გაბედულად იქადაგეთ ღვთის სიტყვა
„წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს“ (ამოსი 7:15).
1, 2. ვინ იყო ამოსი და რას ამბობს ბიბლია მის შესახებ?
ერთხელ ღვთის ერთი მსახური, რომელიც იეჰოვას შესახებ ქადაგებდა, მღვდლისგან წინააღმდეგობას შეხვდა. მღვდელმა ყვირილი დაუწყო მას, რომ შეეწყვიტა ქადაგება და დაეტოვებინა იქაურობა. რის შესახებ ქადაგებდა ღვთის ეს მსახური? დაემორჩილა ის მღვდელს თუ გაბედულად განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება? თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ამ კითხვებზე პასუხი, რადგან ღვთის ამ მსახურმა საკუთარ თავს გადამხდარი შემთხვევები თავისივე სახელით ცნობილ წიგნში ჩაწერა. ეს არის ბიბლიის წიგნი „ამოსი“. სანამ დაწვრილებით შევიტყობდეთ, თუ რატომ დაუპირისპირდა მღვდელი ამოსს, მოდი გავიგოთ ამოსის წარმომავლობის შესახებ.
2 ვინ იყო ამოსი? როდის და სად ცხოვრობდა ის? ამ კითხვებზე პასუხს გვცემს ამოსის 1:1, სადაც ვკითხულობთ: „ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები . . . იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის . . . [იერობოამ] იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე“. ამოსი იუდაში ცხოვრობდა. მისი მშობლიური ქალაქი იყო თეკოა, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. ამოსი ძვ. წ. IX საუკუნეში ცხოვრობდა, როდესაც იუდაში მეფე ყუზია მმართველობდა, ისრაელის ათტომიან სამეფოში კი — იერობოამ II (იერობყამი). ამოსი მეცხვარე იყო. ამოსის 7:14-ში (სსგ) ნათქვამია, რომ ის მხოლოდ „მწყემსი“ კი არ იყო, არამედ „ლეღვის მომყვანიც“. ამიტომ ამოსი წლის გარკვეულ პერიოდს სეზონურ სამუშაოს უთმობდა. ის ლეღვის თითოეულ ნაყოფს ნემსით ან სხვა რაიმე ბასრი ინსტრუმენტით ჩხვლეტდა, რის შედეგადაც ნაყოფიდან გაზი გამოიყოფოდა. ეს კი აჩქარებდა ნაყოფის დამწიფებას. ამოსის სამუშაო ძალიან დამღლელი და მოსაწყენი იყო.
„წადი, უწინასწარმეტყველე“
3. როგორ დაგვეხმარება ამოსის მაგალითზე დაფიქრება, თუ ქადაგებისთვის გამოუსადეგრად მიგვაჩნია საკუთარი თავი?
3 ამოსი გულწრფელად ამბობდა: „მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი“ (ამოსი 7:14). ის არც წინასწარმეტყველის შვილი იყო და არც ამ მიზნისთვის ზრდიდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ იუდადან იეჰოვამ სწორედ ამოსი ამოირჩია თავისი ნების შესასრულებლად. ღმერთმა არჩევანი არ შეაჩერა ძლევამოსილ მეფეზე, განათლებულ მღვდელზე ან მდიდარ წინამძღოლზე. ეს ძალიან მანუგეშებელია ჩვენთვის. შესაძლოა არ გვიკავია მაღალი მდგომარეობა ან არ გვაქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ ნუთუ ამის გამო უნდა ვიფიქროთ, რომ ვერ შევძლებთ ღვთის სიტყვის ქადაგებას? რასაკვირველია, არა! იეჰოვას შეუძლია ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოს, რათა შევძლოთ მისი ცნობის გაცხადება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც რთულია ქადაგება. იეჰოვამ სწორედ ამგვარად უზრუნველყო ამოსი. ამიტომ ამ გაბედული წინასწარმეტყველის მაგალითზე დაფიქრება ძალიან სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც ძლიერი სურვილი აქვს, ღვთის სიტყვა გაბედულად იქადაგოს.
