ეძიეთ იეჰოვა მისი რისხვის დღის დადგომამდე
«ეძიეთ უფალი [„იეჰოვა“, აქ]. . . ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს» (სოფონია 2:3).
1. როგორი სულიერი მდგომარეობა იყო იუდაში, როდესაც სოფონიამ წინასწარმეტყველობა დაიწყო?
წინასწარმეტყველად მსახურებისას სოფონიამ იუდას ისტორიის კრიტიკულ პერიოდში დაიწყო. ერის სულიერი მდგომარეობა ძალიან დაცემული იყო. იეჰოვაზე მინდობის ნაცვლად, ხალხი ხელმძღვანელობისთვის წარმართ მღვდლებსა და ასტროლოგებს მიმართავდა. ბაალის თაყვანისმცემლობა, თავისი ნაყოფიერების რიტუალებით, ყვაოდა. საერო ხელმძღვანელები — მთავრები, თავადები და მსაჯულები — ჩაგრავდნენ მათ, ვისი დაცვაც მართებდათ (სოფონია 1:9; 3:3). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ გადაწყვიტა იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ ‘ხელისმოღერება’ და მისი განადგურება! (სოფონია 1:4).
2. იმედის რა ნაპერწკალი კრთოდა ღვთის იუდაელ ერთგულ მსახურთათვის?
2 მაგრამ ამ საშინელი ვითარების მიუხედავად, იმედის ნაპერწკალი ჯერ კიდევ კრთოდა. მეფედ იჯდა იოშია, ამონის ძე. თუმცა ჯერ ბავშვი იყო, მას გულწრფელად უყვარდა იეჰოვა. თუ ეს ახალი მეფე იუდაში წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდა, როგორ გაუხარებდა ეს გულს იმ უმცირესობას, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს! და ვინ იცის, შეიძლება სხვებსაც მიებაძათ მათი ერთგულების მაგალითისთვის. ამას კი იეჰოვას რისხვის დღეს მათი გადარჩენა შეეძლო.
მოთხოვნები გადარჩენის მსურველთათვის
3, 4. რა სამი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ადამიანმა, რათა „უფლის [იეჰოვას] რისხვის დღეს“ გადარჩეს?
3 შეიძლებოდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ნამდვილად გადარჩენილიყო იეჰოვას რისხვის დღეს? დიახ, იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებდნენ სოფონიას 2:2, 3-ში მოცემულ სამ პირობას. აღნიშნული მუხლების წაკითხვისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ მოთხოვნებს. სოფონია წერდა: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“.
4 გადასარჩენად საჭირო იყო, ადამიანს 1) ეძია იეჰოვა, 2) ეძია სიმართლე და 3) ეძია თვინიერება. ეს მოთხოვნები ჩვენთვისაც დიდად საყურადღებოა დღეს. რატომ? იმიტომ რომ, როგორც იუდასა და იერუსალიმს დაუდგათ ანგარიშსწორების დღე ძვ. წ. VII საუკუნეში, ისევე იქნება მხილებული ქრისტიანული სამყაროს ერები — ფაქტობრივად ყველა ბოროტი — იეჰოვა ღმერთის მიერ მომავალ „დიდ გასაჭირში (მათე 24:21). ნებისმიერმა, ვისაც სურს, გადაურჩეს იმ დღეს, ახლავე უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები. როგორ? სანამ დროა, უნდა ეძიოს იეჰოვა, ეძიოს სიმართლე და ეძიოს თვინიერება!
5. რა შედის დღეს ‘იეჰოვას ძიებაში’?
