თავი მეექვსე
უზარმაზარი ხე — საიდუმლო გამჟღავნებულია
1. რა დაემართა მეფე ნაბუქოდონოსორს და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
იეჰოვამ დაუშვა, რომ ნაბუქოდონოსორი მსოფლიო მპყრობელი გამხდარიყო. ბაბილონის ეს მეფე დიდძალი სიმდიდრის პატრონი იყო, მდიდრულ სუფრას არ იკლებდა და დიდებულ სასახლეში ცხოვრობდა — ერთი სიტყვით, ყველაფერი ჰქონდა, რასაც კი მოისურვებდა. მაგრამ უეცრად ის ყველას თვალში დამცირდა, ჭკუაზე შეიშალა და მხეცივით დაიწყო ცხოვრება. სასახლიდან მოკვეთილმა მეფემ მინდვრად დაიდო ბინა, სადაც სამეფო სუფრის ნაცვლად ხარივით მხოლოდ ბალახი ჰქონდა საჭმელად. რატომ დაატყდა თავს ასეთი უბედურება? რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ ამბით? (შეადარეთ იობი 12:17—19; ეკლესიასტე 6:1, 2).
მეფე განადიდებს უზენაესს
2, 3. რა შეატყობინა ბაბილონის მეფემ თავის ქვეშევრდომებს და რა თქვა მაღალი ღმერთის შესახებ?
2 როდესაც ნაბუქოდონოსორს გონება დაუბრუნდა, მთელი სამეფოს მცხოვრებლებს შეატყობინა, რაც გადახდა თავს. იეჰოვამ აღძრა წინასწარმეტყველი დანიელი, ზუსტად აღეწერა ეს მოვლენები. მისი ცნობა შემდეგი სიტყვებით იწყება: „მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხს, ტომს, ენასა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ ასე უცხადებს: მშვიდობა გაგიმრავლდეთ! ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, მსურს გაცხადებულ იქნას. რაოდენ დიდია მისი ნიშნები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!“ (დანიელი 3:98—100).
3 ნაბუქოდონოსორის ქვეშევრდომები „მთელი დედამიწის ზურგზე“ ცხოვრობდნენ — ბიბლიაში მოხსენიებული ქვეყნების უმრავლესობა ბაბილონის სამეფოში შედიოდა. დანიელის ღმერთის შესახებ მეფემ განაცხადა: „მისი სამეფო სამარადისო სამეფოა“. ამ სიტყვებით იეჰოვა მთელ ბაბილონში განდიდდა. ეს უკვე მეორედ დაანახვა ღმერთმა ნაბუქოდონოსორს, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო იქნებოდა მარადიული და მხოლოდ ის იარსებებდა „უკუნისამდე“ (დანიელი 2:44).
4. რით დაიწყო „ნიშნებისა და სასწაულების“ მოხდენა ნაბუქოდონოსორთან დაკავშირებით?
4 რა „ნიშნები და სასწაულები“ მოახდინა „მაღალმა ღმერთმა“? ყოველივე იმით დაიწყო, რომ ნაბუქოდონოსორმა იხილა სიზმარი, რაც ბიბლიაში შემდეგნაირად არის აღწერილი: „მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე“ (დანიელი 4:1, 2). რა გააკეთა მან ამ ამაფორიაქებელი სიზმრის ნახვის შემდეგ?
5. როგორ პიროვნებად თვლიდა ნაბუქოდონოსორი დანიელს და რატომ?
