თეოკრატიული მმართველობა ქრისტიანულ ეპოქაში
«[ეს] თავისი სურვილით [არის]. . . რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ [„შეკრიბოს ყოველივე“, აქ], რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა» (ეფესელთა 1:9, 10).
1, 2. ა) როგორ მიმდინარეობდა იმის შეკრება, „რაც ცაშია“ ახ. წ. 33 წლიდან? ბ) როგორ გამოავლინეს ცხებულმა ქრისტიანებმა მოსესა და ელიას სულისკვეთება 1914 წლიდან?
იმის შეკრება, „რაც ცაშია“, ‘ღვთის ისრაელის’ დაბადებისთანავე დაიწყო, ახ. წ. 33 წელს (გალატელთა 6:16; ესაია 43:10; 1 პეტრე 2:9, 10). ახ. წ. I საუკუნის შემდეგ ეს შეკრება შენელდა, რადგან (იესოს მიერ ‘ხორბლად’ წოდებულ) ჭეშმარიტ ქრისტიანებს მძლავრად მოედო სატანის ჩათესილი განდგომილი „ღვარძლი“. მაგრამ ‘უკანასკნელი ჟამის’ მოახლოებისას, ღვთის ჭეშმარიტი ისრაელი კვლავ წარუდგა ადამიანთა მხედველობის არეს და 1919 წელს იესოს მთელი ქონების განმგებლად დაინიშნაa (მათე 13:24–30, 36–43; 24:45–47; დანიელი 12:4).
2 პირველი მსოფლიო ომის დროს ცხებული ქრისტიანები, სწორედ მოსესა და ელიას მსგავსად, ძლიერ საქმეებს ასრულებდნენb (გამოცხადება 11:5, 6). 1919 წლიდან ისინი, როგორც თავის დროზე ელია, გაბედულად ქადაგებდნენ კეთილ ცნობას მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში (მათე 24:9–14). და 1922 წლიდან ისინი აცხადებენ იეჰოვას სამსჯავროს, რომელიც მოსეს მიერ ძველ ეგვიპტეზე თავს დატეხილი ღვთის სასჯელების მსგავსად ატყდება კაცობრიობას (გამოცხადება 15:1; 16:2–17). დღეს ამ ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი იეჰოვას მოწმეთა ახალი ქვეყნიერების საზოგადოების ბირთვს წარმოადგენს.
ხელმძღვანელი საბჭო მოქმედებაში
3. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ადრინდელი ქრისტიანული კრება კარგად იყო ორგანიზებული?
3 იესოს ცხებული მიმდევრები თავიდანვე ორგანიზებული იყვნენ. რადგანაც მოწაფეთა რიცხვი იზრდებოდა, არსდებოდა ადგილობრივი კრებები, რომლებშიც სამსახურებლად უხუცესები ინიშნებოდნენ (ტიტე 1:5). ახ. წ. 33 წლის შემდეგ ოფიციალური მთავარი ხელმძღვანელი საბჭოს ფუნქციებს 12 მოციქული ასრულებდა. ისინი უშიშრად უძღვებოდნენ დამოწმების საქმიანობას (საქმეები 4:33, 35, 37; 5:18, 29). მათ ორგანიზება გაუწიეს გაჭირვებულებისთვის საკვების განაწილებას და, ცნობების თანახმად, სამარიაში ინტერესის გასავითარებლად პეტრე და იოანე გაგზავნეს (საქმეები 6:1–6; 8:6–8, 14–17). მათთან მიიყვანა ბარნაბამ პავლე იმის დასამტკიცებლად, რომ ყოფილი მდევნელი ახლა იესოს მიმდევარი იყო (საქმეები 9:27; გალატელთა 1:18, 19). ხოლო კორნელიოსისა და მისი ოჯახისთვის ქადაგების შემდეგ იერუსალიმში დაბრუნებისას პეტრემ მოციქულებსა და სხვა იუდეველ ძმებს აუხსნა, როგორ ნათელყო ღვთის ნება სულიწმიდამ ამ შემთხვევაში (საქმეები 11:1–18).