5 თქვენ შეიძლება თქვათ: მე თავი მივუძღვენი ღმერთს, ვარ მონათლული მსახური, იეჰოვას მოწმე. ნუთუ ამით უკვე შესრულებული არა მაქვს ეს მოთხოვნები? სინამდვილეში, იეჰოვასადმი მიძღვნაზე მეტია საჭირო. ისრაელიც მიძღვნილი ერი იყო, მაგრამ სოფონიას დღეებში იუდას მკვიდრნი არ ცხოვრობდნენ თავიანთი მიძღვნის თანახმად. ამის გამო ეს ერი საბოლოოდ უარყოფილ იქნა. დღეს ‘იეჰოვას ძიება’ ნიშნავს მასთან და მის მიწიერ ორგანიზაციასთან თბილი, პირადი ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებას. ეს ნიშნავს სხვადასხვა საკითხზე მისი თვალსაზრისის გაგებასა და მისი გრძნობების გათვალისწინებას. იეჰოვას ვეძებთ მაშინ, როცა გულდასმით ვსწავლობთ მის სიტყვას, ვფიქრობთ ნასწავლზე და ცხოვრებაში ვიყენებთ მას. როდესაც იეჰოვას ხელმძღვანელობას მხურვალე ლოცვების აღვლენითა და მისი სულიწმიდისადმი მორჩილებით ვეძებთ, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა ძლიერდება და გული აღგვძრავს, ვემსახუროთ მას ‘მთელი ჩვენი გულით, სულით და შეძლებით’ (მეორე რჯული 6:5; გალატელთა 5:22—25; ფილიპელთა 4:6, 7; გამოცხადება 4:11).
6. როგორ ‘ვეძებთ სიმართლეს’ და რატომ არის ეს შესაძლებელი დღევანდელ წუთისოფელშიც კი?
6 სოფონიას 2:3-ში მოხსენიებული მეორე მოთხოვნა არის ‘სიმართლის ძიება’. მრავალმა ჩვენგანმა დიდი ცვლილებები შეიტანა საკუთარ ცხოვრებაში, რათა მოსანათლავად ყოფილიყო მზად, მაგრამ ჩვენ კვლავაც უნდა განვაგრძოთ იეჰოვას სამართლიანი ზნეობრივი ნორმების მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცვა. ზოგმა, ვინც ამ მხრივ კარგად დაიწყო სვლა, დაუშვა, რომ წუთისოფლისგან შებღალულიყო. მართალია, ყოველთვის ადვილი არ არის სიმართლის ძიება, რადგან ჩვენ გარშემო მყოფ ხალხს სრულიად ნორმალურ რამედ მიაჩნია სქესობრივი უზნეობა, სიცრუე და სხვა ცოდვების ჩადენა. მაგრამ იეჰოვასთვის სიამოვნების მინიჭების ძლიერი სურვილი დასძლევს წუთისოფლის კეთილგანწყობილების მოპოვების მცდელობის ნებისმიერ მიდრეკილებას. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ წუთისოფელში გათქვეფას. გახსოვდეთ, იუდას სამეფომ იეჰოვას კეთილგანწყობილება იმიტომ დაკარგა, რომ თავის წარმართ მეზობლებს ჰბაძავდა. ნაცვლად იმისა, რომ წუთისოფლის კვალს მივყვეთ, მოდი ‘მივბაძოთ ღმერთს’, განუწყვეტლივ ვავითაროთ ჩვენში „ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფესელთა 4:24; 5:1).
7. როგორ ‘ვეძებთ თვინიერებას’?
7 სოფონიას 2:3-ში მოხსენიებული მესამე მოთხოვნის თანახმად, თუ იეჰოვას რისხვის დღეს დამალვა გვსურს, უნდა ‘ვეძიოთ თვინიერება’. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით მამაკაცებს, ქალებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც თვინიერების ნასახიც არ შერჩენიათ. მშვიდი ხასიათი ნაკლად მიაჩნიათ. მორჩილებას სერიოზულ სისუსტედ თვლიან. ისინი მომთხოვნი, ეგოისტნი და ჯიუტნი არიან; ფიქრობენ, რომ მათი პირადი „უფლებები“ და არჩევანი ნებისმიერ ფასად უნდა დაკმაყოფილდეს. რა სამწუხარო იქნებოდა, თუ ზოგი ამგვარი შეხედულება ჩვენც გადმოგვედებოდა! ახლა ‘თვინიერების ძიების’ დროა. როგორ? ღვთისადმი მორჩილების გამოვლენით, მისი ხელმძღვანელობისადმი თავმდაბლად დაქვემდებარებითა და მისი ნების შესრულებით.
