო. ცხადია, პირველი და მეორე კაცები ქვეყანაში ნაბონიდი და ბელშაცარი იყვნენ.
10. რატომ გვაწვდის დანიელი ბაბილონის სამეფოს შესახებ უფრო მეტ ცნობას, ვიდრე ძველი დროის ისტორიკოსები?
10 ასე რომ, ბელშაცარის მოხსენიებით დანიელი არ ‘ამახინჯებს’ ფაქტებს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის ისტორიას არ წერდა, მან ძველი დროის ცნობილ ისტორიკოსებზე — ჰეროდოტეზე, ქსენოფონტსა და ბეროსე ბაბილონელზე — მეტი ცნობა მოგვაწოდა ამ სამეფოს შესახებ. როგორ შეძლო დანიელმა იმ ფაქტების აღწერა, რომლებიც ამ ისტორიკოსებს არ აღუწერიათ? ის ბაბილონში იმყოფებოდა. დანიელის წიგნი ფაქტების თვითმხილველმა დაწერა და არა საუკუნეების შემდგომ მცხოვრებმა თვითმარქვიამ.
ვინ იყო დარიოს მიდიელი?
11. ვინ იყო დარიოს მიდიელი დანიელის წიგნის თანახმად, მაგრამ რა არის მის შესახებ ნათქვამი „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“?
11 დანიელის წიგნის თანახმად, ბაბილონის დაცემის შემდეგ ქვეყანაში „დარიოს მიდიელი“ გამეფდა (დანიელი 6:1). დარიოს მიდიელი ამ სახელით არსად მოიხსენიება ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებში. ამიტომაც „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ ამტკიცებს, რომ ის „გამოგონილი პერსონაჟია“.
12. ა) რატომ მართებთ კრიტიკოსებს სიფრთხილე, ვიდრე კატეგორიულად უარყოფენ დარიოს მიდიელის არსებობას? ბ) რა მოსაზრება არსებობს დარიოს მიდიელის ვინაობასთან დაკავშირებით და რა ადასტურებს ამას?
12 ზოგი მეცნიერი უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს. კრიტიკოსები ხომ ბელშაცარსაც „გამოგონილ პერსონაჟად“ თვლიდნენ. დარიოსის საკითხსაც, უეჭველად, მსგავსადვე მოეფინება ნათელი. ლურსმული წარწერებიდან ცხადი გახდა, რომ სპარსეთის მეფე კიროსს ბაბილონის დაპყრობისთანავე არ ეწოდა „ბაბილონის მეფე“. ერთი მკვლევარის აზრით, «ის, ვინც „ბაბილონის მეფედ“ იწოდებოდა, კიროსის ქვეშევრდომი იყო და არა თვით კიროსი». რამდენად დასაშვებია, რომ დარიოსი ბაბილონის მმართველად დანიშნული ერთ-ერთი მიდიელი წარჩინებულის სამეფო სახელი ყოფილიყო? ზოგი მკვლევარის აზრით, დასაშვებია, რომ დარიოსი გუბარუს სწოდებოდა. კიროსმა ბაბილონის გამგებლად დააყენა გუბარუ, რომელიც, ისტორიული ცნობების თანახმად, დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. ერთ ლურსმულ წარწერაში ნათქვამია, რომ მან ქვეყანაში მმართველები დანიშნა. დანიელიც აღნიშნავს, რომ დარიოსმა ბაბილონის სამეფოში 120 სატრაპი დააყენა (დანიელი 6:1, ძველი აღთქმის ორტომეული, 1884).
13. რით შეიძლება აიხსნას, რომ დანიელის წიგნში მოხსენიებულია დარიოს მიდიელი, მაშინ როდესაც ისტორიულ წყაროებში არსად არის ნახსენები მისი სახელი?
13 შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ამ მეფის შესახებ უფრო მეტი რამ გახდეს ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, არქეოლოგიური მონაპოვრის სიმცირე საკმარისი მიზეზი არ არის, რომ დარიოსი „გამოგონილ პერსონაჟად“ იყოს მიჩნეული, და არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დანიელის წიგნს სიცრუე ეწოდოს. უფრო გონივრულია, დანიელის ცნობა იმ თვითმხილველის ნაამბობად ჩავთვალოთ, რომელიც დღემდე შემონახულ ისტორიულ ჩანაწერებზე ბევრად მეტ ინფორმაციას გვაწვდის.
იეჰოიაკიმის მეფობა
14. რატომ შეიძლება ითქვას, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს დანიელისა და იერემიას წიგნებს შორის მეფე იეჰოიაკიმის მეფობის წლებთან დაკავშირებით?