4. როგორ ცდილობდნენ პეტრეს მოკვლას და როგორ გადარჩა?
4 მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოს ულმობლად თავს დაესხნენ. პეტრე დააპატიმრეს და მისი სიცოცხლე მხოლოდ ანგელოზის ჩარევამ იხსნა (საქმეები 12:3–11). ახლა, იერუსალიმში შესამჩნევ მდგომარეობაში 12 მოციქულის გარდა, პირველად გამოჩნდა სხვა პიროვნება. მარკოზად წოდებული იოანეს დედის სახლში შეკრებილ ჯგუფს ციხიდან გათავისუფლებულმა პეტრემ უთხრა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა [იესოს ნახევარძმას] და ძმებს“ (საქმეები 12:17).
5. როგორ შეიცვალა ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობა იაკობის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ?
5 მანამდე, იუდა ისკარიოტელის, ვერაგი მოციქულის, თვითმკვლელობის შემდეგ აუცილებელი გახდა, რომ ‘მისი მოციქულობის პატივი’ გადაცემულიყო იესოს მსახურების დროს მასთან მყოფისა და მისი სიკვდილისა და აღდგომის მხილველისთვის. მაგრამ იაკობის, იოანეს ძმის, მოკვლის შემდეგ არავის შეუცვლია იაკობი, როგორც 12-თაგან ერთ-ერთი (საქმეები 1:20–26; 12:1, 2). მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელ საბჭოზე მომდევნო ბიბლიური მითითება ნათელყოფს, რომ ის რიცხობრივად გაიზარდა. მოსეს რჯულისადმი იესოს წარმართი მიმდევრების მორჩილებაზე წამოჭრილი დავის შემთხვევაში, საკითხის გადასაწყვეტად საქმე ‘იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებს’ წარუდგინეს (საქმეები 15:2, 6, 20, 22, 23; 16:4). რატომ იყვნენ ხელმძღვანელ საბჭოში ‘უხუცესები’, როგორც ეს ამ შემთხვევიდან ჩანს? ბიბლია არ გვპასუხობს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სარგებლობის მომტანი იყო. იაკობის სიკვდილი და პეტრეს დაპატიმრება მიუთითებდა, რომ ერთ დღეს მოციქულებს დააპატიმრებდნენ ან მოკლავდნენ. ასეთი შემთხვევის გათვალისწინებით ხელმძღვანელი საბჭოს მოქმედების მეთოდებში გამოცდილი, მომზადებული უხუცესების თანდასწრება დაიზღვევდა ზედამხედველობის ორგანიზებულ გაგრძელებას.
6. როგორ განაგრძობდა ფუნქციონირებას ხელმძღვანელი საბჭო მაშინაც კი, როცა პირველი წევრები აღარ იყვნენ იერუსალიმში?
6 იერუსალიმში ჩამოსვლის შემდეგ, ახ. წ. დაახლოებით 56 წელს, პავლე იაკობთან მივიდა და, ბიბლიის თანახმად, „ყველა უხუცესიც მოვიდა“ (საქმეები 21:18). რატომ არ მოიხსენიებოდნენ ამ შეხვედრაზე მოციქულები? ბიბლია აქაც არ ამბობს მიზეზს. მაგრამ მოგვიანებით ისტორიკოსი ევსები იტყობინებოდა, რომ ახ. წ. 66 წლამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში „სასიკვდილო შეთქმულებების გამუდმებული საშიშროების გამო დარჩენილი მოციქულები გაყვანილ იქნენ იუდეიდან. მაგრამ თავიანთი ცნობის სასწავლებლად ისინი ქრისტეს ძალით ყველა ქვეყანაში მიდიოდნენ“ („ევსები“ [Eusebius], წიგნი III, V, მუხლი 2). მართალია, ევსების სიტყვები ინსპირირებული ჩანაწერების ნაწილი არ არის, მაგრამ ისინი ამ ჩანაწერში მოხსენიებულს შეესატყვისება. მაგალითად, ახ. წ. 62 წელს პეტრე ბაბილონში იყო — იერუსალიმისგან საკმაოდ მოშორებით (1 პეტრე 5:13). მიუხედავად ამისა, ახ. წ. 56 წელს და, შესაძლოა, თვით ახ. წ. 66 წლამდეც კი, ხელმძღვანელი საბჭო, ეჭვგარეშეა, იერუსალიმში მოღვაწეობდა.
