რა ახსოვდა იესო ნავეს ძეს?
„მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე, — თქვა იეჰოვამ. — ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში“ (იესო ნავეს ძე 1:2). იესო ნავეს ძე საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა! ის ხომ თითქმის 40 წლის განმავლობაში მოსეს მსახური იყო. ახლა კი მას თავისი პატრონის ადგილი უნდა დაეკავებინა და ხშირ შემთხვევაში ჯიუტი ისრაელი ერი აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. იესო ნავეს ძეს, ალბათ, მომავალზე ფიქრისას ერთიმეორის მიყოლებით ამოუტივტივდა გონებაში წარსულში გადატანილი განსაცდელები. უეჭველია, ის, რაც მის მეხსიერებას შემორჩა, დიდად დაეხმარა მას მაშინ და დღეს შეიძლება ეს ქრისტიანებსაც გამოადგეს.
მონობიდან მეთაურობამდე
იესო ნავეს ძეს ახსოვდა მონობაში გატარებული მძიმე წლები (გამოსვლა 1:13, 14; 2:23). ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია იმისა, თუ რა შეემთხვა ამ დროის განმავლობაში იესო ნავეს ძეს, რადგან ბიბლია ამის შესახებ დაწვრილებით ცნობებს არ გვაწვდის. შესაძლოა მან ეგვიპტეში ყოფნისას ორგანიზატორული გამოცდილება შეიძინა და ამ ქვეყნიდან ებრაელებისა და „უამრავი ჭრელი ხალხის“ გამოსვლასაც კი უწევდა ხელმძღვანელობას (გამოსვლა 12:38).
იესო ნავეს ძე ეფრემელთა შტოს მიეკუთვნებოდა. პაპამისი, ელიშამაყი, ეფრემიანთა შტოს თავკაცი იყო და, როგორც ჩანს, სამი ტომის 108 100 მეომრისგან შემდგარ დანაყოფს მეთაურობდა (რიცხვნი 1:4, 10, 16; 2:18—24; პირველი ნეშტთა 7:20, 26, 27). მაგრამ, როდესაც ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ყამალეკი დაესხა თავს ისრაელს, მოსემ იესო ნავეს ძეს დაავალა თავდაცვისთვის ეხელმძღვანელა (გამოსვლა 17:8, 9ა). რატომ დაავალა მოსემ ეს მაინცდამაინც იესო ნავეს ძეს და არა მის პაპას ან მამას? ვარაუდობენ, რომ „როგორც მნიშვნელოვანი ტომის, ეფრემის, მეთაურს, ორგანიზატორული ნიჭის მქონე ადამიანს, რომელსაც ხალხი სრულიად ენდობოდა, მოსემ მას მიმართა თხოვნით, შეერჩია და ორგანიზება გაეწია მებრძოლებისთვის“.
რაც უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, არჩევის შემდეგ იესო ნავეს ძე სწორედ ისე მოიქცა, როგორც მოსემ უთხრა. თუმცა ისრაელი ერი ომში გამოუცდელი იყო, იესო ნავეს ძეს მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთი დაეხმარებოდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მოსემ უთხრა: „ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში“, იესო ნავეს ძისთვის ეს სიტყვები საკმარისი იყო. მას ახსოვდა, რომ ეს-ეს იყო იეჰოვამ იმ დროისათვის უდიდესი სამხედრო ძალა გაანადგურა. მეორე დღეს, როდესაც მოსემ ხელები ასწია და მზის ჩასვლამდე არ ჩამოუწევია, მტერმა ვერ შეძლო ისრაელის ძლევა და ყამალეკელები დამარცხდნენ. მაშინ იეჰოვამ უბრძანა მოსეს, ჩაეწერა და ‘ჩაეგონებინა იესო ნავეს ძისთვის’ იეჰოვას განაჩენი: „აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან“ (გამოსვლა 17:9ბ—14). დიახ, იეჰოვა ამ განაჩენს აუცილებლად მოიყვანდა სისრულეში.
მოსეს მომსახურე
ყამალეკელებთან ბრძოლის შემდეგ უფრო დაახლოვდნენ იესო ნავეს ძე და მოსე. იესო ნავეს ძეს წილად ხვდა პატივი, მოსეს მომსახურე ანუ „მსახური“ ყოფილიყო თითქმის 40 წლის განმავლობაში, თავისი „სიყრმიდან“ მოსეს სიკვდილამდე (რიცხვნი 11:28, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა).
