იცოდით თუ არა?
როგორ იფარებოდა მსახურების ხარჯები იერუსალიმში, იეჰოვას ტაძარში, რომელსაც მღვდლები და ლევიანები ეწეოდნენ?
▪ ტაძარში ამა თუ იმ მსახურების ხარჯები გადასახადებით იფარებოდა, უმთავრესად კი მეათედის გაღებით, რომლის გადახდაც სავალდებულო იყო. თუმცა ხარჯები სხვა გადასახადებითაც იფარებოდა. მაგალითად, კარვის მშენებლობის დროს იეჰოვამ მოსეს დაავალა, რომ თითოეულ აღრიცხულ ისრაელს „იეჰოვასთვის შესაწირავის“ სახით ნახევარი ვერცხლის შეკელი გაეღო (გამოსვლა 30:12—16).
როგორც ჩანს, თითოეული იუდეველისთვის ტრადიციად იქცა ამ დადგენილი თანხის გადახდა, როგორც ტაძრის ყოველწლიური გადასახადი. ეს სწორედ ის გადასახადი იყო, რომლის გადახდაც იესომ პეტრეს დაავალა — პეტრე უნდა წასულიყო და თევზის პირიდან ამოღებული მონეტით გადაეხადა გადასახადი (მათე 17:24—27).
რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა იერუსალიმში აღმოაჩინეს ორი ტიპის ვერცხლის მონეტა, რომლითაც ტაძრის გადასახადს იხდიდნენ. ერთი მონეტა, რომელიც ახ. წ. 22 წელს არის ტვიროსში მოჭრილი, აღმოჩენილ იქნა პირველ საუკუნეში გაყვანილ საკანალიზაციო არხში. ამ მონეტის ერთ მხარეზე გამოსახულია ტვიროსის მთავარი ღვთაება, მელკარტი ანუ ბაალი, მეორე მხარეს კი — არწივი, რომელიც გემის კიჩოზე ზის. ხოლო მეორე მონეტა, რომელიც ტაძრის მთაზე, ნანგრევებში იქნა აღმოჩენილი, თარიღდება ახ. წ. 66-67 წლით ანუ იმ პერიოდით, როცა იუდეველები პირველად აჯანყდნენ რომაელთა წინააღმდეგ. მასზე გამოსახულია თასი და ბროწეულის სამი კვირტი; ასევე ამოტვიფრულია წარწერა „ნახევარი შეკელი“ და „წმინდა იერუსალიმი“. ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით პროფესორი გაბრიელ ბარქეი ამბობს, რომ მონეტებზე „ცეცხლის კვალი შეიმჩნევა და დიდია ალბათობა, რომ ეს იმ ცეცხლის კვალია, რომელმაც ახ. წ. 70 წელს მეორე ტაძარი გაანადგურა“.
რამდენად შთამბეჭდავი იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული ნაგებობები?
▪ ბიბლიის წიგნ „დანიელში“ ნაბუქოდონოსორის სიტყვებს ვკითხულობთ: „ეს ის დიდი ბაბილონი არ არის, რომელიც მე თვითონ, ჩემი ძლევამოსილებით ავაშენე სამეფო სასახლედ და ჩემი სიდიადის განსადიდებლად?!“ (დანიელი 4:30). მართლა შთამბეჭდავი იყო ეს უძველესი ქალაქი?
ისტორიკოსები ნაბუქოდონოსორის სახელს უკავშირებენ ტაძრების, სასახლეებისა და ქალაქის კედლების მშენებლობას და საოცრად ლამაზი დაკიდული ბაღების გაშენებას. ბაბილონის ცენტრში მდებარე მთავარ ტაძარს ჰქონდა კოშკი, ანუ ზიქურათი, რომელიც, შესაძლოა, 70 მეტრზე მეტი სიმაღლის იყო. თუმცა, „[ნაბუქოდონოსორის] ყველაზე დიდ მიღწევად პროცესიების გზასა და იშთარის კარიბჭეს მიიჩნევენ“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Babylon—City of Wonders). პროცესიების გზას, რომელიც იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა, ორივე მხრიდან ლომების გამოსახულებები ამშვენებდა. ქალაქის მთავარ შესასვლელზე, იშთარის კარიბჭეზე, იმავე წიგნში ნათქვამია: „მუქ ლურჯად მომინანქრებული აგურით მოპირკეთებული კარიბჭე, რომელზეც ასობით ურჩხული და ხარი იყო გამოსახული, ქალაქის სტუმრებს ეგებებოდა და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე“.
XX საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა პროცესიების გზისა და იშთარის კარიბჭის ათასობით ფრაგმენტი აღმოაჩინეს და ბევრი მათგანის რეკონსტრუქცია მოახდინეს პერგამონის მუზეუმში (ბერლინი, გერმანია).
[სურათები 12 გვერდზე]
რეალური ზომა
[საავტორო უფლებები]
Top: Clara Emit, Courtesy of Israel Antiquities Authority; bottom: Zev Radovan
[სურათი 12 გვერდზე]
იშთარის აღდგენილი კარიბჭე