ლოცულობ ისე, როგორც იესომ გასწავლა?
„როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათ. 7:28).
1, 2. რატომ განაცვიფრა ხალხი იმან, თუ როგორ ასწავლიდა იესო?
ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ღვთის მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს სიტყვები და ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მისი სწავლების მეთოდი სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანების სწავლების მეთოდებისგან. ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა იესო მთაზე ქადაგებისას (წაიკითხეთ მათეს 7:28, 29).
2 იეჰოვას ძე არ ასწავლიდა მწიგნობრების მსგავსად, რომლებიც თავიანთ სწავლებას არასრულყოფილი ადამიანების მოძღვრებაზე აფუძნებდნენ. იესო ასწავლიდა „როგორც ძალაუფლების მქონე“, რადგან ის ღვთის სიტყვებს ლაპარაკობდა (იოან. 12:50). ახლა ვნახოთ კიდევ რა თქვა იესომ მთაზე ქადაგების დროს და როგორ უნდა იმოქმედოს მისმა გამონათქვამებმა ჩვენს ლოცვებზე.
არასოდეს ილოცო ფარისევლების მსგავსად
3. რა თქვა იესომ ლოცვის შესახებ?
3 ლოცვა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ რეგულარულად უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით. თუმცა ლოცვის დროს უნდა გავითვალისწინოთ იესოს სიტყვები, რომლებიც მან მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა: „როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“ (მათ. 6:5).
4—6. ა) რატომ უყვარდათ ფარისევლებს ‘სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში ლოცვა’? ბ) როგორ მიიღეს მათ „სრულად . . . თავიანთი საზღაური“?
4 ლოცვის დროს იესოს მოწაფეებს არ უნდა მიებაძათ ისეთი „თვალთმაქცებისთვის“, როგორებიც თავდაჯერებული ფარისევლები იყვნენ, რომლებიც ხალხს ღვთისმოსავებად აჩვენებდნენ თავს (მათ. 23:13—32). ამ თვალთმაქცებს ‘უყვარდათ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში ლოცვა’, რასაც „სხვების დასანახავად“ აკეთებდნენ. პირველ საუკუნეში იუდეველები, ჩვეულებისამებრ, დასაწვავი შესაწირავის აღვლენის დროს მთელი კრებულის სახელით ლოცულობდნენ ტაძარში (ეს ხდებოდა დაახლოებით დილის ცხრა საათზე და ნაშუადღევს სამ საათზე). იერუსალიმის მცხოვრებნი ერთად იკრიბებოდნენ ტაძრის ეზოებში და ლოცულობდნენ. ისინი კი, ვინც იერუსალიმში არ ცხოვრობდნენ, ხშირ შემთხვევაში დღეში ორჯერ სინაგოგებში ლოცულობდნენ (შეადარეთ ლუკას 18:11, 13).
5 რადგან იუდეველთა უმეტესობა ისეთ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც არც ტაძარი იყო და არც სინაგოგა, იქ ლოცულობდნენ, სადაც მოუხერხდებოდათ. ზოგი ცდილობდა, რომ ლოცვის დროს ‘მთავარი ქუჩების კუთხეებში დამდგარიყვნენ’, რათა გამვლელებს დაენახათ. ეს თვალთმაქცები ‘მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობდნენ’, სხვების თვალში რომ ამაღლებულიყვნენ (ლუკ. 20:47). ჩვენ არ უნდა მივბაძოთ ასეთ თვალთმაქცებს.
6 იესომ პირდაპირ თქვა, რომ მათ „სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“. ისინი ადამიანთაგან ეძებდნენ დიდებას და ეს ერთადერთი საზღაური იყო, რაც მიიღეს, რადგან იეჰოვა არ პასუხობდა მათ თვალთმაქცურ ლოცვებს. მათგან განსხვავებით, იეჰოვა იესოს მიმდევრების ლოცვებს პასუხობდა, როგორც ეს იესოს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს.
7. რა იგულისხმა იესომ, როცა მოწაფეებს უთხრა, რომ თავიანთ ოთახში ელოცათ?