5 ნაბუქოდონოსორმა მოიხმო ბაბილონის ბრძენკაცები და სიზმარი უამბო. მაგრამ ისინი ვერაფერს გახდნენ, ვერ შეძლეს სიზმრის ახსნა. „ბოლოს მოვიდა დანიელი, — ამბობს ნაბუქოდონოსორი, — რომელსაც ჩემი ღმერთის სახელის მსგავსად ბელტეშაცარი ჰქვია და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მასაც ვუამბე სიზმარი“ (დანიელი 4:3—5). დანიელს სამეფო კარზე ბელტეშაცარის სახელით იცნობდნენ, ხოლო ცრუ ღმერთი, რომელსაც მეფე ‘თავის ღმერთს’ უწოდებდა, ბელი, ნაბუ ან მარდუქი უნდა ყოფილიყო. ნაბუქოდონოსორი, როგორც პოლითეისტი, დანიელს ისეთ პიროვნებად თვლიდა, ვისშიც „წმიდა ღმერთების სული“ იყო. იმის გამო, რომ დანიელი ბაბილონის ყველა ბრძენკაცის მთავარი იყო, მეფე მას ‘ჯადოქართა მთავარსაც’ (აქ) უწოდებდა (დანიელი 2:48; 4:6; შეადარეთ დანიელი 1:20). რა თქმა უნდა, დანიელი ყოველთვის იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო და არასდროს ყოფილა ჯადოქარი (ლევიანნი 19:26; მეორე რჯული 18:10—12).
უზარმაზარი ხე
6, 7. რა დაესიზმრა ნაბუქოდონოსორს?
6 რა დაესიზმრა ნაბუქოდონოსორს ისეთი, რომ მოსვენება დაკარგა? „აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა, — თქვა მან, — აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოსჩანდა. მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი“ (დანიელი 4:7—9). გადმოცემების თანახმად, ნაბუქოდონოსორს უყვარდა ლიბანის უზარმაზარი კედრები, დადიოდა ხოლმე მათ სანახავად და ბაბილონშიც ჩაჰქონდა ამ ხის მასალა. მაგრამ სიზმარში ნანახი ხის მსგავსი მას არაფერი ენახა. ხე „დედამიწის შუაში“ იდგა და ყველა კუთხიდან მოსჩანდა; ნაყოფი უხვად ესხა და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი.
7 ნაბუქოდონოსორმა მხოლოდ ეს როდი იხილა. ის განაგრძობს თხრობას: „ვიხილე ხილვა, როცა თავი მედო ჩემს სარეცელზე: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა მღვიძარე და წმიდა. მან ომახიანად დაიძახა და თქვა: მოკვეთეთ ეგ ხე, აკაფეთ მისი ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები — მის ტოტებს! ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ, რკინის და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს იგი და მხეცებთან ერთად მიწის ბალახით საზრდოობდეს“ (დანიელი 4:10—12).
8. ვინ იყო „მღვიძარე“?
8 ბაბილონელებს თავიანთი რელიგიური წარმოდგენა ჰქონდათ კეთილ და ბოროტ სულიერ ქმნილებებზე. მაგრამ ვინ იყო ის „მღვიძარე“, ანუ გუშაგი, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა? ის ღვთის ანგელოზი უნდა ყოფილიყო, რადგან მოხსენიებულია როგორც „წმიდა“ (შეადარეთ ფსალმუნი 102:20, 21). წარმოიდგინეთ, რამდენი კითხვა წამოეჭრებოდა და მოსვენებას დააკარგვინებდა ნაბუქოდონოსორს! რატომ უნდა მოკვეთილიყო ხე? რატომ უნდა დაედოთ მთავარი ფესვისთვის რკინისა და სპილენძის ბორკილები და ხელი შეეშალათ ზრდისთვის? რისთვის უნდა დაეტოვებინათ მხოლოდ კუნძი?
9. რა თქვა მღვიძარემ და რა კითხვები წამოეჭრებოდა ნაბუქოდონოსორს ამასთან დაკავშირებით?
9 ნაბუქოდონოსორს მართლა საგონებელში ჩააგდებდა მღვიძარეს შემდეგი სიტყვები: «კაცის გული წაერთმევა მას და მხეცის გული მიეცემა; შვიდი წელიწადი [„შვიდი დრო“, აქ] გადაუვლის მას. ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით არის ეს დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე» (დანიელი 4:13, 14). სადა აქვს ხის ფესვს ადამიანის გული? ან როგორ მიეცემა მას მხეცის გული? რას ნიშნავს „შვიდი დრო“? რა კავშირი აქვს ყოველივე ამას „კაცთა სამეფოსთან“? ცხადია, ნაბუქოდონოსორს სურდა მიეღო პასუხები.