თანამედროვე მმართველობა
7. რა მკვეთრი განსხვავება არსებობს პირველი საუკუნისა და დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობებს შორის?
7 ახ. წ. 33 წლიდან იერუსალიმში გასაჭირის პერიოდამდე ხელმძღვანელი საბჭო, როგორც ჩანს, იუდეველი ქრისტიანებისგან შედგებოდა. ახ. წ. 56 წელს იერუსალიმში ვიზიტის დროს პავლემ გაიგო, რომ მრავალი ადგილობრივი იუდეველი ქრისტიანი ‘უფლის, იესო ქრისტეს რწმენის’ გარდა, ჯერაც ‘[მოსეს] რჯულის მოშურნე’ იყოc (იაკობი 2:1; საქმეები 21:20–25). ასეთი იუდეველებისთვის, შესაძლოა, ძნელი იყო ხელმძღვანელ საბჭოში წარმართის ხილვა. მაგრამ თანამედროვე პერიოდში ხელმძღვანელი საბჭოს შემადგენლობაში განსხვავებული ცვლილება მოხდა. დღეს ის მთლიანად შედგება ცხებული არაიუდეველი ქრისტიანებისგან და იეჰოვა დიდად აკურთხებს მათ ზედამხედველობას (ეფესელთა 2:11–15).
8, 9. რა მოვლენები მოხდა ხელმძღვანელ საბჭოში თანამედროვე დროში?
8 ათას რვაას ოთხმოცდაოთხ წელს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის, კანონიერი რეგისტრაციიდან 1972 წლამდე იეჰოვას ორგანიზაციაში დიდ უფლებამოსილებას საზოგადოების პრეზიდენტი ფლობდა, იმ დროს, როცა ხელმძღვანელი საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდა საზოგადოების დირექტორთა საბჭოსთან. იმ წლებში მიღებული კურთხევები ცხადყოფს, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილებით შეხვდა ამ ღონისძიებას. 1972–1975 წლებში ხელმძღვანელი საბჭოს წევრების რიცხვი გაიზარდა და 18-ს მიაღწია. ყველაფერი უფრო მიუახლოვდა პირველ საუკუნეში არსებულ წესრიგს, როცა ეს გაზრდილი საბჭო უფრო დიდი უფლებამოსილებით აღჭურვეს, რომლის ზოგი წევრი აგრეთვე ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის ხელმძღვანელია.
9 ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტ წელს ამ 18 ადამიანიდან ზოგმა დაასრულა თავისი მიწიერი გზა. მათ გაიმარჯვეს ქვეყნიერებაზე და ‘ზეციერ ტახტზე იესოს გვერდით დასხდნენ’ (გამოცხადება 3:21). ამ და სხვა მიზეზებით დღეს ხელმძღვანელ საბჭოში ათი წევრია იმ პიროვნების ჩათვლით, რომელიც 1994 წელს შეუერთდა. უმეტესობა საკმაოდ ასაკოვანია. მაგრამ მძიმე მოვალეობების შესრულებაში ამ ცხებულ ძმებს შესანიშნავად ეხმარებიან. ვინ ეხმარება? ამ კითხვაზე საპასუხოდ დაგვეხმარება ღვთის ხალხში მიმდინარე მოვლენების გადახედვა.
მხარდაჭერა ღვთის ისრაელისთვის
10. ვინ შეუერთდა ცხებულებს იეჰოვასადმი მსახურებაში ამ უკანასკნელ დღეებში და როგორ იყო ეს ნაწინასწარმეტყველები?