14 დანიელის 1:1-ში ვკითხულობთ: „იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას“. კრიტიკოსებმა არაზუსტად მიიჩნიეს ეს მუხლი, რადგანაც ის არ ეთანხმება იერემიას სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელი ნაბუქოდონოსორის მეფობის პირველი წელი იყო (იერემია 25:1; 46:2). ეწინააღმდეგება დანიელის სიტყვები იერემიას სიტყვებს? მეტი ინფორმაციის მიღებით საკითხს ნათელი ეფინება. პირველად, როდესაც ძვ. წ. 628 წელს ეგვიპტის ფარაონმა ნექომ იეჰოიაკიმი გაამეფა, ის, უბრალოდ, მარიონეტული მეფე გახდა. ეს მოხდა სამიოდე წლით ადრე, ვიდრე ძვ. წ. 624 წელს ბაბილონში ნაბუქოდონოსორი დაიკავებდა მამამისის ტახტს. მალე ამის შემდეგ, ძვ. წ. 620 წელს, ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო და იეჰოიაკიმი ბაბილონის ქვეშევრდომობაში მყოფ ვასალ მეფედ დანიშნა (მეოთხე მეფეთა 23:34; 24:1). ბაბილონში მცხოვრები იუდეველისთვის იეჰოიაკიმის მეფობის „მესამე წელი“ მისი, როგორც ბაბილონის მორჩილებაში მყოფი ვასალი მეფის, მესამე წელი იქნებოდა. დანიელი ამ თვალსაზრისით წერდა, იერემია კი — იერუსალიმში მცხოვრები იუდეველის თვალსაზრისით. ამიტომ იეჰოიაკიმის მეფობის წლებს ის ფარაონ ნექოს მიერ მისი გამეფებიდან ითვლიდა.
15. საიდან ჩანს, რომ უსაფუძვლოა კრიტიკოსების მოსაზრებები დანიელის 1:1-თან დაკავშირებით?
15 ამგვარად, ამ ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებით მხოლოდ ის მტკიცდება, რომ დანიელმა თავისი წიგნი ბაბილონის ტყვეობაში დაწერა. მაგრამ სხვა მხრივაც ჩანს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკოსები არ არიან მართლები. დანიელის წიგნის მწერალს ჰქონდა იერემიას წიგნი და იყენებდა კიდეც მას (დანიელი 9:2). თუ წიგნის მწერალი, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ჭკვიანი თაღლითი იყო, გარისკავდა კი ის, რომ თავისი წიგნის პირველსავე მუხლში იერემიას ასეთი აღიარებული წიგნის საწინააღმდეგო რამ ეთქვა? რასაკვირველია, არა!
უმნიშვნელოვანესი ფაქტები
16, 17. როგორ უჭერს მხარს არქეოლოგიური აღმოჩენები დანიელის ცნობას, რომ: ა) ნაბუქოდონოსორმა აღმართა კერპი, რომლისთვისაც მთელ ხალხს უნდა ეცა თაყვანი? ბ) ნაბუქოდონოსორი ტრაბახობდა ბაბილონში თავისი სამშენებლო პროექტებით?
16 ახლა კი იმ ფაქტებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც შეიძლება წიგნის სასარგებლოდ იქნეს მოყვანილი. დანიელის წიგნიდან განვიხილოთ იმის დამამტკიცებელი რამდენიმე ფაქტი, რომ მწერალი თავისი დროის ისტორიას აღწერდა.
17 ძველი ბაბილონის შესახებ დანიელისთვის მრავალი წვრილმანია ცნობილი, რაც მისი წიგნის უტყუარობაზე მეტყველებს. მაგალითად, დანიელის მე-3 თავის 1—6 მუხლებში მოთხრობილია, რომ მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა უზარმაზარი კერპი, რომლისთვისაც მთელ ხალხს თაყვანი უნდა ეცა. არქეოლოგებიც ადასტურებენ, რომ ეს მეფე ცდილობდა, ხალხი უფრო მეტად ჩაება ეროვნულ და რელიგიურ საქმეებში. გარდა ამისა, დანიელი გვატყობინებს, რომ ნაბუქოდონოსორი ტრაბახობდა თავის მიერ აშენებული ნაგებობებით (დანიელი 4:27). არქეოლოგებმა მხოლოდ ჩვენს დროში დაამტკიცეს, რომ ბაბილონის მშენებლობაში, მართლაც, ნაბუქოდონოსორს მიუძღვის დიდი წვლილი. რაც შეეხება ტრაბახს, გასაკვირია, მაგრამ ნაბუქოდონოსორს თითოეულ აგურზე ჰქონდა ამოკვეთილი თავისი სახელი! კრიტიკოსები ვერანაირად ხსნიან, საიდან უნდა სცოდნოდა, მათი ვარაუდით, მაკაბელთა დროს (ძვ. წ. 167—163 წლები) მცხოვრებ თაღლით მწერალს ამ სამშენებლო პროექტების შესახებ შენობების აგებიდან თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ და დიდი ხნით ადრე, ვიდრე არქეოლოგები შეიტყობდნენ მათ შესახებ.
