მოითხოვს თუ არა ღმერთი მარხვას?
მოსეს მეშვეობით გადმოცემული ღვთის რჯულით, მარხვა მოითხოვებოდა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში — ყოველწლიური განწმენდის დღეს. კანონი მოითხოვდა, რომ ამ დღეს ისრაელებს ‘თავი დაემდაბლებინათ’, ანუ ემარხულათ (ლევიანნი 16:29–31; 23:27; ფსალმუნი 34:13). მაგრამ ეს არ იყო ფორმალური მარხვა. განწმენდის დღის დაცვა ისრაელ ხალხს უფრო მეტად ანახებდა თავის ცოდვილ მდგომარეობასა და გამოსყიდვის საჭიროებას. ისინი ამ დღეს კიდევ იმიტომ მარხულობდნენ, რომ გამოეხატათ წუხილი თავიანთი ცოდვების გამო და მოენანიებინათ ღვთის წინაშე.
თუმცა ეს იყო მოსეს რჯულით გადმოცემული ერთადერთი მოთხოვნა მარხვის შესახებ, ისრაელები სხვა შემთხვევებშიც მარხულობდნენ (გამოსვლა 34:28; პირველი მეფეთა 7:6; მეორე ნეშტთა 20:3; ეზრა 8:21; ესთერი 4:3, 16). აქ მოხსენიებულთა შორის ზოგი მონანიების გამომხატველი ნებაყოფლობითი მარხვა იყო. იეჰოვა მოუწოდებდა გზასაცდენილ იუდეველებს: „მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით“. ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ გარეგნულად გამოხატული, ვინაიდან ღმერთი ამბობს: „გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი“ (იოველი 2:12–15).
დროთა განმავლობაში მრავალმა დაიწყო გარეგნულად, ფორმალურად მარხვა. იეჰოვას სძულდა ასეთი არაგულწრფელი მარხვა და ამიტომაც შეეკითხა თვალთმაქც ისრაელებს: „განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?“ (ესაია 58:5). იმის ნაცვლად, რომ მოჩვენებით ემარხულათ, ამ თავნება ხალხს მოეთხოვებოდა, ემოქმედა ისე, როგორც შეეფერებოდა მონანიებას.
იუდეველების მიერ დადგენილი ზოგიერთი მარხვა ღმერთს თავიდანვე არ მოსწონდა. მაგალითად, ერთ დროს იუდეველებს ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში იერუსალიმისთვის ალყის შემორტყმისა და მისი დანგრევის უბედური მოვლენების აღსანიშნავად ჰქონდათ ოთხი ყოველწლიური მარხვა (მეოთხე მეფეთა 25:1–4, 8, 9, 22–26; ზაქარია 8:19). ბაბილონის ტყვეობიდან იუდეველების გათავისუფლების შემდეგ იეჰოვამ წინასწარმეტყველ ზაქარიას მეშვეობით თქვა: „როცა მარხულობდით. . . სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?“ ღმერთი არ იწონებდა ამ მარხვებს, ვინაიდან ისინი მარხულობდნენ და გლოვობდნენ იმ განაჩენის გამო, რომელიც თვითონ იეჰოვასგან მომდინარეობდა. ისინი მარხულობდნენ იმ უბედურებების გამო, რომელიც მათ თავს დაატყდათ და არა იმ თავიანთი ცუდი საქმეებისთვის, რომლებმაც ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. შემდეგ ისინი თავიანთ სამშობლოში დააბრუნეს და ეს იყო ჟამი მხიარულების და არა წარსულის დატირების (ზაქარია 7:5).
მართებულია თუ არა ქრისტიანებისთვის მარხვა?
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის არასდროს მიუცია მითითება, ემარხულათ, ის და მისი მიმდევრები განწმენდის დღეს მარხულობდნენ, ვინაიდან ისინი ექვემდებარებოდნენ მოსეს რჯულს. გარდა ამისა, ზოგიერთი მისი მოწაფე ნებაყოფლობით მარხულობდა სხვა შემთხვევებში, ვინაიდან იესოს მთლიანად არ აუკრძალავს მათთვის ამის გაკეთება (საქმეები 13:2, 3; 14:23). მაგრამ ისინი არასდროს არ უნდა ყოფილიყვნენ ‘სახე დამწუხრებულები, რათა მარხულად სჩვენებოდნენ ხალხს’ (მათე 6:16). ასე გარეგნულად გამოვლენილ ღვთისმოსაობას შეეძლო სხვა ადამიანების აღფრთოვანებული მზერისა და მოწონების გამოწვევა. მაგრამ ღმერთს არ მოსწონს ასეთი მოჩვენებითობა (მათე 6:17, 18).