10 ათას რვაას ოთხმოცდაოთხ წელს ღვთის ისრაელთან დაკავშირებული ადამიანი თითქმის ყველა ცხებული ქრისტიანი იყო. მაგრამ თანდათანობით სხვა ჯგუფმა იჩინა თავი და 1935 წელს ეს ჯგუფი გამოცხადების მე-7 თავში ‘უამრავ ხალხად’ სცნეს. ესენი, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, წარმოადგენენ იმას, „რაც დედამიწაზეა“ და რის შეკრებასაც იეჰოვა ქრისტეში აპირებს (ეფესელთა 1:10). ესენი ‘სხვა ცხვრებს’ წარმოადგენენ იესოს იგავიდან ფარეხების შესახებ (იოანე 10:16). 1935 წლიდან სხვა ცხვრები იეჰოვას ორგანიზაციაში მიედინებიან. ისინი ‘ღრუბელივით და მტრედებივით მოფრინავენ თავისი სამტრედისკენ’ (ესაია 60:8). რიცხობრივად უამრავი ხალხის ზრდისა და მიწიერი ცხოვრების დასრულების მიზეზით ცხებულთა კლასის შემცირების გამო ქრისტიანულ საქმიანობაში უფრო დიდ როლს გამოცდილი სხვა ცხვრები ასრულებენ. რა მხრივ?
11. რომელი უპირატესობები მიეცა სხვა ცხვრებს, რომლებითაც თავდაპირველად მხოლოდ ცხებული ქრისტიანები სარგებლობდნენ?
11 იეჰოვას ძვირფასი თვისებების ფართოდ გამოცხადება ყოველთვის იყო ღვთის ‘წმიდა ერის’ განსაკუთრებული მოვალეობა. ამას პავლე ტაძარში მისატან მსხვერპლად მოიხსენიებდა, ხოლო მათ, ვინც „სამეფო სამღვდელოება“ გახდებოდა, იესომ დავალება დაუტოვა, ექადაგათ და ესწავლებინათ (გამოსვლა 19:5, 6; 1 პეტრე 2:4, 9; მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელთა 13:15, 16). მიუხედავად ამისა, 1932 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) განსაკუთრებით ამხნევებდა მათ, რომლებსაც იონადაბი ასიმბოლოებდა, მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმიანობაში. სინამდვილეში, მრავალი სხვა ცხვარი უკვე ასრულებდა ამას. დღეს სამქადაგებლო მსახურებას, როგორც ‘ღვთისადმი მის ტაძარში წმინდა მსახურების’ ღირსშესანიშნავ ნაწილს, თითქმის მთლიანად სხვა ცხვარი ასრულებს (გამოცხადება 7:15). მსგავსად ამისა, იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორიის ადრინდელ ფაზაში კრების უხუცესები ცხებული ქრისტიანები იყვნენ, ‘ვარსკვლავები’ იესო ქრისტეს მარჯვენა ხელში (გამოცხადება 1:16, 20). მაგრამ 1937 წლის 1-ლი მაისის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) იუწყებოდა, რომ მომზადებულ სხვა ცხვრებს შეეძლოთ თანამშრომელი მსახურები (თავმჯდომარე ზედამხედველები) ყოფილიყვნენ. კრებაში ცხებული მამაკაცების ყოფნის შემთხვევაშიც კი შეიძლება სხვა ცხვრები იყვნენ გამოყენებული, თუ ცხებულებს არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობის აღება. დღეს კრების თითქმის ყველა უხუცესი სხვა ცხვარია.
12. რომელი ბიბლიური პრეცედენტები არსებობს გამოცდილი სხვა ცხვრებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში მძიმე პასუხისმგებლობებს ტვირთულობენ?