4. რატომ იყო ამოსისთვის რთული ისრაელში წინასწარმეტყველება?
4 იეჰოვამ დაავალა ამოსს: „წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელს“ (ამოსი 7:15). ეს არ იყო ადვილი დავალება. იმ პერიოდში ისრაელის ათტომიანი სამეფო მშვიდობით, უსაფრთხოებითა და მატერიალური კეთილდღეობით ტკბებოდა. ბევრს ჰქონდა როგორც „ზამთრის“, ისე „ზაფხულის“ სახლები, რომლებიც ჩვეულებრივი ტალახით კი არ იყო აშენებული, არამედ ძვირადღირებული „თლილი ქვებით“. ზოგს სპილოს ძვლით მოპირკეთებული ლამაზი ავეჯი ჰქონდა და „საუცხოო ვენახების“ ღვინოს სვამდა (ამოსი 3:15; 5:11). შედეგად, უმეტესობა ღვთის სიტყვისადმი გულგრილობას ავლენდა. ის მხარე, სადაც ამოსი ქადაგებდა, შეიძლება ჰგავდეს ტერიტორიებს, სადაც დღეს ზოგიერთი ჩვენთაგანი ქადაგებს.
5. რა უსამართლობას ჩადიოდა ზოგი ისრაელი?
5 ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ ისრაელებს მატერიალური საკუთრება ჰქონდათ. მაგრამ ზოგ მათგანს სიმდიდრე უპატიოსნო გზით ჰქონდა მოპოვებული. მდიდრები ‘ავიწროებდნენ ბეჩავთ [„და ატყუებდნენ“, აქ] ღარიბ-ღატაკთ’ (ამოსი 4:1). გავლენიანი ვაჭრები, მსაჯულები და მღვდლები შეთქმულნი იყვნენ ღარიბ-ღატაკთა გასაძარცვავად. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ძველ დროში და გავიგოთ, რით იყვნენ დაკავებულნი ეს მამაკაცები.
ღვთის რჯული ირღვევა
6. როგორ უწევენ ისრაელი ვაჭრები სხვებს ექსპლუატაციას?
6 თავდაპირველად ვეწვიოთ სავაჭრო მოედანს. უპატიოსნო ვაჭრები ‘ამცირებენ ეფას’, ‘ზრდიან შეკელს’ და ‘პურის განაცხრილს’ ისე ჰყიდიან, როგორც მარცვლეულს (ამოსი 8:5, 6). ვაჭრები წონაში ატყუებენ მყიდველებს, ფასებს უწევენ და უხარისხო საქონელს ყიდიან. მას შემდეგ, რაც ვაჭრები უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანენ ბეჩავებს, ეს საცოდავი ხალხი იძულებული ხდება, მონებად მიჰყიდონ ვაჭრებს საკუთარი თავი. ვაჭრები „წყვილი ხამლის“ ფასად ყიდულობენ მათ მონებად (ამოსი 8:6). წარმოიდგინეთ, ეს გაუმაძღარი მამაკაცები თვლიან, რომ თავიანთი თანამემამულეები, ისრაელები, წყვილი ფეხსაცმლის საფასურზე მეტად არ ფასობენ! რა შემაძრწუნებლად ამცირებენ ისინი ამით ღარიბებს და როგორ აშკარად არღვევენ ღვთის კანონს! თუმცა, ეს ვაჭრები „შაბათს“ იცავენ (ამოსი 8:5). დიახ, ისინი მორწმუნეები არიან, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად.
7. როგორ ახერხებენ ვაჭრები, რომ არ დაისაჯონ ღვთის რჯულის დარღვევის გამო?
