„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“
„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14).
1, 2. ა) რა განსაკუთრებულ დღეს ელოდებიან ქრისტიანები? ბ) რომელ კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ და რატომ?
ახალგაზრდა ქალი სიხარულით ელის თავისი ქორწილის დღეს. მომავალი დედა მთელი გულით ელოდება ბავშვის დაბადებას. მუშაობისგან ქანცგაწყვეტილი მამაკაცი მოუთმენლად ელის შვებულებაში წასვლას. რა აქვთ მათ საერთო? თითოეული მათგანი ელოდება განსაკუთრებულ დღეს — დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. მათ ღრმა, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გრძნობები აქვთ. ერთ მშვენიერ დღეს მათთვის ნანატრი დღე დადგება და ისინი იმედოვნებენ, რომ იმ დღისთვის მზად იქნებიან.
2 მსგავსად, ჭეშმარიტი ქრისტიანები დღეს მოუთმენლად ელოდებიან განსაკუთრებული დღის დადგომას. ეს არის „იეჰოვას [დიდი] დღე“ (ესაია 13:9; იოელი 2:1; 2 პეტრე 3:12). რა არის „იეჰოვას დღე“, რომელიც მოდის და რა გავლენას მოახდენს ის კაცობრიობაზე? როგორ შეგვიძლია მზად ვიყოთ ამ დღისთვის? უაღრესად მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ გავიგოთ ამ კითხვებზე პასუხები, რადგან ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრულდება ბიბლიის შემდეგი სიტყვები: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14).
„იეჰოვას დიდი დღე“
3. რა არის „იეჰოვას დიდი დღე“?
3 რა არის „იეჰოვას დიდი დღე“? ბიბლიაში გამოთქმა „იეჰოვას დღე“ იმ განსაკუთრებულ დროსთან დაკავშირებით გვხვდება, როცა იეჰოვას სისრულეში მოჰყავდა განაჩენი თავის მტრებზე და განადიდებდა თავის დიდებულ სახელს. იუდასა და იერუსალიმის ორგულ მოსახლეობას, ისევე როგორც სასტიკ ბაბილონელებსა და ეგვიპტელებს მაშინ დაატყდათ თავს „იეჰოვას დღე“, როცა ღმერთმა სისრულეში მოიყვანა მათთვის გამოტანილი განაჩენი (ესაია 2:1, 10—12; 13:1—6; იერემია 46:7—10). მაგრამ იეჰოვას ყველაზე დიდი დღე ჯერ კიდევ წინაა. იმ დღეს იეჰოვა მსჯავრს დაატეხს მათ, ვინც მის სახელს შეურაცხყოფს. იეჰოვას დღე „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის, განადგურებით დაიწყება და კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს, როცა ბოროტი ქვეყნიერების დარჩენილი ნაწილი განადგურდება (გამოცხადება 16:14, 16; 17:5, 15—17; 19:11—21).
4. რატომ უნდა ეშინოდეს კაცობრიობის დიდ ნაწილს იეჰოვას დღის, რომელიც სწრაფად ახლოვდება?
4 ადამიანთა უმრავლესობას უნდა ეშინოდეს იეჰოვას დღის, რომელიც სწრაფად ახლოვდება, მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ ამას თუ არა. რატომ? წინასწარმეტყველ სოფონიას მეშვეობით იეჰოვა გვპასუხობს ამ კითხვაზე: „რისხვის დღეა ის, გასაჭირისა და ტანჯვის დღე, ქარიშხლისა და გაპარტახების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლისა და მწუხრის დღე“. მართლაც რა შიშის მომგვრელია! უფრო მეტიც, წინასწარმეტყველი ამბობს: „გასაჭირს მოვუვლენ ხალხს. . . რადგან შესცოდეს იეჰოვას“ (სოფონია 1:15, 17).
5. რატომ ელოდება მილიონობით ადამიანი იეჰოვას დღეს სიხარულით?
5 მათგან განსხვავებით, მილიონობით ადამიანი სიხარულით ელოდება იეჰოვას დღის დადგომას. რატომ? მათ იციან, რომ მართლებისთვის ეს ხსნის დღე იქნება; იმ დღეს იეჰოვა განდიდდება და მისი დიდებული სახელი განიწმინდება (იოელი 3:16, 17; სოფონია 3:12—17). ადამიანებისთვის ის დღე შიშის მომტანი იქნება თუ სიხარულის, ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, როგორ ცხოვრებას ეწევიან ისინი ახლა. პირადად თქვენ გეშინიათ იმ დღის მოახლოების თუ სიხარულით ელით მას? მზად ხართ იმ დღისთვის? ახდენს გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ის, რომ იეჰოვას დღე უკვე ჩანს ჰორიზონტზე?
„მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით“
6. რა რეაქცია აქვს უმრავლესობას იეჰოვას დღესთან დაკავშირებით და რატომ არ უკვირთ ეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
6 მიუხედავად იმისა, რომ დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო, მოსახლეობის უმრავლესობას არ აინტერესებს „იეჰოვას დღის“ მოახლოება. ისინი დასცინიან ყველას, ვინც იეჰოვას გარდაუვალი დღის მოახლოების შესახებ აფრთხილებს მათ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეს არ უკვირთ. მათ ახსოვთ პეტრე მოციქულის მიერ მოცემული გაფრთხილება: «უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ » (2 პეტრე 3:3, 4).
7. რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში?
7 რა დაგვეხმარება, რომ ასეთმა უარყოფითმა თვალსაზრისმა ჩვენზე არ იმოქმედოს და სიფხიზლე შევინარჩუნოთ? პეტრე წერს: „შეხსენებით ვაღვიძებ თქვენი საღი აზროვნების უნარს, რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები და უფლისა და მხსნელის მცნება, რომელიც თქვენმა მოციქულებმა გადმოგცეს“ (2 პეტრე 3:1, 2). თუ ყურად ვიღებთ წინასწარმეტყველებებში მოცემულ გაფრთხილებებს, ეს დაგვეხმარება, ‘გავაღვიძოთ ჩვენი საღი აზროვნების უნარი’. შესაძლოა, არაერთხელ მოგვისმენია ეს გაფრთხილებები, მაგრამ მათზე ყურადღების გამახვილება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე (ესაია 34:1—4; ლუკა 21:34—36).
8. რატომ უგულებელყოფს მრავალი ბიბლიაში ჩაწერილ გაფრთხილებებს?
8 რატომ უგულებელყოფენ ადამიანები ამ გაფრთხილებებს? პეტრე განაგრძობს: „მათ თავიანთი ნებისამებრ მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“ (2 პეტრე 3:5, 6). ბევრს არ სურს იეჰოვას დღის დადგომა და არც ის, რომ მათი ცხოვრების წესი რამემ შეცვალოს. მათ არ უნდათ, რომ თავიანთ ეგოისტურ ცხოვრებაზე პასუხი აგონ იეჰოვას წინაშე. როგორც პეტრემ აღნიშნა, ისინი „თავიანთი სურვილებისამებრ“ ცხოვრობენ.
9. როგორი რეაქცია ჰქონდა ნოესა და ლოტის დროს ხალხს გაფრთხილებებზე?
9 დამცინავები „თავიანთი ნებისამებრ“ უარყოფენ, რომ წარსულში იეჰოვა ერეოდა კაცობრიობის საქმეებში. როგორც იესო ქრისტე, ისე მოციქული პეტრე მოიხსენიებს ორ ასეთ მოვლენას, რომლებიც „ნოეს დროსა“ და „ლოტის დროს“ მოხდა (ლუკა 17:26—30; 2 პეტრე 2:5—9). წარღვნის წინ ხალხი ყურადღებას არ აქცევდა ნოეს გაფრთხილებას. ასევე, სოდომისა და გომორას განადგურებამდე ლოტის გაფრთხილება მის „სიძეებს ხუმრობა ეგონათ“ (დაბადება 19:14).
10. რას ამბობს იეჰოვა მათზე, ვინც ყურად არ იღებს მის გაფრთხილებებს?
10 დღესაც მსგავსი სიტუაციაა. დააკვირდით, რას ამბობს იეჰოვა მათზე, ვინც ყურად არ იღებს გაფრთხილებას: „განვიკითხავ თხლესავით დალექილებს, გულში რომ ამბობენ, იეჰოვა არც კარგს გააკეთებს და არც ცუდსო. გაიძარცვება მათი სიმდიდრე და გაპარტახდება მათი სახლები. ააშენებენ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებენ, გააშენებენ ვენახებს, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევენ“ (სოფონია 1:12, 13). ხალხი შეიძლება „ჩვეულ“ ცხოვრებას მიჰყვება, მაგრამ ისინი ხანგრძლივ სარგებლობას ვერ მიიღებენ თავიანთი ნაშრომიდან. რატომ? იეჰოვას დღე მოულოდნელად დადგება და ვერანაირი სიმდიდრე ვერ გადაარჩენს მათ (სოფონია 1:18).
„დაელოდე“
11. რომელ რჩევას უნდა მივყვეთ?
