გწამლავს წუთისოფლის სული?
ყაზახეთის ქარხანაში 1990 წლის 12 სექტემბერს აფეთქება მოხდა. ატმოსფეროში საშიში რადიოაქტიურობა გავრცელდა, რომელიც 120 000 ადგილობრივი მოსახლის ჯანმრთელობას დაემუქრა; მრავალმა სასიკვდილო შხამის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ქუჩებს მიაშურა.
მაგრამ მეტი ინფორმაციის გამოაშკარავების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ათწლეულების განმავლობაში შხამიან გარემოში ცხოვრობდნენ. მრავალი წლის მანძილზე 100 000 ტონა რადიოაქტიური ნარჩენი იყრებოდა დაუცველ ადგილზე ღია ცის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე კარის ზღურბლზე იყო, არავინ ღებულობდა ამას სერიოზულად. რატომ?
ადგილობრივ სტადიონზე მომსახურე პირები ყოველდღე აკრავდნენ გამოსხივების მაჩვენებელს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობდა. ციფრები ზუსტი იყო, მაგრამ ისინი მხოლოდ გამა გამოსხივებას აჩვენებდა. სასიკვდილო შეიძლება იყოს ალფა გამოსხივება, რომელიც არ იზომებოდა. ბევრი დედა უკვე ხვდებოდა, რატომ იყვნენ მათი შვილები ასე სუსტები.
სულიერი გაგებით, შეიძლება ჩვენც მოვიწამლოთ უხილავი დაბინძურებით. და, ყაზახეთში მცხოვრები უბედური ადამიანების მსგავსად, უმრავლესობამ არაფერი იცის ამ საშიშროებაზე, რომელიც სიცოცხლეს ემუქრება. ბიბლია ამ გაბინძურებას აიგივებს ‘წუთისოფლის სულთან’, რომელსაც სხვა არავინ ქმნის, თუ არა სატანა ეშმაკი (1 კორინთელთა 2:12). ღვთის მოწინააღმდეგე ბოროტად იყენებს წუთისოფლის ამ სულს — ანუ გაბატონებულ განწყობილებას — რომ შეარყიოს ღვთისადმი ჩვენი ერთგულება.
როგორ შეუძლია წუთისოფლის სულს ჩვენი სულიერი სიმტკიცის შესუსტება? თვალთა გულისთქმის აღძვრითა და ჩვენი თანდაყოლილი ეგოიზმის გამოყენებით (ეფესელთა 2:1–3; 1 იოანე 2:16). მაგალითის საშუალებით განვიხილავთ სამ სხვადასხვა სფეროს, სადაც ქვეყნიურ აზროვნებას ჩვენი სულიერობის მოწამვლა შეუძლია.
უწინარეს ღვთის სამეფოს ძიება
იესო აღძრავდა ქრისტიანებს, ‘უწინარეს ეძიათ სასუფეველი და ღვთის სიმართლე’ (მათე 6:33). მეორე მხრივ, წუთისოფლის სულს შეუძლია იქამდე მიგვიყვანოს, რომ მეტისმეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ პირად ინტერესებსა და კეთილდღეობას. საწყისი საფრთხე სულიერი ინტერესების საერთოდ მიტოვებაში კი არ იმალება, არამედ მათ მეორე ადგილზე დაყენებაში. უსაფრთხოების მცდარი გრძნობის გამო შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს საფრთხე — როგორც ეს ყაზახეთში მცხოვრებ ხალხს დაემართა. ერთგულ მსახურებაში გატარებულმა წლებმა და სულიერი და-ძმების დაფასებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ შეუძლებელია ოდესმე მივატოვოთ ჭეშმარიტების გზა. ალბათ, ეფესოს კრებაში მრავალი ფიქრობდა ასე.
დაახლოებით ახ. წ. 96 წელს იესომ მიუთითა მათ: „შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:4). ამ დიდი ხნის მომსახურე ქრისტიანებმა მრავალი სიძნელე მოითმინეს (გამოცხადება 2:2, 3). მათ ასწავლიდნენ ერთგული უხუცესები, მათ შორის მოციქული პავლე (საქმეები 20:17–21, 27). მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ იეჰოვასადმი სიყვარული გაუნელდათ და სულიერი სტიმული დაკარგეს (გამოცხადება 2:5).