7 როგორ ახერხებენ ვაჭრები სასჯელისგან თავის დაძვრენას ღვთის რჯულის დარღვევის გამო, რომელშიც ნათქვამია: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (ლევიანები 19:18). ვაჭრებს არ უჭირთ ამის გაკეთება, რადგან მსაჯულები, რომლებსაც მართებთ, თვალყური ადევნონ რჯულის დაცვას, მათი თანამონაწილენი არიან უკანონო საქმეებში. ქალაქის კარიბჭესთან, სადაც სასამართლო საქმეები ირჩევა, მსაჯულები ‘ქრთამს იღებენ და სამსჯავროდან აგდებენ ღარიბ-ღატაკთ’. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ღარიბები, მსაჯულები ქრთამის აღებით მათ უფლებებს ლახავენ (ამოსი 5:10, 12). ასე რომ, მსაჯულებიც უგულებელყოფენ ღვთის რჯულს.
8. რაზე ხუჭავენ თვალს უპატიოსნო მღვდლები?
8 საინტერესოა, რას აკეთებენ ამ დროს ისრაელი მღვდლები? ამის გასაგებად გადავინაცვლოთ სხვა ადგილას. ყურადღება მივაქციოთ, როგორი ცოდვების ჩადენის უფლებას აძლევენ მღვდლები ხალხს „ღვთის სახლში“. ამოსის საშუალებით ღმერთი ამბობს: „შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან ჩემი წმინდა სახელის შესალახავად“ (ამოსი 2:7, 8). დაფიქრდით: ისრაელი მამა-შვილი სექსუალურ უზნეობას ჩადის ტაძარში მომსახურე ერთი და იმავე ქალთან. უპატიოსნო მღვდლები კი თვალს ხუჭავენ ასეთ უზნეობაზე (ლევიანები 19:29; მეორე რჯული 5:18; 23:17).
9, 10. ღვთის რომელ კანონებს არღვევდნენ ისრაელები და რა პარალელის გავლება შეგვიძლია თანამედროვეობასთან?
9 იეჰოვა მათ სხვა ცოდვებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს: „გირაოში წამოღებულ სამოსელზე გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან, და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში“ (ამოსი 2:8). დიახ, მთლიანობაში არც მღვდლები და არც ხალხი არ ასრულებენ გამოსვლის 22:26, 27-ში ჩაწერილ კანონს, რომლის თანახმადაც გირაოდ აღებული მოსასხამი მზის ჩასვლამდე უნდა დაებრუნებინათ პატრონისთვის. ნაცვლად ამისა, ისინი მოსასხამებს ქვეშაგებად იყენებენ და როდესაც ცრუ ღმერთების თაყვანისცემისას ღრეობენ და სვამენ, ზედ არიან გართხმულნი. ისინი ღარიბებისგან გამოძალული ფულით ცრუ რელიგიური დღესასწაულებისთვის ღვინოს ყიდულობენ. მართლაც, რამდენად გადაუხვიეს მათ წმინდა თაყვანისმცემლობიდან!
10 ისრაელები უსირცხვილოდ არღვევენ რჯულის ორ უდიდეს მცნებას — გიყვარდეს იეჰოვა და მოძმე. ამიტომ ღმერთი ამოსს აგზავნის, რათა ორგულობაში ამხილოს ისინი. დღეს მთელი მსოფლიო, მათ შორის ქრისტიანული სამყარო, ძველი ისრაელის მსგავსად ბინძურ ცხოვრებაშია ჩაფლული. მაშინ როცა ზოგი ფუფუნებაში ცხოვრობს, ბევრი გაღატაკებული და ემოციურად განადგურებულია მსხვილი ბიზნესის მაგნატების, პოლიტიკოსებისა და ცრუ რელიგიების ხელმძღვანელების უპატიოსნო საქმიანობის გამო. მაგრამ იეჰოვა დაინტერესებულია მათით, ვინც იტანჯება და ეძებს ღმერთს. ამიტომ ღმერთმა თავის დღევანდელ მსახურებს დაავალა ისეთივე საქმის შესრულება, როგორიც ამოსს ჰქონდა დაკისრებული — მისი სიტყვის გაბედულად ქადაგება.
11. რისი სწავლა შეგვიძლია ამოსის მაგალითიდან?
