მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — სოფონია
1. რა ვითარებაში წინასწარმეტყველებდა სოფონია და რა მხრივ არის ის ჩვენთვის სამაგალითო?
1 ძვ. წ. VII საუკუნის შუახანებში იუდაში ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდა. ბოროტი მეფე ამონი სულ ცოტა ხნის წინ გამოესალმებინათ სიცოცხლისთვის და ახლა იუდაში ახალგაზრდა მეფე იოშია მეფობდა (2 მატ. 33:21—34:1). სწორედ მისი მეფობის დროს იეჰოვამ წინასწარმეტყველად სოფონია დანიშნა, რომლის პირითაც მას იუდასთვის გამოტანილი განაჩენი უნდა გაეცხადებინა. იმისდა მიუხედავად, რომ სოფონია სამეფო ოჯახს ენათესავებოდა, მას იეჰოვას მიერ იუდასთვის გამოტანილი განაჩენი არც შეუმსუბუქებია და არც გაუუბრალოებია (სოფ. 1:1; 3:1—4). ჩვენც სოფონიას მსგავსად ვცდილობთ, ვიყოთ გაბედულები და ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს არ მივცეთ საშუალება, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში ხელი შეგვიშალონ (მათ. 10:34—37). რა ცნობას აცხადებდა სოფონია და რა შედეგი გამოიღო მისმა ქადაგებამ?
2. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ იეჰოვას რისხვის დღეს?
2 „ეძებეთ იეჰოვა“. მხოლოდ იეჰოვას შესწევს იმის ძალა, რომ თავისი რისხვის დღეს გადაარჩინოს ადამიანები. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა სოფონია თანამემამულეებს, რომ ეძებნათ იეჰოვა, სიმართლე და თვინიერება, ვიდრე ჯერ კიდევ არ იყო გვიან (სოფ. 2:2, 3). დღესაც ანალოგიურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენც სოფონიას მსგავსად, მოვუწოდებთ ხალხს, ეძებონ იეჰოვა. თუმცა ჩვენც უნდა ვეძებოთ იგი და მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არასდროს ვაქციოთ ზურგი (სოფ. 1:6). ჩვენ ზურგს კი არ ვაქცევთ იეჰოვას, არამედ ვეძებთ მას ანუ საგულდაგულოდ ვსწავლობთ მის სიტყვას და ლოცვაში ვთხოვთ ხელმძღვანელობას; ვეძებთ სიმართლეს ანუ ზნეობრივად სუფთად ვცხოვრობთ; და ვეძებთ თვინიერებას ანუ ვართ მორჩილნი და მზადყოფნით ვითვალისწინებთ იეჰოვას ორგანიზაციიდან მიღებულ მითითებებს.
3. რატომ უნდა შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა მსახურებაში?
3 კარგი შედეგი. სოფონიას მიერ გაცხადებულმა განაჩენმა ზოგი იუდეველი მოქმედებისკენ აღძრა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდა მეფე იოშია, რომელიც სიყმაწვილიდანვე ეძებდა იეჰოვას. მან მოგვიანებით გაბედულად გაილაშქრა ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ (2 მატ. 34:2—5). დღესაც ზოგჯერ სამეფოს თესლი გზის პირას, კლდოვან ადგილზე ან ეკლებში ცვივა, მაგრამ ზოგჯერ კარგ მიწაზეც ვარდება და ნაყოფი გამოაქვს (მათ. 13:18—23). დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას, თუ ხელს არ დავასვენებთ და არ დავიზარებთ სამეფოს თესლის თესვას (ფსალმ. 126:6).
4. რატომ უნდა დაველოდოთ იეჰოვას?
4 სოფონიას თანამედროვე ზოგ იუდეველს ეგონა, რომ იეჰოვა არასდროს მიიღებდა გადამწყვეტ ზომებს. თუმცა მას ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი დღე ახლოს იყო და უცილობლად მოვიდოდა (სოფ. 1:12, 14). იეჰოვას რისხვის დღეს მხოლოდ ისინი გადაურჩებოდნენ, ვინც მასთან პოვებდნენ თავშესაფარს (სოფ. 3:12, 17). მოდი, ჩვენც დაველოდოთ იეჰოვას დღეს და და-ძმების მხარდამხარ სიხარულით ვემსახუროთ მას (სოფ. 3:8, 9).