მეფისთვის სამწუხარო ცნობა
10. ა) რას არის ხე შედარებული საღვთო წერილში? ბ) რას გამოხატავდა უზარმაზარი ხე?
10 მოსმენილით შეცბუნებულ და აფორიაქებულ დანიელს სიზმრის ახსნა მხოლოდ მეფის დაჟინებულმა თხოვნამ გააბედვინა. „ჩემო ბატონო, — უთხრა მან ნაბუქოდონოსორს, — შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა! ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა . . . ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული; შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებამდე გავრცელდა“ (დანიელი 4:15—19). საღვთო წერილში ხეს შედარებულია ჩვეულებრივი ადამიანი, მმართველი და სამეფო (ფსალმუნი 1:3; იერემია 17:7, 8; ეზეკიელი, 31-ე თავი). ნაბუქოდონოსორი სიზმარში ნანახი ხესავით ‘განდიდდა და განმტკიცდა’ და მსოფლიო მპყრობელი გახდა. მაგრამ უზარმაზარი ხით ‘დედამიწის კიდეებამდე გავრცელებული ხელისუფლება’ ანუ მთელ კაცობრიობაზე ბატონობა იყო წარმოდგენილი. ამიტომაც ის დედამიწაზე იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას გამოხატავდა (დანიელი 4:14).
11. როგორ გახდა ცხადი სიზმრიდან, რომ მეფეს დამცირება ელოდა?
11 ნაბუქოდონოსორს დამცირება ელოდა. ამის შესახებ დანიელმა თქვა: «მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთო რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდესო წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი [„შვიდი დრო“, აქ] გადაუვლიდესო. აჰა, მისი ახსნა, მეფეო: ეს უზენაესის განგებაა, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს» (დანიელი 4:20, 21). უეჭველად, გამბედაობა იყო საჭირო ძლევამოსილი მეფისთვის ასეთი ცნობის გადასაცემად!
12. რა უნდა დასტეხოდა თავს ნაბუქოდონოსორს?
12 რა უნდა დასტეხოდა თავს ნაბუქოდონოსორს? წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა მას დანიელის შემდეგ სიტყვებზე: «მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ; ზეცის ცვარ-ნამს დალევ და შვიდი წელიწადი [„შვიდი დრო“, აქ] გადაივლის შენზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს» (დანიელი 4:22). როგორც ჩანს, სამეფო კარის მსახურებიც კი ‘მოკვეთდნენ მას კაცთაგან’. იქნებ გულკეთილ მენახირეებსა და მწყემსებს მოევლოთ მისთვის? არა, რადგანაც ღვთის განაჩენით, მას „მინდვრის მხეცებთან“ უნდა ეცხოვრა და ბალახით უნდა ესაზრდოვა.
13. რა ელოდა მსოფლიო მპყრობელ ნაბუქოდონოსორს?
13 ნაბუქოდონოსორი ხესავით მოიკვეთებოდა და დაკარგავდა მსოფლიო მპყრობლის ძალაუფლებას. მაგრამ ეს დროებითი იქნებოდა. დანიელმა ამის შესახებ უთხრა მას: „ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო დაგიბრუნდება, როდესაც შენ ზეციერ ხელმწიფებას შეიცნობ“ (დანიელი 4:23). სიზმრის მიხედვით, მოჭრილი ხის მთავარი ფესვი ანუ ძირკვი მიწაში დარჩებოდა, თუმცა ბორკილები დაედებოდა, რომ არ გაზრდილიყო. არ განადგურდებოდა ბაბილონის მეფის „მთავარი ფესვიც“, თუმცა „შვიდი დროის“ მანძილზე არ განვითარდებოდა. მსოფლიო მპყრობელი ნაბუქოდონოსორის მდგომარეობა ბორკილდადებული ძირკვის მსგავსი იქნებოდა. მას არაფერი ევნებოდა „შვიდი დროის“ მანძილზე. ამ პერიოდში იეჰოვა იზრუნებდა, რომ არავის დაეკავებინა სამეფო ტახტი და არავინ გამხდარიყო ბაბილონის ერთპიროვნული მმართველი, თუმცა დროებით ნაბუქოდონოსორის ვაჟს, ევილ-მეროდაქს, უნდა ემართა ქვეყანა.