ალბათ, ზოგ ეფესელზე გავლენა მოახდინა ვაჭრულმა სულისკვეთებამ და ქალაქის ეკონომიკურმა აყვავებამ. სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოების სწრაფვამ სიმდიდრისკენ ასევე აიყოლია ზოგი ქრისტიანი. კომფორტაბელური ცხოვრებისკენ უდრეკი სწრაფვა უცილობლად გადაგვახვევინებს სულიერი მიზნებიდან (შეადარე მათე 6:24).
ამ საფრთხესთან დაკავშირებით იესომ წარმოთქვა გაფრთხილება: «სხეულის სანთელი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია [„შურიანი“, აქ, სქოლიო], მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება» (მათე 6:22, 23). ‘სუფთაა’ თვალი, რომელიც სულიერადაა ფოკუსირებული, — თვალი, რომელიც ღვთის სამეფოს შეჰყურებს. მეორე მხრივ, ‘ბოროტი’, ანუ „შურიანი“, თვალი ახლომხედველია, რომელსაც მხოლოდ ხორციელ სურვილებზე შეუძლია კონცენტრირების მოხდენა. სულიერი მიზნები და მომავალი ჯილდო დაფარულია მისი მხედველობის არიდან.
წინა მუხლში იესომ თქვა: „სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“ (მათე 6:21). როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ჩვენი გული სულიერზეა კონცენტრირებული თუ ფიზიკურზე? ალბათ, საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენი საუბარია, რადგან ‘გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი’ (ლუკა 6:45). თუ ვხედავთ, რომ მუდამ მატერიალურზე ან ქვეყნიურ მიღწევებზე ვლაპარაკობთ, ეს იმის ნიშანია, რომ გული გაგვიორდა და სულიერი მხედველობა დაგვიზიანდა.
კარმენიa, ესპანელი და, ამ პრობლემას ებრძოდა. «მე ჭეშმარიტებაში აღვიზარდე, — ყვება ის, — მაგრამ 18 წლის ასაკში საკუთარ საბავშვო ბაღში მუშაობას მოვკიდე ხელი. სამ წელიწადში ოთხი მოსამსახურე მყავდა, საქმე ყვაოდა და ბევრ ფულს ვშოულობდი. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად მაკმაყოფილებდა, ის იყო, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი და „წარმატებული“ ვიყავი. გულახდილად რომ ვთქვა, ჩემი გული ჩემს საქმეში იდო — ის ძალიან მიყვარდა.
ვთვლიდი, რომ ჯერ კიდევ შემეძლო მოწმე ვყოფილიყავი, თუმცა უმეტეს დროს საქმიან ინტერესებს ვუთმობდი. მეორე მხრივ, გულს მიწვრილებდა გრძნობაც, რომ შემეძლო მეტი მეკეთებინა იეჰოვასადმი მსახურებაში. რამაც ბოლოს დამიყოლია, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დამეყენებინა, იყო ორი პიონერი მეგობრის მაგალითი. ერთი მათგანი, ჰულიანა, ჩემს კრებაში იყო. ის არ მაძალებდა პიონერული მსახურების დაწყებას, მაგრამ მისი საუბრები და სიხარული, რომელსაც აშკარად ანიჭებდა მსახურება, დამეხმარა, გადამესინჯა ჩემი სულიერი ფასეულობები.
გარკვეული დროის შემდეგ, შვებულების დროს შეერთებულ შტატებში, გავჩერდი გლორიასთან, პიონერ დასთან. ის ახლახანს დაქვრივდა და უვლიდა ხუთი წლის გოგონასა და დედას, რომელსაც კიბო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის პიონერად მსახურობდა. მისი მაგალითი და მსახურების გულწრფელი დაფასება ჩემს გულს შეეხო. მის სახლში გატარებულმა ოთხმა მოკლე დღემ გადამაწყვეტინა, საუკეთესო მიმეცა იეჰოვასთვის. ჯერ სრული დროით პიონერი გავხდი, რამდენიმე წელიწადში კი მეუღლესთან ერთად ბეთელში მსახურებისთვის მიგვიწვიეს. მე დავემშვიდობე ჩემს საქმეს — ჩემი სულიერი წინსვლის შემაფერხებელს — და ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება წარმატებულია იეჰოვას თვალში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია» (ლუკა 14:33).