7 „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათ. 6:6). როცა იესო თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, ჩაკეტილ კარს მიღმა ელოცათ, არ გულისხმობდა, რომ მათ არ უნდა ელოცათ კრების სახელით. თუმცა იმ მიზნით არ უნდა წარმოეთქვათ ლოცვა, რომ სხვებისგან დიდება მიეღოთ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს, როცა ღვთის ხალხის სახელით ვლოცულობთ. ახლა, ყურადღება მივაქციოთ იესოს კიდევ ერთ გაფრთხილებას.
8. მათეს 6:7-ის თანახმად, რას უნდა მოვერიდოთ ლოცვის დროს?
8 „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათ. 6:7). ამით იესომ მოწაფეებს დაანახვა, კიდევ როგორი ლოცვა არ მოეწონებოდა ღმერთს. თუმცა ამ სიტყვებში იესოს არ უგულისხმია, რომ ლოცვის დროს არ შეიძლებოდა მოწაფეებს დაჟინებით ეთხოვათ რაღაც ან არაერთხელ გამოეთქვათ მადლიერების სიტყვები. სიკვდილის წინა ღამეს იესო გეთსემანეს ბაღში ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა ლოცვისას (მარ. 14:32—39).
9, 10. რატომ არ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე ლოცვაში?
9 არასწორი იქნებოდა, თუ „უცხოტომელებივით“ ლოცვისას ერთსა და იმავეს გავიმეორებდით. ისინი გაზეპირებულ ფრაზებს გაუთავებლად იმეორებდნენ და ბევრ არასაჭირო სიტყვასაც იყენებდნენ. ბაალის თაყვანისმცემლებიც ასეთი გაზეპირებული ლოცვებით ამაოდ მოუხმობდნენ თავიანთ ცრუ ღმერთს. ისინი «დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს: „ბაალ, გვიპასუხე!“» (1 მეფ. 18:26). დღეს მილიონობით ადამიანი ფიქრობს, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო „შესმენილ იქნებიან“. თუმცა იესო გვეუბნება, რომ ლოცვის დროს მრავალსიტყვაობა და გაუთავებლად ერთი და იმავეს გამეორება იეჰოვასთვის არაფრის მთქმელია.
10 შემდეგ იესო ამბობს: „ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათ. 6:8). ბევრი იუდეველი რელიგიური წინამძღოლი ლოცვის დროს უცხოტომელებივით მრავალსიტყვაობდა. თუ ქრისტიანი გულწრფელია, ლოცვისას განადიდებს ღმერთს, მადლიერებას გამოხატავს მის მიმართ და თხოვნით მიმართავს, რაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია (ფილ. 4:6). არასწორი იქნებოდა, თუ ლოცვაში ყოველთვის ერთსა და იმავეს გავიმეორებდით, თითქოს ღმერთს ავიწყდებოდეს ის, რასაც ვთხოვთ. ლოცვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთ პიროვნებას მივმართავთ, რომელმაც ‘მანამდე იცის, რა გვჭირდება, სანამ ვთხოვთ’.
11. რა უნდა გვახსოვდეს, თუ ლოცვის სახალხოდ წარმოთქმის პატივი გვხვდა წილად?
11 როგორც იესოს სიტყვებიდან დავინახეთ, ღმერთზე შთაბეჭდილებას არ ახდენს მაღალფარდოვანი და არაფრის მთქმელი სიტყვები. ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სახალხოდ იმ მიზნით არ უნდა წარმოვთქვათ ლოცვები, რომ შთაბეჭდილება მოვახდინოთ მსმენელებზე და ჩვენი ლოცვა არც ისეთი გრძელი უნდა იყოს, რომ მოსმენის ნაცვლად მსმენელი დაიქანცოს „ამინ“-ის თქმის მოლოდინში. ლოცვის დროს მსმენელისთვის რჩევის მიცემა ან განცხადების გაკეთება იმ სიტყვების საპირისპირო იქნებოდა, რაც იესომ მთაზე ქადაგების დროს თავის მიმდევრებს ასწავლა.
იესო გვასწავლის, როგორ ვილოცოთ
12. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ღმერთს, ‘განწმინდოს თავისი სახელი’?