ეს განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო მსახურება იყო. მაგალითად, როდესაც მოსე, აარონი, აარონის ვაჟები და ისრაელის სხვა 70 უხუცესი სინაის მთაზე ავიდნენ იეჰოვას დიდების სანახავად, როგორც ჩანს იესო ნავეს ძეც მათ შორის იყო. რადგან მომსახურე იყო, ის მოსეს უფრო მაღლა აჰყვა მთაზე და, როგორც ჩანს, შორიდან უყურებდა, როგორ შევიდა მოსე ღრუბელში, რაც იეჰოვას თანდასწრებაზე მიუთითებდა. საოცარია ის, რომ იესო ნავეს ძე, როგორც ჩანს, 40 დღე-ღამე დარჩა მთაზე. ის ერთგულად ელოდებოდა თავის პატრონს და აღთქმის ფიქალებით ხელში დაბრუნებულ მოსეს შეეგება (გამოსვლა 24:1, 2, 9—18; 32:15—17).
მას შემდეგ, რაც ისრაელებმა ოქროს ხბოს კერპს დაუწყეს თაყვანისცემა, იესო ნავეს ძე კვლავ მოსეს ემსახურებოდა სადღესასწაულო კარავში, რომელიც ბანაკის გარეთ იდგა. აქ იეჰოვა მოსეს პირისპირ ელაპარაკებოდა. მოსეს ბანაკში დაბრუნების შემდეგაც იესო ნავეს ძე „არ შორდებოდა კარავს“. ამას შეიძლება იმიტომ აკეთებდა, რომ კარავში გაუწმინდურებული ისრაელები არ შეეშვა. დიახ, იესო ნავეს ძე დიდი სერიოზულობით ეკიდებოდა ამ პასუხისმგებლობას (გამოსვლა 33:7, 11).
მოსესთან ურთიერთობას, რომელიც ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად იესო ნავეს ძეზე 35 წლით უფროსი იყო, დიდად უნდა განემტკიცებინა იესოს რწმენა. მათ ურთიერთობას უწოდეს „მოწიფული მამაკაცისა და ახალგაზრდის, მასწავლებლისა და მოწაფის კავშირი“ რის შედეგადაც იესო ნავეს ძე „გაბედულ და სანდო მამაკაცად ჩამოყალიბდა“. ჩვენ შორის არ არიან დღეს მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველები, მაგრამ იეჰოვას ხალხში არიან ხანდაზმულები, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და სულიერობით გამხნევებისა და გაძლიერების წყაროს წარმოადგენენ. აფასებ მათ? გაქვს მათთან ურთიერთობა?
ქანაანში გაგზავნილი მზვერავები
იესო ნავეს ძის ცხოვრებაში გადამწყვეტი პერიოდი რჯულის მიღებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ დადგა. ის თავისმა შტომ აღთქმული მიწის დასაზვერად აირჩია. ეს ისტორია კარგად არის ცნობილი. თორმეტივე მზვერავმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ იქ ‘მართლაც რძე და თაფლი მოედინებოდა’, როგორც იეჰოვა დაჰპირდათ. მაგრამ ათ მათგანს რწმენა ეკლდათ და შიშობდნენ, რომ ამ მიწის მცხოვრებთ ვერ დაამარცხებდნენ. მხოლოდ იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ მოუწოდეს ხალხს, რომ არ აჯანყებულიყვნენ და არ შეშინებოდათ, რადგან იეჰოვა აუცილებლად იქნებოდა მათთან. მაგრამ შეკრებილნი აღშფოთდნენ და ამ ორის ჩაქოლვა მოინდომეს. ეს შეიძლება ასეც მომხდარიყო, იეჰოვა რომ არ ჩარეულიყო და თავის დიდება არ ეჩვენებინა. იეჰოვამ გამოუცხადა, რომ თავიანთი ურწმუნოების გამო აღრიცხულ ისრაელიანთაგან 20 წლიდან მოყოლებული ვერც ერთი ვერ შევიდოდა ქანაანში. სიკვდილს მხოლოდ იესო ნავეს ძე, ქალებ იეფუნეს ძე და ლევიანები გადაურჩნენ (რიცხვნი 13:1—16, 25—29; 14:6—10, 26—30).
