იარეთ ღმერთთან ერთად და მოიმკეთ კურთხევები
„ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან“ (ოსია 8:7).
1. როგორ შეგვიძლია, ვიაროთ ღმერთთან ერთად?
სახიფათო ადგილებში მგზავრობა უსაფრთხო იქნებოდა, თუ მეგზურობას გამოცდილი გიდი გაგიწევდათ. გონივრულია მასთან ერთად გევლოთ, ვიდრე — მარტოს. გარკვეული გაგებით ეს ჩვენს მდგომარეობას ჰგავს. იეჰოვა მეგზურობას გვთავაზობს, რათა გამოვიდეთ ამ ბოროტი ქვეყნიერებიდან. ბრძნულად ვიქცევით, თუ დამოუკიდებლად სიარულის ნაცვლად, ღმერთთან ერთად დავდივართ. როგორ შეგვიძლია, ვიაროთ ღმერთთან ერთად? ღვთის სიტყვაში მოცემული ხელმძღვანელობის მიყოლით.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 წინა სტატიაში განვიხილეთ სიმბოლური დრამის მსგავსი ისტორია, რომელიც ოსიას 1—5 თავებშია მოცემული. როგორც დავინახეთ, ეს ისტორია ღმერთთან ერთად სიარულში გვეხმარება. ახლა განვიხილოთ ოსიას წიგნის 6—9 თავებში მოცემული ზოგიერთი მნიშვნელოვანი აზრი. დასაწყისში დამხმარე იქნებოდა ამ ოთხი თავის მიმოხილვა.
რას ვიგებთ მიმოხილვიდან?
3. მოკლედ მოყევით, რა არის მოთხრობილი ოსიას 6—9 თავებში.
3 იეჰოვამ ოსია, ძირითადად ისრაელში, ჩრდილოეთით მდებარე ათი ტომის სამეფოში გაგზავნა საწინასწარმეტყველებლად (ისრაელის ათი ტომის სამეფო ასევე ეფრემის სახელით არის ცნობილი, რადგან იმ დროს ეს ტომი იყო გაბატონებული). ამ ერმა ღმერთი უარყო. ოსიას 6—9 თავები გვიჩვენებს, რომ იეჰოვასთან დადებული შეთანხმების დარღვევით და ბოროტების კეთებით ხალხი ორგულობას ავლენდა (ოსია 6:7). ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასკენ შემობრუნებულიყვნენ, მათ სხვა ერებზე დაამყარეს იმედი. რადგან ცუდი დათესეს, ცუდს მოიმკიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასჯელს ვერ გაექცეოდნენ. მაგრამ ოსიას წინასწარმეტყველება სასიხარულო ცნობასაც შეიცავდა. ხალხს შეეძლო იეჰოვასთან დაბრუნება და მისი გულმოწყალების მიღება, თუ მთელი გულით მოინანიებდნენ.
4. რა ოთხ მნიშვნელოვან გაკვეთილს განვიხილავთ ოსიას წინასწარმეტყველებიდან?
4 ოსიას წიგნის ეს ოთხი თავი დამატებით ხელმძღვანელობას გაგვიწევს ღმერთთან ერთად სიარულში. განვიხილოთ ოთხი მნიშვნელოვანი გაკვეთილი: 1) ნამდვილი მონანიება საქმეებით უნდა ვლინდებოდეს და არა მხოლოდ სიტყვებით; 2) მხოლოდ შესაწირავები არ სიამოვნებს ღმერთს; 3) იეჰოვას გულს სტკენს, როცა მისი თაყვანისმცემლები მას ტოვებენ და 4) კურთხევები რომ მოვიმკათ, კარგი უნდა დავთესოთ.
რაში უნდა ვლინდებოდეს ნამდვილი მონანიება?
5. რა მნიშვნელოვანი აზრი დევს ოსიას 6:1—3-ში?
5 ოსიას წინასწარმეტყველება ბევრს გვასწავლის მონანიებასა და გულმოწყალებაზე. ოსიას 6:1—3-ში ვკითხულობთ: „წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის ცოდნას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს“.