14. რა ურჩია დანიელმა ნაბუქოდონოსორს?
14 სამწუხარო ცნობის მეფისთვის გადაცემის შემდეგ დანიელმა გამბედაობა მოიკრიბა და უთხრა მას: „ამიტომ, მეფეო, მიიღე ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით გამოისყიდე, შენი უსამართლობანი კი — ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე“ (დანიელი 4:24). იმ შემთხვევაში, თუ ნაბუქოდონოსორი გამოისყიდდა ცოდვებს და თავს დაანებებდა ხალხის ჩაგვრასა და ამპარტავნობას, შეიძლებოდა შეცვლილიყო მისი მომავალი. იეჰოვას ორი საუკუნით ადრე ჰქონდა განზრახული ასურეთის დედაქალაქ ნინევიის მცხოვრებლების განადგურება, მაგრამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, როდესაც ქალაქის მეფემ და მოსახლეობამ მოინანიეს (იონა 3:4, 10; ლუკა 11:32). როგორ მოიქცა ქედმაღალი ნაბუქოდონოსორი? მანაც მოინანია?
სიზმრის პირველი შესრულება
15. ა) შეიცვალა თუ არა ნაბუქოდონოსორი? ბ) რას გვაუწყებს ლურსმული ტექსტები ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობის შესახებ?
15 ნაბუქოდონოსორი ისეთივე ამაყი დარჩა, როგორიც იყო. უზარმაზარი ხის ხილვიდან თორმეტი თვის შემდეგ, სასახლეში სეირნობისას, მან სიამაყით წამოიძახა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?“ (დანიელი 4:25—27). ბაბილონი (ბაბელი) ნებროთმა დააარსა, ნაბუქოდონოსორმა კი დიდებულ ქალაქად აქცია (დაბადება 10:8—10). ერთ-ერთ ლურსმულ ტექსტში ნაბუქოდონოსორი იკვეხნის: „ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ესაგილას და ეზიდას აღმშენებელი, ნაბუფალასარის ძე ვარ . . . ესაგილა და ბაბილონი განვამტკიცე და, როგორც მეფემ, სამუდამოდ დავიმკვიდრე სახელი“ („არქეოლოგია და ბიბლია“, ჯორჯ ბარტონი, 1949, გვერდები 478, 479). სხვა ლურსმულ ტექსტში მოხსენიებულია ნაბუქოდონოსორის მიერ აღდგენილი 20-მდე ტაძარი. „ნაბუქოდონოსორის მმართველობისას, — ნათქვამია „მსოფლიო ენციკლოპედიაში“, — ბაბილონი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ დიდებულ ქალაქად იქცა. თავის ჩანაწერებში ნაბუქოდონოსორი იშვიათად იხსენიებდა ლაშქრობებს. ის უფრო მეტად თავის მშენებლობებსა და ბაბილონის ღვთაებებზე წერდა. მისი აშენებული უნდა იყოს ბაბილონის დაკიდული ბაღები, რაც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია“.
16. როგორ უნდა დამცირებულიყო ნაბუქოდონოსორი?
16 დაიკვეხნა ამპარტავანმა ნაბუქოდონოსორმა და დადგა მისი დამცირების დროც. ბიბლიაში ნათქვამია: «მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი [„შვიდი დრო“, აქ] გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს» (დანიელი 4:28, 29).
17. რა დაემართა ქედმაღალ ნაბუქოდონოსორს და როგორ პირობებში მოუწია ცხოვრება?