განა მთელ ხალხს ნანახი არ ჰქონდა, რა სასწაულები მოახდინა იეჰოვამ ეგვიპტეში? რა დაეხმარა იესო ნავეს ძეს ღვთისადმი რწმენის შენარჩუნებაში, როდესაც ხალხის უმეტესობას ეჭვი ეპარებოდა ღვთის ძალაში? მას ნათლად ახსოვდა იეჰოვას ყველა დაპირება და ისიც, თუ როგორ ასრულებდა ის ამ დაპირებებს. ის ფიქრობდა ამაზე. წლების შემდეგ, მას შეეძლო ეთქვა: ‘არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც ისრაელზე უთქვამს უფალს’ (იესო ნავეს ძე 23:14). იესო ნავეს ძეს მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა მომავალთან დაკავშირებულ აღთქმებსაც აუცილებლად შეასრულებდა (ებრაელთა 11:6). ეს კი აღგვძრავს, ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ დგას საქმე ჩემ შემთხვევაში? მიმტკიცებს რწმენას იეჰოვას დაპირებების გამოკვლევა და მათზე ფიქრი? მჯერა, რომ ღმერთი თავის ხალხთან ერთად მეც დამიცავს დიდი გასაჭირის დროს?“.
იესო ნავეს ძე არა მარტო რწმენას ავლენდა, არამედ ზნეობრივ სიმტკიცესაც ინარჩუნებდა. მხოლოდ მან და ქალებ იეფუნეს ძემ დაიკავეს იეჰოვას მხარე, მთელი შესაკრებელი კი მათ ჩაქოლვას მოითხოვდა. როგორ იგრძნობდი თავს ასეთ ვითარებაში? შეგეშინდებოდა? იესო ნავეს ძე არ შეშინებულა. მან და ქალებ იეფუნეს ძემ მტკიცედ განაცხადეს, რომ სჯეროდათ იეჰოვასი. იეჰოვასათვის ერთგულების დასამტკიცებლად ჩვენც შეიძლება ერთ დღეს მსგავსი რამის გაკეთება მოგვიხდეს.
ბიბლია იმასაც გვაგებინებს, რომ ამ დროს იესო ნავეს ძეს სახელი შეეცვალა. მის პირველ სახელს, ოსიას, რომელიც „ხსნას“ ნიშნავს, მოსემ დაამატა მარცვალი, რომელიც ღვთის სახელზე მიანიშნებს და დაარქვა იეჰოშუა, ანუ იოშუა, რაც ნიშნავს, „იეჰოვაა ხსნა“. სეპტუაგინტაში კი ეს სახელი „იესოდ“ არის გადმოტანილი (რიცხვნი 13:8, 16). მართლაცდა, ეს დიდებული სახელი თამამად მიუთითებს, რომ იეჰოვაა ხსნა. იესო ნავეს ძისთვის სახელი შემთხვევით არ შეუცვლიათ. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ მოსე პატივს სცემდა იესო ნავეს ძეს და რომ სწორედ მას ხვდებოდა წილად პატივი, აღთქმულ მიწაზე შეეყვანა ახალი თაობა.
ისრაელები ორმოცი წლის განმავლობაში მანამ დაეხეტებოდნენ უდაბნოში, სანამ მათი მამები არ დაიხოცნენ. იესო ნავეს ძის ცხოვრების ამ მონაკვეთის შესახებ არაფერი ვიცით. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პერიოდში მას ბევრი რამ უნდა ესწავლა. ალბათ, ის თვითმხილველი გახდა იმისა, თუ როგორ დასაჯა ღმერთმა კორახი, დათანი, აბირამი და მათი თანამოაზრენი და ისინი, რომლებიც ბაალ-ფეღორს ეთაყვანებოდნენ. უეჭველია, დამწუხრებულმა იესო ნავეს ძემ დაინახა, რომ, რადგან მოსემ მერიბას წყალთან იეჰოვა არ განადიდა, ვერც ის შევიდოდა აღთქმულ მიწაზე (რიცხვნი 16:1—50; 20:9—13; 25:1—9).
მოსეს საქმის გამგრძელებელი
როდესაც მოსემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღმერთს სთხოვა, რომ მისი საქმის გამგრძელებლად ვინმე დაენიშნა, რათა ისრაელი „უმწყემსოდ დარჩენილ ფარას“ არ დამსგავსებოდა. როგორ გამოეხმაურა იეჰოვა ამ თხოვნას? იესო ნავეს ძე, ‘რომელშიც იყო სული’, მთელი საზოგადოების წინაშე დააყენა. ისრაელიანებს მისთვის უნდა მოესმინათ. რა დიდებული რეკომენდაცია მისცეს იესოს?! იეჰოვა ხედავდა იესო ნავეს ძის რწმენასა და შესაძლებლობებს. ისრაელის წინამძღოლობას მასზე უკეთესს ვერავის მიანდობდნენ (რიცხვნი 27:15—20). მაგრამ მოსემ იცოდა, რომ იესო ნავეს ძეს უამრავი გამოცდის გადატანა მოუწევდა. ამიტომ მოსემ თავისი შემცვლელი გაამხნევა, რომ „გამაგრებულიყო და გამტკიცებულიყო“, რადგან იეჰოვა კვლავ მასთან იქნებოდა (მეორე რჯული 31:7, 8).
