ემზადებით გადარჩენისთვის?
„შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში“ (დაბადება 7:1).
1. როგორ იზრუნა იეჰოვამ ნოეს დროს ადამიანთა გადარჩენაზე?
იეჰოვამ ნოეს დროს „უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“, მაგრამ მანამდე ადამიანების გადარჩენაზეც იზრუნა (2 პეტრე 2:5). ღმერთმა ნოეს დაწვრილებით აუხსნა, როგორ აეშენებინა კიდობანი, რათა წარღვნის დროს ოჯახთან ერთად გადარჩენილიყო (დაბადება 6:14—16). ნოე იეჰოვას მორჩილი მსახური იყო, ამიტომ „ყველაფერი ისე გააკეთა . . . როგორც ღმერთმა უბრძანა“. უფრო მეტიც, „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ნაბრძანები ჰქონდა. დღეს რომ ვარსებობთ, გარკვეულწილად, ნოეს მორჩილებას უნდა ვუმადლოდეთ (დაბადება 6:22, აქ).
2, 3. ა) როგორ რეაგირებდნენ ნოეს თანამედროვეები მის საქმიანობაზე? ბ) რაში იყო ნოე დარწმუნებული, როცა კიდობანში შევიდა?
2 კიდობნის აშენება ადვილი არ იყო. უეჭველია, ნოესა და მისი ოჯახის საქმიანობით ბევრი განცვიფრებული იქნებოდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ერწმუნათ, რომ გადარჩენისთვის კიდობანში შესვლა იყო აუცილებელი. ღმერთი მეტს აღარ მოითმენდა. დადგა დრო, როცა მას ბოროტი ქვეყნიერება უნდა გაენადგურებინა (დაბადება 6:3; 1 პეტრე 3:20).
3 ათწლეულების მანძილზე ნოე და მისი ოჯახი თავდაუზოგავად შრომობდნენ. კიდობნის აგების შემდეგ იეჰოვამ ნოეს უთხრა: „შედი შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან გიხილე შენ მართალ კაცად ჩემს წინაშე მთელს ამ მოდგმაში“. მათ ირწმუნეს იეჰოვას ეს სიტყვები. ამიტომ „შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი ცოლი, და მისი ძენი, და მის ძეთა ცოლები“. იეჰოვამ დაკეტა კიდობნის კარი თავისი თაყვანისმცემლების გადასარჩენად. როდესაც წარღვნა მოავლინა, კიდობანი საიმედო თავშესაფარი აღმოჩნდა (დაბადება 7:1, 7, 10, 16).
დღევანდელობა და ნოეს დრო
4, 5. ა) რას შეადარა იესომ თავისი უხილავი მოსვლის შემდგომი პერიოდი? ბ) რა მსგავსება არსებობს ნოეს დროსა და ჩვენს დროს შორის?
4 „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37). ამ სიტყვებით იესომ აღნიშნა, რომ მისი უხილავი მოსვლის შემდგომი პერიოდი ნოეს დროის მსგავსი იქნებოდა. და ეს ასეც მოხდა. განსაკუთრებით 1919 წლიდან ყველა ერის საყურადღებოდ ვრცელდება იმის მსგავსი გამაფრთხილებელი ცნობა, რომელსაც ნოე ქადაგებდა. ადამიანთა უმეტესობა დღესაც ნოეს თანამედროვეთა მსგავსად რეაგირებს ამ ცნობაზე.
5 როდესაც იეჰოვამ წარღვნა მოავლინა დედამიწაზე, ამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ‘ძალადობით სავსე’ ქვეყნიერების წინააღმდეგ (დაბადება 6:13). ის, რომ ნოე და მისი ოჯახი შორს იყვნენ ძალადობისგან და მშვიდად აშენებდნენ კიდობანს, ყველასთვის კარგად იყო შესამჩნევი. ნოეს დრო ამ მხრივაც ჰგავს ჩვენს დროს. გულწრფელი ადამიანები დღესაც ხედავენ სხვაობას „მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის“ (მალაქია 3:18). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი პატიოსნება, სიკეთე, მშვიდობისმოყვარეობა და გულმოდგინება აღფრთოვანებას იწვევს მიუკერძოებელ ადამიანებში, რადგან სწორედ ეს თვისებები განასხვავებს ღვთის ხალხს ქვეყნიერებისაგან. მოწმეები უარყოფენ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და იეჰოვას სულს საშუალებას აძლევენ, მათზე გავლენა მოახდინოს. სწორედ ამიტომ ცხოვრობენ ისინი მშვიდობიანად და სიმართლის გზით დადიან (ესაია 60:17).
6, 7. ა) რას ვერ ხედავდნენ ნოეს თანამედროვეები და, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა დღეს? ბ) რომელი მაგალითები მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვას მოწმეები სხვებისგან განსხვავდებიან?