სწავლა ‘უმჯობესის გამოსაცდელად’, როგორც ეს კარმენმა გააკეთა, დაგვეხმარება, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ სამსახურთან, განათლებასთან, საცხოვრებელთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით (ფილიპელთა 1:10). მაგრამ გამოვცდით აგრეთვე უმჯობესს, როცა საქმე გართობას შეეხება? ეს მეორე სფეროა, სადაც წუთისოფლის სული უდიდეს გავლენას ახდენს.
დასვენებას სათანადო ადგილი დაუთმე
წუთისოფლის სული მოხერხებულად სარგებლობს ადამიანების ბუნებრივი მოთხოვნილებით — დაისვენონ. რადგანაც მრავალ ადამიანს მომავლის არანაირი რეალური იმედი არ გააჩნია, გასაგებია, რომ ისინი უნდა ცდილობდნენ აწმყოს შევსებას გართობითა და დასვენებით (შეადარე ესაია 22:13; 1 კორინთელთა 15:32). ვამჩნევთ, რომ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ დასვენებას? ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თვალსაზრისს წუთისოფლისთვის დამახასიათებელი აზროვნება გვიყალიბებს.
ბიბლია გვაფრთხილებს: «ლხინის [„გართობის“, Lamsa] მოყვარული კაცი გაღატაკდება» (იგავნი 21:17). გართობა ცუდი არაა, მაგრამ მისი მოყვარულობა ანუ მისთვის მთავარი მნიშვნელობის მინიჭება სულიერ სიღატაკეს გამოიწვევს. სულიერი მადა უცილობლად დაგვეკარგება და ნაკლები დრო გვექნება კეთილი ცნობის საქადაგებლად.
ამიტომ ღვთის სიტყვა გვირჩევს, ‘გონებრივად მზად ვიყოთ მოქმედებისთვის, სრულიად თავშეკავებულნი’ (1 პეტრე 1:13, „ახალი ინგლისური ბიბლია“ [The New English Bible]). თავშეკავება იმისთვისაა საჭირო, რომ გონივრულ ფარგლებში დავისვენოთ. მოქმედებისთვის გონებრივი მზადყოფნა ნიშნავს მზადყოფნას სულიერი საქმიანობისთვის, სწავლებას ეხება ეს, შეხვედრებს თუ სამქადაგებლო მსახურებას.
რა შეიძლება ითქვას საჭირო დასვენებაზე? უნდა ვგრძნობდეთ თავს დამნაშავედ, როცა დროს გამოვყოფთ დასვენებისთვის? არავითარ შემთხვევაში. დასვენება აუცილებელია, განსაკუთრებით დღევანდელ დაძაბულობის გამომწვევ წუთისოფელში. მიუხედავად ამისა, როგორც თავდადებულ ქრისტიანებს, არ შეგვიძლია თავს იმის ნება მივცეთ, რომ ჩვენი ცხოვრება დასვენების გარშემო ტრიალებდეს. მეტისმეტად ბევრ დასვენებას შეუძლია იქამდე მიგვიყვანოს, რომ უფრო და უფრო ცოტა ვაკეთოთ მნიშვნელოვან საქმიანობაში. მას შეუძლია შეგვისუსტოს გადაუდებლობის გრძნობა და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენაც კი წაგვაქეზოს. მაშ, როგორ შეგვიძლია დასვენების მხრივ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს?
ბიბლია გვირჩევს, რომ ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მეტისმეტ შრომას — განსაკუთრებით, თუ ქვეყნიური სამუშაო არ არის აუცილებელი (ეკლესიასტე 4:6). თუმცა დასვენება ჩვენს სხეულს ძალის აღდგენაში ეხმარება, სულიერი ენერგიის წყარო ღვთის მოქმედი ძალაა (ესაია 40:29–31). ამ სულიწმიდას ქრისტიანულ საქმიანობებთან დაკავშირებით ვღებულობთ. პირადი შესწავლა ჩვენს გულებს კვებავს და სწორ სურვილებს აღვივებს. შეხვედრებზე დასწრება ზრდის ჩვენ მიერ შემოქმედის დაფასებას. ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა ხელს უწყობს სხვებისადმი კეთილმოსურნეობას (1 კორინთელთა 9:22, 23). როგორც პავლემ ახსნა რეალურად, „თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე“ (2 კორინთელთა 4:16).
