სასწავლო სტატია 47
რას ვსწავლობთ წიგნ „ლევიანებიდან“
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმ. 3:16).
სიმღერა 98 ბიბლია — ღვთისგან შთაგონებული წიგნი
მოკლე შინაარსიa
1, 2. რატომ უნდა შეისწავლონ ქრისტიანებმა გულდასმით წიგნი „ლევიანები“?
პავლე მოციქულმა თავის ახალგაზრდა მეგობარ ტიმოთეს შეახსენა, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმ. 3:16). წმინდა წერილებში წიგნი „ლევიანებიც“ შედის. თქვენ რას ფიქრობთ ბიბლიის ამ წიგნზე? ზოგის აზრით, ის მხოლოდ კანონთა ნუსხაა, რომელიც დღეს არავის ადგება. თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იზიარებენ მათ მოსაზრებას.
2 წიგნი „ლევიანები“ დაახლოებით 3 500 წლის წინ დაიწერა, მაგრამ ღმერთმა ის „ჩვენ სასწავლებლად“ შემოინახა (რომ. 15:4). ეს წიგნი იეჰოვას აზროვნებას გვაცნობს, ამიტომ გვსურს, რომ გულდასმით გამოვიკვლიოთ ის. ამ ღვთივშთაგონებული წიგნიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, თუმცა წინამდებარე სტატიაში მხოლოდ ოთხ მხარეს შევეხებით.
როგორ დავიმსახუროთ იეჰოვას მოწონება
3. რატომ სწირავდნენ ისრაელები მსხვერპლს ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს?
3 გაკვეთილი პირველი: ჩვენი მსხვერპლი მისაღები რომ იყოს იეჰოვასთვის, მისი მოწონება უნდა დავიმსახუროთ. ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს ისრაელი ერი ერთად იკრიბებოდა და იეჰოვას ცხოველურ შესაწირავს სწირავდა. ეს შესაწირავები მათ შეახსენებდა, რომ ცოდვებისგან განწმენდა სჭირდებოდათ. ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს, სანამ წმინდათაწმინდაში ერის ცოდვებისთვის შეწირული ცხოველის სისხლს შეიტანდა, მღვდელმთავარს უფრო მნიშვნელოვანი რიტუალი უნდა შეესრულებინა.
4. ლევიანების 16:12, 13-დან გამომდინარე, რას აკეთებდა მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს, როცა პირველად შედიოდა წმინდათაწმინდაში? (იხილეთ სურათი გარეკანზე)
4 წაიკითხეთ ლევიანების 16:12, 13. გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი სამჯერ შედიოდა წმინდათაწმინდაში. წარმოიდგინეთ, რომ პირველი შესვლის დროს მას ერთ ხელში სურნელოვანი საკმეველი უჭირავს, მეორე ხელში კი მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე ოქროს საცეცხლური. მღვდელმთავარი ფარდასთან ჩერდება, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ყოფს. შემდეგ დიდი მოწიწებით წმინდათაწმინდაში შედის და შეთანხმების კიდობნის წინ ჩერდება. სიმბოლური გაგებით ის იეჰოვას წინაშე დგება. მღვდელმთავარი დიდი სიფრთხილით აყრის ნაკვერჩხალს საკმეველს, რის შემდეგაც ოთახი ტკბილი სურნელებით ივსება.b მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ შევა წმინდათაწმინდაში, რათა ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლი შეიტანოს. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხოველის სისხლის წარდგენამდე, მან ჯერ საკმეველი აკმია.
5. როგორი განწყობით შეჰქონდა საკმეველი მღვდელმთავარს წმინდათაწმინდაში და რას ვსწავლობთ აქედან?
