„უდიდესი მოღვაწეობის ზღურბლზე დგანან“.
„არავის ჰქონია შეჯიბრების ჟინი. ყველას უხაროდა სხვების წარმატება, — თქვეს რიჩარდმა და ლუსიამ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 105-ე კლასის თანაკურსელების შესახებ. — ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ თითოეული სტუდენტი ძვირფასია ჩვენთვის“. თანაკურსელი ლოუელიც დაეთანხმა მათ და დასძინა: „ამ სხვადასხვაობამ ერთმანეთთან დაგვაახლოვა კიდევაც“.
კლასი, რომლის გამოშვებაც 1998 წლის 12 სექტემბერს შედგა, მართლაც განსაკუთრებული იყო. ზოგი სტუდენტი პიონერად იქ მსახურობდა, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო; სხვები ერთგულად მსახურობდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების მახლობლად. ზოგმა მათგანმა, მაგალითად მაცმა და როუზ-მარიმ, სკოლაში მოსვლამდე დიდი შრომა გასწიეს, რომ უკეთ შეესწავლათ ინგლისური ენა. ბევრი სტუდენტი ბავშვობიდან ფიქრობდა მისიონერულ მსახურებაზე. ერთმა წყვილმა 12-ჯერ შეავსო განცხადება; რამხელა სიხარული იყო მათთვის 105-ე კლასში მიწვევა!
ინტენსიური სწავლების 20-მა კვირამ სწრაფად გაიარა. როცა ბოლო წერითი დავალება შეასრულეს და ბოლო მოხსენება წარმოთქვეს, მაშინ მიხვდნენ, რომ გამოშვების დღეც დამდგარიყო.
პროგრამის თავმჯდომარემ, ალბერტ შრედერმა, იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, შეახსენა კლასს, რომ ახლა ისინი „ბიბლიურ განათლებასთან დაკავშირებული უდიდესი მოღვაწეობის ზღურბლზე იდგნენ“ და უერთდებოდნენ 7 000-ზე მეტ გალაადდამთავრებულს. მან აღნიშნა, რომ ზაფხულის განმავლობაში სტუდენტებს განუმეორებელი შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ დიდი ხნის მისიონერებს, რომლებიც მსოფლიო მთავარ განყოფილებაში საერთაშორისო კონგერესების დროს იყვნენ ჩასული.
შემდეგ ძმა შრედერმა წარადგინა ბეთელის სამმართველო კომიტეტის წევრი მაქს ლარსონი. მან ისაუბრა თემაზე „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი განათლება“. ძმა ლარსონმა მოიყვანა იგავნის 1:5, რომელშიც ნათქვამია: „გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა“. ეფექტური მისიონერული მსახურებისთვის თავგზიანობა ანუ სიმარჯვეა საჭირო. მარჯვე ადამიანები დგანან მეფეების წინაშე (იგავნი 22:29). ხუთთვიანი მომზადების შემდეგ სტუდენტებს შეეძლოთ კარგად წარედგინათ უდიდესი მეფეები — იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე.
დეივიდ ოლსონმა, რომელიც სამსახურებრივ განყოფილებაში მუშაობს, ისაუბრა თემაზე: „გული გაუხარე იეჰოვას“. მან დასვა შეკითხვა: „რის გაკეთება შეუძლია არასრულყოფილ ადამიანს, რომ ღმერთს გული გაუხაროს?“ როგორი იყო პასუხი? მას შეუძლია ემსახუროს ღმერთს ერთგულებითა და სიხარულით. იეჰოვას სურს, რომ თავის მსახურებს სიამოვნებდეთ მისადმი მსახურება. როცა ღვთის ნებას სიხარულით ვასრულებთ, გულს ვუხარებთ მას (იგავნი 27:11). ძმა ოლსონმა წაიკითხა „გალაადის“ 104-ე კლასის კურსდამთავრებული მისიონერი ცოლ-ქმრის წერილი. სიხარულით მსახურობენ ისინი მისიონერებად? „ჩვენს კრებაში 140 მაუწყებელია, — წერდნენ ისინი, — შეხვედრებს კი საშუალოდ 250—300 კაცი ესწრება. სამქადაგებლო მსახურების საკითხი საუკეთესოდ დგას. ჩვენთან თითოეულ მაუწყებელს ოთხი შესწავლა აქვს და ზოგი შემსწავლელი უკვე შეხვედრებზეც მოდის“.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ლაიმან სუინგლმა გაარჩია თემა: „დროა შეჩერდეთ და დათვალოთ თქვენი კურთხევები“. „გალაადში“ სწავლამ სტუდენტებს მრავალი კურთხევა მოუტანა. ის მათ დაეხმარა მეტი ცოდნის შეძენაში, იეჰოვას ორგანიზაციის დაფასებასა და ისეთი მნიშვნელოვანი თვისების განვითარებაში, როგორიცაა თავმდაბლობა. ძმა სუინგლმა თქვა: „როცა აქ მოდიხარ და სწავლობ, თავმდაბალი ხდები; აქედან რომ წახვალთ, უფრო უკეთესად განადიდებთ იეჰოვას“.