ილეანა, ექვსი შვილის დედა და ურწმუნო ქმრის მეუღლე, ძალიან დაკავებულია ცხოვრებაში. ის საკუთარ ოჯახსა და რამდენიმე ნათესავზე ზრუნავს, რის გამოც ისე ჩანს, რომ ყოველთვის ჩქარობს. მიუხედავად ამისა, ის აგრეთვე ყურადღების ღირს მაგალითს იძლევა ქადაგებასა და შეხვედრებისთვის მომზადებაში. როგორ შეუძლია მას, თავი გაართვას ამდენ რამეს?
„შეხვედრები და სამქადაგებლო მსახურება ნამდვილად მეხმარება, თავი გავართვა ჩემს დანარჩენ მოვალეობებს, — ხსნის ილეანა. — მაგალითად, ქადაგების შემდეგ ოჯახური საქმეების კეთებისას ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის. ამ დროს ხშირად ვმღერი. მეორე მხრივ, თუ შეხვედრა გავაცდინე ან ცოტა ვიქადაგე, ოჯახური საქმეები ნამდვილად მძიმე ხდება“.
როგორ განსხვავდება ეს დასვენებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებისგან!
სულიერი სილამაზე იეჰოვას მოწონებას იმსახურებს
ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, რომელსაც სულ უფრო მეტად იტაცებს ფიზიკური გარეგნობა. ხალხი უზარმაზარ თანხას ხარჯავს მკურნალობაზე, რომ გაიუმჯობესოს შესახედაობა და შეიმციროს სიბერის ნიშნები. ამაში შედის თმის გადანერგვა და შეღებვა, გულმკერდის იმპლანტატი და კოსმეტიკური ოპერაცია. მილიონები დადიან წონის დასაკლებ ცენტრებში, სპორტდარბაზებში და აერობიკის წრეებზე, ან ყიდულობენ სავარჯიშო ვიდეოფილმებსა და სადიეტო წიგნებს. წუთისოფელს უნდა, დაგვაჯეროს, რომ ბედნიერების გასაღებს ჩვენი ფიზიკური გარეგნობა წარმოადგენს, რომ ჩვენი „სახეა“ ყველაფერი.
როგორც შემოწმებამ აჩვენა, რომელსაც ჟურნალი „ნიუსუიკი“ ციტირებდა, შეერთებულ შტატებში თეთრკანიანი ამერიკელი მოზარდების 90 პროცენტი იყო „უკმაყოფილო საკუთარი ტანით“. იდეალური ფიგურის სასოწარკვეთილ ძიებას შეუძლია იმოქმედოს ჩვენს სულიერობაზე. დორა იყო იეჰოვას ახალგაზრდა მოწმე, რომელსაც რცხვენოდა ფიზიკური გარეგნობის გამო, რადგანაც ცოტა ზედმეტი წონა ჰქონდა. „საყიდლებზე რომ მივდიოდი, ძნელი იყო ჩემი ზომის შესაფერი ტანსაცმლის პოვნა, — ამბობს ის. — ისე ჩანდა, თითქოს კოხტა ტანსაცმელი მხოლოდ გამხდარი მოზარდებისთვის იყო შეკერილი. კიდევ უფრო უარესი, ხალხი მამცირებდა წონის გამო, რაც ძალიან მტკენდა გულს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სულიერი და-ძმების მხრიდან მომდინარეობდა.
შედეგად, ისე შემაწუხა გარეგნობამ, რომ ჩემს ცხოვრებაში სულიერმა ფასეულობებმა მეორე ადგილის დაკავება დაიწყო. თითქოს ჩემი ბედნიერება ჩემს წელზე იყო დამოკიდებული. რამდენიმე წელიწადი გავიდა და ახლა, როცა უკვე მოვმწიფდი როგორც ქალი და როგორც ქრისტიანი, სხვანაირად ვუყურებ საკითხებს. თუმცა ვზრუნავ ჩემს გარეგნობაზე, მესმის, რომ სულიერ სილამაზეს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, და ეს უდიდესი კმაყოფილების გრძნობას მანიჭებს. როგორც კი მივხვდი ამას, შევძელი სათანადო ადგილზე დამეყენებინა სამეფოს ინტერესები“.
