ისწრაფეთ, რომ გამდიდრდეთ სულიერად
ადამიანი მატერიალურად რომ გამდიდრდეს, ეს ძალისხმევასა და მსხვერპლს მოითხოვს. იმავეს თქმა შეიძლება სულიერად გამდიდრებაზეც. სწორედ ამას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: „მოაგროვეთ განძი ზეცაში“ (მათე 6:20). სულიერი სიმდიდრე თავისთავად არ მოდის. ისევე როგორც ბანკში მხოლოდ ანგარიშის გახსნა ვერ გაამდიდრებს ადამიანს, თუ ის ანგარიშზე ფულს არ დებს, ასევე ადამიანი სულიერად ვერ გამდიდრდება, თუ უბრალოდ რომელიმე რელიგიას მიეკუთვნება. იმისათვის, რომ ადამიანს ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, იყოს სულიერი პიროვნება და სულიერი თვისებები შეიძინოს, საჭიროა მონდომება, დრო, ძალისხმევა და მსხვერპლის გაღება (იგავები 2:1—6).
შესაძლებელია, ფლობდეთ ორივე სახის სიმდიდრეს?
შეიძლება, რომ ადამიანი სულიერადაც მდიდარი იყოს და მატერიალურ სიმდიდრესაც ფლობდეს? დასაშვებია, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთ რამეშია შესაძლებელი სრული წარმატების მიღწევა. იესომ თქვა: „ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24ბ). რატომ? იმიტომ, რომ სულიერი და მატერიალური სიმდიდრისკენ ერთდროულად სწრაფვა ერთმანეთს ვერ უთავსდება. ერთი მეორეს გამორიცხავს. ამგვარად, სანამ იესო თავის მოწაფეებს ეტყოდა, რომ სულიერი სიმდიდრე დაეგროვებინათ, მან უთხრა: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე“ (მათე 6:19).
მაგრამ რა მოხდება, თუ ადამიანი უგულებელყოფს იესოს რჩევას და შეეცდება, გამდიდრდეს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად? იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს“ (მათე 6:24ა). როდესაც ადამიანი ორივე სახის სიმდიდრისკენ ისწრაფვის, სულიერი საკითხები მისთვის შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს და დაბრკოლებად მიიჩნიოს მაშინაც კი, თუ მათ მოვალეობის გრძნობით ეკიდება. ასეთმა ადამიანმა ღვთის ნაცვლად შეიძლება ფულსა და ქონებაზე დაამყაროს იმედი და ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის ძირითად საშუალებად ფული მიიჩნიოს. სწორედ ეს თქვა იესომ: „სადაც შენი სიმდიდრეა, ყოველთვის იქ იქნება შენი გული“ (მათე 6:21, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).
თითოეული ქრისტიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამ ბიბლიურ მუხლზე, სანამ გადაწყვეტდეს, რაში დახარჯოს დრო, რას დაუთმოს ყურადღება და ‘სად იყოს მისი გული’. მართალია, ღმერთმა კონკრეტულად არ დაგვიდგინა, თუ რამდენს შეიძლება ფლობდეს ქრისტიანი, მაგრამ ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიხარბესთან დაკავშირებული მისი გაფრთხილებების უგულებელყოფას სასჯელი არ მოჰყვება (1 კორინთელები 6:9, 10). ჩვენ ვხედავთ, თუ რა უარყოფითად მოქმედებს ბიბლიის რჩევების იგნორირება და გამდიდრებისკენ სწრაფვა ადამიანის სულიერ და ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქიკაზე (გალატელები 6:7). ამის საპირისპიროდ კი იესომ თქვა, რომ სულიერს მოწყურებულნი ბედნიერები იქნებოდნენ (მათე 5:3). მართლაც, ჩვენმა შემოქმედმა და მისმა ძემ კარგად იციან, რა არის საუკეთესო ჩვენი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის (ესაია 48:17, 18).