6—8. რატომ იყო მოჩვენებითი ისრაელის მონანიება?
6 ვის ეკუთვნის ამ მუხლებში ჩაწერილი სიტყვები? ზოგი ამას ურწმუნო ისრაელებს მიაწერს და ამბობს, რომ ორგულ ხალხს თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ინანიებდა, სინამდვილეში კი ღვთის გულმოწყალებას ბოროტად იყენებდნენ. სხვები კი მიიჩნევენ, რომ წინასწარმეტყველი ოსია სთხოვდა ხალხს, დაბრუნებოდნენ იეჰოვას. ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს სიტყვები, იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: საბოლოოდ, დაუბრუნდა ისრაელის ათი ტომი იეჰოვას და ნამდვილად მოინანია? არა, მათ ეს არ გაუკეთებიათ. ოსიას მეშვეობით იეჰოვა ამბობს: „რა გიყო, ეფრემ? რა გიყო იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება“ (ოსია 6:4). რა სავალალო სულიერ მდგომარეობაში იყო ღვთის ხალხი! „ერთგული სიყვარული“ თითქმის აღარ არსებობდა — ის გაქრა, როგორც დილის ნისლი მზის ამოსვლისას. მართალია, ხალხს თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ინანიებდა, მაგრამ იეჰოვას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა გულმოწყალების გამოსავლენად. როგორ ფიქრობთ რატომ?
7 ისრაელები გულით არ ინანიებდნენ. იეჰოვას უკმაყოფილება თავისი ხალხის მიმართ გამოხატულია ოსიას 7:14-ში: „გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში“. მე-16 მუხლი (სსგ) დასძენს: „არ მიიქცნენ, უზენაესისკენ“. ხალხს არ სურდა, იეჰოვას თაყვანისცემას დაბრუნებოდა; ისინი არ ახდენდნენ საჭირო ცვლილებებს იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად. დიახ, მათ ნამდვილად არ სურდათ ღმერთთან ერთად სიარული.
8 ისრაელის მონანიება მხოლოდ მოჩვენებითი რომ იყო, ამას სხვა მიზეზიც აჩვენებს. ხალხი განაგრძობდა ისეთი სერიოზული ცოდვების ჩადენას, როგორიცაა: სიცრუე, მკვლელობა, ქურდობა, კერპთაყვანისმცემლობა და პოლიტიკური კავშირი სხვა ერებთან. ოსიას 7:4-ში ხალხი შედარებულია „თონეს“, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მათში ბოროტი სურვილები გიზგიზებდა. იმსახურებდა ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ხალხი გულმოწყალებას? რა თქმა უნდა არა. ოსია მეამბოხე ხალხს ეუბნება, რომ იეჰოვა „გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს“ (ოსია 9:9). ისინი ნამდვილად არ იმსახურებდნენ გულმოწყალებას.
9. რას გვასწავლის ოსიას სიტყვები გულმოწყალებასა და მონანიებაზე?
9 რას ვსწავლობთ ოსიას სიტყვებიდან გულმოწყალებასა და მონანიებაზე? ორგული ისრაელების მაგალითი გვასწავლის, რომ იეჰოვას გულმოწყალების მისაღებად მთელი გულით უნდა მოვინანიოთ. რით უნდა ვლინდებოდეს ასეთი მონანიება? იეჰოვას ვერ მოვატყუებთ ცრემლებით ან ცარიელი სიტყვებით. ნამდვილი მონანიება საქმეებით უნდა ვლინდებოდეს. შემცოდველმა იეჰოვას გულმოწყალების მისაღებად ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიატოვოს ცოდვილი გზა და თავისი ცხოვრება ღვთის თაყვანისმცემლობის მაღალ ნორმებს შეუსაბამოს.
მხოლოდ შესაწირავები არ სიამოვნებს ღმერთს
10, 11. როგორც ისრაელების შემთხვევა გვიჩვენებს, რატომ ვერ ვასიამოვნებთ იეჰოვას მხოლოდ შესაწირავებით?
