მიენდე იეჰოვას და იცოცხლე!
„მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავ. 3:5).
1. რატომ გვჭირდება ნუგეში ყველას?
ყველას გვჭირდება ნუგეში. შეიძლება წუხილი, იმედგაცრუება და ტანჯვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ალბათ, ასაკის მატებით, ავადმყოფობითა და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილთან და პრობლემებთან გიწევთ გამკლავება. შეიძლება მტრულად განწყობილი ადამიანებისგან ცუდ მოპყრობას იტანთ. გარდა ამისა, ხალხი უფრო და უფრო მოძალადე ხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს „ძნელად ასატანი დრო“ ბოლო დღეების ნიშანია და ყოველი ახალი დღე ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ახალ ქვეყნიერებასთან (2 ტიმ. 3:1). და მაინც, ალბათ არაერთი წელია, ველით იეჰოვას დაპირებების შესრულებას და პრობლემებსაც ბოლო არ უჩანს. ამიტომ სად შეგვიძლია ნუგეშის პოვნა?
2, 3. ა) რა ვიცით აბაკუმის შესახებ? ბ) რატომ განვიხილავთ აბაკუმის წიგნს?
2 ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ წიგნი „აბაკუმი“. ამ წიგნში დაწვრილებით არ არის აღწერილი აბაკუმის ცხოვრება და საქმიანობა, თუმცა ის გამხნევებისა და ნუგეშის წყაროა. სახელი „აბაკუმი“ შესაძლოა ნიშნავს „მხურვალე ჩახუტებას“, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა გულში გვიკრავს და ისე გვანუგეშებს. ეს სიტყვები აგრეთვე შეიძლება იმ აზრსაც ატარებდეს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ჩაბღაუჭებულები არიან მას, როგორც პატარა ბავშვი მამას. აბაკუმი ელაპარაკა იეჰოვას და კონკრეტული კითხვები დაუსვა. შეიძლება ითქვას, მან ჩვენ მაგივრადაც დაუსვა ღმერთს ეს კითხვები, რადგან იეჰოვამ შთააგონა მას, რომ დაეწერა მათ შორის გამართული დიალოგი (აბაკ. 2:2).
3 საგონებელში ჩავარდნილ წინასწარმეტყველსა და იეჰოვას შორის საუბარი ერთადერთი მონაკვეთია, საიდანაც აბაკუმის შესახებ ვიგებთ. მისი წიგნი მიეკუთვნება იმ „ყველაფერს, რაც წინათ დაიწერა“ და ღვთის სიტყვაში შემოინახა, „რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). პირადად როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ შესანიშნავი წიგნით? ის არა მარტო გვანახვებს, რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა, არამედ გვარწმუნებს, რომ პრობლემებისა და უბედურების მიუხედავად შეგვიძლია შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე. მოდი ამ სტატიის განხილვისას, სადაც უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ აბაკუმის წიგნზე, გონებაში გვქონდეს ეს აზრი.
მოუხმეთ იეჰოვას
4. რატომ იყო აბაკუმი გულგატეხილი?
4 წაიკითხეთ აბაკუმის 1:2, 3. აბაკუმი საკმაოდ რთულ და დაძაბულ პერიოდში მოღვაწეობდა. ის ძალიან დამწუხრებული იყო, რადგან ბოროტ და მოძალადე ხალხს შორის ცხოვრობდა. როდის დაესმებოდა მათ ბოროტებას წერტილი? რატომ იცდიდა იეჰოვა ამდენ ხანს? აბაკუმი მხოლოდ უსამართლობას და ჩაგვრას ხედავდა, რომლებსაც მისი თანამემამულენი სჩადიოდნენ. ის თავს უმწეოდ გრძნობდა; ამიტომ ამ შავბნელ პერიოდში იეჰოვას სთხოვდა, რომ რამე ეღონა. შესაძლოა აბაკუმი ფიქრობდა, რომ იეჰოვა უმოქმედოდ იყო. ისე ჩანდა, თითქოს ღმერთი არ ჩქარობდა. თქვენთვისაც ნაცნობი ხომ არ არის ღვთის ამ ერთგული და ძვირფასი მსახურის გრძნობები?
5. რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ აბაკუმის წიგნიდან? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)
5 აღარ ენდობოდა აბაკუმი იეჰოვას? რწმენა დაკარგა იეჰოვას დაპირებების მიმართ? სრულებითაც არა! თუნდაც ის ფაქტი, რომ თავისი საწუხარი და პრობლემები იეჰოვას გაანდო და არა ადამიანს, იმაზე მეტყველებს, რომ წინასწარმეტყველი იმედგადაწურული არ იყო. როგორც ჩანს, აბაკუმი იმიტომ წუხდა, რომ არ ესმოდა, რატომ იცდიდა იეჰოვა ამდენ ხანს და რატომ დაუშვა, რომ მის წინასწარმეტყველს ასე ეტანჯა. იეჰოვამ აბაკუმს თავისი გრძნობები და საწუხარი დააწერინა, რითაც მნიშვნელოვანი რამ დაგვანახვა: ჩვენ არასდროს უნდა შეგვეშინდეს იეჰოვასთვის ჩვენი წუხილისა თუ ეჭვების გაზიარების. ის ხომ სიყვარულით გვიწვევს, ლოცვაში გული გადმოვუღვაროთ?! (ფსალმ. 50:15; 62:8). იგავების 3:5-ში გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“. როგორც ჩანს, აბაკუმისთვის ცნობილი იყო ეს სიტყვები და შესაბამისადაც მოქმედებდა.
6. რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი?
6 აბაკუმმა თავად გადადგა ნაბიჯი, რომ დაახლოებოდა ღმერთს. იეჰოვა მისთვის სანდო მეგობარი და მამა იყო. ის უბრალოდ კი არ წუხდა და საკუთარი გონებით კი არ ცდილობდა პრობლემის გადაჭრას, არამედ ლოცვაში უზიარებდა იეჰოვას თავის გრძნობებსა და საწუხარს, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა. ლოცვების მომსმენი ღმერთი იეჰოვა მოგვიწოდებს, მივენდოთ მას და ლოცვაში გავანდოთ ჩვენი სადარდებელი (ფსალმ. 65:2). თუ ასე მოვიქცევით, საკუთარ თავზე გამოვცდით, როგორ გვპასუხობს იეჰოვა. თავისი მითითებების მეშვეობით ის, ასე ვთქვათ, გულში გვიხუტებს (ფსალმ. 73:23, 24). რა სირთულის წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ღმერთი აუცილებლად დაგვანახვებს თავის თვალსაზრისს და დაგვეხმარება, უფრო გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს ჩვენს მდგომარეობაზე. გულმხურვალე ლოცვები ღვთისადმი ნდობის ერთ-ერთი უდიდესი გამოხატულებაა.
მოუსმინეთ იეჰოვას
7. რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას აბაკუმის უკმაყოფილებაზე?
7 წაიკითხეთ აბაკუმის 1:5—7. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მიანდო თავისი საწუხარი, აბაკუმს ალბათ აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა იეჰოვას. თანამგრძნობ და გულისხმიერ მამას არ გაუკიცხავს იმის გამო, რომ გულწრფელად გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. ღმერთს ესმოდა, რომ მას ტკივილი ალაპარაკებდა. თავნება იუდეველების მიმართ ნათქვამი სიტყვებით იეჰოვამ გაუმჟღავნა აბაკუმს, რის გაკეთებას აპირებდა. შესაძლოა ის პირველი იყო, ვისაც იეჰოვამ უთხრა, რომ მოძალადე ხალხის აღსასრული კარს იყო მომდგარი.
8. რატომ ჩააგდო საგონებელში იეჰოვას პასუხმა აბაკუმი?