5 რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი საკმეველს აკმევდა? ბიბლიაში ღვთის ერთგული მსახურების ლოცვები საკმეველსაა შედარებული (ფსალმ. 141:2; გამოცხ. 5:8). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მღვდელმთავარი უდიდესი მოწიწებით აკმევდა საკმეველს იეჰოვას წინაშე. ჩვენც მსგავსი მოწიწება უნდა გამოვავლინოთ, როცა ლოცვით მივმართავთ იეჰოვას. მადლიერები ვართ, რომ სამყაროს შემოქმედი გვაძლევს უფლებას, ვესაუბროთ და დავუახლოვდეთ მას, როგორც შვილი მამას (იაკ. 4:8). იეჰოვა მეგობრებად გვიღებს (ფსალმ. 25:14). ეს იმდენად დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ყველანაირად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას.
6. როგორ უკავშირდება იესოს დედამიწაზე ცხოვრებას ის ფაქტი, რომ ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლის წარდგენამდე მღვდელმთავარი საკმეველს აკმევდა?
6 გავიხსენოთ, რომ ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლის წარდგენამდე მღვდელმთავარს საკმეველი უნდა ეკმია. ეს იმის დასტური იქნებოდა, რომ იეჰოვა მოიწონებდა გაღებულ შესაწირავს. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იესოს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდს? სანამ კაცობრიობისთვის მსხვერპლად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა, მას უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გაეკეთებინა. იესოს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება და უმწიკვლობა უნდა შეენარჩუნებინა, რათა მისი მსხვერპლი იეჰოვასთვის მისაღები ყოფილიყო. ამგვარად, იესო დაამტკიცებდა, რომ იეჰოვას ნებისამებრ მოქმედება ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. გარდა ამისა, ის გაამართლებდა იეჰოვას უზენაესობას და დაამტკიცებდა, რომ მისი მმართველობა სამართლიანია.
7. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ იესომ დედამიწაზე იეჰოვას მოსაწონად იცხოვრა?
7 დედამიწაზე ცხოვრების დროს იესო სრულყოფილად ემორჩილებოდა იეჰოვას. ვერც საცდურმა, ვერც განსაცდელმა და ვერც მტანჯველმა სიკვდილმა, რომელიც წინ ელოდა, ვერ გაუნელა მას სურვილი, რომ იეჰოვას მმართველობისთვის დაეჭირა მხარი (ფილ. 2:8). განსაცდელების პირისპირ მყოფი „ღაღადითა და ცრემლებით“ აღავლენდა ლოცვას იეჰოვას წინაშე (ებრ. 5:7). გულმხურვალე ლოცვები იესოს ერთგულებაზე მეტყველებდა და უფრო მეტად უძლიერებდა ღვთისადმი მორჩილების სურვილს. იეჰოვასთვის მისი ლოცვები ტკბილსურნელოვანი საკმეველივით იყო. დედამიწაზე იესომ იეჰოვას მოსაწონად იცხოვრა და მისი უზენაესობა გაამართლა.
8. როგორ მივბაძოთ იესოს?
8 იესოს ვბაძავთ, როცა ყველანაირად ვცდილობთ, უმწიკვლოდ ვიცხოვროთ და იეჰოვას კანონებს ვუერთგულოთ. განსაცდელების პირისპირ გულმხურვალე ლოცვაში ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, რათა მის მოსაწონად მოვიქცეთ. ასეთი სახით ცხადვყოფთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას მმართველობას. გვესმის, რომ იეჰოვასთვის მიუღებელი იქნება ჩვენი ლოცვები, თუ მისთვის საძულველ საქმეებს ჩავიდენთ. მაგრამ, თუ ღვთის ნორმების თანახმად ვიცხოვრებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი გულწრფელი ლოცვები მისთვის ტკბილსურნელოვანი საკმეველივით იქნება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი უმწიკვლობა და ერთგულება გულს უხარებს ზეციერ მამას (იგავ. 27:11).
ღვთის მსახურებისკენ მადლიერება და სიყვარული აღგვძრავს
9. რატომ სწირავდნენ ისრაელები მშვიდობის მსხვერპლს?