რატომ „ვინძლო დაიმალოთ“?
8. რა არის ნაჩვენები სოფონიას 2:3-ში სიტყვით „ვინძლო“?
8 ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს სოფონიას 2:3: „ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“. რატომ გამოიყენა სოფონიამ სიტყვა „ვინძლო“, როცა დედამიწის თვინიერთ მიმართავდა? ამ თვინიერმა ადამიანებმა დადებითი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყვნენ თავდაჯერებულები. მათი ერთგულება ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე, სიკვდილამდე, დამტკიცებული. შესაძლებელი იყო, რომ ზოგიერთი მათგანი ცოდვაში გახვეულიყო. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც. იესომ თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). დიახ, იეჰოვას რისხვის დღეს გადარჩენა განუწყვეტლივ სიმართლის ქმნაზეა დამოკიდებული. მტკიცედ გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ასე მოქცევა?
9. რა მართებული ნაბიჯები გადადგა ახალგაზრდა მეფე იოშიამ?
9 როგორც ჩანს, სოფონიას სიტყვებმა მეფე იოშია აღძრა, ‘ეძია იეჰოვა’. საღვთო წერილი ამბობს: „თავისი მეფობის მერვე წელს, [იოშია] ჯერ კიდევ ყმაწვილი [16 წლის] იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის ღმერთს“ (მეორე ნეშტთა 34:3). იოშია ‘სიმართლესაც ეძიებდა’, რადგან „მეთორმეტე წელს [როდესაც ის დაახლოებით 20 წლის იყო]. . . შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან. მის წინაშე დაანგრიეს ბაალის სამსხვერპლოები“ (მეორე ნეშტთა 34:3, 4). იოშია ‘თვინიერებასაც ეძიებდა’; კერპთაყვანისმცემლობისა და სხვა ცრუ რელიგიური წეს-ჩვეულებებისგან ქვეყნის განწმენდით ის თავმდაბლად მოქმედებდა, რათა იეჰოვასთვის ესიამოვნებინა. წარმოიდგინეთ, როგორ ხარობდნენ სხვა თვინიერი ადამიანები ამ მოვლენებით!
10. რა მოხდა იუდაში ძვ. წ. 607 წელს და ვინ გადარჩა?
10 იოშიას მმართველობის დროს მრავალი ებრაელი მობრუნდა იეჰოვასკენ, მაგრამ მეფის სიკვდილის შემდეგ უმრავლესობა დაუბრუნდა ძველ გზას — განაგრძო იმის კეთება, რაც ღვთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. როგორც იეჰოვამ ბრძანა, ძვ. წ. 607 წელს, ბაბილონელებმა გათელეს იუდა და დაანგრიეს მისი დედაქალაქი, იერუსალიმი. მაგრამ ყველა არ განადგურებულა. წინასწარმეტყველი იერემია, ეთიოპელი ყებედ-მელექი, იონადაბის სახლეული, აგრეთვე ღვთისადმი ერთგული სხვა ადამიანები გადარჩნენ „იეჰოვას რისხვის დღეს“ (იერემია 35:18, 19; 39:11, 12, 15—18).
ღვთის მტრებო — გაითვალისწინეთ!
11. რატომ არის დღეს ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება ძნელი, მაგრამ რა უნდა გაითვალისწინონ იეჰოვას ხალხის მტრებმა?