8 იეჰოვამ დაანახვა აბაკუმს, რომ მზად იყო მოქმედებისთვის. მოძალადე და ბოროტი თაობის დასჯა გარდაუვალი იყო. სიტყვებით „თქვენს დროში“ იეჰოვამ იმაზე მიანიშნა, რომ ეს განაჩენი აბაკუმის ან მისი თანამედროვეების სიცოცხლეში უეჭველად აღსრულდებოდა. ასეთ პასუხს აბაკუმი ნამდვილად არ მოელოდა. იეჰოვას სიტყვების თანახმად, მდგომარეობა მთელ იუდაში დამძიმდებოდაa. ქალდეველები (ბაბილონელები) იმაზე დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ, ვიდრე ისრაელები, რომლებმაც, სულ თუ არაფერი, იეჰოვას ნორმები მაინც იცოდნენ. რატომ გამოიყენებდა იეჰოვა ამ ულმობელ ერს თავისი ხალხის დასასჯელად? თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ ღვთის ასეთ პასუხზე?
9. რა კითხვები შეიძლებოდა გასჩენოდა აბაკუმს?
9 წაიკითხეთ აბაკუმის 1:12—14, 17. აბაკუმმა იცოდა, რომ იეჰოვა ბაბილონს გამოიყენებდა ბოროტმოქმედი ხალხის გასასამართლებლად და დასასჯელად, მაგრამ მაინც ბევრი რამ აფიქრებდა. მიუხედავად ამისა, მან თავმდაბლად თქვა, რომ იეჰოვა კვლავაც მისი „კლდე“ იქნებოდა (კან. 32:4; ეს. 26:4). აბაკუმმა იცოდა, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და კეთილი იყო, ამიტომ არ ეშინოდა, რომ მისთვის სხვა კითხვებიც დაესვა. შესაძლოა წინასწარმეტყველს აფიქრებდა: რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ იუდაში მდგომარეობა გაუარესებულიყო? რატომ არ იმოქმედა დაუყოვნებლივ? რატომ იწყნარებდა ამდენ ბოროტებას? რატომ დუმდა, როცა ბოროტება ყვაოდა? ის ხომ წმინდა ღმერთია და იმდენად სუფთაა მისი თვალები, რომ ვერ უყურებს ბოროტებას?!
10. რატომ შეიძლება ვიგრძნოთ დროდადრო თავი აბაკუმივით?
10 დროდადრო შეიძლება თავს აბაკუმივით ვგრძნობდეთ. ჩვენ ვუსმენთ იეჰოვას, ვენდობით მას, ვკითხულობთ და ვსწავლობთ მის სიტყვას, რაც იმედს გვისახავს. ღვთის ორგანიზაცია ხშირად შეგვახსენებს მის დაპირებებს. თუმცა შეიძლება მაინც გვაფიქრებდეს, როდის დაესმება ჩვენს ტანჯვას წერტილი? აბაკუმის შემდეგი მოქმედებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.
დაელოდეთ იეჰოვას
11. რა ჰქონდა აბაკუმს გადაწყვეტილი იეჰოვასთან საუბრის შემდეგ?
11 წაიკითხეთ აბაკუმის 2:1. აბაკუმს იეჰოვასთან საუბრის შემდეგ შინაგანი სიმშვიდე დაეუფლა და გადაწყვიტა, გულდაჯერებული დალოდებოდა მას. ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გამოხატული უცაბედი რეაქცია. ამას ადასტურებს მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: „მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს“ (აბაკ. 3:16). მოთმინებით ლოდინის და იეჰოვასადმი ნდობის კარგი მაგალითი ღვთის სხვა მსახურებმაც დაგვიტოვეს, რაც ძალას გვმატებს, რომ ბოლომდე დაველოდოთ იეჰოვას (მიქ. 7:7; იაკ. 5:7, 8).
12. რას ვსწავლობთ აბაკუმისგან?