17 ნაბუქოდონოსორი მაშინვე ჭკუაზე შეიშალა. კაცთაგან მოიკვეთა და „ხარების მსგავსად“ ბალახის ჭამა დაიწყო. მინდვრის მხეცებთან ცხოვრება მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა სამოთხეში ბალახზე უდარდელად ჯდომა და ყოველდღე გრილი სიოთი ტკბობა. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, სადაც ბაბილონის ნანგრევებია შემორჩენილი, ზაფხულში ტემპერატურა +50°C-ს აღწევს, ზამთარში კი 0-ს ქვემოთ ეცემა. მოუვლელობისა და მკაცრი კლიმატური პირობებისგან ნაბუქოდონოსორს თმა გაეზარდა, გაეწეწა და არწივის ბუმბულივით გაუხდა, ფრჩხილები კი — ფრინველის კლანჭებივით (დანიელი 4:30). რა დამამცირებელი იქნებოდა ეს ყოველივე ქედმაღალი მსოფლიო მპყრობელისთვის!
18. რა ცვლილებები მოხდა ბაბილონის სამეფო ტახტზე „შვიდი დროის“ განმავლობაში?
18 ნაბუქოდონოსორის სიზმარში უზარმაზარი ხე მოკვეთეს, კუნძს კი ბორკილები დაადეს, რომ არ გაზრდილიყო შვიდი დროის მანძილზე. მსგავსად ამისა, ნაბუქოდონოსორი „ჩამოგდებულ იქნა სამეფო ტახტიდან“, როდესაც, იეჰოვას ნებით, ჭკუაზე შეიშალა (დანიელი 5:20). ფაქტობრივად, მეფეს კაცის გული წაერთვა და ხარის გული მიეცა. მაგრამ ღმერთმა იზრუნა, რომ ამ ხნის მანძილზე ნაბუქოდონოსორს ტახტი შენახვოდა. იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას სათავეში დროებით ევილ-მეროდაქი ედგა, დანიელი კვლავაც ‘მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებელი და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავარი’ იყო. მისი სამი მეგობარიც კვლავ ბაბილონის ქვეყნის საქმეებს განაგებდა (დანიელი 1:11—19; 2:48, 49; 3:97). ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ეს ოთხი ებრაელი ელოდა, როდის დაბრუნდებოდა ტახტზე გამოჯანსაღებული ნაბუქოდონოსორი, რომელსაც შეგნებული ექნებოდა, რომ ‘უზენაესი ხელმწიფობდა კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდოდა, იმას აძლევდა მას’.
ნაბუქოდონოსორის გამოჯანსაღება
19. რას მიხვდა ბაბილონის მეფე, როდესაც იეჰოვამ მას გონება დაუბრუნა?
19 შვიდი დროის გასვლის შემდეგ იეჰოვამ ნაბუქოდონოსორს გონება დაუბრუნა და მეფემ უზენაესი ღმერთის არსებობა აღიარა: „ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და ვისი სამეფოც უკუნითი უკუნისამდეა. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფერია მის თვალში; თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?“ (დანიელი 4:31, 32). დიახ, ნაბუქოდონოსორი მიხვდა, რომ მხოლოდ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე.
20, 21. ა) რით ჰგავდა სამეფო ტახტზე ნაბუქოდონოსორის დაბრუნება მოკვეთილი ხის მთავარ ფესვზე დადებული ბორკილების აყრას? ბ) რა აღიარა ნაბუქოდონოსორმა და გახდა თუ არა ის ამის შემდეგ იეჰოვას თაყვანისმცემელი?
20 სამეფო ტახტზე ნაბუქოდონოსორის დაბრუნება მოკვეთილი ხის მთავარ ფესვზე დადებული ბორკილების აყრას ჰგავდა. თავისი გამოჯანსაღების შესახებ მეფემ თქვა: „მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდკაცებმა და კვლავ დადგენილი ვარ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად გაიზარდა“ (დანიელი 4:33). სამეფო კარის მსახურებმა, რომლებსაც სძულდათ ჭკუაზე შეშლილი ნაბუქოდონოსორი, მლიქვნელურად დაუწყეს ‘ძებნა’ გამოჯანსაღებულ მეფეს.
21 რა დიდებული „ნიშნები და სასწაულები“ მოახდინა მაღალმა ღმერთმა! ამიტომაც არ უნდა გაგვაკვირვოს გამოჯანსაღებული მეფის სიტყვებმა: „ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზანი სამართლიანია, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი“ (დანიელი 3:99; 4:34). მაგრამ ამ აღიარების შემდეგ ნაბუქოდონოსორი იეჰოვას თაყვანისმცემელი არ გამხდარა.