11 რამდენადაც ჩვენი და ამოსის დავალება ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, მის მაგალითზე დაფიქრება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის. ამოსის მაგალითი გვიჩვენებს: 1) რის შესახებ უნდა ვიქადაგოთ, 2) როგორ უნდა ვიქადაგოთ და 3) რატომ ვერ შეაჩერებენ მოწინააღმდეგეები ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას. მოდი თანმიმდევრულად განვიხილოთ თითოეული მხარე.
როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ამოსს?
12, 13. როგორ გამოხატა იეჰოვამ ისრაელი ერის მიმართ თავისი უკმაყოფილება და როგორი იყო ამაზე მათი რეაქცია?
12 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, მთავარი ყურადღება ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ ქრისტიანულ მსახურებაზე გვაქვს გადატანილი (მათე 28:19, 20; მარკოზი 13:10). მაგრამ, ამოსის მსგავსად, ღვთის გაფრთხილების შესახებაც ვქადაგებთ. ამოსი აცხადებდა, რომ იეჰოვა განაჩენს გამოუტანდა ბოროტებს. მაგალითად, ამოსის 4:6—11-ში ნაჩვენებია, რომ იეჰოვამ არაერთხელ გამოხატა აშკარა უკმაყოფილება ისრაელი ერის მიმართ. ღმერთმა შიმშილობა მოუვლინა ისრაელს, ‘წვიმაც კი შეუწყვიტა [მათ]’, მოუსავლიანობით დასაჯა და ‘ჭირი შეჰყარა’. აღძრა ამ ყველაფერმა ისრაელი მონანიებისკენ? „მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ“, — თქვა ღმერთმა. სინამდვილეში, ისრაელები კვლავ უარყოფდნენ იეჰოვას.
13 იეჰოვამ დასაჯა მოუნანიებელი ისრაელები. მაგრამ მანამდე მათ წინასწარმეტყველური გაფრთხილება მიიღეს. ღმერთმა განაცხადა: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). ღმერთმა გაუმჟღავნა ნოეს, რომ წარღვნას მოუვლენდა იმდროინდელ უღვთო წუთისოფელს და დაავალა, გაეფრთხილებინა ხალხი. მსგავსად, იეჰოვამ ამოსს უთხრა, რომ ხალხი საბოლოოდ გაეფრთხილებინა. სამწუხაროდ, ისრაელმა არაფრად ჩააგდო ღვთის გაფრთხილება და სწორ გზას არ დაადგა.
14. რა მსგავსება არსებობს ამოსის დროსა და ჩვენს დღეებს შორის?
14 უდავოა, დაეთანხმებით იმას, რომ ამოსის დროსა და ჩვენს დღეებს შორის საოცარი მსგავსებაა. იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ ჟამს უამრავი უბედურება მოხდებოდა. მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ (მათე 24:3—14). როგორც ამოსის დღეებში, დღესაც ადამიანთა უმეტესობა არც დროის ნიშნებს აქცევს ყურადღებას და არც სამეფოს შესახებ ცნობას. ისინი ისეთივე შედეგებს მოიმკიან, როგორიც მოუნანიებელმა ისრაელებმა მოიმკეს. იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელი: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“ (ამოსი 4:12). ისინი შეხვდნენ ღმერთს, ანუ მათზე მაშინ აღსრულდა ღვთის განაჩენი, როდესაც ასურელებმა ისრაელი დაიპყრეს. დღეს ეს უღვთო ქვეყნიერება ‘ღმერთს შეხვდება’ არმაგედონში (გამოცხადება 16:14, 16). მაგრამ, სანამ იეჰოვა მოთმინებას ავლენს, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაფრთხილოთ: „ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით“ (ამოსი 5:6).
ამოსის მსგავსად წინააღმდეგობას ვხვდებით
15—17. ა) ვინ არის ამაცია და როგორ რეაგირებს ამოსის ქადაგებაზე? ბ) რის მიღწევას ცდილობს ამაცია ამოსის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი მტკიცებების მოყვანით?