12 შეცდომა ხომ არ არის სხვა ცხვრებზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობების დაკისრება? არა, ამას საფუძვლად ისტორიული პრეცედენტი უდევს. ძველი დროის ისრაელში მაღალ თანამდებობებს ზოგი უცხოელი ახალმოქცეულიც (მდგმურიც) იკავებდა (მეორე მეფეთა 23:37, 39; იერემია 38:7–9). ბაბილონური გადასახლების შემდეგ შეწირულებს (ტაძარში არაისრაელ მსახურებს) ტაძარში ისეთი მსახურების შესრულების უპირატესობები მიენიჭათ, რომლებიც ადრე მხოლოდ ლევიანებს ეკუთვნოდათ (პირველი ეზრა 8:15–20; ნეემია 7:60). ამასთანავე, მოსემ, რომელიც ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ხილვაში იესოსთან ერთად გამოჩნდა, მიდიანელი ითროს შემოთავაზებული შესანიშნავი რჩევა მიიღო. მოგვიანებით მან სთხოვა ითროს ძეს, ხობაბს, გაძღოლოდათ უდაბნოში (გამოსვლა 18:5, 17–24; რიცხვნი 10:29).
13. ვისი შესანიშნავი სულისკვეთების გამოვლინებას ბაძავდნენ ცხებულები გამოცდილი სხვა ცხვრებისთვის პასუხისმგებლობების თავმდაბლურად გადაცემით?
13 უდაბნოში 40 წლის დასასრულისთვის მოსე, რომელმაც იცოდა, რომ აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდოდა, იეჰოვასადმი მემკვიდრის მოვლინებაზე ლოცულობდა (რიცხვნი 27:15–17). იეჰოვამ უთხრა, რომ მთელი ხალხის წინაშე იესო ნავეს ძე აღეჭურვა უფლებებით, რის გაკეთებაც მოსეს არ დაუყოვნებია, თუმცა თვითონ ჯერაც ფიზიკურად ჯანმრთელი იყო და ისრაელისადმი მსახურება მაშინვე არ შეუწყვეტია (მეორე რჯული 3:28; 34:5–7, 9). მსგავსი თავმდაბლური სულისკვეთების გამოვლინებით ცხებულებმა უკვე მიანიჭეს მეტი უპირატესობები სხვა ცხვრების რიგებიდან მოსულ გამოცდილ მამაკაცებს.
14. რომელი წინასწარმეტყველებები მიუთითებენ ორგანიზაციაში სხვა ცხვრების მზარდ როლზე?
14 ორგანიზაციაში სხვა ცხვრების მზარდი როლი აგრეთვე წინასწარმეტყველების საკითხია. ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, რომ არაისრაელი ფილისტიმელი იქნება «როგორც ერთი ათასეული [„შეიხი“, აქ] იუდაში» (ზაქარია 9:6, 7). შეიხები ტომების მეთაურები იყვნენ, ამრიგად ზაქარია ამბობდა, რომ ისრაელის მტერი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მიიღებდა და აღთქმულ მიწაზე ტომის მეთაურის მსგავსი გახდებოდა. გარდა ამისა, ღვთის ისრაელისთვის მიმართვისას იეჰოვამ თქვა: „დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ“ (ესაია 61:5, 6). „უცხონი“ და „უცხოთა შვილები“ სხვა ცხვრები არიან. ამათ გადაეცათ პასუხისმგებლობები, რათა უფრო და უფრო მეტი სამუშაო ეტვირთათ, იმ დროს, როცა მოხუცებულ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი გადის თავის მიწიერ სავალს და განაგრძობს მსახურებას, სრული გაგებით, ‘უფლის მღვდლებად ზეცაში’, იეჰოვას სიდიადის ტახტის ირგვლივ მდგომ ‘ჩვენი ღვთის მსახურებად’ (1 კორინთელთა 15:50–57; გამოცხადება 4:4, 9–11; 5:9, 10).
‘მოსასვლელი თაობა’
15. ქრისტიანების რომელმა ჯგუფმა მიაღწია ‘მოხუცებულობას’ აღსასრულის ამ პერიოდში და რომელი ჯგუფი წარმოადგენს ‘მოსასვლელ თაობას’?