11 იეჰოვას რისხვის დღის მოლოდინში, რომელიც ამ ბოროტ სისტემას დაატყდება თავს, ‘სხვადასხვა განსაცდელში ვცვივდებით’ (იაკობი 1:2). მრავალ ქვეყანაში, სადაც აცხადებენ, რომ აფასებენ თაყვანისმცემლობის თავისუფლებას, სამღვდელოება გავლენას ახდენს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რათა უკიდურესად შეავიწროოს ღვთის ხალხი. უპატიოსნო ადამიანები ცილს სწამებენ იეჰოვას მსახურებს და „საშიშ სექტას“ უწოდებენ. ღმერთმა იცის მათი მოქმედების შესახებ და ისინი დაუსჯელნი არ დარჩებიან. ღვთის ამ მტრებისთვის კარგი იქნება, გაითვალისწინონ ის, რაც ძველ დროში ღვთის ხალხის ზოგ მტერს, მაგალითად, ფილისტიმელებს, დაემართა. წინასწარმეტყველება ამბობს: „მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი“. ფილისტიმელთა ქალაქები ღაზა, აშკელონი, აშდოდი და ყეკრონი უნდა გაპარტახებულიყო (სოფონია 2:4—7).
12. რა მოუვიდათ ფილისტიმს, მოაბსა და ყამონს?
12 წინასწარმეტყველება განაგრძობს: „მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან“ (სოფონია 2:8). მართალია, ეგვიპტე და ეთიოპია ბაბილონელ დმპყრობთა ხელით დაისაჯა, მაგრამ რა განაჩენი გამოუტანა იეჰოვამ მოაბსა და ყამონელებს — აბრაამის ძმისშვილისგან, ლოტისგან, წარმოშობილ ერებს? იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას“. მათი წინაპარი დედებისგან — ლოტის ორი ქალიშვილისგან — განსხვავებით, რომლებიც გადაურჩნენ სოდომისა და გომორას განადგურებას, მოაბი და ყამონი ვერ გაექცეოდნენ ღვთის სამსჯავროს (სოფონია 2:9—12; დაბადება 19:16, 23—26, 36—38). სად არიან დღეს ფილისტიმელები და მათი ქალაქები? რა შეიძლება ითქვას ერთ დროს ამაყ მოაბსა და ყამონზე? რომც ეძებოთ კიდეც, ვერ იპოვით მათ.
13. რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ნინევეში?
13 სოფონიას დღეებში აშურის იმპერიამ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მეფის სასახლის იმ ერთ-ერთი ნაწილის აღწერისას, რომელიც აღმოჩენილი იყო აშურის დედაქალაქ ნინევეში, არქეოლოგმა ოსტინ ლეიარდმა დაწერა: „ოთხკუთხედებად დაყოფილი ჭერი ყვავილებითა თუ ცხოველების ფიგურებით იყო მოხატული. ზოგი სპილოს ძვლით იყო მოპირკეთებული, ყოველი ნაწილი ნატიფი კიდეებითა და ორნამენტებით ბოლოვდებოდა. ოთახების კოჭები და კედლები მოოქრული ან, შეიძლება, მოვარაყებული იყო ოქრო-ვერცხლით; იშვიათი ხეები, რომელთაგანაც გამოირჩეოდა კედარი, ხის ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენებოდა“. მაგრამ, როგორც სოფონიამ იწინასწარმეტყველა, აშური უნდა განადგურებულიყო და მისი დედაქალაქი ‘ნინევე უნდა გატიალებულიყო’ (სოფონია 2:13).
14. როგორ შესრულდა სოფონიას წინასწარმეტყველება ნინევეზე?
