ამოსი ლეღვის მომყვანი
ხბოს თაყვანისმცემელმა ბოროტმა მღვდელმა ამაციამ ძვ. წ. მე-9 საუკუნეში წინასწარმეტყველ ამოსს უბრძანა, რომ ისრაელში წინასწარმეტყველება შეეწყვიტა. ამოსი არ დაემორჩილა: „მწყემსი ვიყავი და სიკომოროს ლეღვის მომყვანი. იეჰოვამ დამანებებინა თავი ფარისთვის და მითხრა იეჰოვამ: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს“ (ამოსი 7:14, 15). ამოსს საკუთარი ინიციატივით არ დაუწყია წინასწარმეტყველება; ის იეჰოვამ დააყენა. მაგრამ რას გულისხმობდა ამოსი, როცა ამბობდა, სიკომოროს ლეღვის მომყვანი ვარო?
ახალი ქვეყნიერების თარგმანში „მომყვანად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „დამსერავსაც“ ნიშნავს. ჟურნალ „ეკონომიკ ბოტანში“ აღნიშნულია, რომ სიტყვა „დამსერავი“ სიკომოროს ლეღვის მოყვანის მეთოდზე მიუთითებს.
ლეღვის დასერვა ეგვიპტესა და კვიპროსში ძველთაგანვე საყოველთაოდ ცნობილი მეთოდი იყო. დღეს ისრაელში არაერთი ჯიშის ლეღვი მოჰყავთ, ამიტომ დასერვის მეთოდს აღარ იყენებენ. თუმცა ამოსის დროს სიკომოროს ლეღვს სერავდნენ ისრაელები, რადგან ის ჯიში ეგვიპტიდან შეჰქონდათ.
როგორც ჩანს, დასერვის შედეგად ლეღვი გაცილებით მეტ წყალს იწოვს და გამოშრობისგანაა დაცული. ეს მეთოდი ეთილენის დიდი რაოდენობით წარმოქმნასაც უწყობს ხელს, რაც დამწიფების პროცესს აჩქარებს, და ნაყოფიც უფრო დიდია და ტკბილი. გარდა ამისა, კრაზანებიც ვერ ასწრებენ ნაყოფის გაფუჭებას, რადგან სწრაფად მწიფდება.
ამოსი, რომელიც მწყემსი და ლეღვის მომყვანი იყო, მტრებმა ვერ დააშინეს. პირიქით, გაბედულად აუწყებდა ისრაელს იეჰოვას განაჩენს. დღეს ეს ჩინებული მაგალითია ღვთის მსახურებისთვის, რომლებიც აგრეთვე განაჩენს აცხადებენ (მათე 5:11, 12; 10:22).