11 ბოროტი ქვეყნიერებისგან განსხვავებით უნდა მივყვეთ წინასწარმეტყველი აბაკუმის რჩევას: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3). მაშინაც კი, თუ ჩვენი არასრულყოფილების გამო ვფიქრობთ, რომ იეჰოვას დღე აგვიანებს, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა არ აყოვნებს. მისი დღე სწორედ მაშინ დადგება, როცა კაცობრიობა არ ელის მას (მარკოზი 13:33; 2 პეტრე 3:9, 10).
12. რის შესახებ გაგვაფრთხილა იესომ და რა შეიძლება ითქვას მის ერთგულ მიმდევრებზე?
12 იესომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას დღის ლოდინი და გაგვაფრთხილა, რომ ზოგი მისი მიმდევარიც კი სიფხიზლეს დაკარგავდა. მან იწინასწარმეტყველა: «თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: „აყოვნებს ჩემი ბატონი“ და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათს, რომელზეც არ იცის, სასტიკად დასჯის მას» (მათე 24:48—51). მათგან განსხვავებით, ერთგული და გონიერი მონის კლასი ინარჩუნებს სიფხიზლეს. მათ დაამტკიცეს, რომ მზად არიან იმ დღისთვის. იესომ დედამიწაზე „მთელი თავისი ქონება“ ამ კლასს ჩააბარა (მათე 24:42—47).
საჭირო იყო დაუყოვნებელი მოქმედება
13. როგორ გაუსვა იესომ ხაზი იმას, რომ საჭირო იყო დაუყოვნებელი მოქმედება?
13 პირველი საუკუნის ქრისტიანებს დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედათ. ისინი მაშინვე უნდა გაქცეულიყვნენ ქალაქიდან, როგორც კი „იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს“ დაინახავდნენ (ლუკა 21:20, 21). ეს სიტყვები ახ. წ. 66 წელს შესრულდა. ყურადღება მიაქციეთ, იესომ ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანებს დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედათ. მან თქვა: „ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად. ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად“ (მათე 24:17, 18). თუ მხედველობაში მივიღებთ განვითარებულ მოვლენებს, იერუსალიმი ახ. წ. 70 წლამდე არ განადგურებულა; მაშ, რატომ უნდა ემოქმედათ ქრისტიანებს დაუყოვნებლივ ახ. წ. 66 წელს?
14, 15. რატომ უნდა ემოქმედათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს დაუყოვნებლივ, როცა იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს დაინახავდნენ?
14 მართალია, რომის ჯარს იერუსალიმი ახ. წ. 70 წლამდე არ გაუნადგურებია, მაგრამ ახ. წ. 66 წლიდან 70 წლამდე იქ მშვიდობა მაინც არ სუფევდა. ის პერიოდი სავსე იყო ძალადობითა და სისხლის ღვრით. ერთ-ერთი ისტორიკოსი იერუსალიმში იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ მაშინ „უაღრესად სისხლიანი, ენით აუწერელი სასტიკი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა“. ახალგაზრდა მამაკაცები ჯარში მიჰყავდათ, რათა იარაღი ხელში აეღოთ და გალავანი გაემაგრებინათ. ისინი ყოველდღე სამხედრო წვრთნებს გადიოდნენ. მას, ვინც მონაწილეობას არ მიიღებდა საომარ მოქმედებებში, მოღალატედ ჩათვლიდნენ. თუ ქრისტიანები ქალაქიდან გასვლას დააყოვნებდნენ, ისინი თავს დიდ საფრთხეში ჩაიგდებდნენ (მათე 26:52; მარკოზი 12:17).
15 აღსანიშნავია, რომ იესოს სიტყვების თანახმად არა მხოლოდ იერუსალიმიდან, არამედ იუდეიდანაც უნდა გაქცეულიყვნენ ქრისტიანები. ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან იერუსალიმიდან ქრისტიანების გასვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, რომაელთა ჯარებმა კვლავ განაახლეს საომარი მოქმედებები. თავდაპირველად ახ. წ. 67 წელს მათ გალილეა აიღეს, მომდევნო წელს კი — იუდეა. ამის შედეგად ქვეყანაში დიდი უბედურება დატრიალდა. უფრო და უფრო რთული ხდებოდა იუდეველების გაქცევა იერუსალიმიდან. ქალაქის კარიბჭეებში მცველები იდგნენ და, თუ ვინმე გაქცევას შეეცდებოდა, რომაელთა მხარდამჭერად მიიჩნევდნენ.
16. რა შემთხვევაში გადარჩებოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები?