იესო აგრეთვე ლაპარაკობდა, რომ, როცა მოკვდებოდა, მისი მიმდევრები იმარხულებდნენ. მაგრამ ამით მას მარხვის ჩვეულება არ დაუფუძნებია. ნაცვლად ამისა, მან მიუთითა ღრმა მწუხარებით გამოწვეულ რეაქციაზე, რომელიც მოწაფეებს ექნებოდათ. აღდგომის შემდეგ ის ისევ მათთან იქნებოდა და მარხვის ეს მიზეზი უკვე მოისპობოდა (ლუკა 5:34, 35).
მოსეს რჯული დასრულდა, როცა ‘ქრისტემ, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, აღხოცა მრავალთა ცოდვა’ (ებრაელთა 9:24–28). და რჯულის დასრულებასთან ერთად დასრულდა მცნება განწმენდის დღეს მარხვასთან დაკავშირებით. ამგვარად, ბიბლიაში მოხსენიებული ერთადერთი სავალდებულო მარხვა გაუქმდა.
რა შეიძლება ითქვას დიდი მარხვის შესახებ?
რა არის იმის საფუძველი, რომ ქრისტიანულ სამყაროში მარხულობენ დიდი მარხვის განმავლობაში? როგორც კათოლიკური, ასევე პროტესტანტული ეკლესიები სცნობენ დიდ მარხვას, თუმცა შესრულების რიტუალი სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვაგვარია. ზოგიერთი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს აღდგომის წინა მთელი 40 დღის განმავლობაში. სხვები მთლიანად მარხულობენ მხოლოდ დიდ მარხვის პირველ ოთხშაბათსა და დიდ პარასკევს. ზოგის აზრით, მარხვის დროს არ უნდა ჭამონ ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
ვარაუდობენ, რომ დიდი მარხვა დაფუძნებულია მონათვლის შემდეგ იესოს 40-დღიან მარხვაზე. დაადგინა თუ არა მან ამით რიტუალი, რომელსაც ყოველწლიურად უნდა მიჰყოლოდნენ? სრულიადაც არა. ამას ცხადყოფს ბიბლიური ფაქტები, სადაც არავითარი ცნობა არ არის იმის შესახებ, რომ ადრინდელი ქრისტიანები ასე იქცეოდნენ. პირველად დიდი მარხვა აღინიშნა ქრისტეს შემდეგ, მეოთხე საუკუნეში. ქრისტიანული სამყაროს სხვა მრავალი სწავლების მსგავსად, ის გადმოიღეს წარმართული წყაროებიდან.
თუ დიდი მარხვა მონათვლის შემდეგ იესოს უდაბნოში მარხვის მიბაძვაა, რატომ აღნიშნავენ მას აღდგომის — დაახლოებით მისი აღდგენის — წინა კვირების განმავლობაში? იესო არ მარხულობდა სიკვდილის წინა დღეებში. სახარების ცნობები ცხადყოფს, რომ სწორედ იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის და მისი მოწაფეები ბეთანიაში ერთ ოჯახს ეწვივნენ და ივახშმეს. მან აგრეთვე სიკვდილის წინა ღამეს ჭამა საპასექო საჭმელი (მათე 26:6, 7; ლუკა 22:15; იოანე 12:2).
იესოს მონათვლის შემდეგ მისი მარხვიდან შეიძლება რაღაცის სწავლა. ის იწყებდა ძალიან მნიშვნელოვან მსახურებას. ამაში შედიოდა იეჰოვას უზენაესობის გამართლება და მთელი კაცობრიობის მომავალი. ეს იყო ღრმად დაფიქრებისა და იეჰოვასგან დახმარებისა და ხელმძღვანელობის მისაღებად ლოცვით მიმართვის დრო. ამ ხნის განმავლობაში იესო მართებულად მარხულობდა. ეს ცხადყოფს, რომ მარხვა შეიძლება სასარგებლო იყოს, როცა ის კეთდება სწორი მოტივებით და შესაფერის ვითარებაში (შეადარე კოლასელთა 2:20–23).