9 გაკვეთილი მეორე: იეჰოვას მსახურებისკენ მადლიერი გული გვიბიძგებს. ეს რომ უკეთ დავინახოთ, დავფიქრდეთ მშვიდობის მსხვერპლზე, რომელიც ძველ ისრაელში წმინდა თაყვანისმცემლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე იყო.c წიგნ „ლევიანებიდან“ ვიგებთ, რომ ისრაელებს მადლიერების ნიშნად შეეძლოთ მშვიდობის მსხვერპლი გაეღოთ (ლევ. 7:11—13, 16—18). ამ მსხვერპლის გაღებას მათ კანონი არ ავალდებულებდა. ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც ისრაელები იეჰოვას სიყვარულიდან გამომდინარე სწირავდნენ. შემწირველი, მისი ოჯახი და მღვდლები შეწირული ცხოველის ხორცს ჭამდნენ, მის ზოგიერთ ნაწილს კი მხოლოდ იეჰოვას სწირავდნენ.
10. როგორ უკავშირდება ლევიანების 3:6, 12, 14—16-ში მოხსენიებული მშვიდობის მსხვერპლი იესოს მსახურებას?
10 გაკვეთილი მესამე: სიყვარულიდან გამომდინარე საუკეთესოს ვიღებთ იეჰოვასთვის. იეჰოვა ცხოველის საუკეთესო ნაწილად ქონს მიიჩნევდა. გარდა ამისა, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, მათ შორის თირკმელებს (წაიკითხეთ ლევიანების 3:6, 12, 14—16). ამიტომ იეჰოვას ძალიან სიამოვნებდა, როცა ისრაელები ნებაყოფლობით სწირავდნენ ცხოველის ქონსა და მის სასიცოცხლო ორგანოებს. ასეთი მსხვერპლით შემწირველი აჩვენებდა, რომ საუკეთესოს გაღება სურდა იეჰოვასთვის. იესომ ნებაყოფლობით გაიღო საუკეთესო მსხვერპლი ღვთისთვის, რადგან მთელი გულით და სიყვარულით ემსახურებოდა მას (იოან. 14:31). იესოს უყვარდა ღვთის კანონები და სიამოვნებას ანიჭებდა მამის ნების შესრულება (ფსალმ. 40:8). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა იეჰოვას იმის დანახვა, რომ იესო ასეთი განწყობით ემსახურებოდა მას!
11. რა გაგებით შეიძლება შევადაროთ იეჰოვასადმი მსახურება მშვიდობის მსხვერპლს და როგორ გვამხნევებს ეს?
11 იეჰოვასადმი მსახურება შეგვიძლია მშვიდობის მსხვერპლს შევადაროთ, რადგან ამ დროს ჩვენი გულის მდგომარეობა ვლინდება. ჩვენ საუკეთესოს ვიღებთ იეჰოვასთვის, რადგან მთელი არსებით გვიყვარს ის. იეჰოვას ძალიან სიამოვნებს იმის დანახვა, რომ მილიონობით ადამიანი სიყვარულით ემსახურება. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენს საქმეებს აფასებს, არამედ ჩვენს მოტივებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ასაკის გამო იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გწადიათ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის თქვენი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრს ვერაფერს აკეთებთ იეჰოვასთვის, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ის თქვენში სიყვარულით სავსე გულებს ხედავს და აფასებს, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იხარჯებით მისთვის. მას სიამოვნებს თქვენ მიერ გაღებული მსხვერპლი.
12. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლის მიმართ და როგორ გვამხნევებს ეს?
12 როგორ შეიძლება დავუკავშიროთ მშვიდობის მსხვერპლი ჩვენს მსახურებას? მას შემდეგ, რაც ცეცხლი შთანთქავდა შეწირული ცხოველის საუკეთესო ნაწილებს, აბოლებული კვამლი სიამოვნებას ანიჭებდა იეჰოვას. დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთს თქვენ მიერ ნებაყოფლობით და მთელი გულით გაღებული მსხვერპლიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს (კოლ. 3:23). იფიქრეთ ამაზე! არა აქვს მნიშვნელობა, ბევრს აკეთებთ თუ ცოტას, ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენი შრომა და ყოველთვის დააფასებს მას (მათ. 6:20; ებრ. 6:10).