12 რას ვსწავლობთ აბაკუმის გადაწყვეტილებიდან? პირველი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასადმი ლოცვა. მეორე, ყურად უნდა ვიღოთ ის, რასაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვეუბნება. მესამე, მოთმინებით უნდა დაველოდოთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ თავის დროზე დაგვიამებს ტკივილს. თუ კვლავაც გავანდობთ იეჰოვას ჩვენს გულისნადებს და აბაკუმის მსგავსად მოთმინებით მოვუსმენთ, შინაგან სიმშვიდეს ვიგრძნობთ, რაც განსაცდელების ატანაში დაგვეხმარება. იმედი მოთმინების ძალას მოგვცემს, რაც, თავის მხრივ, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით აგვატანინებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ზეციერი მამა უმოქმედოდ არ იქნება (რომ. 12:12).
13. რაში გვარწმუნებს აბაკუმის 2:3?
13 წაიკითხეთ აბაკუმის 2:3. აბაკუმმა გადაწყვიტა, დალოდებოდა იეჰოვას, რაც ნამდვილად მოეწონებოდა ყოვლისშემძლეს. მან კარგად იცოდა, რა საშინელ მდგომარეობაში იყო აბაკუმი. ამიტომ სიყვარულით ანუგეშა ის და დაჰპირდა, რომ მის გულწრფელ კითხვებს უპასუხოდ არ დატოვებდა. ის მალე გათავისუფლდებოდა ყველა საწუხარისგან. ღმერთმა მას ფაქტობრივად უთხრა: „მოითმინე და მომენდე. შეიძლება გგონია, რომ ვაყოვნებ, მაგრამ აუცილებლად გიპასუხებ“. იეჰოვამ შეახსენა მას, რომ თავისი დაპირებების შესასრულებლად დრო ჰქონდა დანიშნული. მან ურჩია აბაკუმს, დალოდებოდა ამ დროის დადგომას, რადგან საბოლოოდ იმედი არ გაუცრუვდებოდა.
14. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი გასაჭირის დროს?
14 მოთმინებით ლოდინი და იეჰოვას სიტყვების გათვალისწინება გულდაჯერებულობას შეგვმატებს და დაგვეხმარება, რომ გასაჭირისა თუ განსაცდელების დროს შინაგანი სიმშვიდე არ დავკარგოთ. იესომ თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, დროის დიდებულ გამგებელს, და ყურადღება დროებსა და ვადებზე არ გადავიტანოთ, რომლებიც იეჰოვას არ გაუმჟღავნებია (საქ. 1:7). ამიტომ ხელები კი არ უნდა ჩამოვუშვათ, არამედ თავმდაბლობით, რწმენითა და მოთმინებით უნდა დაველოდოთ იეჰოვას, გონივრულად გამოვიყენოთ დრო და საუკეთესო გავიღოთ მის მსახურებაში (მარ. 13:35—37; გალ. 6:9).
იეჰოვაზე მინდობა მარადიულ სიცოცხლესა და დიდებულ მომავალს მოგვიტანს
15, 16. ა) რას გვპირდება ღმერთი აბაკუმის წიგნში? ბ) რას ვსწავლობთ ამ დაპირებებიდან?
15 იეჰოვა თავის მოიმედეთ ჰპირდება: „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“, „აივსება დედამიწა იეჰოვას სიდიადის ცოდნით“ (აბაკ. 2:4, 14). დიახ, ისინი, ვინც მოთმინებასა და ღვთისადმი ნდობას ავლენენ, სიცოცხლით დაჯილდოვდებიან.
16 ერთი შეხედვით აბაკუმის 2:4-ში ჩაწერილი დაპირება შეიძლება ზოგადი ჩანდეს. მაგრამ პავლე მოციქულისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას დაპირება, რომ თავის წერილებში სამჯერ მოიყვანა ამ მუხლიდან ციტატა (რომ. 1:17; გალ. 3:11; ებრ. 10:38). რა სირთულესაც არ უნდა შეხვდეს მართალი, რწმენა და ნდობა დაეხმარება, რომ საკუთარი თვალით იხილოს ღვთის დაპირებების შესრულება. იეჰოვას სურს, რომ უფრო შორს გავიხედოთ.
17. რაში გვარწმუნებს აბაკუმის წიგნი?