სარა წარსულში მცხოვრები ქალი იყო, რომელსაც ასეთი გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა. თუმცა ბიბლია ლაპარაკობს მის ფიზიკურ სილამაზეზე, როცა 60 წელს იყო გადაცილებული, უმთავრესად, ყურადღებას აქცევს მის შესანიშნავ თვისებებს — იდუმალი გულის ადამიანს (დაბადება 12:11; 1 პეტრე 3:4–6, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). სარა ავლენდა მშვიდ და წყნარ სულს და თავმდაბლურად ემორჩილებოდა ქმარს. მას მეტისმეტად არ აწუხებდა, თუ როგორ უყურებდნენ სხვები. თუმცა წარსულში ის შეძლებული იყო, სიამოვნებით ცხოვრობდა კარვებში 60 წელზე მეტ ხანს. ის თვინიერად და უანგაროდ უჭერდა მხარს მეუღლეს; ის რწმენის ქალი იყო. აი, ამან გახადა სარა ნამდვილად მშვენიერი ქალი (იგავნი 31:30; ებრაელთა 11:11).
როგორც ქრისტიანებს, ჩვენ გვაინტერესებს სულიერი სილამაზის გაუმჯობესება — სილამაზისა, რომელიც მუდმივი მოვლის შედეგად მოიმატებს და გახანგრძლივდება (კოლასელთა 1:9, 10). ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ სულიერ გარეგნობაზე ორი ძირითადი საშუალებით.
იეჰოვას თვალში უფრო მშვენიერები ვხდებით, როცა მონაწილეობას ვღებულობთ სიცოცხლის გადამრჩენ მსახურებაში (ესაია 52:7; 2 კორინთელთა 3:18–4:2). გარდა ამისა, როცა ქრისტიანული თვისებების გამოვლენას ვსწავლობთ, უფრო ვლამაზდებით. შესაძლებლობები სულიერი სილამაზის გასაუმჯობესებლად უხვადაა: ‘გქონდეთ ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარული, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. . . სულით აღიგზენით. . . ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. . . მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. . . ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით’ (რომაელთა 12:10–18). ასეთი განწყობილების განვითარებით თავს შევაყვარებთ როგორც ღმერთს, ასევე ადამიანებს, და მინიმუმამდე დავიყვანთ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მიდრეკილებების უშნო გარეგნობას (გალატელთა 5:22, 23; 2 პეტრე 1:5–8).
ჩვენ შეგვიძლია წუთისოფლის სულთან ბრძოლა
ამდენი ცბიერული ხერხით წუთისოფლის შხამიან სულს შეუძლია შეგვისუსტოს უმწიკვლოება. მას შეუძლია უკმაყოფილო გაგვხადოს იმით, რაც გვაქვს, და საფიქრალი გაგვიჩინოს, რომ პირადი მოთხოვნილებები და ინტერესები ღმერთზე წინ დავაყენოთ. ან შეუძლია ღვთიურის ნაცვლად ადამიანურად გვაფიქრებინოს და დასვენებისა თუ ფიზიკური გარეგნობისთვის მეტისმეტი მნიშვნელობა მიგვანიჭებინოს (შეადარე მათე 16:21–23).
სატანას გადაწყვეტილი აქვს, დაანგრიოს ჩვენი სულიერობა, წუთისოფლის სული კი მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. გახსოვდეს, რომ ეშმაკს შეუძლია შეცვალოს ტაქტიკა მბრდღვინავი ლომიდან ფრთხილ გველამდე (დაბადება 3:1, აქ; 1 პეტრე 5:8). ხანდახან წუთისოფელი ქრისტიანს სასტიკი დევნით სძლევს, უფრო ხშირად კი ნელ-ნელა წამლავს. პავლეს უფრო ეს უკანასკნელი აწუხებდა: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში“ (2 კორინთელთა 11:3).
გველის მზაკვრობისგან თავის დასაცავად გვესაჭიროება იმ პროპაგანდის ამოცნობა, რომელიც „წუთისოფლისაგან არის“, შემდეგ კი მტკიცედ მისი უკუგდება (1 იოანე 2:16). არ უნდა მოვტყუვდეთ ფიქრით, რომ ქვეყნიური აზროვნება უვნებელია. სატანის სისტემის შხამიანი ჰაერი შემაშფოთებელ დონეს აღწევს (ეფესელთა 2:2).
რადგანაც ქვეყნიური აზროვნება ამოცნობილია, შეგვიძლია ვებრძოლოთ მას გონებისა და გულის შევსებით იეჰოვას სუფთა სწავლებით. მეფე დავითის მსგავსად ჩვენც ვთქვათ: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა“ (ფსალმუნი 24:4, 5).
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.
[სურათი 26 გვერდზე]
კომფორტული ცხოვრებისკენ სწრაფვას შეუძლია გადაგვახვევინოს სულიერი მიზნებიდან.