18. როგორ მტკიცდება დასჯის ბაბილონური და სპარსული მეთოდების შესახებ დანიელის ცნობის უტყუარობა?
18 დანიელის წიგნში ასევე კარგად ჩანს ბაბილონის კანონებსა და მიდია-სპარსეთის კანონებს შორის ზოგიერთი ძირითადი განსხვავება. მაგალითად, ბაბილონის კანონის მიხედვით, მეფის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო დანიელის სამი მეგობარი გახურებულ ღუმელში ჩაყარეს, თვითონ დანიელი კი წლების შემდეგ ლომების ხაროში ჩააგდეს, როდესაც მან უარი განაცხადა სპარსეთის იმ კანონისადმი მორჩილებაზე, რომლის შესრულების ნებასაც სინდისი არ რთავდა (დანიელი 3:6; 6:7—9). ზოგი კრიტიკოსი ცდილობდა, ლეგენდად შეერაცხა გახურებულ ღუმელთან დაკავშირებული ამბავი, მაგრამ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველბაბილონური წარწერა, სადაც დასჯის ეს მეთოდია მოხსენიებული. მიდიელები და სპარსელები ცეცხლს თაყვანს სცემდნენ. ამიტომ ისინი დასჯის სხვა საშინელ მეთოდებს მიმართავდნენ. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ლომების ხაროში ჩაგდება ყოფილიყო.
19. რა განსხვავებას ცხადყოფს დანიელის წიგნი ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის კანონებთან დაკავშირებით?
19 აღსანიშნავია სხვა განსხვავებაც. დანიელის წიგნიდან ჩანს, რომ ნაბუქოდონოსორს შეეძლო სურვილისამებრ შემოეღო და შეეცვალა კანონები, დარიოსს კი არ შეეძლო „მიდიელთა და სპარსელთა კანონის“ შეცვლა, მაშინაც კი, როცა თვითონვე ჰქონდა ის შემოღებული! (დანიელი 2:5, 6, 24, 46—49; 3:10, 11, 96; 6:13—17). ისტორიკოსი ჯონ ს. უიტკომი წერს: „ძველი ისტორია ადასტურებს იმ განსხვავებას, რომ ბაბილონში მეფეს ჰქონდა ძალაუფლება კანონზე, ხოლო მიდია-სპარსეთში კანონი ბატონობდა მეფეზე“.
20. ბაბილონური წეს-ჩვეულებების რა წვრილმანების ცოდნას ამჟღავნებს დანიელი ბელშაცარის ლხინის აღწერისას?
20 დანიელის მე-5 თავი, რომელშიც მეფე ბელშაცარის ლხინის შესახებ არის მოთხრობილი, მრავალი წვრილმანის შესახებ იტყობინება. როგორც ჩანს, ხალხი არხეინად ქეიფობდა და ღვინოს შეექცეოდა, რადგან დანიელს ღვინო რამდენჯერმე აქვს მოხსენიებული (დანიელი 5:1, 2, 4). მართლაც, ნადიმის თემაზე შექმნილ უძველეს რელიეფებზე ძირითადად ღვინის სმის სცენებია გამოსახული. როგორც ჩანს, ღვინო ლხინის განუყოფელი ნაწილი იყო. დანიელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ნადიმს ქალებიც — მეფის ცოლები და ხარჭებიც — ესწრებოდნენ (დანიელი 5:3, 23). არქეოლოგებიც ადასტურებენ ბაბილონური ლხინის ამ თავისებურებას. მაკაბელთა დროს მცხოვრები ებრაელებისა და ბერძნებისთვის კი ყოვლად დაუშვებელი იყო, რომ ლხინში კაცებს ქალებიც თან ჰყოლოდათ. შესაძლებელია, ამიტომაც არ არიან ეს ქალები მოხსენიებული დანიელის წიგნის ბერძნული სეპტუაგინტის სახელწოდებით ცნობილ უძველეს თარგმანშიc. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, დანიელის წიგნის მწერალი იმავე ელინურ (ბერძნულ) კულტურაში და შეიძლება იმავე პერიოდშიც კი ცხოვრობდა, როდესაც სეპტუაგინტა შეიქმნა.
21. რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია იქიდან, რომ დანიელმა ზუსტად აღწერა ბაბილონის ტყვეობის პერიოდი და იმდროინდელი წეს-ჩვეულებები?