6 ნოეს თანამედროვეები ვერ ხედავდნენ, რომ ნოეს ღმერთისგან ჰქონდა მხარდაჭერა და ღვთის მითითებებს ასრულებდა. ასე რომ, ისინი სერიოზულად არ ეკიდებოდნენ ნოეს ქადაგებას და შესაბამისად არ რეაგირებდნენ გამაფრთხილებელ ცნობაზე. რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ? მიუხედავად იმისა, რომ ბევრზე შთაბეჭდილებას ახდენს იეჰოვას მოწმეების ქცევა და ის საქმიანობა, რომელსაც ისინი ეწევიან, უმეტესობა ბიბლიის გაფრთხილებას სერიოზულად არ ეკიდება. მეზობლები, დამსაქმებლები თუ ნათესავები შეიძლება აქებენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს კარგი თვისებების გამო, თუმცა გულისტკივილით დასძენენ: „იეჰოვას მოწმე რომ არ ყოფილიყო . . .“ მაგრამ ამ ადამიანებს მხედველობიდან რჩებათ ის, რომ იეჰოვას მოწმეები ღვთის სულის დახმარებით ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, სიკარგე, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალატელები 5:22—25). ამგვარად, სასიხარულო ცნობა უფრო სარწმუნო ხდება.
7 მაგალითად, როცა რუსეთის ერთ ქალაქში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი შენდებოდა, გამვლელმა მშენებელს უთხრა: „რა უჩვეულოა! აქ არ ეწევიან, არ ბილწსიტყვაობენ და არ სვამენ. შემთხვევით იეჰოვას მოწმეები ხომ არ ხართ?“ მშენებელმა უპასუხა: „რომ უარვყო, დამიჯერებთ?“ მამაკაცმა მიუგო: „ნამდვილად ვერ დაგიჯერებთ“. რუსეთის სხვა ქალაქში კი მერმა განცვიფრება ვერ დამალა, როცა ნახა, როგორ აშენებდნენ იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზს. მან აღნიშნა, რომ ადრე ყველა რელიგია ერთნაირი ეგონა. მაგრამ იეჰოვას მოწმეების უანგარობა რომ დაინახა, აზრი შეიცვალა. ეს მხოლოდ ორია იმ უამრავი მაგალითიდან, რაც ცხადყოფს, რომ იეჰოვას ხალხი განსხვავდება მათგან, რომლებიც არ ცხოვრობენ ბიბლიური ნორმებით.
8. როგორ არის შესაძლებელი გადარჩენა ამ ბოროტი სისტემის განადგურებისას?
8 სანამ ღმერთი „ძველ ქვეყნიერებას“ წარღვნით გაანადგურებდა, ნოე ერთგულად ქადაგებდა სიმართლეს (2 პეტრე 2:5). ამ სისტემის ბოლო დღეებში იეჰოვას მოწმეები ხალხს ღვთის სამართლიან ნორმებს ასწავლიან და საჯაროდ აცხადებენ სასიხარულო ცნობას, რაც გადარჩენისა და ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების პერსპექტივას იძლევა (2 პეტრე 3:9—13). როგორც ღვთისმოშიში ნოე და მისი ოჯახი კიდობანში შესვლით გადაურჩა წარღვნას, ისე დღეს გადარჩენა შესაძლებელია რწმენის გამოვლენით და იეჰოვას მიწიერ ორგანიზაციასთან ახლო ურთიერთობით.
რწმენა აუცილებელია გადარჩენისთვის
9, 10. რატომ არის აუცილებელი რწმენა, სატანის სისტემის განადგურებას რომ გადავურჩეთ?
9 რა არის საჭირო, სატანის ძალაუფლებაში მყოფი ქვეყნიერების გარდაუვალ განადგურებას რომ გადავურჩეთ? (1 იოანე 5:19). უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რომ ვსაჭიროებთ დაცვას, შემდეგ კი უნდა ვიმოქმედოთ გადასარჩენად. ნოეს დროს მცხოვრები ადამიანები ისე იყვნენ ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულნი, რომ ვერ ხედავდნენ კარს მომდგარი უბედურებისგან თავის დაცვის აუცილებლობას. მათ არ ჰქონდათ ღვთისადმი რწმენა.
10 ამის საპირისპიროდ, ნოესა და მის ოჯახს ესმოდათ, რომ დაცვასა და ხსნას საჭიროებდნენ. მათ ასევე უზენაესი მმართველის, იეჰოვას, მიმართ რწმენა ჰქონდათ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. პავლე დასძენს: „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო. რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის წყალობით“ (ებრაელები 11:6, 7).
11. როგორ იცავდა იეჰოვა თავის ხალხს წარსულში და რას ვსწავლობთ აქედან?