როცა მარხვა შეიძლება სასარგებლო იყოს
მოდი, ყურადღება მივაქციოთ დღევანდელ ზოგ შემთხვევას, როცა ღვთის თაყვანისმცემლებმა შეიძლება იმარხულონ. პიროვნებას, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა, შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდოდეს ჭამა. ეს არ უნდა კეთდებოდეს სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან შენიშვნის მიღების გამო გაღიზიანების გამოსახატავად. რასაკვირველია, მარხვა თავისთავად არ აწესრიგებს ღმერთთან ურთიერთობას. მაგრამ ნამდვილად მომნანიებელი პიროვნება ღრმა მწუხარებას განიცდის იმის გამო, რომ გაანაწყენა იეჰოვა და, შესაძლოა, მეგობრები და ოჯახიც. ძლიერმა სევდამ და პატიებისთვის მხურვალე ლოცვამ შეიძლება ადამიანს დაუკარგოს ჭამის სურვილი.
მსგავსი რამ გადახდა ისრაელის მეფე დავითს. როცა ის დადგა ფაქტის წინაშე, დაეკარგა შვილი, რომელიც ბარშებაყმა გაუჩინა, მთელი მისი ძალისხმევა მიმართული იყო იეჰოვასადმი ლოცვისკენ, რათა ღმერთს გულმოწყალება გამოევლინა მისი შვილის მიმართ. ვინაიდან მთელი მისი გრძნობები და ძალა ლოცვით იყო შთანთქმული, ის მარხულობდა. ამის მსგავსად, დღეს გარკვეულ მძიმე მდგომარეობაში ჭამა შეიძლება მიუღებელი ჩანდეს (მეოთხე მეფეთა 12:15–17).
აგრეთვე შეიძლება არსებობდეს ისეთი პერიოდები, როცა ღვთისმოსავ პიროვნებას სურს, კონცენტრირება მოახდინოს ღრმა სულიერ საკითხებზე. შესაძლოა, აუცილებელია ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების გამოკვლევა. შეიძლება დაფიქრებისთვის დროა საჭირო. ასეთი ყოვლისშთანმთქმელი საქმიანობის დროს პიროვნებამ შეიძლება არჩიოს, არ ჭამოს, რათა ყურადღება არ დაეფანტოს (შეადარე იერემია 36:8–10).
არსებობს იმის ბიბლიური მაგალითები, როცა ღვთის მსახურები მარხულობდნენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას. ნეემიას დღეებში იუდეველებს იეჰოვასთან ფიცი უნდა დაედოთ და, თუ ამ ფიცს დაარღვევდნენ, დაწყევლილები იქნებოდნენ. მათ აღთქმა უნდა დაედოთ, რომ გაუშვებდნენ თავიანთ უცხოელ ცოლებს და ირგვლივ მყოფი ერებისგან განცალკევებული იქნებოდნენ. ამ ფიცის დადებამდე და თავიანთი დანაშაულის აღიარების დროს მთელი კრებული მარხულობდა (ნეემია 9:1, 38; 10:29, 30). როცა ქრისტიანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პირისპირ დგას, მან შეიძლება ცოტა ხნით არ ჭამოს საჭმელი.
ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში უხუცესთა საბჭოები გადაწყვეტილებების მიღებისას, ზოგჯერ მარხულობდნენ. დღეს, როცა კრების უხუცესებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილებები — შესაძლოა, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით — შეიძლება საკითხის განხილვის განმავლობაში უარი თქვან საკვების მიღებაზე.
პირადი საკითხია, გარკვეულ სიტუაციებში გადაწყვიტო იმარხულო თუ არა. ამ საკითხის გამო ერთმა პიროვნებამ არ უნდა განსაჯოს მეორე. ჩვენ არ გვსურს ‘მართლები ვჩანდეთ ადამიანთა წინაშე’; არც საკვები არ უნდა გავხადოთ ისე მნიშვნელოვნად, რომ ხელი შეგვიშალოს ყურადღება მივაქციოთ სერიოზულ ვალდებულებებს (მათე 23:28; ლუკა 12:22, 23). ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთი ჩვენგან მარხვას არც მოითხოვს და არც გვიკრძალავს.
[სურათი 7 გვერდზე]
იცი თუ არა, რატომ მარხულობდა იესო მონათვლიდან 40 დღის განმავლობაში?