21 ამ ფაქტების მხედველობაში მიღებით, ნაკლებად დამაჯერებელია ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ სიტყვები, რომ თითქოს დანიელის წიგნის მწერალს მხოლოდ „ზერელე და მცდარი“ წარმოდგენა ჰქონდა ბაბილონის ტყვეობის პერიოდის შესახებ. საიდან უნდა სცოდნოდა ასე ზუსტად ბაბილონური და სპარსული წეს-ჩვეულებები საუკუნეების შემდგომ მცხოვრებ თვითმარქვიას? ნურც ის გამოგრჩებათ მხედველობიდან, რომ ორივე სამეფო ძვ. წ. II საუკუნემდე დიდი ხნით ადრე დაეცა. იმ დროში კი არც არქეოლოგია იყო განვითარებული და ვერც ებრაელები დაიკვეხნიდნენ უცხო ხალხთა კულტურისა და ისტორიის ცოდნით. მხოლოდ წინასწარმეტყველ დანიელს, აღწერილ დროში მცხოვრებსა და მოვლენების თვითმხილველს, შეეძლო დაეწერა ბიბლიის ეს წიგნი, რომელიც მისი სახელით იწოდება.
მტკიცდება სხვა ფაქტორებით, რომ დანიელი ცრუობდა?
22. რა აზრს გამოთქვამენ კრიტიკოსები იმასთან დაკავშირებით, რომ დანიელის წიგნი ებრაული წერილების კანონში „წერილებს“ მიეკუთვნება?
22 ხშირად კრიტიკოსებს დანიელის წიგნის საწინააღმდეგოდ ისიც მოჰყავთ, რა კატეგორიის წიგნად არის აღიარებული ის ებრაული წერილების კანონში. ძველი დროის რაბინებმა ებრაული წერილები სამ ნაწილად დაყვეს: „რჯული“, „წინასწარმეტყველთა“ და „წერილები“. მათ დანიელის წიგნი არა „წინასწარმეტყველთ“, არამედ „წერილებს“ მიაკუთვნეს. კრიტიკოსების მტკიცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დანიელის წიგნი არ არსებობდა იმ დროს, როდესაც სხვა წინასწარმეტყველებებს მოუყარეს თავი. მათი აზრით, დანიელის წიგნი „წერილებს“ შორის იმის გამო მოხვდა, რომ ისინი მოგვიანებით შეკრიბეს.
23. რა თვალსაზრისი ჰქონდათ ძველი დროის იუდეველებს დანიელის წიგნზე და საიდან ვიცით ეს?
23 თუმცა ბიბლიის ყველა მკვლევარი არ ფიქრობს, რომ რაბინები ასე მკაცრად ყოფდნენ კანონიკურ წიგნებს ან რომ დანიელის წიგნს წინასწარმეტყველებად არ თვლიდნენ. თუნდაც რაბინებს „წერილებისთვის“ მიეკუთვნებინათ დანიელის წიგნი, დამტკიცდებოდა ამით, რომ ის მოგვიანებით იყო შექმნილი? არა. ცნობილ მეცნიერებს მრავალი დასაშვები მიზეზი მოჰყავთ, რის გამოც შეიძლებოდა რაბინებს დანიელის წიგნი წინასწარმეტყველებებისთვის არ მიეკუთვნებინათ. შესაძლებელია, მათ ეს წიგნი არ მოსწონდათ ან დანიელს სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებულად თვლიდნენ, რადგანაც ის უცხო ქვეყნის სამსახურში იყო ჩამდგარი. როგორც უნდა ყოფილიყო, მთავარი ის არის, რომ ძველი დროის იუდეველები აფასებდნენ და კანონიკურად მიიჩნევდნენ დანიელის წიგნს. გარდა ამისა, არსებობს მტკიცებები, რომ ებრაული წერილების კანონი ძვ. წ. II საუკუნემდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა. ამ კანონში არ შეუტანიათ მოგვიანებით, მათ შორის ძვ. წ. II საუკუნეში, შექმნილი წიგნები.
24. როგორ გამოიყენეს აპოკრიფული წიგნი „სიბრძნე ზირაქისა“ დანიელის წიგნის საწინააღმდეგოდ და რა ცხადყოფს, რომ ასეთი მსჯელობა აზრს მოკლებულია?