16 როცა ამ ყოველივეს მხედველობაში ვიღებთ, ვხვდებით, თუ რატომ გაუსვა იესომ ხაზი, რომ დაუყოვნებელი მოქმედება იყო საჭირო. ქრისტიანები მზად უნდა ყოფილიყვნენ მსხვერპლის გასაღებად და სიმდიდრის გამო არ უნდა დავიწყებოდათ იესოს გაფრთხილება. მათ უყოყმანოდ უნდა ‘დაეთმოთ მთელი თავიანთი საკუთრება’ (ლუკა 14:33). ის, ვინც მაშინვე იორდანეს მეორე მხარეს შეაფარა თავი, გადარჩა.
ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ
17. რატომ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ?
17 ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. დღეს, როგორც არასდროს, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ. მეომარი მშვიდობიან პერიოდში დაძაბულობასა და ომის საშიშროებას არ გრძნობს. მაგრამ, თუ ფხიზლად არ იქნება, შესაძლოა, მოუმზადებელი აღმოჩნდეს, როცა მოულოდნელად ომი დაიწყება, და დაიღუპოს. ადამიანს შეიძლება სულიერადაც იგივე დაემართოს. თუ არ ვიფხიზლებთ, შეიძლება მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ განსაცდელების წინაშე და გაგვაოგნოს იეჰოვას დღის მოულოდნელად მოსვლამ (ლუკა 21:36; 1 თესალონიკელები 5:4). ვინც „აღარ მიჰყვება იეჰოვას“, ახლავე უნდა დაუწყოს მას ძებნა (სოფონია 1:3—6; 2 თესალონიკელები 1:8, 9).
18, 19. რა დაგვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს „ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“?
18 გასაკვირი არაა, რომ პეტრე მოციქული გვაფრთხილებს, ყოველთვის გვახსოვდეს „ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“! როგორ შეგვიძლია, ყოველთვის გვახსოვდეს „იეჰოვას დღე“? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ‘წმინდად ვიქცეოდეთ და ღვთისადმი ერთგულებას ვავლენდეთ’ (2 პეტრე 3:11, 12). ასე მოქმედება დაგვეხმარება, რომ სიხარულით დაველოდოთ „იეჰოვას დღეს“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „ყოველთვის გახსოვდეთ ის დრო“, სიტყვასიტყვით ნიშნავს დაჩქარებას. ჩვენ არ შეგვიძლია იეჰოვას დღის დაჩქარება. მაგრამ, თუ ღვთის მსახურებით ვიქნებით დაკავებულნი, დრო შეუმჩნევლად გავა (1 კორინთელები 15:58).
19 ღვთის სიტყვაში მოცემულ შეხსენებებზე ფიქრი დაგვეხმარება, ‘ვესწრაფვოთ (დავაჩქაროთ და ველოდოთ) ღვთის მოსვლის დღეს’ (კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი), ანუ „ყოველთვის გვახსოვდეს“ იეჰოვას დღე (2 პეტრე 3:12). ამ შეხსენებებს შორის არის არა მხოლოდ იეჰოვას დღესთან დაკავშირებული მრავალი წინასწარმეტყველება, არამედ წინასწარმეტყველებები იმ კურთხევებზეც, რომლებსაც იეჰოვას მომლოდინენი მიიღებენ (სოფონია 3:8).
20. რა გაფრთხილება უნდა ვიღოთ ყურად?
20 სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ყურად ვიღოთ სოფონია წინასწარმეტყველის გაფრთხილება: „ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3).
21. რომელია 2007 წლის წლიური მუხლი?
21 მართლაც დროულია 2007 წლის წლიური მუხლი: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“. ღვთის ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს დღე „ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14). „არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3). რადგან ველოდებით ამ დღეს, ყოველთვის მხედველობაში გვქონდეს, რა დროში ვცხოვრობთ, ვიფხიზლოთ და გვახსოვდეს, რომ ცოტაც, და ეს წინასწარმეტყველებები საბოლოოდ შესრულდება!
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• რა არის „იეჰოვას დიდი დღე“?
• რატომ არ ფხიზლობს ბევრი?
• რატომ უნდა ემოქმედათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს დაუყოვნებლივ?
• როგორ შეგვიძლია სიფხიზლის შენარჩუნება?
[ჩანართი 19 გვერდზე]
2007 წლის წლიური მუხლი: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“ (სოფონია 1:14).
[სურათები 17 გვერდზე]
ისევე, როგორც ნოეს დღეებში, დღესაც დამცინავები გაოგნდებიან, როცა იეჰოვა დაიწყებს მოქმედებას.
[სურათი 18 გვერდზე]
ქრისტიანებს დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედათ, როდესაც „იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს“ დაინახავდნენ.