10 ახლა განვიხილოთ მეორე გაკვეთილი, რაც იეჰოვასთან ერთად სიარულში დაგვეხმარება. მხოლოდ შესაწირავებით ვერ ვასიამოვნებთ ღმერთს. ოსიას 6:6-ში ნათქვამია: „თქვენი სიკეთე მახარებს [მე იეჰოვას] და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა აღსავლენი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვას ახარებს, როდესაც ადამიანები მის შესახებ ცოდნას იღებენ და ავლენენ სიკეთეს, ანუ ებრაული სიტყვის განმარტების თანახმად, ერთგულ სიყვარულს — თვისებას, რომელიც გულიდან მომდინარეობს. მაგრამ თქვენ შეიძლება დაგაინტერესოთ: რატომ ამბობს ეს მუხლი, რომ იეჰოვას არ ახარებს „მსხვერპლი“ და „აღსავლენი“ ? განა მოსეს კანონი ამას არ მოითხოვდა?!
11 მოსეს კანონის თანახმად მოითხოვებოდა მსხვერპლი და აღსავლენი, მაგრამ ოსიას თანამედროვეებს სერიოზული პრობლემა ჰქონდათ. როგორც ჩანს, იმ დროს იყვნენ ისეთები, რომლებიც მსხვერპლშეწირვით მოჩვენებით ერთგულებას ავლენდნენ, მაგრამ, ამავე დროს, სცოდავდნენ. ეს კი იმის მაჩვენებელი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ ღვთისადმი „ერთგული სიყვარული“. აგრეთვე მათ უარყვეს უფლის ცოდნა, რადგან არ ცხოვრობდნენ მის თანახმად. რა ფასი უნდა ჰქონოდა მათ მსხვერპლს, თუკი მათი გულის მოტივები სწორი არ იყო და ცოდვილი გზით დადიოდნენ? მათი მსხვერპლი შეურაცხყოფდა იეჰოვა ღმერთს.
12. რა გაფრთხილებაა მოცემული ოსიას 6:6-ში ჩვენს დროში მცხოვრები ხალხისთვის?
12 ოსიას სიტყვები გამაფრთხილებელია მათი უმეტესობისთვის, ვინც ეკლესიაში დადის. თუმცა ისინი რელიგიური რიტუალების დროს მსხვერპლს სწირავენ, მათი თაყვანისცემა არაფრის მთქმელია, თუ რწმენა გავლენას არ ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ნამდვილად ასიამოვნებენ ასეთი ადამიანები ღმერთს, თუ მათი გული აღძრული არ არის ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად? მოეწონება ღმერთს, თუ მიღებული ცოდნის შესაბამისად არ მოიქცევიან და არ ჩამოშორდებიან ცოდვილ გზას? ნურავინ იფიქრებს, რომ ღმერთს მხოლოდ რელიგიური მსახურება სიამოვნებს! იეჰოვას არ ახარებს ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი მოწონების დამსახურებას მხოლოდ რელიგიური რიტუალების შესრულებით ცდილობენ და არა მისი სიტყვის თანახმად ცხოვრებით (2 ტიმოთე 3:5).
13. რა სახის მსხვერპლს ვწირავთ დღეს და რა შემთხვევაში დაფასდება ის?
13 როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს, გვახსოვს, რომ მხოლოდ შესაწირავებით ვერ ვასიამოვნებთ ღმერთს. მართალია იეჰოვას ცხოველურ მსხვერპლს არ ვწირავთ, მაგრამ „ვწირავთ ღმერთს . . . ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15). ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ოსიას დღეებში მცხოვრებ ცოდვილ ისრაელებს და ვიფიქროთ, რომ სულიერი შესაწირავების ხარჯზე ბოროტებას დავფარავთ. განვიხილოთ ერთი ახალგაზრდის შემთხვევა, რომელიც სექსუალურ უზნეობას ფარულად სჩადიოდა. მოგვიანებით მან აღიარა: „მსახურებაში გავაქტიურდი, ვფიქრობდი, რომ ეს ჩემს ცოდვას დაფარავდა“. ეს მაგალითი თავნება ისრაელების მოქმედებას ჰგავს. იეჰოვა მხოლოდ მაშინ მიიღებს ჩვენი ქების მსხვერპლს, თუ მას თან ახლავს გულის სწორი მოტივები და ღვთისთვის მოსაწონი საქმეები.