24 ალოგიკურია, რომ ერთ-ერთ ასეთ მოგვიანებით შექმნილ უარყოფილ წიგნსაც იყენებენ დანიელის წიგნის საწინააღმდეგოდ. ისუ ზირაქის ძის აპოკრიფული წიგნი „სიბრძნე ზირაქისა“, როგორც ვარაუდობენ, ძვ. წ. 180 წელს დაიწერა. კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს წიგნი მართალ კაცთა ვრცელ სიაში დანიელს არ იხსენიებს. მათი აზრით, დანიელი იმ დროისთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ეს აზრი მეცნიერთა შორის საყოველთაოდ აღიარებულია. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ წიგნში არც ეზრა და მარდოქაი არიან მოხსენიებული (ორივე მათგანს დიდ პატივს სცემდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობის შემდგომ პერიოდში), არც კარგი მეფე იოშაფატი; მსაჯულთაგან კი მასში მხოლოდ სამუელია ნახსენებიd. იმის გამო, რომ ეს კაცები არ არიან მოხსენიებული ამ არაკანონიკურ წიგნში, რომელიც არ ამტკიცებს, რომ მართალ ადამიანთა სრულ სიას გვაწვდის, უნდა მივიჩნიოთ ყველა მათგანი გამოგონილ პერსონაჟებად? ეს ნამდვილად ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა.
დანიელის სასარგებლოდ მოყვანილი ფაქტები
25. ა) როგორ ადასტურებს იოსებ ფლავიუსი დანიელის ცნობის უტყუარობას? ბ) როგორ შეესაბამება ისტორიას იოსებ ფლავიუსის ცნობა ალექსანდრე მაკედონელისა და დანიელის წიგნის შესახებ? (იხილეთ მეორე სქოლიო). გ) როგორ ადასტურებს ენათმეცნიერება დანიელის წიგნის უტყუარობას? (იხილეთ გვერდი 26).
25 ახლა ისევ ფაქტებს დავუბრუნდეთ. აღსანიშნავია, რომ ებრაული წერილებიდან არც ერთი წიგნის სიტყვების უტყუარობა არ არის ისე დადასტურებული, როგორც დანიელის წიგნისა. მაგალითად, მის უტყუარობას ადასტურებს ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ის წერს, რომ ძვ. წ. IV საუკუნეში, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა და იერუსალიმშიც შევიდა, მღვდლებმა მას დანიელის წიგნი უჩვენეს. ალექსანდრემ დაასკვნა, რომ დანიელის წინასწარმეტყველური სიტყვები მის ომებს, მათ შორის სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლებსაც, ეხებოდაe. ეს ყოველივე კი დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე, კრიტიკოსთა მტკიცებით, თვითმარქვია მწერალი დანიელის წიგნს დაწერდა. რაღა თქმა უნდა, კრიტიკოსებმა ამ ცნობის გამო იოსებ ფლავიუსის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. ისინი ფლავიუსის იმ სიტყვებსაც უარყოფენ, რომ დანიელის ზოგი წინასწარმეტყველება შესრულდა. თუმცა ისტორიკოსმა ჯოზეფ დ. უილსონმა აღნიშნა, რომ „ამ საკითხის შესახებ [იოსებ ფლავიუსმა] შეიძლება მთელი მსოფლიოს კრიტიკოსებზე მეტი იცოდა“.
26. როგორ დაადასტურა მკვდარი ზღვის ხელნაწერებმა დანიელის წიგნის უტყუარობა?
26 დანიელის წიგნის უტყუარობა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ისრაელში, კუმრანის გამოქვაბულებში, მკვდარი ზღვის ხელნაწერები იქნა აღმოჩენილი. 1952 წელს ნაპოვნ ამ ხელნაწერებს შორის დანიელის წიგნის საოცრად ბევრი გრაგნილი და ფრაგმენტი იყო. უძველესი ხელნაწერი ძვ. წ. II საუკუნის ბოლო წლებით დათარიღდა. როგორც ჩანს, იმ დროს დანიელის წიგნი უკვე კარგად ცნობილი და აღიარებული იყო. „ზონდერვანის ილუსტრირებული ბიბლიური ენციკლოპედიის“ (Zondervan Pictorial Encyclopedia of the Bible) თანახმად, „შეუძლებელია, დანიელის წიგნი მაკაბელთა დროით დათარიღდეს, რადგან მისი დაწერიდან საკმარისი დრო არ იქნებოდა გასული, რომ მაკაბელთა სექტის ბიბლიოთეკაში უკვე ასლები ჰქონოდათ“.
27. რომელი უძველესი ცნობა ამტკიცებს, რომ დანიელი ნამდვილად ცხოვრობდა და კარგად იყო ცნობილი ბაბილონში იუდეველთა ტყვეობის დროს?
27 გარდა ამისა, არსებობს უძველესი წყარო, რომელიც უფრო მტკიცე საფუძველს გვაძლევს დანიელის წიგნის უტყუარობის დასამტკიცებლად. წინასწარმეტყველი ეზეკიელი დანიელის თანამედროვე იყო. ისიც ბაბილონში იუდეველთა ტყვეობის დროს წინასწარმეტყველებდა. ეზეკიელის წიგნში დანიელი რამდენიმეჯერ არის მოხსენიებული (ეზეკიელი 14:14, 20; 28:3). აქედან კარგად ჩანს, რომ დანიელი სიცოცხლეშივე, ძვ. წ. VI საუკუნეშივე, ცნობილი იყო როგორც მართალი და ბრძენი კაცი, რომელიც იმსახურებდა ღვთისმოშიშ ნოესა და იობთან ერთად მოხსენიებას.