15 ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გავაცხადოთ ისეთივე ცნობა, როგორსაც ამოსი აცხადებდა, არამედ მისი ქადაგების მეთოდებსაც მივბაძოთ. ამის დანახვა შეგვიძლია წიგნ „ამოსის“ მე-7 თავში, რომელშიც მოთხრობილია სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ მღვდელზე. ეს პიროვნება არის „ამაცია, ბეთელის მღვდელი“ (ამოსი 7:10). ქალაქი ბეთელი ისრაელის განდგომილი რელიგიის ცენტრია, სადაც ხბოს სცემენ თაყვანს. ამაცია კი სახელმწიფო რელიგიის მღვდელია. როგორ რეაგირებს ის ამოსის გაბედულ ქადაგებაზე?
16 ამაცია ეუბნება ამოსს: „მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი“ (ამოსი 7:12, 13). ფაქტობრივად, ამაცია ასეთ სიტყვებს ამბობს: „დაგვანებე თავი! უკვე გვაქვს ჩვენი რელიგია“. ის იმის მიღწევასაც ცდილობს, რომ სამეფო კარმა ოფიციალურად აკრძალოს ამოსის საქმიანობა. ამაცია მეფე იერობოამ II-ს ეუბნება: „შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში“ (ამოსი 7:10). დიახ, ამაცია ღალატში ადანაშაულებს ამოსს. ის ეუბნება მეფეს: «ასე ამბობს ამოსი: „მახვილით მოკვდება . . . [იერობოამი] და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან“» (ამოსი 7:11).
17 ამ სიტყვების წარმოთქმისას ამაციას სამი არასწორი მტკიცება მოჰყავს. ის იძახის: „ასე ამბობს ამოსი“. მაგრამ ამოსი არასდროს აცხადებდა, რომ წინასწარმეტყველება მისგან მომდინარეობდა. ნაცვლად ამისა, ის ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა: „ასე თქვა უფალმა“ (ამოსი 1:6). ამოსს აგრეთვე ასეთი სიტყვების წარმოთქმაში ედება ბრალი: „მახვილით მოკვდება . . . [იერობოამი]“. ამოსის 7:9-ის თანახმად კი, ეს ერთგული მსახური წინასწარმეტყველებდა: „[მე, იეჰოვა] მახვილით აღვდგები . . . [იერობოამის] სახლის წინააღმდეგ“. ასეთი უბედურება იერობოამის „სახლს“ ანუ მის შთამომავლობას ღმერთმა უწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, ამაცია აცხადებს, რომ ამოსმა ასეთი რამ თქვა: „ტყვედ წავაო ისრაელი“. მაგრამ ამოსმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ნებისმიერი ისრაელი, რომელიც მოიქცეოდა ღვთისკენ, კურთხევებს მიიღებდა. აშკარაა, რომ ამაცია დამახინჯებულ, ნახევრად მართალ ინფორმაციას იყენებს იმის მისაღწევად, რომ მეფემ აუკრძალოს ამოსს ქადაგება.
18. რა მსგავსება არსებობს ამაციასა და თანამედროვე სამღვდელოების მიერ გამოყენებულ მეთოდებს შორის?
18 შენიშნეთ მსგავსება ამაციასა და იეჰოვას თანამედროვე მსახურთა მოწინააღმდეგეების მიერ გამოყენებულ მეთოდებს შორის? როგორც ამაცია ცდილობდა ამოსის გაჩუმებას, დღესაც ზოგი მღვდელი, ეპისკოპოსი და პატრიარქი ცდილობს, ხელი შეუშალოს იეჰოვას მსახურებს ქადაგებაში. ამაციამ ბრალი დასდო ამოსს ღალატში. დღეს ზოგი მღვდელი მსგავსად ადანაშაულებს იეჰოვას მოწმეებს იმაში, თითქოს ისინი საზოგადოებისთვის საშიშნი არიან. და როგორც ამაციამ მიმართა მეფეს, აეკრძალა ამოსის საქმიანობა, ისე სამღვდელოება მიმართავს ხშირად პოლიტიკურ მოკავშირეებს, რომ შეავიწროონ იეჰოვას მოწმეები.
მოწინააღმდეგეები ვერ შეაჩერებენ სამქადაგებლო საქმიანობას
19, 20. როგორ რეაგირებს ამოსი, როდესაც ამაციასგან წინააღმდეგობას ხვდება?