14 სოფონიას წინასწარმეტყველებიდან სულ რაღაც 15 წლის შემდეგ, ძლევამოსილი ნინევე განადგურდა და მისი სამეფო სასახლე ლოდების გროვებად იქცა. დიახ, ამაყი ქალაქი გაცამტვერდა. ის, თუ რამდენად განადგურდა ეს ქალაქი კარგად არის აღწერილი სიტყვებით: „ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე, მათი ხმა გაისმება სარკმელებში. ყორანი დაიხივლებს ზღურბლზე“ (სოფონია 2:14, 15). ნინევეს ზვიადად წამომართული შენობები მხოლოდ ვარხვებისა და ზღარბების საცხოვრებელ ადგილად გამოდგებოდა. ქალაქის ქუჩებში აღარ გაისმებოდა ბაზრის ხმაური, მეომრების შეძახილები და მღვდლების გალობა. ერთ დროს მოფუსფუსე ქუჩები დაცარიელდებოდა და ფანჯრებში შემზარავი ხმებიღა გაისმებოდა, ეს შეიძლება ფრინველის ნაღვლიანი გალობა ან ქარის ღმუილი ყოფილიყო. მსგავსი აღსასრული ელის ღვთის ყველა მტერს!
15. რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც ფილისტიმს, მოაბს, ყამონსა და აშურს დაემართა?
15 რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც ფილისტიმს, მოაბს, ყამონსა და აშურს დაემართა? აი რის, — ჩვენ, იეჰოვას მსახურებს, არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი მტრების. ღმერთი ხედავს, რას აკეთებენ თავისი ხალხის მოწინააღმდეგეები. იეჰოვამ წარსულში იმოქმედა თავისი მტრების წინააღმდეგ და დღესაც მისი მსჯავრი დაატყდება მთელ დედამიწას. მაგრამ გადარჩენილებიც იქნებიან; გადარჩება ‘უამრავი ხალხი ყოველი ერიდან’ (გამოცხადება 7:9). თქვენც შეგიძლიათ იყოთ მათ შორის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობთ იეჰოვას, სიმართლისა და თვინიერების ძიებას.
ვაი უტიფარ ცოდვილებს!
16. რას ამბობს სოფონიას წინასწარმეტყველება იუდას თავადთა და რელიგიურ წინამძღოლთა შესახებ და რატომ არის მართებული ამ სიტყვების გამოყენება ქრისტიანული სამყაროს მიმართ?
16 სოფონიას წინასწარმეტყველება კვლავ იუდასა და იერუსალიმზე ამახვილებს ყურადღებას. სოფონიას 3:1, 2-ში ნათქვამია: „ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება“. რა სამწუხაროა, რომ მათ უგულებელყვეს იეჰოვას გაფრთხილებები და მის ძალისხმევას — გამოესწორებინა თავისი ხალხი — არ გამოეხმაურნენ! მართლაც სამწუხარო იყო თავადთა, დიდგვაროვანთა და მსაჯულთა უმოწყალოდ მოქმედება. სოფონიამ საქვეყნოდ განსაჯა უსირცხვილო რელიგიური წინამძღოლები: „ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ“ (სოფონია 3:3, 4). რა კარგად აღწერს ეს სიტყვები ქრისტიანული სამყაროს წინასწარმეტყველთა და მღვდელთა დღევანდელ მდგომარეობას! ისინი ძალიან თავხედურად მოიქცნენ და ბიბლიის თავიანთი თარგმანებიდან ღვთის სახელი ამოიღეს, თან სიცრუეს ასწავლიან იმ პიროვნების შესახებ, ვისზეც ამბობენ, თაყვანს ვცემთო.
17. მიუხედავად იმისა, გვისმენენ თუ არა, რატომ უნდა განვაგრძოთ კეთილი ცნობის ქადაგება?
17 იეჰოვამ სერიოზულად გააფრთხილა ძველ დროში მცხოვრები თავისი ხალხი და უთხრა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. მან თავისი მსახურნი, წინასწარმეტყველები — სოფონია, იერემია და სხვები — მიუგზავნა, რათა ხალხი მოსანანიებლად აღეძრათ. დიახ, „უფალი [იეჰოვა], არ სჩადის სიმრუდეს. დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება“. რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? „მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი“ (სოფონია 3:5). მსგავსი გაფრთხილება დღესაც გაისმის. თუ თქვენ კეთილი ცნობის მაუწყებლები ხართ, მაშინ თქვენც მონაწილეობთ გაფრთხილების ამ საქმეში. დაუცხრომლად განაგრძეთ სასიხარულო ცნობის ქადაგება! მნიშვნელობა არა აქვს, გისმენენ ადამიანები თუ არა. თუ საქმეს ერთგულად ასრულებთ, ღვთის თვალში თქვენი მსახურება წარმატებულად ითვლება და ნუ შეგრცხვებათ ღვთის საქმის ენთუზიაზმით კეთების.