უდიდესი მოწმე
28, 29. ა) რა ამტკიცებს ყველაზე მეტად დანიელის წიგნის უტყუარობას? ბ) რატომ შეგვიძლია ვირწმუნოთ დანიელის წიგნის უტყუარობა იესოს სიტყვების საფუძველზე?
28 ბოლოს, განვიხილოთ დანიელის წიგნის უტყუარობის უდიდესი მოწმის — თვით იესო ქრისტეს — სიტყვები. უკანასკნელ დღეებზე ლაპარაკისას იესო იხსენიებს „წინასწარმეტყველ დანიელსა“ და მის წინასწარმეტყველებას (მათე 24:15; დანიელი 11:31; 12:11).
29 დანიელის წიგნის მაკაბელთა დროით დათარიღების შესახებ კრიტიკოსთა მტკიცებები რომ სინამდვილედ მიგვეჩნია, ორიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეგვეძლებოდა — იესო ან თვითმარქვია მწერლის სიცრუის მსხვერპლი იყო, ან მას მხოლოდ მიაწერდნენ მათეს სახარებაში მოყვანილ სიტყვებს; ამგვარი ვარაუდი კი ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა. თუ უნდობლობას გამოვავლენდით მათეს სახარების მიმართ, როგორღა გამოვავლენდით ნდობას ბიბლიის სხვა წიგნების მიმართ? მათეს სახარებაში მოყვანილი ამ სიტყვების უგულებელყოფის შემდეგ ბიბლიის სხვა რომელი სიტყვების უგულებელყოფა მოგვიწევდა? მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად . . . გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16). თუ დანიელი თაღლითი იყო, მაშინ პავლეც თაღლითი გამოდის! შესაძლებელია თუ არა, რომ იესო სიცრუის მსხვერპლი გამხდარიყო? რასაკვირველია, არა. ის ზეცაში ცხოვრობდა, როდესაც დანიელის წიგნი იწერებოდა. იესომ თქვა: „სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“ (იოანე 8:58). მას ოდესმე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად შეუძლია გვიპასუხოს, უტყუარია თუ არა დანიელის წიგნი. მაგრამ შეკითხვა საჭირო არ არის. როგორც დავინახეთ, მისი თვალსაზრისი სრულიად ნათელია.
30. კიდევ რით დაადასტურა იესომ დანიელის წიგნის უტყუარობა?
30 იესომ მონათვლითაც დაადასტურა დანიელის წიგნის უტყუარობა. მონათვლისას ის გახდა მესია, რითაც შესრულდა დანიელის წინასწარმეტყველება წლებისგან შემდგარი 69 შვიდეულის შესახებ (დანიელი 9:25, 26; იხილეთ ამ წიგნის მეთერთმეტე თავი). დანიელის წიგნის მწერალს მოგვიანებითაც რომ ეცხოვრა, მან 200 წლით ადრე მაინც იცოდა, რა უნდა მომხდარიყო მომავალში. რასაკვირველია, ღმერთი მომავლის მოვლენებს არ გაუმჟღავნებდა ისეთ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტებას ცრუ სახელით იწინასწარმეტყველებდა. დიახ, ღვთის ერთგულ მსახურებს მთელი გულით სწამთ, რომ იესომ დაადასტურა დანიელის წიგნის უტყუარობა. მთელი მსოფლიოს მკვლევარებსა და კრიტიკოსებს დანიელის წიგნი ერთხმადაც რომ გამოეცხადებინათ სიცრუედ, იესოს სიტყვები და მოქმედება ამხელდა მათ, რადგანაც იესო ‘სარწმუნო და ჭეშმარიტი მოწმეა’ (გამოცხადება 3:14, სსგ).
31. რატომ არ არის ბიბლიის მრავალი კრიტიკოსისთვის საკმარისი დანიელის წიგნის უტყუარობის დამამტკიცებელი საბუთები?
31 მრავალი კრიტიკოსისთვის ეს მტკიცებებიც კი არ არის საკმარისი. ამ საკითხების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ იბადება კითხვა: იქნება თუ არა ოდესმე მათთვის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები? ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა დაწერა: „ვერაფერს შეცვლის წინააღმდეგობებზე პასუხის გაცემა, სანამ არსებობს წინასწარ შექმნილი აზრი, რომ ღვთის შთაგონებით მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია“. ასე რომ, მათ წინასწარ შექმნილი აზრი აბრმავებს. თუმცა ეს მხოლოდ მათი პირადი საქმეა და თვითონვე არიან პასუხისმგებლები.