ღმერთმა თვითონაც გაუმეორა ეს გამამხნევებელი სიტყვები იესო ნავეს ძეს და დასძინა კიდეც: „გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება. ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავეს ძე 1:7—9).
განა შეეძლო იესო ნავეს ძეს დაეჭვებულიყო, როდესაც ყურში ჩაესმოდა იეჰოვას სიტყვები და გამოცდილებაც უკვე საკმაოდ დიდი ჰქონდა? ისრაელები უეჭველად შეძლებდნენ ამ მიწის დაპყრობას. რა თქმა უნდა, სიძნელეები ექნებოდათ და აბობოქრებული იორდანის გადალახვა ბოლო სიძნელე არ ყოფილა. მაგრამ იეჰოვამ თვითონ უბრძანა: „ადექი და გადალახე ეს იორდანე“. ასე რომ, რა დაუდგებოდა წინ (იესო ნავეს ძე 1:2).
იესო ნავეს ძის ცხოვრებაში მომხდარი შემდგომი მოვლენები — იერიხონის აღება, აღთქმული მიწის დაპყრობა და დანაწილება — ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას არასდროს დავიწყებია ღვთის აღთქმები. სიცოცხლის ბოლოს, როდესაც იეჰოვამ მოასვენა ისრაელი მტრებისგან, იესო ნავეს ძემ შეკრიბა მთელი ხალხი, რათა გაეხსენებინა, როგორ ექცეოდა მათ ღმერთი და წაეხალისებინა ისინი, რომ მთელი გულით ემსახურათ მისთვის. ისრაელ ერს დიდი ზეიმით ჰქონდა მიღებული იეჰოვასთან ეს შეთანხმება და, უეჭველია, თავისი წინამძღოლის შთაგონებით „ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს“ (იესო ნავეს ძე 24:16, 31).
იესო ნავეს ძემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ქრისტიანებს დღეს რწმენის უამრავი გამოცდა ხვდებათ. იეჰოვას კეთილგანწყობა რომ შევინარჩუნოთ და მისი აღთქმები დავიმკვიდროთ, აუცილებელია მათი წარმატებით დაძლევა. იესო ნავეს ძის წარმატებები მისი რწმენის სიმტკიცეზე იყო დამოკიდებული. მართალია იესო ნავეს ძის მსგავსად ვერ ვხედავთ ღვთის ძლევამოსილ საქმეებს, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება რამეში, ბიბლიურ წიგნში „იესო ნავეს ძე“ მოცემულია თვითმხილველის მონათხრობი, რომ იეჰოვას სიტყვა ჭეშმარიტია. იესო ნავეს ძის მსგავსად, ჩვენც შევიძენთ სიბრძნეს და მივაღწევთ წარმატებებს, თუ ყოველდღიურად წავიკითხავთ ღვთის სიტყვას და წაკითხულს ცხოვრებაში გამოვიყენებთ.
გტკენს გულს ზოგჯერ თანაქრისტიანების საქციელი? გაიხსენე, როგორ ავლენდა მოთმინებას იესო ნავეს ძე, როდესაც 40 წლის განმავლობაში ურწმუნო თანამემამულეებთან ერთად უდაბნოში დაეხეტებოდა, თუმცა თვითონ უდანაშაულო იყო. გიძნელდება საკუთარი რწმენის დაცვა? გაიხსენე იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე. თავიანთი რწმენისა და მორჩილების გამო უდიდესი კურთხევები მიიღეს. დიახ, იესო ნავეს ძეს ნამდვილად სწამდა, რომ იეჰოვა თავის აღთქმებს შეასრულებდა. ჩვენც ასევე უნდა გვჯეროდეს ამის (იესო ნავეს ძე 23:14).
[სურათი 10 გვერდზე]
იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იეჰოვას ძალას ენდობოდნენ.
[სურათი 10 გვერდზე]
მოსესთან ურთიერთობამ იესო ნავეს ძეს რწმენა განუმტკიცა.
[სურათი 10 გვერდზე]
იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით ხალხი იეჰოვას ერთგული რჩებოდა.