18. როგორ შესრულდება სოფონიას 3:6?
18 იეჰოვას მსჯავრის განხორციელება მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს განადგურებით არ შემოიფარგლება. იეჰოვა განსჯის დედამიწის ყველა ერს: „გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები“ (სოფონია 3:6). ეს სიტყვები იმდენად სარწმუნოა, რომ იეჰოვა მომავალ განადგურებაზე ისე ლაპარაკობს, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე. რა დაემართა მოაბის, ყამონისა და ფილისტიმის ქალაქებს? რა დაემართა აშურის დედაქალაქ ნინევეს? მათი მოსპობა დღეს გამაფრთხილებელი მაგალითია ყველა ერისთვის. ღმერთი ის პიროვნება არ არის, ვისაც შეიძლება დასცინო.
ეძიეთ იეჰოვა
19. რა დამაფიქრებელი კითხვები უნდა დაუსვას თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს?
19 სოფონიას დღეებში ღვთის რისხვა დაატყდა იმ ბოროტ ადამიანებს, რომლებიც „ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ ზნეს“ (სოფონია 3:7). იგივე მოხდება ჩვენს დღეებშიც. ხედავთ თუ არა იმის დამამტკიცებელ ფაქტებს, რომ იეჰოვას რისხვის დღე ახლოსაა? განაგრძობთ თუ არა ბიბლიის რეგულარულად, ყოველდღიურად კითხვით ‘იეჰოვას ძიებას’? ‘ეძებთ სიმართლეს’ ღვთის ნორმების შესაბამისად ზნეობრივად წმინდა ცხოვრებით? და ‘ეძებთ’ თუ არა ‘თვინიერებას’ იმით, რომ მოკრძალებას ავლენთ და მორჩილად ეხმაურებით ღმერთსა და მის მიერ ადამიანთა გადასარჩენად გაწეულ ღონისძიებებს?
20. რომელი კითხვები განიხილება სოფონიას წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებული სტატიების ამ სერიის ბოლო სტატიაში?
20 თუ ერთგულად განვაგრძობთ იეჰოვას, სიმართლისა და თვინიერების ძიებას, შეგვიძლია იეჰოვასგან მრავალ კურთხევას მოველოდეთ ახლაც, დიახ, ამ ‘უკანასკნელ დღეებშიც’ კი, როდესაც ჩვენი რწმენა იცდება (2 ტიმოთე 3:1—5; იგავნი 10:22). მაგრამ შეიძლება დაგვებადოს კითხვა: ჩვენ, როგორც იეჰოვას თანამედროვე მსახურები, როგორ ვართ კურთხეული დღეს და რა მომავალ კურთხევებს ჰპირდება სოფონიას წინასწარმეტყველება მათ, ვინც გადარჩება იეჰოვას რისხვის დღეს, რომელიც ძალიან სწრაფად გვიახლოვდება?
როგორ უპასუხებდით?
• როგორ ‘ეძიებენ იეჰოვას’ ადამიანები?
• რას ნიშნავს ‘სიმართლის ძიება’?
• როგორ შეგვიძლია ‘თვინიერების ძიება’?
• რატომ უნდა განვაგრძოთ იეჰოვას, სიმართლისა და თვინიერების ძიება?
[სურათი 18 გვერდზე]
ეძებთ თუ არა იეჰოვას ბიბლიის კითხვითა და მხურვალე ლოცვებით?
[სურათი 21 გვერდზე]
უამრავი ხალხი გადარჩება უფლის რისხვის დღეს, ვინაიდან ისინი განაგრძობენ იეჰოვას ძიებას.