იეჰოვას გულს სტკენს, როცა მისი თაყვანისმცემლები მას ტოვებენ
14. რას გვიმხელს ოსიას წინასწარმეტყველება ღვთის გრძნობებზე?
14 მესამე გაკვეთილი, რასაც ოსიას 6—9 თავებიდან ვსწავლობთ, ეხება იმას, თუ რას გრძნობს იეჰოვა, როცა მისი თაყვანისმცემლები ზურგს აქცევენ მას. ღმერთი ავლენს როგორც სიმტკიცეს, ისე სათუთ გრძნობებს. ის მზად არის, სათუთად და თანაგრძნობით მოეპყროს მათ, ვინც ცოდვებს ინანიებს. როცა მისი ხალხი არ ინანიებს, ის მკაცრ ზომებს მიმართავს. ღმერთი დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით, ამიტომ ის ხარობს, როცა ერთგულად დავდივართ მასთან ერთად. „ისურვებს უფალი თავის ერს“ — ნათქვამია ფსალმუნების 149:4-ში. მაგრამ, რას გრძნობს ღმერთი, როცა მისი მსახურები ორგულობას ავლენენ?
15. ოსიას 6:7-ის თანახმად, როგორ იქცეოდა ზოგი ისრაელი?
15 იეჰოვა ორგული ისრაელების შესახებ ამბობს: «ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას [„შეთანხმებას“, აქ], იქ მიღალატეს მე» (ოსია 6:7, 8). ებრაული სიტყვა, რომელიც გადმოთარგმნილია, როგორც ‘ღალატი’, აგრეთვე ნიშნავს „მოტყუებას, ორგულობას“. ებრაულ ტექსტში, კერძოდ მალაქიას 2:10—16-ში, იგივე სიტყვა გვხვდება. ეს სიტყვა იმ ორგული ისრაელების საქციელს აღწერს, რომლებიც ცოლებს ღალატობდნენ. ამ სიტყვასთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ოსიას 6:7-ში გამოყენებული „მეტაფორა ქორწინებას ეხება და . . . ცოლ-ქმარს შორის ღალატზე მიუთითებს“.
16, 17. ა) როგორ გამოავლინა ისრაელმა უპატივცემულობა ღმერთთან დადებული შეთანხმების მიმართ? ბ) რა უნდა გვახსოვდეს ჩვენს საქციელთან დაკავშირებით?
16 იეჰოვა ისრაელს ცოლის მსგავსად უყურებდა, რადგან ამ ერთან შეთანხმება ჰქონდა დადებული. ამიტომ, როცა მისმა ხალხმა შეთანხმება დაარღვია, ეს მრუშობის მსგავსი იყო. ღმერთი მათ ერთგული ქმარივით ექცეოდა, მაგრამ მისმა ხალხმა უღალატა.
17 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ღმერთი დაინტერესებულია ჩვენით, იმის მიუხედავად, დავდივართ თუ არა მასთან ერთად. გვახსოვდეს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და ჩვენი საქციელი მოქმედებს მასზე (1 იოანე 4:16). თუ არასწორი გზით დავდივართ, იეჰოვას გულს ვტკენთ. ამაზე ფიქრი დაგვეხმარება, არ დავნებდეთ ცდუნებებს.
როგორ შეგვიძლია მოვიმკათ კურთხევები
18, 19. რა პრინციპია მოცემული ოსიას 8:7-ში და როგორ გამართლდა ეს ისრაელის შემთხვევაში?
18 ბოლოს, განვიხილოთ ოსიას წინასწარმეტყველებაში მოცემული მეოთხე გაკვეთილი — როგორ შეგვიძლია მოვიმკათ კურთხევები. იმ ისრაელების შესახებ, რომლებიც უგუნურად იქცეოდნენ და ორგულობას ავლენდნენ, ოსია წერს: „ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან“ (ოსია 8:7). ამ მუხლში მნიშვნელოვან პრინციპს ვპოულობთ, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: რასაც ახლა ვაკეთებთ, ამას პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს მომავალთან. როგორ გამართლდა ეს პრინციპი ურწმუნო ისრაელის შემთხვევაში?