რას ამბობენ მეცნიერები?
22. რომელ ფსიქიკურ დაავადებას უკავშირებს ზოგი მეცნიერი ნაბუქოდონოსორის შეშლილობას, მაგრამ რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან მისი ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით?
22 არსებობს მოსაზრება, რომ ნაბუქოდონოსორი ლიკანთროპიით იყო დაავადებული. ერთ სამედიცინო ლექსიკონში ნათქვამია: „ლიკანთროპია . . . წარმოდგება სიტყვებისგან [ლიკოს], ლუპუს, მგელი; [ანთროპოს], ჰომო, ადამიანი. ამ ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანს ჰგონია, რომ ის რომელიღაც ცხოველად არის გადაქცეული და ბაძავს მის ხმასა და ქცევას. ასეთ ავადმყოფებს ხშირად ჰგონიათ, რომ მგლად, ძაღლად ან კატად არიან გადაქცეულები; ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ხარად გადაიქცნენ, როგორც ნაბუქოდონოსორს დაემართა ეს“ (Dictionnaire des sciences médicales, par une société de médicins et de chirurgiens, პარიზი, 1818, ტომი 29, გვერდი 246). ლიკანთროპიის სიმპტომები ნაბუქოდონოსორის შეშლილობას შეესატყვისება. მაგრამ, რამდენადაც ნაბუქოდონოსორის ავადმყოფობა ღვთის მიერ საგანგებოდ იყო გამოწვეული, შეიძლება ის ლიკანთროპია არ ყოფილიყო.
23. რა მტკიცებები არსებობს ნაბუქოდონოსორის შეშლილობასთან დაკავშირებით?
23 მეცნიერ ჯონ გოლდინგეის ნაბუქოდონოსორის შეშლილობისა და გამოჯანსაღების დამამტკიცებელი რამდენიმე საბუთი მოჰყავს. ის ამბობს: „ლურსმული ტექსტის ერთ-ერთ ფრაგმენტში აშკარად ნაბუქოდონოსორის შეშლილობასა და მის მიერ ბაბილონის სამეფო საქმეების უგულებელყოფაზეა საუბარი“. მეცნიერი ეყრდნობა „ბაბილონელი იობის“ სახელწოდებით ცნობილ დოკუმენტს, რომელიც „ადასტურებს ღვთისგან ნაბუქოდონოსორის დასჯას, მის ავადმყოფობას, დამცირებას და შემაძრწუნებელი სიზმრის ახსნის მცდელობას. დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ ხესავით მოკვეთილმა ნაბუქოდონოსორმა ველად დაიდო ბინა, ბალახის ჭამა დაიწყო, დაკარგა გონება და ხარს დაემსგავსა; მარდუქს წვიმით არაერთხელ დაუსველებია; ფრჩხილები გადაუგვარდა, თმა გაეზარდა და გაეწეწა; ბოლოს კი გამოჯანმრთელდა და ღმერთი განადიდა“.
შვიდი დრო, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის
24. ა) რა იყო წარმოდგენილი უზარმაზარი ხით? ბ) რას არ უნდა ეარსება შვიდი დროის განმავლობაში და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
24 უზარმაზარი ხით წარმოდგენილი ნაბუქოდონოსორი მსოფლიო მმართველობას გამოხატავდა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ხე ბაბილონის მეფის მმართველობასა და ძალაუფლებაზე ბევრად მეტს ნიშნავდა. მისით წარმოდგენილი იყო იეჰოვას, „ზეციერი მეფის“, უზენაესი ხელისუფლება, ძირითადად კი მისი დედამიწაზე მმართველობა. ბაბილონელების მიერ იერუსალიმის დანგრევამდე სამეფო, სადაც დავითი და მისი შთამომავლები „საუფლო ტახტზე“ ისხდნენ, დედამიწაზე იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას გამოხატავდა (პირველი ნეშტთა 29:23). ღმერთმა ძვ. წ. 607 წელს თვითონვე „მოკვეთა“ ეს უზენაესი ხელისუფლება და ‘ბორკილები დაადო’ მას, როდესაც დაუშვა, რომ ნაბუქოდონოსორს იერუსალიმი გაენადგურებინა. დავითის სამეფო საგვარეულო ხაზით წარმოდგენილ ღვთის უზენაეს ხელისუფლებას დედამიწაზე შვიდი დროის მანძილზე არ უნდა ეარსება. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს შვიდი დრო? როდის დაიწყო და რით აღინიშნა მისი დასასრული?