იეჰოვა აკურთხებს თავის ორგანიზაციას
13. ლევიანების 9:23, 24-ის თანახმად, როგორ გამოხატა იეჰოვამ მოწონება ახლად დანიშნული სამღვდელოების მიმართ?
13 გაკვეთილი მეოთხე: იეჰოვა აკურთხებს თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს. გავიხსენოთ, რა მოხდა ძვ. წ 1512 წელს, როცა ისრაელებმა კარავი სინას მთის ძირას გაშალეს (გამ. 40:17). მოსე აარონის და მისი ვაჟების მღვდლად კურთხევის ცერემონიას უძღვებოდა. ერთად შეკრებილი ისრაელი ერი კი თვალყურს ადევნებდა, როგორ სწირავდნენ მღვდლები იეჰოვას პირველ ცხოველურ მსხვერპლს (ლევ. 9:1—5). როგორ გამოხატა იეჰოვამ მოწონება ახლად დანიშნული სამღვდელოების მიმართ? მას შემდეგ, რაც აარონმა და მოსემ ხალხი აკურთხეს, იეჰოვას ცეცხლმა მთლიანად შთანთქა სამსხვერპლოდან შესაწირავი (წაიკითხეთ ლევიანების 9:23, 24).
14. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმ ფაქტს, რომ იეჰოვამ მოიწონა აარონისა და მისი ძეების მღვდლად კურთხევა?
14 იეჰოვასგან გამოსული ცეცხლი იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთი იწონებდა აარონისა და მისი ძეების მღვდლად კურთხევას. როცა ისრაელებმა აშკარად დაინახეს, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა დანიშნულ მღვდლებს, მიხვდნენ, რომ მათაც იგივე უნდა გაეკეთებინათ. აქვს ამას დღეს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა? დიახ, რადგან ისრაელის სამღვდელოება აღმატებული სამღვდელოების ჩრდილი იყო. დიდებულ მღვდელმთავარს, იესოს, ჰყავს 144 000-ისგან შემდგარი სამეფო სამღვდელოება, რომლებიც მასთან ერთად იმსახურებენ ზეცაში (ებრ. 4:14; 8:3—5; 10:1).
15, 16. როგორ ცხადყოფს იეჰოვა, რომ იწონებს „ერთგულ და გონიერ მონას“?
15 იესომ 1919 წელს სულითცხებული ქრისტიანი ძმებისგან შემდგარი ჯგუფი „ერთგულ და გონიერ მონად“ დანიშნა. ისინი ხელმძღვანელობას უწევენ სამქადაგებლო საქმეს და ქრისტეს მიმდევრებს დროულ სულიერ საზრდოს აწვდიან (მათ. 24:45). ხედავთ აშკარა მტკიცებულებას, რომ იეჰოვა იწონებს „ერთგულ და გონიერ მონას“?
16 სატანა და მისი ქვეყნიერება ყველანაირად ცდილობენ, „ერთგული და გონიერი მონის“ საქმიანობას ხელი შეუშალონ. ადამიანური გადასახედიდან ზოგჯერ ისინი გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიან მათ. მსოფლიო ომების, დაუნდობელი დევნის, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა თუ უსამართლო მოპყრობის მიუხედავად „ერთგულ და გონიერ მონას“ არ შეუწყვეტია ქრისტეს მიმდევრებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება. დაფიქრდით იმ უხვ და მრავალფეროვან სულიერ საზრდოზე, რომელიც 900-ზე მეტ ენაზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ეს ღვთიური მხარდაჭერის უტყუარი მტკიცებულებაა! ღვთის მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური სამქადაგებლო საქმიანობაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასიხარულო ცნობა „მთელ მსოფლიოში“ არის ნაქადაგები (მათ. 24:14). აშკარაა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს და კურთხევას არ აკლებს თავის ორგანიზაციას.
17. როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იეჰოვას ორგანიზაციას?
17 კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: ვაფასებ, რომ იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს მივეკუთვნები? ციდან ჩამოსული ცეცხლი აშკარა მტკიცებულება იყო, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა დანიშნულ მღვდლებს. დღესაც ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა მხარს უჭერს თავის ორგანიზაციას. ჩვენ მადლიერების უამრავი მიზეზი გვაქვს! (1 თეს. 5:18, 19). როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იეჰოვას ორგანიზაციას? უნდა მივყვეთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ხელმძღვანელობას, რომელსაც პუბლიკაციებიდან, კრების შეხვედრებიდან და კონგრესებიდან ვიღებთ. გარდა ამისა, მხარი უნდა დავუჭიროთ ღვთის ორგანიზაციას და სრული მონაწილეობა მივიღოთ ქადაგებისა და სწავლების საქმეში (1 კორ. 15:58).
18. რა გაქვთ გადაწყვეტილი?
18 მოდი გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც წიგნ „ლევიანებიდან“ ვისწავლეთ. დაე, ჩვენი მსხვერპლი მოსაწონი იყოს იეჰოვასთვის, მადლიერებით ვემსახუროთ მას, სიყვარულიდან გამომდინარე საუკეთესო გავიღოთ მისთვის და მთელი გულით დავუჭიროთ მხარი ღვთის ორგანიზაციას. ასეთი სახით დავანახვებთ იეჰოვას, რომ ვაფასებთ და დიდ პატივად მივიჩნევთ მისადმი მსახურებას!
სიმღერა 96 ღვთის წიგნი საუნჯეა
a წიგნ „ლევიანებში“ ჩაწერილია კანონები, რომლებიც იეჰოვამ ძველ ისრაელს მისცა. ქრისტიანებს არ მოგვეთხოვება ამ კანონების დაცვა, თუმცა ბევრ რამეს ვსწავლობთ მათგან. ამ სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია წიგნ „ლევიანებიდან“.
b კარავში აბოლებული საკმეველი წმინდად მიიჩნეოდა, ამიტომ ძველ ისრაელში მას მხოლოდ იეჰოვას თაყვანისცემის დროს იყენებდნენ (გამ. 30:34—38). ბიბლია არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები რელიგიური მსახურების დროს საკმეველს აკმევდნენ.
c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ it „შესაწირავები“, ქვესათაური „მშვიდობის მსხვერპლი (საზიარო მსხვერპლი)“.
d სურათის აღწერა: გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში იმყოფება. მას ხელში საკმეველი და მოგიზგიზე ნაკვერჩხლები უჭირავს, რათა ოთახი ტკბილი სურნელებით აავსოს. მოგვიანებით ის კვლავ ბრუნდება წმინდათაწმინდაში ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლით ხელში.
e სურათის აღწერა: იეჰოვასადმი მადლიერების ნიშნად ისრაელმა მამაკაცმა ოჯახის სახელით „მშვიდობის მსხვერპლად“ მღვდელს ცხვარი მიუყვანა.
f სურათის აღწერა: დედამიწაზე მსახურების დროს იესომ ღმერთს სიყვარული იმით დაუმტკიცა, რომ მთელი გულით იცავდა მის მცნებებს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა.
g სურათის აღწერა: ფიზიკური უძლურების მიუხედავად ხანდაზმული და წერილებით ქადაგებს, რითაც საუკეთესოს გასცემს იეჰოვასთვის.
h სურათის აღწერა: 2019 წლის თებერვალში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა გერიტ ლოშმა გამოაცხადა, რომ გერმანულ ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა, რასაც აუდიტორია დიდი სიხარულით შეხვდა. დღეს გერმანიაში მცხოვრები და-ძმები ამ დების მსგავსად სიხარულით იყენებენ მსახურებაში ბიბლიის გადამუშავებულ თარგმანს.