19 ცოდვილი საქმეების კეთებით ისრაელები ცუდს თესავდნენ. განა ასეთი მოქმედებით ცუდ შედეგებს არ მოიმკიდნენ? ისინი ვერ გაექცეოდნენ სასჯელს. ოსიას 8:13-ში ნათქვამია: „[იეჰოვა] გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს“. 9:17-ში კი ვკითხულობთ: „მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან“. იეჰოვა ცოდვებს მოჰკითხავდა ისრაელებს. მათ ცუდი დათესეს და ცუდს მოიმკიდნენ. ღვთის სასჯელი ისრაელს ძვ. წ. 740 წელს დაატყდა თავს, როდესაც ასურელებმა ათი ტომის სამეფო გაანადგურეს და მისი მკვიდრნი ტყვედ წაასხეს.
20. რას ვსწავლობთ ისრაელების მაგალითიდან?
20 ისრაელების მაგალითიდან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ვსწავლობთ: რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. ვინაიდან კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). თუ ცუდს ვთესავთ, ცუდს მოვიმკით. მაგალითად, ვინც უზნეო ცხოვრებას მიჰყვება, სამწუხარო შედეგებს მოიმკის. მოუნანიებელი შემცოდველებისთვის შედეგი სავალალო იქნება.
21. როგორ შეგვიძლია მოვიმკათ კურთხევები?
21 როგორ მოვიმკით კურთხევებს? ამ კითხვას შეგვიძლია მარტივი მაგალითით ვუპასუხოთ. თუ გლეხს ხორბლის მომკა უნდა, დათესავს ქერს? რა თქმა უნდა არა. მან უნდა დათესოს ის, რაც უნდა რომ მოიმკას. ასევე ჩვენც, თუ გვინდა რომ კურთხევები მოვიმკათ, უნდა დავთესოთ კარგი. გინდათ რომ ყოველთვის მოიმკათ ის, რაც კარგია — დღესვე კმაყოფილების მომტანი ცხოვრება, ხოლო ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლე? თუ დიახ, განაგრძეთ კარგის თესვა ღმერთთან ერთად სიარულით და მისი სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრებით.
22. რას ვსწავლობთ ოსიას 6—9 თავებიდან?
22 ოსიას 6—9 თავებიდან ოთხი გაკვეთილი ვისწავლეთ, რაც ღმერთთან ერთად სიარულში დაგვეხმარება: 1) ნამდვილი მონანიება საქმეებით უნდა ვლინდებოდეს; 2) მხოლოდ შესაწირავები არ სიამოვნებს ღმერთს; 3) იეჰოვას გულს სტკენს, როცა მისი თაყვანისმცემლები მას ტოვებენ და 4) თუ გვინდა რომ კურთხევები მოვიმკათ, კარგი უნდა დავთესოთ. როგორ გვეხმარება ოსიას წიგნის ბოლო ხუთი თავი ღმერთთან ერთად სიარულში?
როგორ უპასუხებდით?
• რით უნდა ვლინდებოდეს ნამდვილი მონანიება?
• მხოლოდ შესაწირავებით რატომ ვერ ვასიამოვნებთ ჩვენს ზეციერ მამას?
• რას გრძნობს ღმერთი, როცა მისი თაყვანისმცემლები მას ტოვებენ?
• რა უნდა დავთესოთ, თუ გვინდა რომ კურთხევები მოვიმკათ?
[სურათი 23 გვერდზე]
ისრაელის „ერთგული სიყვარული“ დილის ნისლივით გაქრა.
[სურათი 23 გვერდზე]
ისრაელის ბოროტი სურვილები თონესავით გიზგიზებდა.
[სურათი 24 გვერდზე]
რატომ უარყო იეჰოვამ თავისი ხალხის მსხვერპლი?
[სურათი 25 გვერდზე]
კურთხევები რომ მოვიმკათ, კარგი უნდა დავთესოთ.