არჩევანი, რომელსაც არასდროს ინანებთ
მაშ, როგორ მოიქცევით, ღმერთს აირჩევთ თუ სიმდიდრეს? გასაგებია, რომ გარკვეულწილად მატერიალურ საჭიროებებზეც უნდა ვიზრუნოთ. ტიმოთეს მიმართ მიწერილ პირველ წერილში მოციქულმა პავლემ თქვა: „ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“. პავლემ აგრეთვე მოუწოდა ქრისტიანებს, რომ იმედი ფულზე კი არ დაემყარებინათ, არამედ ღმერთზე და ‘გამდიდრებულიყვნენ კარგი საქმეებით’ (1 ტიმოთე 5:8; 6:17, 18). თქვენ რაზე იქნებით კონცენტრირებული? რას აირჩევთ? კარგ საქმეებს შორის პავლემ მოიხსენია ყველაზე მთავარი — ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობა, რისი შესრულებაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა (მათე 28:19, 20). როდესაც ქრისტიანები თავიანთი ნებით იმარტივებენ ცხოვრებას, ამას იმისთვის კი არ აკეთებენ, რომ უბრალოდ სურთ ზედმეტი საზრუნავი აირიდონ და ცხოვრებით დატკბნენ, არამედ იმიტომ, რომ უნდათ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ ამ მნიშვნელოვან საქმიანობას. ამგვარად, ისინი ‘აგროვებენ განძს, კარგ საძირკველს, მომავლისთვის’, ღვთის მიერ დაპირებული ახალი ქვეყნიერებისთვის. ისინი ხედავენ, რომ სულიერი სიმდიდრე ‘ოქროს შეძენაზე’ გაცილებით უკეთესია (1 ტიმოთე 6:19; იგავები 16:16; ფილიპელები 1:10).
განვიხილოთ ედის შემთხვევა, რომლის ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ, როცა ის პატარა იყო. ერთხელ მათ ყველაფერი დაკარგეს, რაც კი რამ ებადათ და იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ. ედი ამბობს: „ყოველთვის საგონებელში მაგდებდა ის, თუ რა მოხდებოდა, ყველაფერი რომ დაგვეკარგა. ერთხელაც, სწორედ ისე მოხდა, რომ ყველაფერი დავკარგეთ. და იცით, რა მოხდა? ისეთი არაფერი. ჩვენ კვლავაც საკმარისად გვქონდა საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი. იეჰოვას წყალობით ყოველთვის გვქონდა ის, რაც გვჭირდებოდა. დროთა განმავლობაში შევძელით დანაკარგის ანაზღაურება. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ სერიოზულად მოვეკიდო იესოს დანაპირებს, რომელიც მათეს 6:33-შია ჩაწერილი. ამ მუხლში ნათქვამია, რომ თუ ღმერთის სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ წუხილს მატერიალური საჭიროებების გამო“. დღეს ედი თავის ცოლთან ერთად მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს. მათ ყველაფერი აქვთ, რაც აუცილებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი სულიერად მდიდრები არიან.
ენით აუწერელი კურთხევები
მიწიერი განძისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ქურდებმა მოიპარონ, სულიერი სიმდიდრე მუდმივია (იგავები 23:4, 5; მათე 6:20). მართლაც, სულიერი სიმდიდრის გაზომვა რთულია. ადამიანის ფინანსური შემოსავლისგან განსხვავებით არ არის ადვილი განსაზღვრო, ვის რა ზომით აქვს სიყვარული, სიხარული თუ რწმენა. ის კურთხევები, რაც სულიერ სიმდიდრეს მოაქვს, განუზომელია. იმ მოწაფეებზე საუბრისას, რომლებიც სულიერი სიმდიდრის გამო სახლებსა და მინდვრებსაც კი — თავიანთ საარსებო წყაროს — მიატოვებდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არავინ არის ისეთი, რომ ჩემი გულისთვის და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვოს სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან მინდვრები და უკვე ახლა, დევნის დროსაც, ასმაგად არ მიიღოს სახლი, მინდვრები, დები, დედები და შვილები, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე“ (მარკოზი 10:29, 30).
რას დააყენებთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე, ღმერთს თუ სიმდიდრეს?
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
მატერიალური სიმდიდრისკენ ისწრაფვით . . .
. . . თუ სულიერი სიმდიდრისკენ?