25, 26. ა) რამდენ ხანს გაგრძელდა „შვიდი დრო“ ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში და რის საფუძველზე პასუხობთ ასე? ბ) როდის და როგორ დაიწყო „შვიდი დრო“ წინასწარმეტყველების უფრო მნიშვნელოვანი შესრულებისას?
25 შეშლილ ნაბუქოდონოსორს „თმები არწივის ბუმბულივით გაუხდა, ფრჩხილები კი — ფრინველის კლანჭებივით“ (დანიელი 4:30). ამას კი შვიდ დღეზე ან შვიდ კვირაზე მეტი დასჭირდებოდა. ზოგ თარგმანში „შვიდი დრო“ „დადგენილ (განსაზღვრულ) დროდ“ ან „პერიოდად“ არის ნათარგმნი (დანიელი 4:13, 20, 22, 29). ძველ ბერძნულ თარგმანში (სეპტუაგინტა) კი — „შვიდ წელიწადად“. პირველი საუკუნის ებრაელი მემატიანე იოსებ ფლავიუსი ფიქრობდა, რომ „შვიდი დრო“ „შვიდი წელიწადი“ უნდა ყოფილიყო (Antiquities of the Jews, Book 10, Chapter 10, paragraph 6). ზოგი ჰებრაისტიც ეთანხმება იმ აზრს, რომ „დროში“ წელიწადი იგულისხმებოდა. „შვიდი დრო“ „შვიდ წელიწადად“ არის ნათარგმნი ჯეიმზ მოფატის თარგმანსა და საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაშიც.
26 როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში „შვიდი დრო“ შვიდი წელიწადი უნდა ყოფილიყო. ამ კალენდრის მიხედვით, წელიწადში საშუალოდ 360 დღე ანუ თორმეტი 30-დღიანი თვე შედიოდაa (შეადარეთ გამოცხადება 12:6, 14). ასე რომ, „შვიდი დრო“ ანუ შვიდი წელიწადი იყო 7-ჯერ 360 დღე, ანუ 2 520 დღე. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ნაბუქოდონოსორის სიზმრის უფრო მნიშვნელოვან შესრულებაზე? წინასწარმეტყველური „შვიდი დრო“ 2 520 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს ჩანს იესოს სიტყვებიდან: „იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი“ (ლუკა 21:24). ‘გათელვა’ დაიწყო ძვ. წ. 607 წელს, როდესაც იერუსალიმის განადგურებით იუდეაში ღვთის წინასახეობრივი სამეფოც განადგურდა. როდის უნდა დამთავრებულიყო ‘გათელვა’? ‘ყველაფრის აღდგომისას’, როდესაც სიმბოლური იერუსალიმის, ღვთის სამეფოს, საშუალებით კვლავ იქნებოდა დედამიწაზე წარმოდგენილი ღვთის უზენაესი ხელისუფლება (საქმეები 3:21).
27. საიდან ვიცით, რომ ძვ. წ. 607 წელს დაწყებული „შვიდი დრო“ 2 520 დღეში არ დამთავრებულა?
27 ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებიდან თუ 2 520 დღეს გადავითვლით, მივალთ ძვ. წ. 600 წელთან, რომლის განმავლობაშიც არავითარი მნიშვნელოვანი ბიბლიური მოვლენა არ მომხდარა. დედამიწაზე იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამომხატველი სამეფო არც ძვ. წ. 537 წელს აღმდგარა, როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველები სამშობლოში დაბრუნდნენ. დავითის ტახტის მემკვიდრე ზერუბაბელი იუდეის მეფედ კი არ დაინიშნა, არამედ მისი, როგორც სპარსეთის პროვინციის, გამგებლად.