11 გადასარჩენად მხოლოდ იმის ცოდნა არ არის საკმარისი, რომ ეს ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება. ჩვენ უნდა განვივითაროთ რწმენა და სრულად ვისარგებლოთ იმ საშუალებებით, რომლებსაც ღმერთი გადასარჩენად გვთავაზობს. რასაკვირველია, ჩვენ ასევე რწმენა უნდა გამოვავლინოთ ღვთის ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ (იოანე 3:16, 36). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ისინი გადაურჩნენ წარღვნას, რომლებმაც კიდობანს შეაფარეს თავი. შეგვიძლია, აგრეთვე, გავიხსენოთ ძველი ისრაელის თავშესაფარი ქალაქები. ამ ქალაქებს თავს აფარებდნენ ისინი, რომლებსაც შემთხვევით შემოაკვდებოდათ ვინმე. მკვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დაცული, თუ ამ ქალაქში მოასწრებდა გაქცევას და მღვდელმთავრის სიკვდილამდე იქ დარჩებოდა (რიცხვნი 35:11—32). ასევე დავფიქრდეთ, თუ რა მოხდა, როცა იეჰოვამ მოსეს დროს ეგვიპტელებს მეათე სასჯელი დაატეხა თავს. ამ დროს ყველა ეგვიპტელი პირმშო დაიღუპა, მაგრამ ისრაელი პირმშოები გადარჩნენ. რატომ? იეჰოვამ მოსეს მითითებები მისცა: „აიღონ [ისრაელებმა] მისი [საპასექო კრავის] სისხლი და წააცხონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, სადაც ჭამენ მას . . . არავინ არ გამოხვიდეთ თქვენი სახლის კარიდან დილამდე“ (გამოსვლა 12:7, 22). რომელი ისრაელი პირმშო უგულებელყოფდა ღვთის ამ მითითებას და გარეთ გავიდოდა იმ სახლიდან, რომლის კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს სისხლი ჰქონდა წაცხებული?
12. რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ?
12 რისი თქმა შეგვიძლია საკუთარ თავზე? ვიმყოფებით იეჰოვას სულიერ თავშესაფარში? როცა დიდი გასაჭირი დადგება, მრავალს, ვინც ასეთ თავშესაფარში იმყოფებოდა, სიხარულისა და მადლიერების ცრემლებით აევსება თვალები. ხოლო სხვებს კი მწუხარებისა და სინანულის ცრემლები მოადგებათ თვალებზე.
ორგანიზაციული ცვლილებები გვამზადებს
13. ა) რა მიზანს ემსახურება ორგანიზაციული ცვლილებები? ბ) რომელია ზოგი ასეთი ცვლილება? (ახსენით).
13 იეჰოვა თავის მიწიერ ორგანიზაციაში ცვლილებებს ახდენს. ეს ცვლილებები ხვეწს, ამტკიცებს და აძლიერებს მის ორგანიზაციას, რაც სულიერად გვიცავს. 1870—1932 წლებში უხუცესებსა და დიაკვნებს ხმის მიცემით ირჩევდნენ კრების წევრები. 1932 წლიდან კრება უხუცესების ნაცვლად, სამსახურებრივ კომიტეტს ირჩევდა, რომელიც დახმარებას უწევდა სამსახურებრივ ხელმძღვანელს. 1938 წლიდან კრებაში ყველა ეს ძმა თეოკრატიული გზით ინიშნებოდა. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით 1972 წლიდან ზედამხედველებად ან მომსახურეებად მსახურებისთვის ძმებს რეკომენდაციები ეწევათ. რეკომენდაციის მოწონების შემთხვევაში კრებები თეოკრატიული გზით მათი დანიშვნის შესახებ წერილებს იღებენ. წლების მანძილზე ხელმძღვანელ საბჭოს ბევრი პასუხისმგებლობის შესრულება უწევდა. ამიტომ მისი საქმიანობის გაადვილების მიზნით გარკვეული ცვლილებები მოხდა.
14. რომელ სასწავლო პროგრამას ჩაეყარა საფუძველი 1959 წელს?
14 ფსალმუნების 44:17-ის ყურადღებით გამოკლევის შედეგად 1950 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ სულიერი სწავლების პროგრამის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ამ მუხლში ნათქვამია: „შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელს ქვეყანაზე“. უხუცესები, რომლებიც დღეს კრებებს ხელმძღვანელობენ, მომზადებას გადიან, რათა ეფექტურად შეასრულონ თეოკრატიული დავალებები ახლაც და არმაგედონის შემდეგაც (გამოცხადება 16:14, 16). 1959 წელს სამეფო მსახურების სკოლას ჩაეყარა საფუძველი. იმ დროისთვის ერთთვიანი კურსები, ძირითადად, კრების მსახურებისთვის (ასე ერქვათ ადრე თავმჯდომარე ზედამხედველებს) ტარდებოდა. დღეს ეს სკოლა ყველა ზედამხედველსა და მომსახურეს უტარდება. შედეგად, ეს ძმები თავიანთ კრებებში თითოეულ იეჰოვას მოწმეს ასწავლიან. ასე რომ, ყველას ეწევა სულიერი დახმარება, რათა, როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებლებმა, ნაყოფიერად იმსახურონ (მარკოზი 13:10).