32. რის შესაძლებლობას გვაძლევს დანიელის წიგნის გამოკვლევა?
32 თქვენ რას ფიქრობთ? თუ დარწმუნდით, რომ დანიელის წიგნის უტყუარობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ დანიელის წინასწარმეტყველება და მრავალი სიახლე შეიტყოთ. უდავოდ აღგაფრთოვანებთ მასში მოცემული ამბები და წინასწარმეტყველებები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, თითოეული თავის განხილვა ღვთისადმი რწმენას გაგიძლიერებთ. არასდროს ინანებთ, რომ უყურადღებოდ არ დატოვეთ დანიელის წინასწარმეტყველება.
[სქოლიოები]
a ზოგმა კრიტიკოსმა დანიელის წიგნს სიცრუის შედარებით შერბილებული ბრალდება წაუყენა, რომ თითქოს მწერალმა წიგნი დანიელის ფსევდონიმით დაწერა, როგორც ზოგი არაკანონიკური წიგნი დაიწერა ფსევდონიმებით. მაგრამ, ბიბლიის კრიტიკოს ფერდინანდ ჰიციგის აზრით, „თუ დანიელის წიგნი ვინმე სხვა [მწერალს] ეკუთვნის, სრულიად სხვაგვარად დგას საკითხი. ამ შემთხვევაში ის გამოდის სიცრუით სავსე წიგნი, რომლის ავტორსაც განზრახული ჰქონდა მკითხველის მოტყუება, თუმცა ამით მკითხველისთვის მხოლოდ სიკეთის გაკეთება სურდა“.
b ნაბონიდი ბაბილონში არ იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დაეცა. ამგვარად, ბელშაცარი მართებულად არის ბიბლიაში მოხსენიებული როგორც იმ დროს მმართველი მეფე. კრიტიკოსები თავიანთ მოსაზრებებს იმითაც ამართლებენ, რომ ისტორიულ წყაროებში ბელშაცარი მეფედ არსად არის მოხსენიებული. მაგრამ მაგალითები ცხადყოფს, რომ ძველ დროში ხალხს შეიძლებოდა ნებისმიერი მმართველისთვის ეწოდებინა მეფე.
c ჰებრაისტი კ. ფ. კილი დანიელის 5:3-ის შესახებ წერს: „სეპტუაგინტაში, როგორც ამ მუხლში, ისე 23-ე მუხლში, ქალები არ არიან მოხსენიებული, რათა ეს მუხლები შეთანხმებული ყოფილიყო მაკედონელთა, ბერძენთა და რომაელთა ჩვეულებებთან“.
d ამ წიგნისგან განსხვავებით, მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთათვის მიწერილ ღვთივსულიერ წერილში, მე-11 თავში, სადაც ღვთის ერთგულ კაცებსა და ქალებზეა ლაპარაკი, მოხსენიებულია დანიელის წიგნში მოთხრობილი ამბები (დანიელი 6:17—25; ებრაელთა 11:32, 33). მაგრამ არც მოციქულ პავლეს სიაა ამომწურავი. პავლეს არ მოუხსენიებია ღვთის მრავალი ერთგული მსახური, მაგალითად: ესაია, იერემია და ეზეკიელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არასდროს უცხოვრიათ.
e ზოგი ისტორიკოსის აზრით, ამით აიხსნება, რატომ გამოიჩინა ალექსანდრე მაკედონელმა გულმოწყალება იუდეველების მიმართ, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე სპარსელებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ ლაშქრობისას ალექსანდრე მაკედონელი ანადგურებდა ყველას, ვინც კი სპარსეთთან მეგობრობდა.
როგორ უპასუხებდით?
• რაში სდებენ ბრალს დანიელის წიგნს?
• რატომ არის კრიტიკოსების მიერ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო?
• რა ფაქტები ადასტურებს დანიელის ცნობის უტყუარობას?
• ყველაზე მეტად რა ამტკიცებს, რომ დანიელის წიგნი უტყუარია?