19 როგორ რეაგირებს ამოსი, როდესაც ამაციასგან წინააღმდეგობას ხვდება? თავდაპირველად ამოსი ეკითხება მღვდელს: „შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ“. ღვთის გაბედული წინასწარმეტყველი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისეთ სიტყვებს წარმოთქვამს, რომელთა მოსმენაც საშინლად არ სურს ამაციას (ამოსი 7:16, 17). ამოსს არ იპყრობს შიში. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! როდესაც საქმე ღვთის სიტყვის ქადაგებას ეხება, ჩვენ თავს არ ვიკავებთ ამისგან და იმ ქვეყნებშიც კი უშიშრად ვქადაგებთ, სადაც ამაციას მსგავსი მოწინააღმდეგეები სასტიკად გვდევნიან. ამოსის მსგავსად, ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ: „ასე ამბობს უფალი“. მოწინააღმდეგეები ვერასდროს შეძლებენ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას, რადგან „იეჰოვას ხელი“ ჩვენთან არის (საქმეები 11:19—21).
20 ამაციას უნდა სცოდნოდა, რომ მისი მუქარა უშედეგო იქნებოდა. ამოსმა უკვე მანამდე განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლებდნენ მის გაჩუმებას — და სწორედ ეს არის მესამე მხარე, რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ. ამოსის 3:3—8-ის თანახმად, ღვთის ეს გაბედული წინასწარმეტყველი მთელ რიგ კითხვებს სვამს და სხვადასხვა მაგალითებს იყენებს იმის დასანახვებლად, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. შემდეგ მას თვალსაჩინოებისთვის ასეთი მტკიცება მოჰყავს: „ლომი ბრდღვინავს — ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს — ვინ არ გაქადაგდება!“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამოსი თავის მსმენელს ეუბნება: „როგორც იმის წარმოდგენაა შეუძლებელი, რომ ლომის ღრიალის გაგონებაზე არ შეგეშინდებათ, ისევე წარმოუდგენელია ჩემთვის, შევწყვიტო იეჰოვას სიტყვის ქადაგება, მაშინ როცა იეჰოვას აქვს ნაბრძანები ამის გაკეთება“. ამოსს ღვთისადმი შიში და ღრმა პატივისცემა აღძრავდა, რომ გაბედულად ექადაგა.
21. როგორ ვეხმაურებით სასიხარულო ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით ღვთის მიერ მოცემულ მითითებას?
21 იეჰოვა ჩვენც გვავალებს ქადაგებას. როგორ ვეხმაურებით მის მოწვევას? ამოსისა და იესოს პირველი მიმდევრების მსგავსად, ჩვენც გაბედულად ვქადაგებთ იეჰოვას სიტყვას მისივე დახმარებით (საქმეები 4:23—31). ვერც მოწინააღმდეგეთა მხრიდან გამოწვეული დევნა და ვერც ადამიანთა გულგრილობა ვერ გაგვაჩუმებს. იეჰოვას მოწმეები ამოსის მსგავსად გულმოდგინებას ავლენენ და მთელ მსოფლიოში განაგრძობენ სასიხარულო ცნობის გაბედულად ქადაგებას. ჩვენი მოვალეობაა, ადამიანები იეჰოვას მოახლოებული მსჯავრის შესახებ გავაფრთხილოთ. როგორი იქნება ეს მსჯავრი? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ ვითარებაში ასრულებდა ამოსი ღვთის მიერ მიცემულ დავალებას?
• რის შესახებ უნდა ვიქადაგოთ ამოსის მსგავსად?
• რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ქადაგებაზე?
• რატომ ვერ შეაჩერებენ მოწინააღმდეგეები ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას?
[სურათი 10 გვერდზე]
ღმერთმა თავისი განზრახვის შესასრულებლად ამოსი, ლეღვის მომყვანი, ამოირჩია.
[სურათები 13 გვერდზე]
გაბედულად ქადაგებთ, ამოსის მსგავსად, იეჰოვას ცნობას?