„ამხელა სიხარული გაქვს — მაშ რაღა უნდა გაწუხებდეს?“ ამ სათაურით თემა წარმოადგინა ხელმძღვანელი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დენიელ სიდლიკმა. როცა პრობლემები წამოიჭრება, ხელმძღვანელობა ბიბლიაში ეძებეთ, მოუწოდა მან. მათეს მე-6 თავიდან რამდენიმე მუხლის გამოყენებით ძმა სიდლიკმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. მცირედმორწმუნეობა ხელს უწყობს წუხილს ყოველდღიური საზრუნავის შესახებ: რა ვჭამოთ და რა ჩავიცვათ. მაგრამ იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება (მათე 6:25, 30). ასეთი წუხილი მხოლოდ პრობლემებს მოგვიმატებს (მათე 6:34). სხვა მხრივ, დაგეგმვაც საჭიროა (შეადარეთ ლუკა 14:28). „იესო მომავალზე გონივრულ დაფიქრებას კი არ გვიკრძალავს, არამედ არაგონივრულ წუხილს, — ახსნა ძმა სიდლიკმა. — ამგვარ წუხილთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა მოქმედება. საზრუნავზე გადამეტებული წუხილის დროს კარგია ჭეშმარიტებაზე საუბრის დაწყება“.
გამოსამშვიდობებელი დარიგებები მასწავლებლებისგან
შემდეგ მოხსენებები წარმოთქვა „გალაადის“ სკოლის სამმა მასწავლებელმა. პირველად კარლ ადამსი გამოვიდა თემით: „რით გადაუხდი იეჰოვას?“ მან მოხსენება დააფუძნა 114-ე და 115-ე ფსალმუნებზე, რომლებსაც, შესაძლებელია, იესო სიკვდილის წინა ღამეს მღეროდა (მათე 26:30). რაზე ფიქრობდა იესო შემდეგი სიტყვების სიმღერისას: „რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?“ (ფსალმუნი 115:3). ალბათ, ის ფიქრობდა სრულყოფილ სხეულზე, რომელიც იეჰოვამ განუმზადა მას (ებრაელთა 10:5). მომდევნო დღეს მას მსხვერპლად უნდა შეეწირა ის სხეული და ამით დაემტკიცებინა ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარული. გასული ხუთი თვის განმავლობაში 105-ე კლასის სტუდენტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვას სიკეთე. ახლა მათ ღვთისადმი თავიანთი სიყვარული მისიონერად მთელი გულით მსახურებაში უნდა აჩვენონ.
შემდეგი სიტყვით „გალაადის“ სკოლის მასწავლებელი, მარკ ნიუმარი, გამოვიდა. მან სტუდენტებს ურჩია: „განაგრძეთ სიმართლის ქმნა“. მას შემდეგ, რაც იოსები ეგვიპტეში გაყიდეს მონად, 13 წელი ითმენდა უსამართლო მოპყრობას. მიატოვა მან ღვთისმსახურება სხვების არასწორი მოქმედების გამო? არა, ის განაგრძობდა სიმართლის ქმნას. შემდეგ, ღვთის მიერ დანიშნულ დროს, იოსები დახსნილ იქნა განსაცდელისგან. ციხიდან ის უეცრად დარბაზებში აღმოჩნდა (დაბადება, 37—50 თავები). მასწავლებელი შეეკითხა სტუდენტებს: „მისიონერულ დანიშნულებაში რომ მოლოდინი არ გაგიმართლდეთ, შეწყვეტთ მსახურებას? ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში? თუ იოსებივით განაგრძობთ მსახურებას?“
ბოლოს „გალაადის“ სკოლის რეგისტრატორმა, უოლას ლივერანსმა, კლასის წევრებთან განხილვა წარმართა; მისი თემა იყო — „აუწყეთ მეფისა და სამეფოს შესახებ“. ზოგმა სტუდენტმა გაიხსენა შემთხვევები, რომლებიც კარდაკარ, მაღაზიებში და ქუჩაში ქადაგების დროს გადახდათ. სხვები ყვებოდნენ, თუ როგორ ქადაგებდნენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან. ზოგმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება საუბრის წარმართვა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან. ყველა კურსდამთავრებული სიხარულით ელოდა მისიონერული მსახურების დაწყებას.
ბედნიერი მისიონერები, რომლებიც წლების მანძილზე მსახურობენ
მომდევნო ნაწილი — „სასიხარულო შედეგები, რომლებიც მისიონერულ მსახურებას მოჰყვება“ — რობერტ ვოლენმა წარადგინა. ეს იყო ინტერვიუ მთავარ განყოფილებაში მომსახურე ოთხ ძმასთან, რომლებსაც მანამდე გამამხნევებელი შეხვედრები ჰქონდათ გამოცდილ მისიონერებთან. იმ მისიონერებმა არ დამალეს, რომ მათთვის ადვილი არ იყო ახალი ენის შესწავლა, სხვა კულტურასა თუ კლიმატთან შეგუება. მათ ნოსტალგიაც უნდა დაეძლიათ. ზოგჯერ ავადაც ხდებოდნენ. მაგრამ მისიონერები ყოველთვის დადებით აზროვნებას ინარჩუნებდნენ და მათი ძალისხმევა კურთხეული იყო. ზოგი მათგანი მრავალს დაეხმარა იეჰოვას შესახებ ცოდნის შეძენაში. ზოგიც სხვაგვარად უწყობდა ხელს სამეფო საქმის წინსვლას თავის ქვეყანაში.