28. ა) რა პრინციპი უნდა გამოვიყენოთ 2 520-დღიან წინასწარმეტყველურ „შვიდ დროსთან“ დაკავშირებით? ბ) რამდენ ხანს გაგრძელდა წინასწარმეტყველური „შვიდი დრო“ და როდის დაიწყო და დამთავრდა ის?
28 რადგანაც „შვიდ დროს“ წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს, 2 520 დღესთან დაკავშირებით ბიბლიური პრინციპი — „თითო წელზე თითო დღე“ — უნდა გამოვიყენოთ. ეს პრინციპი მოცემულია ბაბილონელების მიერ იერუსალიმის ალყაში მოქცევის შესახებ წინასწარმეტყველებაში (ეზეკიელი 4:6, 7; შეადარეთ რიცხვნი 14:34). ასე რომ, ღვთის სამეფოს ხელის შეშლის გარეშე დედამიწაზე წარმართთა ხელისუფლებამ „შვიდი დროის“ მანძილზე ანუ 2 520 წელი იარსება. ეს პერიოდი ძვ. წ. 607 წელს, მთვარის კალენდრით მეშვიდე თვეს (15 თიშრს) დაიწყო, როდესაც იუდეა და იერუსალიმი გაანადგურეს (მეოთხე მეფეთა 25:8, 9, 25, 26). ამ დროიდან ძვ. წ. 1-ლ წლამდე 606-მა წელმა განვლო. დარჩენილ 1914 წელს კი ახ. წ. 1914 წელთან მივყავართ. ამგვარად, „შვიდი დრო“ ანუ 2 520 წელი 1914 წლის 15 თიშრს ანუ 4—5 ოქტომბერს დასრულდა.
29. ვინ არის „კაცთაგან ყველაზე დამცირებული“ და რა გააკეთა იეჰოვამ მის გასამეფებლად?
29 ამ წელს დასრულდა „წარმართთა ჟამი“ და ღმერთმა გააბატონა „კაცთაგან ყველაზე დამცირებული“ იესო ქრისტე, რომელიც მტრებმა ისე მოიძულეს, რომ ძელზეც კი გააკრეს (დანიელი 4:14). მესიანურ მეფედ იესოს ტახტზე ასაყვანად იეჰოვამ თავისი უზენაესი ხელისუფლების „მთავარ ფესვს“ მოხსნა რკინისა და სპილენძის სიმბოლური ბორკილები. ამგვარად უზენაესმა ღმერთმა საშუალება მისცა სამეფოს „ყლორტს“ გაზრდილიყო და დავითის უდიდესი მემკვიდრის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით ზეციერ მთავრობას დედამიწაზე იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება განედიდებინა (ესაია 11:1, 2; იობი 14:7—9; ეზეკიელი 21:32). გული მადლიერების გრძნობით გვევსება, რომ იეჰოვამ ასე წარმართა მოვლენები და გაგვიმჟღავნა კიდეც უზარმაზარი ხის საიდუმლო!
[სქოლიო]
a როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში „შვიდი დრო“ შვიდი წელიწადი უნდა ყოფილიყო. წინასწარმეტყველების მიხედვით, წელიწადში საშუალოდ 360 დღე ანუ თორმეტი 30-დღიანი თვე შედიოდა.
როგორ უპასუხებდით?
• რა იყო წარმოდგენილი ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი უზარმაზარი ხით?
• რა დაემართა ნაბუქოდონოსორს ხის შესახებ სიზმრის პირველი შესრულებისას?
• რა აღიარა ნაბუქოდონოსორმა სიზმრის შესრულების შემდეგ?
• რამდენ ხანს გაგრძელდა „შვიდი დრო“ სიზმრის უფრო მნიშვნელოვანი შესრულებისას და როდის დაიწყო და დამთავრდა ის?
[მთელი 83 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[მთელი 91 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]