-
„გულით თავმდაბალი ვარ“„მოდი და გამომყევი“
-
-
თავი 3
„გულით თავმდაბალი ვარ“
1—3. როგორ შევიდა იესო იერუსალიმში და რატომ შეიძლებოდა ამის შემხედვარე ხალხი გაოცებულიყო?
იერუსალიმში ხალხი ჩოჩქოლებდა. მათ ქალაქის შესასვლელთან, გზის პირას მოეყარათ თავი. ისინი ცნობილ ადამიანს ელოდნენ; ამბობდნენ, მეფე დავითის შთამომავალი, ისრაელის მეფე მოდისო. ზოგი პალმის ტოტებით ეგებებოდა, ზოგი კი ტანსაცმელსა და ჩვეულებრივ ტოტებს უფენდა გზაზე (მათე 21:7, 8; იოანე 12:12, 13). ბევრს აინტერესებდა, როგორ შემოვიდოდა ის ქალაქში.
2 ზოგი შესაძლოა მოელოდა, რომ იესო, ცნობილი ადამიანების მსგავსად, დიდი ზარ-ზეიმით შევიდოდა იერუსალიმში. მაგალითად, დავითის ვაჟმა აბესალომმა თავი მეფედ რომ გამოაცხადა, ეტლში მჯდომს წინ 50 კაცი მიუძღოდა (2 სამუელი 15:1, 10). რომაელი მხედართმთავარი იულიუს კეისარი კი გამარჯვების აღსანიშნავად დიდი პომპეზურობით შევიდა რომის კაპიტოლიუმში; მას აქეთ-იქით ჩირაღდნიანი 40 სპილო მიჰყვებოდა. მათგან განსხვავებით ახლა იერუსალიმში ხალხი გაცილებით ცნობილ ადამიანს ელოდა. შესაძლოა, მათ ბოლომდე არც კი ესმოდათ, რომ ეს იყო იესო, მესია, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი. ალბათ, გაუკვირდებოდათ, როდესაც დაინახავდნენ, თუ როგორ შევიდოდა მომავალი მეფე ქალაქში.
3 ისინი ვერ დაინახავდნენ ვერც ეტლს, ვერც თანმხლებ პირებს, ვერც ცხენებსა და სპილოებს. ისინი დაინახავდნენ ჩვეულებრივ პირუტყვზე, ვირზე მჯდომ იესოსa. იესოს არ ეცვა ძვირფასი ტანსაცმელი და ვირიც არაფრით გამოირჩეოდა. ძვირადღირებული უნაგირის ნაცვლად მიმდევრებმა იესოს უბრალო ტანისამოსი დაუფინეს ვირზე. რატომ არ შევიდა იესო იერუსალიმში ზარ-ზეიმით, მაშინ როცა ნაკლებად ცნობილი ადამიანები დიდი პომპეზურობით იქცევდნენ ყურადღებას?
4. წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ შევიდოდა ცხებული მეფე იერუსალიმში?
4 იესოზე შესრულდა წინასწარმეტყველება: „გაიხარე . . . სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზაქარია 9:9). ეს წინასწარმეტყველება იმაზე მიუთითებდა, რომ მესია, ღვთის ცხებული მეფე ერთ დღესაც ზარ-ზეიმის გარეშე ვირით შევიდოდა იერუსალიმში, ანუ ღირსეულ თვისებას, თავმდაბლობას გამოავლენდა.
-
-
„გულით თავმდაბალი ვარ“„მოდი და გამომყევი“
-
-
a ერთ-ერთ ნაშრომში, სადაც ეს შემთხვევა განიხილება, აღნიშნულია, რომ ვირები, ჩვეულებრივი, ჯიუტი, შეუხედავი და ნელი ცხოველები, ბიბლიურ დროში ძირითადად ღარიბებს ჰყავდათ.
-