12 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, როგორ ელოცათ (წაიკითხეთ მათეს 6:9—13). მაგრამ მისი სიტყვები არ უნდა დავიზეპიროთ და ვიმეოროთ. ეს არის ლოცვის ნიმუში, რომლის მიხედვითაც უნდა ვილოცოთ. იესო თავდაპირველად ღმერთს მიმართავს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). იეჰოვას ისე უნდა მივმართოთ, როგორც ‘ჩვენს მამას’, რადგან ის არის ჩვენი შემოქმედი, რომელიც მკვიდრობს ზეცაში (კან. 32:6; 2 მატ. 6:21; საქ. 17:24, 28). რადგან იესომ მრავლობითი რიცხვი გამოიყენა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთთან ჩვენს თანამორწმუნეებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ. როცა ღმერთს ვთხოვთ, ‘განწმინდოს თავისი სახელი’, ამაში იმას ვგულისხმობთ, რომ შეურაცხყოფისგან განწმინდოს თავისი სახელი. ამ ლოცვის საპასუხოდ იეჰოვა მოსპობს ბოროტებას დედამიწაზე და ამგვარად განწმენდს თავის სახელს (ეზეკ. 36:23).
13. ა) როგორ შესრულდება თხოვნა „მოვიდეს შენი სამეფო“? ბ) როგორ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე?
13 „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:10). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სამეფოთი“ წარმოდგენილია მესიანური ხელისუფლება. ხელისუფალნი კი არიან ქრისტე და „უზენაესის წმინდები“, მკვდრეთით აღმდგარი ცხებული ქრისტიანები (დან. 7:13, 14, 18; ეს. 9:6, 7). როცა ვლოცულობთ, რომ „მოვიდეს“ ღვთის სამეფო, ღმერთს ვთხოვთ, რომ ყველა თავისი მოწინააღმდეგე გაანადგუროს დედამიწაზე. ეს მართლაც მოხდება მალე, როცა მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და მასზე სიმართლე, მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს (ფსალმ. 72:1—15; დან. 2:44; 2 პეტ. 3:13). იეჰოვას ნება ზეცაში უკვე შესრულდა, ამიტომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მისი განზრახვა დედამიწაზეც შესრულდეს და გაანადგუროს ყველა თავისი მოწინააღმდეგე, როგორც ეს წარსულში გააკეთა (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:1, 2, 13—18).
14. რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვცეს „დღეისთვის სამყოფი პური“?
14 „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მათ. 6:11; ლუკ. 11:3). ამ სიტყვებით ღმერთს ვთხოვთ, რომ თითოეული დღისთვის სამყოფი პური მოგვცეს. ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვას ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია. ამით ჩვენ ზედმეტს კი არა, აუცილებელს ვითხოვთ. იესოს ეს სიტყვები გვახსენებს იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ მითითებას, რომ დღის განმავლობაში ‘თითოეულს თავისი სამყოფი პური [მანანა] შეეგროვებინა’ (გამ. 16:4).
15. ახსენი, რა ნიშნავს „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“.
15 შემდეგ იესო ყურადღებას ამახვილებს ისეთ რამეზე, რაც აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ღმერთს: „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათ. 6:12). ლუკას სახარებიდან ჩანს, რომ „ვალებში“ იგულისხმება „ცოდვები“ (ლუკ. 11:4). იეჰოვასგან პატიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ჩვენც ვაპატიებთ სხვებს (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15). როცა სხვებს ვპატიობთ, ეს მთელი გულით უნდა გავაკეთოთ (ეფეს. 4:32; კოლ. 3:13).
16. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“?
16 „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). რა კავშირია ამ ორ თხოვნას შორის? ერთი რამ ცხადია: იეჰოვას არასდროს ‘შევყავართ ცდუნებაში’ (წაიკითხეთ იაკობის 1:13). სინამდვილეში „მაცდური“ სატანაა, „ბოროტი“ არსება (მათ. 4:3). თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი უშვებს იმას, რომ „ბოროტმა“ გამოგვცადოს (რუთ. 1:20, 21; ეკლ. 11:5). ამიტომ, როცა ვთხოვთ ღმერთს, ‘არ შეგვიყვანოს ცდუნებაში’, იეჰოვა ყოველმხრივ გვეხმარება, რომ მისი ერთგულები დავრჩეთ; ხოლო, როცა ვთხოვთ, ‘გვიხსნას ბოროტისგან’, იეჰოვა არ აძლევს სატანას იმის უფლებას, რომ გვძლიოს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ‘არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც ჩვენს შესაძლებლობას აღემატება’ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13 ).
‘ითხოვეთ, ეძებეთ, აკაკუნეთ’
17, 18. რას ნიშნავს ‘ითხოვეთ, ეძებეთ და აკაკუნეთ’?