17 აბაკუმის წიგნი ამ ბოლო დღეებში მცხოვრებთ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. იეჰოვა სიცოცხლეს ჰპირდება ყველა მართალ ადამიანს, რომლებიც რწმენასა და ნდობას ავლენენ მის მიმართ. დაე, განსაცდელისა და საწუხარის მიუხედავად, კვლავაც გავიძლიეროთ ღვთისადმი რწმენა და ნდობა! აბაკუმის მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მხარში დაგვიდგება და გვიხსნის. ის გვთხოვს, მივენდოთ მას და მოთმინებით დაველოდოთ მის მიერ დანიშნული დროის დადგომას, როცა ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელი დედამიწა ბედნიერი და რბილი ხასიათის ადამიანებით აივსება (მათ. 5:5; ებრ. 10:36—39).
სიხარულით მიენდეთ იეჰოვას
18. როგორ იმოქმედა იეჰოვას სიტყვებმა აბაკუმზე?
18 წაიკითხეთ აბაკუმის 3:16—19. იეჰოვას სიტყვებმა აბაკუმზე წარუშლელი კვალი დატოვა. ის ფიქრობდა მოწიწების მომგვრელ საქმეებზე, რომლებიც ღმერთმა წარსულში თავისი ხალხის სასარგებლოდ მოიმოქმედა. ახლა მას შეეძლო განეახლებინა ნდობა. აბაკუმმა იცოდა, რომ იეჰოვა მალე იმოქმედებდა! ეს ანუგეშებდა წინასწარმეტყველს იმის მიუხედავად, რომ შეიძლებოდა მისი უბედურება გარკვეულ ხანს კიდევ გაგრძელებულიყო. აბაკუმის ეჭვები იეჰოვას მხსნელი ძალისადმი ურყევმა ნდობამ შეცვალა. მან წარმოთქვა ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი სიტყვები, რომლებშიც უდიდესი ნდობა ჩანდა. ზოგი ბიბლეისტის აზრით, აბაკუმის 3:18 სიტყვასიტყვით ნიშნავს: „უფლით გახარებული ვიხტუნებ; ღმერთით გახარებული ავცეკვდები“. რა ძლიერი სიტყვებითაა გამოხატული წინასწარმეტყველის გულდაჯერებულობა აბაკუმის 3:16—19-ში! იეჰოვა არა მხოლოდ შესანიშნავ დაპირებებს გვაძლევს, არამედ გვარწმუნებს, რომ ძალიან მალე შეასრულებს მათ.
19. როგორ შეგვიძლია აბაკუმის მსგავსად ვპოვოთ ნუგეში?
19 ეჭვგარეშეა, წიგნი „აბაკუმი“ იეჰოვასადმი ნდობას გვიძლიერებს (აბაკ. 2:4). ღვთისადმი ნდობის განვითარებასა და შენარჩუნებაში მასთან ურთიერთობის განმტკიცება დაგვეხმარება. ამისთვის საჭიროა: 1) გამუდმებით ვილოცოთ და ჩვენი საწუხარი და საფიქრალი ღმერთს გავუზიაროთ, 2) ყურადღებით მოვეკიდოთ იეჰოვას სიტყვებს და მისი ორგანიზაციიდან მიღებულ ნებისმიერ მითითებას, 3) რწმენითა და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. სწორედ ასე იქცეოდა აბაკუმი. მართალია, მან თავისი წიგნის წერა დამწუხრებულმა დაიწყო, მაგრამ დამაჯერებელი და სიხარულის გამომხატველი სიტყვებით დაასრულა. დაე ჩვენც მივბაძოთ აბაკუმს და ვიგრძნოთ, როგორ გვიხუტებს გულში ჩვენი ზეციერი მამა! რამ შეიძლება გვანუგეშოს ამაზე მეტად ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში?!
a აბაკუმის 1:5-ში მრავლობით რიცხვში მდგომი ნაცვალსახელი „თქვენ“ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს უბედურება მთელ იუდას დაატყდებოდა.