15 ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ყოველთვის გულით იყო მოწადინებული მზარდი პასუხისმგებლობებისთვის სხვა ცხვრების მოსამზადებლად. ფსალმუნის 70:18-ში ნათქვამია: «მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს [„მოსასვლელს“, აქ] — შენს სიძლიერეს». ამ მუხლის კომენტირებით 1948 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) აღნიშნავდა, რომ კრების შემადგენელმა ცხებულმა ქრისტიანებმა უეჭველია, ხანდაზმულობას მიაღწიეს. ის აგრძელებდა, რომ „ბიბლიური წინასწარმეტყველების შუქში [ცხებულები] სიხარულით მოელიან და ხედავენ ახალ თაობას“. კერძოდ ვისზე მიუთითებს ეს აზრი? „საგუშაგო კოშკი“ ამბობდა: „იესო მათ ‘სხვა ცხვრებად’ მოიხსენიებდა“. ‘მოსასვლელი თაობა’ მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც იცხოვრებენ დედამიწაზე ახალი მმართველობის ქვეშევრდომობით, რომელსაც ზეციერი სამეფო უხელმძღვანელებს.
16. რომელ კურთხევებს მოელის ‘მოსასვლელი თაობა’ მოუთმენლად?
16 ბიბლია კონკრეტულად არ ამბობს, თუ როდის დატოვებენ ცხებული ქრისტიანები ძმებს ‘მოსასვლელი თაობიდან’ და წავლენ, რათა იესო ქრისტესთან განდიდდნენ. მაგრამ ცხებულები დარწმუნებული არიან, რომ ეს დრო ახლოვდება. ‘უკანასკნელ ჟამთან’ დაკავშირებულ იესოს დიდებულ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მოვლენები 1914 წლიდან მიმდინარეობს და ნათლად მიუთითებს ქვეყნიერების განადგურების სიახლოვეზე (დანიელი 12:4; მათე 24:3–14; მარკოზი 13:4–20; ლუკა 21:7–24). მალე იეჰოვა აამოქმედებს ახალ ქვეყნიერებას, რომელშიც ‘მოსასვლელი თაობა’ ‘დაიმკვიდრებს წუთისოფლის დასაბამიდან მათთვის გამზადებულ სასუფეველს [მიწიერ სამფლობელოს]’ (მათე 25:34). ისინი აღფრთოვანებული არიან სამოთხის აღდგენისა და ჰადესიდან მილიონობით ადამიანის აღდგომის მოლოდინით (გამოცხადება 20:13, სსგ). იქნებიან თუ არა იქ ცხებულები აღდგენილების შესახვედრად? 1925 წლის 1-ლი მაისის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) მოიხსენიებდა: „ჩვენ თვითნებურად არ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თუ რას გააკეთებს ან არ გააკეთებს ღმერთი. . . [მაგრამ] ისეთ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეკლესიის წევრები [ცხებული ქრისტიანები] განდიდდებიან ძველი დროის ღირსეული ადამიანების [ქრისტიანობისწინა პერიოდის ერთგული მოწმეების] აღდგომამდე“. მსგავსად ამისა, ამ საკითხის განხილვისას, იცხოვრებენ თუ არა ცხებულები აღდგენილების გულთბილად შესახვედრად, 1989 წლის 1-ლი სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) ამბობდა: „ეს არ იქნებოდა აუცილებელი“d.
17. რომელი შესანიშნავი უპირატესობები ექნებათ ცხებულებს, როგორც ჯგუფს, ტახტზე აღზევებულ მეფესთან, იესო ქრისტესთან ერთად?
17 მართალია, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება თითოეული ცხებული ქრისტიანის შემთხვევაში. მაგრამ ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ხილვაში იესოსთან ერთად მოსესა და ელიას თანდასწრება აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია აღდგენილი ცხებული ქრისტიანების იესოსთან ერთად ყოფნა, როცა ის მოვა დიდებით, რათა ‘მიუზღოს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით’, როცა გამოიტანს და შეასრულებს განაჩენს. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს იესოს დანაპირები, რომ არმაგედონში ‘გამარჯვებული’ ცხებული ქრისტიანები მასთან ერთად ‘დამწყემსავენ წარმართებს რკინის კვერთხით’. როცა იესო დიდებით მოვა, ისინი მასთან ერთად დასხდებიან „ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“. იესოსთან ერთად ისინი ‘თავიანთ ფეხთით შემუსრავენ სატანას’ (მათე 16:27–17:9; 19:28; გამოცხადება 2:26, 27; 16:14, 16; რომაელთა 16:20; დაბადება 3:15; ფსალმუნი 2:9; 2 თესალონიკელთა 1:9, 10).