17 პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „გამუდმებით ილოცეთ“ (რომ. 12:12). იესომაც იგივე მითითება მისცა მოწაფეებს: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (მათ. 7:7, 8). გონივრულია, თუ იმას ‘ვითხოვთ’, რაც ღვთის ნებას შეესაბამება. იესოს სიტყვებზე დაყრდნობით მოციქული იოანე წერდა: „დარწმუნებული ვართ მასში [ღმერთში], რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14).
18 იესო გვირჩევს, რომ ‘ვითხოვოთ და ვეძებოთ’, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჟინებით ვილოცოთ და არ შევწყვიტოთ ლოცვა. აგრეთვე აუცილებელია, რომ ‘ვაკაკუნოთ’, რათა მოგვეცეს ღვთის სამეფოში შესვლის უფლება და გავიხაროთ იმ კურთხევებით, რომელსაც ეს სამეფო მოგვიტანს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი უპასუხებს ჩვენს ლოცვებს? ეს ასე იქნება, თუ იეჰოვას ერთგულები ვიქნებით, რადგან იესო ამბობს: „ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“. იეჰოვას არაერთი მსახურის შემთხვევა აჩვენებს, რომ ღმერთი ნამდვილად ‘ლოცვების მომსმენია’ (ფსალმ. 65:2).
19, 20. მათეს 7:9—11-ის თანახმად, რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა?
19 იესომ ღმერთი მოსიყვარულე მამას შეადარა, რომელიც ყოველმხრივ ზრუნავს თავის შვილებზე. წარმოიდგინე, რომ შენც მათ შორის ხარ, ვინც იესოს უსმენს მთაზე ქადაგების დროს და გესმის, რას ამბობს იგი: „რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათ. 7:9—11).
20 იესომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო მამებს „ბოროტები“ უწოდა, თუმცა მათ უყვართ თავიანთი შვილები. ისინი შვილებს კი არ ატყუებენ, არამედ ცდილობენ, მისცენ ის, „რაც კარგია“. ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა გვაძლევს „იმას, რაც კარგია“, წმინდა სულს (ლუკ. 11:13). ღვთის წმინდა სული გვაძლევს ძალებს, რომ ისე ვიმსახუროთ, როგორც იეჰოვას, „ყოველი კარგი ძღვენისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვრის“ მბოძებელს, მოეწონება (იაკ. 1:17).
ყოველთვის გახსოვდეს იესოს გამონათქვამები
21, 22. რატომ არის შეუდარებელი მთაზე ქადაგება, და რას ფიქრობ იესოს ამ გამონათქვამებზე?
21 მთაზე ქადაგება მართლაც შეუდარებელია, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს ქადაგება იმით გამოირჩევა, რომ გვაცნობს ღმერთს და მის სიწმინდეს. როგორც ამ სტატიათა სერიიდან დავინახეთ, დიდ კურთხევებს მივიღებთ, თუ ყურად ვიღებთ იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ რჩევებს. ამის წყალობით დღესვე შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და ბედნიერი მომავლის იმედი გვექნება.
22 ამ სტატიებში იესოს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმული მხოლოდ რამდენიმე ძვირფასი გამონათქვამი განვიხილეთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველა, ვინც იესოს სიტყვები მოისმინა, „განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ იგი (მათ. 7:28). ჩვენზეც უეჭველად იმოქმედებს დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს ეს და კიდევ სხვა ძვირფასი გამონათქვამები, თუ ღრმად გავაანალიზებთ და გავითავისებთ მათ.
როგორ უპასუხებდით?
• რა თქვა იესომ ფარისევლურ ლოცვაზე?
• რატომ უნდა მოვერიდოთ ლოცვის დროს ერთი და იმავეს გამეორებას?
• რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს იესოს მიერ დატოვებული ლოცვის ნიმუშის მიხედვით?
• რატომ უნდა ‘ვითხოვოთ, ვეძებოთ და ვაკაკუნოთ’?
[სურათი 15 გვერდზე]
იესომ მსჯავრი დასდო ფარისევლებს, რომლებიც სხვების დასანახავად ლოცულობდნენ
[სურათი 17 გვერდზე]
რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვცეს „დღეისთვის სამყოფი პური“?