15. როგორ ხდება ქრისტიანული კრების სიწმინდის დაცვა?
15 ის, ვისაც ქრისტიანული კრების წევრად გახდომის სურვილი აქვს, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დღეს დამცინავების ადგილი არ არის კრებაში, ისევე როგორც ნოეს კიდობანში არ იყო ადგილი ასეთი ადამიანებისთვის (2 პეტრე 3:3—7). იეჰოვას მოწმეთა კრებებიდან, განსაკუთრებით 1952 წლიდან, კრების დაცვის მიზნით მოუნანიებელი შემცოდველები ირიცხებიან. რასაკვირველია, გულწრფელად მომნანიე შემცოდველებს სიყვარულით ეხმარებიან, ‘გაასწორონ თავიანთი ფეხის სავალი’ (ებრაელები 12:12, 13; იგავები 28:13; გალატელები 6:1).
16. როგორი სულიერი კეთილდღეობით ხარობენ იეჰოვას მოწმეები?
16 იეჰოვას მოწმეების სულიერი კეთილდღეობა არ არის შემთხვევითი. ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „აი, ჩემი მსახურნი შეჭამენ და თქვენ დაიმშევით, ჩემი მსახურნი შესვამენ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ, და ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ შერცხვებით; ჩემი მსახურნი იმღერებენ გულის სიამით და თქვენ იყვირებთ გულის ტკივილით, და სულის გატეხისაგან აქვითინდებით“ (ესაია 65:13, 14). იეჰოვა კვლავაც გვამარაგებს უხვი, დროული და ჯანსაღი სულიერი საზრდოთი, რაც სულიერი ძალების შენარჩუნებაში გვეხმარება (მათე 24:45).
მოემზადეთ გადარჩენისთვის
17. რა დაგვეხმარება, მოვემზადოთ გადარჩენისთვის?
17 დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი“ (ებრაელები 10:23—25). დღეს მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 98 000–ზე მეტი კრებაა. თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობა და კრების აქტიურ წევრად ყოფნა დაგვეხმარება, გადარჩენისთვის მოვემზადოთ. ჩვენ მხარში ამოგვიდგებიან თანამორწმუნეები, თუ ძალ–ღონეს არ დავიშურებთ, შევიმოსოთ ახალ პიროვნებად და სხვებს იეჰოვას ხსნის შესახებ ვაცნობოთ (ეფესოელები 4:22—24; კოლოსელები 3:9, 10; 1 ტიმოთე 4:16).
18. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, ახლო ურთიერთობა გქონდეთ ქრისტიანულ კრებასთან?
18 სატანა და მისი ბოროტი ქვეყნიერება ყველანაირად ცდილობს, მიგვატოვებინოს ქრისტიანული კრება. ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ქრისტიანული კრების წევრად და გადავურჩეთ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას. მოდი სიყვარული გამოვავლინოთ იეჰოვას მიმართ და დავაფასოთ ის ღონისძიებები, რომლებიც გვეხმარება, უფრო მეტად შევეწინააღმდეგოთ სატანას. იმ კურთხევებზე დაფიქრება, რაც დღეს გვაქვს, სიმტკიცეს შეგვმატებს. ამ კურთხევებზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.
როგორ უპასუხებთ?
• რით ჰგავს ჩვენი დრო ნოეს დროს?
• რა არის აუცილებელი გადასარჩენად?
• რომელმა ორგანიზაციულმა ცვლილებებმა შეუწყო ხელი იეჰოვას ორგანიზაციის გაძლიერებას ჩვენი დაცვის მიზნით?
• პირადად ჩვენ როგორ უნდა მოვემზადოთ გადარჩენისთვის?
[სურათი 22 გვერდზე]
ნოეს თანამედროვეები სერიოზულად არ ეკიდებოდნენ ღვთის ცნობას.
[სურათი 23 გვერდზე]
მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ ღვთის გამაფრთხილებელი ცნობა.
[სურათი 24 გვერდზე]
რა მიზანს ემსახურება სამეფო მსახურების სკოლა?
[სურათი 25 გვერდზე]
ახლაა სწორედ იმის დრო, ახლო ურთიერთობა გვქონდეს ქრიტიანულ კრებასთან.