ბოლო თემით გამოვიდა კერი ბარბერი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. მან მიმოიხილა კონგრესის „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ პროგრამა. „რა გავლენა მოახდინა კონგრესის პროგრამამ თქვენს ურთიერთობაზე იეჰოვასთან?“ — შეეკითხა ის მსმენელებს. მომხსენებელმა ღვთის გზის მიყოლით მიღებული კურთხევები დაუპირისპირა უბედურ აღსასრულს, რომლითაც წუთისოფლისეული გზის მიყოლა მთავრდება. შემდეგ მოსეს მიერ მერიბასთან ჩადენილი ცოდვა მოიხსენია და თქვა: „ადამიანი მრავალი წელიც რომ ერთგულად მსახურობდეს, იეჰოვა არ ხუჭავს თვალს თავისი სამართლიანი კანონების მცირე დარღვევაზეც კი“ (რიცხვნი 20:2–13). დაე ღვთის ყველა მსახური ყველგან და ყოველთვის აფასებდეს მსახურების უპირატესობას!
დადგა დრო, რომ სტუდენტებისთვის დიპლომები გადაეცათ. შემდეგ კლასის წარმომადგენელმა წაიკითხა სკოლაში მიღებული მომზადებისთვის სტუდენტების მადლიერების წერილი. სიმღერისა და გულითადი ლოცვის შემდეგ პროგრამა დასრულდა. მაგრამ 105-ე კლასისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ახალი მისიონერები „უდიდესი მოღვაწეობის ზღურბლზე იდგნენ“.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 9
დანიშნულების ქვეყნების რაოდენობა: 17
სტუდენტების რაოდენობა: 48
დაქორწინებული წყვილების რაოდენობა: 24
საშუალო ასაკი: 33
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12
[ჩარჩო 24 გვერდზე]
მათ სრული დროით მსახურება აირჩიეს
„როცა პატარა ვიყავი, არც კი ვფიქრობდი პიონერობაზე, — თქვა 105-ე კლასის კურსდამთავრებულმა, სახელად ბენმა, და შემდეგ დაამატა: — მეგონა, რომ პიონერად მსახურობდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც განსაკუთრებული უნარი და კარგი პირობები ჰქონდა. მაგრამ სამქადაგებლო მსახურება შემიყვარდა. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, მივხვდი, რომ პიონერობა მსახურებაში უფრო აქტიურად მონაწილეობას ნიშნავდა. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ შემეძლო პიონერად მსახურება“.
„სრული დროით მსახურებას ყოველთვის აფასებდნენ ჩვენს ოჯახში“, — გვიყვება ლუსია. ის იხსენებს იმ აღფრთოვანებას, რომელიც მათ კრებაში იგრძნობოდა, როცა მისიონერები ეწვეოდნენ ხოლმე. „როცა წამოვიზარდე, — ამბობს ის, — სრული დროით მსახურება დავისახე მიზნად“.
თიოდისი 15 წლის იყო დედა რომ მოუკვდა. „იმ დროს კრება ნამდვილად მეხმარებოდა, — ამბობს ის, — ამიტომ, დავფიქრდი, თუ რის გაკეთება შემეძლო მადლიერების ნიშნად“. ის სრული დროით მსახური გახდა. ახლა კი მისიონერულ მსახურებაშია.
[სურათი 25 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 105-ე გამოსაშვები კლასი
ქვემოთ მოცემულ სიაში რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) მ. სამპსონი, ი. ბრაუნი, გ. ჰეგლი; ი. აბუიენი, მ. დეიბუა, პ. პიურტი. 2) ი. კასამი, რ. ლინბერგი, ა. დაპიუზო, კ. ტეილორი, კ. ლეფევრე, ს. უოლკერი. 3) ლ. ბეიკერი, მ. პელასი, ე. ვოგონი, კ. ბენე, ი. ასპლუნდი, ჯ. ჰაილე. 4) ტ. პიურტი, ჯ. უიტეიკერი, ლ. პალმერი, ს. ნორტონი, მ. გეირინგი, უ. ჰაილე. 5) უ. უოლკერი, ა. ბენე, კ. გრენველდი, მ. ვაშინგტონი, დ. უიტეიკერი, ჯ. აბუიენი. 6) უ. გეირინგი, კ. ვაშინგტონი, რ. დეიბუა, ტ. ჰეგლი, ო. ასპლუნდი. 7) ბ. ვოგონი, რ. ლეფევრე, ლ. ტეილორი, თ. ბრაუნი, რ. გრენველდი, რ. პალმერი. 8) პ. ნორტონი, ტ. სამპსონი, კ. ბეიკერი, მ. ლინბერგი, მ. კასამი, მ. დაპიუზო.