[ჩარჩო 26 გვერდზე]
ენის საკითხი
დანიელის წიგნი დაახლოებით ძვ. წ. 536 წლისთვის დაიწერა. წიგნი ებრაულ და არამეულ ენებზეა დაწერილი და მასში რამდენიმე ბერძნული და სპარსული სიტყვაა გამოყენებული. მართალია, ენების ამგვარი შერევა უჩვეულოა, მაგრამ ამ მხრივ დანიელის წიგნი ბიბლიის წიგნებს შორის გამონაკლისი არ არის. ბიბლიის წიგნი „ეზრაც“ ებრაულ და არამეულ ენებზეა დაწერილი. მაგრამ, ზოგი კრიტიკოსის აზრით, დანიელის წიგნის მწერალს ეს ენები ისე აქვს გამოყენებული, რომ მას წიგნი ძვ. წ. 536 წელზე გვიან უნდა დაეწერა. ხშირად მოჰყავთ ერთი კრიტიკოსის სიტყვები, რომ დანიელის წიგნში ბერძნული სიტყვების გამოყენება წიგნის უფრო გვიანი პერიოდით დათარიღებას მოითხოვს. კრიტიკოსის მტკიცებით, წიგნში გამოყენებული ებრაული მხარს უჭერს, ხოლო არამეული უშვებს მაინც იმ აზრს, რომ დანიელის წიგნი მოგვიანებით — შესაძლებელია, ძვ. წ. II საუკუნეშიც კი — შეიქმნა.
მაგრამ ამ აზრს ყველა ენათმეცნიერი როდი ეთანხმება. ზოგი მეცნიერის აზრით, დანიელის წიგნის ებრაული ეზეკიელისა და ეზრას წიგნების ებრაულის მსგავსია და განსხვავდება მოგვიანებით შექმნილ აპოკრიფულ წიგნებში, მაგალითად წიგნში „სიბრძნე ზირაქისა“, გამოყენებული ებრაულისგან. რაც შეეხება დანიელის წიგნში გამოყენებულ არამეულს, შეგვიძლია წიგნი მკვდარი ზღვის ხელნაწერებს შორის აღმოჩენილ ორ დოკუმენტს შევადაროთ. ეს დოკუმენტები არამეულ ენაზეა დაწერილი და ძვ. წ. II და I საუკუნეებშია შედგენილი — მცირე ხანში მას შემდეგ, რაც, კრიტიკოსების აზრით, თვითმარქვია მწერალმა დანიელის წიგნი დაწერა. მაგრამ მეცნიერებმა შენიშნეს, რომ უდიდესი განსხვავებაა ამ დოკუმენტების არამეულსა და დანიელის არამეულს შორის. ამიტომ, ზოგი მეცნიერის აზრით, დანიელის წიგნი საუკუნეებით ადრე უნდა დაწერილიყო, ვიდრე მას კრიტიკოსები ათარიღებენ.
რა შეიძლება ითქვას დანიელის წიგნში არსებულ „პრობლემატურ“ ბერძნულ სიტყვებზე? საინტერესოა, რომ ზოგი მათგანი არა ბერძნული, არამედ სპარსული აღმოჩნდა! მხოლოდ სამი სიტყვა, რომლებსაც ბერძნულად თვლიან, სამი მუსიკალური ინსტრუმენტის სახელწოდებაა. ნამდვილად მოითხოვს ეს სამი სიტყვა დანიელის წიგნის შემდგომი საუკუნეებით დათარიღებას? არა. არქეოლოგები ადასტურებენ, რომ ბერძნულ კულტურას დიდი გავლენა ჰქონდა საუკუნეებით ადრეც, ვიდრე საბერძნეთი მსოფლიო მპყრობელი გახდებოდა. გარდა ამისა, დანიელის წიგნი რომ ძვ. წ. II საუკუნეში ყოფილიყო დაწერილი, როდესაც ბერძნული კულტურა და ენა იყო გაბატონებული, იქნებოდა მასში გამოყენებული მხოლოდ სამი ბერძნული სიტყვა? ნაკლებად დასაშვებია. ამ შემთხვევაში მასში, ალბათ, ბევრად უფრო მეტი ბერძნული სიტყვა შეგვხვდებოდა. ასე რომ, ენათმეცნიერება დანიელის წიგნის უტყუარობას ადასტურებს.
[მთელი 12 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათები 20 გვერდზე]
(ზემოთ) ეს წარწერა გვაუწყებს, რომ ნაბუქოდონოსორი თავის მიერ აშენებული ნაგებობებით ტრაბახობდა.
(ქვემოთ) ბაბილონის ტაძრის ცილინდრის წარწერაზე მეფე ნაბონიდი და მისი ძე ბელშაცარი არიან მოხსენიებული.
[სურათი 21 გვერდზე]
„ნაბონიდის ქრონიკის“ თანახმად, კიროსის ჯარმა უბრძოლველად აიღო ბაბილონი.
[სურათები 22 გვერდზე]
(მარჯვნივ) „ნაბონიდის პოემა“ გვაუწყებს, რომ ნაბონიდს სამეფოს მმართველად თავისი უფროსი ვაჟი ჰყავდა დაყენებული.
(მარცხნივ) ბაბილონური ცნობა, რომელიც ნაბუქოდონოსორის მიერ იუდეის დაპყრობას გვაუწყებს.