18. ა) როგორ მდგომარეობს საქმე ‘ქრისტეში იმის შეკრებასთან დაკავშირებით, რაც ცაშია’? ბ) რის თქმა შეგვიძლია ‘ქრისტეში იმის შეკრებაზე, რაც დედამიწაზეა’?
18 საქმეების მართვით იეჰოვა უფრო და უფრო ‘კრებს ყოველივეს ქრისტეში’. იმასთან დაკავშირებით „რაც ცაშია“, მისი მიზანი დასასრულს უახლოვდება. ‘კრავის ქორწილისთვის’ ყველა 144 000-ის ზეცაში იესოსთან შეერთება ახლოსაა. აქედან გამომდინარე, ცხებული ძმების მხარდასაჭერად სხვა ცხვრებიდან დიდი ხნის მოწიფულ, ‘დედამიწაზე არსებულის’ წარმომადგენელ, უფრო და უფრო მეტ ძმას ეძლევა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები. რა სულისშემკვრელია ამ დროში ცხოვრება! რა აღმაფრთოვანებელია იმის ხილვა, რომ იეჰოვას განზრახვა დასასრულს უახლოვდება! (ეფესელთა 1:9, 10; 3:10–12; გამოცხადება 14:1, (აფ); 19:7, 9). და რა ძლიერ სასიხარულოა სხვა ცხვრებისთვის ცხებული ძმებისთვის მხარდაჭერის გაწევა, სანამ ორივე ჯგუფი ერთად მსახურობს ‘ერთი მწყემსის ერთ ფარად’ მეფე იესო ქრისტესადმი მორჩილებით და უზენაესი მმართველის, იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად! (იოანე 10:16; ფილიპელთა 2:9–11).
[სქოლიოები]
a იხილე 1981 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.), გვერდები 16–26.
b მაგალითად, 1914 წლიდან დასავლეთ ქვეყნებში ხალხით გადაჭედილ თეატრებში აჩვენებდნენ „შემოქმედების ფოტოდრამას“ — ოთხნაწილიან გახმოვანებულ წარმოდგენას.
c შესაძლო მიზეზების გასაგებად, თუ რატომ იყო ზოგი იუდეველი ქრისტიანი რჯულის მოშურნე, იხილე ბიბლიური ცნობარი Insight on the Scriptures, ტომი II, გვერდები 1163, 1164, გამოცემული ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ.
d იხილე „საგუშაგო კოშკი“ გამოცემული 1990 წლის 15 აგვისტოს (ინგლ.), გვერდები 30–31; 1990 წლის 15 დეკემბერს (ინგლ.), გვერდი 30.
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ როგორ მიიწევდა წინ ღვთის ორგანიზაცია პირველ საუკუნეში?
◻ როგორ ვითარდებოდა ხელმძღვანელი საბჭო იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიაში?
◻ რომელი ბიბლიური მუხლები ამართლებს იეჰოვას ორგანიზაციაში სხვა ცხვრებისთვის უფლებამოსილების მიცემას?
◻ როგორ იკრიბება ქრისტეში ყოველივე, „რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა“?
[სურათი 16 გვერდზე]
ხელმძღვანელი საბჭო მაშინაც კი განაგრძობდა ფუნქციონირებას იერუსალიმში, როცა პირველი წევრები იქ აღარ იყვნენ.
[სურათები 18 გვერდზე]
მოწიფული ცხებული ქრისტიანები ყოველთვის იყვნენ კურთხევა იეჰოვას ხალხისთვის.
ჩ. ტ. რასელი 1884–1916
ჯ. ფ. რუტერფორდი 1916–1942
ნ. ჰ. ნორი 1942–1977
ფ. უ. ფრენცი 1977–1992
მ. ჯ. ჰენშელი 1992–